საქმე №ას-755-2025 26 იანვარი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქოსაქმეთაპალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა.ს–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ–ძე, თ.თ–ძე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - სანოტარო სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილებით:
1.1.მ.ბ–ძის და თ.თ–ძის (შემდგომში: მოვალეები ან მოსარჩელეები ან აპელანტები) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
1.2.მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;
1.3.სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ნოტარიუს ეკატერინე ჯელაძის მიერ 2022 წლის 22 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 221278109, სანოტარო მოქმედების ინდივიდუალური ნომერი 81369944054422);
1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.მოსარჩელეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 20.06.2016წ. ა.ს–ძეს (შემდეგში: კრედიტორი ან მოპასუხე ან კასატორი), მსესხებლებს შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო წერილობითი ფორმით. სესხის ოდენობა განისაზღვრა 600 000 აშშ დოლარით. სესხი გაიცა საპროცენტო სარგებლის გარეშე, 2 წლის ვადით. ხელშეკრულება დამოწმდა სანოტარო წესით (სანოტარო მოქმედება N160669443) (შემდეგში: 20.06.2016წ. სესხის ხელშეკრულება);
2.2.20.06.2016წ. სესხის ხელშეკრულების მე-7 მუხლის მიხედვით მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის - ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია ფულადი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მსესხებლის კუთვნილი ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციის გზით;
2.3.17.09.2018წ. ცვლილება შევიდა 20.06.2016წ. სესხის ხელშეკრულებაში, რომლითაც „ხელშეკრულების შესრულების ვადა გაიზარდა 18.09.2020წ.-მდე“;
2.4.14.09.2020წ. დამატებითი ცვლილება შევიდა 20.06.2016წ. სესხის ხელშეკრულებაში, რომლითაც სესხის დაბრუნების ბოლო ვადად განისაზღვრა 18.09.2022წ.;
2.5.კრედიტორმა მიმართა ნოტარიუსს და 22.09.2022წ. ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედება N221278109). სააღსრულებო ფურცლის მიხედვით განისაზღვრა: კრედიტორი - ა.ს–ძე; მოვალეები - მ.ბ–ძე; თ.თ–ძე; ვალდებულების წარმოშობის საფუძველი: 20.06.2016წ. სესხის ხელშეკრულება; 17.09.2018წ. ხელშეკრულება ცვლილების შეტანის შესახებ; 14.09.2020წ. ხელშეკრულება ცვლილების შეტანის შესახებ; ვალდებულების შესრულების დრო - 18.09.2022წ.; აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა - 600 000 აშშ დოლარი; აღსასრულებელი ვალდებულების სახე - დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს მოვალეების კუთვნილი ნებისმიერი ქონება.
2.6.იმავდროულად, კრედიტორმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოვალეების წინააღმდეგ სხვა მოთხოვნებთან ერთად მოითხოვა 600 000 აშშ დოლარის დაკისრება (იხ., შესაგებელი - ტ.1. ს.ფ. 211); მითითებული საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 07.04.2023წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ: მოვალეებს კრედიტორის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 600 000 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.03.2025წ. განჩინებით (შენიშვნა: წინამდებარე დავის განხილვის დროისათვის მოხსენიებულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება არ იყო შესული კანონიერ ძალაში).
3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წინამდებარე საქმეზე არსებობდა ნოტარიუსის მიერ 22.09.2022წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 221278109, სანოტარო მოქმედების ინდივიდუალური ნომერი 81369944054422) გაუქმების წინაპირობები.
4. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოსარჩელეთა (მოვალეთა) პრეტენზია, რომ სადავო სააღსრულებო ფურცლით დადგენილ ვალდებულებაზე მიმდინარეობს იგივე მხარეებს შორის სასარჩელო სამართალწარმოება, რაც გაუმართლებელს ხდის ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემას შესაბამისი სასამართლო წარმოების დასრულებამდე და კრედიტორის უფლების სასამართლო წესით აღიარებამდე.
5. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი არის სააღსრულებო დოკუმენტი, რომლის მიღების უფლება აქვს კრედიტორს და ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს სანოტარო ფორმით დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესაძლებლობა. ამასთან, ნოტარიუსი კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს გადასცემს ისე, რომ არ არის უფლებამოსილი გამოიკვლიოს მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. შესაბამისად, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის მართლზომიერებაზე რისკი მთლიანად კრედიტორს ეკისრება.
6. დავის წამოჭრის შემთხვევაში, კრედიტორმა უნდა დაასაბუთოს სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოთხოვნის ნამდვილობა, მოთხოვნის ვადამოსულობა. მოვალეებმა კი, უნდა დაასაბუთონ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში მითითებული ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული გარემოებები ან გააქარწყლონ კრედიტორის მოთხოვნის ნამდვილობა.
7. განსახილველ შემთხვევაში, მოვალეები სადავოდ ხდიან ვალდებულების მოცულობას, მიუთითებენ ვალის აღიარების ხელშეკრულებაზე დამოწმებული სანოტარო წესით (N211088880), რომელზე მითითებითაც აღნიშნავენ, რომ ვალდებულების უმეტესი ნაწილი შესრულებული აქვთ, ხოლო დარჩენილ დავალიანებაზე გაფორმდა და სანოტარო წესით დამოწმდა ვალის აღიარების ხელწერილი. ამ შეთანხმებიდან გამომდინარე კი, ჯერ დამდგარი არ არის ვალის ბოლო ნაწილის გადახდის ვადა (იხ., სარჩელი - ტ.1.).
8. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შესაფასებელია სააღსრულებო ფურცლის გაცემის მართებულობა, რომელთან მიმართებითაც დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს სასამართლოში სამართალწარმოება. პალატის მითითებით, როდესაც კრედიტორმა ერთი და იგივე ვალდებულების შესრულებისათვის გამოიყენა, როგორც სარჩელის უფლება, ისე მოთხოვნის ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის მეშვეობით დაკმაყოფილების შესაძლებლობა, მისი ამგვარი ქმედება მიჩნეულ უნდა იქნას გასაკიცხად, რადგანაც ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ მართლწესრიგს.
9. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი, და სააპელაციო საჩივარი ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობასთან მიმართებით უნდა დაკმაყოფილდეს, რადგანაც სააღსრულებო ფურცლით კრედიტორის აღიარებული მოთხოვნა, დღეის მდგომარეობით სადავოა და აღნიშნულთან მიმართებით მიმდინარეობს შესაბამისი სამოქალაქო სამართლებრივი დავა.
10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კრედიტორმა (მოპასუხემ) საკასაციო საჩივარი წარმოადგინა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
11. კასატორი აღნიშნავს, რომ კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანი იყო სააღსრულებო ფურცელი და მის საფუძველზე მოვალის ქონების დაყადაღებას მნიშვნელობა ჰქონდა. აღნიშნულ არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლომ, გააუქმა სააღსრულებო ფურცელი, წაართვა კრედიტორს აღსრულების შესძლებელობა და მოვალეებს საშუალება მიეცათა თავი დააღწიონ ვალის გადახდის ვალდებულებას.
12. კასატორი აღნიშნავს რომ მის მიერ ინიცირებული სასარჩელო წარმოების ფარგლებში, რომლითაც მოთხოვნილი ჰქონდა მოვალეებისათვის 600 000 აშშ დოლარის დაკისრება, აგრეთვე ითხოვდა გარიგებათა ბათილად ცნობას, რათა შესაძლებელი ყოფილიყო დავის წარმატების შემთხვევაში, იძულებითი აღსრულების მიქცევა მოვალეთა ქონებაზე. პირველი ინსტანციის და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა დააკმაყოფილეს მოთხოვნა 600 000 აშშ დოლარის მოვალეებზე დაკისრების ნაწილში, თუმცა სადავო გარიგებათა ბათილობაზე უარი უთხრეს მოსარჩელეს, რითაც კრედიტორს მოთხოვნის იძულებითი აღსრულების საშუალება დაუკარგეს.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
15. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
17. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების კანონიერება წარმოადგენს.
18. წინამდებარე დავის განხილვის ფარგლებში უდავოდ დადგენილია, რომ 20.06.2016წ. მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო წერილობითი ფორმით. სესხის ოდენობა განისაზღვრა 600 000 აშშ დოლარით. ხელშეკრულება დამოწმდა სანოტარო წესით. მოგვიანებით, მხარეთა შეთანხმებით ორჯერ შეიცვალა სესხის დაბრუნების ვადა და სესხის დაბრუნების ბოლო ვადად განისაზღვრა 18.09.2022წ.
19. 20.06.2016წ. სესხის ხელშეკრულების მე-7 მუხლის მიხედვით მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის - ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო ფულადი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მსესხებლის კუთვნილი ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციის გზით.
20. წინამდებარე საქმეზე დადგენილია, რომ 22.09.2022წ. კრედიტორმა მიმართა ნოტარიუსს და სააღსრულებო ფურცლის გაცემა ითხოვა.
21. ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედება N221278109). სააღსრულებო ფურცლის მიხედვით განისაზღვრა: კრედიტორი - ა.ს–ძე; მოვალეები - მ.ბ–ძე; თ.თ–ძე; ვალდებულების წარმოშობის საფუძველი: 20.06.2016წ. სესხის ხელშეკრულება; 17.09.2018წ. ხელშეკრულება ცვლილების შეტანის შესახებ; 14.09.2020წ. ხელშეკრულება ცვლილების შეტანის შესახებ; ვალდებულების შესრულების დრო - 18.09.2022წ.; აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა - 600 000 აშშ დოლარი; აღსასრულებელი ვალდებულების სახე - დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს მოვალეების კუთვნილი ნებისმიერი ქონება.
22. დადგენილია და კასატორიც (კრედიტორი) არ უარყოფს, რომ 600 000 აშშ დოლარის მოვალეებზე დაკისრების მოითხოვნით სარჩელითაც მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. მოხსენიებული სასარჩელო წარმოების ფარგლებში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 07.04.2023წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილა ნაწილობრივ - მ.ბ–ძეს და თ.თ–ძეს დაეკისრათ ა.ს–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად 600 000 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.03.2025წ. განჩინებით, რაც ორივე მხარის მიერ (მოსარჩელე, მოპასუხეები) გასაჩივრდა საკასაციო საჩივრით. საბოლოოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად (საქმე N330210122005688874 (Nას-754-2025)).
23. ამგვარად, შექმნილია მოცემულობა, რომ კრედიტორმა საერთო სასარჩელო წარმოების გზით დაიკმაყოფოფილა მოთხოვნა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
24. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ა.ს–ძეს (პ.ნ. ........) დაუბრუნდეს 13.06.2025წ. №27793288727 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის 70% – 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე