№ა-252-ა-7-2025 09 დეკემბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან ნემსაძე, თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვით
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
განცხადების ავტორი – თ.გ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინებები/გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინება (მოსამართლის აცილების შესახებ), საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინება (საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესახებ), ამავე სასამართლოს 2024 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება (საკასაციო საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ), 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინება (უსწორობის გასწორების ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ) და 2025 წლის 30 იანვრის განჩინება (ბათილად ცნობის გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ)
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილების/განჩინებების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის, ხელფასებს შორის სხვაობის, წელთა ნამსახურებისა (სამუშაო სტაჟისათვის) და საიუბილეო თარიღის შესრულებისათვის გათვალისწინებული გასაცემი თანხების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ.გ–ძემ (შემდეგში - განმცხადებელი, მოსარჩელე), სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „თ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ, ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის, ხელფასებს შორის სხვაობის, წელთა ნამსახურებისა (სამუშაო სტაჟისათვის) და საიუბილეო თარიღის შესრულებისათვის გათვალისწინებული გასაცემი თანხების ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით, თ.გ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე სს „თ–ს“ მოსარჩელე თ.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად მისთვის დარიცხულ ხელფასსა და ანალოგიურ თანამდებობაზე დასაქმებული პირების დარიცხულ ხელფასებს შორის სხვაობის გადახდა, ყოველთვიურად 1174 ლარის ოდენობით (დარიცხული), 2017 წლის 04 აგვისტოდან - 2020 წლის 04 აგვისტომდე; მოპასუხე სს „თ–ს“ მოსარჩელე თ.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ინდივიდუალური მასტიმულირებული დანამატის გადახდა 3475 ლარის 25%-ის ოდენობით, ყოველთვიურად 868,75 ლარი (დარიცხული), 2017 წლის 04 აგვისტოდან - 2020 წლის 04 აგვისტომდე; მოსარჩელე თ.გ–ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე წელთა ნამსახურებისა (სამუშაო სტაჟისათვის) და საიუბილეო თარიღის შესრულებისათვის გათვალისწინებული გასაცემი თანხების ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით, მოსარჩელე თ.გ–ძემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, მოპასუხე სს „თ–მა“ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინებით, თ.გ–ძისა და სს „თ–ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი ორივე მხარემ წარადგინა. პირველმა კასატორმა/თ.გ–ძემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, მეორე კასატორმა/სს „თ–მა“ - სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
7. 2023 წლის 05 სექტემბერს, თ.გ–ძისა და სს „თ–ის“ საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინებაზე, საქმეთა გამანაწილებელი ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, განსახილველად დაეწერა მოსამართლე ამირან ძაბუნიძეს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრისა და ამავე წლის 06 ოქტომბრის განჩინებებით, თ.გ–ძისა და სს „თ–ის“ საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
9. საკასაციო საჩივრების წარმოებაში მიღების საკითხის განხილვის შემდგომ, 2024 წლის 24 მაისს, სს „თ–ის“ წარმომადგენელმა - თ.ფ–ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა წინამდებარე საქმიდან მოსამართლე ამირან ძაბუნიძის აცილება იმ მოტივით, რომ იმავე მხარეებს შორის წარმოებული დავა ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მოსამართლე ამირან ძაბუნიძემ განიხილა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის შემადგენლობაში ყოფნისას და 2020 წლის 27 ნოემბერს, მიიღო განჩინება (საქმეზე N2ბ/223-19), რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება. განმცხადებლის მითითებით, N2ბ/223-19 საქმის განხილვისას, მოსამართლის მხრიდან უსაფუძვლოდ იქნა უარყოფილი სს „თ–ის“ მოტივირებული არგუმენტები. შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ მართალია, საკასაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული წინამდებარე საქმე არსებითად განსხვავდებოდა N2ბ/223-19 საქმისგან, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც არსებობდა მოსამართლე ამირან ძაბუნიძის მხრიდან ამ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ობიექტურად შეფასებაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინებით, სს „თ–ის“ წარმომადგენლის - თ.ფ–ძის ზემოაღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მოსამართლე ამირან ძაბუნიძე აცილებულ იქნა მოცემული საქმის განხილვისაგან.
11. 2024 წლის 04 ივნისს, №ას-1063-2023 სამოქალაქო საქმე თ.გ–ძისა და სს „თ–ის“ საკასაციო საჩივრების გამო, ერთმანეთის მიმართ, ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის, ხელფასებს შორის სხვაობის, წელთა ნამსახურებისა (სამუშაო სტაჟისათვის) და საიუბილეო თარიღის შესრულებისათვის გათვალისწინებული გასაცემი თანხების ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, საქმეთა გამანაწილებელი ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, განსახილველად გადაეცა მოსამართლე რევაზ ნადარაიას.
12. 2024 წლის 31 ივლისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შემდეგი მოსამართლეების შემადგენლობით: რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი), ლაშა ქოჩიაშვილი და ლევან მიქაბერიძე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქ/პუნქტის საფუძველზე, თ.გ–ძისა და სს „თ–ის“ საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად.
13. 2024 წლის 05 აგვისტოს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა მოსარჩელე თ.გ–ძის წარმომადგენელმა - ს.მ–ძემ და მოითხოვა წინამდებარე საქმის განხილვისაგან საქმის განმხილველი შემადგენლობის თავმჯდომარის, მომხსენებელი მოსამართლის - რევაზ ნადარაიასა და მოსამართლე ლევან მიქაბერიძის აცილება.
14. 2024 წლის 12 სექტემბერს, თ.გ–ძის წარმომადგენელმა - ს.მ–ძემ, საკასაციო სასამართლოში კვლავ საქმის განმხილველი შემადგენლობის თავმჯდომარის, მომხსენებელი მოსამართლის - რევაზ ნადარაიასა და მოსამართლე ლევან მიქაბერიძის აცილების თაობაზე წარმოადგინა განცხადება, რომელსაც თან დაურთო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 29.08.2024 წლის გადაწყვეტილება (CASE OF TSULUKIDZE AND RUSULASHVILI V. GEORGIA), რომლითაც ანალოგიურ შუამდგომლობაზე მოსამართლის (სასამართლოს შემადგენლობის) აცილებაზე უარის თქმის გამო, დადგინდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა.
15. 2024 წლის 01 ოქტომბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ, მოსამართლე რევაზ ნადარაიას წარმოებაში არსებულ სს „თ–ისა“ და თ.გ–ძის საკასაციო საჩივრებზე (წინამდებარე საქმე №ას-1063-2023), ერთმანეთის მიმართ, ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის, ხელფასებს შორის სხვაობის, წელთა ნამსახურებისა (სამუშაო სტაჟისათვის) და საიუბილეო თარიღის შესრულებისათვის გათვალისწინებული გასაცემი თანხების ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, განაცხადა თვითაცილება.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით, თ.გ–ძის წარმომადგენლის - ს.მ–ძის შუამდგომლობა №ას-1063-2023 სამოქალაქო საქმის განხილვისაგან შემადგენლობის თავმჯდომარის, მომხსენებელი მოსამართლის - რევაზ ნადარაიას აცილების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
17. 2024 წლის 23 ოქტომბერსა და 04 ნოემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას იდენტური შინაარსის განცხადებებით მომართა მოსარჩელე თ.გ–ძის წარმომადგენელმა - ს.მ–ძემ და ამჯერად, წინამდებარე საქმის განხილვისაგან საქმის განმხილველი სრული შემადგენლობის (თავმჯდომარე, მომხსენებელი - რევაზ ნადარაია, მოსამართლეები - ლაშა ქოჩიაშვილი და გიზო უბილავა) აცილების თაობაზე იშუამდგომლა.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, თ.გ–ძის წარმომადგენლის - ს.მ–ძის შუამდგომლობა №ას-1063-2023 სამოქალაქო საქმიდან სასამართლოს სრული შემადგენლობის აცილების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით, თ.გ–ძისა და სს „თ–ის“ საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ.გ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე სს „თ–ს“, მოსარჩელე თ.გ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ინდივიდუალური მასტიმულირებული დანამატის გადახდა ყოველთვიურად 2400 ლარის 25%-ის ოდენობით (დარიცხული), ნამუშევარი დროის პროპორციულად, 2016 წლის 26 ივლისიდან - 2019 წლის 26 ივლისამდე; 25.12.2014 წლიდან - 25.07.2016 წლამდე ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის მოთხოვნის ნაწილში, შეწყდა საქმის წარმოება; მოსარჩელე თ.გ–ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე მისთვის დარიცხულ ხელფასსა და „ტოლფას“ თანამდებობაზე დასაქმებული პირების დარიცხულ ხელფასებს შორის სხვაობის, წელთა ნამსახურების (სამუშაო სტაჟისათვის), საიუბილეო თარიღის შესრულებისათვის გათვალისწინებული გასაცემი თანხების ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში; სს „თ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოსარჩელის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟიდან (3000 ლარი) - 648 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელე თ.გ–ძეს სს „თ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (980.52 ლარიდან) - 116,52 ლარის ანაზღაურება, ხოლო, სს „თ–ის“ მიერ გადახდილი დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი (864 ლარი), ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად; მოსარჩელე თ.გ–ძეს სს „თ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (3676.23 ლარიდან) - 2596,23 ლარის ანაზღაურება, ხოლო, „თ–ის“ მიერ გადახდილი დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი (1080 ლარი), ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
20. 2024 წლის 06 დეკემბერს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა თ.გ–ძის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორება ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა იმ მოტივით, რომ საკასაციო პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სს „თ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის გადახდა ყოველთვიურად 2400 ლარის 25%-ის ოდენობით, ნამუშევარი დროის პროპორციულად, 2016 წლის 26 ივლისიდან 2019 წლის 26 ივლისამდე, მიუხედავად იმისა, რომ თ.გ–ძემ სარჩელი დააზუსტა 2020 წლის 04 აგვისტოს. განმცხადებელმა მიუთითა, საკასაციო პალატის მიერ განხილულ სხვა სამოქალაქო საქმეზე, სადაც უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და სს „თ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის გადახდა სწორედ დაზუსტებული სარჩელის აღძვრის თარიღამდე. ამასთან, განმცხადებლის განმარტებით, მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, თუმცა, მას მოპასუხის სასარგებლოდ მაინც დაეკისრა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, თ.გ–ძის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
21.1. განჩინების დასაბუთება დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ საკასაციო პალატამ 2024 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებაში იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნებზე, მათ შორის ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის მოპასუხისათვის დაკისრების პერიოდზე (იხ. გადაწყვეტილების 32-ე აბზაცი), ასევე საამართლო ხარჯების განაწილების საკითხზე (იხ. გადაწყვეტილების 39-40 აბზაცები) და მიღებულ იქნა ამ მსჯელობების შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც აისახა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შესაბამის პუნქტებში. პალატის მითითებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი განმცხადებლის მიერ დაყენებულ საკითხებზე (ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენ საკითხზე), პასუხობდა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას. შესაბამისად, სახეზე არ იყო არც სსსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული უსწორობა და არც სსსკ-ის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
22. 2025 წლის 20 იანვარს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა თ.გ–ძის წარმომადგენელმა ამავე სასამართლოს 2024 წლის 31 ივლისის განჩინების (საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესახებ), 2024 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებისა (საკასაციო საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ) და 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინების (უსწორობის გასწორების ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობის გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 იანვრის განჩინებით, თ.გ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინების (საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესახებ), ამავე სასამართლოს 2024 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებისა (საკასაციო საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ) და 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინების (უსწორობის გასწორების ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობის გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე (სსსკ-ის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ პუნქტი), დარჩა განუხილველი.
24. 2025 წლის 26 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა თ.გ–ძის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინების (მოსამართლის აცილების შესახებ), საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინების (საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესახებ), ამავე სასამართლოს 2024 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების (საკასაციო საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ), 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინების (უსწორობის გასწორების ან დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ) და 2025 წლის 30 იანვრის განჩინების (ბათილად ცნობის გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ) გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
24.1. განმცხადებელმა წარმოადგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ივნისის განჩინება, რომლითაც ს.მ–ძის შუამდგომლობა მოსამართლე გიზო უბილავას აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა. მითითებულ განჩინებაში ს.მ–ძე მოსამართლის აცილების საფუძვლად მიუთითებდა, რომ ა) მხარის ინტერესია სამოქალაქო საქმე განიხილოს უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლემ, რომელსაც აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციაში. ბ) მოსამართლეს მონაწილეობა აქვს მიღებული იმ საქმის განხილვაში, რომლითაც დასაქმებულის საუარესოდ და იმავე კომპანიის სასარგებლოდ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა საქმიდან მოსამართლე ამირან ძაბუნიძის აცილება სწორედ იმ საფუძვლით, რომ „მოსამართლე ამირან ძაბუნიძეს თ–თან მიმართებაში არ ჰქონდა გაზიარებული, სს „თ–ის” მოტივირებული არგუმენტები და რომ მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლოს წარმოებაში ამჟამად მიმდინარე საქმე არსებითად განსხვავდება N2/223-19 საქმისგან არსებობს აცილების საფუძველი“, რაც მოსამართლეეების - ლაშა ქოჩიაშვილისა და თეა ძიმისტარაშვილის მიერ 30/05/2024 წელს იქნა დაკმაყოფილებული.
24.2. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ განცხადებაში აღწერილი გარემოებები არ წარმოადგენდა საქმის განხილვისგან მოსამართლის აცილების საფუძველს.
24.3. 2025 წლის 26 ივნისის განცხადებაში თ.გ–ძის წარმომადგენელი მიუთითებს განჩინების აღწერილობით ნაწილში მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული 2025 წლის 03 ივნისის განჩინება წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რომელიც ადრე, რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, არ მოხდებოდა საქმის განმხილველი მოსამართლის (ამირან ძაბუნიძის) აცილება, საქმეში მონაწილეობას არ მიიღებდა და საკასაციო საჩივარს დასაშვებად არ ცნობდა ის მოსამართლე (ლევან მიქაბერიძე), რომლიც თანაშემწე წარმოადგენდა მოწინააღმდეგე მხარის ოჯახის წევრს. აღნიშნული კი, მაღალი ხარისხის ალბათობით გამოიწვევდა თ.გ–ძისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ივლისის განჩინებით თ.გ–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
26. საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, განცხადების საფუძვლების შემოწმებისა და მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმისწარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (სუსგ. №ას-1455-2019, 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინება).
28. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის განჩინებაში, საქმე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (განაცხადი N 18156/05), მითითებულია, რომ კანონის უზენაესობის ერთერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმადაც სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (ბრუმანესკუ რუმინეთის წინააღმდეგ, 28342/95). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმების ობიექტი შეიძლება იყოს: ა) პირველი ინსტანციის სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები, აგრეთვე, განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტის თუ სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ; ბ) სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები, აგრეთვე, განჩინებები საქმის წარმოების შეწყვეტისა თუ სააპელაციო და საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. სასამართლო ინსტანციების ყველა სხვა განჩინება არ შეიძლება იყოს საქმის განახლების მიზნით ბათილად ცნობის თუ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმების ობიექტი, რადგან მათი მეშვეობით ხდება არა საქმის წარმოების დამთავრება, არამედ ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულება, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების გადაწყვეტა (იხ. სუსგ №ას-728-1056-07, 2008 წლის 23 იანვარი).
30. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი ითხოვს საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებისა და განჩინებების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით.
31. მითითებული ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე და მხარე ასეთ მტკიცებულებას საქმის განხილვის დროს ვერ წარადგენდა მისგან დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების გამო (სუსგ №ას-796-796-2018, 2018 წლის 6 ივლისის განჩინება).
32. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/8/765 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურადაა ცნობილი სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით „კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას“ გათვალისწინებული საფუძვლით გაუქმების შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით (წინამდებარე განჩინების მიღების დროს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით მხედველობაშია 31-ე მუხლის პირველი პუნქტი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია).
33. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილებით ხაზგასმულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუქცევადობის მნიშვნელობა და განმარტებულია, რომ დაუსრულებელი დავის შესაძლებლობა დააფრთხობს პირებს, გაართულებს სამართლებრივი უსაფრთხოების დამყარებას - უფლების მუდმივი საეჭვოობის დაშვება მოსპობს თავად უფლების სიცოცხლისუნარიანობას, რადგან ის ვერ იქნება გამოყენებული მომავალი ურთიერთობების დასამყარებლად, უფლებების შესაძენად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-27).
34. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გამოყენებით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უქმდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მტკიცებულებების დროულად წარმოდგენის შემთხვევაში მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა გულისხმობს არა მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც დგინდება, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოება/მტკიცებულება იმდენად ძირეულ გავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე, რომ მისი არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება, არამედ ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ახლად აღმოჩენილი გარემოებას/მტკიცებულებას შეუძლია, განცხადების ავტორის სასიკეთო ცვლილება მოახდინოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, ნაწილობრივ შეცვალოს მის მიმართ დამდგარი ნეგატიური სამართლებრივი შედეგები.
35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა არ დამდგარა ეჭვქვეშ, არამედ, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რაც ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა თუ მტკიცებულების არსებობისა და მისი საფუძვლიანობის შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას იწვევდა ავტომატურად, მიუხედავად იმისა შეიცვლებოდა თუ არა გადაწყვეტილებით დამდგარი სამართლებრივი შედეგი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება უნდა დაეფუძნოს სასამართლოს მიერ გამოკვლეულ იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებულ დავას თუნდაც ნაწილობრივ, მაგრამ სხვაგვარად მოაწესრიგებს. საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებით მიზნად ისახავს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებით არ დაზიანდეს და საფრთხე არ შეექმნას სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოებაში არსებულ მაღალ ნდობას. საკონსტიტუციო სასამართლომ აგრეთვე მიიჩნია, რომ თუ მოსამართლე მივა დასკვნამდე, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილების შედეგების გაუქმებით შელახული ინტერესები აღემატება განმცხადებლის დაცულ ინტერესს, მაშინ მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, არ გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება.
36. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსსკ-ის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებისას, მნიშვნელოვანია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების არსებითად განხილვის დროს სასამართლო ხელმძღვანელობდეს იმ ამოსავალი დებულებით, რომ შეაფასოს, თუ რამდენად მოახდენს გავლენას საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიჩნეული გარემოება თუ მტკიცებულება განსაახლებელი საქმის სამართლებრივ შედეგზე. თუკი სასამართლო მივა დასკვნამდე, რომ სამართლებრივი სურათი საქმეზე, რომელზედაც მოთხოვნილია წარმოების განახლება, არ შეიცვლება, მან უარი უნდა უთხრას განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მარტოოდენ ფორმალურად არ უნდა გააუქმოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. საქმის წარმოების განახლებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, იგი შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება სასამართლომ უნდა განიხილოს იმგვარად, რომ არსებითად გადაწყვიტოს საქმის წარმოების განახლება შეცვლის თუ არა უკვე მიღებული გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს (სუსგ №ას-5815-2019, 14 დეკემბერი, 2021 წელი).
37. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული 2025 წლის 03 ივნისის განჩინება წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რომელიც ადრე, რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, არ მოხდებოდა საქმის განმხილველი მოსამართლის (ამირან ძაბუნიძის) აცილება, საქმეში მონაწილეობას არ მიიღებდა და საკასაციო საჩივარს დასაშვებად არ ცნობდა ის მოსამართლე (ლევან მიქაბერიძე), რომლის თანაშემწე წარმოადგენდა მოწინააღმდეგე მხარის ოჯახის წევრს. აღნიშნული კი, მაღალი ხარისხის ალბათობით გამოიწვევდა თ.გ–ძისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
38. საკასაციო სასამართლო განმცხადებლის პოზიციას სადავო საკითხზე ვერ გაიზიარებს. პალატა აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა აცილებისა და აცილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებებზე, უკვე იმსჯელა საკასაციო სასამართლომ და განსახილველ საქმეებში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება. განცხადებაზე დართული 2025 წლის 03 ივნისის განჩინებით კი, მოცემულ საქმეზე მიღებულ 2024 წლის 21 ნოემბრის შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან კავშირი, რომელიც შეიძლებოდა საქმის წარმოების განახლების საფუძველი გამხდარიყო, განმცხადებელმა ვერ დაადასტურა. შესაბამისად, განმცხადებელმა ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ მითითებული განჩინების სასამართლოში საქმის განხილვის დროს წარმოდგენა, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მითითებული გარემოებები შეეხება არა მხოლოდ შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, არამედ მის წინმსწრებ და გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ მიღებულ განჩინებებსაც, რასაც, საბოლოო გადაწყვეტილებით დამდგარ შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ასეთი განჩინებების სადავოდ გახდომა ადასტურებს მხარის სურვილს, მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას.
39. ამდენად, თ.გ–ძემ ვერ უზრუნველყო სსკ-ის 102-ე მუხლის დაცვით ჯეროვანი, რელევანტური, წონადი და განკუთვნადი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც სასამართლოს შეუქმნიდა რწმენას, საქმის წარმოების განახლების აუცილებლობაზე. შესაბამისად, განცხადება დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 430-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.გ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინების, ამავე სასამართლოს 2024 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების, 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებისა და 2025 წლის 30 იანვრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლევან ნემსაძე
თეა ძიმისტარაშვილი