Facebook Twitter

საქმე №ას-1314-2025

18 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი (საჩივრის ავტორი) - დ.დ–ია

მოწინააღმდეგე მხარე - შპს "ა–ი"

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 21 მარტის განჩინებით, დ.დ–იას წარმომადგენლის თათია ზირაქაშვილის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა. სარჩელზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, გ.ს–ას (პ/ნ …….., (როგორც დირექტორს და როგორც პარტნიორს) აეკრძალა კომპანიის შპს ,,ა–ის" (ს/ნ …….) სახელით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება და გარიგების დადება პარტნიორთა საერთო კრების გარეშე, რომელზეც კანონით დადგენილი წესით მოწვეული იქნება დ.დ–ია (პ/ნ ……), განჩინება აღსრულდა დაუყოვნებლივ;

2. 2025 წლის 3 აპრილს, აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს ,,ა–ის’’ წარმომადგენელმა და სენაკის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 21 მარტის განჩინების გაუქმება მოითხოვა.

3. სენაკის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 23 აპრილის განჩინებით, შპს ,,ა–ის’’ საჩივარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, სენაკის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 21 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში;

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინებით, შპს ,,ა–ის'' (დირექტორი გ.ს–ას) საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 21 მარტის განჩინება, რომლითაც სარჩელზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, გ.ს–ას, როგორც დირექტორს და როგორც პარტნიორს აეკრძალა კომპანიის - შპს „ა–ის“ (ს/ნ …….) სახელით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება და გარიგების დადება პარტნიორთა საერთო კრების გარეშე, რომელზეც კანონით დადგენილი წესით მოწვეული იქნება დ.დ–ია (პ/ნ……..); მოსარჩელე დ.დ–იას (წარმომადგენელი თ.ზ–ი) შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, არ დაკმაყოფილდა;

5. 2025 წლის 6 აგვისტოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კერძო საჩივრით (რაც თავისი შინაარსით წარმოადგენს საჩივარს) მომართა დ.დ–იას წარმომადგენელმა რ.ც–ძემ და ამავე სასამართლოს 2025 წლის 27 ივნისის განჩინების გაუქმება მოითხოვა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 აგვისტოს განჩინებით საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და საქმესთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. სსსკ-ის 420-ე მუხლით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

8. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინებით შპს „ა–ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 21 მარტის განჩინება, რომლითაც სარჩელზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, გ.ს–ას (პ/ნ ........) (როგორც დირექტორს და როგორც პარტნიორს) აკერძალა კომპანიის (შპს „ა–ის (ს/ნ ......) სახელით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება და გარიგების დადება პარტნიორთა საერთო კრების გარეშე, რომელზეც კანონით დადგენილი წესით მოწვეული იქნება დ.დ–ია. ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში მითითებულია, რომ განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

9. 2025 წლის 6 აგვისტოს, დ.დ–იამ წარადგინა საჩივარი (კერძო საჩივარი) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინებაზე, რომლითაც გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 აგვისტოს განჩინებით, დ.დ–იას საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმესთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

10. სსსკ-ის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის(საჩივრის) თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის(საჩივრის) თაობაზე არ გასაჩივრდება. ანუ კანონი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რომ კერძო საჩივარზე/საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს განჩინებით წარმოება სრულდება.

11. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საჩივრებზე კანონმდებლობა ითვალისწინებს ორი ინსტანციის წესით საქმის განხილვის შესაძლებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება საბოლოოა და აღარ საჩივრდება. მის კანონიერებას დამატებით მესამე ინსტანციის სასამართლო ვეღარ შეამოწმებს. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება/არგამოყენების საკითხზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებების კანონიერებაზე საჩივრის ფარგლებში იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება წარმოადგენს სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია, რომ რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო (სუსგ. №ას-134-2021, 22.02.2021წ., №ას-1007-2018, 23.07.2018წ., სუსგ. №ას-734-734-2018, 05.06.2018წ.). საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ სსსკ-ის 1971 და 419.3 მუხლებიდან გამომდინარე, ზემდგომი სასამართლოს მიერ საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, მიუხედავად სამართლებრივი შედეგისა, საბოლოოა და არც ერთი მხარის მიერ მისი გასაჩივრების შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს (სუსგ. Nას-976-940-2016, 25.11.2016წ.) შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინების კანონიერება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვას. მხარის მატერიალური უფლების რეალიზაციისათვის საპროცესო ნორმები ადგენს თითოეული მხარის მიერ პოზიციის, განმარტების სასამართლოსათვის წარდგენის პროცესუალურ წესებს, რაც მოიცავს გასაჩივრების პროცედურას, ასევე, საქმის მოსმენის როგორც ზეპირ (მხარეთა მონაწილეობით), ისე - ზეპირი მოსმენის გარეშე ფორმებს. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში თუ განჩინებაში უთითებს: საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (სუსგ-ები: №ას-1033-2018, 30.10.2018წ; №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.). ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ.დ–იას საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ივნისის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი