19 დეკემბერი, 2024 წელი,
საქმე №ას-1029-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ვ.პ.მ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.გ–ი, ნ.წ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2017 წლის 18 მაისს, სს „ს.ბ–სა“ (შემდეგში - ბანკი) და ვ.პ.მ–ს (შემდეგში - მოსარჩელე) შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც, ქ.თბილისში, .......... მდებარე უძრავი ქონება (ს.კ. ......, შემდეგში წინამდებარე განჩინებაში მოხსენიებული, როგორც: უძრავი ნივთი, უძრავი ქონება ან სადავო ქონება) მოსარჩელემ შეიძინა. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებად 8 000 აშშ დოლარი განისაზღვრა. მოსარჩელე წარმოშობით გერმანელია, რომელსაც საქართველოში სხვა უძრავი ქონება არ აქვს საკუთრებაში.
2. 2018 წლის 22 აპრილიდან, მოსარჩელე და ლ.გ–ი (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან დასაჩუქებული) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ.
3. 2018 წლის 9 ნოემბერს, მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის ჩუქების ხელშეკრულება (შემდეგში - ჩუქების პირველი ხელშეკრულება ან ჩუქების პირველი გარიგება) დაიდო, რომლითაც სადავო ქონება მოსარჩელემ პირველ მოპასუხეს აჩუქა.
4. მოსარჩელისგან საჩუქრად მიღებული უძრავი ნივთი, 2022 წლის 17 მაისს შედგენილი ჩუქების ხელშეკრულების (შემდეგში - ჩუქების მეორე ხელშეკრულება ან ჩუქების მეორე გარიგება) საფუძველზე პირველმა მოპასუხემ თავის შვილს - ნ.წ–ძეს (შემდეგში - მეორე მოპასუხე) აჩუქა, რომელიც მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. უძრავ ქონებაზე მეორე მოპასუხის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. მეორე მოპასუხის სახელით, რომელიც იმ დროისთვის არასრულწლოვანი იყო, ჩუქების მეორე ხელშეკრულებას ხელს აწერს მისი მამა - მ.წ–ძე.
5. ჩუქების მეორე ხელშეკრულების დადებას მეუღლეთა შორის კონფლიქტი მოჰყვა, რის შედეგადაც, 2022 წლის 18 მაისს, მოსარჩელის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა, ხოლო, მოგვიანებით - დამცავი ორდერი.
6. ჩუქების მეორე ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე მეუღლეთა შორის წარმოშობილი კონფლიქტიდან გამომდინარე მხარეები განქორწინდნენ, მოსარჩელე საცხოვრებლის გარეშე დარჩა და მეზობლისგან დროებით ქირის სახით გადაცემულ სახლში ცხოვრობს.
7. ჩუქების პირველი ხელშეკრულების გაუქმების, ჩუქების მეორე ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავ ნივთზე მესაკუთრედ აღრიცხვის მოთხოვნით მოპასუხეთა წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით: სარჩელი დაკმაყოფილდა; ჩუქების პირველი ხელშეკრულება გაუქმდა; ჩუქების მეორე ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი; სადავო ქონების მესაკუთრედ მოსარჩელე იქნა ცნობილი.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით:
- მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა;
- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- 1/2 ნაწილში ჩუქების პირველი ხელშეკრულება გაუქმდა;
- 1/2 ნაწილში ჩუქების მეორე ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი;
- მოსარჩელე სადავო ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ იქნა ცნობილი.
10.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და საქმის მასალებთან მათი ერთობლივად შეფასების შედეგად მიიჩნია შემდეგი:
10.1.1. საქმის მასალებით არ დადასტურდა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისთვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 529.1 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი - მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის მიერ გამოჩენილი დიდი უმადურობის გამოვლენის ან/და მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. რაც შეეხებოდა სსკ-ის 530-ე მუხლით (თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში) გათვალისწინებული გარემოებების მიხედვით ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლის არსებობას, ამ თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება შემდეგ არგუმენტებზე გაამახვილა:
პირველ მოპასუხესთან დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ საქართველოში თავისი ერთადერთი საცხოვრებელი სახლი განკარგა; მეუღლეთა შორის წარმოშობილი კონფლიქტის შედეგად მოსარჩელე და პირველი მოპასუხე განქორწინდნენ, მოსარჩელე საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა და მეზობელთან ქირით ცხოვრობდა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში იკვეთებოდა სსკ-ის 530.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმსაზღვრელი წინაპირობები, კერძოდ, დადგინდა, რომ გაჩუქებული ქონება მჩუქებლის (მოსარჩელე) ერთადერთ საცხოვრისს წარმოადგენდა და უძრავი ნივთის გაჩუქებით მოსარჩელე მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა;
კერძოდ, მას იმის შესაძლებლობა მოესპო, რომ საცხოვრებელი ჰქონოდა, რომელსაც „თავისად მიიჩნევდა“ და მასში ცხოვრებისათვის „საფასურს“ არ გადაიხდიდა, თუმცა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი ½ ნაწილში არსებობდა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ჩუქების სრულად გაუქმებით დასაჩუქრებულიც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.
მნიშვნელოვანი იყო, რომ სადავო სახლში პირველი მოპასუხე თავის არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობდა, შესაბამისად, დასაჩუქრებულის მხარეზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, არ იკვეთებოდა ჩუქების ხელშეკრულების სრულად გაუქმების წინაპირობები.
10.1.2. გარდა ამისა, დავის მოსაწესრიგებლად სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 977.1 მუხლი (პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელმა შეასრულოს ან არ შეასრულოს რაიმე მოქმედება, შეუძლია გადაცემულის გამოთხოვა, თუ მეორე პირის მოქმედება არ შეესაბამება მოსალოდნელ მიზანს) და მიუთითა, რომ, მოსარჩელეს არ უნდა დაეკარგა ქონებაზე საკუთრების უფლება სრულად, რომელიც მან საოჯახო მიზნებისთვის დათმო და არც დასაჩუქრებულს არ უნდა წართმეოდა საცხოვრებელი, რომელზეც მან საკუთრების უფლება ქორწინების განმავლობაში ჩუქების გზით მოიპოვა.
10.1.3. ვინაიდან ½ ნაწილში საქმეზე ჩუქების პირველი ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი გამოიკვეთა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულმა გარემოებამ ჩუქების მეორე ხელშეკრულებას სამართლებრივი საფუძველი გამოაცალა. ამდენად, ½ ნაწილში ჩუქების მეორე ხელშეკრულება ბათილად ცნობას ექვემდებარებოდა.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი მოსარჩელემ წარმოადგინა, რომელმაც ამ გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:
11.1. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ პირველი მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ შეურაცხყოფის მიყენებისა და სადავო სახლში თავისი შვილების მიყვანის შეზღუდვის ფაქტები კასატორმა ვერ დაადასტურა. ერთი და იგივე გარემოების დასამტკიცებლად რამდენიმე მტკიცებულების არსებობის აუცილებლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს, მოსარჩელის ახსნა-განმარტება ამ მიმართებით საკმარისი მტკიცებულებაა.
11.2. პირველი მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისთვის შეურაცხყოფის მიყენება და უმადურობის გამოვლენა იმითაც დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნით 2022 წლის 18 მაისს შემაკავებელი ორდერი გამოიცა, ხოლო, 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე - დამცავი ორდერი, რომლის ფარგლებში მოსარჩელეს პირველ მოპასუხესთან მიახლოება და მასთან კომუნიკაცია აეკრძალა. მიუხედავად ამისა, მოსარჩელის ქმედების შეურაცხყოფად და უმადურობად შეფასებისთვის სააპელაციო სასამართლომ საკმარისად აღნიშნული გარემოებები არ მიიჩნია.
11.3. სრულადაა გასაზიარებელი პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობა, თუნდაც ისეთი მიუღებელი ფორმით გამოხატული, როგორიც ოჯახური ძალადობაა, არ შეიძლება გახდეს პირის (კონკრეტულ შემთხვევაში - მოსარჩელის) ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების გაუმართლებლად ხელყოფის საფუძველი. არასრულწლოვან შვილზე ქონების გაჩუქებით პირველი მოპასუხე ცდილობდა, რომ ამ ქონების შენარჩუნებისთვის მყარი გარანტია შეექმნა. ჩუქების მეორე ხელშეკრულება არ დადებულა არასრულწლოვნის ინტერესებისთვის, მისი ქონებრივი აქტივის გაზრდისთვის ან სხვა საფუძვლით მისთვის სარგებლის მოსატანად.
11.4. სსკ-ის 530-ე მუხლის გათვალისწინებით დასაჩუქრებულის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენის ფაქტი სახეზე არ გვაქვს, რადგან პირველი მოპასუხე სადავო ქონების მესაკუთრე აღარაა, ხოლო, მეორე მოპასუხე, მოსარჩელესთან არც შესულა სამართლებრივ ურთიერთობაში, კერძოდ, მოსარჩელეს მისთვის ბინა არც გადაუცია. ამდენად, ჩუქების პირველი ხელშეკრულების მხოლოდ 1/2 ნაწილში გაუქმების საფუძველი არ არსებობს და ჩუქების მეორე ხელშეკრულებაც მთლიანად უნდა გაბათილებულიყო.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საკასაციო პალატამ საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნო და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაადგინა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის განსახილველი ძირითადი საკითხი შემდეგია: რამდენად კანონიერია უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობისა და სადავო ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმების/ბათილად ცნობის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნები.
14. ზემომითითებული საკითხის გადასაწყვეტად, სამართლებრივად სწორადაა გასაანალიზებელი სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი გარემოებები:
- 2017 წლის 18 მაისს, ბანკსა და მოსარჩელეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც სადავო ბინა მოსარჩელემ შეიძინა. წარმოშობით მოსარჩელე გერმანელია, რომელსაც საქართველოში სხვა უძრავი ქონება არ აქვს.
- 2018 წლის 22 აპრილიდან, მოსარჩელე და პირველი მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. 2018 წლის 9 ნოემბერს, მათ შორის ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც სადავო ქონება მოსარჩელემ პირველ მოპასუხეს აჩუქა.
- 2022 წლის 17 მაისს, მოსარჩელისგან საჩუქრად მიღებული უძრავი ნივთი პირველმა მოპასუხემ თავის შვილს - მეორე მოპასუხეს აჩუქა, რომელიც მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. უძრავ ქონებაზე მეორე მოპასუხის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.
ჩუქების მეორე ხელშეკრულების შედგენიდან გამომდინარე მეუღლეთა შორის წარმოშობილი კონფლიქტის გამო მხარეები განქორწინდნენ, ხოლო მოსარჩელე საცხოვრებლის გარეშე დარჩა და დროებით მეზობელთან ქირით ცხოვრობს.
15. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სსკ-ის 530.1 (თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში) მუხლის დეფინიციის გათვალისწინებით სადავო ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმებისა და ბათილად ცნობის მოთხოვნა წარმატებულია.
მოცემული საკითხის განხილვისას, პალატა მხედველობაში იღებს მჩუქებლის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენის შესახებ იმ ფაქტობრივ მდგომარეობას, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილადაა ცნობილი აქედან გამომდინარე საკასაციო პალატისთვის სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი - სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) და სსსკ-ის 105-ე მუხლის (სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოწმის ჩვენების, მხარის ახსნა-განმარტების სანდოობის შეფასებისას სხვა გარემოებებთან ერთად გაითვალისწინება მისი უნარი, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები) საფუძველზე საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასების შედეგად სასამართლოს სწორ დასკვნას შეიცავს.
მჩუქებლის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენის ფაქტის დადგენილად ცნობის პირობებში ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმების მოთხოვნა წარმატებულია, რაც სსკ-ის 989-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
მჩუქებლის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენის ნაწილში ის ფაქტობრივი გარემოებანი, რომელიც სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხეთა მხრიდან მათი საკასაციო საჩივრის არარსებობიდან გამომდინარე შედავებული არ ყოფილა. ამავედროს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში და შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის განხილვის საგანი იქნება მხოლოდ წარმოდგენილი კასაციის საფუძვლიანობა ასევე პალატა უფლებამოსილია საკუთარი სამართლებრივი დასკვნა ჩამოაყალიბოს საქმეზე დადგენილი და მოცემული რეალობის გათვალისწინებით უდავო ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე.
17. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქონების გადაცემის ხელშეკრულებებს შორის მნიშვნელოვანია ჩუქების ხელშეკრულება, რომელიც განკარგვითი ხასიათისაა და შედეგად შემძენისათვის საკუთრების უფლების გადაცემას იწვევს (იხ. სუსგ-ები: Nას-221-213-2012, 24.07.2012წ; N ას-823-2021, 13.04.2022წ. N 1595-2022, 31.03.2023წ; ას- N ას-1448-2023, 20.05.2024წ.) აქვე, საკასაციო სასამართლო, მჩუქებლის ეკონომიკური მდგომარეობის გამო ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მართლზომიერებასთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ განსახილველ დავაში მნიშვნელოვანია სამართლებრივად სწორად შეფასდეს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების სსკ-ის 530-ე მუხლით განსაზღვრული საფუძველი (თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, მისი განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გარეშე).
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას სააპელაციო სასამართლოს დადგენილ ფაქტებზე: მოსარჩელე წარმოშობით გერმანელია და აქედან გამომდინარე საქართველოში არსებული სოციუმი მისთვის მშობლიური არ არის, მის მიმართ გამოცემულია დამცავი და შემაკავებელი ორდერები, იგი ქირით ცხოვრობს ვინაიდან ჩუქების ხელშეკრულების შედეგად განკარგული სახლის გარდა სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. ამავე ფაქტების გათვალისწინებით სწორედ სსკ-ის 530-ე მუხლით განსაზღვრული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი წარმოადგენს კასატორის ძირითად პრეტენზიას და საკასაციო სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს მოსაზრებას, რომ უძრავი ქონების უსასყიდლო გასხვისებით მჩუქებელი იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ არსებობს ხელშეკრულების ამ მოტივით გაუქმების საფუძველი.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონი ითვალისწინებს ისეთ შემთხვევასაც, როცა ჩუქების გაუქმება გამოწვეულია არა დასაჩუქრებულის უმადურობით, არამედ თვით მჩუქებლის მძიმე მატერიალური მდგომარეობით. დასაჩუქრებულის ბრალი ამ დროს გამორიცხულია. მჩუქებელს ხელშეკრულების დადების დროს არავითარი მატერიალური ხასიათის პრობლემა არ აქვს. იგი ნებაყოფლობით გადასცემს სხვა პირს ქონებას საკუთრებაში, თუმცა გაჩუქების შემდეგ თუკი მჩუქებელი აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რომ არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის საფუძველზე, დასაჩუქრებულს გაჩუქებული ნივთის დაბრუნება მოსთხოვოს.
იგულისხმება, რომ საჩუქრის უკან მოთხოვნის უფლება მჩუქებელს გააჩნია იმ დროის განმავლობაში, ვიდრე გაჩუქებული ნივთი რეალურად არსებობს დასაჩუქრებულის მფლობელობაში. გარდა აღნიშნულისა, მჩუქებელს ეს უფლება მხოლოდ მაშინ წარმოეშობა, თუ საჩუქრის დაბრუნება თვითონ დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. გარდა ამისა, მჩუქებელს უფლება არ აქვს, დასაჩუქრებულს მოსთხოვოს ნაჩუქარი ნივთის დაბრუნება, თუ ასეთი მოთხოვნის საფუძველი მან ხელოვნურად შექმნა, კერძოდ, თუ მძიმე მდგომარეობა, რომელშიც იგი აღმოჩნდა, გამოწვეულია მისი განზრახი მოქმედებით, ან უხეში გაუფრთხილებლობით. მძიმე მდგომარეობის ხარისხი, რამაც სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება შეცვალოს ჩუქებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს (იხ. სუსგ-ები: საქმე N ას-1067-1006-2015, 29.12.2015წ.; N ას-1333-2019, 27.11.2019წ.; N ას-246-2022 31.10.2022წ.; N ას-1595-2022, 31.03.2023წ.; N ას-963-2023, 22.11.2023წ.; N ას-638-2023, 23.02.2024წ.).
19. ჩუქების ხელშეკრულების არსიდან და პირობებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, გამჩუქებლის ქონებრივი მდგომარეობა ყოველთვის მცირდება და დასაჩუქრებულის იზრდება. შესაბამისად, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და გაჩუქებული ნივთის გამოთხოვის უფლებას უპირობოდ არ ქმნის აქტივების ნებისმიერი სახით შემცირება, არამედ მხოლოდ ისეთი შემთხვევა, როცა გამჩუქებლის მდგომარეობა საგრძნობლად უარესდება რაც მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადასტურებული ფაქტებიდან გამომდინარე დადასტურებულია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი გარემოებებით ირკვევა, რომ ჩუქების საგანი წარმოადგენდა მოსარჩელის ერთადერთ ქონებას - საცხოვრებელ სახლს, რომლის განკარგვის შედეგად მოსარჩელე დასაჩუქრებულთან წარმოქმნილი კონფლიქტის შედეგად იძულებული აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლი ექირავებინა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს დასკვნას, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოსარჩელის/მჩუქებლის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა და ამ მდგომარეობის გამოსწორებას ვერ ახერხებს საკუთარი საცხოვრებლის არ ქონის გამო.
20. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, არ არსებობს სსკ-ის 530-ე მუხლით გათვალისწინებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების დამაბრკოლებელი წინაპირობები. ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მჩუქებლის მძიმე მდგომარეობა არ არის გამოწვეული მისი განზრახი ან უხეში გაუფთხილებელი ქმედებით, გაჩუქებული ნივთი რეალურად არსებობს და საჩუქრის დაბრუნება მოპასუხეს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში, ვინაიდან დასაჩუქრებულმა ნივთი თავად განკარგა და ამ გარიგების მიმართ სამართლებრივი პრეტენზია არ დაუფიქსირებია.
21. კანონის ზემომოხმობილი ნორმების და საკასაციო პალატის განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ თუ 976-ე და 988-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმღები, რომელიც მოვალეა დააბრუნოს მიღებული, უსასყიდლოდ გადასცემს მას მესამე პირს, მაშინ მესამე პირი ასევე მოვალეა დააბრუნოს მიღებული ისე, თითქოს მას კრედიტორისგან კანონიერი საფუძვლის გარეშე მიეღოს რაიმე, თუკი მიმღებისაგან დაკმაყოფილება შეუძლებელია, ხოლო 976.1 მუხლის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
იმის გათვალისწინებით, რომ უძრავ ნივთზე დადებული ჩუქების პირველი ხელშეკრულების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები საქმეზე გამოიკვეთა, საფუძველი გამოეცალა ჩუქების მეორე ხელშეკრულებასაც. ვინაიდან ჩუქების პირველი ხელშეკრულების დადების შემდეგ დასაჩუქრებულმა სადავო ბინა მეორე მოპასუხეს (შვილს) აჩუქა, სსკ-ის 930.1 მუხლზე დაყრდნობით აღნიშნული გარიგების გაუქმების შედეგად კრედიტორი იმ უფლებით აღიჭურვება, რომ, მეორე მოპასუხისგან უძრავი ქონების დაბრუნება მოითხოვოს, ხოლო, სსკ-ის 976.1 მუხლის დანაწესით, ამ უკანასკნელს მისი დაბრუნების ვალდებულება აკისრია.
22. საკასაციო პალატის მოსაზრებით ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლის მხოლოდ ½ ნაწილში არსებობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა არ უნდა იქნეს გაზიარებული:
22.1.1. სსკ-ის 530.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის, კერძოდ, გაჩუქებული ნივთის მჩუქებლის მიერ გამოთხოვისთვის, შემდეგი წინაპირობების არსებობაა აუცილებელი:
1). ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში უნდა აღმოჩნდეს და არ უნდა შეეძლოს საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა;
2). გაჩუქებული ნივთი რეალურად უნდა არსებობდეს;
3). ნივთის დაბრუნებამ, დასაჩუქრებული მძიმე მდგომარეობაში არ უნდა ჩააგდოს.
22.1.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ პირველი მოპასუხე აღარ არის სადავო ქონების ამჟამინდელი მესაკუთრე, ვინაიდან ჩუქების მეორე ხელშეკრულებით ეს ქონება მან მეორე მოპასუხეზე გაასხვისა. ამდენად, ჩუქების პირველი ხელშეკრულების დადების შემდეგ უძრავი ნივთი თავად დასაჩუქრებულის ნებით საკუთრებაში მეორე მოპასუხეს აქვს გადაცემული, რაც ჩუქების სრულად გაუქმებით დასაჩუქრებულის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენის შესახებ მოსაზრებას დაუსაბუთებელს ხდის.
ის გარემოება, რომ მეორე გარიგება დასაჩუქებულმა თავის ოჯახის წევრთან, კერძოდ, არასრულწლოვან შვილთან (რომელიც დღეის მდგომარეობით სრულოვანია) გააფორმა, ჩუქების ხელშეკრულების სრულად გაუქმების მოთხოვნის უარმყოფელ არგუმენტად ვერ გამოდგება, რადგან, უძრავი ნივთის მეორე მოპასუხისთვის გადაცემით, დასაჩუქებულმა ამ ნივთის თავისი საკუთრებიდან გასვლის ნება თავად გამოავლინა, როგორც აღინიშნა სსკ-ის 530.1 მუხლით დადგენილი მოწესრიგება პირველი მოპასუხის სასარგებლოდ ვერ გავრცელდება და ჩუქების ხელშეკრულების მხოლოდ 1/2 ნაწილში გაუქმებას ვერ განაპირობებს.
ამასთან ერთად, საქმეზე დადგენილი გარემოებებებისა და ოჯახის წევრებს შორის დადებულ გარიგებებთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, არსებობს ჩუქების მეორე გარიგების მოჩვენებით გარიგებად ცნობის საფუძველი (სსკ-ის 56.1 მუხლი),
23. რაც შეეხება მტკიცებულების (პირველ მოპასუხესა და მოსარჩელის შვილებს შორის მიმოწერა) საქმიდან ამოღების თაობაზე კასატორის შუამდგომლობას, წინამდებარე გადაწყვეტილებით საქმეზე დამდგარი პროცესუალური შედეგი, აღნიშნულ შუამდგომლობას საფუძველს უკარგავს, შესაბამისად, საკასაციო პალატა მასზე აღარ იმსჯელებს.
24. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ამდენად, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 1 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით გადავადებული საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი 1 650 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 399-ე, 372-ე, 264.3, 404-ე, 408.3, 409-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ვ.პ.მ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ვ.პ.მ–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ვ.პ.მ–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად:
ა) 1/2 ნაწილში გაუქმდეს ვ.პ.მ–სა და ლ.გ–ს შორის 2018 წლის 9 ნოემბერს ქ.თბილისში, .........., .......... N6-ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ ........) დადებული ჩუქების ხელშეკრულება;
ბ) 1/2 ნაწილში ბათილად იქნეს ცნობილი ლ.გ–სა და ნ.წ–ძეს შორის 2022 წლის 17 მაისს ქ.თბილისში, ..........ში, .......... N6-ში მდებარე უძრავ ნივთზე (ს/კ .....) დადებული ჩუქების ხელშეკრულება;
გ) ვ.პ.მ–ი ცნობილი იქნეს ქ.თბილისში, ..........ში, .......... N6-ში მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ ......) მესაკუთრედ.
4. ლ.გ–სა და ნ.წ–ძეს ვ.პ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 1 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით გადავადებული საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 1 650 ლარის ანაზღაურება;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე : ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები : ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა