19 დეკემბერი, 2025 წელი,
საქმე №ას-1286-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს ,,ნ.ვ.დ–ვა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2023 წლის 22 დეკემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა (შემდეგში - მოსარჩელე, დამზღვევი ან სამინისტრო) და სს „ნ.ვ.დ–ვას“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, მზღვეველი, სადაზღვევო კომპანია) შორის დაზღვევის ხელშეკრულება (შემდეგში - დაზღვევის ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო, რომლის საგანი იყო, დამზღვევის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებებისთვის სატენდერო დოკუმენტაციისა და წინამდებარე ხელშეკრულების N1, N2, N3 და N4 დანართების შესაბამისად მზღვეველის მიერ 355 989.97 ლარის ღირებულების სადაზღვევო მომსახურების შესყიდვა. მომსახურების გაწევის ადგილად საქართველოს ტერიტორია განისაზღვრა, ხოლო დაზღვევის პერიოდმა მოიცვა, ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღის 24:00 საათიდან, მაგრამ არაუადრეს 2024 წლის 1 იანვრის 00:00 საათისა, არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრის 24:00 საათამდე დროის მონაკვეთი.
2. კონსოლიდირებული ტენდერის პირობების მიხედვით, განსაზღვრული სადაზღვევო რისკებია: ა). საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მიუხედავად იმისა, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა თუ გაჩერებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა; ვ). სადაზღვევო შემთხვევა, მიუხედავად იმისა, მძღოლი გადაღლილი იყო, ჩაეძინა თუ მოძრაობის წესები დაარღვია.
ხელშეკრულება საერთო გამონაკლისებსაც ითვალისწინებდა, მზღვეველი უფლებამოსილი იყო, არ აენაზღაურებინა: ა). შემთხვევა, თუ ზარალი დადგა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების მართვისას არაუფლებამოსილი პირის მიერ; ბ). შემთხვევა, რომელიც მოხდა სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ალკოჰოლური ან ნარკოტიკული (ფსიქოტროპული) ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს, მიუხედავად იმისა, ზარალი უფლებამოსილი მძღოლის ბრალით დადგა, თუ მის გარეშე; გ). ზარალი, რომელიც გამოწვეული იქნებოდა დამზღვევის მიერ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული განზრახი ქმედებით, მათ შორის ისეთი შემთხვევა, როდესაც სადაზღვევო შემთხვევას (გარდა I ნაწილის I მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) დამზღვევი განზრახ გამოიწვევდა ან სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებულ რაიმე დოკუმენტაციას რაიმე ხერხით გააყალბებდა; დ). დამზღვევის ან მისი წარმომადგენლის მიერ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული განზრახ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, როდესაც სატრანსპორტო საშუალება გამოყენებული იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის იარაღად; ე). შემთხვევა, რომელიც ითვალისწინებდა უფლებამოსილი მძღოლის თვითმკვლეობას ან მის მცდელობას, გარდა მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევისა; ვ). შემთხვევა, რომელიც ითვალისწინებდა უფლებამოსილი მძღოლის ისეთ განზრახ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას (გარდა I ნაწილის I მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა); ზ). შემთხვევა, თუ დაზღვეულ ინტერესთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა ორმაგ დაზღვევას, მაგრამ დამზღვევს ასეთი ორმაგი დაზღვევის შესახებ მზღვეველისთვის ინფორმაცია წერილობითი ფორმით წარდგენილი არ ექნებოდა; თ). დაზიანებული ქონების შეკეთების შედეგად მისი საბაზრო ღირებულების შემცირების ხარჯები; ი). ზარალი, თუ დამზღვევის მიერ სადაზღვევო ხელშეკრულებაში მითითებული რომელიმე ინფორმაცია (სატრანსპორტო საშუალების, დამზღვევის და უფლებამოსილი მძღოლების შესახებ) არაზუსტი აღმოჩნდებოდა, გარდა ტექნიკური შეცდომისა, რომელიც არ ზრდიდა რისკის მოცულობას; კ). შემთხვევა, რომლის დროსაც დამზღვევის მხარე ანდა მოსარგებლე უარს განაცხადებდა მზღვევლისათვის რეგრესული უფლებამოსილების მოთხოვნის გადაცემაზე; ლ). ზარალი, რომელიც წარმოიშვა დაზღვევის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. მ). ზარალი, რომელიც წარმოიშვა სატრანსპორტო საშუალების გამოყენებისას, სასწავლო ან სასპორტო დანიშნულებით (გარდა სამსახურებრივი ეგიდით ჩატარებული რბოლების, სწავლებისა და ონისძიებებისა); ნ). შემთხვევა, თუ დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება გადატვირთული იყო ან მგზავრების რაოდენობა აღემატებოდა მწარმოებლის მიერ დასაშვებს და სწორედ ამან გამოიწვია სადაზღვევო შემთხვევა; ო). ხარჯები, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა მესამე პირისა და მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან/გარდაცვალებასთან; სადაზღვევო პასუხისმგებლობა, თუ დამზღვევი აღიარებდა საკუთარ პასუხისმგებლობას და მზღვეველის თანხმობის გარეშე გასცემდა პირობას ზიანის კომპენსაციაზე; რ). დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურებისა და სააგრანტიო ხარჯები.
3. სატენდერო პირობების II ნაწილის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, [სატრანსპორტო საშუალების] სრულ დაზიანებად (განადგურებად) ჩაითვლება: ა). სატრანსპორტო საშუალების ზიანი, რომელიც არ ექვემდებარება აღდგენას (სრული განადგურება/ტოტალი); ბ). სადაზღვევო შემთხვევა, თუ მზღვეველის მიერ ერთჯერადად ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა აჭარბებს ან შეადგენს კონკრეტული სატრანსპორტო საშუალების საბალანსო ღირებულების 80%-ს; გ). შემთხვევა, თუ კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებაზე სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში ჯამურად (მიუხედავად ჯერადობისა) გაწეული-გასაწევი შეკეთების ღირებულება შეადგენს ან აღემატება კონკრეტული სატრანსპორტო საშუალების საბალანსო ღირებულების 80%-ს; დ). ზარალი, რომელიც გამოწვეულია სატრანსპორტო საშუალების დაკარგვით.
ამავე ნაწილის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად სატრანსპორტო საშუალების სრული ზარალის (განადგურების) ან დაკარგვის შემთხვევაში, მზღვეველი ვალდებულია გასცეს ანაზღაურება დამზღვევის სასარგებლოდ, ფულადი ან არაფულადი ფორმით, დამზღვევის მოთხოვნის შესაბამისად. ფულადი ანაზღაურების შემთხვევაში, მზღვეველი ვალდებულია, გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება ხელშეკრულებაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების საბალანსო ღირებულების ოდენობით, მიუხედავად ამ სატრანსპორტო საშუალებაზე აღნიშნულ მომენტამდე გაცემული სადაზღვევო ანაზღაურებებისა.
4. დაზღვევის პერიოდში, 2024 წლის 25 ივნისს, სამსახურის ბალანსზე რიცხულ ,,MITSUBISHI L200“-ის მარკის ავტომობილს (შემდეგში - ავტომობილი), რომელიც მოპასუხე კომპანიაში იყო დაზღვეული, თვითნებურად დაგორების შედეგად წინა ცხაური დაუზიანდა.
მძღოლის სახელზე საპატრულო პოლიციამ საჯარიმო ქვითარი გამოწერა.
შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ ინსპექტორის პატაკით დადგენილია, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულია უფლებამოსილი მძღოლის, რ.დ–ძის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით, შედეგად რ.დ–ძე ბრალეულ პირად მიიჩნიეს და მის სახელზე საჯარიმო ქვითარი შეადგინეს.
5. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ავტომობილი მნიშვნელოვნად დაზიანდა. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მისი აღდგენა. დაზიანებული ავტომობილი 2024 წლის 12 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე შეკეთდა, რომლის ღირებულებამაც 7 582 ლარი შეადგინა.
6. მზღვეველის 2024 წლის 10 ივლისის წერილით ზარალის ანაზღაურებაზე დამზღვევს უარი იმ საფუძვლით ეთქვა, რომ შემთხვევა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასდა. წერილის მიხედვით, მოპასუხესა და მძღოლ რ.დ–ძეს შორის სატელეფონო გასაუბრება შედგა. აუდიო გასაუბრების დროს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლმა რ.დ–ძემ განმარტა, რომ როდესაც ავტომობილი გააჩერა, ხელის მუხრუჭის მომართვა დაავიწყდა და სატრანსპორტო საშუალებიდან ისე გადავიდა. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ მძღოლმა დაინახა, რომ მის მიერ გაჩერებული სატრანსპორტო საშუალება დაგორდა და იმავე ეზოში მდგარ სპეც-საშუალების მისაბმელს შეეჯახა. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37.8 მუხლის შესაბამისად, მძღოლმა არ უნდა დატოვოს თავისი სატრანსპორტო საშუალება, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად სიფრთხილის ყველა აუცილებელ ზომას არ მიიღებს.
7. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 7 582 ლარის დაკისრების მოთხოვნით მზღვეველის წინააღმდეგ დამზღვევმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 7 582 ლარის გადახდა დაეკისრა.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 18 ივნისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
10.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნა ჩამოაყალიბა:
- ავტოსატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული არ იყო მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით.
კანონმდებლობით ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრულია, რომ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული შემთხვევის დაზღვევა არ ხდება და მზღვეველი დამდგარ ზიანს არ აანაზღაურებს. ამასთან, არ შეიძლება ყოველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა სადაზღვევო თვალსაზრისით უხეშ გაუფრთხილებლობად ჩაითვალოს, რადგან ყოველი სამართალდარღვევა განსხვავებული ხარისხის ბრალის მატარებელია.
მოცემულ შემთხვევაში, დამზღვევი და მზღვეველი ითვალისწინებდნენ აღნიშნულ გარემოებას და სწორედ ამ მიზნით იყო, რომ კონსოლიდირებული ტენდერის პირობების მიხედვით განსაზღვრული სადაზღვევო რისკებია: ა). საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა). მიუხედავად იმისა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა, თუ გაჩერებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა; ვ). სადაზღვევო შემთხვევა, მიუხედავად იმისა მძღოლი გადაღლილი იყო, ჩაეძინა ან დაარღვია მოძრაობის წესები.
ამასთან, ხელშეკრულება ითვალისწინებს საერთო გამონაკლისებს და მზღვეველი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს: გ). ზარალი, რომელიც გამოწვეულია დამზღვევის მიერ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული განზრახი ქმედებით, მათ შორის ისეთი შემთხვევა, როდესაც დამზღვევი განზრახ გამოიწვევს სადაზღვევო შემთხვევას (გარდა I ნაწილის I მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან რაიმე ხერხით გააყალბებს სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებულ რაიმე დოკუმენტაციას; ვ). შემთხვევა, რომელიც ითვალისწინებს უფლებამოსილი მძღოლის ისეთ განზრახ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას (გარდა I ნაწილის I მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).
- დამზღვევის პასუხისმგებლობის ფარგლების მოპასუხისეული განმარტება ეწინააღმდეგება დაზღვევის, როგორც სამართლებრივ, ისე ეკონომიკურ არსს, რადგან ასეთი მიდგომა შესაძლებლობას იძლევა, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დამზღვევის ნებისმიერი მოქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასდეს და დამდგარი ზიანი მზღვეველმა არ აანაზღაუროს.
- ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციისას გამოვლენილი უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის გამიჯვნის თაობაზე საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ „გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა“ (იხ საქმე 1306-1226-2015).
- დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მძღოლის ბრალეულობა გამოიხატა გაუფრთხილებლობაში. ბრალეულობის საკითხის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო შემდეგი ფაქტები: (I). დაზღვეულ ავტომობილს უფლებამოსილი მძღოლი მართავდა; (II). ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლი იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში; (III). ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლს არ აღენიშნებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. ამ ფაქტების ერთობლიობა, საქმის მასალების გათვალისწინებით, იძლევა დამზღვევის მოქმედების მარტივ და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას. შესაბამისად, მძღოლის უხეშ გაუფრთხილებლობაზე მითითებისა და ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ დამზღვევის პოზიცია უსაფუძვლოა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 829-ე მუხლი).
12. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოპასუხემ შემდეგი დასაბუთებით შემოიტანა:
- სააპელაციო სასამართლოს ბუნდოვანი მსჯელობა აქვს იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიეკუთვნება განსახილველი შემთხვევა დაზღვეულ რისკს. დაზღვევის ხელშეკრულების #1 დანართის პირველი პუნქტი სადაზღვევო რისკების დეტალურ ჩამონათვალს შეიცავს, თუმცა უხეში გაუფრთხილებლობით დამდგარ ზიანზე მათში მითითებული არ არის. ხელშეკრულების მე-17 პუნქტის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები საქართველოს კანონმდებლობით წესრიგდება, ხოლო სსკ-ის 829-ე მუხლის თანახმად, დამზღვევის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში მზღვეველის პასუხისმგებლობა გამოირიცხება. გარდა ამისა, სადაზღვევო რისკის აღიარება იმას არ გულისხმობს, რომ საგამონაკლისო წესზე დაყრდნობით, მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმა არ შეუძლია.
- მოცემულ საქმეზე დგინდება, რომ განსახილველი სამართალდარღვევა წარმოადგენს უფლებამოსილი მძღოლის ისეთ უხეშ გაუფრთხილებლობას, როდესაც ამ უკანასკნელმა განსაკუთრებული დაუდევრობით იმოქმედა. მისი ქმედება ვერ ექცევა უკიდურესი აუცილებლობის ფარგლებში და გაწეული რისკი თანაზომიერი არ არის. შეუძლებელია, რომ აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებული არათანაზომიერად გადაჭარბებული რისკი მძღოლს გაცნობიერებული არ ჰქონოდა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
14. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს.
ამავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში (შდრ: ი. გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრატიკა, 2017, გვ.119).
დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო;
მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85.).
სსკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). მოცემული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე.
აქედან გამომდინარე, მხარეთა მიერ დაზღვევის ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირობების დაცვა უმნიშვნელოვანესია ვინაიდან გამოირიცხოს მზღვეველის მიმართ სათანადო საფუძვლის გარეშე თანხის დაკისრება, შესაბამისად მაქსიმალურად შეიზღუდოს დამზღვევის არაკეთილსინდისიერი მოქმედების წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის რეალურ დანიშნულებასა და მიზანს.
17. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველი საქმის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოცემული დავის ძირითადი კვლევის საგანი, კერძოდ, არსებობს თუ არა მოსარჩელის მიერ მითითებული ავტოსაგზაო შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად კვალიფიკაციის საფუძველი. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ შეკითხვას სწორად გასცა პასუხი, რისი დამადასტურებელი არგუმენტებიც გასაჩივრებულ განჩინებაში საკმარისად წარმოადგინა და მათი მოტივაცია საკასაციო პრეტენზიით უარყოფილი ვერ იქნა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო ინტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შესაბამისადაც: ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დადგომისას მძღოლი არ მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით და ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა, შესაბამისად, ამ კუთხით არ არსებობდა ხელშემშლელი ფაქტორები, რასაც შეეძლო მოსარგებლისთვის ხელი შეეშალა ავტომობილის კონცენტრირებულად მართვაში.
ამდენად, მტკიცებულებების ერთობლიობით სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მძღოლის ქმედებაში არ იკვეთებოდა უხეშ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაციისთვის აუცილებელი ელემენტები და სასარჩელო მოთხოვნაც კანონშესაბამისად დაკმაყოფილდა.
18. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
19. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ,,ნ.ვ.დ–ვის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს ,,ნ.ვ.დ–ვას“ (ს/ნ .........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 379.10 ლარის (საგადასახადო დავალება # 1754039166, გადახდის თარიღი - 01.08.2025) 70% - 265.37 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია