საქმე№ას-584-2024
29 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „C. L.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ს–ძე (მოსარჩელე)
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ს–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „C. L.“ (მოპასუხე)
არასრულწლოვანი შვილის კომპენსაციის, 19 382 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელე ნ.ს–ძის საპროცესო უფლებამონაცვლე - მ.ვ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება, მორალური ზიანის ანაზღაურება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
შეგებებული საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ.ს–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე ან შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი) სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შპს ,,C. L.“-ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან კომპანია) წინააღმდეგ და მოითხოვა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისროს:
1.1.1. კომპენსაციის თანხის 96 906 აშშ დოლარის გადახდა;
1.1.2. მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილის - 2005 წლის 10 იანვარს დაბადებული მ.ვ–ძის კომპენსაციის თანხა 19 382 აშშ დოლარის გადახდა;
1.1.3. მორალური ზიანის 100 000 აშშ დოლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მოპასუხე კომპანიამ სარჩელი არ ცნო.
3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
3.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის თანხის - 96 906 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - 2005 წლის 10 იანვარს დაბადებული მ.ვ–ძის კომპენსაციის თანხის გადახდა 19 382 აშშ დოლარის ოდენობით; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 40 000 აშშ დოლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
4.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებოით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი, რომლითაც - მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 40 000 აშშ დოლარის ოდენობით და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი მოპასუხისათვის მორალური ზიანის სახით 40 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით - არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
4.2. მოსარჩელე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა თ.ვ–ძესთან. ქორწინების განმავლობაში მათ შეეძინათ ერთი შვილი - 2005 წლის 10 იანვარს დაბადებული მ.ვ–ძე.
4.3. მოსარჩელის მეუღლე თ.ვ–ძე პროფესიით იყო მეზღვაური, კაპიტნის პირველი თანაშემწე. ბოლო გემი, რომელზეც დასაქმებული იყო თ.ვ–ძე, იყო ,,MG TRADER“ (IMO 8611996 საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ნომერი), რომლის მფლობელს/მესაკუთრეს წარმოადგენს სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია ,,C. L.“. თ.ვ–ძის ყოველთვიური ანაზღაურება განსაზღვრული იყო 2 000 აშშ დოლარით.
4.4. 2015 წლის 1 იანვრის ITF სტანდარტის კოლექტიურ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ: „წინამდებარე ხელშეკრულება განსაზღვრავს სტანდარტულ პირობებსა და წესებს, რომელიც მოქმედებს ყველა მეზღვაურთან მიმართებაში, რომლებიც დასაქმებულნი არიან ნებისმიერ გემზე, რომელთან დაკავშირებით არსებობს სპეციალური ხელშეკრულება („სპეციალური ხელშეკრულება“), რომელიც დადებულია ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის წევრ გაერთიანებას („THE UNION”) და კომპანიას შორის, რომელიც არის გემთმფლობელი ან გემთმფლობელის აგენტი. ითვლება, რომ ხელშეკრულება აერთიანებს და მოიცავს ნებისმიერი მეზღვაურის დასაქმების პირობებსა და წესებს, მიუხედავად იმისა კომპანიას აქვს თუ არა დადებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება მეზღვაურთან. სპეციალური ხელშეკრულება კომპანიისაგან მოითხოვს (ყველაფერთან ერთად) დაასაქმოს მეზღვაური აღნიშნული ხელშეკრულებისა და პირობების შესაბამისად, ასევე, თითოეულ მეზღვაურთან დადოს ინდივიდუალური შრომითი კონტრაქტი, რომლის პირობებშიც ინკორპორირებულია წინამდებარე ხელშეკრულების პირობები და წესები (ITF შრომითი კონტრაქტი). კომპანია შეთანხმებულია გაერთიანებასთან და ITF-თან, რომ დააკმაყოფილებს წინამდებარე ხელშეკრულების ყველა პირობასა და წესს. კომპანია ასევე უზრუნველყოფს გემზე ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომი იყოს ITF-ის მიერ დამტკიცებული მოქმედი კოლექტიური ხელშეკრულება და ასევე ITF-ის სპეციალური ხელშეკრულება. სიტყვებს ,,მეზღვაური", ,,გემი", ,,სპეციალური ხელშეკრულება", ,,ITF" და ,,კომპანია", როდესაც გამოყენებული იქნება წინამდებარე ხელშეკრულებაში, ექნება იგივე მნიშვნელობა, რომელიც გააჩნია სპეციალურ ხელშეკრულებაში. უფრო მეტიც ,,მეზღვაური" გულისხმობს ნებისმიერ პიროვნებას, რომელიც დასაქმებულია ან ჩართულია, ან მუშაობს ნებისმიერ თანამდებობაზე და რომელზეც ვრცელდება აღნიშნული კოლექტიური ხელშეკრულება. „MLC“ გულისხმობს საზღვაო შრომის კონვენციას, რომელიც მიღებულია 2006 წლის 23 თებერვალს საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის გენერალური კონფერენციის მიერ. მეზღვაური, რომელზედაც წინამდებარე ხელშეკრულება ვრცელდება, ზემოთ ხსენებული პირველი პარაგრაფის შესაბამისად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელშეკრულებით, რომელიც ძალაშია იმ დღიდან, როდესაც ის დასაქმდა ან იმ დღიდან, როდესაც ITF სპეციალური ხელშეკრულება ძალაში შევიდა, მიუხედავად იმისა მას მოწერილი აქვს თუ არა ხელი შესაბამის პირობებზე, იმ დრომდე სანამ ის გაწყვეტს ხელშეკრულებას ან უფრო მოგვიანებით, იმ მომენტამდე, როცა წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად კომპანია ვალდებულია გადაუხადოს ხელფასები, მიუხედავად იმისა ITF შრომითი კონტრაქტი დადებულია მეზღვაურსა და კომპანიას შორის თუ არა და მიუხედავად იმისა, გემის მუხლები (წესები) შეიცავენ თუ არა ანაზღაურების განაკვეთებს, რომლებიც ასახულია ITF-ის სტანდარტულ კოლექტიურ შრომით ხელშეკრულებაში.
სიცოცხლის დაკარგვა გარდაცვალება დასაქმების დროს - თუ მეზღვაური გარდაიცვლება ნებისმიერი მიზეზით, იქნება ეს კომპანიაში დასაქმების პერიოდში თუ კომპანიაში მუშაობის შედეგად გამოწვეული, მათ შორის, ბუნებრივი მიზეზებით გარდაცვალების შემთხვევაში, ან კიდევ თუ გარდაცვალება მოხდა გემზე გამგზავრებისას ან იქედან დაბრუნებისას ან კიდევ საზღვაო ან სხვა მსგავსი საფრთხის შედეგად, კომპანიამ უნდა გადაუხადოს თანდართულ გრაფიკში (დანართი 2) განსაზღვრული თანხა გარდაცვლილის ქვრივს ან შვილებს ან მშობლებს და თითოეულ არასრულწლოვან ბავშვს 21 წლამდე მაქსიმუმ 4 (ოთხს). კომპანიამ ასევე უნდა გადაიხადოს გარდაცვლილის გვამის თავის სახლში ან სადაც ოჯახი მოითხოვს იქ გადასვენების ყველა ხარჯი, დაკრძალვის ბიუროს ხარჯების ჩათვლით. თუ მეზღვაურს არ ჰყავს ქვრივი, მაშინ ზემოთ ხსენებული თანხა გადახდილი უნდა იყოს იმ ადამიანზე, რომელიც უფლებამოსილი იქნება კანონის მიერ. აღნიშნული პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, მეზღვაური ითვლება ,,კომპანიაში დასაქმებულად“ იმ პერიოდის განმავლობაში რა პერიოდითაც მე-16 და მე-17 მუხლები იქნება ძალაში და იმ შემთხვევაში თუ სიკვდილი გამოწვეულია, უშუალოდ ავადმყოფობით ან დაზიანებით, რამაც თავის მხრივ გამოიწვია მეზღვაურის დასაქმების შეწყვეტა მუხლი 27-ის შესაბამისად. ნებისმიერი გადახდა, განხორციელებული წინამდებარე პუნქტის შესაბამისად, არ უნდა აყენებდეს ზიანს ნებისმიერ პრეტენზიას/სარჩელს, რომელიც შედგენილი იქნება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 21(F)-ის დებულებები ასევე ვრცელდება სიცოცხლის დაკარგვის გამო გადასახდელ კომპენსაციაზე - გარდაცვალება დასაქმების დროს, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე მუხლში“. ფულადი სარგებლის (ოდენობის) ჩამონათვალის შესახებ #2 დანართის შესაბამისად“ კომპენსაცია სიცოცხლის დაკარგვის შემთხვევაში - 1. გადაეცეს უახლოეს ნათესავს 96,906 აშშ დოლარი; 2. თითოეულ დამოკიდებულ (არასრულწლოვან) ბავშვს 21 წლამდე ასაკის - 19,382 აშშ დოლარი, ანაზღაურებას ექვემდებარება მაქსიმუმ - 4.
4.5. მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილი 7.11.2017 წ. მეზღვაურის შრომის კონტრაქტის თანახმად, იგი დაიდო მოპასუხე კომპანიასა და თ.ვ–ძეს (მოსარჩელის მეუღლე) შორის, რომლის თანახმადაც, თ.ვ–ძე დასაქმდა გემზე უფროს თანაშემწედ 6 თვის ვადით, მისი ანაზღაურება განისაზღვრა ყოველთვიური 2 000 აშშ დოლარით. ამავე ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ: 1. მოქმედი კოლექტიური ხელშეკრულება წარმოადგენს შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს წინამდებარე ხელშეკრულებისა; 2. იგულისხმება, რომ ნებისმიერი გემის დოკუმენტები შეიცავენ წინამდებარე ხელშეკრულების მითითებულ პირობებს (მათ შორის, თანდართული კოლექტიური ხელშეკრულების) და კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს გემის დოკუმენტების შესაბამისობა წინამდებარე პირობებთან. მითითებულ დებულებას უპირატესი ძალა აქვთ სხვა ყველა დანარჩენი პირობის მიმართ.
4.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 07.08.2018წ. N005380418 ხელწერის ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ 7.11.2017წ. კონტრაქტზე ხელმოწერა შესრულებულია არა თ.ვ–ძის მიერ, არამედ სხვა პირის მიერ.
4.7. თ.ვ–ძე გარდაიცვალა 2018 წლის 16 იანვარს, გემზე, უკრაინის რესპუბლიკაში, ოდესის ოლქში.
4.8. თ.ვ–ძის გარდაცვალების გამომწვევი უშუალო მიზეზი იყო კარდიომიოპათია - გულის მწვავე უკმარისობა. ამასთან, გარდაცვლილის სისხლში ეთილის სპირტის შემცველობა არ აღმოჩენილა.
4.9. გარდაცვლილი თ.ვ–ძის ოჯახში გადმოსვენების და სხვა სარიტუალო მომსახურების ხარჯები, 5 830 აშშ დოლარის ოდენობით, სრულად დაფარა გემფლობელმა კომპანიამ სს ,,ს.კ.ჯ.ჰ–თან“ დადებული სადაზღვევო ხელშეკრულებით დადგენილი გემის ძარისა და სამანქანე განყოფილების დაზღვევის, ასევე პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ, მათ შორის, ეკიპაჟის წევრთა მიმართ - 100 000 აშშ დოლარის ფარგლებში.
4.10. 5.2.2018 წ. წერილით მოპასუხე კომპანიამ მოსთხოვა სს ,,ს.კ.ჯ.ჰ–ს“, თავისი კაპიტნის პირველი თანაშემწის თ.ვ–ძის გარდაცვალების გამო, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა, რაზეც სადაზღვევო კომპანიამ უარი განუცხადა, თ.ვ–ძის გარდაცვალების მიზეზის გამო.
4.11. გემის კაპიტნის თ. ბ–ძის მიერ 16.01.2018 წ. შედგენილი უბედური და საშიში შემთხვევების აღწერის აქტის შესაბამისად, დაახლოებით 16:00-16:20 სთ-ზე ის ჩავიდა ხიდიდან მისი უფროსი თანაშემწის თ. ვ–ძის კაიუტაში. შენიშნა საწოლზე სტარპომი, ის არ რეაგირებდა მის საუბარზე, გადმოატრიალა მეორე მხარეს და გაუსინჯა პულსი, პულსი არ აღენიშნებოდა, გამოიძახა სასწრაფო დახმარება, აცნობა გემთმფლობელს, აგენტს, პორტის ხელისუფლებას და პოლიციას.
4.12. თ.ვ–ძის კაიუტაში აღმოჩენილი საეჭვო ნივთიერების ფაქტზე, უკრაინის რესპუბლიკაში დაიწყო გამოძიება, რომლის ფარგლებშიც დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.12.1. საგამოძიებო ორგანოში შევიდა შეტყობინება გემის კაპიტნის პირველი თანაშემწის გარდაცვალების ფაქტზე;
4.12.2. გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით 17.01.2018წ. გამოკითხულმა გემის კაპიტანმა თ. ბ–ძემ განაცხადა, რომ 16.01.2018წ., 12:00სთ.-ზე მთელი ეკიპაჟი დაჯდა სასადილოდ, რის შემდეგაც ყველა დანაწილდა ოთახებში. დაახლოებით 16:00 საათზე, გადაწყვიტა შეემოწმებინა თავისი პირველი თანაშემწე თ.ვ–ძე, რომელიც მას 12:00 საათის შემდეგ არ უნახავს. როდესაც შევიდა კაუტაში, დაინახა მუცლით მწოლიარე თ., რომელსაც სიცოცხლის ნიშნები არ ეტყობოდა. მან სცადა მისთვის დახმარების გაწევა, თუმცა უშედეგოდ;
4.12.3. გემის კაპიტნის მიერ მიცემული ჩვენების ანალოგიური ჩვენება მისცეს ეკიპაჟის სხვა წევრებმაც - ზ. ა–ძემ, გ. გ–ვამ, ვ. კ–ამ, ი. კ–ამ, რომლებსაც ჩვენებების მიცემისას არ დაუფიქსირებიათ, რომ თ.ვ–ძე გემზე დასაქმებული აღარ იყო და ,,ჩამოწერილი“ იყო სხვა მეზღვაურებთან ერთად;
4.12.4. კაიუტიდან ამოღებული იქნა საეჭვო ნივთიერება, რომელიც 23.04.2018წ. ჩატარებული ექსპერტის დასკვნის შესაბამისად, აღმოჩნდა კანაფი და მეტადონი, თუმცა, თ.ვ–ძის მიერ მათი მოხმარების ფაქტი არ დადგინდა.
4.13. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 30.10.2020 წ. #006665320 ხელწერილის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ,,1. ხელმოწერა თ.ვ–ძის სახელით (მოკლე ხელმოწერა) განლაგებული: გემის "MG TRADER" IMO 8611996 (საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ნომერი, როგორც განჩინებაშია მითითებული) ჩანაწერთა წიგნის-მთავარი ჟურნალის 209-ე გვერდზე, მე-20 გრაფაში, სავარაუდო იყო, რომ შესრულებული იყო თ.ვ–ძის მიერ, კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა გამოსაკვლევი ხელმოწერის მოკლე და მარტივი აგებულებისა და წარმოდგენილი ნიმუშების ვარიაციულობის გამო. 2. გადაწყვეტა საკითხისა, ხელმოწერა, თ.ვ–ძის სახელით (მოკლე ხელმოწერა) განლაგებული: გემის "MG TRADER" IMO 8611996 (საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ნომერი, როგორც განჩინებაშია მითითებული) ჩანაწერთა წიგნის-მთავარი ჟურნალის 209-ე გვერდზე, მე-8 გრაფაში, შესრულებული იყო თუ არა თ.ვ–ძის მიერ, შეუძლებელი იყო გამოსაკვლევი ხელმოწერის მოკლე და მარტივი აგებულების, გამოვლენილი ინფორმაციული ნიშნების სიმცირისა და წარმოდგენილი ნიმუშების ვარიაციულობის გამო. 3. ხელმოწერები თ.ვ–ძის სახელით (მოკლე ხელმოწერა) განლაგებული: გემის "MG TRADER" IMO 8611996 (საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ნომერი, როგორც განჩინებაშია მითითებული) ჩანაწერთა წიგნის-მთავარი ჟურნალის 213-ე, 226-ე და 228-ე გვერდებზე, მე-8 და მე-20 გრაფებში სავარაუდო იყო, რომ შესრულებული იყო არა თ.ვ–ძის, არამედ სხვა პირის მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა გამოსაკვლევი ხელმოწერების შესაბამისი ნიმუშების სიმცირის გამო. 4. დასკვნის გაცემა საკითხზე, განჩინების მეორე კითხვაში მითითებული ე.წ. კოლექტიურ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა შესრულებული იყო თუ არა თ.ვ–ძის მიერ შეუძლებელი იყო, ვინაიდან არ იქნა წარმოდგენილი გამოსაკვლევი საბუთის დედანი, ე.წ. კოლექტიური ხელშეკრულება“.
4.14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს შრომის ხელშეკრულებიდან. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომპენსაციისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 317.1-ე (ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან), 394.1-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) და 413.1-ე (არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით) მუხლებიდან გამომდინარეობს.
4.15. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხე კომპანიის გემზე, გულის მწვავე უკმარისობით, გარდაიცვალა მისი მეუღლე - გემის კაპიტნის პირველი თანაშემწე თ.ვ–ძე. მოპასუხე კომპანიას მის მეუღლესთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ეკისრება მის მიერ მოთხოვნილი კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულება, ასევე, მეუღლის გარდაცვალებით განცდილი ტანჯვის გამო, მასვე ეკისრება მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
4.16. მოპასუხის მტკიცებით, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი რამოდენიმე მიზეზის გამო, კერძოდ - 1) გარდაცვლილ თ.ვ–ძის კაიუტაში აღმოაჩინეს ნარკოტიკული საშუალება; 2) თ.ვ–ძესთან დადებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება გამორიცხავდა კოლექტიურ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული კომპენსაციის ანაზღაურების ვალდებულებას, ვინაიდან ინდივიდუალური ხელშეკრულება ამგვარ ვალდებულებას არ შეიცავდა; 3) თ.ვ–ძე გარდაცვალების დროისათვის აღარ იმყოფებოდა მათთან შრომით- სამართლებრივ ურთიერთობაში, ვინაიდან, მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით, იგი ,,ჩამოწერილი“ იყო გემიდან და გარდაცვალების დღეს გემზე იმყოფებოდა სტუმრის სტატუსით.
4.17. მხარეთა შორის სადავო საკითხების შეფასების მიზნით, სააპელაციო სასამართლომ მოიხმო „საზღვაო ნაოსნობაში შრომის შესახებ“ 2006 წლის კონვენცია, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, წინამდებარე კონვენციის ფარგლებში რატიფიცირებული ყოველი წევრი სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, რომ სრულად მოიყვანს სისრულეში მის დებულებებს VI მუხლში გათვალისწინებული სახით, რათა უზრუნველყოს ყველა მეზღვაურის უფლება ღირსეულ სამუშაოსთან დაკავშირებით.
4.18. ამავე კონვენციის 2.2 მუხლის თანახმად, გარდა კონკრეტულად მითითებული გამონაკლისი შემთხვევებისა, წინამდებარე კონვენცია ვრცელდება ყველა მეზღვაურზე.
4.19. ამავე კონვენციის მეორე კარის პირველი მუხლის თანახმად, მეზღვაურის სამუშაო პირობები განისაზღვრება ან წარმოდგენილია წერილობით, სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე შეთანხმებაში. აღნიშნული პირობები უნდა აკმაყოფილებდეს კოდექსით გათვალისწინებულ სტანდარტებს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, იმ მოცულობით, რა მოცულობითაც აღნიშნული დაკავშირებული იქნება წევრი სახელმწიფოს ეროვნულ კანონმდებლობასა და პრაქტიკასთან, მეზღვაურთა შრომით ხელშეკრულებებში გათვალისწინებული უნდა იყოს ნებისმიერი მოქმედი კოლექტიური შეთანხმება.
4.20. ამავე კონვენციის A2.1 სტანდარტის თანახმად: მეზღვაურთა შრომითი ხელშეკრულებები: 1. ყოველი წევრი სახელმწიფო ღებულობს კანონმდებლობას ან რეგულაციებს, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება პირობები იმის შესახებ, რომ მისი დროშის ქვეშ მცურავი გემები აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: (ა) მისი დროშის ქვეშ მცურავ გემებზე მომუშავე მეზღვაურებს უნდა ჰქონდეთ მეზღვაურისა და გემთმფლობელის ან გემთმფლობელის წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი მეზღვაურთა შრომითი ხელშეკრულება (ან იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ წარმოადგენენ დაქირავებულ თანამშრომლებს, სახელშეკრულებო ან მსგავსი ურთიერთობის დამადასტურებელი მტკიცებულება), რომლის პირობებიც უზრუნველყოფს ღირსეულ სამუშაო და საცხოვრებელ პირობებს გემზე წინამდებარე კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად.
4.21. ამავე კონვენციის 4.2 რეგულაციის თანახმად: გემთმფლობელთა პასუხისმგებლობა და მიზანი: მეზღვაურთა დაცვის უზრუნველყოფა სამუშაოსთან დაკავშირებით გამოწვეული ავადმყოფობის, ტრავმის ან გარდაცვალების ფინანსური შედეგებისგან: 1. ყოველმა წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი დროშის ქვეშ მცურავ გემებზე მიღებული იქნას კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები, რათა გემზე მყოფმა ყოველმა მეზღვაურმა ისარგებლოს გემთმფლობელისგან მატერიალური დახმარებისა და მხარდაჭერის მიღების უფლებით ავადმყოფობის, ტრავმის ან გარდაცვალების ფინანსურ შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც თავს იჩენს მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მსახურობის ან აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედებისას მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს.
4.22. ამავე კონვენციის A4.2.1 სტანდარტის თანახმად: გემთმფლობელთა პასუხისმგებლობა - 1. ყოველი წევრი სახელმწიფო ამტკიცებს კანონმდებლობასა და რეგულიციებს, რომლებშიც წარმოდგენილი იქნება მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი დროშის ქვეშ მცურავი გემების მფლობელებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა აღნიშნულ გემებზე მომუშავე მეზღვაურების ჯანმრთელობის დაცვასა და სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით, შემდეგი მინიმალური სტანდარტების გათვალისწინებით: (ბ) გემთმფლობელები წარმოადგენენ ფინანსურ უზრუნველყოფას კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებით მეზღვაურთა გარდაცვალების ან ხანგრძლივი შრომისუუნარობის შემთხვევაში, რაც გამოწვეული იქნება პროფესიული ტრავმის, ავადმყოფობის ან საფრთხის შედეგად, ეროვნული კანონმდებლობის, მეზღვაურთა შრომითი ხელშეკრულებისა ან კოლექტიური შეთანხმების შესაბამისად; (დ) გემთმფლობელები პასუხს აგებენ მეზღვაურის გარდაცვალების შემთხვევაში მისი დაკრძალვის ხარჯის დაფარვაზე, თუ მეზღვაური გარდაიცვლება გემზე ან ნაპირზე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს.
4.23. მოპასუხის პოზიცია, როგორც ინდივიდუალურ ასევე კოლექტიურ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით არის შემდეგნაირი: თ.ვ–ძესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება არ წარმოადგენდა მეზღვაურთა საერთაშორისო ფედერაციის (ITF)-ის უნიფიცირებული ფორმის ხელშეკრულებას, კოლექტიური შრომითი შეთანხმება ასევე არ წარმოადგენს მეზღვაურთა საერთაშორისო ფედერაციის უნიფიცირებული ფორმის ხელშეკრულებას და ორივე ეს ხელშეკრულება როგორც ინდივიდუალურად თ. ვ–ძესთან გაფორმებული, ისე კოლექტიური შემუშავებული იყო უშუალოდ კომპანიის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ფორმის მიხედვით და ისინი შენიშვნების გარეშე იქნა დამოწმებული დამსაქმებლის მიერ.
4.24. სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა მოპასუხის აღნიშნულ პოზიციას, უპირველესად იმ გარემოების გამო, რომ საქმეში წარმოდგენილი თ. ვ–ძესთან გაფორმებული ინდივიდუალურ შრომით კონტრაქტზე ხელმოწერა არ ეკუთვნის თ. ვ–ძეს (რაც ექსპერტის დასკვნით უდავოდ დადასტურებული გარემოებაა), ხოლო კონკრეტული შრომითი ხელშეკრულების დედანი (ვთქვათ სწორედ იმდაგვარი და იმ შინაარსის მატარებელი, რაზედაც მოპასუხე მიუთითებს და რაზედაც თ. ვ–ძის ხელმოწერაც იქნებოდა) მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა.
4.25. ამგვარ რეალობაში და იმის გათვალისწინებით, რომ კონვენციის დებულებათა შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი კოლექტიური ხელშეკრულება ითვალისწინებდა მეზღვაურის ნებისმიერი, მათ შორის, ბუნებრივი მიზეზით გარდაცვალების შემთხვევაში, კომპენსაციის გადახდას უახლოესი ნათესავისათვის 96,906 აშშ დოლარის ოდენობით; ხოლო თითოეულ დამოკიდებულ (არასრულწლოვან) 21 წლამდე ასაკის ბავშვზე - 19,382 აშშ დოლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე კომპანიის პასუხისმგებლობა მოსარჩელის მიმართ სწორედ კონვენციის დებულებათა დაცვით შედგენილი კოლექტიური ხელშეკრულებით (შესაბამისად ინდივიდუალურითაც) უნდა განისაზღვროს.
4.26. ამ საკითხის შეფასებაში სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებები და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მოპასუხე მხარემ დამაჯერებელი და წონადი არგუმენტები ვერ წარადგინა მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული და სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების უარსაყოფად, რომ თ.ვ–ძე 23 სექტემბრის შემდეგ გემიდან ჩამოეწერა, შემდგომ ხელახლა დასაქმდა 2017 წლის 7 ნოემბერს და თ.ვ–ძის გარდაცვალების დროს 2018 წლის 16 იანვარს მხარეთა შორის შეწყვეტილი იყო შრომითი ურთიერთობა და რომ თ.ვ–ძესთან შრომითი ხელშეკრულება 2018 წლის 14 იანვარს შეწყდა.
4.27. პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით მართებულად განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი აწგარდაცვლილ თ.ვ–ძესა და დამსაქმებელს შორის გაფორმებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით უნდა დაედგინა თ.ვ–ძესთან რეალურად არსებული ინდივიდუალური შრომითი კონტრაქტი, წარმოადგენდა თუ არა ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო პროფესიული კავშირის (ITF) ფორმის ხელშეკრულებას და მასში ასახული იყო თუ არა ITF სტანდარტები.
4.28. უდავოა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი იყო, საერთაშორისო ფედერაციის (პროფკავშირების) (ITF-ის) მიერ დამტკიცებული სტანდარტული კოლექტიური ხელშეკრულების ფორმა/ნიმუში.
4.29. საქმეში ასევე წარმოდგენილია 2017 წლის 7 ნოემბრით დათარიღებული შრომითი ხელშეკრულება, რომლის მიმართაც დადასტურდა, რომ ხელმოწერა თ.ვ–ძის სახელის და გვარის ირგვლივ არ ეკუთვნოდა თ.ვ–ძეს.
4.30. საქმეში სხვა შრომითი ხელშეკრულება არ არის წარმოდგენილი, ასევე არ არის წარმოდგენილი დედნის სახით მოპასუხე მხარის მიერ მითითებული კოლექტიური ხელშეკრულება.
4.31. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით მართებულად ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ფედერაციის (პროფკავშირების) (ITF-ის) მიერ დამტკიცებული სტანდარტული კოლექტიური ხელშეკრულების ფორმა/ნიმუშის და 2017 წლის 7 ნოემბრით დათარიღებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების მსგავსებაზე, სახელდობრ: საერთაშორისო ფედერაციის (პროფკავშირების) (ITF-ის) მიერ დამტკიცებული სტანდარტული კოლექტიური ხელშეკრულების ფორმა/ნიმუშში მითითებულია, რომ ერთი ასლი მეზღვაურს, ერთი ასლი გემს, ერთი ასლი ITF ლონდონს, ერთი ასლი კომპანიას. ანალოგიურადაა მითითებული ინდ. შრომით ხელშეკრულებაში, მითითების „ITF ლონდონს“ გამოკლებით. ორივე ხელშეკრულებაში ყველა პუნქტის ჩანაწერი ანალოგიურია/ერთი და იგივეა... ორივე ხელშეკრულებაში განსხვავებულია მხოლოდ მე-2 და მე-3 პუნქტის ჩანაწერები.
4.32. საერთაშორისო ფედერაციის (პროფკავშირების) (ITF-ის) მიერ დამტკიცებული სტანდარტული კოლექტიური ხელშეკრულების ფორმა/ნიმუშის მე-2 პუნქტში მითითებულია: „იგულისხმება, რომ ნებისმიერი გემის დოკუმენტები შეიცავენ წინამდებარე ხელშეკრულების მითითებულ პირობებს (მათ შორის, თანდართული მეზღვაურთა საერთაშორისო პროფკავშირების კოლექტიური ხელშეკრულების) და კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს გემის დოკუმენტების შესაბამისობა წინამდებარე პირობებთან. მითითებულ დებულებას უპირატესი ძალა აქვს სხვა ყველა დანარჩენი პირობის მიმართ“. მე-3 პუნქტში კი მითითებულია: „მეზღვაურთა საერთაშორისო პროფკავშირებს პერიოდულად შეუძლია შეცვალოს მოქმედი ხელშეკრულების წესები და პირობები. შეცვლილი წესები და პირობები წარმოადგენს წინამდებარე კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს იმ მომენტიდან, როცა ისინი ძალაში შევიდნენ“.
4.33. სასამართლომ მიუთითა ინდ. შრომითი ხელშეკრულების მე-2 პუნქტზე, „იგულისხმება, რომ ნებისმიერი გემის დოკუმენტები შეიცავენ წინამდებარე ხელშეკრულების მითითებულ პირობებს (მათ შორის, თანდართული კოლექტიური ხელშეკრულების) და კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს გემის დოკუმენტების შესაბამისობა წინამდებარე პირობებთან. მითითებულ დებულებას უპირატესი ძალა აქვს სხვა ყველა დანარჩენი პირობის მიმართ“. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა ინდ. შრომითი ხელშეკრულების მე-3 პუნქტზე „მეზღვაურმა წაიკითხა, გააცნობიერა და დაეთანხმა კოლექტიურ ხელშეკრულებაში მითითებულ დასაქმების წესებს და პირობებს და ნებაყოფლობით მოაწერა ხელი წინამდებარე ხელშეკრულებას“.
4.34. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ინდ. შრომით ხელშეკრულებაში (რაზედაც თ. ვ–ძის ხელმოწერა გაყალბებულია) არ არის მითითებული მხოლოდ ის შინაარსი, რაც ეხება ITF-ს, რაც სასამართლოს შეუქმნიდა შინაგან რწმენას, რომ ინდ. შრომითი ხელშეკრულება და საერთაშორისო ფედერაციის (პროფკავშირების) (ITF-ის) მიერ დამტკიცებული სტანდარტული კოლექტიური ხელშეკრულების ფორმა/ნიმუში ერთმანეთის მსგავსია.
4.35. სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასებას და მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ ინდ. შრომით ხელშეკრულებაში როგორც ჩანს სწორედ იმიტომ არ არის მითითებული ის შინაარსი, რაც ITF-ის სტანდარტებს დააკმაყოფილებდა, რომ სასამართლოს არ გასჩენოდა რწმენა საერთაშორისო ფედერაციის პროფკავშირების (ITF-ის) მიერ დამტკიცებული კოლექტიური ხელშეკრულებისა და ინდ. შრომითი ხელშეკრულების მსგავსებათა შესახებ; რათა ამით კიდევ უფრო მეტად გაემყარებინა თავისი არგუმენტი, რომ თ. ვ–ძესა და მოპასუხე კომპანიას შორის შემდგარ ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებას არაფერი აქვს საერთო კონვენციის დებულებათა დაცვის საერთაშორისო ფედერაციის პროფკავშირების (ITF-ის) მიერ დამტკიცებულ ფორმა-ნიმუშთან, და რომ ეს ინდივიდუალური ხელშეკრულება გემის ადმინისტრაციის მიერ შედგენილი დოკუმენტი იყო, რომელიც სრულიად დამოუკიდებელი იყო კონვენციისა და ITF-ის რეგულაციებისაგან.
4.36. ასევე, სავსებით მართებულად პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ინდ. შრომითი ხელშეკრულება ფორმდებოდა დამსაქმებელსა და გემის ეკიპაჟის წევრებს/დასაქმებულებს შორის, ხოლო შეთანხმება გემის კაპიტანს და ეკიპაჟის წევრს შორის ფორმდებოდა უშუალოდ კაპიტანს და ეკიპაჟის წევრს/დამსაქმებელს შორის, შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ თ.ვ–ძესთან, ისევ, როგორც სხვა ეკიპაჟის წევრებთან გაფორმებული კონტრაქტი იყო არა კოლექტიური შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი, არამედ შეთანხმება გემის კაპიტანსა და ეკიპაჟის კონკრეტულ წევრებს შორის. კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების მხარე კი ყოველთვის არის დამსაქმებელი. ამ შემთხვევაში სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული C. L.; სრულიად მართებულად სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილ ხელშეკრულებებში (კოლექტიურ ხელშეკრულება) არსად არ არის მითითებული იმის შესახებ, რომ კაპიტანი მოქმედებდა დამსაქმებლის სახელით, და არ არის წარმოდგენილი კაპიტანზე დამსაქმებლის მიერ გაცემული მინდობილობა კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისას ემოქმედა დამსაქმებლის სახელით.
4.37. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ.ვ–ძესთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტი/ხელშეკრულება, წარმოადგენდა ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო პროფესიული კავშირის (ITF) ფორმის ხელშეკრულებას და მასში ასახულია ITF სტანდარტები.
4.38. ამდენად, ის გარემოება, რომ კოლექტიურ ხელშეკრულებაში მითითებულ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებდა თ.ვ–ძესთან დადებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რაც, ცხადია, არ გამორიცხავს (პირიქით ადასტურებს) კონვენციის დაცვით შედგენილი კოლექტიურ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ გემთფლობელი კომპანიის პასუხისმგებლობას.
4.39. საქმეში არსებული, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი კონვენციის დაცვით შედგენილი კოლექტიური ხელშეკრულება წარმოადგენდა დასაქმებულთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს, რაც საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მასში მითითებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის სათანადო და უტყუარი მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ თ.ვ–ძესთან დადებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება გამორიცხავდა კოლექტიური ხელშეკრულებით გემთფლობელის მიერ ნაკისრ ვალდებულებას.
4.40. უდავოა, რომ თ.ვ–ძე გარდაიცვალა 2018 წლის 16 იანვარს, გემზე. მისი გარდაცვალების გამომწვევი უშუალო მიზეზი იყო კარდიომიოპათია - გულის მწვავე უკმარისობა. ამასთან, გარდაცვლილის სისხლში ეთილის სპირტის შემცველობა არ აღმოჩენილა, რაც გამორიცხავს აპელანტის მსჯელობის გაზიარების შესაძლებლობას, მისი გარდაცვალების მიზეზთან მიმართებით.
4.41. აღსანიშნავია, რომ შრომითი ხელშეკრულება ფორმასავალდებულო ხელშეკრულებათა კატეგორიას არ მიეკუთვნება. ამდენად, მისი დადება შესაძლებელია როგორც წერილობით, ისე ზეპირად (სშკ-ის 12.1 მუხლი). საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ თ.ვ–ძე დასაქმებული იყო გემზე კაპიტნის თანაშემწედ და იღებდა შესაბამის ანაზღაურებას. შესაბამისად, უდავოა, რომ თ.ვ–ძე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე კომპანიასთან.
4.42. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი, რომ თ.ვ–ძე გარდაცვალების დროისათვის, მხარეთა შეთანხმებით, აღარ იმყოფებოდა მათთან შრომით ურთიერთობაში და გემიდან იყო „ჩამოწერილი“, რომ მხარეებმა ურთიერთშეთანხმებით შეწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება, რაც გამორიცხავს გემთმფლობელი კომპანიის პასუხისმგებლობას. ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ შემთხვევის აღწერის აქტზე, გამოძიების მასალებზე, გემის კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების დაკითხვის ოქმებზე, სადაზღვევო კომპანიის წერილზე, ყველა ამ დოკუმენტში თ.ვ–ძე მოხსენიებულია, როგორც კაპიტნის თანაშემწე, მოქმედი მეზღვაური და არა როგორც ჩამოწერილი, გემზე სტუმრის სტატუსით მყოფი პირი.
4.43. არც თუ უმნიშვნელოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თ. ვ–ძის გარდაცვალების შემდგომ მისი სამშობლოში გადმოსვენების და გასვენების ხარჯები დაახლოებით 5 000 დოლარის ოდენობით სწორედ გემთმფლობელმა კომპანიამ გასწია, რითაც მან ნაწილობრივ შეასრულა კონვენციის A4.2.1. სტანდარტით გათვალისწინებული გემთმფლობელის პასუხისმგებლობა მეზღვაურის გარდაცვალების შემთხვევაში მისი დაკრძალვის ხარჯის დაფარვასთან დაკავშირებით, და რითაც გარკვეულწილად აღიარა თავისი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რასაც მას ავალდებულებდა ის სამართლებრივი სივრცე და რეგულაციები, რომელიც გემთმფლობელის პასუხისმგებლობას განსაზღვრავს მეზღვაურის მიმართ.
4.44. ზემომიმოხილულ მტკიცებულებებში არსად არ არის მითითებული იმ გარემოების შესახებ, რომ თ.ვ–ძე უკვე ,,ჩამოწერილი“ იყო გემიდან და ის გემზე იმყოფებოდა სტუმრის სტატუსით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თ.ვ–ძე გარდაცვლილი იპოვეს სწორედ გემის კაპიტნის თანაშემწის ოთახში და არა სხვა ოთახში (ვთქვათ სტუმრისათვის განკუთვნილ ოთახში).
4.45. აღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს ჩამოუყალიბდა შინაგანი რწმენა, იმისა, რომ მხარეებს შრომითი ურთიერთობა არ შეუწყვეტიათ და თ.ვ–ძე გარდაცვალების დროისათვის შრომით- სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა დამსაქმებელთან.
4.46. ამ გარემოებების საწინააღმდეგოდ, მოპასუხე მხარემ წარმოადგინა მის მიერ ცალმხრივად შედგენილი დოკუმენტები - გემზე დასაქმებული პირების ახსნა- განმარტებები, ეკიპაჟის წევრების აღრიცხვის ტაბელები (იხ. ტ. 1, ს.ფ 197-213), რაც საქმეში წარმოდგენილ ზემოთ აღნიშნულ მტკიცებულებებს ვერ აბათილებს. ასევე, გემიდან ,,ჩამოწერაზე“ თ.ვ–ძის თანხმობა, თუმცა მასზე თ.ვ–ძის ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურებული არ არის, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით აღნიშნული გარემოება უტყუარად არ დასტურდება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ცალმხრივად შედგენილი მტკიცებულებების წარმოდგენა ემსახურება მხოლოდ მოპასუხის პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობას და ცხადია, ისინი სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
4.47. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი კოლექტიური ხელშეკრულების შესაბამისად, რომელშიც გაწერილია ზემოთ ხსენებული კონვენციის დებულებები, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა გემთმფლობელი კომპანიისათვის მასში მითითებული სადავო კომპენსაციის 96 906 აშშ დოლარისა და 19 382 აშშ დოლარის დაკისრების საფუძვლები, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.
4.48. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და მიუთითა, რომ სსკ-ის 413-ე მუხლით გათვალისწინებული მორალური ზიანის შინაარსში იგულისხმება, სამართლებრივად დაცული იმ არაქონებრივი ინტერესის ხელყოფა, რომელსაც მატერიალურად არაფერი შეესაბამება (სულიერი ან ფიზიკური ტკივილი, განცდა და სხვა). გარდა ამისა, ამ მუხლის შინაარსიდან ნათლად ჩანს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს მას, ვინც საერთო საფუძვლებით არის უფლებამოსილი მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4.49. ამავდროულად, სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანისათვის დადგება ზიანის, მართლწინააღმდეგობის, მიზეზობრივი კავშირისა და, როგორც წესი, ზიანის მიმყენებლის ბრალის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში.
4.50. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია.
4.51. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ თ.ვ–ძის გარდაცვალების გამომწვევი უშუალო მიზეზი იყო კარდიომიოპათია - გულის მწვავე უკმარისობა. ამდენად, თ.ვ–ძის გარდაცვალებაში არ იკვეთება მოპასუხის რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რაც, ცხადია, იმთავითვე გამორიცხავს რაიმე სახის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას.
4.52. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის დაკისრების ნაწილში სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
5. მოპასუხის საკასაციო საჩივრისა და მოსარჩელის შეგებებული საკასაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე კომპანიამ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
5.2. კასატორის განმარტებით, განსახილველ დავაზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია არ აქვთ;
5.3. კასატორის განმარტებით, მოსარჩელის შვილის სასარგებლოდ მოპასუხეს ზიანის ანაზღაურება დაეკისრა, იმ პირობებში როდესაც მეზღვაურის შვილი მოსარჩელე არ ყოფილა;
5.4. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს კონვენციის 91-ე მუხლი არ გაითვალისწინა - მოპასუხე კომპანია რეგისტრირებულია ს.ლ–ეში, შესაბამისად დავა უნდა გადაწყვეტილიყო ს.ლ–ეს კანონმდებლობით;
5.5. კასატორი აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი მეზღვაურის კაიუტაში აღმოჩენილ იქნა ნარკოტიკული საშუალება, რაც გემთმფლობელ კომპანიას პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს;
5.6. კასატორის განმარტებით, მოპასუხე კომპანიასა და აწგარდაცვლილ თ. ვ–ძეს შორის არც ინდივიდუალური და არც კოლექტიურ ხელშეკრულებაში, ITF-ის სტანდარტები არ იყო გათვალისწინებული და არც მხარეებს შორის ყოფილა სპეციალური ხელშეკრულება გაფორმებული;
5.7. თ.ვ–ძე გარდაცვალების დროისათვის გემიდან „ჩამოწერილი“ იყო, შესაბამისად მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილი იყო, რაც გამორიცხავს გემთმფლობელი კომპანიის პასუხისმგებლობას.
5.8. მოპასუხე კომპანიის საკასაციო საჩივრის წინააღმდეგ მოსარჩელემ შეგებებული საკასაციო საჩივარი წარადგინა, მისი მოთხოვნაა საკასაციო სასამართლომ გააუქმოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება მთლიანად და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დააკმაყოფილოს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის მორალური ზიანის სახით 6000 ლარის დაკისრების ნაწილში. ასევე, გასაჩივრებულია მოპასუხის სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის გაგრძელებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებები და სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საქმეზე დართვის შესახებ უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინება.
5.9. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მორალური ზიანის არსებობის ფაქტს უკავშირებს იმ ფსიქო-ემოციურ სტრესს, რომელიც მოსარჩელემ განიცადა მოწინააღმდეგე მხარის მიერ მთელი რიგი უკანონო მოქმედებების გამო. უპირველეს ყოვლისა თ.ვ–ძეს სათანადო დახმარება არ აღმოუჩინეს და ისე გარდაიცვალა. მეორეც გააყალბეს თ.ვ–ძის ხელმოწერები და დოკუმენტების შინაარსი, რომელზე მითითებითაც და რომელთა საფუძველზეც მოსარჩელეს უარი უთხრეს კომპენსაციის გადახდაზე. თ.ვ–ძეზე გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია თითქოსდა იგი ნარკოტიკების მოხმარების გამო გარდაიცვალა, ასევე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კაიუტაში აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნოდა აწ გარდაცვლილ თ.ვ–ძეს. მორალური ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გახლავთ მოსარჩელის პატივისა და ღირსების შეურაცხყოფა მოპასუხის მხრიდან არა მარტო იმის გამო, რომ მათ გააყალბეს თ.ვ–ძის კუთვნილი დოკუმენტები და მას, როცა ცუდად იყო, სათანადო დახმარება არ აღმოუჩინეს, არამედ ისიც, რომ თ.ვ–ძის გარდაცვალების მიზეზად თუნდაც ირიბად ნარკოტიკების მოხმარებაზე მიუთითეს, ასეთი პოზიციით მოპასუხე მხარემ შეურაცხყო არა მარტო გარდაცვლილი თ.ვ–ძის პატივი და ღირსება, არამედ, თვით მოსარჩელის პატივი და ღირსებაც.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინებით მოპასუხე კომპანიის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
6.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
6.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის საოქმო განჩინებით არასრულწლოვანი შვილის კომპენსაციის, 19 382 აშშ დოლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, მოსარჩელე ნ.ს–ძის საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი სრულწლოვანი შვილი - მ.ვ–ძე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხის საკასაციო განაცხადი და მოსარჩელის შეგებებული საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ისინი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და შეგებებული საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
9. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორებს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენიათ.
10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
11. „სამართლებრივი დავისას სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს ორი ამოცანა აქვს დასაძლევი: პირველ რიგში, მან უნდა გამოარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მეორე რიგში კი, მოსამართლემ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს, არსებობს თუ არა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამ საფუძველზევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა“ (იხ. თომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, GIZ, თბილისი, 2016 წ., გვ.3-4).
12. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.; N ას- 1044-2022, 17.10.20204წ.; N ას- 313-2024, 8.11.2024წ.; N ას-852-2024, 22.11.2020წ.; N ას-1038-2024, 11.10.2024წ.; N ას- 1324-2024, 13.12.2024წ.; N ას- 1202-2024, 13.12.2024წ.; N ას-24-2024, 26.12.2024წ.).
13. მოპასუხე კომპანიის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენცია; გარდაცვლილი მეზღვაურის შვილის საპროცესო სტატუსი და მეზღვაურის გარდაცვალების მიზეზი, როგორც კომპანიის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. რაც შეეხება მოსარჩელის შეგებებულ საკასაციო საჩივარს - იგი მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიემართება.
14. კასატორის შედავების თანახმად, მოპასუხე კომპანიის გემი რეგისტრირებულია ს.ლ–ეში, შესაბამისად დავა უნდა გადაწყვეტილიყო ს.ლ–ეს კანონმდებლობით; საქმის მასალების თანახმად, დადგენილია, რომ მოსარჩელის მეუღლე თ.ვ–ძე პროფესიით იყო მეზღვაური, კაპიტნის პირველი თანაშემწე. ბოლო გემი, რომელზეც დასაქმებული იყო თ.ვ–ძე, იყო ,,MG TRADER“ (IMO 8611996 საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ნომერი), რომლის მფლობელს/მესაკუთრეს წარმოადგენს სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია ,,C. L.“. თ.ვ–ძის ყოველთვიური ანაზღაურება განსაზღვრული იყო 2 000 აშშ დოლარით. თ.ვ–ძე გარდაიცვალა 2018 წლის 16 იანვარს, გემზე, უკრაინის რესპუბლიკაში, ოდესის ოლქში.
15. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, სადავო შემთხვევის მიმართ, "საზღვაო სამართლის შესახებ" გაეროს კონვენციის 91-ე მუხლის რელევანტურობის შესახებ, რადგან ამ ნორმის თანახმად, ყოველი სახელმწიფო ადგენს იმ პირობებს, რომლითაც გემები დარეგისტრირდებიან კონკრეტული ქვეყნის ტერიტორიაზე, რაც ანიჭებს გემს უფლებას, იცუროს ამ სახელმწიფოს დროშის ქვეშ. სახელმწიფოსა და გემს შორის უნდა არსებობდეს რეალური კავშირი; ყოველი სახელმწიფო გასცემს შესაბამის დოკუმენტებს იმ გემებზე, რომლებსაც ის ანიჭებს უფლებას, იცურონ მისი დროშის ქვეშ. ამგვარად, აღნიშნული მუხლით რეგულირდება და განსაზღვრულია სახელმწიფოს მიერ გემის რეგისტრაციის და ამ სახელმწიფოს დროშის ქვეშ ცურვის წინაპირობები, ასევე დადგენილია გემსა და დროშის სახელმწიფოს შორის აუცილებელი კავშირის არსებობა.
16. საკასაციო პალატა მიუთითებს "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლზე, რომელიც კანონის გამოყენების სფეროს შემდეგნაირად აწესრიგებს: ეს კანონი განსაზღვრავს, თუ რომელი სამართლებრივი წესრიგი გამოიყენება უცხო ქვეყნის სამართალთან დაკავშირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, აგრეთვე საპროცესო სამართლის იმ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება ასეთი საქმის წარმოებისას. ამავე კანონის მე-8 მუხლით დადგენილია საერთაშორისო კომპეტენციის პრინციპი, კერძოდ, საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. მე-9 მუხლი კი საერთაშორისო კომპეტენციის შემთხვევების ამომწურავ ჩამონათვალს ადგენს: საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ იმ შემთხვევაში, თუ: ა) მოპასუხე რამდენიმე პირია და ერთ-ერთ მათგანს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს; ბ) ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ადგილი საქართველოა; გ) სარჩელი ეხება მართლსაწინააღმდეგო ან მასთან გათანაბრებული ქმედებით მიყენებულ ზიანს და ასეთი ქმედების ჩადენა ან ზიანის მიყენება საქართველოში მოხდა; დ) დავა ეხება იმ საწარმოს ფილიალს, რომლის რეზიდენციაც საქართველოშია; ე) მამობის დადგენის ან ალიმენტის გადახდის საქმეებზე ბავშვის ან ალიმენტის მიმღების საცხოვრებელი ადგილი ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოშია; ვ) სარჩელის საგანია სამემკვიდრეო უფლების დადგენა, სამკვიდრო ქონების გაყოფა და მამკვიდრებელს გარდაცვალებისას საცხოვრებელი ადგილი, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან სამკვიდრო ქონება საქართველოში ჰქონდა.
17. განსახილველი დავისადმი საქართველოს საერთო სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენციის პრინციპის შემოწმების საკითხი სამართლის საკითხს განეკუთვნება და მხარის მითითების არარსებობის პირობებშიც, მისი შემოწმება სასამართლოს პრეროგატივა და ინიციატივაა, რაც არ განიხილება მხარეთა პროცესუალური თანასწორობის პრინციპის უგულვებელყოფად (იხ. სუსგ #ას-242-242-2018, 30.11.2018 წ.).
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება საქართველოში შესრულდა - გარდაცვლილი მეზღვაურის გადმოსვენების და დაკრძალვის ხარჯები მოპასუხემ საქართველოში ჩაურიცხა მოსარჩელეს (გარდაცვლილი მეზღვაურის მეუღლეს), შესაბამისად, სპეციალური კანონის მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ადგილი საქართველოა და საქართველოს საერთო სასამართლოებს გააჩნიათ საერთაშორისო კომპეტენცია განსახილველ დავაზე.
19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს კასატორის იმ შედავებაზე, რომლის მიხედვითაც იგი მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტისას, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ს.ლ–ეს კანონმდებლობის საფუძველზე.
20. განსახილველ საქმეში საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ აწარმოა მიმოწერა ს.ლ–ეს საზღვაო ადმინისტრაციასთან, იმ მიზნით, რომ დაედგინა, რა ვალდებულებები ეკისრებოდა ს.ლ–ეს დროშის ქვეშ მცურავ გემებს, ს.ლ–ეს სახელმწიფოს კანონმდებლობით მეზღვაურთა გარდაცვალების შემთხვევებში, კომპენსაციის თანხების გაცემასთან დაკავშირებით. სიერალეონეს საზღვაო ადმინისტრაციის პასუხში მითითებულია, მიუხედავად იმისა, რომ ს.ლ–ე არ არის კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფო, მასზე (შესაბამისად, მისი დროშის ქვეშ მცურავ გემზე) მოქმედებს საზღვაო შრომის შესახებ 2006 წლის კონვენციის სტანდარტები; კერძოდ, 2016 წლის 30 ნოემბრის ს.ლ–ეს საზღვაო ცირკულარით ირკვევა, რომ მისი მიზანი არის ყველა დაინტერესებული მხარის ინფორმირება 2006 წლის საზღვაო შრომის კონვენციის 2014 წლის ცვლილებების შესახებ. კერძოდ, ამ ცირკულარის თანახმად, უნდა განხორციელდეს საზღვაო შრომის კონვენციის 2014 წლის ცვლილებების შესახებ ინსტრუქციების უზრუნველყოფა ყველა გემისთვის, რომელიც დაცურავს ს.ლ–ეს დროშის ქვეშ და რომლებზეც კონვენცია ვრცელდება. ამავე ცირკულარის თანახმად, 2006 წლის საზღვაო შრომის კონვენციის ცვლილებები ძალაში შევიდა 2017 წლის 18 იანვრიდან და იგი მიღებული იქნა მეზღვაურებისთვის ფინანსური გარანტიის უზრუნველსაყოფად, რომელიც გათვალისწინებულია გარდაცვალების ან გრძელვადიანი უუნარობის კომპენსაციისთვის (სტანდარტი A4.2.1).
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად აღნიშნეს, რომ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, ასევე ს.ლ–ეს ეროვნული კანონმდებლობით და საქართველოს კანონმდებლობით არსებობს ვალდებულება, მეზღვაურის გარდაცვალების შემთხვევაში, გემთმფლობელის მხრიდან კომპენსაციის გაცემისა და მას ეკისრებოდა როგორც ფინანსური კომპენსაციის გაცემის, ისე შესაბამისი რისკის დაზღვევის ვალდებულებაც.
22. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სრულიად მართებულად დაასკვნა, რომ თ.ვ–ძესთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტი/ხელშეკრულება, წარმოადგენდა ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო პროფესიული კავშირის (ITF) ფორმის ხელშეკრულებას და მასში ასახულია ITF სტანდარტები.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სტანდარტული პირობები სავალდებულოდ ვრცელდება მეზღვაურთან გაფორმებულ ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებაზე და ამ ნაწილში მოიხმობს 2015 წლის 1 იანვრის ITF სტანდარტის კოლექტიურ ხელშეკრულებაში მითითებულ რეგულაციას - წინამდებარე ხელშეკრულება განსაზღვრავს სტანდარტულ პირობებსა და წესებს, რომელიც მოქმედებს ყველა მეზღვაურთან მიმართებაში, რომლებიც დასაქმებულნი არიან ნებისმიერ გემზე, რომელთან დაკავშირებით არსებობს სპეციალური ხელშეკრულება („სპეციალური ხელშეკრულება“), რომელიც დადებულია ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის წევრ გაერთიანებას („THE UNION”) და კომპანიას შორის, რომელიც არის გემთმფლობელი ან გემთმფლობელის აგენტი. შესაბამისად, ხელშეკრულება აერთიანებს და მოიცავს ნებისმიერი მეზღვაურის დასაქმების პირობებსა და წესებს, მიუხედავად იმისა კომპანიას აქვს თუ არა დადებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება მეზღვაურთან. სპეციალური ხელშეკრულება კომპანიისაგან მოითხოვს (ყველაფერთან ერთად) დაასაქმოს მეზღვაური აღნიშნული ხელშეკრულებისა და პირობების შესაბამისად, ასევე, თითოეულ მეზღვაურთან დადოს ინდივიდუალური შრომითი კონტრაქტი, რომლის პირობებშიც ინკორპორირებულია წინამდებარე ხელშეკრულების პირობები და წესები (ITF შრომითი კონტრაქტი).
24. ნიშანდობლივია, რომ გემთმფლობელი კომპანია შეთანხმებულია გაერთიანებასთან და ITF-თან შრომითი ხელშეკრულების ყველა პირობისა და წესის დაცვასთან დაკავშირებით. მეზღვაური, რომელზედაც წინამდებარე ხელშეკრულება ვრცელდება, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელშეკრულებით, რომელიც ძალაშია იმ დღიდან, როდესაც ის დასაქმდა ან იმ დღიდან, როდესაც ITF სპეციალური ხელშეკრულება ძალაში შევიდა, მიუხედავად იმისა მას მოწერილი აქვს თუ არა ხელი შესაბამის პირობებზე, იმ დრომდე სანამ ის გაწყვეტს ხელშეკრულებას ან უფრო მოგვიანებით, იმ მომენტამდე, როცა წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად კომპანია ვალდებულია გადაუხადოს ხელფასები, მიუხედავად იმისა ITF შრომითი კონტრაქტი დადებულია მეზღვაურსა და კომპანიას შორის თუ არა და მიუხედავად იმისა, გემის მუხლები (წესები) შეიცავენ თუ არა ანაზღაურების განაკვეთებს, რომლებიც ასახულია ITF-ის სტანდარტულ კოლექტიურ შრომით ხელშეკრულებაში.
25. სიცოცხლის დაკარგვა, გარდაცვალება, დასაქმების დროს - თუ მეზღვაური გარდაიცვლება ნებისმიერი მიზეზით, იქნება ეს კომპანიაში დასაქმების პერიოდში თუ კომპანიაში მუშაობის შედეგად გამოწვეული, მათ შორის, ბუნებრივი მიზეზებით გარდაცვალების შემთხვევაში, ან კიდევ თუ გარდაცვალება მოხდა გემზე გამგზავრებისას ან იქედან დაბრუნებისას ან კიდევ საზღვაო ან სხვა მსგავსი საფრთხის შედეგად, კომპანიამ უნდა გადაუხადოს თანდართულ გრაფიკში (დანართი 2) განსაზღვრული თანხა გარდაცვლილის ქვრივს ან შვილებს ან მშობლებს და თითოეულ არასრულწლოვან ბავშვს 21 წლამდე მაქსიმუმ 4 (ოთხს). კომპანიამ ასევე უნდა გადაიხადოს გარდაცვლილის გვამის თავის სახლში ან სადაც ოჯახი მოითხოვს იქ გადასვენების ყველა ხარჯი, დაკრძალვის ბიუროს ხარჯების ჩათვლით. თუ მეზღვაურს არ ჰყავს ქვრივი, მაშინ ზემოთ ხსენებული თანხა გადახდილი უნდა იყოს იმ ადამიანზე, რომელიც უფლებამოსილი იქნება კანონის მიერ. მეზღვაური ითვლება ,,კომპანიაში დასაქმებულად“ იმ პერიოდის განმავლობაში რა პერიოდითაც მე-16 და მე-17 მუხლები იქნება ძალაში და იმ შემთხვევაში თუ სიკვდილი გამოწვეულია, უშუალოდ ავადმყოფობით ან დაზიანებით, რამაც თავის მხრივ გამოიწვია მეზღვაურის დასაქმების შეწყვეტა მუხლი 27-ის შესაბამისად. ნებისმიერი გადახდა, განხორციელებული წინამდებარე პუნქტის შესაბამისად, არ უნდა აყენებდეს ზიანს ნებისმიერ პრეტენზიას/სარჩელს, რომელიც შედგენილი იქნება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 21(F)-ის დებულებები ასევე ვრცელდება სიცოცხლის დაკარგვის გამო გადასახდელ კომპენსაციაზე - გარდაცვალება დასაქმების დროს, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე მუხლში“. ფულადი სარგებლის (ოდენობის) ჩამონათვალის შესახებ #2 დანართის შესაბამისად“ კომპენსაცია სიცოცხლის დაკარგვის შემთხვევაში - 1. გადაეცეს უახლოეს ნათესავს 96,906 აშშ დოლარი; 2. თითოეულ დამოკიდებულ (არასრულწლოვან) ბავშვს 21 წლამდე ასაკის - 19,382 აშშ დოლარი, ანაზღაურებას ექვემდებარება მაქსიმუმ - 4.
25.1. სწორედ აქედან გამომდინარე და მოხმობილი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე გარდაცვლილი მეზღვაურის მეუღლისა და შვილის სასარგებლოდ მოპასუხე გემთმფლობელ კომპანიას მყარად განსაზღვრული თანხის ანაზღაურება სწორად დაეკისრა. სააპელაციო სასამართლო, სავსებით მართებულად არ დაეთანხმა მოპასუხის პოზიციას, რომ თ.ვ–ძესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება არ წარმოადგენდა მეზღვაურთა საერთაშორისო ფედერაციის (ITF)-ის უნიფიცირებული ფორმის ხელშეკრულებას, რადგან საქმეში წარმოდგენილი თ. ვ–ძესთან გაფორმებული ინდივიდუალურ შრომით კონტრაქტზე ხელმოწერა არ ეკუთვნის თ. ვ–ძეს (რაც ექსპერტის დასკვნით უდავოდ დადასტურებული გარემოებაა), ხოლო კონკრეტული შრომითი ხელშეკრულების დედანი (ვთქვათ სწორედ იმდაგვარი და იმ შინაარსის მატარებელი, რაზედაც მოპასუხე მიუთითებს და რაზედაც თ. ვ–ძის ხელმოწერაც იქნებოდა) მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა. საქმეში ასევე არ არის წარმოდგენილი მოპასუხე მხარის მიერ მითითებული კოლექტიური ხელშეკრულება, დედნის სახით.
26. საკასაციო სასამართლო, ასევე ვერ იზიარებს კასატორის შედავებას, რომ გარდაცვლილი მეზღვაური არ იმყოფებოდა მოპასუხე კომპანიასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მისი სამუშაო ადგილი იყო გემის კაპიტნის თანაშემწის კაიუტაში და იგი არ სარგებლობდა სტუმრის სტატუსით. მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ თ. ვ–ძე გემიდან „ჩამოწერილი“ იყო. ასევე არ დასტურდება, მოპასუხის პასუხისმგებლობის გამორიცხვის გარემოება, იმ საფუძვლით, რომ გარდაცვლილი მეზღვაურის კაიუტაში ნარკოტიკი აღმოჩნდა, რადგან ექსპერტიზის დასკვნით არ დადასტურდა გარდაცვლილი მეზღვაურის მიერ ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი.
27. საკასაციო პალატა, კასატორის ყურადღებას ასევე ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 სექტემბრის საოქმო განჩინებით არასრულწლოვანი შვილის კომპენსაციის, 19 382 აშშ დოლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, მოსარჩელე ნ.ს–ძის საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი სრულწლოვანი შვილი - მ.ვ–ძე.
28. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორმა, მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნა შეამცირა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 6 000 ლარის დაკისრება მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს სსკ-ის მე-18 მუხლს, რომლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით. თუ ამგვარ მონაცემებს შეიცავს ორგანიზაციის მიერ გაცემული საბუთი, მაშინ ეს საბუთი უნდა შეიცვალოს და ამის შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ პირებს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, პირს ეკისრება სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა. სპეციალური კანონის პირველი მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.
29. სსკ-ის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
30. სსკ-ის 413-ე მუხლის შესაბამისად არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
31. სსკ-ის 413-ე მუხლით გათვალისწინებული მორალური ზიანის შინაარსში იგულისხმება, სამართლებრივად დაცული იმ არაქონებრივი ინტერესის ხელყოფა, რომელსაც მატერიალურად არაფერი შეესაბამება (სულიერი ან ფიზიკური ტკივილი, განცდა და სხვა). გარდა ამისა, ამ მუხლის შინაარსიდან ნათლად ჩანს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს მას, ვინც საერთო საფუძვლებით არის უფლებამოსილი მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
32. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებით, მორალური ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გახლავთ მოსარჩელის პატივისა და ღირსების შეურაცხყოფა, მოპასუხის მხრიდან არა მარტო იმის გამო, რომ მათ გააყალბეს თ.ვ–ძის კუთვნილი დოკუმენტები და როცა ცუდად იყო, მას სათანადო დახმარება არ აღმოუჩინეს, არამედ ისიც, რომ თ.ვ–ძის გარდაცვალების მიზეზად, თუნდაც ირიბად ნარკოტიკების მოხმარებაზე მიუთითეს, ასეთი პოზიციით მოპასუხე მხარემ შეურაცხყო არა მარტო გარდაცვლილი თ.ვ–ძის პატივი და ღირსება, არამედ, თვით მოსარჩელის პატივი და ღირსებაც.
33. სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანისათვის დადგება ზიანის, მართლწინააღმდეგობის, მიზეზობრივი კავშირისა და, როგორც წესი, ზიანის მიმყენებლის ბრალის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში.
34. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ თ.ვ–ძის გარდაცვალების გამომწვევი უშუალო მიზეზი იყო კარდიომიოპათია - გულის მწვავე უკმარისობა. ამდენად, თ.ვ–ძის გარდაცვალებით, არ იკვეთება მოპასუხის რაიმე სახის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რაც, ცხადია, იმთავითვე გამორიცხავს რაიმე სახის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას.
35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის მოსაზრებითა და აღქმით, მისი მეუღლის მიმართ მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ცხადია, არა მხოლოდ უსიამოვნო, არამედ შესაძლოა მტკივნეულად აღქმადიც იყოს ადრესატისათვის, თუმცა, სამართლებრივი რეგლამენტაცია არ ადგენს ისეთ შემთხვევას, რაც განაპიროებებს სსკ-ის მე-18 მუხლისა და 413-ე მუხლების საფუძველზე სარჩელის დაკმაყოფილებას და, მორალური ზიანის სახით, მოპასუხისათვის ფულადი თანხის დაკისრებას.აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის მე-19 მუხლზე, რომლის მიხედვითაც სახელის, პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა, სიკვდილის შემდეგ, დაუშვებელია.
36. შეგებებული საკასაციო საჩივრით ასევე გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინება მოპასუხის საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით. ხსენებული განჩინება კანონის საფუძველზეა მიღებული, რადგან აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის - 7 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინა, ხოლო სასამართლომ გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში გადახდის დანიშნულების დაზუსტება და დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის (CD დისკთან ერთად) წარდგენა მოითხოვა. აქედან გამომდინარე, შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მიერ გასაჩივრებული განჩინება, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ, კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
37. საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმების მართლზომიერებაზე, რადგან შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი არ უთითებს საოქმო განჩინების თარიღს და მისი გაუქმების საფუძვლებს.
38. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30).
39. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო და შეგებებული საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
პროცესის ხარჯები
41. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „C. L.“-ის საკასაციო საჩივარი და ნ.ს–ძის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. შპს „C. L.“-ს (არარეზიდენტი კომპანიის ნომერი .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ა.ძ–ძის (პ/ნ 61354000892) მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „თიბისი ბანკში“ 04.04.2024 წლის N6447 საგადასახადო დავალებით გადახდილი 8 000 ლარის 70% 5 600 ლარი;
3. ნ.ს–ძეს (პ/ნ .............) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „თიბისი ბანკში“ 01.07.2024 წლის N2288 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი