Facebook Twitter

19 დეკემბერი, 2025 წელი,

საქმე №ას-689-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ნ.ჯ–ვა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის განჩინება

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში - მოპასუხე, დამსაქმებელი ან სააგენტო) 2012 წლის 18 სექტემბრის ბრძანებით, 2012 წლის 17 სექტემბრიდან ნ.ჯ–ვა (შემდეგში - მოსარჩელე, დასაქმებული ან კასატორი) ამავე სააგენტოს პრივატიზების დეპარტამენტის სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

დამსაქმებლის 2012 წლის 18 სექტემბრის ბრძანებით, დაკავებული თანამდებობიდან მოსარჩელე გათავისუფლდა და ამავე სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებლად 2013 წლის 10 ივნისიდან, ხოლო 2013 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით - 2013 წლის 31 დეკემბრიდან დაინიშნა.

სააგენტოს 2014 წლის 5 მარტის ბრძანებით დასაქმებული დაწინაურდა და ამავე სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე 2014 წლის 1 მარტიდან დაინიშნა.

2020 წლის 7 სექტემბრის ბრძანებით, 2020 წლის 8 სექტემბრიდან მოსარჩელე გადაიყვანეს სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე და მისი შრომის ანაზღაურება თვეში 1 500 ლარის ოდენობით განისაზღვრა.

2. დასაქმებულისთვის განსაზღვრული თანამდებობის სამუშაო აღწერილობის მიხედვით, მის ძირითად ფუნქცია-მოვალეობებს მიეკუთვნებოდა: სამეგრელო, გურია, ზემო სვანეთის ტერიტორიულ ერთეულებში არსებული სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან/სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით მყიდველის/სარგებლობის უფლების მიმღების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე) და, საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება;

შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების რეგისტრაციის, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანისა და დაყოფა/გაერთიანების განხორციელება; კანონმდებლობის შესაბამისად ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება და შესაბამისი ვალდებულებების შესრულებაზე წერილობითი თანხმობის გაცემა;

მოქმედი კანონმდებლობით სააგენტოსთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; სააგენტოს ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის უფროსის მიერ განსაზღვრული ცალკეული დავალებების შესრულება.

3. მოპასუხის 2023 წლის 29 სექტემბრის ბრძანებით, მოსარჩელეს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - ,,გაფრთხილება“, რასაც საფუძვლად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები დაედო:

2016 წლის 29 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... მდებარე 1303200კვ.მ, 1301300კვ.მ და 1168419 7 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე სააგენტოსა და შპს „მ.ნ–ს“ შორის იჯარის ხელშეკრულებები გაფორმდა. ხსენებული იჯარის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს დასაქმებული ახორციელებდა.

მოიჯარის 2019 წლის 17 ივნისის წერილის და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის 2019 წლის 21 ივნისის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, 2019 წლის 24 ივნისის ბრძანებით იჯარის ხელშეკრულებები შეწყდა. ამასთან, 2019 წლის 25 ივნისის წერილით მხარეს ეცნობა ხელშეკრულებების შეწყვეტის, შეწყვეტამდე არსებული საიჯარო ქირისა და შესაბამისი პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე, თუმცა ბრძანების მეორე პუნქტით გათვალისწინებული ქმედება - ეცნობოს სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურს, საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დავალიანების ამოღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება - არ შესრულებულა.

ზემოაღნიშნულის შედეგად, მეიჯარის მიერ ნაკისრი საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებასთან დაკავშირებით გაშვებული იქნა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც ამ თანხების დაკისრების მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

4. სააგენტოს 2024 წლის 13 თებერვლის ბრძანებით, მოსარჩელეს კვლავ დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, ,,გაფრთხილება“. აღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების საფუძველი შემდეგმა ფაქტობრივმა გარემოებებმა განაპირობა:

მას შემდეგ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებისთვის (2023 წლის 29 სექტემბერი) დასაქმებულს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა, შესაძლო ხარვეზებისა და დარღვევების პრევენციის მიზნით დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა მიზანშეწონილად მიიჩნია, მისთვის მონიტორინგს დაქვემდებარებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ხელახალი მონიტორინგი.

მითითებული ამოცანის შესასრულებლად მოსარჩელეს ორკვირიანი ვადა განესაზღვრა, თუმცა ვადის არაერთხელ გადაწევის მიუხედავად, სრულყოფილი ინფორმაცია მან არ/ვერ წარადგინა. ცხრილის სრულყოფისთვის დასაქმებულს შესთავაზეს, რომ დასახმარებლად დეპარტამენტის იმ თანამშრომლებისთვის მიემართა, რომლებიც სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგს უშუალოდ ახორციელებენ, თუმცა მათთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია დასაქმებულს არ დაუმყარებია.

გარდა ამისა, 2022 წლის 13 სექტემბერს სააგენტოს განცხადებით მიმართა გ.ნ–ამ და, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში მდებარე უძრავ ნივთზე მასსა და სააგენტოს შორის 2017 წლის 6 სექტემბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების შესაბამისად მოიჯარის მიერ იჯარით გაცემული უძრავი ნივთის გამოსყიდვამდე ზედმეტად გადახდილი საიჯარო ქირის უკან დაბრუნება მოითხოვა.

ვინაიდან, საქმისწარმოებისა და განცხადების განხილვისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ ადმინისტრაციული ორგანოდან განმცხადებელმა დასმულ საკითხზე პასუხი ვერ მიიღო, სააგენტოს დამატებით არაერთი განცხადებით მიმართა, რომლებითაც განცხადებაზე დაუყონებლივ პასუხის მიღებას ითხოვდა.

მოქალაქე გ.ნ–ას წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსაც. წერილში ყურადღება იყო გამახვილებული სააგენტოს მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული განცხადების განხილვის ვადების დარღვევაზე.

მიუხედავად იმისა, რომ გ.ნ–ას განცხადებაში დასმულ საკითხზე სამართლებრივი დასკვნა იურიდიულმა დეპარტამენტმა 2023 წლის 22 სექტემბერს გასცა, მოსარჩელემ განცხადება რეაგირების გარეშე დატოვა. იურიდიული დეპარტამენტისგან სამართლებრივი დასკვნის მიღების შემდეგ, გ.ნ–ას წარმომადგენელმა არაერთხელ მიმართა სააგენტოს, რადგან განცხადებაზე პასუხი კვლავ არ ჰქონდა მიღებული.

ზემოხსენებული საქმის წარმოების ვადების დარღვევაზე დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის უფროსისგან დასაქმებულმა არაერთხელ მიიღო სიტყვიერი გაფრთხილება. ამასთან, მას შესთავაზეს მოხსენებითი ბარათის სახით ახსნა-განმარტების გაკეთება, რაზეც დასაქმებულმა ური განაცხადა.

საბოლოოდ, გ.ნ–ას განცხადებაზე პასუხის გაცემა დაევალა დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელს, რომელმაც დაუყონებლივ მიმართა შესაბამისი დაანგარიშების საფუძველზე საფინანსო სამსახურს. საფინანსო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად მალევე განხორციელდა გ.ნ–ასათვის ზედმეტად გადახდილი საიჯარო ქირის დაბრუნება.

დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - ,,გაფრთხილების“ დაკისრების თაობაზე სააგენტოს 2023 წლის 29 სექტემბრის და 2024 წლის 13 თებერვლის ბრძანებები მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია.

5. დამსაქმებლის 2024 წლის 19 აპრილის ბრძანებით (შემდეგში - სადავო ბრძანება ან გასაჩივრებული ბრძანება), საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 47.1 მუხლის „ვ", „თ" და „ო" ქვეპუნქტების, 31.5 მუხლის, სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის „ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (მოსარჩელე) დაკავებული თანამდებობიდან 2024 წლის 22 აპრილიდან გათავისუფლდა.

აღნიშნული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების საფუძველი შეიქმნა სამსახურეობრივი მოვალეობების უხეში დარღვევა, პროფესიულ ვალდებულებათა მიმართ გულგრილი დამოკიდებულება და პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობა, რაც იმაში გამოიხატა, რომ მოსარჩელემ კვლავ არასათანადო ხარისხით განახორციელა მის ზედამხედველობას დაქვემდებარებული რამდენიმე გარიგების კონტროლი.

კერძოდ: საფინანსო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით (19.03.2024წ. ბარათი) ირკვევა, რომ შპს „კ–სა“ და ზ.გ–ას მიერ/სასარგებლოდ - ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ქ.ფოთის მერიასა და დასახელებული მხარეების მონაწილეობით 2001 წლის 7 მარტს გაფორმებული „სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე, დღეის მდგომარეობით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. შესაბამისად, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მონიტორინგის ნაწილში ქმედებები არ შესრულებულა.

დამატებით, 2023 წლის სექტემბერში, რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა ყველა შესაბამის თანამშრომელს მოსთხოვა მის მიერ მიწოდებული კონკრეტული ცხრილის სახით წარმოედგინათ სრულყოფილი ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული ხელშეკრულებების შესახებ, მასზე შემდგომში უფრო ეფექტური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით.

მოსარჩელის გარდა ეს დავალება ყველა თანამშრომელმა დადგენილ ვადაში შეასრულა, რომელმაც ვადის არაერთხელ გადადების მიუხედავად ინფორმაცია 2024 წლის დასაწყისშიც ვერ წარადგინა.

მას შემდეგ, რაც რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა დავალების შეუსრულებლობის მიზეზის ახსნა-განმარტებითი ბარათის სახით წარდგენა მოითხოვა, დეპარტამენტის უფროსის განმარტებით (იხ. 2024 წლის 2 აპრილის მოხსენებითი ბარათი), დასაქმებულმა აშკარა უპატივცემულობა გამოიჩინა.

6. მოსარჩელესთან კომუნიკაციისას ხშირად ირღვეოდა ეთიკის, კოლეგიალობისა და სუბორდინაციის წესები. დეპარტამენტის უფროსის დავალების - ცხრილის წარდგენის შეუსრულებლობის შემდეგ, მოსარჩელის მონიტორინგს დაქვემდებარებული ხელშეკრულებების შესწავლა განხორციელდა და დადგინდა, რომ 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძვლით მოსარჩელის მიერ შესაწყვეტი იყო დაახლოებით 50 იჯარის ხელშეკრულება.

სრულყოფილი ინფორმაცია გადახდებთან დაკავშირებით გამოსათხოვი იყო 140 იჯარის ხელშეკრულებაზე, რომელთაგან არსებულ დავალიანებებთან დაკავშირებით, 62 მოიჯარესთან ბოლო შეტყობინებები 2023 წელს გაიგზავნა, 59 მოიჯარესთან - 2022 წელს, ხოლო 19 მოიჯარესთან - 2021 წელს და უფრო ადრე.

შესაბამისად, საფინანსო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოიჯარეების მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 140 იჯარის ხელშეკრულებიდან უმეტესი შესაწყვეტი იყო.

2024 წლის 28 მარტის მდგომარეობით დასაქმებულს გააჩნდა მონიტორინგს დაქვემდებარებული 363 ხელშეკრულება.

7. მოპასუხის 2024 წლის 31 ოქტომბის წერილზე თანდართული ცხრილების მიხედვით, სააგენტოში დასაქმებული პირების მონიტორინგს დაქვემდებარებულ საქმეთა რაოდენობა შემდეგს შეადგენდა:

დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის, ლ.წ–ას, 2020 წელს შეადგენდა - 220 საქმეს, 2021 წელს-302 საქმეს, 2022 წელს-302 საქმეს, 2023 წელს-130 საქმეს, 2024 წელს - 60 საქმეს;

დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის, ლ.გ–ძის, შეადგენდა 2021 წლის 24 ნოემბრიდან - 307 საქმეს, 2022 წელს - 589 საქმეს, 2023 წელს - 235 საქმეს, 2024 წელს - 456 საქმეს;

დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის უფროსის, მ.ბოჯგუას შეადგენდა - 2023 წელს - 323 საქმეს, 2024 წელს - 223 საქმეს;

დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის სპეციალისტის, თინათინ მურვანიძის, რომელიც 2024 წლის 20 აგვისტომდე მუშაობდა, შეადგენდა 2021 წელს - 199 საქმეს, 2022 წელს - 213 საქმეს, 2023 წელს - 210 საქმეს, 2024 წელს - 198 საქმეს.

დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი ლ.ჭანტურია, გარდა იმისა, რომ ახდენდა მონიტორინგს დაქვემდებარებული ხელშეკრულებების შემოწმებას, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაწილეობით გამართულ სასამართლო პროცესებში 2022-2024 წლებში მრავალჯერ იყო წარმომადგენლად მივლინებული.

8. 2023 წელს, დამსაქმებლის წინაშე საქმეთა სიმრავლესთან მიმართებით დასაქმებულმა პრეტენზია განაცხადა და მასზე დაკისრებული ფუნქციების სხვა სპეციალისტებზე გადანაწილება მოითხოვა.

9. სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტის უფროს ვ.ერემეიშვილის 2023 წლის 13 დეკემბრის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, დასაქმებულთან არსებული, მონიტორინგს დაქვემდებარებული 100 საქმე 2023 წლის 21 ივლისის მოხსენებითი ბარათით ვ.ე–ს გადაეცა.

10. სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და 2 128 ლარის ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

11. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 2 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

14. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა, სადაც აღნიშნა, რომ:

- სშკ-ის 47.1 მუხლის „ვ“, „თ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობა სააპელაციო სასამართლოს სათანადოდ არ დაუსაბუთებია. ამასთან, არც მოპასუხეს არ მიუთითებია, თუ კონკრეტულად რა ისეთი ობიექტური გარემოება არსებობდა, რომელიც დასაქმებულთან შრომითი ურთიეთობის შეწყვეტას ამართლებდა.

- ხელშეკრულებათა მონიტორინგის ვალდებულების შესრულების ფარგლებში დისციპლინური გადაცდომის ჩადენის საფუძვლებით დამსაქმებელმა მოსარჩელეს სამი დისციპლინური სახდელი, კერძოდ, „გაფრთხილება“, „გაფრთხილება“ და სამუშაოდან „განთავისუფლება“ დააკისრა. „უხეშ დარღვევად“, ამ გადაცდომებიდან დამსაქმებელს არცერთი არ შეუფასებია, რაც იმით დასტურდება, რომ სამსახურიდან მოსარჩელის განთავისუფლებისას სშკ-ის 47.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი მოპასუხეს არ გამოუყენებია. შესაბამისად, სასამართლოს უნდა შეეფასებინა, მითითებული საფუძველი დისციპლინური გადაცდომა („ერთიანი დარღვევა“) იყო, თუ - წლის განმავლობაში ჩადენილი ერთგვაროვანი, მაგრამ სხვადასხვა დარღვევები. სასამართლოს დადგენილად უნდა მიეჩნია, რომ რამდენიმე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამოვლენილი გადაცდომის მიუხედავად, რისთვისაც დისციპლინური სახდელები (ორი გაფრთხილება და განთავისუფლება) მოსარჩელეს ცალ-ცალკე შეეფარდა, დადასტურების შემთხვევაში, რეალურად სახეზე იყო ერთი დარღვევა (იხ. დეტალურად საკასაციო საჩივარი).

- ამავდროულად, საკასაციო საჩივარში კასატორმა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ იშუამდგომლა.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 2 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

17. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

18. მოცემული დავის საკვანძო საკითხია, დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ სადავო ბრძანების კანონიერების განსაზღვრა. დადგენილი სასამართლო პრაქტიკით, აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. იხ. სუსგ #ას-151-147-2016, 19.04.2016წ.).

19. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან განთავისუფლების საფუძველია სშკ-ის 47.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი. ამ მუხლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია, დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია, მისი მხრიდან უფლება-მოვალეობების უხეში დარღვევა, რაც ამ უკანასკნელის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების სისტემატურად არაჯეროვან შესრულებაში გამოიხატა.

20. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ შრომითსამართლებრივ დავებში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებური წესი, რომლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები გააჩნიათ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. იხ. სუსგ #ას-151-147-2016, 19.04.2016წ.; #ას-483-457-2015, 7.10.2015წ.; #ას-1276-1216-2014, 18.03.2015წ.).

21. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტი სათანადოდ დაასაბუთა. ამ დასკვნის საფუძველს იძლევა მოპასუხის მიერ მითითებული და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოებები, რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-14 პუნქტებშია წარმოდგენილი და სსსკ-ის 407.2 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე საკასაციო პალატისთვის სავალდებულოა, რადგან მათთან მიმართებით კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

მოხმობილი გარემოებების ერთობლიობა საკმარის საფუძველს იძლევა დასკვნისთვის, რომ მოსარჩელემ შრომითი მოვალეობები არაერთგზის უხეშად დაარღვია.

22. იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თანმდევი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველიც არ არსებობს. აქედან გამომდინარე, კასატორის თანმდევი მოთხოვნის კანონიერების საკითხზე პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს.

23. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

24. სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია, გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

25. კანონის ზემომითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს ადამიანის სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (იხ. საქმე №2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ. №ას-807-2020, 12.11.2020წ.; სუსგ №ას-1150-2020, 29.09.2021წ.; საქმე #ას-133-2023, 28.04.2023წ.).

26. ამდენად, საკასაციო პალატა არ ამოწმებს საქმის ფაქტობრივ მხარეს, გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძველს, რის გამოც მხარეთა მონაწილეობის გარეშე, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, არსებითია არ დაირღვეს პრინციპი, რომელსაც ემყარება სამოქალაქო საქმის წარმოება, კერძოდ კი, იგივე შეჯიბრებითობის პრინციპი. მით უფრო, რომ როცა მხარეები მიმართავენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, მათთვის წინასწარვეა ცნობილი, რომ საქმის განხილვა შეიძლება ზეპირი მოსმენის გარეშეც მოხდეს (სუსგ №ას-1915-ბ-8-2015, 22.07.2015წ.; №ას-1150-2020, 29.09.2021წ.). საქმეზე „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის განხილვის ფორმალური პროცედურა (ECtHR, ლევაგესანგარიის მომსახურება საფრანგეთის წინააღმდეგ, № 21920/93, 1996 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, პარ. 48).

27. საკასაციო პალატის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის წინაპირობები არ გამოკვეთილა, შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს საქმის ზეპირი განხილვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

29. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ჯ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ.ჯ–ვას (პირადი ნომერი - .........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. ფ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება - 27314177743, გადახდის თარიღი - 15.05.2025) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია