19 დეკემბერი, 2025 წელი,
საქმე №ას-1020-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ბ.ბ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით გამოყენებული საყვედურის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2022 წლის 19 სექტემბრის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ბ.ბ–ძე (შემდეგში - მოსარჩელე, დასაქმებული ან კასატორი) სს ,,ს.ბ–ში“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, მოწინაღმდეგე მხარე, ბანკი) უფროსი ბანკირის პოზიციაზე დასაქმდა.
2. ბანკის თანამშრომლების კორპორატიული სახელმძღვანელოს 2.1 პუნქტით დადგენილია თანამშრომელთა სავალდებულო ქცევის წესები. ხსენებული პუნქტით ყველა თანამშრომლის ვალდებულებაა აცნობიერებდეს, რომ ბანკის დადებითი იმიჯი არის მნიშვნელოვანი წინაპირობა ბანკის მიზნების მისაღწევად. თანამშრომელი ვალდებულია მუდმივად იცავდეს ბანკის ინტერესებს და იმიჯს მომხმარებლების და პარტნიორების წინაშე.
ამავე დოკუმენტის 2.1.3 პუნქტის მიხედვით, ბანკს მიაჩნია, რომ მომხმარებელზე ორიენტაცია ბანკის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტულ უპირატესობად უნდა იქცეს, რაც გულისხმობს: მუდმივ ზრუნვას მომსახურების ხარისხის ამაღლებაზე; მომსახურების ოპერატიულობას, მაქსიმალურ სისწრაფეს და სიზუსტეს; თავაზიანობას, გულისხმიერებას და მომხმარებლების ინტერესების ერთგულად დაცვას.
თანამშრომლების კორპორატიული სახელმძღვანელოს შესაბამისად, თანამშრომელი ვალდებულია შექმნას თანამშრომლობის პირობები და დაამყაროს კეთილმოსურნე ურთიერთობა კოლეგებთან, ვალდებულია პატივისცემით მოეკიდოს და დაიცვას კოლეგების ინტერესები;
თანამშრომელი ვალდებულია არ დაუშვას კონფლიქტური სიტუაციის შექმნა, მათ შორის ერთმნიშვნელოვნად კლიენტთან/მომხმარებელთან, ასევე, არა მარტო აიცილოს სიტუაცია, რომელიც გამოიწვევს კონფლიქტს, არამედ აიცილოს სიტუაცია, რომელიც პროვოცირებას გაუკეთებს კონფლიქტს. (2.1.4-2.1.5 პუნქტები).
2.1.10. პუნქტის თანახმად, ყველა თანამშრომელი ვალდებულია არ დაუშვას დამსაქმებლის პოლიტიკების, პროცედურების, კოდექსების, სტანდარტებისა და ინსტრუქციების დარღვევა. სახელმძღვანელოს 2.12.5 პუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულებით/გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულებით, შინაგანაწესით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დასაქმებულს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა.
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: წერილობითი საყვედური; წერილობითი სასტიკი საყვედური; ჯარიმა. 2.12.6 პუნქტით, დამსაქმებელი უფლებამოსილია, სათანადო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსასაზღვრად, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ჩაატაროს დისციპლინური წარმოება დასაქმებულის მიმართ, რომლის მიზანია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის არსებობის/არარსებობის დადგენა, დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის იდენტიფიცირება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, როგორც ბანკის შიდა რეგულაციების, ასევე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
აღნიშნულის განხორციელების მიზნით დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული უფლებამოსილია: - შეაგროვოს და შეისწავლოს საქმის გარემოებებისა და მასთან დაკავშირებული ფაქტების შესახებ ინფორმაცია; - მიიღოს და გაანალიზოს წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტებები, იმ პირისგან, რომელსაც აქვს ინფორმაცია დისციპლინური გადაცდომის ფაქტის შესახებ და შეუძლია წერილობით ან ზეპირად წარადგინოს აღნიშნული ახსნა-განმარტება (ასევე, ჩართოს დისციპლინურ წარმოებაში აღნიშნული პირი).
3. ბანკში მოსარჩელე N8 სერვის ცენტრის უფროსი ბანკირის პოზიციაზე მუშაობდა. სამუშაო ფუნქციების გათვალისწინებით დასაქმებულს აქტიური, ორმხრივი და ხშირი სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდა ამავე ბანკის რისკების ანალიზის მიმართულების თანამშრომლებთან.
4. 2023 წლის 5 ოქტომბერს, 3:38:16 საათზე, საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტის რისკების ანალიზის მიმართულების თანამშრომელს, სამსახურებრივი პროგრამის მეშვეობით მოსარჩელემ შემდეგი შინაარსის შეტყობინება გაუგზავნა:
,,პრობლემა არის იმაში, რომ თვითმიზნად გაქვთ სესხის არ დამტკიცება და არა იმაში, რომ განაცხადი არასწორად არის შევსებული, კლიენტი ზარალდება ასეთი არაპროფესიონალიზმით, შეცდომითაც რომ იყოს განაცხადი გამოგზავნილი თქვენ მაინც უნდა მოგეწერათ პირობითი გადაწყვეტილება და გაგეწერათ შესაბამისი პირობები, რა პირობით გაიცეს სესხი, რაც არ გააკეთეთ, რაც რეალურად არის რისკის საქმე და არა რამდენად სწორად შეივსო განაცხადი ამის კონტროლი“.
სესხზე განაცხადის შევსების თარიღად 2023 წლის 12 სექტემბერი ფიქსირდება.
5. მოსარჩელის მიმართვის ამონარიდის გარდა, სრული ორმხრივი მიმოწერა საქმეში წარმოდგენილი არ არის.
6. კოლეგასთან კორპორატიული მეილით ნეგატიური და კორპორაციული სტანდარტების შეუსაბამო ფორმის კომუნიკაციის გამო მოსარჩელესა და საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტის რისკების ანალიზის მიმართულების თანამშრომელს შორის 2023 წლის 5 ოქტომბერს განხორციელებულ კომუნიკაციასთან დაკავშირებით ბანკმა დასაქმებულს 2023 წლის 31 ოქტომბერს წერილობითი შეტყობინებით დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური გამოუცხადა.
7. მის მიმართ 2023 წლის 31 ოქტომბრის წერილით გამოცხადებული საყვედური 2023 წლის 22 ნოემბერს მოსარჩელემ დამსაქმებელთან გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა. საჩივარში დასაქმებულმა აღნიშნა, რომ 2023 წლის 5 ოქტომბერს, კონკრეტულ ქეისზე მასა და საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტის რისკების ანალიზის მიმართულების თანამშრომელს შორის მიმოწერისას, კომუნიკაცია შედგა სამსახურებრივი საქმიანობიდან და კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე და დასაქმებულის მხრიდან ნეგატიური და კორპორაციული სტანდარტების შეუსაბამო ფორმის მიმართვა არ იკვეთება.
8. 2023 წლის 11 დეკემბერს, ბანკის საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტის დირექტორის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მისი მიმართვის საფუძველზე განიხილეს დასაქმებულისთვის გამოცხადებული დისციპლინური პასუხისმგებლობის - საყვედურის გაუქმების შესახებ საჩივარი და დამატებითი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ დასაქმებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა დამსაქმებლის მიერ დადგენილი სტანდარტების და პოლიტიკის დარღვევას; დასტურდება დასაქმებულის მიერ გადაცდომის ჩადენა, რის გამოც დისციპლინური სახდელის გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.
9. 2023 წლის 31 ოქტომბერს დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით გამოცხადებული საყვედურის ბათილად ცნობის მოთხოვნით დამსაქმებლის წინააღმდეგ დასაქმებულმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით 2023 წლის 31 ოქტომბერს მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის გამოცხადებული საყვედური გაბათილდა.
11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დამსაქმებელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით: მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
12.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნა ჩამოაყალიბა:
კოლეგისადმი მიმართვა, რომ ,,თვითმიზნად გაქვთ სესხის არ დამტკიცება’’, ასევე მითითება მის ,,არაპროფესიონალიზმზე’’, მთლიანი ტექსტის კონტექსტის გათვალისწინებით, გაუმართლებელია და წინააღმდეგობაში მოდის კომპანიაში მოქმედ თანამშრომელთა კორპორაციული სახელმძღვანელოს 2.1.3-2.1.5, 2.1.10 პუნქტებთან.
შესაბამისად, იმაზე მითითება, რომ აღნიშნული კომუნიკაციის ფორმა მეორე მხარის მიერ მოწერილი ტექსტისადმი ადეკვატურ პასუხს წარმოადგენდა, არ ამსუბუქებს თავად დასაქმებულის მხრიდან გაჟღერებული პოზიციის არაეთიკურობას და არ ამართლებს მისი მხრიდან კოლეგისადმი მსგავსი უხეში ტონით მიმართვასა და შესაბამისად კონფლიქტური სიტუაციის შექმნას.
თავად სრული დიალოგის წარუდგენლობასთან მიმართებით ბანკმა განმარტა, რომ ვინაიდან მიმოწერა სხვა პირის (კლიენტის) კონფიდენციალურ მონაცემებს შეიცავდა, სრული ტექსტის წარმოდგენა დამსაქმებელმა მიზანშეუწონლად მიიჩნია და არსებული სახით მიმოწერა სრულად ასახვდა იმ დარღვევას, რაც კონკრეტული დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სახდელის დაკისრების საფუძველი გახდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ ბანკმა მართებულად გამოიყენა დისციპლინური სახდელი - საყვედური, რადგან დასაქმებულმა დაარღვია კომპანიაში მოქმედი თანამშრომელთა კორპორაციული სახელმძღვანელოს დანაწესები.
13. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი მოპასუხემ შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინა:
საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი ამონარიდით დასტურდება, რომ მოსარჩელესა და საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტის რისკების ანალიზის მიმართულების თანამშრომელს შორის 2023 წლის 12 სექტემბრის სასესხო განაცხადის თაობაზე 2023 წლის 5 ოქტომბერს მიმოწერა ნამდვილად შედგა. მოპასუხე მიუთითებს ხსენებულ მიმოწერაში მოსარჩელის მხრიდან ერთ-ერთ ეპიზოდზე და აღნიშნავს, რომ, არაეთიკური და შეურაცხმყოფელი შეტყობინება დასაქმებულმა რომელიმე კოლეგას კი არა, მთლიანად რისკების ანალიზის მიმართულებას გაუგზავნა.
მოსარჩელის განმარტებით, კომუნიკაცია შეეხებოდა სამსახურებრივი საქმიანობიდან და კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე მასსა და კოლეგას შორის შემდგარ მორიგ ყოველდღიურ მიმოწერას.
საკითხი დაკავშირებული იყო სამუშაო პროცესთან, ვადების დაცვასა და კლიენტისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებასთან. საუბრის ტონი და შინაარსი ჩვეული სტილის იყო, რაც დადასტურდებოდა არა ამონარიდით, არამედ - მთლიანი მიმოწერით, თუმცა შესაბამის საკითხზე ახსნა-განმარტების მისაღებად მისთვის არავის არ მიუმართავს.
ზემოაღნიშნული გარემოება ცხადყოფს, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი გარემოებით დამსაქმებელმა კონკრეტული თანამშრომლის მიმართ მიმართვა განაზოგადა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დამსაქმებლის მიმართ უკანონოდ გამოიყენა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
15. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
16. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
17. მოცემული დავის განხილვის საგანია, დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით გამოყენებული საყვედურის ბათილად ცნობა, რომლის მართლზომიერების საკითხის გაანალიზებისას პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეზე გამოვლენილ შემდეგ გარემოებებზე:
1). ბანკში მოსარჩელე N8 სერვის ცენტრის უფროსი ბანკირის პოზიციაზე მუშაობდა.
2). სამუშაო ფუნქციების გათვალისწინებით დასაქმებულს აქტიური, ორმხრივი და ხშირი სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდა ამავე ბანკის რისკების ანალიზის მიმართულების თანამშრომლებთან.
3). 2023 წლის 5 ოქტომბერს, 3:38:16 საათზე, საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტის რისკების ანალიზის მიმართულების თანამშრომელს, სამსახურებრივი პროგრამის მეშვეობით მოსარჩელემ შემდეგი შინაარსის შეტყობინება გაუგზავნა: ,,პრობლემა არის იმაში, რომ თვითმიზნად გაქვთ სესხის არ დამტკიცება და არა იმაში, რომ განაცხადი არასწორად არის შევსებული, კლიენტი ზარალდება ასეთი არაპროფესიონალიზმით, შეცდომითაც რომ იყოს განაცხადი გამოგზავნილი თქვენ მაინც უნდა მოგეწერათ პირობითი გადაწყვეტილება და გაგეწერათ შესაბამისი პირობები, რა პირობით გაიცეს სესხი, რაც არ გააკეთეთ, რაც რეალურად არის რისკის საქმე და არა რამდენად სწორად შეივსო განაცხადი ამის კონტროლი“. სესხზე განაცხადის შევსების თარიღად 2023 წლის 12 სექტემბერი ფიქსირდება.
4). კოლეგასთან კორპორატიული მეილით ნეგატიური და კორპორაციული სტანდარტების შეუსაბამო ფორმის კომუნიკაციის გამო მოსარჩელესა და საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტის რისკების ანალიზის მიმართულების თანამშრომელს შორის 2023 წლის 5 ოქტომბერს განხორციელებულ კომუნიკაციასთან დაკავშირებით ბანკმა დასაქმებულს 2023 წლის 31 ოქტომბერს წერილობითი შეტყობინებით დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური გამოუცხადა.
5). მის მიმართ 2023 წლის 31 ოქტომბრის წერილით გამოცხადებული საყვედური 2023 წლის 22 ნოემბერს მოსარჩელემ დამსაქმებელთან გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა. საჩივარში დასაქმებულმა აღნიშნა, რომ 2023 წლის 5 ოქტომბერს, კონკრეტულ ქეისზე მასა და საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტის რისკების ანალიზის მიმართულების თანამშრომელს შორის განხორციელებული მიმოწერის ფარგლებში, სამსახურებრივი საქმიანობიდან და კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე შედგა შესაბამისი მიმოწერა და დასაქმებულის მხრიდან ნეგატიური და კორპორაციული სტანდარტების შეუსაბამო ფორმის კომუნიკაცია არ იკვეთება.
6). 2023 წლის 11 დეკემბერს, ბანკის საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტის დირექტორის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მისი მიმართვის საფუძველზე განიხილეს დასაქმებულისთვის გამოცხადებული დისციპლინური პასუხისმგებლობის - საყვედურის გაუქმების შესახებ საჩივარი და დამატებითი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ დასაქმებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა დამსაქმებლის მიერ დადგენილი სტანდარტების და პოლიტიკის დარღვევას, დასტურდება დასაქმებულის მიერ გადაცდომის ჩადენა, რის გამოც დისციპლინური სახდელის გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.
18. ზემომითითებული გარემოებების გათვალისწინებით სრულადაა გასაზიარებელი სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიმართ ბანკმა მართებულად გამოიყენა დისციპლინური სახდელი - საყვედური, რადგან დასაქმებულმა დაარღვია კომპანიაში მოქმედი თანამშრომელთა კორპორაციული სახელმძღვანელოს დანაწესები. კერძოდ, კოლეგისადმი მიმართვა, რომ ,,თვითმიზნად გაქვთ სესხის არ დამტკიცება’’, ასევე მითითება მის ,,არაპროფესიონალიზმზე’’, როგორც ცალკეული ისე მთლიანი ტექსტის შინაარსობრივი მხარის გათვალისწინებით, გაუმართლებელია და ერთმნიშვნელოვნად წინააღმდეგობაში მოდის მოპასუხე კომპანიაში მოქმედ თანამშრომელთა კორპორაციული სახელმძღვანელოს 2.1.3-2.1.5, 2.1.10 პუნქტებთან.
19. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას ვერ განაპირობებს კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ სადავო კომუნიკაცია მეორე მხარის მიერ მოწერილი ტექსტის მიმართ ადეკვატურ პასუხს წარმოადგენდა. ეს გარემოება არ ამსუბუქებს თავად დასაქმებულის მხრიდან გაჟღერებული პოზიციის არაეთიკურობას და არ ამართლებს მისი მხრიდან კოლეგისადმი მსგავსი უხეში ტონით მიმართვასა და შესაბამისად კონფლიქტური სიტუაციის შექმნას; მაშინ როდესაც ბანკირისა და რისკების ანალიზის დეპარტამენტის სათანადო კომუნიკაცია ბანკის ეფექტურ ფუნქციონირების განმსაზღვრელია და წინამდებარე ორ მიმართულებას შორის არაკონსტრუქციული ურთიერთობის ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედებს ბანკის წარმატებულ სამეწარმეო საქმიანობაზე.
აღსანიშნავია, რომ სრული დიალოგის წარუდგენლობასთან მიმართებით ბანკმა მართებულად განმარტა, რომ ვინაიდან მიმოწერა სხვა პირის (კლიენტის) კონფიდენციალურ მონაცემებს შეიცავდა, სრული ტექსტის წარდგენა მიზანშეწონილი არ იყო და არსებული სახით მიმოწერა სრულად ასახვდა იმ დარღვევას, რაც კონკრეტული დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სახდელის დაკისრების საფუძველი გახდა.
20. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ბ.ბ–ძეს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #5655, გადახდის თარიღი - 8.07.2025) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია