¹ბს-1156-1107(კ-07) 28 თებერვალი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 12 მარტს გ. ტ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 1992 წლიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალების შექმნის დღიდან, 13 წლის განმავლობაში იმსახურა ჯარში, 2 წელი _ როგორც სამოქალაქო პირმა, ხოლო 1994 წლის 1 ოქტომბრიდან _ როგორც სამხედრო მოსამსახურემ. 2005 წლის 30 აგვისტოს, ავადმყოფობის გამო, დაითხოვეს შეიარაღებული ძალების რიგებიდან და მიენიჭა შესაძლებლობების სტატუსი _ შრომის უნარის მნიშვნელოვანი შეზღუდვა (II ჯგუფის ინვალიდობა).
მოსარჩელემ განმარტა, რომ ონკოლოგიურ დისპანსერში, საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ორგანიზაცია ,,ს-სა” და ს. რ-თან იმყოფებოდა აღრიცხვაზე. სისტემატურად ესაჭიროებოდა ძვირადღირებული მედიკამენტოზური მკურნალობა. სუნქთვისა და გულ-ფილტვის უკმარისობის გამო, მუდმივად ხმარობდა აეროზოლს, რომლის ყოველთვიური დოზის ღირებულება იყო 60 ლარი, პერიოდულად უწევდა ასევე სიმსივნური პროცესის კონტროლი და გამოკვლევების ჩატარება, რაც დაკავშირებული იყო ფინანსურ ხარჯებთან.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მისაღები ჰქონდა კუთვნილი ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების 2004-2005 წლების კომპენსაცია. სამხედრო სამოსელის შესახებ იმავე სამინისტროს გენერალური შტაბის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, თანხის დაანგარიშების თაობაზე მოსარჩელის მიმართვის პასუხად ინფრასტრუქტურის სამმართველომ აღნიშნულზე უარი უთხრა, იმ მოტივით, რომ 2007 წლის იანვრამდე შეჩერებული იყო ამ თანხების დაანგარიშება-გაცემა და აუცილებელი იყო საფინანსო საკითხებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ნებართვა.
მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 2 თებერვალს სანივთე ქონების ღირებულების გადახდის შესახებ მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს. მოსარჩელეს, საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2007 წლის 12 თებერვლის ¹9/374 წერილით განემარტა, რომ გასული წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული მიზნებისათვის (უნიფორმის შესაძენად) სახელმწიფო ბიუჯეტიდან სათანადო ასიგნებები სრულფასოვნად არ გამოეყოფოდა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დამტკიცებული ხარჯების გეგმური პარამეტრების ზევით დაუშვებელი იყო ფაქტობრივი ხარჯების გაწევა. შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებზე უნიფორმის სანაცვლოდ გასაცემი შესაბამისი საკომპენსაციო თანხები კრედიტორულ დავალიანებად არ იყო დაფიქსირებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 2004-2005 წლების სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის _ მის სასარგებლოდ გადახდის დაკისრება.
მოგვიანებით, მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სანივთე ქონების კომპენსაციის დაკისრება დაახლოებით 550 ლარის ოდენობით (ს.ფ. 12).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა ცნობა იმის შესახებ, თუ რამდენს შეადგენდა გ. ტ-ის მიერ მიუღებელი სანივთე ქონების კომპენსაციის ოდენობა და აღნიშნული ცნობის შესაბამისად გ. ტ-მა საქალაქო სასამართლოს სხდომაზე საბოლოოდ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მის სასარგებლოდ 734, 20 ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით გ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სანივთე ქონების კომპენსაციის თანხის _ 734,2 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის 1994 წლის 1 ოქტომბრის ¹936 ბრძანებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ. ტ-ი მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ....... განყოფილების არასაიდუმლო საქმისმწარმოებელ მბეჭდავ-მემანქანის თანამდებობაზე, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 1 სექტემბრის ¹2449 ბრძანებით დასტურდებოდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ..... სამმართველოს არასაიდუმლო საქმისმწარმოებელი მასტერ სერჟანტი გ. ტ-ი, ავადმყოფობის გამო, დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან თადარიგში. გ. ტ-ი სამხედრო სამსახურს გადიოდა რა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან – საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს, ხოლო ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად – სამხედრო მოსამსახურეს.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეზე აღნიშნული კანონის მოთხოვნები ვრცელდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ იყო დადგენილი. იმავე კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით მოსამსახურეთათვის შეიძლებოდა გათვალისწინებული ყოფილიყო სხვა დამატებითი უფლებები და გარანტიები, ხოლო ასეთი სახის ერთ-ერთი დამატებითი უფლება და გარანტია სამხედრო მოსამსახურეთათვის მოცემული იყო სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით, სახელდობრ, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის გარდა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მიერ 2007 წლის 24 აპრილს გაცემული ¹3-11/2303 ცნობით დასტურდებოდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. ტ-ის მიმართ გააჩნდა ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანება – ჯამში 734,2 ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლომ ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო, შეესრულებინა მოსარჩელის მიმართ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით დაკისრებული ვალდებულება და აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის მიუღებელი ფორმის ტანსაცმლის შესაბამისი ფულადი კომპენსაცია 734,2 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო კანონიერი, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა იგი, ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს მისცა სწორი შეფასება, რის გამოც არ არსებობდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონის დარღვევით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები), ხოლო გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტი). სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელის სასარგებლოდ 734,2 ლარის სანივთე ქონების კომპენსაციის დაკმაყოფილებაზე და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
კასატორი განმარტავს, რომ გ. ტ-ი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილია 2005 წლის 30 აგვისტოდან, ხოლო სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2007 წლის 12 მარტს, სასარჩელო მოთხოვნა კი ეხება 2004-2005 წლების სანივთე ქონების კომპენსაციას. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელეს უფლება არ ჰქონდა, მოეთხოვა 2004-2005 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება, რადგან მოსარჩელე სარჩელის შეტანის დროისათვის სამხედრო მოსამსახურეს აღარ წარმოადგენდა, ხოლო ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით სამხედრო მოსამსახურეებს სანივთე ქონება ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია ეძლევათ სამსახურის პერიოდში, როდესაც ისინი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები არიან. რაც შეეხება სასამართლოს მიერ აღნიშნული ნორმის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ მოსარჩელეზე გავრცელებას, უკანონოა, ვინაიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ნორმები ვრცელდება მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებზე.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი. დასახელებული ნორმით კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდათ სამხედრო მოსამსახურეებს. სარჩელის შეტანის დროისათვის მოსარჩელე გ. ტ-ი აღარ იყო სამხედრო მოსამსახურე, შესაბამისად მოსარჩელეს სარჩელის შეტანის დროს არ ჰქონდათ სანივთე ქონების ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. უფრო მეტიც, დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ეხება 2004-2005 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებას და აღნიშნული წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის სანივთე ქონების ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რომელიც ვრცელდება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებაზე.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილი, რითაც დაარღვია იმავე კოდექსის 105-ე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები). სააპელაციო სასამართლომ განჩინება დააფუძნა საქმეში არსებულ 2005 წლის 12 სექტემბრის ¹38 ცნობაზე და იგი მიიჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დავალიანების აღიარებად.
კასატორი აღნიშნავს, რომ 2005 წლის 12 სექტემბრის ცნობა არის საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტი და იგი არ წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ვალის აღიარებას, ასევე საქმეში არ მოიპოვება დოკუმენტი, რომლითაც დადასტურებული იქნებოდა დაპირება მოსარჩელის მიმართ, მოთხოვნილი თანხის გადახდასთან დაკავშირებით.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მიიღო დაუსაბუთებელი და უკანონო განჩინება. გასაჩივრებული განჩინება მიღებულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეიძლებოდა არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მანამდე მიღებული გადაწყვეტილებებისაგან, როგორიცაა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ივლისის ¹ბს-219-207 (კ-07) გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტების მოთხოვნებს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 4 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 28 თებერვლამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა არასწორი განჩინების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 22 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.