Facebook Twitter

საქმე №ას-1579-2024 23 იანვარი, 2026 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნიკოლოზ მარსაგიშვილი - თავმჯდომარე

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი (მომხსენებელი), ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ა.კ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.ბ–ძე, მ.კ–ნი, გ.ჯ–ია, ლ.ჩ–ი, ს.ბ–ძე, რ.კ–ი, ა.კ–ი, ქ.ბ–ი, ნ.პ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, გარიგებათა ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.10.2024წ. განჩინებით შპს „ა.კ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 11.04.2024წ. გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ჯ.ბ–ძის, მ.კ–ნის, გ.ჯ–იას (შემდეგში - ადმინისტრაციული საჩივრის/სარჩელის ავტორები ან მოპასუხეები), ლ.ჩ–ის (შემდეგში - მესამე პირი ადმინისტრაციულ დავაზე ან მოპასუხე), ს.ბ–ძის, რ.კ–ის, ა.კ–ის, ქ.ბ–ის, ნ.პ–ის (შემდეგში - გარიგების მონაწილე მხარეები ან მოპასუხეები) მიმართ, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისა და გარიგებათა ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 18.01.2024წ. საოქმო განჩინებები ექსპერტის მოწვევაზე უარის თქმის შესახებ.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1.04.05.2017წ. მოსარჩელემ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს მიმართა, კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს.კ:........) IV კლასის მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თხოვნით; არქიტექტურის სამსახურის 04.06.2017წ. N3372225 ბრძანებით მშენებლობის ნებართვა გაიცა, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის ავტორებმა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაასაჩივრეს. ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და 04.06.2017წ. N3372225 ბრძანება ძალაში დარჩა;

2.2.ადმინისტრაციული საჩივრის უარყოფის შემდგომ, მისმა ავტორებმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 16.10.2017წ. ბრძანების (N1-2243) და არქიტექტურის სამსახურის 04.07.2017წ. N3372225 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით; ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სასკ-ის) 16.3 მუხლით გთვალისწინებული საფუძვლით მესამე პირად ჩაება მოსარჩელე, ხოლო 16.2 მუხლით გთვალისწინებული საფუძვლით - ლ.ჩ–ი;

2.3.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.03.2019წ. გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა;

2.4.ადმინისტრაციული დავის განხილვისას ადმინისტრაციული სარჩელის ავტორთა შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.10.2017წ. განჩინებით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 04.07.2017წ. N337225 ბრძანების მოქმედება შეჩერდა, საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე. აღნიშნული განჩინება ძალაში იყო ადმინისტრაციული წესით საქმის არსებითი განხილვის შედეგის კანონიერ ძალაში შესვლამდე;

2.5.მშენებლობის ვადებს რაც შეეხება, დადგენილია, რომ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამსახურის 4.07.2017წ. ბრძანებით, მშენებლობის ვადა 04.07.2017წ.-დან 04.11.2019წ.-მდე იყო განსაზღვრული; 05.08.2020წ. და 02.09.2020წ. მოსარჩელემ 04.07.2017წ. N337225 ბრძანებით გაცემული მშენებლობის ნებართვის ვადის აღდგენის მოთხოვნით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს განცხადებით მიმართა, რაც 02.10.2020წ. ბრძანებით დაკმაყოფილდა და გაშვებული ვადის აღდგენის მიზნით მშენებლობის ნებართვის ვადა 02.10.2020წ.დან 02.02.2023წ. ჩათვლით განისაზღვრა. ასევე, სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 20.02.2023წ. ბრძანებით ცვლილება შევიდა არქიტექტურის სამსახურის 04.07.2017წ. N337225 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა 20.02.2023წ.დან 20.04.2025წ.ის ჩათვლით განისაზღვრა;

3. მოსარჩელემ შემდეგი მოთხოვნებით აღძრა სარჩელი:

3.1.მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1 677 809 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;

3.2.მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 11 645 092 ლარის (ანაცდური მოგება 04.07.2017წ. ნებართვით განსაზღვრულ ვადებში მშენებლობის დასრულების შემთხვევაში) გადახდა;

3.3.მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 4 012 303 ლარის (2017 წლის 4 ივლისის სამშენებლო ნებართვით N3372225 განსაზღვრულ ვადებში პროექტის დასრულების შედეგად კომპანიის მიერ მისაღები გეგმიური მოგება, ფულის დროში ღირებულების გათვალისწინებით) გადახდა;

3.4.მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3 159 556 ლარი (04.07.2017წ. N337225 ნებართვით განსაზღვრულ ვადებში კომპანიის მიერ მიუღებელი განაცდური (წმინდა) მოგების 11 645 092 ლარის საბანკო ანაბარზე განთავსების შემთხვევაში საპროცენტო სარგებლის მიღების სახით);

3.5.მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 279 174 ლარი (ანაცდური (წმინდა) მოგება) მშენებლობის შეჩერების პერიოდში, 34 თვის განმავლობაში, მიწის ნაკვეთზე დროებითი ავტოსადგომის მოწყობის შემთხვევაში;

3.6. ბათილად იქნეს ცნობილი:

3.6.1. ჯ.ბ–ძეს და ს.ბ–ძეს შორის 15.11.2022წ. გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე: ს/კ.........; ს/კ. ....... და ს/კ. N.......;

3.6.2. გ.ჯ–ასა და ქ.ბ–ს შორის 15.11.2022წ. ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავ ქონებებზე: ს/კ:.........; .........; ს/კ:N..........; ს/კ:........; ს/კ:........;

3.6.3. მ.კ–ნის, ა.კ–ისა და რ.კ–ის 12.12.2022წ. ჩუქების ხელშეკრულებები უძრავ ქონებაზე: ს/კ:.......; ს/კ:..........; ს/კ:.........; ს/კ:..........; ს/კ:.............; ს/კ:...........; ს/კ:.........; ს/კ:........და ს/კ:........;

3.6.4. ლ.ჩ–სა და ნ.პ–ის 12.12.2022წ. ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე ს/კ:.......;

4. სააპელაციო პალატამ მიიჩნია რომ ფიზიკურ პირთა სარჩელზე, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას სასკ-ის 29.3 მუხლის საფუძველზე, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 04.07.2017წ. ბრძანების მოქმედების შეჩერება, არ წარმოადგენს იმგვარ ქმედებას, რამაც შესაძლოა მომავალში მათ წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების წინაპირობები წარმოშვას.

5. სასკ-ი თვითონვე განსაზღვრავს უფლების წინასწარი დაცვის საპროცესო საშუალებებს, კერძოდ, 29-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დროებითი დაცვის ღონისძიება ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას წარმოადგენს. სასკ-ის 29.1 მუხლის მიხედვით გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება ხდება კანონისმიერად, კერძოდ, ადმინისტრაციული სარჩელის წარდგენა ავტომატურად, მხარის შუამდგომლობის გარეშე და მოსამართლის ნებისგან დამოუკიდებლად იწვევს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერებას, განსხვავებით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილისა, რომელიც განსაზღვრავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება ავტომატურად არ ჩერდება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარის მოთხოვნით, სასამართლოს მაინც შეუძლია შეაჩეროს ასეთი აქტის მოქმედება, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს, ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. აღნიშნული უფლების გამოყენებისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს როგორც მხარის ინტერესი, ისე თანმდევი შედეგი, რაც, შესაძლოა აქტის შეჩერებას მოჰყვეს.

6. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე მართალია, მშენებლობის ნებართვით განსაზღვრულ ვადებში განუხორციელებლობა განპირობებული იყო ადმინისტრაციული სარჩელის ავტორთა მოთხოვნის საფუძველზე მიღებული განჩინებით, თუმცა, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში მოსარჩელის მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა (ტ.2, ს.ფ.360-369).

7. ამ ფაქტობრვი გარემოებების პირობებში, წინამდებარე სამოქალაქო სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ი) 992-ე, 408.1 მუხლის სამართლებრივი საფუძვლით შემოწმდა და არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ი) 199.3 მუხლის საპროცესო საფუძვლით. სააპელაციო პალატამ გამოიკვლია დასტურდებოდა თუ არა მოსარჩელისათვის როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე, დგინდებოდა თუ არა ზიანის ზუსტი ოდენობა, რაც მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.

8. ყურადღება გამახვილდა მოპასუხეთა წრეზეც, რამდენადაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარდგენილია არამხოლოდ ადმინისტრაციული სარჩელის ავტორების, არამედ, იმ პირების მიმართ, რომლებიც, არ იყვნენ ადმინისტრაციულ სამართალწარმოების სუბიექტები, მაგრამ მათ სახელზე მხოლოდ საკუთრების უფლება რეგისტრირდება უძრავ ქონებაზე ადმინისტრაციული სარჩელის ავტორებთან დადებული გარიგებების საფუძველზე. არ ირკვევა რა კავშირი აქვთ დანარჩენ მოპასუხეებს: ს.ბ–ძეს, რ.კ–ს, ა.კ–ს, ქ.ბ–ს და ნ.პ–ს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ შესაძლო ზიანთან (დადასტურების შემთხვევაშიც კი), რომელიც მოსარჩელის მტკიცებით გამოწვეულია ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში მშენებლობის ნებართვის მოქმედების შეჩერებით.

9. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა შემდეგ მტკიცებულებებსა და გარემოებებზე, კერძოდ:

10. მოსარჩელემ წარმოადგინა შპს „ბ.ი.გ“ აუდიტორის ანგარიში 04.07.2017წ. N3372225 ბრძანებით სამშენებლო ნებართვით გათვალისწინებულ ვადებში მშენებლობის განუხორციელებლობის გამო მიღებული ზიანისა და მიუღებელი სარგებლის (ანაცდური მოგება) თაობაზე. ანგარიშში მთელი რიგი ციფრები, რომლებიც უშუალოდ არაა აღებული კონკრეტული დოკუმენტებიდან, გაანგარიშებითია. ეყრდნობა დამკვეთის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, მოქმედ ნორმატიულ აქტებს და ოფიციალურად გამოქვეყნებულ მონაცემებს (იხ., დასკვნის 3-4 გვერდი). ანგარიშის მიხედვით მოსარჩელე კომპანიის მიერ სამშენებლო ნებართვით გათვალისწინებულ ვადებში მშენებლობის განუხორციელებლობის შედეგად მშენებლობის ღირებულება წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით 30.06.2022 წლისთვის 01.07.2017 წელთან შედარებით გაძვირების თანხამ მთლიანობაში შეადგინა 4 884 846 ლარი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 1 667 809 აშშ დოლარს შეადგენს; დამტკიცებული პროექტითა და სამშენებლო ნებართვით გათვალისწინებულ ვადებში მშენებლობის დასრულების შემთხვევაში კომპანიას შეეძლო მიეღო ანაცდური (წმინდა) მოგება 11 645 092 ლარი. პროექტის დასრულების შედეგად კომპანიის მიერ მისაღები გეგმიური სავარაუდო მოგებასა და დღეის მდგომარეობით, პროექტის განხორციელების შედეგად, კომპანიის სავარაუდო მოგებას შორის არსებული სხვაობა, ფულის დროში ღირებულების გათვალისწინებით, შეადგენს 4 012 303 ლარს. სამშენებლო ნებართვით გათვალისწინებულ ვადებში კომპანიის მიერ მიუღებელი (ანაცდური) მოგების 11 645 092 ლარის საბანკო ანაბარზე განთავსების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა 3 159 556 ლარის საპროცენტო სარგებლის მიღება, ხოლო მშენებლობის შეჩერების პერიოდში, 34 თვის განმავლობაში, მიწის ნაკვეთზე დროებითი ავტოსადგომის მოწყობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა 279 174 ლარის წმინდა შემოსავლის მიღება. აუდიტორული შეფასებაში აღნიშნულია, რომ აუდიტორის მოვალეობაში არ შედის და აუდიტის მიზანს არ წარმოადგენს მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა, უშუალოდ, კომპანიის მიერ მიღებული ზიანი ან შემოსავლების მიუღებლობა პირდაპირ არის თუ არა დაკავშირებული კომპანიის მიმართ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმეების წარმოებასთან.

11. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული ანგარიშის შინაარსის შეფასების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ იგი არ არის შედგენილი კატეგორიული ფორმით და არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას სარჩელით მოთხოვნილი ზიანის ფაქტის/ოდენობის დასადგენად.

12. უდავოა, რომ მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა გაგრძელდა 20.04.2025წ. ჩათვლით. მშენებლობა დაწყებული არ არის მოქმედი მშენებლობის ნებართვის პირობებშიც. შესაბამისად, მოსარჩელეს ფაქტობრივი ზიანი არ განუცდია იმით, რომ ნებართვის შეჩერების გამო, შეჩერების პერიოდში ვერ განახორციელა მშენებლობა იმ დროს არსებული ფასებით და მიმდინარე მშენებლობის პირობებში, ზედმეტად გაიღო ხარჯი.

13. ამავდროულად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული ანგარიშის საპირწონედ, მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილია შემდეგი მტკიცებულებები:

13.1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნული იქნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, შემდეგი საკითხების დასადგენად: 1. რა ოდენობით განისაზღვრებოდა მოსარჩელის სახელზე 04.07.2017წ. N3372225 ბრძანებით გათვალისწინებული პარამეტრებისა და მახასიათებლების მქონე მრავალფუნქციური კომპლექსის (შენობის) მშენებლობის საორიენტაციო საბაზრო ღირებულება 04.07.2017წ.დან 04.11.2019წ.მდე (მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა) არსებული საბაზრო ფასების საშუალო ოდენობის მიხედვით; 2. რა ოდენობით იქნება განსაზღვრული 04.07.2017წ. N3372225 ბრძანებით გათვალისწინებული პარამეტრებისა და მახასიათებლების მქონე მრავალფუნქციური კომპლექსის (შენობის) მშენებლობის საორიენტაციო საბაზრო ღირებულება მომავალში - 25.04.2025 წლამდე განსაზღვრული საბაზრო ფასების მიხედვით; დასმულ კითხვაზე სრულყოფილი პასუხის გაცემის მიზნით, დამკვეთს დაევალა დამატებით წარედგინა: 1. საპროექტო დოკუმენტაცია (კონსტრუქციული, არქიტექტორული და სხვა პროექტები); 2. შესასყიდი მასალების ინვოისები არსებობის შემთხვევაში; დამკვეთმა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს წარუდგინა პროექტის შეთანხმების შესახებ არქიტექტურის სამსახურის მიღებული ბრძანება, რომელშიც მოცემულია სამშენებლო პარამეტრები, ასევე, აუდიტორული ანგარიში (მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული შეფასება), რომელშიც ნახელმძღვანელებია გარკვეული ხარჯთაღრიცხვებით და არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე დაცული საპროექტო დოკუმენტაცია.

13.2. ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 19.05.2023წ. წერილით დამკვეთს აცნობა, რომ ექსპერტიზის წინაშე დასმულ საკითხებზე პასუხის გასაცემად დამკვეთს დაევალა განსაზღვრული დოკუმენტაციის წარდგენა. დამატებითი მასალის სახით წარმოდგენილი მასალები და ინფორმაცია (დოკუმენტაცია) არ შეესაბამება ბიუროს მიერ მოთხოვნილ მასალებს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილია მშენებლობის ნებართვები და საპროექტო შენობის სართულებრივი გეგმები, რომელთა საფუძველზე შეუძლებელია მშენებლობის საორიენტაციო სახაჯრთაღრიცხვო ღირებულების გაანგარიშება (იხ., ტ.2. ს.ფ. 329).

13.3. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 27.04.2023წ. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ქ. თბილისში, .......... მდებარე N......... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ტერიტორიულ არეალში მრავალფუნქციურ კომპლექსში საცხოვრებელი ბინის 1კვ.მ. საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულება თეთრ კარკასულ მდგომარეობაში 04.11.2019წ. მდგომარეობით საორიენტაციოდ 926 აშშ დოლარს (2739 ლარს) შეადგენს, ხოლო 17.03.2023წ. მდგომარეობით საორიენტაციოდ 1 407 აშშ დოლარს (3635 ლარს) შეადგენს.

14. წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა გააქარწყლეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ აუდიტორული ანგარიშის შედეგები, რომელიც სავარაუდო, საორიენტაციო და არაზუსტ მონაცემებს ეფუძნებოდა. არ დასტურდება ფაქტობრივად დამდგარი ზიანის არსებობა და ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც კი, სარწმუნო მტკიცებულებით (სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით) დგინდება, რომ მშენებლობის ღირებულების ზრდის პარალელურად გაიზარდა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაც. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პასუხიდან გამომდინარეობს, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მშენებლობის ნებართვებისა და საპროექტო შენობის სართულებრივი გეგმების საფუძველზე შეუძლებელია მშენებლობის საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულების გაანგარიშება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპეტენტურმა ორგანომ შეუძლებლად მიიჩნია კონკრეტულ პერიოდში მშენებლობის საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულების დადგენა და ასევე, სამშენებლო მასალების თუ მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დინამიკური ცვლილების მხედველობაში მიღებით, პალატამ მიიჩნია, რომ არ დასტურდება მოსარჩელისთვის მშენებლობის ნებართვის პერიოდში მშენებლობის განუხორციელებლობის გამო მშენებლობის ღირებულების გაძვირებით, მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი. მით უფრო, მშენებლობის ნებართვის მოქმედების პერიოდში - 30.06.2022წ. მდგომარეობით, არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით (რაც მითითებულია წარმოდგენილ აუდიტორულ ანგარიშში) და იმ პირობებში, როდესაც, მოსარჩელის მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა არ დაუწყია მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის აღდგენის შემდგომ დღემდე. ამასთან, ამგვარი ფაქტობრი ზიანის დადასტურების შემთხვევაშიც კი მხედველობაშია მისაღები, რომ 2017წ. ივლისის შემდგომ, მკვეთრად გაიზარდა ქონების საბაზრო ფასიც, რაც დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი 27.04.2023წ. ექსპერტიზის დასკვნითაც. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი აუდიტორული შეფასების ანგარიშში აღნიშნულია, მოსარჩელეს მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დამტკიცებული პროექტითა და მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ ვადაში მშენებლობის დასრულების შემთხვევაში შეეძლო მიეღო ანაცდური მოგება. ასევე, თავად ანგარიშშივეა მითითებული, რომ ამონაგები თანხების გამოყენების უამრავი გზა არსებობს, მაგრამ ისინი ყველა ძალიან ბევრ დაშვებაზეა დამოკიდებული და შესაბამისად საკამათოა.

15. ზემოთდადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ არ დასტურდება მოპასუხეთა ქმედებით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, რაც გამორიცხავს როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობას.

16. ამგვარი ზიანის არსებობის პირობებშიც, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული შეფასების შედეგები არ იქნებოდა საკმარისი მიუღებელი შემოსავლის ოდენობის დასადგენად, ვინაიდან ანაცდური მოგების დაანგარიშება და მისი ანალიტიკა დაფუძნებულია ჰიპოთეტურ და აბსტრაქტულ მონაცემებზე, შესაბამისად, არარელევანტურია მიუღებელი მოგების დასაანგარიშებლად. შეფასების ანგარიშშივეა მითითებული, რომ ამონაგები თანხების გამოყენების უამრავი გზა არსებობს, რაც უამრავ დაშვებაზე და ალბათობაზე დამოკიდებული. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, სწორედ ასეთ სავარაუდო და ჰიპოთეტურ გათვლებზე დამყარებული მოსაზრება აქცევს არასარწმუნოდ წარმოდგენილ მტკიცებულებას მშენებლობის ნებართვის პერიოდში განუხორციელებელი მშენებლობის გამო დაკარგული მოგების ოდენობის დასადგენად.

17. ამასთან, ვინაიდან ნაწილი მოპასუხეებისა: ს.ბ–ძე, რ.კ–ი, ა.კ–ი, ქ.ბ–ი და ნ.პ–ი, არ წარმოადგენდნენ იმ ადმინისტრაციული სამართალწარმოების მხარეებს, რომლის ფარგლებშიც სასამართლოს განჩინების საფუძველზე შეჩერდა 04.07.2017წ. ბრძანების მოქმედება, აღნიშნული გამორიცხავს ბრძანების მოქმედების შეჩერების გამო გამოწვეულ ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობას მათ მიმართ.

18. ჩუქების/ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნებთან მიმართებით სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 56-ე მუხლით და არ გაიზიარა მოსარჩელე აპელანტის პოზიცია სადავო გარიგებათა ნორმით გათვალისწინებულ საფუძველზე ბათილობის წინაპირობების არსებობის თაობაზე, რადგან ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების წარმოშობა არ დასტურდებოდა. ის გარემოება, რომ სადავო გარიგება დადებულია იმ პირებს შორის, რომელთაც შესაძლოა ნათესაური კავშირი ჰქონდეთ (ასეთიც არ დასტურდება სათანადო მტკიცებულებით), არ განაპირობებს ხელშეკრულებების ბათილობას. არ დასტურდება აღნიშნული გარიგების დადებით მოპასუხეთა მხრიდან რაიმე ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდების მცდელობა. აღნიშნული გარემოების დასადასტურელად საქმეზე არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება. მოპასუხეებს შორის დადებული ხელშეკრულებები მოჩვენებით ხასიათს არ ატარებს და აღნიშნული საფუძვლით გარიგებათა ბათილად ცნობის საფუძველი არ ვლინდება.

19. ამასთან, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნები მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, აღნიშნული საფუძველს აცლის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნას, ვინაიდან, მოსარჩელეს არ გააჩნია შესაბამისი იურიდიული ინტერესი მოპასუხეთა შორის დადებული გარიგებების ბათილად ცნობის შედეგის მიმართ.

20. თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.01.2024წ. საოქმო განჩინებებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ექსპერტების სახით რ.ვ–ის, ნ.ბ–ის, ბ.ლ–ას და ა.ო–ის გამოკითხვაზე. სსსკ-ის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ გაეცნონ ექსპერტის დასკვნას. მათივე თხოვნით ექსპერტის დასკვნა გამოქვეყნდება სასამართლო სხდომაზე. მხარეებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრება, ხოლო დასკვნის განმარტებისა და შევსების მიზნით ექსპერტს შეიძლება მიეცეს შეკითხვები. ნორმის მიხედვით, ექსპერტი შეიძლება გამოიკითხოს სასამართლოს სხდომაზე, რისი მიზანიც არის დასკვნის განმარტება და მისი შევსება. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები არ საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, განმარტებას და შევსებას. შესაბამისად, გასაჩივრებული საოქმო განჩინება დარჩა უცვლელი.

21. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა პირველმა მოპასუხემ.

22. კასატორი ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს 31.10.2024წ. განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.01.2024წ. საოქმო განჩინებები ექსპერტების გამოკითხვაზე უარის თქმის შესახებ.

23. კასატორი აღნიშნავს, მოპასუხეებმა მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, განზრახ მიაყენეს ზიანი მოსარჩელეს, რაც არამხოლოდ ფაქტობრივ ზიანში, არამედ, მიუღებელ შემოსავალშიც გამოიხატება.

24. კასატორი მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა ნაწილმა საკუთრებაში არსებული ქონება მოჩვენებითად გაასხვისეს მოპასუხეთა დანარჩენ ნაწილზე.

25. კასატორი უთითებს საპროცესო დარღვევებით საქმის განხილვაზე. აღნიშნავს, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასრულყოფიად გამოიკვლიეს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მოპასუხეთა არაკეთისინდისიერ ქმედებებს და ხელშეშლის ფაქტებს, რის გამოც, მოსარჩელეს მიადგა ზიანი და დღემდე ვერ ხერხდება მშენებლობის დაწყება, კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია აუდიტორის ანგარიში სამშენებლო ნებართვით გათვალისწინებულ ვადებში მშენებლობის განუხორციელებლობის გამო მიღებული ზიანისა და მიუღებელი სარგებლის (ანაცდური მოგება) თაობაზე; წარმოდგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს 24.04.202წ. ოქმები ფაქტების კონსტატაციის შესახებ და შპს ევროექსპერტის 29.04.202წ. დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ კასატორის უძრავ ქონებაზე განთავსებულია მოპასუხეთა და მათ მეზობელთა უძრავი ქონება. არაერთი წერილი გაეგზავნა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციას, საქართველოს გენ.პროკურორს, პრემიერ მინისტრს, წარმოდგენილია მოპასუხეთა მაიდენტიფიცირებელი და ხელშეშლის ფაქტების დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერები.

26. სადავო გარიგებათა ბათილობის დასადასტურებლად არაერთი ფოტოსურათია წარმოდგენილი მოპასუხეთა სოციალური ქსელიდან, საიდანაც გამომდინარეობს დასკვნა, რომ სადავო გარიგებები მოჩვენებითადაა გაფორმებული.

27. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის და მოპასუხეთა მიერ წაერმოდგენილი დოკუმენტების არასწორი შეფასებით მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა წინადი მტკიცებულება წარმოადგენეს, რითაც გააქარწყლეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის იურიდიული ძალა.

28. კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხეებს ადმინისტრაციული წესით ბრძანების გასაჩივრებისას უნდა გაეთვალისწინებინათ აქედან წარმოშობილი რისკები ზიანის დადგომის შესახებ.

29. ექსპერტთა გამოკითხვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების უცვლელად დატოვებასთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, იმ პირობებში როდესაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა შეაფასეს ექსპერტთა დასკვნის შინაარსი, მოახდინეს მისი ინტერპრეტაცია, შევსება, განმარტება, ცხადია რელევანტური იქნებოდა მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე ექსპერტთა გამოკითხვაც, რაზედაც მოსარჩელს უარი უსაფუძვლოდ ეთქვა.

30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

31. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

32. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე (სსსკ-ის 391.5 მუხლი).

33. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

34. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

35. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ, მოსარჩელის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები.

36. მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით ვასკვნით, რომ სარჩელი ორი ელემენტისგან შედგება: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება სასამართლოს ვალდებულებაა.

37. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

38. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს.

39. მოსარჩელე, შესაძლებელია, ცდებოდეს კიდეც სადავო ურთიერთობის სამართლებრივ შეფასებაში, რაც არათუ არ ზღუდავს სასამართლოს, არამედ, პირიქით, სწორედ სასამართლოა ვალდებული, სამართლებრივად სწორად შეაფასოს სადავო ურთიერთობა და მოძებნოს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

40. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით; რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

41. წარმოდგენილი სარჩელი ეფუძნება ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხეთა მიერ ინიცირებული უსაფუძვლო სარჩელის ფარგლებში, მათივე შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა, რაც, ერთი მხრივ, ფაქტობრივად განცდილ ქონებრივ დანაკლისში, მეორე მხრივ, აცდენილ მოგებაში გამოიხატა.

42. საკასაციო პალატა აღნიშნავს, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუმართლებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 199-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგულირდება (თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ან 363​30 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად). ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომის წინაპირობებია: ა) გამოყენებული უნდა იყოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება; ბ) ეს ღონისძიება უნდა იყოს გაუმართლებელი; გ) უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად უნდა არსებობდეს ზიანი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი (სუსგ №ას-115-2020, 11.02.2021წ.). ამ ფაქტების მითითება და მტკიცება, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრება.

43. ის გარემოება, რომ მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად გვევლინება საპროცესო სამართლის ნორმა, არსებითად არ ცვლის ვითარებას. აღნიშნული საკანონმდებლო ტექნიკის საკითხია და სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირების მხოლოდ მასზე დამყარება არ ეწინააღმდეგება მართლწესრიგის პრინციპებს. ეს ნორმა მნიშვნელოვანია იმ კონტექსტშიც, რომ იგი ერთი მხრივ, მოსამართლეს აძლევს პრევენციული მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას - ზიანის აშკარა საფრთხის შემთხვევაში, მხარეს შეიძლება დაეკისროს მისი უზრუნველყოფა, ამასთანავე, პირს, რომლის ინტერესების დაცვასაც ემსახურება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, განემარტება ამ ღონისძიების გაუმართლებლობის გამო შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობა (სუსგ-ები. №ას-259-259-2018, 30.06.2020წ.; №ას-1140-2024, 28.02.2025წ.) .

44. სადავო შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის მიზნებისათვის, სასამართლოს კვლევის საგანს გაუმართლებელი უზრუნველყოფით წარმოშობილი ზიანის არსებობა-არარსებობის ფაქტი წარმოადგენს.

45. მოსარჩელის ის მოთხოვნები, რომლებიც ითვალისწინებს მოპასუხეებისათვის სოლიდარულად შემდეგი თანხის დაკისრებას: ა) 1 677 809 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი; ბ) 11 645 092 ლარის (ანაცდური მოგება); გ) 4 012 303 ლარი (მისაღები გეგმიური მოგება, ფულის დროში ღირებულების გათვალისწინებით); დ) 3 159 556 ლარი (წმინდა) მოგების 11 645 092 ლარის საბანკო ანაბარზე განთავსების შემთხვევაში საპროცენტო სარგებელი; ე) 279 174 ლარი (ანაცდური (წმინდა) მოგება) მშენებლობის შეჩერების პერიოდში, 34 თვის განმავლობაში, მიწის ნაკვეთზე დროებითი ავტოსადგომის მოწყობის შემთხვევაში (იხ.,ამ განჩინების პპ: 3.1-3.5), ეფუძნება შპს „ბ.ი.გ–ის“ აუდიტორულ ანგარიშს.

46. სსსკ-ის 102-ე მუხლის მეორე ნაწილი განსაზღვრავს სამოქალაქო საქმისწარმოებაში დასაშვებ მტკიცებულებათა ნუსხას. ასეთები შეიძლება იყოს: ა) მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, ბ) მოწმეთა ჩვენება, 3) ფაქტების კონსტატაციის მასალები, 4) წერილობითი მტკიცებულებები, 5) ნივთიერი მტკიცებულებები და 6) ექსპერტის დასკვნა. ჩამოთვლილთაგან არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. აგრეთვე, არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. ეს ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ განსაზღვრული არ არის. მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ საქმის განხილვის პროცესში. საბოლოოდ კი, სასამართლო, ობიექტურ საწყისებზე, მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას - განსაზღვრავს თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ არ შეიძლება სასამართლო მტკიცებულების იზოლირებული შეფასების შედეგით შემოიფარგლოს. სასამართლომ, ცალკეული მტკიცებულების შეფასების შემდგომ ისინი ერთობლიობაში უნდა შეფასდეს. მტკიცებულებათა შეფასებას კი, პროცედურულად საქმის გარემოებების დადგენა მოჰყვება შედეგად. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, სწორედ მტკიცებულებათა შეფასების შედეგია საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და ამ პროცესში, ცხადია მნიშვნელოვან პროცესუალურ ადგილს მოპასუხის შედავება (შესაგებელი) იკავებს. მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი. მხარეთა პროცესუალური თანასწორობის განმსაზღვრელი ძირითადი ნიშნები და მიმართულებანი ჩამოყალიბებულია სსსკ-ის 4.1 მუხლში, რომლის თანახმად მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები (იხ., გაგუა ილონა, მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე, რედ: ძლიერიშვილი ზ., კვანტალიანი ნ., 2020წ., 148, 149, 222).

47. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხის სწორად შესაფასებლად საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს და აღნიშნავს, სსსკ-ის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. ამავე კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად, მხარეთა განმარტება ასევე წარმოადგენს სასამართლო მტკიცებულების სახეს. მოსარჩელის მიერ წარდგენილია აუდიტორული დასკვნა, რომელიც განეკუთვნება სსსკ-ის 134–ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ წერილობით მტკიცებულებას, რომელსაც მოსარჩელე ამყარებს თავის განამარტებას ზიანის მიყენების ფაქტსა და მიყენებული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, აუდიტორული კვლევის განხორციელება და მისი შედეგების დასკვნის სახით სასამართლოში წარდგენა მხარის საპროცესო უფლებაა.

48. საკასაციო პალატა აღნიშნავს, კერძო დავებზე წარმატების მისაღწევად მხარეებმა ჯეროვნად უნდა განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, რაც დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და მათი რელევანტური მტკიცებულებებით დამტკიცების ტვირთის რეალიზებაში მდგომარეობს. ამ უფლებით თანაბრად სარგებლობს როგორც მოსარჩელე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება), ასევე, მოპასუხე (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლება).

49. საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებებს, ასევე, აუდიტის დასკვნის იურიდიულ ძალას აფასებს სასამართლო მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით, რაც მის სრულყოფილად გამოკვლევას, მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს გულისხმობს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. შესაბამისად, ყურადღება უნდა მიექცეს კვლევის მეთოდებს, შინაარსობრივ მხარეს, სიზუსტეს, კატეგორიულობას.

50. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული შეფასების ანგარიშით ირკვევა, რომ აუდიტორულ ანგარიშში მთელი რიგი ციფრები, რომლებიც უშუალოდ არაა აღებული კონკრეტული დოკუმენტებიდან, გაანგარიშებითია, ეყრდნობა დამკვეთის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, მოქმედ ნორმატიულ აქტებს და ოფიციალურად გამოქვეყნებულ მონაცემებს.

51. აქვე ნიშანდობლივია აღნიშნოს, რომ აუდიტორული დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის საპირწონედ, მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მოპასუხემ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც მითითებულია ამ განჩინების პ.13-ში.

52. ამ შემთხვევაში სახელმძღვანელოა მტკიცების ტვირთის განაწილების უზოგადესი წესი, რომლის თანახმადაც, მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (“affirmanti, non negati, incumbit probatio”) - სწორედ ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. უარყოფის მტკიცება არ შეიძლება დაეკისროს მხარეს, რომელიც ფაქტის ან მოვლენის არარსებობაზე აპელირებს, არამედ ამ ფაქტისა თუ მოვლენის არსებობის მტკიცების ტვირთი აწევს მას, ვის სასარგებლოდაც მეტყველებს შედავებული ფაქტობრივი გარემოება“ (სუსგ. №ას-509-509-2018, 05.04.2019წ; №ას-1299-2018, 29.11.2019წ).

53. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტორული ანგარიშის მტკიცებულებითი ძალა წარმატებით გააქარწყლეს, რომლითაც საგულისხმო, კვალიფიციური არგუმენტები დაუპირისპირეს მას, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს, კერძოდ, ამ განჩინების პ.13-ში მითითებულია, რომ მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 27.04.2023წ. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ქ.თბილისში, ........... მდებარე N........ საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ტერიტორიულ არეალში მრავალფუნქციურ კომპლექსში საცხოვრებელი ბინის 1კვ.მ. საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულება თეთრ კარკასულ მდგომარეობაში 04.11.2019წ. მდგომარეობით საორიენტაციოდ 926 აშშ დოლარს (2739 ლარს) შეადგენს, ხოლო 17.03.2023წ. მდგომარეობით საორიენტაციოდ 1 407 აშშ დოლარს (3635 ლარს) შეადგენს. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნის შედგებიდან გამომდინარეობს, რომ მშენებლობის ღირებულების ზრდის პარალელურად გაიზარდა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაც.

54. ამასთან, ამავე განჩინების პ.13-ში დადგენილია რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პასუხიდან გამომდინარე ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მშენებლობის ნებართვებისა და საპროექტო შენობის სართულებრივი გეგმების საფუძველზე მშენებლობის საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულების გაანგარიშება შეუძლებელია.

55. შესაბამისად, არ დასტურდება მოსარჩელისთვის მშენებლობის ნებართვის პერიოდში მშენებლობის განუხორციელებლობის გამო მშენებლობის ღირებულების გაძვირებით, მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი. ანგარიშგასაწევია ზემოაღნიშნული გარემოებაც, რომ ფაქტობრივი ზიანის დადასტურების შემთხვევაშიც კი, 2017წ. ივლისის შემდგომ, მკვეთრად გაიზარდა ქონების საბაზრო ფასიც (იხ., 27.04.2023წ. ექსპერტიზის დასკვნა).

56. საქმეზე წარმოდგენილი აუდიტორული შეფასების ანგარიშში აღნიშნულია, მოსარჩელეს მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დამტკიცებული პროექტითა და მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ ვადაში მშენებლობის დასრულების შემთხვევაში შეეძლო მიეღო ანაცდური მოგება. თავად აუდიტორულ ანგარიშშივეა მითითებული, რომ ამონაგები თანხების გამოყენების უამრავი გზა არსებობს, მაგრამ ისინი ყველა ძალიან ბევრ დაშვებაზეა დამოკიდებული და შესაბამისად საკამათოა.

57. ამდენად, ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებითი საქმიანობის ფარგლებში წარმოდგენილ მტკიცებულებათა იურიდიული ძალის შესწავლის შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ თავი ვერ გაართვა ზიანისა და მისი ოდენობის მტკიცების ტვირთს, რაც ამ ნაწილში სარჩელის უარყოფის საფუძველია (იხ., სუსგ №ას-404-2024, 10.06.2024წ.).

58. მიუღებელი შემოსავლის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის წინააღმდეგ წარმოდგენილ საკასაციო შედავებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, როგორც კასატორი უთითებს სამშენებლო ნებართვით გათვალისწინებულ ვადებში კომპანიის მიერ მიუღებელი (ანაცდური) მოგების 11 645 092 ლარის საბანკო ანაბარზე განთავსების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა 3 159 556 ლარის საპროცენტო სარგებლის მიღება,

59. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 411-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად წარმოშობილი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

60. ნორმის მიხედვით, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans).

61. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც კრედიტორმა განიცადა და რომელიც არ იარსებებდა, რომ არა მოვალის მხრიდან მისი ვალდებულების დარღვევა. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირი კავშირი გულისხმობს მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის იმ ლოგიკურ ბმას, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (სუსგ-ები №ას-459-438-2015, 07.10.2015წ.; №ას-754-2021, 02.12.2021წ.).

62. ფული ყველაზე ბრუნვაუნარიანი ობიექტია, შესაბამისად, მისგან სარგებლის მიღების რეალური შესაძლებლობა თავისთავად არსებობს, თუმცა აღნიშნული იმთავითვე არ გულისხმობს მოსარჩელის მტკიცების ტვირთის არაგონივრულად შემცირებას არამედ იგი პირდაპირპროპორციულად მნიშვნელოვანია მოსამართლის როლისათვის მიუღებელი შემოსავლის განმარტების, არსებობის დასაბუთებისა და ოდენობის განსაზღვრის პროცესში.

63. თუკი დავა ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების არადროული შესრულების გამო გასესხებული თანხის მოცდენით (სარგებლის მიუღებლობა) კრედიტორის მიერ განცდილ ზიანს არ შეეხება, მოსარჩელის მტკიცების ტვირთში შედის სარჩელით მოთხოვნილი მიუღებელი შემოსავლის მიღების ფაქტის დადასტურება. მხოლოდ მტკიცების ტვირთის ჯეროვანი რეალიზების პირობებში გახდება შესაძლებელი, რომ მიუღებელი შემოსავალი არარეალურ და აბსტრაქტული შინაარსის მოთხოვნად არ იქცეს და მტკიცებულებები და გარემოებები კომპლექსურად შეფასდეს (მრავალთა შორის იხ., №ას-601-2021, 21.03.2024წ.).

64. წინამდებარე დავა ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების არადროული შესრულების გამო გასესხებული თანხის მოცდენით (სარგებლის მიუღებლობა) კრედიტორის მიერ განცდილ ზიანს არ შეეხება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს თანხის ანაბარზე განთავსების შეუძლებლობის მოტივით შემოსავლის დაკარგვის რეალურობის არგუმენტის დასასაბუთებლად, სულ მცირე, იმგვარი მტკიცებულება მაინც უნდა წარედგინა, რომელიც დაადასტურებდა, ანაბარზე თანხის განთავსებით მოგების მიღების პრაქტიკა მას, როგორც მეწარმე სუბიექტს, წარსულში ერთხელ მაინც ჰქონია. ამგვარი მტკიცებულების გარეშე, მოსარჩელის საქმიანობის სპეციფიკა და მიმართულება კი არ ქმნის სარჩელით მოთხოვნილი მიუღებელი შემოსავლის მიღების საფუძვლიან ვარაუდს (იხ. სუსგ №ას-81-2020, 02.03.2020წ.; №ას-964-2018, 01.04.2020წ.; №ას-1178-1098-2017, 26.03.2019წ.; №ას-771-720-2017, 03.11.2017წ.; №ას-459-438-2015, 07.07.2015წ.).

65. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების სსკ-ის 411-ე-412-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები, განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება.

66. გარიგებათა ბათილობის შესახებ სარჩელის უარყოფის ნაწილში წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიასთან მიმართებით, პალატა იზიარებს ამ განჩინების პპ: 17-18-ში მითითებულ მსჯელობას. ამასთან, მიაჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნათა უარყოფის გათვალისწინებითაც არ არსებობს მოპასუხეთა შორის გაფორმებული გარიგებების კანონშეუსაბამობის დადგენის იურიდული ინტერესი.

67. რაც შეეხება ექსპერტთა მოწვევაზე უარის თქმის შესახებ 18.01.2024წ. საოქმო განჩინებათა გაუქმების უარყოფის ნაწილში წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა ვერც ამ ნაწილში დაასაბუთა ექსპერტთა მოწვევის და გამოკითხვის აუცილობლობა (შდრ: სუსგ №ას-1169-2019, 6.08.2021წ. პ.31).

68. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. ამდენად საკასაციო პალატა კასატორთა არაძირითად არგუმენტებზე აღარ იმსჯელებს (იხ., „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

69. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

70. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ა.კ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ა.კ–ს“ (ს.კ: ......) დაუბრუნდეს ჩ. ს. ე.ბ–ის მიერ 13.01.2025წ. №25475932975 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნიკოლოზ მარსაგიშვილი

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ლაშა ქოჩიაშვილი