საქმე№ას-185-2025
29 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ზ.ბ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ნ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. თ.ნ–მა (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი) რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ზ.ბ–ის (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) წინააღმდეგ და მოითხოვა:
1.1.1. შეწყდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2012 წლის 17 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება;
1.1.2. მოპასუხეს დაეკისროს მისი არასრულწლოვანი შვილების - 09.07.2009 წელს დაბადებული ს.ბ–ისა და 05.01.2014 წელს დაბადებული მ.ბ–ის სასარგებლოდ, მათ მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე, ყოველთვიურად ალიმენტის სახით 3 000-3 000 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. წერილობითი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, ალიმენტის სახით 150-150 ლარის ნაწილში, ხოლო 2023 წლის 11 სექტემბერს გამართულ სასამართლოს სხდომაზე სარჩელი ცნო განქორწინებისა და ალიმენტის ნაწილში, თითოეულ ბავშვზე 200-200 ლარის ოდენობით.
3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
3.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის მიმართ განქორწინებისა და ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
3.2. შეწყდა ქორწინება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, რეგისტრირებული 2012 წლის 17 ივლისს, სსგს ისანი- სამგორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ, სააქტო ჩანაწერი #04201230756;
3.3. მოპასუხეს მისი არასრულწლოვანი შვილების: 09.07.2009 წელს დაბადებული ს.ბ–ისა და 05.01.2014 წელს დაბადებული მ.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 400-400 ლარის ოდენობით თითოეულ ბავშვზე, სარჩელის აღძვრის დღიდან - 2023 წლის 3 აპრილიდან შვილების სრულწლოვანებამდე.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეს მისი არასრულწლოვანი შვილების - 09.07.2009 წელს დაბადებული ს.ბ–ისა და 05.01.2014 წელს დაბადებული მ.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 1 200-1 200 ლარის ოდენობით თითოეულ ბავშვზე, სარჩელის აღძვრის დღიდან - 2023 წლის 03 აპრილიდან შვილების სრულწლოვანებამდე; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.
4.2. მოსარჩელე და მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 17.07.2012 წლიდან.
4.3. მეუღლეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი საერთო შვილი: 21.09.2004 წელს დაბადებული ნ.ბ–ი; 09.07.2009 წელს დაბადებული ს.ბ–ი; 05.01.2014 წელს დაბადებული მ.ბ–ი.
4.4. მხარეთა ოჯახური თანაცხოვრება ვერ შედგა, მეუღლეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას.
4.5. მოპასუხე დარეგისტრირებულია ინდ. მეწარმედ, დასაქმებულია დისტრიბუციის სფეროში და საკმაოდ სოლიდური ყოველთვიური შემოსავალი აქვს.
4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
4.7. სსკ-ის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
4.8. სსკ-ის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
4.9. ბავშვის უფლებათა კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის.
4.10. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია აღზარდოს ბავშვი, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდოს ის საზოგადოების ღირსეულ წევრად, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნებად.
4.11. ბავშვის უფლებათა კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ყოველ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრების ისეთ სტანდარტზე, რომელიც შეესაბამება მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების საჭიროებებს.
4.12. ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი პირობები, რომლებიც ხელს უწყობს მის სრულფასოვან ფიზიკურ, ინტელექტუალურ, გონებრივ, სოციალურ და მორალურ განვითარებას, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, ბავშვის ცხოვრების სათანადო სტანდარტი ითვალისწინებს ბავშვის სულ მცირე საკვებით, სუფთა სასმელი წყლით, ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოთი, პირველადი ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობით, ჯანსაღი ცხოვრების წესის, კატასტროფისა და უბედური შემთხვევისგან დაცვის შესახებ საბაზისო ინფორმაციითა და შესაბამისი მექანიზმებით უზრუნველყოფას.
4.13. ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (რატიფიცირებულია 01.07.1994) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
4.14. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
4.15. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
4.16. ამასთან, კანონი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით, მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას, გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო.
4.17. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გაითვალისწინოს ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა: „...მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა“ (იხ. სუსგ #ას-58-49-2011, 27.06.2011წ.). ალიმენტი უნდა იყოს გონივრული და სავსებით საკმარისი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ბავშვის, სულ მცირე, გადაუდებელი, პირველი რიგის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც ბავშვის არსებობას შეექმნება ხელყოფის სერიოზული საფრთხე. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ იმავე გადაწყვეტილებაში ასევე განმარტა, რომ „...სასამართლოს მიერ დანიშნული ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, ანუ – საარსებო მინიმუმს“.
4.18. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მხრიდან, არ უნდა ატარებდეს სიმბოლურ ხასიათს და იგი მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo). სახელმწიფოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი, შეადგენდა 2023 წლის განმავლობაში თვეების მიხედვით შესაბამისად, 256.9, 256.4, 256.0, 251.8, 253.7, 254.5, 249.8, 253.5, 250.9, 252.1, 252.3, 249.7 ლარს.
4.19. სასამართლოს, რომელიც იხილავს კონკრეტულ საოჯახო-სამართლებრივ დავას, მინიჭებული აქვს უფლება, სსსკ-ის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილისა და 354-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ დასჯერდეს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და თავისი ინიციატივით განსაზღვროს იმ გარემოებათა წრე, რომელთა დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმის სწორად გადაწყვეტა (მტკიცების საგანი). მაშასადამე, სსსკ-ის 354-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დებულება არის სპეციალური ნორმა და მას უპირატესობა ენიჭება ამავე კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებულ ზოგად ნორმასთან შედარებით. ამ კატეგორიის საქმეთა განხილვისას სასამართლოს შეუძლია: ა) თავად განსაზღვროს მტკიცების საგანი, ე. ი. იმ გარემოებათა წრე, რომელთა დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმის სწორად გადაწყვეტა; ბ) თავისი ინიციატივით გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზეც მხარეებს არ მიუთითებიათ, მაგრამ აქვთ მნიშვნელობა მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დასადგენად (იხ. სუსგ #ას-173-2022, 08.07.2022 წ.).
4.20. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებით განსახილველ სხვა კატეგორიის საქმეთაგან განსხვავებით, საოჯახო-სამართლებრივი დავების განხილვა ინკვიზიციური ელემენტებითაა გაჯერებული, შესაბამისად, სსსკ-ის 354-ე მუხლის საფუძველზე კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს საქმის გარემოების დადგენას სასამართლოს ინიციატივითაც.
4.21. 2024 წლის 23 მაისის საოქმო განჩინებით სააპელაციო სასამართლომ გამოითხოვა ინფორმაცია მოპასუხის საბანკო ანგარიშებიდან 2023 წლის აპრილიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით პერიოდისათვის თანხის ბრუნვისა და ასევე საბანკო ვალდებულებების შესახებ.
4.22. 2024 წლის 3 ივნისს სს „ს.ბ–მა“ წარმოადგინა მონაცემები ელექტრონული ფორმით CD დისკზე, საიდანაც დგინდება, რომ მოპასუხეს საბანკო ანგარიშებზე მითითებული პერიოდისათვის უფიქსირდება სოლიდური თანხების ბრუნვა (სხვადასხვა ხარჯებზე გასავალია 70 000 ლარზე მეტი) მათ შორის სოლიდური კრედიტის დაფარვისათვის გადახდილი თანხები (150 000 ლარზე მეტია), ხოლო მის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ მის ანგარიშებზე ასახული თანხა არ წარმოადგენდა მის შემოსავალს/გასამრჯელოს.
4.23. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილ ინფორმაციას ვერ აბათილებს მოპასუხის მიერ 17.11.2024 წ. სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, საიდანაც დგინდება, რომ მან ავტომობილის გაყიდვის შედეგად 17.08.2023 წ. მიიღო თანხა 34 000 ლარი, რომელიც შემდგომ მისი განმარტებით სესხის დაფარვას მოხმარდა. ასევე, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც დგინდება, რომ 18.04.2023 წ. შეძენილია უძრავი ქონება მოპასუხის მამის ს.ბ–ის სახელზე, რომელიც სს „ს.ბ–ის“ საბანკო იპოთეკით არის დატვირთული.
4.24. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ 05.04.2023 წლიდან მოპასუხის საწარმომ შეწყვიტა საქმიანობა, რის შემდგომ მოპასუხე დასაქმებულია შპს „რ–ში“ და მისი ხელფასი შეადგენს 1 000 ლარს, ვინაიდან ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე მოპასუხეს საბანკო ანგარიშებზე უფიქსირდება რამდენიმე ათასიანი ბრუნვა. მოპასუხეს არ წარმოუდგენია ის მტკიცებულებები, რომლებზეც თავად უთითებდა სხდომაზე, რომ მიუხედავად თანხების სოლიდურობისა, იგი მას არ ეკუთვნოდა ან მხოლოდ ნაწილი იყო მისი საკუთრება. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოპასუხის ყოველთვიური შემოსავალი არ არის მხოლოდ შპს „რ–ში“ ხელფასის სახით აღებული თანხა.
4.25. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
4.26. პალატამ განმარტა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.
4.27. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
4.28. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილების უფლება მიიღონ მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნონ არასრულწლოვან შვილებზე. სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ აღნიშნული ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილურად მაღალი მატერიალური შემოსავალი, ან/და გააჩნია საბანკო ვალდებულებები, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან. მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად.
4.29. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმ მშობლის საოჯახო შრომა, რომელთანაც ცხოვრობენ არასრულწლოვნები არის ის მონაწილეობა, რაც ფაქტობრივად მას შეუძლია შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის გაიღოს და არ შეიძლება რჩენის ვალდებულება მხოლოდ ისე ვიწროდ იქნას განმარტებული, რომ მასში მოიაზრებოდეს მხოლოდ ფინანსური მონაწილეობა.
4.30. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხე მამის შემოსავლებს არ მიეცა მართებული შეფასება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხოლოდ მხარის განმარტება მისთვის ხელსაყრელი გარემოების დასადასტურებლად, ან მისთვის საწინააღმდეგო გარემოების უარსაყოფად საკმარისი მტკიცებულება ვერ იქნება, რადგან მხარე საქმის შედეგით დაინტერესებული პირია. ამდენად, მიზანშეწონილი იყო სასამართლოს მიერ, თუნდაც საკუთარი ინიციატივით გამოეთხოვა მისი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია.
4.31. პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მტკიცება, რომ მას შემოსავალი არ გააჩნია. ჩარიცხული თანხების მის გასამრჯელოდ/მის პირად შემოსავლად არ მიჩნევისთვის მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრებოდა. მოწინააღმდეგე მხარის მიერ ასევე უარყოფილი არ არის გარემოება, რომ ის გარკვეულ პერიოდებში ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა. რაც დამატებით იმასაც ადასტურებს, რომ იგი შრომისუნარიანი და გამოცდილია, რაც ზრდის მის მიერ შემოსავლების მიღების პოტენციალსაც.
4.32. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე დედა სამი შვილის (აქედან ორი არასრულწლოვანის) მოვლა-აღზრდას დამოუკიდებლად ახორციელებს, რაც მოითხოვს დროისა და ადამიანური რესურსების უდიდეს ნაწილს.
4.33. აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანთა მიმდინარე საჭიროებებს (კვების, ჩაცმის, სამედიცინო ხარჯებს, საგანმანათლებლო და სხვა აქტივობებს), პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ მისცემია დეტალური შეფასება, ხოლო სააპელაციო განხილვის ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარის მიერ სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით მითითებული საკითხი ფაქტობრივად შედავებული არ ყოფილა. მისი მტკიცება ძირითადად ეხებოდა საკუთარი შემოსავლების არქონის დადასტურებას და არა არასრულწლოვნების საჭიროებების სხვაგვარად დაანგარიშებას. როგორც აღინიშნა, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. განსახილველ შემთხვევაში კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასრულწლოვანთა სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტი კი საარსებო მინიმუმს მხოლოდ დაახლოებით 150 ლარით აღემატება, რაც თითოეული ბავშვისთვის მხოლოდ ერთ საგანში ან წრეზე გადასახდელს შეიძლება შეადგენდეს.
4.34. აღნიშნული კი ვერ იქნება მიჩნეული გონივრულ ოდენობად მამის დადგენილი შემოსავლების გათვალისწინებით და ბავშვების საჭიროებების მხედველობაში მიღებით.
4.35. ამასთან, ორივე მხარე ადასტურებს, რომ დაკისრებული ალიმენტის სრულყოფილად გადახდა არ ხდებოდა, დაკისრებული ჯამური 800 ლარის ნაცვლად, ირიცხებოდა მხოლოდ 500 ლარი.
4.36. ამდენად, ამ ეტაპისთვის დადგენილია, რომ მამას 2023 წლის აპრილიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით პერიოდისათვის უფიქსირდებოდა სოლიდური ბრუნვა საბანკო ანგარიშზე. ასევე, მას აქვს გამოცდილება, წარსულში თვითდასაქმების პირობებში იღებდა საკმაოდ კარგ შემოსავალს, რაც სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ მას აქვს სათანადო უნარები და პერსპექტივა, რომ უზრუნველყოს საკუთარი არასრულწლოვანი შვილების მატერიალური საჭიროებები. მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება მისი ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზით დასაქმებისა და შემოსავლის მიღების შეუძლებლობის დამტკიცების ჭრილში.
4.37. გარდა ამისა, სასამართლო უპირატესად მაინც არასრულწლოვანთა საჭიროებებს ითვალისწინებს, რაც უნდა იყოს შრომისუნარიანი მშობლის მამოტივირებელი დასაქმებასა და მატერიალური შემოსავლის ქონისთვის, რათა საკუთარი შვილების აუცილებელი საჭირობები უზრუნველყოს.
4.38. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის (ევროპული კონვენციის) მე-7 ოქმის (საქართველოსთვის ძალაში შევიდა 01/07/2000) მე-5 მუხლი ადგენს მეუღლეთა თანასწორობას და განსაზღვრავს, რომ მეუღლეები სარგებლობენ კერძო-სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, როგორც დაქორწინების დროს, ისე ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში. ეს მუხლი ვერ დააბრკოლებს სახელმწიფოს, განახორციელოს ბავშვების ინტერესებისათვის აუცილებელი ღონისძიებანი.
4.39. მშობელთა ვალდებულებაა, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ის ორივე მშობლის სტაბილურ თანადგომას საჭიროებს.
4.40. როდესაც საკითხი ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ Elsholz v. Germany,№25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, №28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ სუსგ №ას-967-916-2015, 15.12.2015წ; სუსგ #ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.).
4.41. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, ცვლილება უნდა შევიდეს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში და ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს თითოეულ ბავშვზე 1 200- 1 200 ლარით.
5. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.
5.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა მოპასუხის საბანკო ანგარიშებიდან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, რადგან მოსარჩელეს შეეძლო აღნიშნული მტკიცებულება საქალაქო სასამართლოში დაეყენებინა. ამასთან, მოპასუხის კონფიდენციალური ინფორმაცია სასამართლომ მოსარჩელეს გადასცა, რითაც საქართველოს კონსტიტუციის იმპერატიული მოთხოვნები დაარღვია.
5.3. კასატორის განმარტებით, სასამართლომ მხოლოდ შემოსავალზე იმსჯელა, მას არ შეუფასებია გასავალი. ამასთან, მოპასუხის კუთვნილი საწარმო აღარ ფუნქციონირებს. მოპასუხე შპს „რ–ში“ მუშაობისათვის ხელფასს 1 000 ლარს იღებს, რომლითაც 2 400 ლარს ალიმენტისათვის ვერ გადაიხდის. სასამართლომ შვილებს მამა წაართვა, რადგან მამას ქვეყნიდან წასვლა მოუწევს, საქართველოში იმ ოდენობის თანხას ვერ გამოიმუშავებს, რომ დაკისრებული ალიმენტი გადაიხადოს.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
6.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6.3. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
6.4. ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილია და დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:
6.5. მოსარჩელე და მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 17.07.2012 წლიდან.
6.6. მეუღლეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი საერთო შვილი: 21.09.2004 წელს დაბადებული ნ.ბ–ი; 09.07.2009 წელს დაბადებული ს.ბ–ი; 05.01.2014 წელს დაბადებული მ.ბ–ი.
6.7. მხარეთა ოჯახური თანაცხოვრება ვერ შედგა, მეუღლეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას.
6.8. 2024 წლის 23 მაისის საოქმო განჩინებით, სააპელაციო სასამართლომ გამოითხოვა ინფორმაცია მოპასუხის საბანკო ანგარიშებიდან თანხის ბრუნვისა და ასევე საბანკო ვალდებულებების შესახებ, 2023 წლის აპრილიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით პერიოდისათვის.
6.9. 2024 წლის 3 ივნისს, სს „ს.ბ–მა“ წარმოადგინა მონაცემები ელექტრონული ფორმით CD დისკზე, საიდანაც დგინდება, რომ მოპასუხეს საბანკო ანგარიშებზე მითითებული პერიოდისათვის უფიქსირდება სოლიდური თანხების ბრუნვა (სხვადასხვა ხარჯებზე გასავალია 70 000 ლარზე მეტი) მათ შორის სოლიდური კრედიტის დაფარვისათვის გადახდილი თანხები (150 000 ლარზე მეტია), ხოლო მის მიერ ვერ იქნა დადასტურებული, რომ მის ანგარიშებზე ასახული თანხა არ წარმოადგენდა მის შემოსავალს/გასამრჯელოს.
6.10. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია ვერ გააქარწყლა მოპასუხის მიერ 17.11.2024 წ. სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა, რომლის მიხედვით, მოპასუხემ, ავტომობილის გაყიდვის შედეგად 17.08.2023 წ. მიიღო თანხა 34 000 ლარი, რომელიც შემდგომ მისი განმარტებით, სესხის დაფარვას მოხმარდა. ასევე, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც დგინდება, რომ 18.04.2023 წ. შეძენილია უძრავი ქონება მოპასუხის მამის ს.ბ–ის სახელზე, რომელიც სს „ს.ბ–ის“ საბანკო იპოთეკით არის დატვირთული.
6.11. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა სსკ-ის 1212-ე (მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1214-ე (თუ მშობლები ვერ შეთანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა -აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლის, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას), 1202-ე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ), 1234.1-ე (იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია, სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან) და 1198.2-ე (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
6.12. კასატორი სადავოდ ხდის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობას და ითხოვს მის შემცირებას 1200 ლარიდან 400 ლარამდე, თითოეულ ბავშვზე.
7. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საალიმენტო ვალდებულება სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა და გულისხმობს ალიმენტის მიმღების უფლებასაც - მოითხოვოს ალიმენტის გადახდა. მშობლები ვალდებულნი არიან მატერიალურად დაეხმარონ არასრულწლოვან შვილებს (იხ. დამატებით: რ. შენგელია, ე. შენგელია, საოჯახო სამართალი, თბილისი, 2009, გვ. 252). ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან მშობლების განქორწინების დროს. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც მათ შესაძლოა დაეხმაროს ამ სტრესული სიტუაციის დაძლევაში, არის ოჯახური და იმავე სოციალური გარემოს შენარჩუნება. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს პრინციპით - ბავშვს მაქსიმალურად შეუნარჩუნდეს ცხოვრების არსებული დონე, რომელიც მას მშობლების განქორწინებამდე ჰქონდა. სასამართლოს ამოცანაა, ბავშვის მატერიალური მდგომარეობა მშობლების განქორწინების გამო, რაც შეიძლება ნაკლებად გაუარესდეს (იხ. დამატებით: Kavacek-Stanic G., Child in Single (Absent) Parent family: Maintenance and Family Home: Family Finances, (Verschragen B (ed))., Jan Sramek Verlag, Vienna, 2009, P.637.; Stark B., Internacional Family Law, an Introduction, Ashgate Publishing Limited, Great Britain, Burlington, 2012, P.211.; Duncan W., Note on the desirability of revising the Hague Conventions on Maintenance Obligations, Hague Conferrence on Private International Law, January, 1999).
8. სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა იყოს ფორმალური და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ანუ ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად (შდრ: სუსგ-ები: №ას-358-2023, 27.06.2023 წ. პ.16; №ას-767-2021, 18.11.2021 წ.; №ას-1355-2019, 25.02.2020 წ.; №ას-463-463-2018, 14.01.2020 წ; №ას-495-469-2015, 01.07.2015 წ.; №ას-1610-1511-2012, 04.02.2013 წ).
9. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ასევე, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (იხ. სუსგ №ას-341-2022, 14.06.2022წ.; №ას-1141-1061-2017, 17.10. 2017 წ.).
10. სსკ-ის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ისე შვილის საჭიროებებს. კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას, გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვნის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
11. ბავშვის უფლებათა კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია აღზარდოს ბავშვი, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდოს ის საზოგადოების ღირსეულ წევრად, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნებად.
12. ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
13. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით დაწესებულია მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობა, რაც ალიმენტის გადახდის მოვალეობასაც მოიცავს, მაგრამ კანონმდებელი არასრულწლოვნის სასარგებლოდ დასაკისრებელი ალიმენტის ზღვრულ ოდენობას არ ადგენს. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მოქმედებს დისკრეციის ფარგლებში და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა შეფასებით, უნდა დაადგინოს ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა. ამასთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ საქმეზე აქვს განმარტებული, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, ალიმენტის ოდენობის დადგენისას უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (იხ. სუსგ-ები: №ას-58-49-2011, 27.06.2011წ; №ას-1141-1061-2017, 17.10.2017 წ; №ას-ას-1301-2019, 13.03.2020 წ; №ას-878-2021, 27.10.2021 წ. Nას-1262-2023, 8.11.2023წ.; Nას-1328-2023, 7.03.2024წ; Nას-1606-2023, 10.04.2024წ.).
15. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ალიმენტის ოდენობის შემცირების ნაწილში, კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, იგი მიუთითებს, რომ მის საბანკო ანგარიშებზე არსებული ბრუნვა არ ასახავს მის შემოსავლებს, რაც სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაითვალისწინა, რადგან საბანკო ამონაწერებით დასტურდება შემოსავალი/გასავალი, რასაც მოპასუხე ზეპირი განმარტებით ვერ გააბათილებს. ასევე მართებულად არ იქნა გაზიარებული მოპასუხის მტკიცება, რომ 05.04.2023 წლიდან მოპასუხემ, როგორც ინდივიდუალურმა მეწარმემ, შეწყვიტა საქმიანობა, რის შემდგომ მოპასუხე დასაქმებულია შპს „რ–ში“ და მისი ხელფასი შეადგენს 1 000 ლარს, ვინაიდან ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე მოპასუხეს საბანკო ანგარიშებზე უფიქსირდება რამდენიმე ათასიანი ბრუნვა. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოპასუხის ყოველთვიური შემოსავალი არ არის მხოლოდ შპს „რ–ში“ ხელფასის სახით აღებული თანხა.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა, როგორც ალიმენტვალდებული მამის ფინანსური შესაძლებლობები, საკრედიტო და სხვა ვალდებულებების გავლენა მის გადახდისუნარიანობაზე, დედის შემოსავლები და ვალდებულებები, ასევე არასრულწლოვნების საჭიროებები.
17. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki, v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII).
18. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას დაკისრებული ალიმენტის არაგონივრულობასთან დაკავშირებით, ეთანხმება მეორე ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიუთითებს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შვილების რჩენა-აღზრდისა და ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, ალიმენტის სახით, 1200-1200 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება, ადეკვატური და სამართლიანია.
19. მოპასუხის ძირითადი საკასაციო პრეტენზია შეეხება იმას, რომ მოსარჩელეს მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, შეეძლო გამოეთხოვა საქალაქო სასამართლოში, მან კი შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში დააყენა. ამასთან, მოპასუხის ფინანსების შესახებ ინფორმაცია არის კონფიდენციალური და იგი სასამართლოს მოსარჩელისათვის არ უნდა გადაეცა.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს, უფლებებთან ერთად, ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს Nას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; Nას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; Nას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.).
21. სსსკ-ის XLIII თავი განსაზღვრავს საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებებს. ამავე კოდექსის 352-ე მუხლის შესაბამისად, საქორწინო და საოჯახო საქმეების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი წესები იმ დამატებებით, რაც ამ თავშია დადგენილი, ხოლო 354-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ.
22. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის საპასუხოდ, რომ მოსარჩელეს არასრულწლოვანი ბავშვების მამის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოში უნდა დაეყენებინა და არა - სააპელაციო სასამართლოში, განმარტავს, რომ სსსკ-ის 215.2-ე მუხლის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს მხარეთა შუამდგომლობები მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ მოსამზადებელი სხდომის დამთავრებამდე უნდა წარედგინოს, ხოლო მოსამზადებელი სტადიის დასრულების შემდეგ სასამართლო ასეთ შუამდგომლობას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მხარეს ობიექტური მიზეზით არ შეეძლო მისი მოსამზადებელი სხდომის დამთავრებამდე წარდგენა ან/და მათი წარმოდგენის საფუძველი მთავარ სხდომაზე წარმოიშვა. სსსკ-ის 215.3-ე მუხლის თანახმად ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა უნდა დადასტურდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
23. აქვე, საკასაციო სასამართლო, კასატორის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსსკ-ის 354-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოსათვის მინიჭებულია დისკრეციული უფლებამოსილება, რომელიც ინკვიზიციურობის ელემენტებს მოიცავს და შესაძლებლად მიიჩნევს საქმის გარემოებების დადგენას, მტკიცებულებათა გამოთხოვას სასამართლოს ინიციატივითაც. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მხარის შუამდგომლობის არარსებობის პირობებშიც კი შეუძლია გამოითხოვოს მტკიცებულება, რომლის გარეშეც შეუძლებელია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას კი, სასამართლო ბავშვის საუკეთესო ინტერესებით ხელმძღვანელობს. სასამართლოს ამოცანაა შეაფასოს მშობლის ფინანსური შესაძლებლობა, ბავშვის/ბავშვების საჭიროებები და ამის საფუძველზე განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა. ამ პროცესში საქმის გამხილველი მოსამართლე ინკვიზიციურია, რაც იმთავითვე გამორიცხავს მოწინააღმდეგე მხარის პრეტენზიას, რომ შესაძლოა საქმეში დარღვეული იყოს შეჯიბრებითობისა თუ დისპოზიციურობის პრინციპები (სსსკ-ის 3-4 მუხლები).
24. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას მისი კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების თაობაზე, საკასაციო სასამართლო, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონს მოიხმობს და განმარტავს, რომ ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასამართლოში სამართალწარმოების მიზნებისათვის მონაცემთა დამუშავებაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს კასატორს, რომ განსახილველ საოჯახო დავაში, მისი საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერი, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, დართულია საქმეზე და მასზე ვერ გავრცელდება კონფიდენციალურობის რეჟიმი. ამასთან, მოპასუხის ფინანსური მდგომარეობის შესწავლის გარეშე შეუძლებელია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა.
25. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
26. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რის გამოც საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს.
27. საპროცესო ხარჯები
27.1. სსსკ-ის 55.2-ე მუხლის შესაბამისად სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მას უარი ეთქვა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.ბ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი