Facebook Twitter

17 სექტემბერი, 2025 წელი,

საქმე № ას-815-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ზ.კ–ია

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ს–ა

გასაჩივრებული განჩინება: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აპრილის განჩინება

კერძო საჩვრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების (საქმის წარმოების შეჩერების შესახებ) გაუქმება, საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1.ჯ.ს–ას დროებითმა მხარდამჭერმა ზ.კ–იამ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, ჯ.ს–ასა და ნ.ს–ას შორის, 28.03.2019 წ დადებული, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ზუგდიდი, ........ (ს/კ .......), მესაკუთრედ ჯ.ს–ას აღრიცხვის მოთხოვნით. სარჩელში აღნიშნულია, რომ ჯ.ს–ას გარიგების დადებისას არ ჰქონდა გარიგების შედეგების სწორად განსაზღვრის შესაძლებლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

2.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ჯ.ს–ასა და ნ.ს–ას შორის 28.03.2019 წელს დადებული ჩუქების ხელშეკრულება.

3.გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ს–ამ მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით. სააპელაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და დაინიშნა საქმის არსებითი განხილვა.

4.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ.ს–ამ სამოქალაქო საპროცესის კოდექსის (შემდეგში-სსსკ) 279-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტზე მითითებით, საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 26.11.2024. წლის (საქმე №5007173724) დასკვნის საფუძველზე, რომელიც ადასტურებს, რომ ჯ.ს–ას მხარდამჭერის სტატუსით მონაწილე ზ.კ–ია არის ფსიქიკურად ავად. ამასათან წარმოადგინა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 24.01.2025 წლის (საქმე №2/2148-24) გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ,,ზ.კ–ია ცნობილი იქნა მხარდამჭერის მიმღებად და მის მხარდამჭერად დაინიშნა ნ.ს–ა“.

5.ზემოთხსენებულ გარემოებებზე მითითებით, ნ.ს–ამ იშუამდგომლა მიმდინარე (ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა) სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერება, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 24.01.2025 წლის საქმე №2/2148-24-ზე მიღებული გადაწყვეტილების, რომლის თანახმად ,,ზ.კ–ია ცნობილი იქნა მხარდამჭერის მიმღებად და მის მხარდამჭერად დაინიშნა ნ.ს–ა“ კანონიერ ძალაში შესვლამდე. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი (მხარდამჭერი) არ დაეთანხმა აპელანტის შუამდგომლობას საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე და განმარტა, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა მიზნად ისახავს საქმის წარმოების ვადის ხელოვნურად გაჭიანურებას.

6.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის პირველი აპრილის განჩინებით, ნ.ს–ას შუამდგომლობა, საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, დაკმაყოფილდა; შეჩერდა, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებაზე ნ.ს–ას სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული №2/ბ-784-2024 სამოქალაქო საქმის წარმოება, ნ.ს–ას განცხადებასთან დაკავშირებით, პირის მხარდამჭერის მიმღებად ცნობის და მისთვის მხარდამჭერის დანიშვნის შესახებ №2/2148-2420 სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

7.სააპელაციო სასამართლოს განჩინება, საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ.კ–იამ, მისი გაუქმების მოთხოვნით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ.კ–იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, ხოლო 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

9.განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის გამოყენების მართებულობა.

10.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩერს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო ხასიათი მდგომარეობს იმაში, რომ სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე, შესაძლებელია, პარალელურად მიმდინარეობდეს სხვა საქმის განხილვა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით, რომლის გადაწყვეტამდე შეუძლებელია მოცემული საქმის განხილვა.

11.საქმის განხილვის შეუძლებლობა სხვა საქმის გადაწყვეტამდე, გამომდინარეობს სასამართლო დავის განხილვის სამართლებრივი ბუნებიდან, ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების, ანუ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. სხვა სამართალწარმოებით საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სამოქალაქო ან ადმინისტრაციული წესით განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად, ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული საქმის განხილვა.

12.საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერების მიზანს წარმოადგენს საქმის განხილვის გაჭიანურება.

დადგენილია, რომ ჯ.ს–ა და ნ.ს–ა განსახილველ სამოქალაქო საქმეზე წარმოადგენენ პროცესუალურად ეთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეებს.

ზ.კ–ია თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იქნება ჯ.ს–ას მხარდამჭერი. ხოლო მხარდაჭერის მიმღებად ცნობილ ჯ.ს–ას უნდა დაენიშნოს მხარდამჭერი, რომელმაც უნდა წარმოადგინოს მისი ინტერესები ამ კონკრეტულ საქმეში.

ამდენად, სააპელაციო სასამართლო მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს სამოქალაქო დავის ფარგლებში ნ.ს–ას და ჯ.ს–ას შორის დადებული გარიგებების-ჩუქების ხელშეკრულებების ნამდვილობის შეფასებას, რაც გადაწყდება პროცესუალური მოწინააღმდეგის უფლებაუნარიანობის (მხარდამჭერის დანიშვნა/არდანიშვნის) საკითხი, შესაბამისად, ზ.კ–იას მხარდასაჭერ პირად აღიარებისა და პირის მხარდამჭერად დანიშვნის შესახებ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე, მოცემულ სამოქალაქო დავაზე გადაწყვეტილების მიღება მიზანშუწონელია;

13.საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საქმისწარმოების შეჩერების საფუძვლის არსებობის თაობაზე და განმარტავს, რომ ხსენებული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას დგინდება, საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას.

14.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარის ავტორს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.კ–იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა