8 მაისი, 2025 წელი,
საქმე №ას-1315 -2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - მ.კ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - გ.ა–ი, ნ.კ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანამესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.კ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 21 მაისის განჩინებას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე ნ.კ–ძისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) და გ.ა–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ აღძრული მოთხოვნა უარყოფილ იქნა. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:
კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა განსახილველი დავის ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებაც კანონშეუსაბამოდ განახორციელა, რასაც შედეგად მოჰყვა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მოსარჩელე და პირველი მოპასუხე და-ძმა, ხოლო მოპასუხეები მეუღლეები არიან.
4.4. მხარეები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...... მდებარე ვ.კ–ძის კომლის წევრები იყვნენ.
4.5. ლაგოდეხის რაიონის სოფელ ...... 1986-1996 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად ირიცხება ვ.გ. ძე კ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კომლის უფროსი) კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ცოლი - ს. გ. ასული კ–ძე (გადახაზულია, გარდაიცვალა); შვილები - მ. ვ. ასული კ–ძე (გადახაზულია, გამოეყო); ზ. ვ. ძე კ–ძე (გადახაზულია გამოეყო); პირველი მოპასუხე; მოსარჩელე (გამოყოფილია); მ.ქ–ძე - ნათესაური კავშირი არ ფიქსირდება (გადახაზულია) (იხ. საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 17 დეკემბრის ცნობა).
4.6. 1986 წელს, კომლს ერიცხება 1955 წელს აგებული, 101 კვ.მ, ხოლო 1987-1990 წლებში - 80 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 1986 -1990 წლებში - 0,15 ჰა მიწის ფართობი.
4.7. კომლის უფროსის კომლს მოსარჩელე ასევე ზ. და მ. კ–ეები გამოეყვნენ (იხ. საჯარო რეესტრის ცნობა).
4.8. სოფელ ...... 1997-2006 წლების საკომლო წიგნში, კომლის უფროსად ჩაწერილია ვ.გ. ძე კ–ძე. კომლში ირიცხებიან: ს. გ. ასული კ–ძე - ცოლი (გადახაზულია, გარდაიცვალა) და - შვილი/პირველი მოპასუხე.
1997 წელს კომლს ერიცხება 1965 წელს აგებული 80 კვ.მ საცხოვრებელი სახლი. მიწის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.
სოფელ ...... 1992-2001 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიის მიხედვით, კომლის უფროს - 1,25 ჰა მიწის ფართობი ერიცხება.
4.9. მოსარჩელე კომლის უფროსის კომლს გამოეყო, შესაბამისად, საკომლო ქონებაზე საკუთრების უფლება დაკარგა, კერძოდ:
4.9.1. საჯარო რეესტროს ეროვნული სააგენტოს არქივის 2023 წლის 4 აპრილის №02-3/12971 ცნობის თანახმად, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ...... 1986-1995 წლების საკომლო წიგნების მიხედვით, მოსარჩელე გამოეყო კომლის უფროსის კომლს და ამავე სოფლის 1996-2006 წლების წიგნებში ცალკე, კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ფიქსირდება, ხოლო პირველი მოპასუხე კვლავ კომლის უფროსის კომლის წევია.
4.9.2. 1992-2001 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში, მოსარჩელე და პირველი მოპასუხე ცალ-ცალკე ირიცხებიან და ორივეს - 1,25 ჰა მიწის ნაკვეთი უფიქსირდებათ.
4.10. უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე (იხ. 2019 წლის 30 აგვისტოს საარქივო ცნობა).
4.11. პირველი მოპასუხე კომლის უფროსის კომლის წევრია.
4.12. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ....., მდებარე უძრავი ქონება ს/კ-ით #......., 2018 წლის 4 მარტის №36/16717 საარქივო ცნობის თანახმად, პირველი მოპასუხის საკუთრებაა.
4.13. 2019 წლის 19 ივლისს პირველმა მოპასუხემ, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ზემოაღნიშნული უძრავი ქონების 1/2 ნაწილი მეუღლეს/მეორე მოპასუხეს აჩუქა და ეს უკანასკნელი აღირიცხა მის მესაკუთრედ ( სსკ-ის 524-ე მუხლი).
4.14. პირველი მოპასუხე სადავო ქონების ერთადერთი მესაკუთრე იყო და შესაბამისად, უფლებაბოსილი იყო განეკარგა კუთვნილი ქონება.
5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკომლო ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები წესრიგდებოდა 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით, რომლის 122-ე (კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით) და 125-ე (საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნის) მუხლების დანაწესით, კომლს გააჩნდა საერთო საკუთრება, რომელიც მის წევრებს ეკუთვნოდა თანასაკუთრების უფლებით. კომლის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა წარმოებდა კომლის ყველა წევრის თანხმობით.
კომლის საერთო ქონებიდან კომლის წევრის წილის განსაზღვრა - გამიჯვნა შესაძლებელი იყო მხოლოდ სამ შემთხვევაში, კერძოდ:
1) მისი გასვლისას კომლის შემადგენლობიდან, ახალი კომლის შეუქმნელად ( გამოყოფა);
2) ერთი კომლიდან ორი ან მეტი კომლის შექმნისას (გაყრა);
3) კომლის წევრის პირადი ვალდებულებების მიხედვით გადახდევინება.
კომლის ქონებაში ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდათ.
6. მიწისა და საერთოდ სოფლის მეურნეობის სისტემაში რეფორმის განხორციელებამ, შესაბამისად ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნამ, მნიშვნელოვნად შეცვალა მანამდე არსებული მოწესრიგება.
ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას წარმოადგენდა, არის კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომელზედაც ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საერთო საკუთრების სამართლებრივი რეჟიმი.
7. საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის # 949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის # 29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა.
კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადიოდა მათ კერძო საკუთრებაში.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის # 128 დადგენილების მეორე პუნქტით კი, დადგინდა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები უნდა გაცემულიყო 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით.
8. მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ ფაქტს, რომ ნორმატიული აქტით დადგენილი პერიოდისათვის, კერძოდ, 1992 წლის 1 იანვრის მდომარეობით, პირი კომლის ოჯახის წევრად უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული (აღრიცხული).
ამავე ნორმატიული ბაზიდან გამომდინარე, აღნიშნულ ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგან დამოუკიდებელ ოჯახად გასულ და რეგისტრირებულ ოჯახს უფლება წარმოეშობოდა, სხვა ადგილას მიეღო ქონება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმატიული წყაროს მიზანი იყო ოჯახების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მიწების დაკანონება, ამდენად, აღნიშნული პერიოდისათვის ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრის სახელზე მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლებას იძენდა ამავე ოჯახის ყველა ის წევრი, რომელსაც სხვა მიწის ნაკვეთის მიღებაზე უფლება არ გააჩნდა, მიუხედავად იმისა, აპირებდა თუ არა იგი აღნიშნული უფლების რეალიზებას.
9. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია, მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
9.1. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს შეუძლიათ საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
9.2. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
9.3. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებს ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება დავას.
9.4. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და, პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის წარმომშობი ყველა გარემოება, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, „სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა“, თბ., 2003, გვ.64).
10. ზემოაღნიშნული ფაქტობრივ-სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რაც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის # 128 დადგენილების მეორე პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია კერძოდ:
11. ლაგოდეხის რაიონის სოფელ ...... 1986-1995 წლების საკომლო წიგნების მიხედვით, დგინდება, რომ მოსარჩელე გამოეყო მამის - ვ.კ–ძის კომლს და ცალკე, კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად დარეგისტრირდა (იხ. 1996-2006 წლების საკომლო წიგნები), ხოლო პირველი მოპასუხე კომლის უფროსის კომლის წევრად დარჩა (იხ. 1986-2006 წლების ჩანაწერები), რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ წარდგენილა;
აღნიშნული გარემოებების გასაქარწყლებლად კი, მოსარჩელეს რელევანტური არგუმენტები არ წარმოუდგენია ამავდროულად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მხოლოდ ზეპირი განმარტებები, ვერ გახდებოდა კასატორის მიერ დასახელებული გარემოებების არსებობის დამადასტურებელი არგუმენტი.
პალატის მოსაზრებით, სათანადო მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში, მოსარჩელის/კასატორის მითითება, რომ კომლის უფროსის კომლიდან მისი გამოყოფა რეალურად არ მომხდარა და კომლის ქონებაზე პირველ მოპასუხესთან ერთად გააჩნდა თანასაკუთრების უფლება, სათანადო ხასიათის მტკიცებულებებით ვერ დასტურდება და დაუსაბუთებელია.
12. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს აღძრული აქვს აღიარებითი სარჩელი, რომლის ლეგალურ დეფინიციას შეიცავს სსსკ-ის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება, აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
აღიარებითი სარჩელი, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სსსკ-ის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ და შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის - იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურსამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს; ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა.
გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, როდესაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით.
მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებას; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის იურიდიული ინტერესის სამართლებრივ საკითხებზე განმარტებულია საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაში. დიდმა პალატამ სსკ-ის 180-ე მუხლის განმარტებისას, დაასკვნა რომ: „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე N ას-121-117-2016, 17 მარტი 2016).
14. არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი (შდრ, სუსგ №ას-375-359-2016, 17 ივნისი, 2016.).
15. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ „სადავო გარიგებათა შეფასებისას მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად პერსპექტიულია პროცესუალური თვალსაზრისით სასარჩელო მოთხოვნა მაშინ, როდესაც გამოკვეთილი არაა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი - ანუ რა სამართლებრივ შედეგს განაპირობებს მოსარჩელისათვის სასამართლოს მიერ გარიგების ბათილად ცნობა“ (შდრ. სუსგ №ას-964-899-2017, 23 თებერვალი, 2018 წელი).
16. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია პირველი მოპასუხის კომლის კუთვნილ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და მის საფუძველზე დადებული ჩუქების ხელშეკრულების მართლზომიერებაა.
17. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ აუცილებელია არსებობდეს მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით კი იურიდიული ინტერესი მოიცავს შედეგებს, რომელიც კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებში რეალურად მიღწევადი უნდა იყოს.
18. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ კომლის უფროსის კომლიდან მოსარჩელის გამოყოფის გამო, არ დასტურდებოდა კომლის ქონებაზე მისი საკუთრების უფლება, შესაბამისად, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი სახეზე არ იყო და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. აქედან გამომდინარე თვალნათელია, რომ აღიარებითი მოთხოვნის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესიც არ არსებობდა.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
22. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სსსკ-ის 46.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა