საქმე №ას-721-2022
31 მარტი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სს „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.შ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, საპროცენტო სარგებლის სრულად დაკისრება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სს „ლ.ბ–მა“ (შემდგომში წოდებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“ მხარე) თ.შ–ის მიმართ (შემდგომში წოდებული, როგორც „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე“ მხარე) თბილისის საქალაქო სასამართლოში აღძრა სარჩელი, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისთვის ,,ლიბერთი ექსპრესის“ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4488.62 ლარის (ძირი თანხის - 2278.08 ლარის, პროცენტის - 1578.12 ლარისა და ჯარიმის - 632.42 ლარის) დაკისრება.
2. სარჩელის საფუძვლები
2.1. 2017 წლის 11 სექტემბერს სს „ლ.ბ–სა“ და თ.შ–ს შორის გაფორმდა ,,ლიბერთი ექსპრესის“ საბანკო კრედიტის განაცხადი, რომლის საფუძველზეც, მოპასუხის სახელზე გაიცა კრედიტი - 2500 ლარი, 24 თვით, 2019 წლის 11 სექტემბრამდე, ყოველთვიური შენატანის ოდენობა განისაზღვრა 193.1 ლარით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 0,5 %-ით.
2.2. მსესხებელმა 2018 წლის 12 თებერვლიდან დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა მის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევით. შედეგად, 2019 წლის 21 თებერვლიდან სს „ლ.ბ–მა“ შეწყვიტა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება და სასამართლოს წესით, მოპასუხისთვის სესხის ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრება მოითხოვა.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და აღნიშნა, რომ სხვადასხვა დროს ბანკს სულ 1200 ლარი გადაუხადა, რაც უნდა გამოაკლდეს სარჩელით მოთხოვნილ ძირ თანხას. მოპასუხემ არ ცნო პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულობის გამო და მიუთითა, რომ პროცენტის ოდენობა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
3.2. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მხარემ დააზუსტა პოზიცია და განმარტა, რომ აღიარებს ძირ თანხას - 2278.08 ლარს სრულად. პროცენტისა და პირგასამტეხლოს ნაწილში მოპასუხეს პოზიცია არ შეუცვლია.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 03 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „ლ.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ.შ–ს სს „ლ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 3946.2 ლარის ანაზღაურება, საიდანაც: სესხის ძირითადი თანხა - 2278.08 ლარი, პროცენტი - 1578.12 ლარი, პირგასამტეხლო კი 90.00 ლარია.
4.2. სს „ლ.ბ–მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება თ.შ–ისათვის პროცენტის სახით 1578,12 ლარის დაკისრების ნაწილში და თ.შ–ს სს „ლ.ბ–ის“ სასარგებლოდ გადასახდელი პროცენტი განესაზღვრა 789,06 ლარით.
5.2. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოხმობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი რამ უნდა დადგინდეს სამართლიანობის საფუძველზე.
5.3. სააპელაციო პალატის მითითებით, გამსესხებელი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მან განსაზღვრა სესხის სარგებელი სადავო ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ ამ პირობას ფიზიკური პირი დაეთანხმა, პალატის განსჯით, მოსარჩელე სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, ვინაიდან შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა იკვეთებოდა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობა გამომდინარეობდა იქიდან, რომ 2017 წლის 11 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მსესხებელზე გაიცა სესხი - 2500 ლარი, 24 თვის ვადით (ს.ფ. 15), ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი 24 თვეზე შეადგენდა 2134.84 ლარს, ხოლო 12 თვეზე - 1067,42 ლარს, რაც ძირითადი ვალდებულების 43%-ს წარმოადგენს (ს.ფ. 16).
5.4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დღეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის გათვალისწინებით, საპროცენტო სარგებელი 50%-მდე კანონშესაბამისადაა მიჩნეული, თუმცა კითხვებს ბადებს აღნიშნული ოდენობის ქვევით ნებისმიერი საპროცენტო განაკვეთის სამართლიანობა და ის, რაც კანონშესაბამისია, მორალსა და ზნეობასთან მისი შესატყვისობაც აღარ უნდა შემოწმდეს, თუ შესაძლებელია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კანონის ფარგლებში შეთანხმებული სარგებლის მართლზომიერება არა კანონშესაბამისობის კონტექსტით, არამედ ზნეობასთან თავსებადობის თვალსაზრისით შეფასდეს.
5.5. სააპელაციო პალატის აზრით, თუ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის დანაწესის სიტყვასიტყვით მნიშვნელობას მივაქცევთ ყურადღებას, სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებებით საპროცენტო განაკვეთის ზღვრული ოდენობა დაწესდა. შესაბამისად, გამსესხებელმა არ უნდა გადააჭარბოს კანონით სესხისათვის დადგენილი საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ზღვარს. თუმცა, სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული დანაწესი იმგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ გამსესხებელმა სესხი ყოველთვის წლიურ 50% - ში (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი) უნდა გასცეს. უფრო მეტიც, აღნიშნული ოდენობის ფარგლებში ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ შეიძლება გამოყენებული საპროცენტო განაკვეთის ზნეობისადმი შესაბამისობა შეაფასოს, იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, თუ ვინ არიან მხარეები, რა პირობებში და რა გარემოებების გათვალისწინებით გაიცა სესხი და ა. შ.;
5.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კანონით საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვრის დაწესება თავისთავად არ გამორიცხავს სასამართლოს უფლებას, რომ საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვრის ფარგლებში შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, ზნეობრიობის კონტექსტით შეაფასოს.
5.7. საბოლოოდ, სააპელაციო პალატამ, ვალდებულების ძირითადი მოცულობის (2500 ლარის) მხედველობაში მიღებით, მიიჩნია, რომ სტაბილური შემოსავლის არმქონე ფიზიკურ პირთან, როგორც ხელშეკრულების სუსტ მხარესთან, შეთანხმებული სარგებელი - 43% (1578,12 ლარი) შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც მოპასუხის მიმართ დადგინდა მხოლოდ საპროცენტო სარგებლის განახევრებული ოდენობის - 789,06 ლარის დაკისრება.
5.8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება, საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით, გაასაჩივრა სს „ლ.ბ–მა“.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1. სს „ლ.ბ–ი“ მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, შემცირებული პროცენტის დაკისრების ნაწილში, გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
6.2. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ დარიცხული პროცენტის ოდენობის შემცირების თაობაზე განვითარებულ მსჯელობას და განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ დარიცხული საპროცენტო სარგებლის ოდენობა კანონშესაბამისად მიიჩნია, აბსოლუტურად გაუგებარია მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის ოდენობის ზნეობის საწინააღმდეგოდ მიჩნევის დასაბუთება.
6.3. კასატორი მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის ოდენობა არ აღემატება სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით დადგენილ ზღვარს, რის გამოც გაუმართლებელია სააპელაციო პალატის მსჯელობა მისი ზნეობის საწინააღმდეგოდ მიჩნევის თაობაზე. ისეთ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო კანონის ფარგლებში შეთანხმებულ საპროცენტო სარგებელს ზნეობის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს, გამოდის, რომ თავად კანონია ზნეობის საწინააღმდეგო და არა კონკრეტული გარიგება, აღნიშნული კი, კასატორის მტკიცებით, არ ჯდება სასამართლოს განსჯისა და შეფასების ფარგლებში.
6.4. კასატორი ამტკიცებს, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი, რადგან შეთანხმებული პროცენტის ოდენობის ზნეობის საწინააღმდეგო ხასიათის შესახებ მოსარჩელეს საქმის არცერთ ეტაპზე არ განუცხადებია, სასამართლომ კი საკუთარი ინიციატივით ამგვარად შეაფასა, რაც საბოლოოდ, საპროცენტო სარგებლის ოდენობის შემცირებას დაედო საფუძვლად.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით სს „ლ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
7.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინებით სს „ლ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, ასევე, მტკიცებულებების შეჯერებისა და გაანალიზების, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება საპროცენტო სარგებლის დაკისრების ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალის მქონეა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- 2017 წლის 11 სექტემბერს სს „ლ.ბ–სა“ და თ.შ–ს შორის ,,ლიბერთი ექსპრესის’’ საბანკო კრედიტის განაცხადი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი 2500 ლარის ოდენობით, 24 თვით. გრაფიკით ყოველთვიური შენატანის ოდენობა (ძირი თანხა და პროცენტი) განისაზღვრა 193.1 ლარით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 0,5 %-ით (ს.ფ. 15; 16; 17-37; მხარეთა ახსნა-განმარტებები).
- თ.შ–მა 2017 წლის 11 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელეს სულ გადაუხადა 892.39 ლარი, საიდანაც დაიფარა ძირი თანხა - 221.92 ლარი, პროცენტი - 551.09 ლარი, ჯარიმა - 119.38 ლარი (ს.ფ. 36-37; მხარეთა განმარტება).
- 2017 წლის 11 სექტემბერს სს „ლ.ბ–სა“ და თ.შ–ს შორის დადებული ლიბერთი ექსპრესის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მოპასუხემ 2018 წლის თებერვალში დაარღვია და მას შემდეგ თანხა აღარ გადაუხდია (ს. ფ. 35; მხარეთა ახსნა-განმარტება).
- მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხის - 2278.08 ლარის ნაწილში (მოპასუხის ახსნა-განმარტება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 6 აპრილის სხდომის ოქმი, დრო - 16:34:14).
11. მოცემულ დავაში საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს მსესხებლისთვის საპროცენტო სარგებლის სახით, 1578,12 ლარის ნაცვლად, 789,06 ლარის დაკისრების მართლზომიერება და კანონიერება.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო ავტონომია და სახელშეკრულებო თავისუფლება წარმოადგენს ძირითადი უფლებებით დაცულ სიკეთეს. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. კერძო სამართალში აღნიშნული უფლება სწორედ ნების ავტონომიის აღიარებით ვლინდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 10.2 მუხლის თანახმად, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება.
13. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი გულისხმობს, რომ მხარეებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, თუ ვისთან (კონტრაჰენტის არჩევის თავისუფლება) და რა პირობებით დადონ ხელშეკრულება (პირობების განსაზღვრის თავისუფლება), თავად განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი (შინაარსის თავისუფლება), ფორმა (ფორმის თავისუფლება) და სამართლებრივი ეფექტი inter partes (ბოჭვის თავისუფლება). ამავე თავისუფლებას ეფუძნება მხარეებზე სახელშეკრულებო რისკების განაწილებაც – ყველა დამოუკიდებლად ირჩევს კონტრაჰენტს და დამოუკიდებლად განსაზღვრავს ხელშეკრულების შინაარსს, რის გამოც თავად ატარებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე რისკებს. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან არსებობს მნიშვნელოვანი გამონაკლისებიც, თუმცა ეს გამონაკლისები ხელშეკრულების თავისუფლების ზოგად წესს განამტკიცებენ და არ ცვლიან მას. მათი ზოგადი მიზანია ამ თავისუფლების კორექტირება ბრუნვის წეს-ჩვეულებათა და უსაფრთხოების მოთხოვნათა დასაცავად (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, გვ. 32-33).
14. კანონი დეტალურად ვერ მოაწესრიგებს ყველა ხელშეკრულების შინაარსს, მას შეუძლია, დაადგინოს თავისუფლების ფარგლები და არა თავისუფლების გამოვლენის ყველა დეტალი, ამიტომ შინაარსის განსაზღვრის თავისუფლება ანიჭებს მხარეებს შესაძლებლობას, საკუთარი ინტერესის შესაბამისად განსაზღვრონ უფლება-მოვალეობები, კერძოდ, აირჩიონ სასურველი ხელშეკრულების ტიპი და მისი პირობები. ამასთან, მათ შეუძლიათ შეთანხმდნენ კოდექსით გათვალისწინებული დისპოზიციური ნორმისგან განსხვავებულ შინაარსზეც... ზოგიერთ შემთხვევაში ურთიერთობის მოწესრიგება სხვაგვარად პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით (იხ. კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, გვ. 56).
15. უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები. მოქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ნორმებს, ბათილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი პირდაპირ მიუთითებს სხვაგვარ შედეგებზე [სსკ-ის 10.3 მუხლის პირველი წინადადება]. შესაბამისად, მხარეთა უფლება, თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და თავისუფლადვე განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის.
16. შეუზღუდავმა თავისუფლებამ შეიძლება გამოიწვიოს მხარეთა თვითნებობა. მხარემ, რომელსაც მეტი ეკონომიკური რესურსი აქვს, შეიძლება, აიძულოს მომავალი კონტრაჰენტი, ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრისას პასიური როლი შეასრულოს და მხოლოდ შეთავაზებულ სახელშეკრულებო პირობებს დასთანხმდეს, ამით კი შემთავაზებელი სახელშეკრულებო უპირატესობას მოიპოვებს, რაც არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს მეორე მხარეს, შედეგად კი მივიღებთ სახელშეკრულებო უსამართლობას. ამავდროულად, მხარეთა შეუზღუდავი თავისუფლება საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებისა თუ სახელმწიფოს ინტერესებს. სწორედ ამიტომ აუცილებელია ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვა, რომლის მიზანია საჯარო ინტერესის დაცვა, სუსტი მხარის მინიმალური დაცვა, თავისუფალი საქმიანობის სტაბილური და უსაფრთხო უზრუნველყოფა, სახელშეკრულებო სამართლიანობის მიღწევა (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, გვ. 58). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისა და კონსტიტუციური მნიშვნელობის პრინციპების დაცვის მიზნით, არსებობს ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობაც.
17. სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთ უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობას და სიმყარეს (, იხ. სუსგ №ას-1252-2020, 29.09.2021წ). სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.
18. აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (იხ. მათ შორის სუსგ საქმე №ას-663-629-2015, 28 ივლისი, 2015 წელი; საქმე №ას-1325-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი; საქმე №ას-93-2019, 31 მაისი, 2019 წელი №ას-625-584-2017, 7.07. 2017წ:; №ას-1097-2021, 25.05.2022წ.), სადაც სასესხო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებზე (საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებით) სწორედ ზემოაღნიშნული მიზნებით იყო განპირობებული სასამართლოების კონტროლი და ჩარევა მხარეთა ნების ავტონომიაში სესხის ხელშეკრულებების დადებისას. სასამართლო, სსკ-ის 8.3 და 325.1 მუხლების საფუძველზე აფასებდა შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის შესაბამისობის საკითხს და შეუსაბამოდ მაღალ სარგებელს მიიჩნევდა სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე ზნეობის ნორმების საწინააღმდეგოდ (სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს).
19. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს სსკ-ის 623-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებაში სარგებლის გათვალისწინება მხარეთა სპეციალურ შეთანხმებაზეა დამოკიდებული. სხვა შემთხვევაში სესხი სარგებლის გარეშეა.
20. საკასაციო პალატა, ყურადღებას გაამახვილებს 2016 წლის 29 დეკემბერსა და 2018 წლის 21 ივლისს სსკ-ის 625-ე მუხლში შეტანილ ცვლილებებზე, რომლებიც წარმოადგენს „სახელშეკრულებო სამართლიანობის პრინციპის“ სასარგებლოდ დაწესებულ რეგულაციებს (იხ. https://gccc.tsu.ge, 625-ე მუხლის კომენტარი, ბოლო დამუშავება: ნოემბერი, 2022 წელი). კერძოდ, 2016 წლის 29 დეკემბრის რედაქციით (სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი), მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. სსკ-ის 625.2 მუხლის 2018 წლის 21 ივლისის რედაქციით, რომელიც დღესთვის მოქმედია, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. სსკ-ის 868.7 მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის გაცემისას დაცული უნდა იქნეს ამ კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები საპროცენტო განაკვეთთან, პირგასამტეხლოსთან, ფინანსურ ხარჯთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით.
21. საკასაციო პალატის განმარტების მიხედვით, ზემოთ აღნიშნული ცვლილებები კონკრეტულ მიზნად სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირებას ისახავდა. ასევე, ემსახურება კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესების დაცვას. ამდენად, ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესების დაცვის, სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის და მოსახლეობის ჭარბვალიანობის რისკის შემცირების მიზნით, კანონმდებელმა საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა და სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ზღვრად ჯერ 100%, ხოლო მოგვიანებით 50% განსაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის დაბლა მხარეთა მიერ შეთანხმებული ნებისმიერი საპროცენტო განაკვეთი კანონშესაბამისია (იხ. სუსგ საქმე №ას-242-2022, 13 ოქტომბერი, 2022 წელი, №ას-444-2020, 17 მარტი, 2021 წელი).
22. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. კეთილსინდისიერების პრინციპი დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, მიუკერძოებლობას, ობიექტურობას, სამართლიანობასა და სხვ. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს.
23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად კეთილსინდისიერების ჭრილში განიხილება სსკ-ის 54-ე მუხლიც, რომელიც ბათილად ცნობს ისეთ გარიგებას, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამ ნორმის მიზანია, სასამართლომ ბათილად ცნოს შეთანხმება, რომელიც უარყოფს სამართლებრივ ფასეულობას, ან ამგვარი ურთიერთობა დაფუძნებულია ნდობის ბოროტად გამოყენებაზე, მოტყუებაზე, ბაზარზე გაბატონებულ მდგომარეობაზე, ხელშემკვრელი მხარის გამოუცდელობაზე, უფლებებით ბოროტად სარგებლობაზე და ა.შ.
24. საკასაციო პალატა, კვლავ მიუთითებს სსკ-ის 625-ე მუხლში შეტანილ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლითაც კონკრეტულად განისაზღვრა სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი და რომლის დაცვაც სავალდებულო გახდა ხელშეკრულების ძლიერი მხარისათვის. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი 24 თვეზე - 2134,84 ლარს, ხოლო 12 თვეზე 1067,42 ლარს შეადგენდა, რაც ძირითადი ვალდებულების 43%-ს წარმოადგენს (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 5.3 ქვეპუნქტი). ამდენად, მხარეთა შორის შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი - წლიური 43% შესაბამისობაშია სარგებლის მაქსიმალურ წლიურ ოდენობად მოგვიანებით დაწესებულ 50%-იან ზედა ზღვართანაც. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სადავო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ სარგებელზე შეთანხმება შესაბამისობაშია სსკ-ის 625-ე მუხლის დანაწესთან. ასეთ მოცემულობაში, კონტრაჰენტის ქცევა აკმაყოფილებს კეთილსინდისიერებისა და გონივრულობის სტანდარტს და იგი სხვაგვარად ვერ შეფასდება.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი შეესაბამება კანონს და თავსდება კანონმდებლის მიერ დადგენილი სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ფარგლებში. აღნიშნულის გამო მისი ზნეობის ნორმებთან შესაბამისობის საკითხის შემოწმება ფაქტობრივად ნიშნავს თავად სსკ-ის 625.2 მუხლით დადგენილი საპროცენტო განაკვეთის ზნეობის ნორმებთან შესაბამისობის შემოწმებას, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 4.2 მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს არა აქვს უფლება უარი თქვას კანონის გამოყენებაზე, იმ მოტივით, რომ მას კანონის ნორმა უსამართლოდ ან არაზნეობრივად მიაჩნია.
26. იურიდიული დოქტრინის თანახმად, სამართლიანობის ან ამორალურობის მოტივით. კანონის გამოყენებაზე უარის უფლება მოსამართლეს არა აქვს. მოსამართლის ამოცანა არ არის კანონის სამართლიანობის ან ზნეობრიობის შეფასება. იმ შემთხვევაშიც, როცა კანონი, მოსამართლის აზრით, უსამართლოა ან მორალის ნორმებთან შეუსაბამო, ის ვალდებულია გამოიყენოს ეს კანონი. თუ კანონი იმდენად უსამართლო და ამორალურია, რომ საეჭვოა მისი შესაბამისობა კონსტიტუციით გათვალისწინებულ ძირითად უფლებებთან, მაშინ მოსამართლეს აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო წარდგინებით მიმართვის უფლება (იხ. ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, გვ. 29).
27. ამდენად, შეთანხმება საპროცენტო სარგებელზე. რომლითაც ირღვევა სსკ-ის 625-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა (რომელიც აღემატება ზღვრულ ოდენობას), ბათილია (სსკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად, როგორც კანონსაწინააღმდეგო შეთანხმება). ნორმის მოქმედების ფარგლებში შეთანხმებული პროცენტი კი, რომელიც არ აღემატება ზღვარს, უნდა დაეკისროს მსესხებელს. აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 29 ივნისის №ას-500-2022 განჩინება, პ. 20-22, 68).
28. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის - 43%-ის შეუსაბამოდ მაღალ სარგებლად მიჩნევისა და განახევრების შედეგად ფაქტობრივად უგულებელყო და არ გამოიყენა სსკ-ის 625.2 მუხლით გათვალისწინებული ნორმა, რომელიც დასაშვებად თვლის სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმ 50%-ით განსაზღვრის შესაძლებლობას [სსსკ-ის 393.2 მუხლი: სამართლის ნორმები დარღვეულად მიიჩნევა, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი (მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები), რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი (მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები), რაც ამ განმარტებების მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან შეუსაბამობით გამოიხატება]. გამომდინარე აქედან, მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი - 43% კანონშესაბამისი და მაშასადამე, მართლზომიერია.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო პალატა აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და, რადგანაც არ არსებობს საქმის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების წინაპირობები, მიიჩნევს, რომ ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად [საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები], უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს დავა. შესაბამისად, საკასაციო პალატა ადგენს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება საპროცენტო სარგებლის - 789,06 ლარის დაკისრების ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ.შ–ს სესხზე გადასახდელი საპროცენტო სარგებლის სახით 1578,12 ლარის გადახდა (მხარეთა მიერ შეთანხმებული 43%-იანი საპროცენტო სარგებლის გათვალისწინებით) უნდა დაეკისროს სს „ლ.ბ–ის“ სასარგებლოდ.
30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
31. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სს „ლ.ბ–მა“ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაიხადა 135 ლარი (ს.ფ. 43), ხოლო საკასაციო სასამართლოში გადაიხადა 300 ლარი (ს.ფ. 201). ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა საკასაციო საჩივარი, ხოლო თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, პალატა მიიჩნევს, რომ თ.შ–ს სს „ლ.ბ–ის“ სასარგებლოდ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, უნდა დაეკისროს 382,80 ლარის ანაზღაურება, ხოლო მის მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟის ნაწილი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის - თ.შ–ის მიერ სააპელაციო საჩივრის გამო გაღებულ ხარჯს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 394-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს „ლ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება საპროცენტო სარგებლის 789,06 ლარის დაკისრების ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ.შ–ს სს „ლ.ბ–ის“ სასარგებლოდ, სესხზე გადასახდელი საპროცენტო სარგებლის სახით დაეკისროს 1578,12 ლარის გადახდა;
4. თ.შ–ს სს „ლ.ბ–ის“ სასარგებლოდ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, დაეკისროს მის მიერ სარჩელსა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ნაწილი - 382.8 ლარი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე