Facebook Twitter

საქმე №ას-740-2025 16 იანვარი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ზ.გ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ა–ი, ე.ყ–ი, ა.ყ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - გარიგების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.05.2025წ. განჩინებით ზ.გ–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 25.06.2024წ. გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1.მ.გ–მა 10.01.1998წ. მინდობილობით დ.პ–ს სრული უფლება მისცა ემართა, განეგო მისი ქონება, დაედო კანონით ნებადართული ყველა გარიგება: შეესყიდა, გაესხვისებინა, გაეჩუქებინა, მიეღო საჩუქრად, გაეცვალა, დაეგირავებინა შენობა და სხვა ქონება; მითითებული მინდობილობის საფუძველზე 12.01.1998წ. უძრავი ქონება დ.პ–მა შეიძინა მ.გ–ისგან და დაირეგისტრირა თავის სახელზე;

2.2.07.04.2004წ. დ.პ–მა უძრავი ქონება მიჰყიდა ე.ყ–ს, რომელიც შეძენილ სახლში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა. 09.09.2016წ. ე.ყ–ი გარდაიცვალა და მისი მემკვიდრეობა თანაბარ წილად მიიღეს ე.ყ–მა (შემდეგში: პირველი მოპასუხე) და ა.ყ–მა (შემდეგში: მეორე მოპასუხე);

2.3.პირველმა მოპასუხემ სამკვიდრო ქონებიდან თავისი წილი მეორე მოპასუხეს აჩუქა;

2.4.15.12.2018წ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებით ოფიციალურ დოკუმენტზე ხელმოწერის გაყალბებისა და მ.გ–ის საცხოვრებელი სახლის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო;

2.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემთა ბაზების მიხედვით დგინდება მოსარჩელის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით. მოქმედი გენერაციის მონაცემთა ბაზის (2010 წლიდან) მიხედვით 2019 წლის 10 ივლისამდე დაფიქსირდა ს.ს.კ.გ.,,ცოდნა,,-ს, ს.ს.კ.გ.,,წითელი ხიდის“- ს,ს.ს.კ.გ.,,ყაზბეგის“ გავლით მოსარჩელე საქართველოს საზღვარზე გადადიოდა და უკან ბრუნდებოდა ან იმავე დღეს, ან/და ორი დღის შემდეგ;

2.6. მოსარჩელემ სარჩელი 29.01.2019წ. აღძრა;

2.7. დ.პ–ის უფლებამონაცვლედ ცნობილია - ლ.ა–ი (შემდეგში- მოპასუხე).

3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის/აპელანტის პრეტენზია, რომ მოსარჩელემ 2013 წლამდე არ იცოდა დედის მიერ თავის სიცოცხლეში დ.პ–ზე სადავო სახლის მიყიდვის, ასევე, დ.პ–ის მიერ სახლის ე.ყ–ზე გაყიდვის ფაქტი.

4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, სადავო სახლს და მოსარჩელის კუთვნილ სახლს შორის მანძილი 8-10 მეტრია და მათ ეზოებს მავთულბადის ღობე ჰყოფს, რომელიც ნაწილობრივ დაფარულია მავთულბადეზე ასული მცენარის ფოთლებით და ამავე მავთულბადის ღობიდან გარკვევით ჩანს როგორც მოპასუხის სახლი, ასევე ორივე მხარის ეზო (იხ. სურათები ტ.3. გვ. 89).

5. სააპელაციო პალატამ იმასაც მიაქცია ყურადღება, რომ თავის მხრივ, გ.გ–ს (მოსარჩელის ძმა და გარდაცვილი დედის ანდერძისმიერი მემკვიდრე) და თავის სიცოცხლეში მ.გ–ს სადავოდ არ გაუხდიათ არც მინდობილობა და არც ნასყიდობის გარიგება და ამ მიზნით არც შესაბამისი ორგანოებისთვის მიუმართავთ.

6. მოსარჩელის განმარტება, რომ 2005წ. საცხოვრებლად გადავიდა ქ.თელავი, ......., სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადასტურებს, რომ მას შემდეგ, რაც ე.ყ–ის ოჯახი გადავიდა სადავო უძრავ ქონებაში საცხოვრებლად, რომლის ეზოშიც კიდევ იყო აშენებული გოძიაშვილების მიერ მეორე საცხოვრებელი სახლი, სადაც ცხოვრობდა მოსარჩელე ოჯახთან ერთად, ორივე სახლი დამისამართდა სხვადასხვა ნომრებით. სადავო სახლი დარჩა ........., ხოლო მოსარჩელის სახლი გახდა ალ.გრიბოედვის 1 ჩიხი, ბინა 1. აღნიშნულ მისამართს უთითებს მოსარჩელე წინამდებარე სარჩელშიც.

7. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების მეორე გვერდზე მესამე აბზაში მითითებულია, რომ ზ.გ–ის ჩვენებით დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: იგი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ......... ქუჩა N50-ში და როდესაც საცხოვრებლად გადავიდა ......... N1-ში, ......... N50-ში საცხოვრებლად დარჩა დედამისი მ.გ–ი, რომელიც 1998წ. აგვისტოში გარდაიცვალა. ჩვენების თანახმად, ზ.გ–ი ჯერ კიდევ დედის სიცოცხლეში გადასულა სხვა სახლში საცხოვრებლად, დედა 1998წ. გარდაიცვალა.

8. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო ძმის - გ.გ–ის მიერ დ.პ–ისათვის გადაუხდელი ვალის შესახებ, მ.გ–ს და დ.პ–ს შორის შემდგარი შეთანხმებისა და მინდობილობის გაცემის შესახებ, ასევე მისთვის ცნობილი იყო რომ ე.ყ–ის ოჯახმა დ.პ–ისგან შეიძინა სადავო უძრავი ქონება.

9. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება რომ დ.პ–მა მუქარით და ძალდატანებით აიძულა გ.გ–ი, რათა გ–ს ნოტარიუსთან მიეყვანა დედა - მ.გ–ი მინდობილობის გასაცემად. არც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებით და არც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ გ.გ–ის მიმართ ადგილი ჰქონდა რაიმე სახის მუქარას ან იძულებას. გ.გ–ს დღემდე არ მიუმართავს სასამართლოსა და საგამოძიებო ორგანოებისათვის მსგავში განცხადებით.

10. მოსარჩელე აღნიშნავს, ნოტარიუსთან დ. პ–მა წარადგინა 10.01.1998წ. მინდობილობა და ტექ. ბიუროს ცნობა-დახასიათება, რომელიც თითქოს გაცემული იყო 12.01.1997წ. და მოქმედების ვადა 1 თვე ჰქონდა. ნოტარიუსმა გ. ბ–მა აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე 12.01.1998წ. დაამოწმა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ 12.01.1997წ. იყო კვირა დღე და შესაბამისად დასვენების დღეს ტექ.ბიუროს ცნობა-დახასიათება ვერ გაიცემოდა. შესაბამისად, გაზიარებული იქნა მოპასუხის მოსაზრება რომ დაშვებულია ტექნიკური შეცდომა - ვინიდან 12.01.1998წ. იყო სამუშაო დღე (სამშაბათი - იხ., ს.ფ. 243-244, ტ.1.) და ამასთან, ცნობა-დახასიათებაში მითითებულია, რომ იგი მომზადდა ყიდვა-გაყიდვის გაფორმებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ცნობა-დახასიათება მიიღო დ.პ–მა მინდობილობის საფუძველზე 12.01.1998წ.-ს, ხოლო ერთი წლით ადრე ამ შინაარსით იგი ვერ გაიცემოდა.

11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის სადავო უძრავ ქონებაზე 12.01.1998წ.-ის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შესახებ ცნობილი იყო 2004 წლის აპრილის თვიდან, როცა ე.ყ–ი და მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა შეძენილ სახლში.

12. მ.გ–ი 1998წ. გარდაიცვალა. დედის გარდაცვალების შემდეგ გ.გ–ს (რომლის სასარგებლოდაც მ.გ–ს შედგენილი ჰქონდა ანდერძი ჯერ კიდევ 1983 წლის 13 აპრილს) სადავოდ არ გაუხდია მ.გ–ს და დ.პ–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო მოსარჩელე ზ.გ–ს არ მიუმართავს ნოტარიუსისთვის დედის გარდაცვალებიდან ექვსთვიან ვადაში (ზ.გ–მა სამკვიდრო მოწმობა აიღო დედის გარდაცვალებიდან 16 წლის შემდეგ, მაშინ როდესაც სადავოდ გამხდარი ნასყიდობის ხელშეკრულების გასაჩივრების სასამართლოსათვის მომართვის ვადა იყო გასული) სავალდებულო წილის მისაღებად, რათა უფლებამოსილი გამხდარიყო გაესაჩივრებინა 12.01.1998წ. ნასყიდობის ხელშეკრულება.

13. წინამდებარე სარჩელი აღძრულია 29.01.2019წ. პირველი ნასყიდობის ხელშეკრულების (1998 წლის 12 იანვრის) დადებიდან 21 წლის შემდეგ, შესაბამისად, გასულია როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.1 მუხლით დადგენილი ექვსწლიანი, ასევე ამავე კოდექსის 128-ე მუხლით დადგენილი ზოგადი 10 წლიანი ვადა. ასევე გასულია 2004 წელის 07 აპრილს დ.პ–სა და ე.ყ–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გასაჩივრების კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა 12.01.1998წ. საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და ასევე 07.04.2004წ. დ.პ–სა და ე.ყ–ს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, ხანდაზმულია.

14. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, ვინაიდან, მოსარჩელის მესამე, მეოთხე და მეხუთე მოთხოვნები გამომდინარეობს და ეფუძნება სადავოდ გამხდარ 1998 წლის 12 იანვრის და 2004 წლის 07 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობას, ხოლო სარჩელი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ამიტომ არ არსებობს სარჩელის მესამე, მეოთხე და მეხუთე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

15. მოსარჩელემ დავა დაიწყო დედის სამკვიდროზე, როგორც სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლების მქონე მემკვიდრემ მას შემდეგ, რაც 2014 წლის 31 აგვისტოს ნოტარიუსისგან მიიღო ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა მის კუთვნილ 1/6 სავალდებულო წილზე (ვინაიდან დედამ ჯერ კიდევ 1983 წლის ანდერძით სადავო საცხოვრებელი სახლი მეორე შვილს - გ.გ–ს უანდერძა) და მოითხოვა ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და 1/6 ნაწილში მესაკუთრედ ცნობა.

16. დადგენილადაა მიჩნეული, რომ მ.გ–ის მიერ შესრულებული ხელმოწერა 1998 წლის 10 იანვარს გაცემულ მინდობილობაზე არ იყო გაყალბებული და შესრულებული იყო თვით მ.გ–ის მიერ.

17. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე კი მ.გ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე თელავში ......... ქუჩა N50-ში საკუთრებაში გადაეცა ჯერ დ.პ–ს, შემდგომ ე.ყ–ს და ბოლოს ე. და ა.ყ–ებს.

18. პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ გ.გ–ის მიმართ მუქარას და დაშინებას ადგილი არ ჰქონია.

19. მ.გ–ის საკუთრებიდან სადაო უძრავი ქონება, მდებარე თელავში ......... ქუჩა N50-ში, მისი ნებით, ყოველგვარი კანონდარღვევის გარეშე ჯერ კიდევ 1998 წლის 12 იანვარს გავიდა და საკუთრებაში გადაეცა სხვა პირს, შესაბამისად, იგი ამ დროიდან აღარ შედიოდა მამკვიდრებლის სამკვიდრო მასაში. დედის სხვა სამკვიდრო ქონებაზე ზ.გ–ს პრეტენზია არ გამოუთქვამს და მოთხოვნა არ დაუყენებია. ამიტომ, აპელანტის მხრიდან ამ კუთხითაც იმ ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნა, რაც არ უკავშირდება მ.გ–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას მდებარე თელავში, ......... ქუჩა N50-ში და არ წარმოადგენს მას, ასევე მოკლებულია საფუძველს, ვინაიდან ზ.გ–მა სასარჩელო განცხადებით პრეტენზია განაცხადა ......... ქუჩა N50-ში მდებარე ქონების 1/6 წილზე, როგორც დედის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, რაც ჯერ კიდევ მ.გ–მა გაასხვისა სიცოცხლეშივე 1998 წლის 12 იანვარს.

20. განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

21. კასატორი სადავოდ ხდის ხანდაზმულობის ვადის განსაზღვრის საკითხს და აღნიშნავს, მან საკუთრების უფლების დარღვევის შესახებ 2013წ. შეიტყო საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე, რომლის მიხედვით გაარკვია, რომ სადავო ქონება მესამე პირზე იყო რეგისტრირებული. შესაბამისად, კასატორი აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა სწორედ 2013 წლიდან უნდა დაიწყოს და არა 2004 წლიდან, როგორც ამას სასამართლო ადგენს (დეტალურად იხ., საკასაციო საჩივარი).

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

23. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

24. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

25. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

26. განსახილველ შემთხვევაში კასატორი სხვა პრეტენზიებთან ერთად სადავოდ ხდის გარიგებების იურიდიულ ძალმოსილებას, მათზე შედავების ხანდაზმულობის ვადის გასვლის კანონიერებას, რასაც საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო, არ იზიარებს და ეთანხება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სარჩელი აღძრულია ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.

27. საკასაციო პალატა განმარტავს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა, ანუ კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სასამართლოსათვის მიმართვის გზით. ამ ვადის გასვლა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ო. ს-ი და ი. ხ-ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

28. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე.

29. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით, ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ №ას-547-515-2012, 11 ივნისი, 2012).

30. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ინსტიტუტი წარმოადგენს უფლების დაცვის მატერიალურ-სამართლებრივ საშუალებას, რადგან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არსებობს, თუმცა სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებითი განხორციელება კონკრეტული წინაპირობის არსებობისას, არ ხდება (შდრ. სუსგ №ას-1428-2018, 27 დეკემბერი, 2018; №ას-369-350-2015, 30 ივლისი, 2015).

31. ამასთან, მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითების შედეგად წარმოშობილი საწინააღმდეგო უფლება მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობით შესაგებელია, რომელიც მოთხოვნის განხორციელებას ხანგრძლივად ან დროებით აფერხებს. „მოთხოვნის ხანდაზმულობის მიზანია მოვალის დაცვა იმ პროცესის ნაწილად გახდომისაგან, რომელშიც პოზიციის დაცვა რთული ან შეუძლებელია მოთხოვნის სიძველის გამო“ (შდრ: სუსგ №ას-898-860-2014, 09 ოქტომბერი, 2015წ.).

32. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მითითება ხანდაზმულობაზე, როგორც მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე, პროცესუალურად მთლიანად მოპასუხის კუთვნილ შესაგებელს წარმოადგენს (შდრ. სუსგ №ას-1764-2018, 13 აპრილი, 2020წ).

33. მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლების შემოწმება მიმდინარეობს მოპასუხის შედავების შემოწმების ეტაპზე. ამ ტიპის შედავების წარდგენის დროს მოპასუხე შესაძლოა ეთანხმებოდეს სარჩელში გაჟღერებულ მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას (სადავოდ არ ხდიდეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს), ასევე ეთანხმებოდეს ვალდებულების არსებობას და აღიარებდეს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას, თუმცა, უარს აცხადებდეს მის შესრულებაზე, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულად მიაჩნდეს (სსკ-ის 144-ე მუხლი) (იხ. დამატებით: ჰ. ბოელინგი, ლ. ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, გვ.170; მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში მოკლე შესავალი რელაციის მეთოდში სამოქალაქო კოდექსის მიხედვით შემუშავებული პრაქტიკული მაგალითებით, შ. შმიტი, ჰ. რიჰტერი, GIძ, 2013, გვ.20).

34. ხანდაზმულობის ვადები ასეე მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ-ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან.

35. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დასრულების მომენტს. მოთხოვნის შემოწმებისას აუცილებელია განისაზღვროს ხანდაზმულობის კონკრეტული ვადის გამოყენებისა და მისი ათვლის საკითხი. ერთმანეთისაგან განასხვავებენ ხანდაზმულობის ვადის ათვლის ობიექტურ და სუბიექტურ მომენტებს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას.

36. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის სწორი გამოთვლისათვის არსებითია, ზუსტად დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობის დრო.

37. ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი).

38. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

39. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

40. სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი დაკავშირებულია ობიექტურ მომენტთან - უფლების დარღვევის ფაქტთან და სუბიექტურ მომენტთან - დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ გახდა ცნობილი ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო.

41. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც წესი, ივარაუდება, რომ პირი უფლების დარღვევის ფაქტს მისი დადგომისთანავე შეიტყობს ან საშუალო გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევაში შეეძლო შეეტყო ამ ფაქტის თაობაზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოს, ანუ უფლების დარღვევის დაგვიანებით შეტყობის მტკიცების ტვირთი კი უფლებადარღვეულ პირს ეკისრება. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობისვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით, პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (შდრ: ნ.კვანტალიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 130-ე, ველი 5. თბილისი, 2017 წელი).

42. ვინაიდან სასამართლო მოთხოვნის ხანდაზმულობას მხოლოდ მოპასუხის მითითების საფუძველზე იკვლევს, მოთხოვნის ვადაში წარდგენა მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. „თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის დენა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007 წელი, გვერდი 64.).

43. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის ვადის ათვლის სუბიექტური ფაქტორის განსაზღვრისას, პოზიტიურ ცოდნასთან ერთად ითვალისწინებს ბრალეულ არცოდნასაც. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის თაობაზე, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებებიდან გამომდინარე პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (იხ. დამატებით: ზურაბ ახვლედიანი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კომენტარი, წიგნი პირველი, თბილისი, 1999 წელი, მუხლი 130, გვერდი 320).

44. ამასთან, საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

45. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

46. განსახილველ დავაზე დადგენილია, რომ თავდაპირველი სადავო გარიგება დ.პ–ს, როგორც მ.გ–ის წარმომადგენელს და უშუალოდ დ.პ–ს შორის 12.01.1998წ. დაიდო; წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში გარიგების დადება 10.01.1998წ. მინდობილობის საფუძველზე განხორციელდა, რომლის მიხედვით მ.გ–მა დ.პ–ს სრული უფლება მისცა ემართა, განეგო მისი ქონება, დაედო კანონით ნებადართული ყველა გარიგება: შეესყიდა, გაესხვისებინა, გაეჩუქებინა, მიეღო საჩუქრად, გაეცვალა, დაეგირავებინა შენობა და სხვა ქონება. 07.04.2004წ. დ.პ–მა სადავო უძრავი ქონება ე.ყ–ს მიჰყიდა, რომელსაც ეს უკანასკნელი დაუფლა - ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა შეძენილ სახლში. ე.ყ–ის გარდაცვალების შემდეგ კი, სადავო უძრავი ქონება მემკვიდრეობით მიიღეს პირველმა და მეორე მოპასუხემ 03.04.2017წ. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. პირველმა მოპასუხემ სამკვიდრო ქონებიდან თავისი წილი მეორე მოპასუხეს აჩუქა 10.04.2017წ. გარიგების საფუძველზე.

47. ყველა ზემოაღნიშნულ გარიგებათა კანონიერება მოსარჩელემ 29.01.2019წ. აღძრული სარჩელით გახადა სადავოდ და როგორც მ.გ–ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ სადავო უძრავი ქონებიდან სავალდებულო წილზე (ქონების 1/6 ნაწილი) მესაკუთრედ აღრიცხვა მოითხოვა. სარჩელში აღნიშნა, რომ დ.პ–ი გაყალბებული მიდობილობისა და ტექ.ბიუროს ვადაგასული ცნობის საფუძველზე, კანონდარღვევით დაეუფლა სადავო უძრავ ქონებას, რომელიც მოსარჩელის დედას ეკუთვნოდა და ნასყიდობის გარიგების საფუძველზე ჯერ საკუთარ თავზე გადაიფორმა, ხოლო შემდეგ ე.ყ–ზე გაასხვისა. მოსარჩელემ აღნიშნულის შესახებ 2013წ. შეიტყო როდესაც საზღვარგარეთიდან დაბრუნდა და მაშინვე პროკურატურას მიმართა (იხ., სარჩელი).

48. სარჩელი, თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა, რაც უცვლელადაა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით.

49. სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საკასაციო საჩივარია წარმოდგენილი.

50. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მან საკუთრების უფლების დარღვევის შესახებ 2013წ. შეიტყო საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე, რომლის მიხედვით გაარკვია, რომ სადავო ქონება მესამე პირზე იყო რეგისტრირებული, რის გამოც, სადავო გარიგებათა კანონიერებაზე შედავების ხანდაზმულობის ვადის ათვლა სწორედ 2013 წლიდან უნდა დაიწყოს.

51. განსახილველ შემთხვევაში, გასაზიარებელია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ მოსარჩელისათვის იმთავითვე იყო ცნობილი მ.გ–ს და დ.პ–ს შორის შემდგარი შეთანხმებისა და მინდობილობის გაცემის შესახებ, ასევე, მოსარჩელისათვის (კასატორი) ცნობილი იყო რომ ე.ყ–მა დ.პ–ისგან შეიძინა სადავო უძრავი ქონება და 2004 წლიდან ოჯახით საცხოვრებლად გადავიდა მასში (იხ., სააპელაციო სასამართლოს განჩინების პ.7). გარიგებათა კანონიერება კი, მოსარჩელემ 29.01.2019წ.-ს აღძრული სარჩელით გახადა სადავოდ. შესაბამისად, სარჩელი აღძრულია როგორც სსკ-ის 129.1 მუხლით დადგენილი ექვსწლიანი, ასევე ამავე კოდექსის 128-ე მუხლით დადგენილი ზოგადი 10-წლიანი ვადის დარღვევით.

52. კასატორის არც დანარჩენ პრეტენზიებს არ იზიარებს საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

53. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v. France (dec.); Perez v. France [GC], par. 81).

54. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

55. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ზ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე