საქმე№ას-597-2023
27 ივნისი 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით - მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ნ....“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით - მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება (ძირითადი სარჩელით); თანხის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში წოდებული, როგორც „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე, „აპელანტი“, „კასატორი“), სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე შპს ,,ნ......“ (შემდგომში წოდებული, როგორც „მოპასუხე“, შეგებებული სარჩელით - მოსარჩელე, „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს 1598,63 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. შეგებებული სარჩელით მიმართა, საჩხერის რაიონულ სასამართლოს, შპს ,,ნ....“-ის წარმომადგენელმა, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, 25 291,85 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
4. შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია:
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ შეგებებულ სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1 საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილებით, სსიპ თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი, მოპასუხე შპს ,,ნ....-ის“ მიმართ და შპს ,,ნ....-ის“ შეგებებული სარჩელი მოსარჩელე თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,ნ....-ს“ თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 749,08 ლარის გადახდა; სსიპ თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტს, შპს ,,ნ....-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 16 991,08 ლარის გადახდა.
5.2 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ძირითადი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6.1 ქუთაისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 მარტის განჩინებით, სსიპ თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილება.
6.2 სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.2.1 თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტსა (მერია) და შპს „ნ....“-ს შორის 2020 წლის 31 აგვისტოს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N209 ხელშეკრულება. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. საჩხერეში სტიქიის შედეგად დაზიანებული ........ ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაო. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 31998.44 ლარს. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო მოქმედების ვადა 2020 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
6.2.2 2020 წლის 22 ოქტომბრის წერილით შპს „ნ....“-ის დირექტორმა ითხოვა 15 ნოემბრის ჩათვლით ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების ვადის გაგრძელება, რაზედაც მიიღო თანხმობა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.
6.2.3 2020 წლის 12 ნოემბრის N8 წერილით შპს „ნ.....“-ის დირექტორმა კვლავ ითხოვა 10 დეკემბრის ჩათვლით ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების ვადის გაგრძელება, რაზედაც მიიღო თანხმობა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით.
6.2.4 2020 წლის 02 დეკემბრის N9 წერილით შპს „ნ....“-ის დირექტორმა ისევ მიმართა დამკვეთს და მოითხოვა ხარჯთაღრიცხვის დაკორექტირება. მიიღო თანხმობა, შეიცვალა მოცემულ ხელშეკრულებაში სამუშაოების გეგმა-გრაფიკი, ხარჯთაღრიცხვა და აღნიშნული ცვლილებით სახელშეკრულებო თანხა 31998.44 ლარის ნაცვლად განისაზღვრა 31972.64 ლარით.
6.2.5 „სამშენებლო სამუშაოებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა“ 2020 წლის 7 დეკემბერს ადგილზე დაათვალიერა და შეისწავლა შპს „ნ....“-ის მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ხარისხი და მიიჩნია, რომ სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ, სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევით, რის გამოც შპს „ნ....“-ს მიეთითა გამოესწორებინა ხარვეზი, თუმცა 2021 წლის 16 აპრილისა და 2021 წლის 6 დეკემბრის ადგილზე შემოწმებით არსებული ხარვეზები კვლავ არ იყო აღმოფხვრილი.
6.2.6 საჩხერის მუნიციპალიტეტის პოზიციით შესყიდვის ობიექტის არც მიწოდების და არც მოქმედების ვადაში მიმწოდებელმა არ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რის გამოც მუნიციპალიტეტმა შპს „ნ....“-ს განუსაზღვრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულების შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 5%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 1598.63 ლარს. პირგასამტეხლოს თანხა შ.პ.ს. „ნ....“-მა მუნიციპალიტეტს არ აუნაზღაურა.
6.2.7 2021 წლის 21 აპრილის სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების კონტროლის განხორციელების მიზნით შექმნის შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 07 მაისის N531256 ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები ადასტურებენ, რომ თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტსა და შპს „ნ....“-ს შორის 2020 წლის 31 ივლისს დადებული N209 ხელშეკრულების შესაბამისად შპს ,,ნ....- მა“ შეასრულა საჩხერეში სტიქიის შედეგად დაზიანებული ........ ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები. მიმწოდებლის მიერ სრულად და შესაბამისი ხარისხით არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოები. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფორმა N2-ის მიხედვით., ღირებულება განისაზღვრება 16991,08 ლარი. ხელშეკრულების თანახმად აღნიშნული თანხა უნდა აუნაზღაურდეს მიმწოდებელს. რასაც ხელს აწერს ასევე შემსრულებელი საწარმოს დირექტორი.
6.2.8 შპს „ს.ა.კ.ე-ა“-ს დასკვნის შესაბამისად, საჩხერეში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ........ ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 25291,85 ლარი. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება, როგორც სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნას, ასევე შპს ,,ნ...."-სა და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2021 წლის 31 აგვისტოს N209 ხელშეკრულების მოთხოვნებს.
6.2.9 N209 ხელშეკრულების მე-11 მუხლის, 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადების დარღვევისა) შესრულებისათვის დამრღვევი მხარე ვალდებულია, მეორე მხარის მოთხოვნისთანავე გადაუხადოს მას პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების ღირებულების 5% ასეთი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში და უზრუნველყოს დარღვეული ვალდებულების დაუყოვნებლივ გასწორება.
6.3 მოცემული საქმეზე სამართლებრივი დასაბუთების მიზნით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან, რაც სწორად შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლომ.
6.4 სააპელაციო პალატამ, 2021 წლის 21 აპრილის სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტზე დაყრდნობით, რომელსაც ხელს აწერენ უფლებამოსილი პირები და მათ შორის შპს „ნ....“-ის დირექტორი, დადგენილად მიიჩნია, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 16991,08 ლარია, რაც საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან ანაზღაურებული არ არის. შესაბამისად, შპს ,,ნ....“-ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა (ნაწილობრივ) შესრულებული სამუშაოს, 16991,08 ლარის, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანად მიიჩნია.
6.5 სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება, რითაც სასამართლომ დასაბუთებისას, იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-418-ე, 420-ე, მუხლებით და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სასარჩელო მოთხოვნის და შპს ,,ნ......“-ის შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით არსებითად სწორი, დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო.
7. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
7.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 მარტის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, თავდაპირველი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შპს „ნ....“-სთვის საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით 1598.63 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
7.2 კასატორმა განმარტა, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული, ხოლო რაც შესრულდა, ისიც უხარისხოდ და არაჯეროვნად.
7.3 კასატორმა განმარტა, რომ „სამშენებლო სამუშაოებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა“ 2020 წლის 7 დეკემბერს ადგილზე დაათვალიერა და შეისწავლა შპს „ნ....“-ის მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ხარისხი და მიიჩნია, რომ სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ, სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევით, რის გამოც შპს „ნ....“-ს მიეთითა გამოესწორებინა ხარვეზი, თუმცა 2021 წლის 16 აპრილისა და 2021 წლის 6 დეკემბრის ადგილზე შემოწმებით არსებული ხარვეზები კვლავ არ იყო აღმოფხვრილი.
7.4 კასატორის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც შპს „ნ.......-ის“ მიერ სამუშაო შესრულებულია უხარისხოდ, სამშენებლო ნორმების და წესების დარღვევით, უსაფუძვლოა სსიპ თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტისთვის (მერია), შპს ,,ნ....“-ს სასარგებლოდ 16991 ლარის და 08 თეთრის დაკისრება.
7.5 მიმწოდებელმა არ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რის გამოც მუნიციპალიტეტმა შპს „ნ....“-ს განუსაზღვრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 5%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 1598.63 ლარს. პირგასამტეხლოს თანხა შპს „ნ....“-მა მუნიციპალიტეტს არ აუნაზღაურა.
8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
8.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
8.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, დასაშვებად იქნა ცნობილი და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და ნაწილობრივ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. წინამდებარე საქმეზე დადგენილია და საკასაციო საჩივრით პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:
11.1 თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტსა (მერია) და შპს „ნ....“-ს შორის 2020 წლის 31 აგვისტოს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N209 ხელშეკრულება. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. საჩხერეში სტიქიის შედეგად დაზიანებული ........ ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაო. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 31998.44 ლარს. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო მოქმედების ვადა 2020 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
11.2 2020 წლის 22 ოქტომბრის წერილით შპს „ნ....“-ის დირექტორმა ითხოვა 15 ნოემბრის ჩათვლით ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების ვადის გაგრძელება, რაზედაც მიიღო თანხმობა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით.
11.3 2020 წლის 12 ნოემბრის N8 წერილით შპს „ნ.....“-ის დირექტორმა კვლავ ითხოვა 10 დეკემბრის ჩათვლით ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების ვადის გაგრძელება, რაზედაც მიიღო თანხმობა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით.
11.4 2020 წლის 02 დეკემბრის N9 წერილით შპს „ნ....“-ის დირექტორმა ისევ მიმართა დამკვეთს და მოითხოვა ხარჯთაღრიცხვის დაკორექტირება. მიიღო თანხმობა, შეიცვალა მოცემულ ხელშეკრულებაში სამუშაოების გეგმა-გრაფიკი, ხარჯთაღრიცხვა და აღნიშნული ცვლილებით სახელშეკრულებო თანხა 31998.44 ლარის ნაცვლად განისაზღვრა 31972.64 ლარით.
11.5. სამუშაოების მიღება-ჩაბარების 2021 წლის 21 აპრილის აქტის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების კონტროლის განხორციელების მიზნით, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 07 მაისის N531256 ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებმა დააფიქსირეს, რომ სსიპ თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტსა და შპს ნ....-ს შორის, 2020 წლის 31 ივლისს დადებული N209 ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ,,ნ....-მა“ შეასრულა ქ.საჩხერეში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ივანე გომართელის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები. მიმწოდებლის მიერ სრულად და შესაბამისი ხარისხით არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოები. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფორმა N2-ის მიხედვით, ღირებულება განისაზღვრება 16991,08 ლარი.
11.6. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა“ 2020 წლის 7 დეკემბერს ადგილზე დაათვალიერა და შეისწავლა შპს „ნ....“-ის მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ხარისხი და მიიჩნია, რომ სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ, სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევით, რის გამოც შპს „ნ....“-ს მიეთითა გამოესწორებინა ხარვეზი, თუმცა 2021 წლის 16 აპრილისა და 2021 წლის 6 დეკემბრის ადგილზე შემოწმებით არსებული ხარვეზები კვლავ არ იყო აღმოფხვრილი.
11.7. აკრედიტებული ორგანოს, შპს „ს.ა.კ.ე- ა“-ს (აკრედიტაციის მოწმობა GAჩ-IB-0139) დასკვნის შესაბამისად, ქ.საჩხერეში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ........ ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 25291,85 ლარი. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილი აღნიშნულია, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება, როგორც სამშშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნას, ასევე შპს ,,ნ...."-სა და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2021 წლის 31 აგვისტოს N209 ხელშეკრულების მოთხოვნებს. (იხ.ტ.1. ს.ფ. 85-92).
12. საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია შეეხება იმ გარემოებას, რომ შპს „ნ.....-ის“ მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების უხარისხოდ, სამშენებლო ნორმების და წესების დარღვევით წარმოების პირობებში, უსაფუძვლოა სსიპ თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტისთვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების გამო, 16 991 ლარის და 08 თეთრის დაკისრება. კასატორი, ასევე სადავოდ ხდის პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოების მხრიდან მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირებას.
13. განსახილველი დავის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მენარდისთვის, შესრულებული(ნაწილობრივ შესრულებული) ვალდებულების ღირებულების ანაზღაურების მართლზომიერება.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულება, რომელიც მიეკუთვნება მომსახურების ტიპის ხელშეკრულებას (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური). ნარდობა თავისი ბუნებით ორმხრივ მავალდებულებელი (სინალაგმატური “sinalagma”), სასყიდლიანი და კონსენსუალური ხელშეკრულებაა. იგი ძირითადად მოწესრიგებულია სსკ-ის, 629 - 656-ე მუხლებით. სსკ-ის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას (შდრ: სუსგ №ას-1522-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი, პ.34.).
15. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, მენარდის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 629.1 და 648-ე მუხლების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე წარმოშობილია, ნამდვილია და ნაწილობრივ განხორციელებადია. აღნიშნულის საფუძველს იძლევა საქმის მასალებში არსებული (ტ.I, ს.ფ 227) 21.04.2021 წლის სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერენ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების კონტროლის განხორციელების მიზნით შექმნის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 07 მაისის N53 1256 ბრძანებით შექმნილი სამშენებლო სამუშაოებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილი წევრები და ასევე შპს „ნ....“-ის დირექტორი. აქტის შინაარსიდან გამომდინარე, ცალსახად არის დადგენილი და შეთანხმებული შესრულებული სამუშაოების ასანაზღაურებელი ღირებულება. კერძოდ, 2021 წლის 21 აპრილის აქტში აღნიშნულია, რომ „ნ....-მა შეასრულა საჩხერის მუნიციპალიტეტის ქ. საჩხერეში სტიქიის შედეგად დაზიანებული ........ ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები. ასევე აღნიშნულია, რომ მიმწოდებლის მიერ სრულად და შესაბამისი ხარისხით არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოები. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით, ღირებულება განისაზღვრა 16 991,08 ლარით, რაც უნდა აუნაზღაურდეს მიმწოდებელს“.
16. ამგვარად, ქვემდგომმა სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტი და შესრულებული სამუშაოების ღირებულების განსაზღვრის ნაწილში, სასამართლო დაეყრდნო 2021 წლის აპრილის სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტს, ხოლო შპს ნ..... მიერ წარმოდგენილი შპს „ს.ა.კ.ე-ა“-ს დასკვნა არ იქნა გაზიარებული. საკასაციო პალატა, კასატორის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებას. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატა, მიუთითებს რა კასატორის ზოგად შედავებაზე, არ არის დასაბუთებული, თუ რატომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება შესრულებული(ნაწილობრივ) სამუშაოს სახით, 16991,08 ლარის, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დაკისრების ნაწილში.
17. კასატორის შედავების საფუძველზე, საკასაციო პალატა, ასევე შეაფასებს მხარეთა შორის, საჩხერის მუნიციპალიტეტსა და შპს „ნ....“-ს შორის, 2020 წლის 31 აგვისტოს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N209 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერებას.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით-სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (იხ.სუსგ №ას-1079-2019, 30.09.2019წ.).
19. სსკ-ის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
20. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით, ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. „თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი“ (იხ. სერგი ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი, 2019 წელი, მუხლი 417, გვ. 789).
21. ქვედა ინსტანციის სასამართლოებში დადგინდა, რომ მენარდემ ვერ შეძლო ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, რამაც თავისთავად წარმოშვა პირგასამტეხლოს დაკისრების სახელშეკრულებო საფუძველი. თუმცა, საკასაციო პალატა, ვერ გაიზიარებს ქვემდგომი სასამართლოების სამართლებრივ დასკვნას თავდაპირველი მოპასუხისთვის, პირგასამტეხლოს სახით, შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 5% პროცენტის დაკისრების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
21.1. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 11.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადების დარღვევისა) შესრულებისათვის დამრღვევი მხარე ვალდებულია, მეორე მხარის მოთხოვნისთანავე გადაუხადოს მას პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების ღირებულების 5% ასეთი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღეში და უზრუნველყოს დარღვეული ვალდებულების დაუყოვნებლივ გამოსწორება.
21.2. საკასაციო პალატა, განმარტავს, რომ სარჩელის აღძვრა და ამ სარჩელისაგან თავდაცვა მიმდინარეობს კანონით განსაზღვრული წესითა და საშუალებების გამოყენებით. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ საშუალებას, როგორიცაა - შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. სწორედ მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი დისპოზიციურობის პრინციპის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი) ერთგვარი გამოხატულებაცაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც, გარკვეულწილად, დავაში ჩართვასა და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე. ამასთან, სწორედ შესაგებლის შინაარსიდან განისაზღვრება, რომელია უდავო და რომელია სადავო მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები. შესაგებლის ინსტიტუტი, სარჩელის ინსტიტუტთან ერთად, ერთგვარი გზამკვლევია მტკიცების სტადიისა, რომელიც ვერ გამოიყენება, ვიდრე არ ამოიწურება მხარეთა პოზიციების (სარჩელი, შესაგებელი, მოპასუხის მხრიდან არსებითი შედავების შემთხვევაში, მოსარჩელის პასუხი და ა.შ.) ურთიერთგაცვლა და უდავო გარემოებების იდენტიფიცირება (იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, თბილისი 2020, იხ. 201-ე და 2321-ე მუხლების კომენტარები).
21.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე - პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში. (იხ. სუსგ. №ას-328-2023, 20.06.2023წ.; №ას-576-2022, 07.07.2022წ.) ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება მოვალეს (იხ. სუსგ. №ას-888-2020, 10.12.2020წ.).
21.4. სასამართლოს პრაქტიკა, რომ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება წარმოიშობა მოვალის მიერ ამგვარი მოთხოვნის სასამართლოს წინაშე გაცხადებისას, აღიარებულია იურიდიულ ლიტერატურაშიც - „იმ შემთხვევაში, თუ მხარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას არ მოითხოვს ან მოითხოვს სამართალწარმოების იმ ეტაპზე, როდესაც ახალი მოთხოვნის წარდგენა დაუშვებელია, სასამართლო თავისი ინიციატივით, შესაბამისი პროცესუალურად ნამდვილი შეცილების უფლების გარეშე, პირგასამტეხლოს ვერ შეამცირებს, თუნდაც იგი შეუსაბამოდ მაღალი იყოს. უფრო მეტიც, მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი... შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ“ მიჩნევას, როგორც ზემოთ აღინიშნა, შეცილება და მტკიცება სჭირდება (იხ. პირგასამტეხლო, თეორიული ასპექტები, სასამართლო პრაქტიკა“, ჟურნალი „ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა“, III გამოცემა, 2014, გვ. 23).
21.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2007 წლის 28 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენას სავალდებულო ხასიათი აქვს (საქართველოს 28.12.2007 წლის კანონი №5669-სსმ), რაც იმით გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს, კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნევა შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად მიიჩნევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02.03.2017წ.).
21.6. საკასაციო პალატა, ვერ გაიზიარებს ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობას, რომ N209 ხელშეკრულების მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადების დარღვევისა) შესრულებისათვის დამრღვევი მხარე ვალდებულია, მეორე მხარის მოთხოვნისთანავე გადაუხადოს მას პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 5% ასეთი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღეში, რადგან ასეთ დათქმას არ შეიცავს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 11.1 პუნქტი. საკასაციო პალატა, კვლავ მიუთითებს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 11.1 პუნქტზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო განსაზღვრულია ხელშეკრულების ღირებულების 5% -ით. ამასთან, საკასაციო პალატა, ყურადღებას ამახვილებს რა საქმეში წარმოდგენილ თავდაპირველი მოპასუხის შესაგებელზე, მოპასუხის მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნის არარსებობის პირობებში, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს პირგასამტეხლოს შემცირების მართებულობა, 420-ე მუხლის საფუძველზე. აქვე, საკასაციო პალატა, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა თავდაპირველი სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეამცირეს N209 ხელშეკრულების 11.1 პუნქტის საფუძველზე.
22. საკასაციო პალატის მითითებით, საკასაციო საჩივრით, ასევე სადავოდ არის გამხდარი მოსარჩელისთვის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 450 ლარის ლარის ოდენობით დაკისრება. საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლს, რომლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
23. საკასაციო პალატის განმარტებით, სსსკ-ის 53.1 მუხლის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (იხ. სუსგ. საქმე №ას-316-316-2018,07.05.2018წ.).
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეული ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე და იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება პროცესის ხარჯების განაწილების ცვლილებაც.
25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შპს ნ.....“-ის მიერ შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი იქნა მოსარჩელისთვის, იურიდიული მომსახურების 1760 ლარის დაკისრება. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილებით კი სსიპ თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტს შპს ,,ნ....“-ს სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 450 ლარის გადახდა.
26. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,ნ....“-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სსიპ თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტს (მერია) შპს ,,ნ....“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 16991 ლარის და 08 თეთრის გადახდა. ამ ნაწილში, საკასაციო პალატის დასკვნით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაბუთებული და კანონიერია. შესაბამისად,ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ქვემდგომი სასამართლოების მიერ დაკისრებული წარმომადგენლობითი ხარჯების გაუქმების/შეცვლის წინაპირობები.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. კერძოდ, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს მოპასუხისათვის 749,08 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და მოპასუხეს უნდა დაეკისროს, პირგასამტეხლოს სახით 1598,63 (მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ღირებულების (31972,64X5%) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
28. პროცესის ხარჯები:
28.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. მითითებული მუხლის დანაწესის შესაბამისად,
28.2. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, მოპასუხეს ეკისრება ბიუჯეტის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. რაკი მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 275 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 მარტის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც შპს "ნ...."-ს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 749 ლარისა და 08 თეთრის გადახდა (გადაწყვეტილების 1.1 და 2 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდეს; შპს ,,ნ....“-ს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 1598, 63 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად; შპს ,,ნ....“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს, სამივე ინსტანციის სასამართლოში, გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 275 ლარის გადახდა; საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე