Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-115-115(კ-08) 23 თებერვალი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მიხეილ ჩინჩალაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს “ი-ის” საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

საკასაციო პალატამ გამოარკვია:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 02.10.07წ. დადგენილებით შპს “ი-ის” დირექტორს თ. ნ-ეს საქართელოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1531 მუხლით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენისათვის შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა შრომის ანაზღაურების ოცი მინიმალური ოდენობით ანუ რვაასი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ხსენებული დადგენილებით განისაზღვრა აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის წესების დარღვევის შედეგად მიღებული ამონაგების 172320,55 აშშ დოლარის კონფისკაცია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის 26.10.07წ. დადგენილებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 276-ე, 277-ე, 278-ე, 279-ე მუხლების საფუძველზე, შპს “ი-ის” დირექტორის თ. ნ-ის ადვოკატის მ. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; შპს “ი-ის” დირექტორის თ. ნ-ის მიმართ წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 02.10.07წ. დადგენილება დარჩა უცვლელი. მხარეებს განემარტათ, რომ დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება. აღნიშნულ დადგენილებაზე განცხადება წარმოადგინა შპს “ი-ის” წარმომადგენელმა მ. ა-ემ, რომელმაც საკასაციო საჩივრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატისათვის გადაცემის უზრუნველყოფა და განხილვა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა განცხადების, საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული დადგენილების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ი-ის” საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად “საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ექვემდებარება თუ არა საქმე სასამართლოს უწყებრივად და აქვს თუ არა მას მოცემულ კონკრეტულ საქმეზე საერთაშორისო კომპეტენცია”. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის 26.10.07წ. დადგენილება მიღებულია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების საფუძველზე და ამდენად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად ამ კატეგორიის დავებზე სააპელაციო პალატა არის საბოლოო ინსტანცია, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილების საკასაციო წესით გასაჩივრებას. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 26.10.07წ. დადგენილება ეწინააღმდეგება ჩამოყალიბებულ სასამართლო პრაქტიკას, კერძოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 09.06.05წ. გამოტანილ გადაწყვეტილებას ¹ბს-292-230-კ-05 საქმეზე, ვინაიდან მითითებული საქმე განხილული იქნა საგადასახადო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე, რომლებიც არ ზღუდავენ გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას. საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს ეხება აგრეთვე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებთან ადმინისტრაციული სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემურ საკითხებზე გამოქვეყნებული რეკომენდაციები, რომლის თანახმად საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამარტლებრივ აქტად მიჩნევა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი არის არა მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის, არამედ შეიცავს პირის კონკრეტულ საგადასახადო ვალდებულებაზე პირდაპირ მითითებას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ განხილული იქნა არა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, არამედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით, გასაჩივრების წესი წარმოადგენს კანონმდებლის მიერ იმპერატიულ დანაწესს, რომლის შეცვლა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით არ დაიშვება, ლახავს მოწინააღმდეგე მხარის უფლებებს, შესაბამისად საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის 26.10.07წ. დადგენილების კანონიერებაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორმა ისარგებლა სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით, საქმე განხილულია ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გათვალიწინებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არ ნიშნავს სავადებულო წესით ყველა საქმის სამი სასამართლო ინსტანციის გავლას, სასამართლოს დაცვის უფლება, რომლის კერძო ასპექტს წარმოადგენს სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, არ არის აბსოლუტური ხასიათის და ექვემდებარება იმპლიციტურად დასაშვებ შეზღუდვებს, ვინაიდან სასამართლოსადმი მიმართვის უფლება წესრიგდება კანონმდებლის მიერ, რომელიც ამ დროს გარკვეული მიხედულებით, დისკრეციით სარგებლობს (იხ. მაგ. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები ფოგარტი (Fოცარტი) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ; ცირონისი (თსირონის) საბერძნეთის წინააღმდეგ; იატცზილარი (Aგტზილარ) და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ და სხვა). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს შპს “ი-ის” საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “ი-ის” საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილვევად; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.