Facebook Twitter

საქმე №ას-1219-2023

27 ნოემბერი 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ნ.ა–ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა.ნ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ნ.ა–იამ (შემდეგში ტექსტში წოდებული, როგორც „მოსარჩელე", „აპელანტი“, „კასატორი“), სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, ა.ნ–ძის (შემდეგში ტექსტში წოდებული, როგორც „მოპასუხე", „მოწინააღმდეგე მხარე“,) მიმართ, სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის მოთხოვნით, კერძოდ: ცვლილება შევიდეს ნოტარიუს მ.ჯ–ის მიერ 2018 წლის 7 ივნისს გაცემულ №180659867 სააღსრულებო ფურცელში, გაუქმდეს პირგასამტეხლოს მოთხოვნა, შემცირდეს სესხის ძირითადი თანხის ოდენობა და განისაზღვროს 9628 აშშ დოლარით, ნაცვლად 10000 აშშ დოლარისა. ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სარგებლის სრულად გადახდის გამო, გაუქმდეს სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული სარგებლის თანხა 1844 აშშ დოლარის ოდენობით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო სარგებლის 644 აშშ დოლარამდე შემცირებისა და პირგასამტეხლოს 0,07%-მდე შემცირების ნაწილში.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილებით: ნ.ა–იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შევიდა ცვლილება ნოტარიუს მ.ჯ–ის მიერ 07.06.2018წ. გაცემულ სააღსრულებო ფურცლებში, №180659867, კერძოდ, პირგასამტეხლო განისაზღვრა 850 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად ძირი თანხის 0.04%-ის ოდენობით; რაც შეადგენდა 3400 აშშ დოლარს; ნ.ა–იას მოთხოვნა სააღსრულებო ფურცელში სარგებლისგან გათავისუფლების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სარგებელი განისაზღვრა 644 აშშ დოლარით; ნ.ა–იას მოთხოვნა სააღსრულებო ფურცელში ძირითადი თანხის შემცირების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

3.2 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინებით, ნ.ა–იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება.

4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

4.2.1 2015 წლის 13 ივლისს, ნ.ა–იას (მინდობილი პირი ქ.ა–ია) და ა.ნ–ძეს შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული N150745578 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, ა.ნ–ძემ ნ.ა–იას გადასცა 10 000 აშშ დოლარი, ერთი წლის ვადით, თვეში 3.37%-ის სარგებლის დარიცხვით, რაც სულ შეადგენდა 4044 აშშ დოლარს. მსესხებელს სარგებელი უნდა გადაეხადა ყოველი თვის 13 რიცხვში. მსესხებელს ყოველი თვის სარგებლის თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.1%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ, თუ მსესხებელი ნებაყოფლობით არ შეასრულებდა იპოთეკარის მოთხოვნას, იგი უფლებამოსილი იყო მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველეყო ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ.ა–იას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქუთაისი, ............ №49, ს/კოდი ............. ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0.1%-ის ოდენობით.

4.2.2 სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დროული შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ.ა–იას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქუთაისში, ......... №49, ს/კ ..........

4.2.3 სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო, 2018 წლის 7 ივნისს, ნოტარიუს მ.ჯ–ის მიერ გაიცა N180659867 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ნ.ა–იას ვალდებულება (აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა) კრედიტორის წინაშე განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირი თანხა - 10 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 1844 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 8500 აშშ დოლარი (850*10$) (ძირი თანხის 0.1%), სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 125.54 ლარი

4.2.4 საქმეში წარმოდგენილი სს „ს.ბ“-ში ჩარიცხული გზავნილების თანახმად, 2015 წლის ნოემბრიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით კრედიტორმა ა.ნ–ძემ, ნ.ა–იას მინდობილი პირისგან ქ.ა–იასგან მიიღო ჯამში 3205 აშშ დოლარის თანხა, კერძოდ: ა) 15.11.2015წ. – 400 აშშ დოლარი (პროცენტი), სალაროს შემოსავლის ორდერი N12/47202; ბ) 18.11.2015წ. – 204 აშშ დოლარი, სალაროს შემოსავლის ორდერი N3/59970; გ)15.02.2016წ. – 400 აშშ დოლარი; დ) 31.05.2018წ. – 1200 აშშ დოლარი, შემოსავლის ორდერი N2/64107; ე) 13.08.2020წ. – 300 აშშ დოლარი, შემოსავლის დოკუმენტი N42378/27525; ვ) 17.08.2019წ. - 501 აშშ დოლარი, შემოსავლის ორდერი N4/26094; ზ) 11.03.2022წ. - 200 აშშ დოლარი, შემოსავლის დოკუმენტი N42255/22869.

4.3 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, რა ოდენობის თანხა გადაიხადა მოვალემ და სწორია, თუ არა, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობა. ასევე, გონივრულია თუ არა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და მოპასუხე მხარე აღიარებს იმ გარემოებას, რომ სადავო სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდგომ მოვალემ გადაიხადა სარგებლის დავალიანება 1200 აშშ დოლარის ოდენობით, რის შესაბამისადაც სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა სარგებლის ნაწილში ნაცვლად 1844 აშშ დოლარისა, უნდა შემცირებულიყო და განსაზღვრულიყო 644 აშშ დოლარით. ამდენად, მოპასუხე მხარემ სარგებლის ნაწილში ცნო სარჩელი 1200 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ამ ნაწილში, სსკ-ის 131-ე (ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას) მუხლის შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

4.4 სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა სესხის ძირი თანხის ნაწილში უნდა განსაზღვრულიყო 10000 აშშ დოლარით, ხოლო სარგებელი 644 აშშ დოლარით.

4.5 პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა - სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლებიდან გამომდინარე, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, მოვალემ გადაიხადოს პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, თუმცა ამავე კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ

ინტერესს.

4.6 სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დავალიანების მოცულობისა და ვადაგადაცილებული დღეების ოდენობის გათვალისწინებით, სამოქალაქო კოდექსის 115-ე და 420-ე მუხლებიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0,1% სწორად და სამართლიანად შეამცირა 0,04%-მდე. აღნიშნულის გამოც არ არსებობს პირგასამტეხლოს კიდევ შემცირების წინაპირობები.

5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

5.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ა–იამ, რომელმაც, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

5.2 კასატორის განმარტებით, სესხის ძირითადი თანხის მოცულობიდან - 10 000 აშშ დოლარიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს სახით, 3400 აშშ დოლარის განსაზღვრა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესს, რომლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე სესხის ძირითადი თანხის მოცულობისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების გათვალისწინებით. ეს იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოვალე ასრულებდა კრედიტორის წინაშე ფულად ვალდებულებას სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდგომაც, პირგასამტეხლოს სახით 3 400 აშშ დოლარის განსაზღვრა ეწინააღმდეგება, როგორც კანონის დანაწესს, ასევე უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკას.

5.3 კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ასევე არ ირკვევა, თუ რატომ დაეკისრა აპელანტს პირგასამტეხლოს გადახდა 850 დღეზე, ნაცვლად 733 დღისა. სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენის დღემდე, კერძოდ, 2018 წლის 16 ივლისამდე პერიოდი სულ შეადგენს 733 დღეს, რაც არ იქნა გაზიარებული და შეფასებული სასამართლოს მიერ. სრულიად გაუგებარია, რატომ დაიწყო პირგასამტეხლოს ვადის ათვლა 2016 წლის 13 თებერვლიდან.

5.4 კასატორის განმარტებით, გაურკვეველია, თუ რატომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა პირგასამტეხლოს 0.01%-მდე შემცირების თაობაზე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით ბუნდოვანია და სასამართლოს არასწორად აქვს განმარტებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, რაც საბოლოოდ იურიდიულად საკმარისად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

6.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

6.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ხსენებული ნორმიდან გამომდინარე, დასაბუთებულ შედავებად განიხილება მხარის პრეტენზია, რომელიც შეიცავს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. ამდენად, საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

10. 2015 წლის 13 ივლისს, ნ.ა–იას (მინდობილი პირი ქ.ა–ია) და ა.ნ–ძეს შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული N150745578 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, ა.ნ–ძემ ნ.ა–იას გადასცა 10 000 აშშ დოლარი, ერთი წლის ვადით, თვეში 3.37%-ის სარგებლის დარიცხვით, რაც სულ შეადგენდა 4044 აშშ დოლარს. მსესხებელს სარგებელი უნდა გადაეხადა ყოველი თვის 13 რიცხვში. მსესხებელს ყოველი თვის სარგებლის თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.1%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ, თუ მსესხებელი ნებაყოფლობით არ შეასრულებდა იპოთეკარის მოთხოვნას, იგი უფლებამოსილი იყო მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველეყო ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ.ა–იას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქუთაისი, ..........№49, ს/კოდი .......... ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0.1%-ის ოდენობით.

10.1 სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დროული შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ.ა–იას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ..........№49, ს/კ ..........

10.2 სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო, 2018 წლის 7 ივნისს, ნოტარიუს მ.ჯ–ის მიერ გაიცა N180659867 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ნ.ა–იას ვალდებულება (აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა) კრედიტორის წინაშე განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირი თანხა - 10 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 1844 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 8500 აშშ დოლარი (850*10$) (ძირი თანხის 0.1%), სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 125.54 ლარი

10.3 საქმეში წარმოდგენილი სს „ს.ბ“-ში ჩარიცხული გზავნილების თანახმად, 2015 წლის ნოემბრიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით კრედიტორმა ა.ნ–ძემ, ნ.ა–იას მინდობილი პირისგან ქ.ა–იასგან მიიღო ჯამში 3205 აშშ დოლარის თანხა, კერძოდ: ა) 15.11.2015წ. – 400 აშშ დოლარი (პროცენტი), სალაროს შემოსავლის ორდერი N12/47202; ბ) 18.11.2015წ. – 204 აშშ დოლარი, სალაროს შემოსავლის ორდერი N3/59970; გ)15.02.2016წ. – 400 აშშ დოლარი; დ) 31.05.2018წ. – 1200 აშშ დოლარი, შემოსავლის ორდერი N2/64107; ე) 13.08.2020წ. – 300 აშშ დოლარი, შემოსავლის დოკუმენტი N42378/27525; ვ) 17.08.2019წ. - 501 აშშ დოლარი, შემოსავლის ორდერი N4/26094; ზ) 11.03.2022წ. - 200 აშშ დოლარი, შემოსავლის დოკუმენტი N42255/22869

11. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებობდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა. გამსესხებელი და მსესხებელი შეთანხმდნენ სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 286-ე, 417-ე და 418-ე მუხლების, ასევე, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლების წინაპირობებზე: კრედიტორმა მოვალეს საკუთრებაში გადასცა თანხა უკან დაბრუნების პირობით; სესხი იყო სარგებლიანი; სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოვალის კუთვნილი ქონება; ვალდებულების შესრულება ასევე უზრუნველყოფილ იქნა პირგასამტეხლოთი; ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორს შეეძლო მიემართა ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის აღების მოთხოვნით.

12. კრედიტორმა, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, მიმართა ნოტარიუსს და აიღო სააღსრულებო ფურცელი, რომელსაც ნაწილობრივ არ დაეთანხმა მოვალე.

13. მოცემული დავის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა.

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ.: სუსგ №ას-848-814-2016, 2016 წლის 28 დეკემბერი; №ას-1274-2022, 2022 წლის 22 ნოემბერი; №ას-1245-2022, 2023 წლის 9 მარტი).

16. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქციის არსი განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა (იხ.: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).

17. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება (იხ.: სუსგ №ას-1597-2019, 2019 წლის 13 დეკემბერი; №ას-89-2024, 2024 წლის 12 აპრილი; №ას-65-2024, 2024 წლის 15 აპრილი).

18. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ.: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე, იხ: სუსგ №ას-827-2021, 2021 წლის 3 დეკემბერი).

19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

20. ამდენად, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ასეთ დროს სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ასევე, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიც არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-1560-1463-2012, 28 დეკემბერი, 2012 წელი; №ას-1200-1145-2013, 16 მაისი, 2014 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-1511-2018, 26 მარტი, 2019 წელი; №ას-183-2021, 29 ნოემბერი, 2022 წელი).

21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ, კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე №ას-91-2021, 22 აპრილი, 2021 წელი).

22. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (იხ. სუსგ საქმე №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).

23. მოცემულ შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს მოცულობა განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 აშშ დოლარით, რომლის შემცირებასაც 0.07%-მდე დაეთანხმა კრედიტორი, ხოლო ქვემდგომი სასამართლოების მიერ განისაზღვრა ძირითადი სესხის თანხის 0,04% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

24. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კასატორის პრეტენზიაზე, სადაც იგი აღნიშნავს, რომ, როდესაც იპოთეკით დაიტვირთა ნ.ა–იას სახლი, სესხის თანხაზე იყო ორი იპოთეკარი - ა.ნ–ძე და ბ.წ–ძე. მეორე საქმეზე (მოსარჩელე ნ.ა–ია-მოპასუხე ბ.წ–ძე) სასამართლოებმა პირგასამტეხლო შეამცირეს 0.01%-მდე, კასატორის მითითებით, გაუგებარია ერთი სასესხო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე საქმეებზე, ერთი და იგივე გარემოებების ვითარებაში, ერთ შემთხვევაში, სასამართლომ 0,04% დააკისრა მხარეს, ხოლო ზუსტად იგივე მოთხოვნაზე ბ.წ–ძის საქმეში 0,01 %-მდე შეამცირა პირგასამტეხლო (იხ.სუსგ. საქმე Nას-1010-2019, 23.12.2020წ.).

25. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის მე-5 მუხლის, პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე.

26. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სესხი უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით, ხელშეკრულების მოქმედების დასრულების დროისთვის, სესხი არ დაფარულა, კრედიტორმა თავისი უფლების რეალიზება და სააღსრულებო ფურცლის მეშვეობით იძულებითი აღსრულება მოითხოვა თითქმის ორი წლის შემდეგ, რითიც ფაქტობრივად ხელი შეუწყო პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო 0,1% შეუსაბამოდ მაღალია, იგი უნდა შემცირდეს და მისი, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციის, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხასიათის, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის გათვალისწინებით, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული იქნება მისი განსაზღვრა 3400 აშშ დოლარის ნაცვლად, 850 აშშ დოლარის ოდენობით.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მოვალეს, კრედიტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 10-ჯერ შემცირებული პირგასამტეხლო, რაც შეადგენს 850 აშშ დოლარს.

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

29. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

მოცემულ შემთხვევაში, ა.ნ–ძეს, ნ.ა–იას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ, სამივე ინსტანციის სასამართლოში, (I ინსტანციაში გადახდილი 605 ლარი; II ინსტანციაში გადახდილი 503 ლარი; III ინსტანციაში გადახდილი 440 ლარი) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1548.7 ლარიდან პროპორციული გაანგარიშებიდან მიღებული თანხის - 1393 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნ.ა–იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ.ა–იას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს, მ.ჯ–ის მიერ, 07.06.2018წ. გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, №180659867, კერძოდ, პირგასამტეხლო განისაზღვროს 850 აშშ დოლარით;

5. დანარჩენ ნაწილში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინება, დარჩეს უცვლელად;

6. ა.ნ–ძეს დაეკისროს, ნ.ა–იას სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ, სამივე ინსტანციის სასამართლოში, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1548.7 ლარიდან - 1393 ლარის ანაზღაურება;

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი