საქმე №ას-1031-2025
28 ნოემბერი 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - გ.ყ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.ზ–ი (მოსარჩელე)
დავის საგანი - განქორწინება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 04 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
ა.ზ–მა (შემდეგში ტექსტში ხსენებული, როგორც „მოსარჩელე", „მოწინააღმდეგე მხარე“), სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, გ.ყ–ის (შემდეგში ტექსტში ხსენებული, როგორც „მოპასუხე", „აპელანტი“, “კასატორი“), მიმართ, განქორწინების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ა.ზ–ის სარჩელი განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა: შეწყდა ქორწინება ა.ზ–სა და გ.ყ–ს შორის; ქორწინების რეგისტრაციის თარიღი 2020 წლის 04 აგვისტო, აქტის ჩანაწერი №01203003489.
3.2 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.ყ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 04 ივნისის განჩინებით, გ.ყ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:
4.2.1 ა.ზ–ი (მოსარჩელე) და გ.ყ–ი (მოპასუხე) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2020 წლის 04 აგვისტოდან.
4.2.2 მოსარჩელეს და მოპასუხეს შეეძინათ ორი საერთო შვილი: 2007 წლის 14 ივლისს დაბადებული, ლ.ყ–ი (გარდაცვლილია) და 2010 წლის 09 იანვარს დაბადებული, მ.ყ–ი.
4.2.3 მხარეები ამჟამად გერმანიაში ცხოვრობენ ცალ-ცალკე და მოპასუხისთვის უცნობია მოსარჩელის ადგილსამყოფელი;
4.2.4 მხარეები ვერ შეთანხმდნენ ნებაყოფლობით ერთობლივი განცხადებით მიემართათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის განქორწინების მოთხოვნით. მოპასუხე განქორწინების წინააღმდეგია.
5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 04 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.ყ–მა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.
5.2 კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ,,სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.
5.3 კასატორის განმარტებით, სასამართლოსათვის ცნობილი იყო, რომ კასატორს აკრძალული აქვს თავის ცოლთან ურთიერთობა. იმ ფონზე, როდესაც მხარეებს თვითონ არ შეუძლიათ პირადად მოლაპარაკება და მოკლებულნი არიან საუბრის შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა მიეღო განჩინება ქვემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე.
5.4 კასატორის განმარტებით, სასამართლომ უკანონოდ უთხრა უარი კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული კერძო საჩივრით გასაჩივრებული იყო შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი. შეგებებული სარჩელით კი, მოთხოვნილი იყო მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის საკითხი.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლომ საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ის დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული
11. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნა სსკ-ის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან (ქორწინება წყდება განქორწინებით), 1123.1 (განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში – სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში) და 1127.3 (განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია) მუხლებიდან გამომდინარეობს.
12. მოცემულ შემთხვევაში, საპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი.
13. კასატორის ძირითადი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს მისი სურვილი ოჯახის შენარჩუნების თაობაზე და შესარიგებელი ვადის განსაზღვრის გარეშე, დააკმაყოფილეს სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის შესახებ. კასატორის მითითებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს მეუღლესთან შესარიგებლად გონივრული ვადა უნდა მიეცათ.
14. დადგენილია, რომ მხარეები ამჟამად გერმანიაში ცხოვრობენ ცალ-ცალკე და მოპასუხისთვის უცნობია მოსარჩელის ადგილსამყოფელი; ამგვარად, მხარეები 2023 წლიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და არც საერთო მეურნეობას ეწევიან. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე არ აძლევს მოსვენებას მას და არასრულწლოვან შვილს, რის გამოც მიმართა კიდევაც პოლიციას. მოსარჩელე და მისი შვილი სოციალური სამსახურის ბიურომ, 2024 წლის თებერვლიდან გადაიყვანა ახალ ბინაში, მათი მისამართი დაბლოკილია, რათა დაცულნი იყვნენ ოჯახური ძალადობისაგან.
15. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელის პოზიცია სარჩელის აღძვრის (2024 წლის 13 მაისი) შემდეგაც უცვლელია და იგი კატეგორიულად ითხოვს მოპასუხესთან განქორწინებას, ასევე გამორიცხავს მეუღლესთან შერიგებასა და შემდგომი თანაცხოვრების შესაძლებლობას.
16. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე კატეგორიულად მოითხოვს განქორწინებას, სასამართლოს მხრიდან არ არსებობდა დამატებითი შესარიგებელი ვადის მიცემის გარემოება. მოხმობილი გარემოებების უარსაყოფად, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულება, რომელიც მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობას დაადასტურებდა.
17. სსკ-ის 1106-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია კანონით დადგენილი წესით. მათი თანხმობა წარმოადგენს როგორც დაქორწინებისათვის აუცილებელ პირობას სსკ-ის 1107-ე მუხლის „ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ისე შემდგომში, აუცილებელ პირობას ოჯახის შენარჩუნებისათვის. სწორედ მეუღლეთა თანხმობით გამოიხატება ნებაყოფლობითი ქორწინების პრინციპი.
18. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ვრცელ განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას (სუსგ №ას-458-440-2016, 15.07.2016წ).
19. მითითებული ნორმით დაცვად კატეგორიათა რიგს მიეკუთვნება პირის ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა, ყოველი პირის ლეგიტიმური შესაძლებლობა, თავად აირჩიოს მეუღლედ პირი, რომელთანაც სურს საოჯახო ურთიერთობის დამყარება, ასევე, დაცულია ოჯახური ცხოვრების შეწყვეტის უფლება (შდრ. სუსგ №ას-1159-2024, 07.07.2024წ).
20. ამდენად, რადგანაც მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულება, რომელიც მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობას დაადასტურებდა, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიიჩნევს, რომ რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.
21. კასატორის პრეტენზია შეეხება ასევე შეგებებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის შესახებ 2024 წლის 30 სექტემბრის განჩინების კანონიერებას. საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული განჩინება მოპასუხის მიერ გასაჩივრდა კერძო საჩივრით. სააპელაციო პალატამ, 2024 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, არ დააკმაყოფილა გ.ყ–ის კერძო საჩივარი. საკასაციო პალატა, კასატორს განუმარტავს, რომ სსსკ-ის 419 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ, როგორც ზემდგომმა სასამართლომ იმსჯელა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების კანონიერებაზე, ხოლო საპროცესო კანონმდებლობა ცალსახად განსაზღვრავს, რომ კერძო საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს განჩინებით წარმოება სრულდება. შესაბამისად, მის კანონიერებას, საკასაციო სასამართლო ვერ შეამოწმებს.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
23. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება(შდრ. სუსგ №ას-70-70-2018; №ას-47-2019 6 მაისი, 2019 წელი), პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
25. პროცესის ხარჯები
სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი, 150 ლარის 70% - 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ.ყ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ე. მ–ის მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „თიბისი ბანკში“, 11/08/2025წ. საგადასახადო დავალებით N756 გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი