№ას-1475-2025 25 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
კასატორი – მ.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.კ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ტ.კ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მ.მ–ის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაბალიანების 12117.15 ლარის დაკისრება, საიდანაც ძირი თანხაა 8401.62 ლარი, ხოლო პროცენტი 3715.53 ლარი.
2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმყოფილდა. მ.მ–ს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 12117.15 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 8401.62 ლარი და პროცენტი 3715.53 ლარი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცველი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. სს „თ.ბ–სა“ და მ.მ–ს შორის 2021 წლის 24 თებერვალს დაიდო საბანკო კრედიტის N3919874–11312388 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 10400 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 24.80%-ით, კრედიტის ვადა - 1457 დღე, 2025 წლის 20 თებერვლამდე.
6.2. ხელშეკრულების მიხედვით კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 20 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.
6.3. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა და 2022 წლის 29 ივლისის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის არსებული დავალიანების დაკისრება. აღნიშნული სესხის დასაფარად საერთო ჯამში გადახდილი თანხიდან 1998.38 ლარით დაიფარა ძირი თანხა, 650.65 ლარით - პროცენტი, 46.49 ლარით - ჯარიმა, 114 ლარით - საკომისიო, ხოლო 35.35 ლარით - სიცოცხლის დაზღვევის პრემია. 2023 წლის 12 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეს 2021 წლის 24 თებერვლის საბანკო კრედიტის N919874–11312388 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 12117.15 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 8401.62 ლარი, პროცენტი - 3715.53 ლარი.
6.4. 2023 წლის 12 ივნისს სს „თ.ბ–სა“ და შპს „ტ.კ–ს“ შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკსა და მ.მ–ს შორის დადებული 2021 წლის 24 თებერვლის საბანკო კრედიტის N3919874–11312388 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება შეიძინა შპს „ტ.კ–მა“. შპს „ტ.კ–ი“ წარმოადგენს სს ,,თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
6.5. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით და დამატებით განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება შესაბამისი მტკიცებულებებით, რაც მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 სექტემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორი აღნიშნავს, რომ მის მიერ 2021 წლის 24 თებერვალს, საბანკი კრედიტის N-3919874-11312388 ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის აგვისტომდე დროულად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად არსულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. შემდგომ კი, სამსახურის მოულოდნელად დაკარგვისა და სხვა ობიექტური გარემოებების გამო შეექმნა ვალდებულების შესრულების დამაბრკოლებელი ისეთი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 398-ე მუხლით (ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი). აღნიშნული გარემოებების წარმოშობისთანავე მოპასუხემ მიმართა საბანკო დაწესებულებას, სესხის რესტრუქტურიზაციის შეთავაზებით, რაზეც მიიღო უარი. ყოვველივე ზემოაღნიშნული, კასატორის მოსაზრებით ადასტურებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მოპასუხის პოზიციის მართლზომიერებას.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 08 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
15. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, ითხოვდა მოვალისათვის თანხის დაკისრებას. შესაბამისად, მოვალის მიმართ, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძლები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 868-ე (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი) და 873-ე (კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა) მუხლებიდან გამომდინარეობდა.
16. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი ძირითადად აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ბანკის წინაშე არსებული საკრედიტო ვალდებულების შეუსრულებლობა განაპირობა სამსახურის დაკარგვამ, რამაც მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე მოახდინა ზეგავლენა. ამ გარემოების გათვალისწინებით, კასატორს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის გათვალისწინებით, ვლინდებოდა ხელშეკრულების ახალ გარემოებებთან მისადაგებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
17. პირველ რიგში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულებითი სამართალი ეყრდნობა უზოგადეს წესს _ „pacta sunt servanda“ („ხელშეკრულება უნდა შესრულდეს“), რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-925-2022, 30.09.2022წ). 18. ხსენებული პრინციპის მიუხედავად, სამოქალაქო ბრუნვისთვის უცხო არ არის გარემოებათა იმგვარი ცვლილება, რომელიც ხელშეკრულების განუხრელად შესრულებას ხდის შეუძლებელს ან აქცევს იმდენად მძიმე და არაგონივრულ ტვირთად, რომ შესრულების მოთხოვნა ეწინააღმდეგება სამოქალაქო ურთიერთობის ქვაკუთხედს _ კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
19. იმის მიხედვით, რამდენად არსებითია გარემოების ცვლილება ხელშეკრულების დადების შემდეგ, იურიდიული ლიტერატურა ერთმანეთისგან მიჯნავს ფორსმაჟორისა (რომანულ სამართალში - vis major) და შესრულების გართულების (Hardship) კონცეფციებს, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით.
20. „შესრულების გართულება არსებობს მაშინ, როდესაც ხელშეკრულების დადების შემდგომ აღმოცენებული გარემოებების გავლენით ვალდებულების აღსრულება მოულოდნელად არაგონივრულად მძიმე ტვირთს აკისრებს მოვალეს. შესრულების გართულება გულისხმობს ობიექტურად განხორციელებადი ვალდებულების შესრულების უკიდურეს დამძიმებას, რომელიც ობიექტურად არ გამორიცხავს შესრულების შესაძლებლობას და რომლის პირობებშიც მხარეთა ინტერესების უპირველესი სამართლებრივი დაცვის საშუალება შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებაა. ფორსმაჟორი (შესრულების არაბრალეული შეუძლებლობა) კი განსხვავებული სამართლებრივი წინაპირობებით წარმოიშობა, რომელიც თანმდევ შედეგად შესრულების ვალდებულებისაგან განთავისუფლებას მოიაზრებს“ (იხ. ჩიტაშვილი ნ., სადისერტაციო ნაშრომი თემაზე „შეცვლილი გარემოებების გავლენა ვალდებულების შესრულებასა და მხარეთა შესაძლო მეორად მოთხოვნებზე“, თბილისი, 2014, გვ.16-17).
21. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხემ დაარღვია ბანკის წინაშე არსებული საკრედიტო ვალდებულებები. კასატორის პრეტენზია დამყარებულია მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მისი მხრიდან ვალდებულების დარღვევა განაპირობა სამსახურიდან გათავისუფლებამ.
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იურიდიულ ლიტერატურაში არსებობს პოზიცია, რომლის თანახმად, ფულადი ვალდებულებისა და შესრულების შეუძლებლობის ურთიერთმიმართება შემდეგია - „როგორც ყველაზე მკაცრი გვაროვნული ვალდებულება, ფულადი ვალდებულება ყოველთვის უნდა შესრულდეს“ (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, გვ. 639). ფულის არქონის ფაქტი მოვალეს არ ათავისუფლებს ფულადი ვალდებულების შესრულებისგან, მიუხედავად მისი არქონის წარმომშობი მიზეზისა. გამონაკლისი დაიშვება ვალუტის კონვერტაციასა და მიმოქცევასთან დაკავშირებული შეზღუდვების არსებობისას ან სახელმწიფოს მიერ დაწესებული საქმიანობის აკრძალვისას. 23. ფული, როგორც ღირებულებათა საყოველთაო ეკვივალენტი, შესაძლოა, მოვალეს არ გააჩნდეს, თუმცა ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონების, მოთხოვნისა და უფლების მის საკუთრებაში არსებობა ქმნის ვარაუდს, რომ ამგვარი აქტივი შესაძლოა ტრანსფორმირდეს ფულად - ვალდებულების შესრულების საგნად. მაშინაც კი, როდესაც მოვალე ქონებრივ სიკეთეთა არმქონე სუბიექტია, ივარაუდება, რომ არსებობს ფულის გამომუშავების შესაძლებლობაც.
24. ამრიგად, იქ, სადაც ვალდებულების შესრულება ხდება ფულით, მხარისგან დამოუკიდებელმა გარემოებებმა, რომლებიც უკიდურესად ართულებენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, შესაძლოა წარმოშვას არა ვალდებულების შესრულებისგან განთავისუფლების, არამედ შეცვლილ გარემოებებთან ხელშეკრულების მისადაგების მოთხოვნის უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული ინსტიტუტის არსი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულება მბოჭველია იმდენად, რამდენადაც სახეზეა ის პირობები, რომლებშიც ხელშეკრულება დაიდო, ხოლო თუ ეს პირობები იცვლება, მხარეს, რომლის ინტერესებიც შეცვლილი პირობების შედეგად შეუსაბამოდ ირღვევა, არ შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების მკაცრად დაცვა (იხ. ვაშაკიძე გ., სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, 2010, გვ. 212).
25. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, კასატორი მიიჩნევს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ არსებობს შეცვლილ გარემოებებთან ხელშეკრულების მისადაგებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიას ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების კუმულატიურ წინაპირობას, ვინაიდან, აღნიშნული გარემოება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის I ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების ობიექტურ საფუძვლად ვერ მიიჩნევა. საკასაციო პრეტენზიის გათვალისწინებით, პალატა კასატორს ასევე განუმარტავს, რომ შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საჭიროების დადასტურების შემთხვევაშიც, აღნიშნული არ წარმოადგენს მოვალის ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძველს.
26. შესაბამისად, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხემ დაარღვია მის მიერ შესასრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულება, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე იყო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხველი გარემოების მტკიცების ტვირთი კასატორს ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს წინაშე დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა, ვერ წარმოადგინა.
27. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
30. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
32. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი