Facebook Twitter

საქმე№ას-930-2023 27 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი (მომხსენებელი)

ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ე.ფ–ა, რ. გ.ფ–ა, ს.ფ–ა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებულის უკან დაბრუნება, იპოთეკის დადგენა და იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სს „ს.ბ–მა“ ე.ფ–ას, რ.-გ.ფ–ას, ს.ფ–ას მიმართ უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებულის უკან დაბრუნების, იპოთეკის დადგენისა და იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნით.

1.1.1. დადგინდეს იპოთეკის უფლება ბანკის სასარგებლოდ უძრავი ნივთის (ს/კN........) იმ ფართობზე (1048 კვ.მ.), რომელიც შეესაბამება მიწის ნაკვეთების ყოფილ საკადასტრო კოდებს ......., ......, ბანკის სასარგებლოდ შპს „ფ.ნ–თვის“, შპს „რ.ა–თვის“, სს „რ.ა–თვის“ და სს „ე.ი–თვის“ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის კანონიერ ძალაში შესული N2/32972-17 გადაწყვეტილებით სოლიდარულად დაკისრებული თანხის უზრუნველსაყოფად, რომელიც 2022 წლის 17 მაისის მდგომარეობით შეადგენს 500 000 აშშ დოლარს;

1.1.2. სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ შპს „ფ.ნ–თვის“, შპს „რ.ა–თვის“, სს „რ.ა–თვის“ და სს „ე.ი–თვის“ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის კანონიერ ძალაში შესული N2/32972-17 გადაწყვეტილებით სოლიდარულად დაკისრებული თანხის, რომელიც 2022 წლის 17 მაისის მდგომარეობით შეადგენს 500 000 აშშ დოლარს, გადახდევინების მიზნით, განხორციელდეს უძრავი ნივთის მიწის ნაკვეთის (ს/კN .....) იმ ფართობის (1048კვ.მ.) იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, რომელიც შეესაბამება მიწის ნაკვეთების ყოფილ საკადასტრო კოდებს N ........, N ..........

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ბანკის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბანკმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის განჩინებით ბანკის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5.2. 2011 წლის 5 იანვარს, ბანკსა და რ. ფ–სა და ქ. ჩ–ას შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, 2015 წლის 24 ივნისს ბანკს და რ. ფ–ას შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება და რ. ფ–ას სახელზე გაიცა კრედიტი 17 500 000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით; 2017 წლის 30 იანვარს ბანკს, რ. ფ–ას, ქ. ჩ–ას და შპს „ფ.ნ–ს“ შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების დამატებითი პირობები. აღნიშნული დამატებითი პირობების 3.1. პუნქტის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით, შპს „ფ.ნ–ი“ გახდა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების კლიენტი (სოლიდარული მოვალე/თანამსესხებელი) და მასზე სრულად გავრცელდა ხელშეკრულების და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ყველა პირობა და ნორმა; 3.2. პუნქტის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით რ. ფ. და ქ.ჩ–ია გავიდნენ გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან და მათზე აღარ ვრცელდება ხელშეკრულების და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებების პირობები და ნორმები. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო სხვადასხვა უზრუნველყოფის საშუალებებით/ხელშეკრულებებით. სოლიდარულ თავდებებს წარმოადგენენ შპს „რ.ა–ი“, სს „ე უ ინვესთმენთსი“ და სს „რ.ა–ი“.

5.3. შპს „ფ.ნ–ი“ ვალდებული იყო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან და დამატებითი პირობებიდან გამომდინარე 2017 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 1 ივნისის ჩათვლით ყოველთვიურად გადაეხადა პროცენტი, ხოლო 2018 წლის 1 ივნისის ჩათვლით უნდა გადაეხადა კრედიტის ძირი თანხა 17 500 000 აშშ დოლარი და დარჩენილი პროცენტი 143 835.62 აშშ დოლარი, რომელიც დაარღვია 2017 წლის პირველ აგვისტოსვე და საერთოდ არ შეუსრულებია საკრედიტო ვალდებულება;

5.4. ბანკმა, შპს „ფ.ნ.“ მიერ კრედიტის დაფარვის გრაფიკის/ვადის ზედიზედ სამჯერ გადაცილების შემდგომ, წერილობით გააფრთხილა როგორც შპს „ფ.ნ–ი“, ისე სოლიდარული თავდებები: შპს „რ.ა–ი“, სს „ე. უ. ი–სი“ და სს „რ.ა–ი“, იპოთეკის საგნის მესაკუთრე შპს „ს.ც..“ და ასევე გირავნობის საგნების მესაკუთრე „M.L.“ და მოითხოვა ვალდებულების შესრულება და ამავე დროს, გააფრთხილა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მიმართავდა ხელშეკრულებებითა და კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

5.5. 2017 წლის 28 ნოემბრისათვის საკრედიტო დავალიანება შეადგენდა: კრედიტის თანხა 17 500 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 2 180 977.96 აშშ დოლარი, ჯარიმა/პირგასამტეხლო - 36 919.45 აშშ დოლარი.

5.6. ბანკმა 2017 წლის 28 ნოემბერს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შპს „ფ.ნ–ათვის“ საკრედიტო ვალდებულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება;

5.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით, ბანკის სარჩელი შპს „ფ.ნ.“, შპს „რ.ა.“, სს „რ.ა.“ და სს „ე.ი.“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ხოლო ბანკის სარჩელი „M. L“-ის და შპს „ს.ც..“-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით, ბანკის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შპს „რ.ა.“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება;

5.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შპს „რ.ა.“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად;

5.9. 2011 წლის 5 იანვრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ბანკის სასარგებლოდ არსებული, სამომავლო ან/და პირობითი მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ქ.ჩ–იას საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები: ქ. თბილისი, ......../........ ქუჩა N7, 928 კვ.მ., ს/კ N........(2011 წლის 26 იანვრის იპოთეკის ხელშეკრულება), ქ. თბილისი, ........../........ ქუჩა N47 (ს/კ ........);

5.10. 2017 წლის 30 იანვარს ბანკმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და როგორც იპოთეკარმა განაცხადა თანხმობა იპოთეკის საგანზე - ......., ბანკის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკის უფლებების გაუქმების შესახებ. აღნიშნული უფლების გაუქმება ძალაში შევიდა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თარიღიდან;

5.11. 2017 წლის 14 მარტს ბანკმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და როგორც იპოთეკარმა განაცხადა თანხმობა იპოთეკის საგანზე - ........ (მესაკუთრეები ბ.ფ–ია, ს.ფ–ა და გ.ფ–ა), ბანკის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკის უფლებების გაუქმების შესახებ (უფლების რეგისტრაციის თარიღი 18.04.2013წ. იპოთეკის ხელშეკრულება N000102-000434-ვ, რეესტრის ნომერი N130337760);

5.12. დადგენილია, რომ 2017 წლის 7 მარტის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ქ.ჩ–იამ უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, .........../......... ქუჩა N7 (ს/კ N.........) საკუთრებაში გადასცა ბ.ფ–ას, გ.ფ–ას და ს.ფ–ას; ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 12 ივნისს უძრავი ნივთის (ს/კ ........) მესაკუთრეები გახდნენ რ. გ.ფ–ა, ე.ფ–ა და ს.ფ–ა;

5.13. 2017 წლის 7 მარტის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ქ.ჩ–იამ უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, ........./....... ქუჩა N7 (ს/კ N......) საკუთრებაში გადასცა ბ.ფ–ას, გ.ფ–ას და ს.ფ–ას; ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 13 ივნისს, უძრავი ნივთის (ს/კ .........) მესაკუთრეები გახდნენ რ. გ.ფ–ა, ე.ფ–ა და ს.ფ–ა;

5.14. 2017 წლის 20 ნოემბერს ე.ფ–ამ, რ. გ.ფ–ამ და ს.ფ–ამ მოითხოვეს მათ საკუთრებაში არსებული სამი უძრავი ნივთის - ........, ....... და ........ ერთ მიწის ნაკვეთად გაერთიანება; 2017 წლის 21 ნოემბერს უძრავი ნივთები საკადასტრო კოდებით გაერთიანდა მიწის ერთ ნაკვეთად და მიენიჭა ერთიანი საკადასტრო კოდი N......... აღნიშნული უძრავი ნივთის მესაკუთრეებს წარმოადგენენ ე.ფ–ა, რ. გ.ფ–ა და ს.ფ–ა;

5.15. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით განხილვის საგანია იპოთეკის დადგენა ბანკის სასარგებლოდ უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი N..........) იმ ფართობზე (1048 კვ.მ.), რომელიც შეესაბამება მიწის ნაკვეთების ყოფილ საკადასტრო კოდებს .........., ........., სს ბანკის სასარგებლოდ შპს „ფ.ნ–თვის“, შპს „რ.ა–თვის“, სს „რ.ა–თვის“ და სს „ე.ი–თვის“ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის კანონიერ ძალაში შესული N2/32972-17 გადაწყვეტილებით სოლიდარულად დაკისრებული თანხის უზრუნველსაყოფად, რომელიც 2022 წლის 17 მაისის მდგომარეობით შეადგენს 500 000 აშშ დოლარს. ხოლო იპოთეკის დადგენის შემდეგ მოსარჩელე ითხოვს დავალიანების გადახდევინების მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია. ამდენად, სასამართლოს შეფასების საგანია არსებობს თუ არა მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე იპოთეკის დადგენის სამართლებრივი წინაპირობები.

5.16. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობს მოპასუხეების ე.ფ–ას, რ. გ.ფ–ას და ს.ფ–ას სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე N......., ბანკის სასარგებლოდ შპს „ფ.ნ–თვის“, შპს „რ.ა–თვის“ და სს „რ.ა–თვის“ და სს „ე. უ. ი–თვის“ სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სოლიდარულად დაკისრებული თანხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკის უფლების დადგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი. აღნიშნულ დასკვნას დაეთანხმა სააპელაციო პალატაც.

5.17. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ 2017 წლის 30 იანვრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების დამატებითი პირობების გაფორმებით, მოხდა ქ.ჩ–იას და რ. ფ–ას ვალის გადაკისრება (რომელიც მათ გააჩნდათ სს ბანკის წინაშე) შპს „ფ.ნ–ათვის“, რის შედეგადაც ქ.ჩ–იას ვალდებულება ბანკის მიმართ შეწყდა და ეს უკანასკნელი აღარ წარმოადგენდა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე დადებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულ პირს.

6. მოსარჩელის საკასაციო მოთხოვნა

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ივნისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

6.2. სასამართლოს არანაირი სახის რეაგირება არ ჰქონია მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, როცა მათი მეშვეობით დგინდება იმ ვალდებულების (2014 წლის 18 თებერვლის N000102-000434-გ სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების) ფარგლები და შინაარსი, რომელსაც უზრუნველყოფს იპოთეკის უფლება, რომლის დადგენაც მოთხოვნილია განსახილველი სარჩელით. არ არსებობს ახსნა, რატომ არ უნდა დაედგინა სასამართლოს აღნიშნული ფაქტები ან რატომ უნდა მიეჩნია საქმისთვის მნიშვნელობის არმქონედ.

6.3. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება არასწორად წარმართა. კერძოდ, თითქოსდა არ არსებობდა ქ.ჩ–იას თანხმობა მოვალის ჩანაცვლებაზე/ ჩამატებაზე, რაც თავის მხრივ გამორიცხავდა მოვალის ცვლილებისას იპოთეკის უფლების შეწყვეტას სსკ-ის 206-ე მუხლის საფუძველზე და აღნიშნულის ნაცვლად, მიუთითა, რომ თავად ბანკმა, იპოთეკარმა მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს იპოთეკის საგანზე, რეგისტრირებული უფლების გაუქმების შესახებ.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);

11. წინამდებარე შემთხვევაში საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ შედავებას, რის გამოც საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალისა ა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი და გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული გარემოებები.

12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (იხ. სუსგ საქმე №ას-1529-1443-2012, 9 დეკემბერი, 2013 წელი; დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი, §187).

13. წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას- დადგინდეს იპოთეკის უფლება ბანკის სასარგებლოდ უძრავი ნივთის (ს/კN..........) იმ ფართობზე (1048 კვ.მ.), რომელიც შეესაბამება მიწის ნაკვეთების ყოფილ საკადასტრო კოდებს ......., ........, ბანკის სასარგებლოდ, ამყარებს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც პირს შეუძლია უკან მოითხოვოს მის მიერ განკარგვითი გარიგებით გადაცემული, ანუ მისი შესრულებით მიღებული სიკეთე. კასატორის მოსაზრებით, იპოთეკის უფლებაზე უარის თქმას არ გააჩნდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი.

14. საკასაციო პალატის განმარტებით, კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ, რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე (იხ. სუსგ №ას-360-342-2015, 3.06.2015 წ; №ას-724-2022, 26.10.2023წ.). ამასთან სსკ-ის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით (იხ. სუსგ №ას-251-2021, 11.06.2021 წ.).

15. კონდიქციური სამართლის საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება (სუსგ №ას-1159-2021, 01.04.2022 წ.; №ას-181-2024 26 აპრილი, 2024 წელი).

16. საკასაციო პალატა მიუთითებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2011 წლის 5 იანვარს, ბანკსა და რ. ფ–სა და ქ.ჩ–იას შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, 2015 წლის 24 ივნისს ბანკს და რ. ფ–ას შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება და რ. ფ–ას სახელზე გაიცა კრედიტი 17 500 000 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით; 2017 წლის 30 იანვარს ბანკს, რ. ფ–ას, ქ.ჩ–იას და შპს „ფ.ნ–ს“ შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების დამატებითი პირობები. აღნიშნული დამატებითი პირობების 3.1. პუნქტის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით, შპს „ფ.ნ–ი“ გახდა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების კლიენტი (სოლიდარული მოვალე/თანამსესხებელი) და მასზე სრულად გავრცელდა ხელშეკრულების და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების ყველა პირობა და ნორმა; 3.2. პუნქტის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით რ. ფ–ა და ქ.ჩ–ია გავიდნენ გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან და მათზე აღარ ვრცელდება ხელშეკრულების და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებების პირობები და ნორმები. გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იყო სხვადასხვა უზრუნველყოფის საშუალებებით/ხელშეკრულებებით. სოლიდარულ თავდებებს წარმოადგენენ შპს „რ.ა–ი“, სს „ე. უ. ი–სი“ და სს „რ.ა–ი“.

17. შპს „ფ.ნ–ი“ ვალდებული იყო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან და დამატებითი პირობებიდან გამომდინარე 2017 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 1 ივნისის ჩათვლით ყოველთვიურად გადაეხადა პროცენტი, ხოლო 2018 წლის 1 ივნისის ჩათვლით უნდა გადაეხადა კრედიტის ძირი თანხა 17 500 000 აშშ დოლარი და დარჩენილი პროცენტი 143 835.62 აშშ დოლარი, რომელიც დაარღვია 2017 წლის პირველ აგვისტოსვე და საერთოდ არ შეუსრულებია საკრედიტო ვალდებულება;

18. 2017 წლის 28 ნოემბერს, ბანკმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შპს „ფ.ნ–ათვის“ საკრედიტო ვალდებულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება;

19. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით, ბანკის სარჩელი შპს „ფ.ნ.“, შპს „რ.ა.“, სს „რ.ა.“ და სს „ე.ი.“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ხოლო ბანკის სარჩელი „M.L“-ის და შპს „ს.ც..“-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით, ბანკის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შპს „რ.ა.“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შპს „რ.ა.“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად;

20. 2011 წლის 5 იანვრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ბანკის სასარგებლოდ არსებული, სამომავლო ან/და პირობითი მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ქ.ჩ–იას საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები: ქ. თბილისი, ......../........., 928 კვ.მ., ს/კ N...........იპოთეკის ხელშეკრულება), ქ. თბილისი, ........../.......... (ს/კ ..........);

21. 2017 წლის 30 იანვარს, ბანკმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და როგორც იპოთეკარმა განაცხადა თანხმობა იპოთეკის საგანზე - ....., ბანკის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკის უფლებების გაუქმების შესახებ. აღნიშნული უფლების გაუქმება ძალაში შევიდა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თარიღიდან; 2017 წლის 14 მარტს ბანკმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და როგორც იპოთეკარმა განაცხადა თანხმობა იპოთეკის საგანზე - ....... (მესაკუთრეები ბ.ფ–ა, ს.ფ–ა და გ.ფ–ა), ბანკის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკის უფლებების გაუქმების შესახებ (უფლების რეგისტრაციის თარიღი 18.04.2013წ. იპოთეკის ხელშეკრულება N000102-000434-ვ, რეესტრის ნომერი N130337760);

22. დადგენილია, რომ 2017 წლის 7 მარტის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ქ.ჩ–იამ უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, ........... (ს/კ N..........) საკუთრებაში გადასცა ბ.ფ–ას, გ.ფ–ას და ს.ფ–ას; ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 12 ივნისს უძრავი ნივთის (ს/კ .........) მესაკუთრეები გახდნენ რ. გ.ფ–ა, ე.ფ–ა და ს.ფ–ა;

23. 2017 წლის 7 მარტის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე ქ.ჩ–იამ უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, ........./.......... (ს/კ N..........) საკუთრებაში გადასცა ბ.ფ–ას, გ.ფ–ას და ს.ფ–ას; ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 13 ივნისს, უძრავი ნივთის (ს/კ .........) მესაკუთრეები გახდნენ რ. გ.ფ–ა, ე.ფ–ა და ს.ფ–ა;

24. 2017 წლის 20 ნოემბერს, ე.ფ–ამ, რ. გ.ფ–ამ და ს.ფ–ამ მოითხოვეს მათ საკუთრებაში არსებული სამი უძრავი ნივთის - .........., ....... და ........ ერთ მიწის ნაკვეთად გაერთიანება; 2017 წლის 21 ნოემბერს უძრავი ნივთები საკადასტრო კოდებით გაერთიანდა მიწის ერთ ნაკვეთად და მიენიჭა ერთიანი საკადასტრო კოდი N......... აღნიშნული უძრავი ნივთის მესაკუთრეებს წარმოადგენენ ე.ფ–ა, რ.-გ.ფ–ა და ს.ფ–ა;

25. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იპოთეკის, როგორც აქცესორული უფლების სამართლებრივ ბუნებაზე. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებები ვალდებულების ჯეროვანი შესრულების საშუალებებია. ისინი იყოფიან უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით- სამართლებრივ საშუალებებად. სანივთო უზრუნველყოფის საშუალებებს მიეკუთვნება გირავნობა და იპოთეკა. სანივთო უზრუნველყოფის საშუალებების თავისერებურება ისაა, რომ ისინი გარანტირებულს ხდიან ვალდებულების შესრულებას მისი დარღვევის შემთხვევაში და სწორედ ამ მიზანმიმართულებით ხასიათდებიან. სანივთო უზრუნველყოფის საშუალებები მთლიანად შესრულების ფუნქციით არიან დატვირთული და არ წარმოადგენენ რაიმე დამატებით საჯარიმო ხასიათის დატვირთვებს მოვალისათვის. ამიტომაცაა, რომ ისინი ყველაზე გავრცელებული უზრუნველყოფის საშუალებაა სამოქალაქო ბრუნვაში (ლ. ჭანტურია, კრეედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი, 2012, 44);

26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იყოს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს უფლება დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე. იპოთეკის, როგორც აქცესორული უფლების ბუნება ვლინდება ძირითადი უფლების გადაცემის პროცესშიც - მოთხოვნის გადაცემისას იპოთეკა თან მიჰყვება მთავარ უფლებას. აღნიშნულს ნათლად ასახავს სამოქალაქო კოდექსის 295-ე მუხლის დანაწესი, რომლის ძალითაც იპოთეკა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნა მხოლოდ ერთდროულად და ერთობლივად შეიძლება იქნეს სხვა პირისათვის გადაცემული. მოთხოვნის გადაცემასთან ერთად ახალ კრედიტორზე გადადის იპოთეკაც.

27. აქვე, სასამართლო განმარტავს, რომ იპოთეკა წარმოიშობა მხარეთა შეთანხმებისა და მისი რეგისტრაციის მომენტიდან. იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე (სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლი). იპოთეკარი დაცულია საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერით მოვალის საკუთრებასთან დაკავშირებით, მოვალე კი იპოთეკის საგნის იმ ვალდებულების ფარგლებით არის დაცული, რომელი ვალდებულებისთვისაც მან ქონება იპოთეკით დატვირთა.

28. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად დგინდება, რომ ვალის გადაკისრების შემდგომ, ქ.ჩ–იას, მის კუთვნილ უძრავ ქონებების ბანკის სასარგებლოდ გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებების გაგრძელების თაობაზე თანხმობა არ განუცხადებია, უფრო მეტიც, თავად ბანკმა - იპოთეკარმა 2017 წლის 30 იანვარს (ვალის გადაკისრების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დღეს) მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს იპოთეკის საგანზე (N........., მესაკუთრე - ქ.ჩ–ია) რეგისტრირებული იპოთეკის უფლების გაუქმების შესახებ. ხოლო მეორე ქონებაზე (ს/კ ........), რომლის მესაკუთრე იყო ასევე ქ.ჩ–ია, იპოთეკარმა - ბანკმა იპოთეკის უფლების გაუქმების მოთხოვნით საჯარო რეესტრს მიმართა 2017 წლის 14 მარტს. შესაბამისად, იპოთეკარმა თავად გამოთქვა ნება, რომ უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკა გაუქმებულიყო. ამ შემთხვევაში, გაურკვეველია, რა სამართლებრივი საფუძვლის არსებობაზე მიუთითებს მოსარჩელე მხარე.

29. იპოთეკა არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება და კრედიტორის ნებაზეა დამოკიდებული სურს თუ არა მას ასეთი საშუალების არსებობა. იპოთეკის უფლების გაუქმების წარდგენის დროს, იპოთეკის შეწყვეტის რეგისტრაციისათვის, ნაკლებ მნიშვნელოვანია, შესრულებული არის თუ არა მოთხოვნა ან კრედიტორი იტოვებს თუ არა სხვა უზრუნველყოფის საშუალებებს მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად. იპოთეკის უფლებაზე უარის თქმა ცალმხრივ მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა და ამ ნების გამოვლენაზე უფლებამოსილი პირი კრედიტორია. ბანკმა, როგორც კრედიტორმა გამოავლინა ნება მარეგისტრირებელ ორგანოში, განაცხადა წერილობითი თანხმობა ქ.ჩ–იას კუთვნილ უძრავ ქონებებზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლების გაუქმებაზე, რასაც შედეგად მოჰყვა ქ.ჩ–იას საკუთრებაში არსებული ქონების უფლებრივი ტვირთისგან გათავისუფლება.

30. საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთების საფუძველზე განმარტავს, რომ სახეზე არაა მოპასუხეების უსაფუძვლო გამდიდრება მოსარჩელის ხარჯზე. დადგენილია, რომ ხელშეკრულების დამატებითი პირობების შესაბამისად მოპასუხეები არ წარმოადგენენ ხელშეკრულების მხარეს, მათ მიერ თავდაპირველად გამოყენებული უძრავი ქონებები, სწორედ მოსარჩელის თანხმობით გათავისუფლდა იპოთეკისგან შესაბამის ორგანოში რეგისტრაციის გაუქმებით, ვალდებულებათა არ არსებობის გამო. სადავო უძრავი ქონებები მესაკუთრემ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა დანარჩენ მოპასუხეებს, ხოლო ნაკვეთების გაერთიანების შედეგად საკადასტრო კოდი შეეცვალა სადავო უძრავ ქონებას, მოცემულ შემთხვევაში, მოვლენათა ქრონოლოგიური და ლოგიკური განვითარების ჯაჭვში, მინიმუმ თავად მოსარჩელის აქტიური მონაწილეობა საკმარისი საფუძველია წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის სათქმელად.

31. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის ავტორმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო განაცხადი, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე არსებითად სხვა შედეგის მიღებას გამოიწვევდა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. ამდენად საკასაციო პალატა კასატორის დანარჩენ არგუმენტებზე აღარ იმსჯელებს (იხ.,ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

33. სსსკ-ის 401.4 მუხლით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სს „ს.ბ–ს“ (.........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №17652, გადახდის თარიღი 06-06-2023) 8 000 ლარის 70% - 5 600 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი

ლაშა ქოჩიაშვილი