Facebook Twitter

№ას-1367-2025 25 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ბ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „ბ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 23 100 ლარის გადახდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 31 ივლისის განჩინებით, აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა და დაევალა: სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა, ასევე სახელმწიფო ბაჟის სახით 616 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღე;

5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, ხოლო არც მას და არც მის წარმომადგენელს სასამართლოსთვის არ მიუმართავს, შესაბამისად, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების მოთხოვნით.

6.1. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების პასუხად მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმის დასრულებამდე.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს; სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება წარმოადგენს. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის მიხედვით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების მიღების შემდეგ, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას წარუდგინა განცხადება, რომლის მიხედვითაც მოითხოვა სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. აღნიშნული განცხადება სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო და ჩათვალა, რომ არანაირი განცხადება მხარეს არ წარუდგენია.

12. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის შემოწმების მარეგულირებელ ნორმებზე მიუთითებს. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება.

13. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 31 ივლისის განჩინებით, აპელანტის (კერძო საჩივრის ავტორის) შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა და დაევალა: სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა, ასევე სახელმწიფო ბაჟის სახით 616 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 7 (შვიდი) დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან;

14. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

15. სსსკ მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით, ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

16. სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

17. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების მიხედვით დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 31 ივლისის განჩინება, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს ი.კ–ძეს (იხ. მინდობილობა. ს.ფ. 73-75), სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე - ქ თბილისი, .......... ......, სადაც ჩაბარდა უშუალოდ ადრესატს, 2025 წლის 27 აგვისტოს, შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 28 აგვისტოს და ამოიწურა 2025 წლის 3 სექტემბერს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუმადგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერი საფუძველია.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ბ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 სექტემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

თეა ძიმისტარაშვილი