Facebook Twitter

საქმე Nას-76-2025

18 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ს.ქ–ია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.მ-კ–ძე (მოსარჩელე)

დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება თბილისის სააპელაციო სასამართლოში

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქალაქო სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ.მ-კ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე) ს.ქ–იას (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ და უძრავ ქონებებზე საკადასტრო კოდით N..........; N...........; N.........; მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

1.2. 2023 წლის 10 აპრილს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

1.3. 2023 წლის 2 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საჩივრით მიმართა მოპასუხის წარმომადგენელმა 2023 წლის 10 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 ივლისის საოქმო განჩინებით მოპასუხის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმეს მიენიჭა ახალი სააღრიცხვო სტატისტიკური ნომერი, ხოლო საქმის განხილვა გადაიდო 2023 წლის 25 სექტემბერს 12 საათსა და 30 წუთზე. აღნიშნულის შესახებ მოპასუხის წარმომადგენლისთვის ვ.ს–ისთვის ცნობილი იყო, რაც დასტურდება საქმეში არსებული, სასამართლო სხდომაზე შედგენილი ხელწერილით.

1.5. 2023 წლის 25 სექტემბრის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო, მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულ იქნა განმეორებთ დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელე აღიარებულ იქნა უძრავი ქონებების საკადასტრო კოდებით: ა)N.......... (მდებარე: ზუგდიდის რაიონიმ სოფელი ..........); ბ) N.........(მდებარე: ზუგდიდის რაიონი, სოფელი ..........); გ) N.......... (მდებარე: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ........) მესაკუთრედ.

1.7. განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

2. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 სექტემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

2.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

2.2.1. 2022 წლის 1 აპრილს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდით N........ N......... N........) ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ნასყიდობის ფასი შეადგენდა 3500 აშშ დოლარს, ხოლო გამოსყიდვის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 1 მაისამდე.

2.2.2. მოპასუხემ დათქმულ ვადაში არ გამოისყიდა უძრავი ქონებები;

2.2.3. მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უძრავი ქონებებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის, თუმცა საჯარო რეესტრმა რეგისტრაცია არ განახორციელა იმ საფუძვლით, რომ არ იყო წარმოდგენილი დოკუმენტი გამოსყიდვის უფლების განუხორციელებლობის თაობაზე. მოპასუხე კი უარს აცხადებს საჯარო რეესტრში შესაბამისი დასტურის განხორციელებაზე.

2.2.4. სარჩელით მოთხოვნილია უძრავ ქონებებზე საკადასტრო კოდით N...........; N.......; N......... მესაკუთრედ ცნობა.

2.3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მისი სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებით არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას მართებულად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები.

2.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალების თანახმად მოპასუხე 2023 წლის 25 სექტემბერს 12 საათსა და 30 წუთზე დანიშნული სხდომის შესახებ და გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით გაფრთხილებული იყო სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა დანიშნულ დროს არ გამოცხადდა სხდომაზე, ხოლო მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად და დაკმაყოფილდა.

2.5. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 233.1-ე, 241-ე, 215.3-ე მუხლებზე მიუთითა, ასევე განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო არ იყო სასამართლოს სხდომის დღის შესახებ მოპასუხის დადგენილი წესით ინფორმირებულობის საკითხი და მისი სხდომაზე გამოუცხადელობის არასაპატიოობა. აპელანტი განმეორებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ სარჩელში მითთებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას.

2.6. საპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 230-ე მუხლის თანახმად განმარტა, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანხმად, კი თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება.

2.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეზე დადგენილად მიჩნეული გარემოებების მიხედვით მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რაც სსკ--ის 509-515-ე მუხლებით წესრიგდება. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 509-ე მუხლის თანახმად განმარტა, რომ თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს გამყიდველის უფლებამოსილება, საკუთარი შეხედულებით განკარგოს გამოსყიდვის უფლების გამოყენების საკითხი. გამოსყიდვის უფლების რეალიზაცია ცალმხრივი ნების გამოვლენას წარმოადგენს და მისი ნამდვილობა უკავშრდება როგორც ნების სწორ ფორმირებას, ისე გამოხატვის პროცესის სათანადოდ დასრულებას. სსკ-ის 509-ე მუხლით გამყიდველისთვის ნასყიდობის ხელშეკრულებით მინიჭებული გამოსყიდვა არის უფლება, რომლის განუხორციელებლობა გამყიდველს ართმევს გაყიდული ნივთის უკან მოთხოვნის უფლებას და იგი მყიდველის საკუთრება ხდება. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს არ გამოუყენებია უძრავი ქონებების გამოსყიდვის უფლება, შესაბამისად ისინი გახდა მოსარჩელის საკუთრება.

2.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები სსკ-ის 319-ე, 509-515-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას.

3. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

3.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვა.

3.2. კასატორის განმარტებით, მხარე არ იყო გაფრთხილებული პროცესის თაობაზე, ხოლო წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მხარისთვის სასჯელის დადებას არ ეთანხმება. ამასთან, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას.

4. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოპასუხის საკასაციო საჩივარი 2025 წლის 2 აპრილის განჩინებით წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატების ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია.

9. საკასაციო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს მოპასუხის პროცესზე გამოუცხადებლობის, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ, სამართლებრივ შედეგებს.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს სსსკ-ის 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოპასუხის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. აღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას (იხ. სუსგ №ას-152-148-2016, 3.06.2016წ)

11. სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სსსკ-ის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

12. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ-ბი: №ას-803-803-2018, 27.09.2018წ; №ას-1410-1330-2017, 30.01.2018წ).

13. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხის მიმართ გამოტანილი განმეორებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების მართლზომიერება წარმოადგენს. პრაქტიკაში არ არის გამორიცხული შემთხვევები, როცა მხარე, რომელმაც შეიტანა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ, კვლავ არ გამოცხადდება დანიშნულ დროს იმ სასამართლო სხდომაზე, რომელზეც პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საქმე განიხილება არსებითად. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს მის მიმართ განმეორებით (მეორე) დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის გადაწყვეტილება, რომელიც მეორედაა გამოტანილი ერთი და იმავე პირის (მხარე) მიმართ სასამართლო სხდომაზე დაუსწრებლობის გამო (იხ. სუსგ საქმე №ას-953-2020, 2.04.2021წ) .

14. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2023 წლის 10 აპრილს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. 2023 წლის 2 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საჩივრით მიმართა მოპასუხის წარმომადგენელმა 2023 წლის 10 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 ივლისის საოქმო განჩინებით მოპასუხის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმეს მიენიჭა ახალი სააღრიცხვო სტატისტიკური ნომერი, ხოლო საქმის განხილვა გადაიდო 2023 წლის 25 სექტემბერს 12 საათსა და 30 წუთზე. რის შესახებაც მოპასუხის წარმომადგენლისთვის ვ.ს–ისთვის ცნობილი იყო რასაც ადასტურებს საქმეში არსებული სასამართლო სხდომაზე შედგენილი ხელწერილი.

15. 2023 წლის 25 სექტემბრის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო, მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულ იქნა განმეორებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელე აღიარებულ იქნა უძრავი ქონებების საკადასტრო კოდებით: ა)N........ (მდებარე: ზუგდიდის რაიონი სოფელი .........); ბ) N......... (მდებარე: ზუგდიდის რაიონი, სოფელი .........); გ) N........ (მდებარე: ზუგდიდის რაიონი, სოფელი .........) მესაკუთრედ.

16. კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას. ამასთან, მისი განმარტებით, წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო, მარწმუნებლისთვის უარყოფითი შედეგი არ უნდა დამდგარიყო, ხოლო სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო რაიმე მიზეზი არ დაუსახელებია.

17. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონმდებლის აღნიშნული მითითებები ემყარება მხარეთა თანასწორობის პრინციპს, რადგანაც შეჯიბრებითი სამოქალაქო საპროცესო სამართლის ფარგლებში სასამართლო მხოლოდ მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში ადგენს ფაქტებს და ახდენს მათ სამართლებრივ შეფასებას.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სწრაფი, ეკონომიური და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება როგორც სასამართლო ხელისუფლების, ისე სამართალწარმოების მონაწილე პირთა პასუხისმგებლობაა და საამისოდ ყველა ლეგიტიმური შესაძლებლობის გამოყენებაა საჭირო, რაც თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას საქმის განხილვის ყველა ეტაპზე და ხელს შეუწყობს სასამართლოში საქმეთა განხილვის გაჭიანურების არიდებას. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებულია პრინციპი, რომლის თანახმად მხარეებს (ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს), შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში როგორც პირადად, აგრეთვე წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენლობა ესაა კანონით გარანტირებული შესაძლებლობა მხარემ აწარმოოს საქმე სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც ასრულებს სასამართლოში მარწმუნებლის სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად ყველა იმ საპროცესო მოქმედებას, რაც გათვალისწინებულია კანონით და მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობით.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ, საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულება მიანდოს სხვა ადვოკატს ან მის თანაშემწეს.

20. მითითებული ნორმების შესაბამისად, წარმომადგენელი მოვალეა, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, რწმუნებულის სახელითა და მისი ინტერესებიდან გამომდინარე, შეასრულოს გარკვეული საპროცესო მოქმედებები. სასამართლო წარმომადგენელი პროცესის მონაწილეა და მას, როგორც პროცესის სუბიექტს, აქვს გარკვეული უფლებები და მოვალეობები. მარწმუნებლის მიერ რწმუნებულისათვის გადაცემულ უფლებათა ჩამონათვალს, ანუ წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლებსა და ვადას განსაზღვრავს სათანადო წესით შედგენილი დავალების ხელშეკრულება.

21. სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის მიხედვით, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამავე კოდექსის 713-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია წარმომადგენლის მოვალეობა, მისცეს მარწმუნებელს აუცილებელი ინფორმაცია, ხოლო მისი მოთხოვნით – მიაწოდოს ცნობები დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, შესრულების შემდეგ კი ჩააბაროს მას ანგარიში.

22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წარმომადგენელი მხარესა და სასამართლოს შორის ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლია. მის მიერ მხარისაგან მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შესრულებული ყოველი საპროცესო მოქმედება აღიქმება და უთანაბრდება თავად მხარის მხრიდან მათ განხორციელებას. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს წარმომადგენლის პასუხისმგებლობა მხარის მიმართ. კანონის ზემოაღნიშნული დანაწესების საფუძველზე წარმოიშობა სამართლიანი ვარაუდი, რომ წარმომადგენელი ანგარიშს აბარებს მარწმუნებელს დავალების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე და მხარისათვის ცნობილია მისი სახელით განხორციელებული ქმედებების შესახებ. (იხ.სუსგ№ას-1912-2018 01.03.2019წ).

23. მხარის მიერ წარმომადგენლისათვის ნდობის გამოცხადებასა და საკუთარი ინტერესებისა და უფლებების საქმის განხილვის დროს განხორციელებას თან ახლავს წარმომადგენლის მიერ შესრულებული მოქმედებების სამართლებრივი შედეგების რისკი.

24. კასატორის პრეტენზიის საპასუხოდ, საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

25. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სხდომის შესახებ მოპასუხის წარმომადგენელის - ვ.ს–ისთვის ცნობილი იყო, სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, რაც დასტურდება, საქმეში არსებული, სასამართლო სხდომაზე შედგენილი ხელწერილით. შესაბამისად, წარმომადგენლისთვის შეტყობინება გულისხმობს მარწმუნებლისთვის შეტყობინების გადაცემასაც.

26. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი/მარწმუნებელი ინფორმირებული იყო 2023 წლის 25 სექტემბრის სხდომის თაობაზე, თუმცა არც თვითონ გამოცხადებულა აღნიშნულ სხდომაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საკასაციო საჩივრის პრეტენზიას წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის შესახებ, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც არ არის წარმოდგენილი სხდომაზე გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზი. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული საპროცესო მოქმედების არამათლზომიერად ცნობის საფუძველი.

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დაკმაყოფილებისთვის, მოსამართლე ვალდებულია გამოარკვიოს, კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრას და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას.

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში არ ხდება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასება, სასამართლოს მიერ მოწმდება მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის ურთიერთმიმართება. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცავს მსჯელობას იმის შესახებ, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

29. დადგენილია, რომ 2022 წლის 1 აპრილს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის (უძრავი ქონების საკადასტრო კოდით N.......... N......... N..........) ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ნასყიდობის ფასი შეადგენდა 3500 აშშ დოლარს, ხოლო გამოსყიდვის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 1 მაისამდე. მოპასუხემ დათქმულ ვადაში არ გამოისყიდა უძრავი ქონებები; მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უძრავი ქონებებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის, თუმცა საჯარო რეესტრმა რეგისტრაცია არ განახორციელა იმ საფუძვლით, რომ არ იყო წარმოდგენილი დოკუმენტი გამოსყიდვის უფლების განუხორციელებლობის თაობაზე. მოპასუხე კი უარს აცხადებს საჯარო რეესტრში შესაბამისი დასტურის განხორციელებაზე. სარჩელით მოთხოვნილია უძრავ ქონებებზე საკადასტრო კოდით N.........; N..........; N......... მესაკუთრედ ცნობა.

30. სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“ (შეად. გელაშვილი ი., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III მუხლი 319, ველი 8, თბილისი, 2019); ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებული ხელშეკრულების სახეები არ არის ამომწურავი. ხელშეკრულების მხარეებს, როგორც წესი უფლება აქვთ, დამოუკიდებლად აირჩიონ ხელშეკრულების ტიპიც და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი (იხ. ჯორბენაძე ს., ხელშეკრულების თავისუფლება სამოქალაქო სამართალში, თბილისი, 2017, გვ. 103). საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმების შედეგია. შეთანხმება გულისხმობს მხარეთა თანმხვედრი ნების გამოვლენას, რომელიც მიმართულია ერთი და იმავე სამართლებრივი მიზნის მიღწევისაკენ. სახელშეკრულებო სამართალში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ხელშეკრულების დადების მომენტის განსაზღვრას, რადგან სწორედ ამ მომენტიდან წარმოეშვებათ მხარეებს სახელშეკრულებო უფლებები და იბოჭებიან ნაკისრი ვალდებულებებით (შეად. ბაღიშვილი ე., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III მუხლი 327, ველი 3, თბილისი, 2019; სუსგ N ას-680-2021, 26.01.2022წ.).

31. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხარეთა შორის დადებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რასაც აწესრიგებს სსკ-ის 509-515-ე მუხლები. სსკ-ის 509-ე მუხლის თანახმად, თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამყიდველი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებით განკარგოს გამოსყიდვის უფლების გამოყენების საკითხი. გამოსყიდვის უფლების რეალიზაცია ცალმხრივი ნების გამოვლენას წარმოადგენს და მისი ნამდვილობა უკავშირდება როგორც ნების სწორ ფორმირებას, ისე გამოხატვის პროცესის სათანადოდ დასრულებას. ზემოხსენებული ნორმით გამყიდველისთვის ნასყიდობის ხელშეკრულებით მინიჭებული გამოსყიდვა არის უფლება, რომლის განუხორციელებლობა გამყიდველს ართმევს გაყიდული ნივთის უკან მოთხოვნის უფლებას და იგი მყიდველის საკუთრება ხდება. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს არ უსარგებლია უძრავი ქონებების გამოსყიდვის უფლებით, შესაბამისად ისინი მოსარჩელის საკუთრება გახდა. (იხ. სუსგ-ები №ას-694-665-2016; 31.03.2017 წ; №ას-1090-2021, 18.05.2022 წ.).

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების შეფასებისას სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მიღებულ გადაწყვეტილებაზე არსებითად, რამდენადაც, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას არ იხილავს მტკიცებულებებს და არ შედის მათ კვლევაში, არამედ სასამართლოს მსჯელობის საგანია სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებს თუ არა სასარჩელო მოთხოვნას.

33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

34. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

36. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.ქ–იას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ს.ქ–იას (პ/ნ .........), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, ვ.ს–ის (პ/ნ ..........) მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით, 2025 წლის 17 თებერვალს №25978018633 საგადახდო დავალებით გადახდილი 2100 ლარის 70 % - 1470 ლარი და 2025 წლის 31 მარტის N26597620457 საგადახდო დავალებით გადახდილი 2795 ლარის 70% - 1956,5 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი