¹ბს-1155-1106(კ-07) 11 მარტი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ლ. ბ.-ა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის განჩინება
სარჩელის საგანი _ სახელფასო დავალიანებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 28 მაისს ლ. ბ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი ცენტრალური საკომანდო პუნქტის კავშირგაბმულობის კვანძის სატელეფონო ცენტრის სადენიანი კავშირის გადართვის აპარატურის მორიგე მექანიკოსად, ხოლო სამსახურში მუშაობის დროს მიუღებელი დარჩა 1999-2000 წლების სახელფასო დავალიანება _ 1301,52 ლარი, ასევე _ ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია, რომელიც შეადგენდა 459,88 ლარს.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო, ხოლო ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის” შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების (ხელფასის, კვების, მატერიალური დახმარების, ჯილდოს) _ 1301,52 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 459,88 ლარის, სულ _ 1762,4 ლარის გადახდის მის სასარგებლოდ დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ბ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 1301,52 ლარისა და სანივთე ქონების კომპენსაციის _ 459,88 ლარის, სულ _ 1762,4 ლარის გადახდა ლ. ბ.-ს სასარგებლოდ.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 2007 წლამდე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. მოსარჩელის განმარტებითა და საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ლ. ბ.-ს მიმართ ჰქონდა სახელფასო დავალიანება, რაც შეადგენდა 1301,52 ლარს, ხოლო სანივთე ქონების კომპენსაცია _ 459,88 ლარს. აღნიშნული გარემოება დადასტურებული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2006 წლის 22 დეკემბერს გაცემული, საქმეში არსებული ¹252 და ¹6 ცნობებით.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებდა საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. აღნიშნული კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებს. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, ხოლო იმავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია და ფორმის ტანსაცმელი. ამდენად, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო, მოსარჩელე ლ. ბ.-თვის აენაზღაურებინა კუთვნილი სახელფასო დავალიანება და სანივთე ქონების კომპენსაცია, სულ _ 1762,4 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქალაქო სასამართლომ მართებულად გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, მოხელეს უფლება ჰქონდა, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომლის გასტუმრებაზეც პასუხისმგებელი იყო ის დაწესებულება, სადაც მუშაობდა მოხელე, რამეთუ შრომითი უფლების დაცვა და შრომის სამართლიანი ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებული იყო საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად გამოიყენა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, რომელთა თანახმადაც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია და ფორმის ტანსაცმელი. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ბ.-ა ითხოვდა 2004-2006 წლების სანივთე ქონების კომპენსაციას.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სანივთე ქონების კომპენსაცია წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და მის მიმართ უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სანივთე ქონების კომპენსაციის ხანდაზმულობის თაობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლ. ბ.-ს მიმართ ერიცხებოდა არა სააპელაციო საჩივარში მითითებული 1999-2000 წლების, არამედ 2004-2006 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანება, რომელიც სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ, რადგან დავის განხილვის დროისათვის _ 2007 წლის მაისში ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც სანივთე ქონების კომპენსაციის თანხის მოთხოვნის უფლება ჰქონდა სამხედრო მოსამსახურეს და არა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ლ. ბ.-ს მიმართ აპელანტს სანივთე ქონების დავალიანება წარმოეშვა 2004-2006 წლებში. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა ჰქონდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ იყო დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, ზემოხსენებულ კანონს კი აღნიშნული სახის ცვლილება არ განუცდია.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა კვების, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს გაცემის ხანდაზმულობის თაობაზე აპელანტის მოსაზრება და მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული დავალიანება ხელფასთან ერთად გაიცემოდა, რის გამოც აპელანტის ზემოხსენებული არგუმენტი მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებდა თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლოს შეიძლებოდა საკმარის მტკიცებულებად ჩაეთვალა და საფუძვლად დაედო სასამართლო გადაწყვეტილებისთვის. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელისათვის 459,88 ლარის სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რადგან დადგენილია, რომ ლ. ბ.-ა შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილია 2007 წლის 31 იანვარს, ხოლო მის მიერ სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2007 წლის 7 ივნისს, სასარჩელო მოთხოვნა კი ეხება 2004-2006 წლების სანივთე ქონების კომპენსაციას. მოსარჩელეს უფლება არ ჰქონდა მოეთხოვა 2004-2006 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება, რამდენადაც მოსარჩელე სარჩელის შეტანის დროისათვის სამხედრო მოსამსახურეს აღარ წარმოადგენდა, ხოლო ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეს სანივთე ქონება ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია ეძლევა სამსახურის პერიოდში, როდესაც იგი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა. რაც შეეხება სასამართლოს მიერ ხსენებული ნორმის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ მოსარჩელეზე გავრცელებას, აღნიშნული უკანონოა, ვინაიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის ნორმები ვრცელდება მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებზე.
კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის 2007 წლის 11 მაისის ცვლილებამდე მოქმედი ნორმა. დასახელებული ნორმით კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდათ სამხედრო მოსამსახურეებს. სარჩელის შეტანის დროისათვის მოსარჩელე ლ. ბ.-ა აღარ იყო სამხედრო მოსამსახურე და შესაბამისად, მოსარჩელეს სარჩელის შეტანის დროს არ ჰქონდა სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელისათვის ხელფასის, კვების კომპენსაციის, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს ანაზღაურების ნაწილში და არასწორად განმარტა კანონი. დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ. ბ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების თანხის დაკისრების თაობაზე. ასევე დადგენილია, რომ ლ. ბ.-ს სამსახურიდან დათხოვნისას მიუღებელი დარჩა 1999-2000 წლების ხელფასი _ 375,8 ლარი, კვების კომპენსაცია _ 669,1 ლარი, მატერიალური დახმარება _ 66,14 ლარი და ჯილდო _ 190,48 ლარი.
კასატორის მტკიცებით, სარჩელი ხელფასის მოთხოვნის ნაწილში სასამართლოში უნდა წარდგენილიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ერთთვიან ვადაში იმ დღიდან, როდესაც მოსარჩელე გათავისუფლდა სამსახურიდან, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად _ სამი წლის ვადაში.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მითითებული კომპონენტების ნაწილში უნდა გამოეყენებინა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტი, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში _ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად განმარტა კანონი, რამაც გამოიწვია დაუსაბუთებელი და უკანონო განჩინების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 დეკემბრის განჩინებით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით, საკასაციო საჩივრის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 თებერვლის განჩინებით, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობის მიერ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 11 მარტს, ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ლ. ბ.-ა დაბადებულია 1958 წლის 17 მარტს (ს.ფ. 4). საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2007 წლის 17 მაისის ¹9/1396 წერილის თანახმად, ლ. ბ.-ს მიერ მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება განხორციელდებოდა ამ მიზნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ხოლო, რაც შეეხებოდა სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებას, სამხედრო მოსამსახურეებს მიუღებელი ფორმის შესახებ ცნობები უნდა წარედგინათ შესაბამის საფინანსო სამსახურებში ყოველი მიმდინარე საანგარიშო წლის ბოლომდე, რათა მომხდარიყო ანაზღაურება ან კრედიტორულ დავალიანებაში ასახვა, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას, აენაზღაურებინა საკომპენსაციო თანხის დავალიანება (ს.ფ. 5). საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹... სამხედრო ნაწილის მეთაურის მიერ 2006 წლის 22 დეკემბერს გაცემული ¹252 ცნობის მიხედვით, ლ. ბ.-ს 1999-2000 წლების დავალიანება შეადგენდა 1301,52 ლარს, მათ შორის, ხელფასი _ 375,8 ლარს, კვება _ 669,1 ლარს, მატერიალური დახმარება _ 66,14 ლარს, ჯილდო _ 190,48 ლარს (ს.ფ. 6). საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალების ¹... სამხედრო ნაწილის მეთაურის მიერ გაცემული ¹6 ცნობის თანახმად, ლ. ბ.-ს 2004-2006 წლების ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია შეადგენდა 459,88 ლარს (ს.ფ. 7). საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის ¹268 ბრძანებით ლ. ბ.-ა დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან (ს.ფ. 8).
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ, ვინაიდან ლ. ბ.-ა ითხოვს 2004-2006 წლების სანივთე ქონების კომპენსაციას, ხოლო ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის იმჟამად მოქმედი რედაქციის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, აღნიშნულის საფუძველზე აპელანტი ვალდებული იყო, ლ. ბ.-თვის აენაზღაურებინა ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაცია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, სანივთე ქონების კომპენსაცია პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა, მაგრამ ამ შემთხვევაში იგი არ არის ხანდაზმული და შესაბამისად, ექვემდებარება მოსარჩელისთვის ანაზღაურებას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დავის განხილვის დროისათვის _ 2007 წლის მაისში ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც სანივთე ქონების კომპენსაციის თანხის მოთხოვნის უფლება ჰქონდა სამხედრო მოსამსახურეს და არა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირს.
სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ლ. ბ.-ს მიმართ აპელანტს სანივთე ქონების დავალიანება წარმოეშვა 2004-2006 წლებში, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის თანახმად კი, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონს კი აღნიშნული სახის ცვლილება არ განუცდია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლზე (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას), რომლის მიხედვითაც, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება, მაგრამ ხსენებული მუხლი არ მოიცავს სასურსათო და სანივთე უზრუნველყოფას, როგორც კომპენსაციას. ამასთან, საგულისხმოა, რომ კვების კომპენსაცია აღიარებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2007 წლის 17 მაისის ¹9/1396 წერილით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ბ.-ს სარჩელი არის საფუძვლიანი, ხოლო კასატორს არ წარმოუდგენია რაიმე დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის განჩინება;
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების სახით 100 ლარის გადახდა;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.