საქმე №ას-609-2025 12 იანვარი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ბ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ლ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით მ.ბ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“ ან „კასატორი“) წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდა; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ი.ლ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7980 ლარის გადახდა; მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მხარეები 2011 წლის 30 სექტემბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში (იხ. ს.ფ. 1-21, 121-127);
2.2. მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით (იხ. ს.ფ. 20-21);
2.3. 18.04.2023წ. წარდგენილ წერილობით შესაგებელში მოპასუხემ მიუთითა, რომ დაახლოებით 3 წელზე მეტია მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ და ის ქორწინებაში იმყოფება სხვა პირთან. 26.09.2023წ. წარდგენილ წერილობით შესაგებელში კი მოსარჩელემ მიუთითა, რომ მხარეთა შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყდა 2021 წლის მარტის თვეში. ამასთან, უდავოა, რომ მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა სასამართლოს 19.11.2021წ. გადაწყვეტილებით, მოპასუხის 21.10.2021წ. სარჩელის საფუძველზე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყდა 2021 წლის მარტის თვეში (იხ. ს.ფ. 20-21, 37-45, 91-100);
2.4. მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მათ შორის, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის წარმომადგენლის ც.ბ–ის ახსნა-განმარტებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, 2020 წლის ოქტომბრის თვეში, მოპასუხის მიერ შეძენილი იქნა სატრანსპორტო საშუალება 6000 აშშ დოლარად (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება; პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების 3.1, 5.2.2 პუნქტი);
2.5. სს ,,ს.ბ–ის“ მიერ გაცემული ინფორმაციით დასტურდება, რომ 2021 წლის 30 სექტემბერს მოპასუხეზე გაიცა სამომხმარებლო სესხი 23830 ლარის ოდენობით. სესხის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2025 წლის 25 სექტემბრამდე (იხ. ს.ფ. 75-76).
3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 1151-ე, 1158-ე, 1159-ე, 1164-ე, 1166-ე, 1168.1, 1169-ე, 1170.2 და 473.1 მუხლებით. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უდავოა, რომ მოპასუხის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე თავად დაადასტურა ის სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში მოპასუხემ შეიძინა სატრანსპორტო საშუალება 6000 აშშ დოლარად (იხ. 2024 წლის 21 მაისის სხ. ოქმი. 13.02.37 საათი). სსსკ-ის 102-ე, 105-ე და 131-ე-132-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოდავე მხარეებმა სადავო სატრანსპორტო საშუალება შეიძინეს 6 000 აშშ დოლარად რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, რაც სსკ-ის 1158-ე მუხლის შესაბამისად, ამ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლების არსებობის საფუძველს წარმოადგენდა. შესაბამისად, ვინაიდან სატრანსპორტო საშუალება მოპასუხის მფლობელობასა და სარგებლობაშია, ამასთან, მისი გაყოფა შეუძლებელია, სსკ-ის 1164-ე, 1166-ე მუხლების საფუძველზე, არსებობდა მისი ღირებულების ½ ნაწილის - 7 980 ლარის მოსარჩელისთვის ანაზღაურების საფუძველი.
4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა სსსკ-ის 178.1-ე, 186.11 მუხლების საფუძველზე იშუამდგომლა მოსარჩელის სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სარჩელს არ ახლდა მტკიცებულება - შსს მომსახურების სააგენტოს ცნობა ავტოსატრანსპორტო საშუალების საკუთრების უფლებით მოპასუხეზე აღრიცხვის შესახებ. სააპელაციო პალატის განმარტებით, ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულების სარჩელზე დაურთველობა არ შეიძლება გახდეს სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი, რადგან ფაქტების მტკიცების მოვალეობა მხარის მტკიცების ტვირთია. გამომდინარე აქედან, სასამართლომ შუამდგომლობა სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნია.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
6.1. 26.09.2023წ. წარდგენილი შესაგებლის პირველ ფაქტობრივ გარემოებაში მოსარჩელემ მიუთითა: „მართალია, ჩვენ 2011 წლიდან ვიმყოფებოდით რეგისტრირებულ ქორწინებაში, მაგრამ იგი ფაქტობრივად შეწყდა 2021 წლის მარტის თვეში“, ხოლო 15.05.2022წ. სარჩელის პირველ ფაქტობრივ გარემოებაში მიუთითა, რომ გასული წლის ნოემბერში მოპასუხემ დატოვა ოჯახი და წავიდა. ამდენად, თავად მოსარჩელემ დაზუსტებით არ იცის, ფაქტობრივად რომელი თარიღიდან შეწყდა მათ შორის ქორწინება;
6.2. მოპასუხემ 18.04.2023წ. წარდგენილი შესაგებლის პირველ ფაქტობრივ გარემოებაში მიუთითა, რომ დაახლოებით 3 წელზე მეტია აღარ ცხოვრობს მოსარჩელე მხარესთან ანუ სულ მცირე 2020 წლის აპრილის თვიდან ფაქტობრივად შეწყდა მათ შორის ქორწინება. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, სააპელაციო სასამართლომ რომელ წონად და უტყუარ მტკიცებულებაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ მხარეთა შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყდა 2021 წლის მარტის თვეში;
6.3. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, 2020 წლის ოქტომბრის თვეში, მოპასუხემ შეიძინა სატრანსპორტო საშუალება 6000 აშშ დოლარად;
6.4. სსსკ-ის 127.1 მუხლის თანახმად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის პროცესი იწყება მხარეთა (მესამე პირთა, თანამონაწილეთა, კანონისმიერ წარმომადგენელთა) ახსნა-განმარტების მიღებით: მხარეები იძლევიან ახსნა-განმარტებებს მათთვის ცნობილი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესახებ. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა ახსნა-განმარტებებით დაადგინა ზემოხსენებული გარემოება, თუმცა გაუგებარია, თუნდაც მითითებული თარიღისა და ღირებულების გათვალისწინებითაც, როგორ დასტურდება, რომ სატრანსპორტო საშუალება (საიდენტიფიკაციო მონაცემების გარეშე) საერთოდ არსებობს და საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოპასუხის სახელზე. რა სახის მტკიცებულებაზე დაყრდნობით ადგენს სასამართლო მსგავსი სახის ფაქტს. მსგავსი კატეგორიის საქმეზე მხოლოდ მხარეთა ახსნა-განმარტება საკმარისი არ არის, საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოდან შესაბამისი ცნობის არარსებობის პირობებში;
6.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკით, ფაქტობრივად შეწყვეტილი ქორწინების შემდეგ შეძენილი ქონება გაყოფას არ ექვემდებარება. ამდენად, მოპასუხის მიერ 18.04.2023წ. წარდგენილი შესაგებლის პირველ ფაქტობრივ გარემოებაში დადასტურებულია ფაქტი იმის თაობაზე, რომ დაახლოებით 3 წელზე მეტია მოპასუხე აღარ ცხოვრობს მოსარჩელესთან. შესაბამისად, სულ მცირე 2020 წლის აპრილის თვიდან ფაქტობრივად შეწყვეტილი ქორწინების პირობებში, 2020 წლის ოქტომბერში შეძენილი „TOYOTA“ მარკის ავტომანქანა გაყოფას არ ექვემდებარება;
6.6. გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება არის მოპასუხის მფლობელობასა და სარგებლობაში, არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით;
6.7. სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უნდა ემსჯელა შეგებებული სარჩელით დაყენებულ მოთხოვნაზე, რადგან მოპასუხემ სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხადა და უარი განაცხადა სააპელაციო მოთხოვნაზე ამ ნაწილში;
6.8. სსსკ-ის 178.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და 186-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულების წარუდგენლობა არ შეიძლება გახდეს სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი. განსახილველ საქმეზე არ არსებობს რაიმე სახის უტყუარი მტკიცებულება - საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს შესაბამისი ცნობა, რომ სატრანსპორტო საშუალება რეალურად საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოპასუხის სახელზე. ამდენად, შუამდგომლობა სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ დასაბუთებული და საფუძვლიანია.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 08 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
9. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
11. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სადავო ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევის კანონიერება. კასატორი აპელირებს, რომ სულ მცირე 2020 წლის აპრილის თვიდან ფაქტობრივად შეწყვეტილი ქორწინების პირობებში, 2020 წლის ოქტომბერში შეძენილი „TOYOTA“ მარკის ავტომანქანა მხარეთა შორის გაყოფას არ ექვემდებარება.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ [სსკ-ის 1161-ე-1162-ე მუხლები] და საერთო თანაზიარ საკუთრებად [სსკ-ის 1158-ე მუხლი: მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი]. ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ, როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით. მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას (მეუღლეების საერთო ქონებას) მიეკუთვნება, როგორც შრომის საქმიანობით მიღებული ორივე მეუღლის შემოსავალი, ასევე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სხვა სახის შემოსავალი, რომლებსაც სპეციალური მიზნობრივი დანიშნულება არ აქვთ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეების მიერ ქორწინების განმავლობაში მიუხედავად იმისა, ვის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა (იხ. სუსგ საქმე №ას-7-7-2016, 16 მარტი, 2016 წელი).
13. სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი ადგენს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების მათ საერთო ქონებად, თანასაკუთრებად არსებობის პრეზუმფციას. ნორმა განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მიმართ და ემსახურება ოჯახის ინტერესების დაცვის მიზანს, კერძოდ, ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის, საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამდენად, დავის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) საკმარისი საფუძველია ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის (იხ. სუსგ საქმე №ას-1426-1346-2017, 02 მარტი, 2018 წელი).
14. სამართალწარმოებაში პრეზუმფციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება, უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება, პირიქით, უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში.
15. საკასაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ სსკ-ის 1158-ე მუხლი შეიცავს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების სამართლებრივ რეგულირებას. პრაქტიკულად, ნორმით განისაზღვრება დროის განსაზღვრულ მონაკვეთში (ქორწინების განმავლობაში) მეუღლეთა მიერ შეძენილ ქონებაზე საკუთრების საკითხი, თუმცა, მხოლოდ ქორწინების რეგისტრაცია არ არის განმსაზღვრელი საკუთრებაზე რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის უფლებრივი რეჟიმის გასავრცელებლად, ისეთ შემთხვევაში, როდესაც დადგენილია, რომ სადავო ნივთების შეძენისას მეუღლეები აღარ აწარმოებდნენ საერთო მეურნეობას და ქორწინება, მიუხედავად რეგისტრაციის არსებობისა, ფაქტობრივად იყო შეწყვეტილი. კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ, როგორც წესი, საერთო ქონება სსკ-ის 1158-ე მუხლის მიზნებისათვის იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტა შეიძლება გახდეს ასევე მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საფუძველიც, კერძოდ, სსკ-ის 1341-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებით შეიძლება მეუღლეს ჩამოერთვას კანონით მემკვიდრეობის უფლება, თუ დადასტურებული იქნება, რომ ქორწინება მამკვიდრებელთან ფაქტობრივად სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ სამი წლისა შეწყვეტილი იყო და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ (შეადრ: სუსგ Nას-187-174-2015, 22.07.2015) (იხ. სუსგ საქმე №ას-1226-2020, 25 მარტი, 2021 წელი).
16. დადგენილია, რომ მხარეები 2011 წლის 30 სექტემბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით. რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, 2020 წლის ოქტომბრის თვეში, მოპასუხის მიერ შეძენილი იქნა სატრანსპორტო საშუალება 6000 აშშ დოლარად (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1., 2.2, 2.4 ქვეპუნქტები).
17. ამდენად, პრეზუმირებულია, რომ სადავო ავტომანქანა წარმოადგენს მეუღლეთა საერთო ქონებას (თანასაკუთრებას). აღნიშნული პრეზუმფციის გაქარწყლება მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა, თუმცა მან ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სსსკ-ის 102-ე-103-ე მუხლების შესაბამისად, იმ გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომ სადავო ავტომანქანის შეძენისას მეუღლეებს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო. კასატორი აპელირებს მის მიერ 18.04.2023წ. წარდგენილ შესაგებელში მითითებულ გარემოებაზე, რომ დაახლოებით 3 წელზე მეტია აღარ ცხოვრობს მოსარჩელესთან, შესაბამისად, მისი განმარტებით, სულ მცირე 2020 წლის აპრილის თვიდან ფაქტობრივად შეწყდა მათ შორის ქორწინება, თუმცა, საკასაციო საჩივარში, საკუთარი ახსნა-განმარტების გარდა, იგი არ უთითებს აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელ სარწმუნო მტკიცებულებაზე. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში კი მოპასუხის მხოლოდ ახსნა-განმარტება ვერ მიიჩნევა სადავო გარემოების დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად.
18. რაც შეეხება სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე შუამდგომლობის საფუძვლიანობას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 178.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სარჩელში უნდა აღინიშნოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოსარჩელეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია სარჩელთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს სარჩელში. მოსარჩელე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა. სსსკ-ის 186.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით ან/და არ არსებობს მოსარჩელის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების საფუძველი (წინამდებარე საქმეზე სარჩელის წარდგენის დროს - 20.01.2023 წელს მოქმედი სსსკ-ის რედაქცია).
19. ამდენად, მოსარჩელე ვალდებულია სარჩელში მიუთითოს იმ მტკიცებულებებზე, რომლებითაც ადასტურებს სარჩელის საფუძვლად მითითებულ ფაქტებს და მას ევალება სარჩელს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება (გარდა საპატიო მიზეზით მტკიცებულებათა წარუდგენლობისა). აღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს განსახილველად არ მიიღებს. ამასთან, მხარეთა უფლებაა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები მიუთითონ და რომელი მტკიცებულებებით დაადასტურონ აღნიშნული ფაქტები (სსსკ-ის 4.1 მუხლი).
20. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მიიჩნევდა, რომ, ვინაიდან სარჩელს არ ახლდა მტკიცებულება - შსს მომსახურების სააგენტოს ცნობა ავტოსატრანსპორტო საშუალების საკუთრების უფლებით მოპასუხეზე აღრიცხვის შესახებ, სასამართლო ვალდებული იყო გამოეტანა განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
21. სარჩელის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ მოსარჩელე სარჩელში არ უთითებდა შსს მომსახურების სააგენტოს ცნობაზე და, გამომდინარე აქედან, არც არის სარჩელზე თანდართული აღნიშნული მტკიცებულება. შესაბამისად, სახეზე არ იყო 186.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი. ამასთან, ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულების წარუდგენლობა სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი არ არის, რადგან „მოსარჩელეს აქვს იმის პროცესუალური შესაძლებლობა, რომ პროცესი მტკიცებულებათა არქონის პირობებშიც მოიგოს, მაგალითისათვის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოწინააღმდეგე მხარის მიერ იმ ფაქტის აღიარებით, რომელსაც კანონის თანახმად, სპეციალური მტკიცებულების წარდგენა არ სჭირდება, სარჩელის ცნობით და ა. შ.“ (იხ. ქეთევან მესხიშვილი, ჰაგენლოხი / ალავიძე / ბაქაქური / ბერეკაშვილი / გასიტაშვილი / თოდუა / მესხიშვილი / ქათამაძე / ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი (რჩეული მუხლები), GIZ, თბილისი, 2020, გვ. 98). მოცემულ შემთხვევაში კი ქორწინების პერიოდში შეძენილი ავტომანქანის ღირებულების ნახევრის მოპასუხისთვის დაკისრებისას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სადავო ქონების რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენის ფაქტს, რაც თავად მოპასუხის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე [სსსკ-ის 131-ე მუხლი: ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას]. გამომდინარე აქედან, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე მოპასუხის შუამდგომლობა უსაფუძვლოდ.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
23. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
24. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 399 ლარის 70% – 279,3 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს მ.ბ–ს დაუბრუნდეს მის მიერ (პ/ნ: .......) 2025 წლის 18 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 399 ლარის 70% – 279,3 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე