4 დეკემბერი, 2025 წელი,
საქმე №ას-919-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორი - სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“ (მოსარჩელე)
II კასატორი - სს „ს.კ.უ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის 27 დეკემბერს, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა“ (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დამზღვევი) და სს „ს.კ.უ–ს“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, მზღვეველი, სადაზღვევო კომპანია) შორის დაზღვევის ხელშეკრულება (შემდეგში - დაზღვევის ხელშეკრულება, სადავო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო. ხელშეკრულების საგანი იყო, არსებული სატრანსპორტო საშუალებებისთვის სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებითა და ტარიფებით სადაზღვევო (თანდართული დაზღვევის პირობების, დანართი N1-ის, დანართი N2-ის და დანართი N3-ის შესაბამისად) მომსახურების გაწევა.
2. სადავო ხელშეკრულებით დააზღვიეს მოსარჩელე ბიუროს ბალანსზე რიცხული ავტომობილები, მათ შორის, .......სახელმწიფო ნომრის მქონე HYUNDAI ACCENT (შემდეგში - დაზღვეული ავტომობილი ან ავტომობილი). ხელშეკრულების საერთო ღირებულება 22 044.72 ლარს შეადგენდა, რომელიც მისი ხელმოწერის დღიდან იყო ძალაში და 2023 წლის 30 აპრილის ჩათვლით მოქმედებდა.
3. დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალებების შეფასება/შეკეთება, რომლებზეც სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისთვის საგარანტიო პირობები ვრცელდება, შესაბამისი მარკის სერვისცენტრში შესრულდება, ხოლო ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებზეც საგარანტიო პირობები არ ვრცელდება, მხარეთა მიერ შეთანხმებულ შემკეთებელ სერვისცენტრ(ებ)ში შეფასდება/შეკეთდება.
ხელშეკრულების (თანდართული სატენდერო დოკუმენტაციის) მიხედვით, სრულ დაზიანებად (განადგურებად) ჩაითვლება: ა). სატრანსპორტო საშუალების ზიანი, რომელიც არ ექვემდებარება აღდგენას (სრული განადგურება/ტოტალი); ბ) სატრანსპორტო საშუალების ზიანი, რომლის აღდგენა/შეკეთების ღირებულება ერთჯერადად ხელშეკრულებაში მითითებული საბალანსო ღირებულების 80%-ს ან მეტს შეადგენს (სრული განადგურება/ტოტალი);
ხელშეკრულებით განსაზღვრული ღირებულება მოიცავს, როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე, ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. მომსახურების გაწევის ადგილია საქართველოს მთელი ტერიტორია. სადაზღვევო პირობების (ხელშეკრულების დანართის) თანახმად, სადაზღვევო შემთხვევას წარმოადგენს შემთხვევა, რომლის შედეგად დამდგარი ზარალი ექვემდებარება მზღვეველის მიერ ანაზღაურებას (სადაზღვევო ანაზღაურებას) ხელშეკრულებითა და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
სადაზღვევო შემთხვევად განიხილება დაზღვევის მოქმედების პერიოდში მომხდარი დაზღვეული რისკის დადგომის შედეგად გამოწვეული ზარალი. ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო რისკებს შორისაა - საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა), მიუხედავად იმისა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა თუ გაჩერებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
4. დაზღვეული ავტომობილის საწყისი საბალანსო ღირებულებაა 14 022 ლარი, 365 დღის პერიოდის სადაზღვევო ღირებულებაა - 301.47 ლარი.
5. 2022 წლის 15 აპრილს, დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის საინჟინრო, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი გ.როსნაძე (შემდეგში - მოსარგებლე ან მძღოლი) მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტომობილით დადგენილი სიჩქარით მოძრაობდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ნიკორწმინდა - შაორის საავტომობილო გზაზე, ქუთაისის მიმართულებით, რა დროსაც ძაღლზე შეჯახების თავიდან ასარიდებლად შესრულებული მანევრის დროს (მარცხნივ მოხვევა) ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
6. 2022 წლის 15 აპრილს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შეთანხმებული წესით ეცნობა მზღვეველს და საპატრულო სამსახურს. საპატრულო სამსახურმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, რომლითაც სამართალდამრღვევად უფლებამოსილი მძღოლი განისაზღვრა და ეს უკანასკნელი 250 ლარით დაჯარიმდა.
7. შპს „პ.მ.ჯ–ას“ მიერ შედგენილი დეფექტური აქტის მიხედვით, მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ავტომობილი სრულად განადგურებულია და მისი აღდგენა მიზანშეწონილი არ არის.
8. სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზარალის - 12 500 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით, სადაზღვევო კომპანიის მიმართ დამზღვევმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 9 550 ლარი დაეკისრა.
10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით: მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული; დამზღვევის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სასარგებლოდ მზღვეველს 9 950 ლარის გადახდა დაეკისრა.
11.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ მისი შეფასების საგანი იყო, არსებობდა თუ არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 829-ე მუხლითა (მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) და ხელშეკრულების საგამონაკლისო პირობებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან მზღვეველის განთავისუფლების საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში, დაზღვევის ხელშეკრულებით მხარეებმა გამორიცხეს მზღვეველის ვალდებულება ისეთი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, როდესაც სადაზღვევო შემთხვევა დამზღვევის უხეში გაუფრთხილებლობითაა გამოწვეული (საგამონაკლისო პირობების მე-2 მუხლის „ო“ პუნქტი).
11.2. პირველ რიგში, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა, მზღვეველმა კი უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისს წარმოადგენს, რის გამოც სადაზღვევო დაფარვა მასზე ვერ გავრცელდება.
ამდენად, სწორედ მზღვეველია ვალდებული ამტკიცოს, რომ სადაზღვევო შემთხვევა გამოწვეულია დამზღვევის უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედების შედეგად.
11.3. საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიჩნია, რომ მოსარგებლე უხეში გაუფრთხილებლობით არ მოქმედებდა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება გზაზე ძაღლის გადარბენის ფაქტის არარსებობის თაობაზე, კერძოდ, სასამართლომ შსს საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორის პატაკსა და ავტომობილის მძღოლის მოხსენებით ბარათზე მიუთითა, სადაც გზაზე ძაღლის გადარბენის ფაქტია აღწერილი.
მართალია, პატაკში სადავო ფაქტი მითითებულია ავტომობილის მძღოლის განმარტებად და რაიმე სხვა წყაროთი დადასტურებული არ არის, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც ავტომობილის უფლებამოსილ მძღოლს რაიმე სხვა წინაღობა ან საპირისპირო ზოლში გადასვლის საჭიროება არ ჰქონია; საქმის მასალებით არ დასტუდება, რომ მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და კონკრეტულ სავალ ნაწილზე დასაშვებზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, ასევე, საპირისპირო ზოლში გადასვლა გასწრების მიზანს არ ემსახურებოდა, ლოგიკურად ჩათვალა, სასამართლოს დადგენილად მიეჩნა ძაღლის გზაზე გადარბენის ფაქტი.
ამავდროულად, მოსარჩელის მიერ მიწოდებულ მოვლენათა განვითარების ვერსიამ და საქმეზე წარმოდგენილი ავტოსაგზაო შემთხვევის სქემამ, მოსარჩელის ზეპირი განმარტების ნამდვილობის თაობაზე სასამართლოს შინაგანი რწმენა შეუქმნა.
ე.წ. „ძაღლის ფაქტორის“ გამორიცხვის შემთხვევაშიც, მძღოლის ქმედება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით მაინც ვერ შეფასდებოდა უხეშ გაუფრთხილებლობად, რადგან დადგენილი იყო, რომ იგი ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და დასაშვები სიჩქარით მოძრაობდა.
11.4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 799-ე (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) მუხლი ქმნიდა.
11.5. ზიანის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით მოსარჩელის პრეტენზია სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დასაბუთებულად ცნო, კერძოდ, დაზღვევის ხელშეკრულების 5.1 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტზე მიაქცია ყურადღება, რომლის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალებების შეფასება/შეკეთება, რომლებზეც სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის ვრცელდება საგარანტიო პირობები, შესაბამისი მარკის სერვისცენტრში შესრულდება, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალებების შეფასება/შეკეთება, რომლებზეც საგარანტიო პირობები არ ვრცელდება, მხარეთა მიერ შეთანხმებულ შემკეთებელ სერვისცენტრ(ებ)ში განხორციელდება.
ხელშეკრულების (თანდართული სატენდერო დოკუმენტაციის) თანახმად: სრულ დაზიანებად (განადგურებად) ჩაითვლება: ა). სატრანსპორტო საშუალების ზიანი, რომელიც არ აღდგენას ექვემდებარება (სრული განადგურება/ტოტალი); ბ). სატრანსპორტო საშუალების ზიანი, რომლის აღდგენა/შეკეთების ღირებულება ერთჯერადად ხელშეკრულებაში მითითებული საბალანსო ღირებულების 80%-ს ან მეტს შეადგენს (სრული განადგურება/ტოტალი). ამდენად, მოპასუხისთვის დასაკისრებელი ზიანის ოდენობა შემდეგი ფორმულით უნდა განისაზღვროს: სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მოპასუხე უთითებდა ნარჩენი ღირებულების გამოქვითვის თაობაზე, ამიტომ ზიანის კონკრეტული ოდენობის დაანგარიშებისათვის, ავტომობილის დაზიანებამდე არსებულ საბაზრო ღირებულებას (12 500 ლარი) უნდა გამოკლებოდა მისი ნარჩენი ღირებულება (2 550 ლარი), რის შედეგადაც მოპასუხისთვის დასაკისრებელი ზიანის ოდენობა 9 550 ლარის ნაცვლად 9 950 (12 500-2 550 = 9950) ლარით უნდა განსაზღვრულიყო.
12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მხარეებმა საკასაციო საჩივრები შემოიტანეს.
12.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებასა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას მოითხოვს მოსარჩელე, რომელსაც მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მატერიალური ზიანი მიადგა, ნარჩენი ქონების (ჯართი) ბედზე სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა და აღნიშნული საკითხი განხილვის მიღმა დატოვა .
12.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაა - მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, რაც შემდეგნაირადაა დასაბუთებული:
- მოცემულ შემთხვევაში, ფაქტობრივი პირობები ხელსაყრელი იყო, შეჯახება დღისით, მზიან ამინდში, დაბალი სიჩქარით მოძრაობის პირობებში მოხდა, რაც მძღოლის მხრიდან უყურადღებობასა და გაუფრთხილებლობაზე მიუთითებს. გარდა ამისა, მძღოლის ახსნა-განმარტების დასადასტურებლად არ არსებობს ობიექტური მტკიცებულება - წარმოდგენილი არ არის არც ვიდეოფირი, არც მოწმე, არც ექსპერტის დასკვნა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 3 და 4 სექტემბრის განჩინებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:
14. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს.
იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში (შდრ: ი. გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრატიკა, 2017, გვ.119).
დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო;
მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85.).
სსკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). მოცემული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე.
აქედან გამომდინარე, მხარეთა მიერ დაზღვევის ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირობების დაცვა უმნიშვნელოვანესია ვინაიდან გამოირიცხოს მზღვეველის მიმართ სათანადო საფუძვლის გარეშე თანხის დაკისრება, შესაბამისად მაქსიმალურად შეიზღუდოს დამზღვევის არაკეთილსინდისიერი მოქმედების წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის რეალურ დანიშნულებასა და მიზანს.
17. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველი საქმის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოცემული დავის ძირითადი კვლევის საგანი, კერძოდ, არსებობს თუ არა სსკ-ის 829-ე მუხლით (მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან მზღვევლის განთავისუფლების საფუძველი.
ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ შეკითხვას დასაბუთებულად გასცა პასუხი, რისი დამადასტურებელი არგუმენტებიც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად წარმოადგინა და მათი მოტივაცია საკასაციო პრეტენზიით უარყოფილი ვერ იქნა.
18. პირველ რიგში, პალატა ყურადღებას მიაქცევს დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის ფარგლებში მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე, სახელდობრ: მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (შდრ. იხ. სუსგ. №ას-1479-2019, 21.01.2020). შესაბამისად, სწორედ მზღვეველია ვალდებული ამტკიცოს, რომ სადაზღვევო შემთხვევა განვითარდა დამზღვევის უხეში გაუფრთხილებლობის შედეგად.
19. სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად.
მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (შდრ. იხ. სუსგ-ები: Nას-1306-1226-2015, 1.07.2016; №ას-654-2019, 26.06.2020).
უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (შდრ. სუსგ №ას-654-2019, 26.06.2020წ).
გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას არ წარმოადგენს, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის უმნიშვნელოდ გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არდათმობა, ავტომობილის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (შდრ. სუსგ Nას-1306-1226-2015, 01.07.2016.; №ას-1279-2022, 20.12.2022).
20. განსახილველი დავის ფარგლებში, საყურადღებოა, სააპელაციო ინტანციის სასამართლოს მიერ მითითებული და საქმის მასალებით გამოკვეთილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა შესაბამისად:
1). ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას მოსარგებლე არაფხიზელ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა;
2). ავტომობილს მძღოლი დასაშვები სიჩქარით მართავდა;
3). შსს პატრულ-ინსპექტორის გასაუბრების ოქმის მიხედვით, ავტოსაგზაო შემთხვევას დღის საათებში, დაახლოებით 17:30 სთ-ზე ჰქონდა ადგილი, მოსარგებლემ მის სავალ გზაზე ძაღლი შენიშნა, მასზე შეჯახების თავიდან აცილების მიზნით საჭე მარცხნივ მომართა, რითაც ძაღლზე დაჯახების თავიდან აცილება შეძლო, მაგრამ ავტომობილმა მართვა დაკარგა და საპირისპირო მიმართულებით, ხევში გადავარდა;
4). საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.10 მუხლით ამ მუხლის მე-6, 62, მე-7–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით, რაც გულისხმობს მანევრირების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა შეჯახება და აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს შეჯახებას სიჩქარის გადაჭარბებით;
5). უფლებამოსილი მძღოლის მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2022 წლის 15 აპრილს, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით, სოფელ ......... ქ.ტყიბულის მიმართულებით, მშრალ, ასფალტირებულ, დაახლოებით 7.5-8 მ სიგანის საავტომობილი გზაზე დაახლოებით 70კვ.მ სიჩქარით მოძრაობდა. დაუსახლებელ პუნქტში მოძრაობისას, როდესაც მარჯვენა მოსახვევის გავლას ასრულებდა, გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს დიდი ზომის ძაღლი შენიშნა, როდესაც აღნიშნულ ძაღლს მიუახლოვდა, დაახლოებით 15-20 მეტრ მანძილზე, მისთვის მოულოდნელად ძაღლმა მისი სავალი ნაწილის მარჯვნიდან მარცხნივ სირბილით გადაკვეთა დაიწყო და გზა მთლიანად გადაუკეტა. შეჯახების თავიდან აცილების მიზნით მოსარგებლემ საჭე მკვეთრად მარცხნივ აიღო, რითაც ძაღლზე შეჯახება თავიდან აიცილა, მაგრამ საჭის მარცხნივ აღებას თან ავტომობილის მართვადობის დაკარგვა მოჰყვა, რის გამოც იგი მოცურდა, მარცხნივ საავტომობილო გზის მიღმა გადავიდა და ხევში გადავარდა;
6). საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს „ა-ბ–ის“ დასკვნის მიხედვით: მოცემულ კონკრეტულ პირობებში ავტომობილის მძღოლი ტექნიკური თვალსაზრისით მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ “საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება; საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება ტექნიკური თვალსაზრისით მოსარგებლეს არ შეეძლო, ცხადია, უხეშ გაუფრთხილებლობაზე მსჯელობა სრულად დაუსაბუთებელია.
7). მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შპს „პ.მ.ჯ–ას“ 2022 წლის 28 აპრილის დეფექტურ აქტში მითითებულია, რომ შემთხვევის ადგილის, ფოტოების, საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი დოკუმენტების და ავტომობილის განლაგების შესწავლის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ შემთხვევაში დამნაშავე ავტომობილის მძღოლს არ ჰქონდა მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოება, სწორად უნდა შეერჩია მოსახვევში მოძრაობის სიჩქარე, ხილვადობა იყო საკმარისი უსაფრთხო გადაადგილებისთვის, მაგრამ ავტომობილის მართვისას მან გაუფრთხილებლობა და მეტისმეტი დაუდევრობა გამოიჩინა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნები არ დაიცვა, საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარეს გადავიდა, საპირისპირო მოძრაობის ზოლი გადაკვეთა, გზიდან გადავიდა და საავტომობილო გზის მიმდებარე ფერდობზე ამობრუნდა, რითიც საფრთხე შეუქმნა, როგორც საპირისპირო მიმართულებით მოძრაობის ზოლში მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ,საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს. მძღოლმა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის სხვადასხვა მუხლები. ხსენებული კანონის მოთხოვნები მოსარგებლემ დაარღვია, თუკი იგი მოძრაობის სიჩქარეს სწორად შეარჩევდა და კანონით განსაზღვრულ სამოძრაო ზოლში იმოძრავებდა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას მისი ქმედებები არ გამოიწვევდა.
21. ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებები, მოსარჩელის მიერ მოწოდებული მოვლენათა განვითარების თანმიმდევრობა და საქმეზე წარმოდგენილი ავტოსაგზაო შემთხვევის სქემა, საკასაციო სასამართლოსაც უქმნის შინაგან რწმენას მოსარჩელის ჩამოყალიბებული ვერსიის რეალობის თაობაზე, რომელშიც შსს საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორის პატაკსა და მძღოლის (დამზღვევის უფლებამოსილი მძღოლის განმარტება) მიერ ჩამოყალიბებულ მოხსენებით ბარათზე აპელირებით, ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ ძირითად მიზეზად გზაზე ძაღლის გადარბენა არის მითითებული.
საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილშიც, რომ ავტოსაგზაო შემთხვევევის განვითარების უფლებამოსილი მძღოლის ვერსიის გამორიცხვის პირობებშიც მისი ქმედება მაინც ვერ შეფასდება უხეშ გაუფრთხილებლობად, რადგან დადგენილი იქნა, რომ იგი ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და დასაშვები სიჩქარით მოძრაობდა.
ამდენად, მტკიცებულებების ერთობლიობით სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მძღოლის ქმედებაში არ იკვეთებოდა უხეშ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაციისთვის აუცილებელი ელემენტები და სასარჩელო მოთხოვნაც კანონშესაბამისად დაკმაყოფილდა.
22. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, მოცემულ ნაწილშიც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება სრულადაა გასაზიარებელი, კერძოდ, ზიანის კონკრეტული ოდენობის დაანგარიშებისათვის, ავტომობილის დაზიანებამდე არსებულ საბაზრო ღირებულებას (12 500 ლარი) უნდა გამოაკლდეს მისი ნარჩენი ღირებულება (2 550 ლარი), რის შედეგადაც მოპასუხისთვის დასაკისრებელი ზიანის ოდენობა 9 950 (12 500-2 550 = 9 950) ლარს შეადგენს.
23. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
24. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
26. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ (ს/ნ 204852089) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა # 05439, გადახდის თარიღი - 11.04.2025) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. სს „ს.კ.უ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
4. სს „ს.კ.უ–ს“ (ს/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 497.5 ლარის (საკრედიტო საგადახდო დავალება №7105490, გადახდის თარიღი - 21.8.2025) 70% - 348.25 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია