Facebook Twitter

08 ნოემბერი 2024 წელი

№ას-166-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. "მ...."

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“, „ასოციაცია“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შ.პ.ს. „მ....“-ის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „მოსარგებლე“) მიმართ, 17006.41 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2.1. საქართველოს საავტორო უფლება ასოციაციასა და შ.პ.ს. „მ....“-ს შორის 2019 წლის 15 ივლისს დაიდო სალიცენზიო შეთანხმება №4472, ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოებების საჯარო შესრულების შესახებ. სალიცენზიო ურთიერთობის ობიექტს წარმოადგენდა 3 რესტორანი, საბანკეტო დარბაზი და კაფე-ბარი „მ–ი“. სალიცენზიო შეთანხმებით, მოსარგებლის მიერ ყოველთვიურად გადასახდელი ჰონორარის საერთო ოდენობა ერთი წლის განმავლობაში განისაზღვრა 1513.32 ლარით (19.09.2019-დან 1529.60 ლარით), დღგ-ს ჩათვლით. შეთანხმების შესაბამისად, ჰონორარი უნდა გადახდილიყო ყოველი საანგარიშო თვის ბოლოს.

2.2. 2022 წლის მარტის თვიდან 2023 წლის თებერვლის თვის ჩათვლით მოსარგებლის მიერ ჰონორარის გადაუხდელობით წარმოშობილი დავალიანება შეადგენს 17 706.41 ლარს, დღგ-ს ჩათვლით.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2021 წლის 2 ივნისის №54/21 მიმართვით მოსარჩელეს მოპასუხისგან ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული შეტყობინების შემდეგ მოსარჩელემ შეწყვიტა მოპასუხისათვის ყოველთვიური ინვოისების გადაგზავნა, რაც უპირობოდ ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის შეწყდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. შესაბამისად, 2022 წლის მარტიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა აღარ არსებობდა, რის გამოც უსაფუძვლოა აღნიშნულ პერიოდზე მოპასუხისთვის დავალიანების დაკისრება. სალიცენზიო შეთანხმების ფარგლებში კი, მის მიერ ჯეროვნად ხდებოდა შეთანხმებული ჰონორარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 17006.41 ლარის გადახდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ხოლო სარჩელს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. 2019 წლის 15 ივლისს, ერთი მხრივ, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციასა და მეორე მხრივ, შ.პ.ს. „მ....“-ს, როგორც „მოსარგებლეს“ შორის, დაიდო ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოებების და ასეთი ნაწარმოების ფონოგრამის საჯარო შესრულების შესახებ №4472 სალიცენზიო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ასოციაციამ გასცა მოსარგებლეზე ნებართვა (ლიცენზია) ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული მუსიკალური ნაწარმოებების საქართველოს ტერიტორიაზე საჯარო შესრულების შესახებ, ხოლო ფონოგრამის დამამზადებლისა და ასეთ ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოებ(ებ)ის შემსრულებლ(ებ)ის სახელით ასოციაცია აგროვებს ჰონორარს საქართველოს ტერიტორიაზე მუსიკალური ნაწარმოებების ფონოგრამის საჯარო შესრულებისთვის მოსარგებლის მფლობელობაში არსებულ შემდეგ ობიექტებზე: რესტორანი „მ–ი“ (ფაქტობრივი მისამართი: რუსთავი, ........ №3); საბანკეტო დარბაზი „მ–ი“ (ფაქტობრივი მისამართი: რუსთავი, ........ №3); კაფე-ბარი „მ–ი“ (ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი მე-7 კვარტ. №1 კორპ.); რესტორანი „მ–ი“ (ფაქტობრივი მისამართი: ........ ქუჩა); რესტორანი „მ–ი“ (ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, ფონიჭალა); რესტორანი „მ–ი“ (ფაქტობრივი მისამართი: ვაშლიჯვარი).

7.2. რესტორან „მ–ში“ (ფაქტობრივი მისამართი: რუსთავი, .......) 148 დასაჯდომ ადგილზე საჯაროდ შესრულებული ტექნიკური ან/და ცოცხალი საშუალებით მუსიკალური ნაწარმოებებისათვის გადასახდელი საავტორო ჰონორარის ოდენობა განისაზღვრა ყოველთვიურად 339.84 ლარით (დღგ-ს ჩათვლით). ამავე ობიექტზე 148 დასაჯდომ ადგილზე მუსიკალური ნაწარმოებების ფონოგრამის საჯაროდ შესრულებისათვის გადასახდელი ჰონორარის ოდენობამ ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად შეადგინა 101.95 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო ერთი წლის გასვლის შემდეგ - ყოველთვიურად 113.28 ლარი დღგ-ს ჩათვლით; სულ, ერთი წლის განმავლობაში, 441.79 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო ერთი წლის გასვლის შემდეგ _ 453.12 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).

7.3. საბანკეტო დარბაზ „მ–ში“ (ფაქტობრივი მისამართი: რუსთავი, ........) 60 დასჯდომ ადგილზე საჯაროდ შესრულებული ტექნიკური საშუალებით მუსიკალური ნაწარმოებებისათვის გადასახდელი საავტორო ჰონორარის ოდენობა განისაზღვრა ყოველთვიურად 40.56 ლარით (დღგ–ს ჩათვლით). ამავე ობიექტზე 60 დასაჯდომ ადგილზე მუსიკალური ნაწარმოებების ფონოგრამის საჯაროდ შესრულებისათვის გადასახდელი ჰონორარის ოდენობამ ერთი წლის განმავლობაში შეადგინა 18.25 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო ერთი წლის გასვლის შემდეგ - ყოველთვიურად 20.28 ლარი (დღგ-ს ჩათვლით); სულ, ერთი წლის განმავლობაში, 58.81 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო ერთი წლის გასვლის შემდეგ _ 60.84 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).

7.4. კაფე-ბარ „მ–ში“ (ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, ..........) 25 დასაჯდომ ადგილზე საჯაროდ შესრულებული ტექნიკური საშუალებით მუსიკალური ნაწარმოებებისათვის გადასახდელი საავტორო ჰონორარის ოდენობა განისაზღვრა ყოველთვიურად 58.29 ლარით (დღგ-ს ჩათვლით). ამავე ობიექტზე 25 დასაჯდომ ადგილზე მუსიკალური ნაწარმოებების ფონოგრამის საჯაროდ შესრულებისათვის გადასახდელი ჰონორარის ოდენობამ ერთ წლის განმავლობაში შეადგინა 26.23 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო ერთი წლის გასვლის შემდეგ _ 29.15 ლარი (დღგ-ს ჩათვლით); სულ, ერთი წლის განმავლობაში, 84.52 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო ერთი წლის გასვლის შემდეგ _ 87.44 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).

7.5. რესტორან „მ–ში“ (ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, ........ ქუჩა) 100 დასაჯდომ ადგილზე საჯაროდ შესრულებული ტექნიკური საშულებით მუსიკალური ნაწარმოებებისათვის გადასახდელი საავტორო ჰონორარის ოდენობა განისაზღვრა ყოველთვიურად 242.14 ლარით (დღგ-ს ჩათვლით). ამავე ობიექტზე 100 დასაჯდომ ადგილზე მუსიკალური ნაწარმოებების ფონოგრამის საჯაროდ შესრულებისათვის გადასახდელი ჰონორარის ოდენობამ შეადგინა ყოველთვიურად 121.07 ლარი (დღგ- ჩათვლით); სულ 363.21 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).

7.6. რესტორან „მ–ში“ (ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, ......) 44 დასაჯდომ ადგილზე საჯაროდ შესრულებული ტექნიკური საშუალებით მუსიკალური ნაწარმოებებისათვის გადასახდელი საავტორო ჰონორარის ოდენობა განისაზღვრა ყოველთვიურად 134.52 ლარით (დღგ-ს ჩათვლით). ამავე ობიექტზე 44 დასაჯდომ ადგილზე მუსიკალური ნაწარმოებების ფონოგრამის საჯაროდ შესრულებისათვის გადასახდელი ჰონორარის ოდენობამ შეადგინა ყოველთვიურად 67.26 ლარი (დღგ-ს ჩათვლით); სულ 201.78 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).

7.7. რესტორან „მ–ში" (ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, ..........) 100 დასაჯდომ ადგილზე საჯაროდ შესრულებული ტექნიკური საშუალებით მუსიკალური ნაწარმოებებისათვის გადასახდელი საავტორო ჰონორარის ოდენობა განისაზღვრა ყოველთვიურად 242.14 ლარით (დღგ-ს ჩათვლით). ამავე ობიექტზე 100 დასაჯდომ ადგილზე მუსიკალური ნაწარმოებების ფონოგრამის საჯაროდ შერულებისათვის გადასახდელი ჰონორარის ოდენობამ შეადგინა ყოველთვიურად 121.07 ლარი (დღგ-ს ჩათვლით); სულ 363.21 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).

7.8. მოსარგებლის მიერ ყოველთვიურად გადასახდელი ჰონორარის საერთო ოდენობა ერთი წლის განმავლობაში არის 1513.32 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო ერთი წლის გასვლის შემდეგ _ 1529.60 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).

7.9. ლიცენზიის მოქმედების ვადად განისაზღვრა ერთი წელი, თუმცა მხარეები შეთანხმდნენ, რომ ლიცენზიის მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდებოდა ყოველი მომდევნო ერთწლიანი პერიოდით, ვიდრე ერთ-ერთი მხარე წერილობითი ფორმით არ აუწყებდა მეორეს შეთანხმების შეწყვეტის და/ან შეცვლის შესახებ (მიზეზის მითითებით), მაგრამ არაუგვიანეს 2 კვირით ადრე იმ თარიღამდე, საიდანაც ლიცენზია ექვემდებარება შეწყვეტას ან შეცვლას.

7.10. ლიცენზიის 8.4 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზია შეიძლება შეწყდეს მოსარგებლის ინიციატივით ვადაზე ადრე, საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის, საავტორო და/ან მომიჯნავე უფლებით დაცული ნაწარმოებების გამოყენებისაგან უარის თქმის და/ან სხვა ისეთი გარემოებების არსებობისას, რაც ათავისუფლებს მას ჰონორარის გადახდისაგან, რა შემთხვევაშიც, მან წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ასოციაციას არაუგვიანეს ორი კვირით ადრე იმ თარიღამდე, საიდანაც ლიცენზია ექვემდებარება შეწყვეტას. ლიცენზიის შეწყვეტა მხარეთა შორის ფორმდება ორმხრივი წერილობითი შეთანხმებით.

7.11. შ.პ.ს. „მ....“-მა 2021 წლის 2 ივნისის თარიღით შედგენილი წერილით აცნობა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას, რომ 2019 წლის 15 ივლისის №4472 სალიცენზიო შეთანხმების 8.2 პუნქტის თანახმად, სურდა შეწყვეტილიყო მოქმედი ლიზენცია 2021 წლის 1 ივნისიდან. [აღნიშნული წერილი გაიგზავნა ელ. მისამართზე - i.@gca.ge, 2021 წლის 14 ივნისს].

7.12. 2021 წლის 25 ოქტომბერს მოსარჩელის წარმომადგენელს მეილზე (s@yahoo.com) ასევე გაეგზავნა 2020 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თანხების გადახდის დამადასტურებელი საბუთი, 2021 წლის დავალიანების დაფარვის დამადასტურებელი საბუთი. ასევე, დამატებით გაიგზავნა წერილი ხელშეკრულების შეწყვეტაზე, რომელიც გადაგზავნილი იყო ი.ბ–ძის მეილზე.

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

8.1. მხარეთა შორის სადავოა ხელშეკრულების შეწყვეტა და მისი მოქმედების პერიოდი, კერძოდ მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ შეწყვეტილა და შესაბამისად, მოსარგებლეს ეკისრება ვალდებულება, აანაზღაუროს სადავო პერიოდზე შეთანხმებული ჰონორარი. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხე მხარე მიუთითებს მიწერილობაზე და მისი მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე წერილობითი ფორმით ნების გამოვლენაზე, 2021 წლის 14 ივნისიდან.

8.2. სალიცენზიო შეთანხმების 8.1-8.2 პუნქტების შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადად განისაზღვრა ერთი წელი, თუმცა მხარეები შეთანხმდნენ, რომ ლიცენზიის მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდებოდა ყოველი მომდევნო ერთწლიანი პერიოდით, ვიდრე ერთ-ერთი მხარე წერილობითი ფორმით არ აუწყებდა მეორე მხარეს შეთანხმების შეწყვეტის და/ან შეცვლის შესახებ (მიზეზის მითითებით), მაგრამ არაუგვიანეს 2 კვირით ადრე იმ თარიღამდე, საიდანაც ლიცენზია ექვემდებარება შეწყვეტას ან შეცვლას. შეთანხმების 8.4 პუნქტის შესაბამისად კი, ლიცენზია შეიძლება შეწყვეტილიყო მოსარგებლის ინიციატივით ვადაზე ადრე, საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის, საავტორო და/ან მომიჯნავე უფლებით დაცული ნაწარმოებების გამოყენებისაგან უარის თქმის და/ან სხვა ისეთი გარემოებების არსებობისას, რაც გაათავისუფლებდა მას ჰონორარის გადახდისაგან, რა შემთხვევაშიც მოსარგებლეს წერილობითი განცხადებით უნდა მიემართა ასოციაციისთვის არაუგვიანეს ორი კვირით ადრე იმ თარიღამდე, საიდანაც ლიცენზია ექვემდებარება შეწყვეტას. ლიცენზიის შეწყვეტა მხარეთა შორის ფორმდება ორმხრივი წერილობითი შეთანხმებით.

8.3. დადგენილია, რომ 2021 წლის 14 ივნისს შ.პ.ს. „მ....“-მა (2021 წლის 2 ივნისის თარიღით შედგენილი) წერილობით აცნობა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას, რომ 2019 წლის 15 ივლისის №4472 სალიცენზიო შეთანხმების 8.2 პუნქტის თანახმად, სურდა შეწყვეტილიყო მოქმედი ლიზენცია 2021 წლის 1 ივნისიდან. [წერილი გაგზავნილია ელ. მისამართზე - i@gca.ge]. ასევე, 2021 წლის 25 ოქტომბერს მოსარჩელის წარმომადგენელს მეილზე (s@yahoo.com) გაეგზავნა 2020 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თანხების გადახდის დამადასტურებელი საბუთი, 2021 წლის დავალიანების დაფარვის დამადასტურებელი საბუთი. ასევე, დამატებით გაიგზავნა წერილი ხელშეკრულების შეწყვეტაზე, რომელიც მანამდე გაგზავნილი იყო ი.ბ–ძის მეილზე. მიწერილობის შემდგომ მოსარჩელე მხარეს აღარ განუხორციელებია ყოველთვიური ინვოისების გადაგზავნა, მაშინ როდესაც ლიცენზიის 4.9 პუნქტის შესაბამისად, მოსარგებლის მხრიდან შეთანხმებული ჰონორარი გადახდილი უნდა ყოფილიყო ყოველი საანგარიშო თვის ბოლომდე.

8.4. პალატამ დაასკვნა, რომ მითითებული გარემოებები ერთობლიობაში, მოპასუხე კომპანიას აძლევდა დასკვნის საფუძველს, რომ მხარეთა შორის შეწყვეტილი იყო სახელშეკრულებო ურთიერთობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს შეეძლო დამატებით 2021 წლის 25 ოქტომბრის წერილის პასუხად მაინც განემარტა ხელშეკრულების მოქმედების თაობაზე და მოთხოვნილი ფორმით ხელშეკრულების შეწყვეტის დაუშვებლობაზე.

8.5. პალატა შ.პ.ს. „მ....“-ის მიერ გამოვლენილი ნება ხელშეკრულების შეწყვეტაზე ჩათვალა ნამდვილად, რადგან იგი მიიჩნია ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად შედგენილად, კერძოდ, ხელშეკრულების მოქმედების ვადის (ყოველი წლის 15 ივლისი) ამოწურვამდე 2 კვირით ადრე (ნება გამოვლენილია და ადრესატის მიერ მიღებულია 2021 წლის 14 ივნისს). შესაბამისად, პალატამ სახელშეკრულებო დანაწესის თანახმად, დადასტურებულად მიიჩნია ხელშკრულების შეწყვეტის გარემოება 2021 წლის 15 ივლისიდან. ის გარემოება, რომ მხარე მიწერილობის ფარგლებში მოითხოვდა ხელშკრულების შეწყვეტას არა 2021 წლის 15 ივლისიდან, არამედ 2021 წლის 1 ივნისიდან, პალატამ არსებითი მნიშვნელობის მქონედ არ მიიჩნია, რამეთუ მხარემ გამოავლინა ნება ხელშკრულების შეწყვეტასთან მიმართებით, რაც წარმოშობდა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს 2021 წლის 15 ივლისიდან. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღად 1 ივნისის მითითება წარმოადგენდა მექანიკურ შეცდომას, რამეთუ ეს მიმართვა მომზადდა და მოსარჩელეს გაეგზავნა 14 ივნისს და სადავო არ არის, რომ 15 ივლისამდე სალიცენზიო გადასახადი აპელანტს სრულად ჰქონდა დაფარული.

8.6. პალატამ შენიშნა, რომ მართალია, შეტყობინება არ გაგზავნილა ორგანიზაციის ოფიციალურ მეილზე, რომელიც მითითებულია ლიცენზიის შეთანხმებაში (მხარეთა რეკვიზიტებში), თუმცა აღნიშნული ნების ადრესატამდე მისვლა დასტურდება შემდგომ პერიოდზე ინვოისების გაუგზავნელობით. გარდა ამისა, 2021 წლის 25 ოქტომბერს მოსარჩელის წარმომადგენელს დამატებით წერილობით ეცნობა ხელშკრულების შეწყვეტის სურვილის გამოვლენის თაობაზე, რაზეც რაიმე საპასუხო პრეტენზია ამგვარი უფლების არარსებობასთან მიმართებით არ გამოვლენილა, რაც ერთობლიობაში წარმოშობს მხარის აღქმას, რომ ლიცენზიის მოქმედება შეწყვეტილია.

8.7. პალატამ მიიჩნია, რომ შ.პ.ს. „მ....“-მა გამოავლინა ცალმხრივი, მიღებასავალდებულო ნება, რომელიც მიმართული იყო სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისაკენ. აღნიშნული ნება ნამდვილია 2021 წლის 14 ივნისიდან, მაშინ როდესაც ამ ნების შესახებ ეცნობა ადრესატს და სახელშეკრულებო დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი შედეგი წარმოშვა 2021 წლის 15 ივლისიდან. მოწინააღმდეგე მხარეს ცალმხრივი ნების მიღების შემდგომ უარი არ განუცხადებია მის ნების მიღებაზე, შესაბამისად წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილ პერიოდზე ჰონორარი არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ლიცენზიის მოქმედების გაუქმების გამო. რაც შეეხება ხელშეკრულების მოქმედების წინა პერიოდს, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოპასუხეს სრულად აქვს ანაზღაურებული შეთანხმებული ჰონორარი.

8.8. სააპელაციო პალატის შეფასებით, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას მოეთხოვებოდა კეთილსინდისიერი და გულისხმიერი დამოკიდებულების გამოჩენა კონტრაჰენტის ინტერესებისადმი და თუ ორგანიზაციისათვის მიუღებელი იყო მოთხოვნილი ფორმით ხელშეკრულების შეწყვეტა, აღნიშნული უნდა ეცნობებინა კონტრაჰენტისთვის. ნაცვლად ამისა, სრული უმოქმედობა, მათ შორის, ინვოისების გადაუგზავნელობა, ხოლო განსაზღვრული პერიოდის შემდგომ ჰონორარის ერთიანად მოთხოვნა, პალატამ კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების საწინააღმდეგოდ მიიჩნია.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. მისი საკასაციო მოთხოვნაა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ პრეტენზიებს:

9.1. მხარეთა შორის 2019 წლის 15 ივლისს გაფორმებული სალიცენზიო შეთანხმების თანახმად, ლიცენზიის მოქმედების ვადა ავტომატურად გრძელდებოდა ყოველი მომდევნო ერთ წლიანი პერიოდით, ვიდრე ერთ-ერთი მხარე წერილობითი ფორმით აუწყებდა მეორე მხარეს შეთანხმების შეწყვეტის შესახებ (მიზეზის მითითებით) არაუგვიანეს ორი კვირით ადრე იმ თარიღამდე, საიდანაც ლიცენზია ექვემდებარებოდა შეწყვეტას, ამასთან, მხარეთა შორის უნდა გაფორმებულიყო ორმხრივი წერილობითი შეთანხმება (ლიცენზიის 8.4 პუნქტი). ამ დათქმის მიუხედავად, მხარეს არ წარუდგენია სათანადო წესით შედგენილი და ლიცენზიის შეწყვეტის მიზეზზე მიმთითებელი შეტყობინება, არ მომხდარა მსგავსი შეტყობინების გაგზავნა ასოციაციის მისამართზე და საქმეში არ მოიპოვება ასეთი შეტყობინების გაკეთების შემდგომ შედგენილი ორმხრივი შეთანხმება ლიცენზიის მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ.

9.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების 7.11 მუხლით სასამართლომ არასწორად შეაფასა 2021 წლის 2 ივნისით დათარიღებული წერილი, რომლის შინაარსიდან ირკვევა, რომ მხარეს ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე სურს ლიცენზიის შეწყვეტა. საქმის მასალებით არ დასტურდება კონკრეტულად ამ წერილის გაგზავნის ან ჩაბარების ფაქტი, სასამართლო სავარაუდო წერილის გაგზავნის მისამართად უთითებს ფიზიკური პირის ელექტრონულ მისამართს, თუმცა არსად დგინდება, თუ ვინ არის პირი, რომელსაც გაეგზავნა მსგავსი შეტყობინება, მაშინ როცა ლიცენზიაში კონკრეტულად იყო მითითებული ის ელექტრონული მისამართი, სადაც უნდა მომხდარიყო მხარეთა კომუნიკაცია. ასევე არ დგინდება კონკრეტული შეტყობინების გაგზავნისა და მიღების ფაქტი. 2021 წლის 25 ოქტომბერს ფიზიკური პირისგან გაგზავნილი მეილით, ასევე ვერ დასტურდება, მიბმული დოკუმენტები არის თუ არა იმ შინაარსის, რასაც სასამართლო განმარტავს. უდავოდ დადგენილ გარემოებად ვერ მიიჩნევა წერილის მიღების ფაქტი, (საქმეში არ არის მსგავსი დასტური) და სარწმუნოდ ვერ ჩაითვლება დოკუმენტების შინაარსი მხოლოდ ფაილების ჩამონათვალით, რადგან ამ ფორმით არ ირკვევა არც დოკუმენტების შინაარსი, ამასთან, ასეთი წერილის გაგზავნა ან/და მიღება არ გამორიცხავს, მხარეს ჰქონოდა 2021 წლის მარტის თვიდან 2023 წლის თებერვლის თვის ჩათვლით დავალიანება. მოწინააღმდგე მხარემ ვერ შეძლო, დაედასტურებინა სადაო პერიოდზე დავალანების არარსებობის ფაქტი.

9.3. სასამართლო შეცდომით აღნიშნავს ინვოისების გამოწერის აუცილებლობაზე, ასოციაციას არ გააჩნდა ამგვარი ვალდებულება და სალიცენზიო ურთიერთობის პერიოდში არც წერდა მათ, რასაც მოწმობს ის, რომ საქმეში არცერთი ინვოისი არ არის წარმოდგენილი.

9.4. შ.პ.ს. „მ...."-მა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების გაგზავნის ყველა ფორმალური მხარე დაარღვია, თუმცა მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, სასამართლომ მისი მხრიდან ნება გამოვლენილად ჩათვალა, რასაც კასატორი არ ეთანხმება. ამასთან, ნება გაიგზავნა არაუფლებამოსილი პირის მიმართ, მაგრამ პალატამ ლიცენზიის ხელშეკრულება მაინც შეწყვეტილად დააკვალიფიცირა.

9.5. სასამართლომ არ შეეფასა საქმეში არსებული საგადახდო დავალებები და 2021 წლის 25 ოქტომბრის ჩარიცხვა, რომლის ოდენობაც იყო 5121.89 ლარი, ამ თანხის გადახდით დაიფარა დავალიანება და მომდევნო პერიოდიც, 2022 წლის მარტის თვემდე, ამიტომაც მოიცავდა სასარჩელო მოთხოვნა 2022 წლის მარტის თვიდან 2023 წლის თებერვლის თვემდე დარიცხულ დავალიანებას. ანუ იმ პერიოდში, როცა სასამართლო თვლის, რომ მხარემ შეწყვიტა ხელშეკრულება, მას განხორციელებული ჰქონდა ჩარიცხვა, რომელმა გადაფარა მომდევნო პერიოდი და დავალიანების მოთხოვნის ვადა დადგა 2022 წლის მარტიდან. გაუგებარია, თუკი მხარეს ხელშეკრულება შეწყვეტილად მიაჩნდა, რატომ განახორციელა მოგვიანებით ჩარიცხვები იმ ოდენობით, რომ დაიფარა მომდევნო პერიოდის ჰონორარიც წინასწარ.

9.6. საკასაციო საჩივრის შუამდგომლობების გრაფაში კასატორი ითხოვს, განისაზღვროს, უნდა ჩაებას თუ არა ა.(ა)ი.პ. „ინტელექტუალური საკუთრების უფლებამფლობელთა ასოციაცია“ კასატორის უფლებამონაცვლედ მიმდინარე დავაში. კასატორის მითითებით, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე სავალდებულო გახდა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაცია საქპატენტის მიერ. 2023 წლის 29 დეკემბერს აკრედიტაცია მოიპოვა ა.(ა).ი.პ. „ინტელექტუალური საკუთრების უფლებათმფლობელთა ასოციაცია“-მ, რის შედეგადაც, 2023 წლის 29 დეკემბრიდან უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვასა და სალიცენზიო შეთანხმებების გაფორმებას კასატორი აღარ ახორციელებს, მაგრამ სადავოა საკითხი იმ ნაწილში, უფლებამონაცვლეობა ეხება დაუსრულებელ სასამართლო დავებსა (2023 წლის 29 დეკემბრამდე პერიოდისათვის) და მიმდინარე სააღსრულებო წარმოებებს თუ არა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. უწინარესად, პალატა აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის არსებული დავა გამომდინარეობს 2019 წლის 15 ივლისს დადებული სალიცენზიო ხელშეკრულებიდან, ამავდროულად, პერიოდი, რომელზედაც სარჩელით მოთხოვნილია ჰონორარის გადაუხდელობით აკუმულირებული დავალიანების გადახდა, მოიცავს 2022 წლის მარტიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით დროის შუალედს, ამდენად, სასაკასაციო პალატა წინამდებარე დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის ხელმძღვანელობს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში (შემდგომში, „სპეციალური კანონი“) 2023 წლის 03 ივლისის ცვლილებამდელი რედაქციით.

15. სპეციალური კანონის მე-18 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება). ამავე კანონის 63.1 მუხლის შესაბამისად კი, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების, შემსრულებლების, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლების, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელების ქონებრივი უფლებების მართვას საქართველოში ახორციელებენ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციები, რომლებმაც ურთიერთწარმომადგენლობის თაობაზე დადეს ხელშეკრულებები უმრავლესი ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან.

16. ხსენებული კანონის 65.1 მუხლის შესაბამისად, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს: ა) მოსარგებლესთან შეათანხმოს ჰონორარის ოდენობა და ლიცენზიის სხვა პირობები; ბ) გასცეს ლიცენზია იმ უფლების გამოყენების შესახებ, რომელსაც ის მართავს; გ) მოსარგებლესთან შეათანხმოს ჰონორარის ოდენობა, როდესაც ის ჰონორარს აგროვებს ლიცენზიის გაცემის გარეშე ამ კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 51-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში; დ) შეაგროვოს ლიცენზიით გათვალისწინებული ჰონორარი ან/და ჰონორარი, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით; ე) გაანაწილოს და გადაუხადოს შესაბამისი ჰონორარი საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს; ვ) შეასრულოს ქმედება, რომელიც საჭიროა მისთვის სამართავად გადაცემული უფლებების დასაცავად ან განსახორციელებლად, მათ შორის, წარმოადგინოს უფლების მფლობელი სასამართლოში და ისარგებლოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით; ზ) განახორციელოს სხვა საქმიანობა საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელების მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

17. მხარეთა შორის სადავო არ არის 2019 წლის 15 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სალიცენზიო შეთანხმების დადების ფაქტი, რომლის საგანსაც ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოებების საჯარო შესრულების უფლების ჰონორარის გადახდის სანაცვლოდ გადაცემა წარმოადგენდა. სადავოა მარტოოდენ ის საკითხი, 2022 წლის მარტიდან 2023 წლის აპრილის თვის ჩათვლით სალიცენზიო შეთანხმება იყო ძალაში მყოფი გარიგება და, მაშასადამე, წარმოშობდა ჰონორარის გადახდის ვალდებულებას, თუ მისი მოქმედება იყო შეწყვეტილი.

18. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ შესაგებელზე თანდართულია მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიმართ გამოწერილი და თავად მოპასუხისგან დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა გამოწერაც მოსარჩელე მხარემ დაიწყო 2019 ივლისის თვიდან, უკანასკნელი ანგარიშ-ფაქტურა კი, გამოწერილია 2021 წლის ივნისის თვეში (იხ. ს.ფ. 48-65).

19. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. ამავე კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა; საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით; დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ საბოლოო მომხმარებლისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევისას, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში; საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) ფორმებს, რეკვიზიტებს, მისი გაცემის, აღრიცხვისა და გამოყენების (მათ შორის, გამოყენებაზე შეზღუდვის) წესებს, ასევე ცალკეულ შემთხვევებს, როდესაც საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არ გამოიწერება, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

20. საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკის შესაბამისად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ხელშეკრულების დადებისა და მომსახურების გაწევის/საქონლის მიწოდების ფაქტების დასტურია, თუ მხარე, რომელმაც ანგარიშ-ფაქტურა დაადასტურა, საწინააღმდეგოს არ დაამტკიცებს (იხ. სუსგ. №ას-1296-2019 08.06.2021წ; №ას-599-574-2016, 23.09.2016წ; №ას-825-2020, 02.12.2021წ; №ას-1296-2019 08.06.2021წ; №ას-514-514-2018 03.06.2021წ; №ას-514-514-2018, 03.08.2019წ).

21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.

22. ხელშეკრულების მოშლა (შეწყვეტა) ცალმხრივ, მიღებასავალდებულო ნების გამოვლენას წარმოადგენს, რომელიც ნამდვილია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი ადრესატს მიუვა, ესე იგი, გამოვლენილი ნება აღმოჩნდება ადრესატის ძალაუფლების სფეროში იმგვარად, რომ მას ექნება ნების შინაარსის გაცნობის რეალური შესაძლებლობა.

23. ხსენებული ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის დაწყებისა და დასრულების მომენტებს საკასაციო პალატა შეაფასებს შესაგებელზე თანდართულ შ.პ.ს. „მ....“-ის დირექტორის მიერ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაციის გამგეობის თავმჯდომარის მიმართ გაგზავნილ №54/21 წერილთან ურთიერთკავშირში, რომლითაც მოპასუხემ გამოხატა ნება მხარეთა შორის არსებული 15.07.2019 წლის №4472 შეთანხმების 8.2. მუხლის შესაბამისად შეწყვეტაზე. ხსენებული წერილი, მოპასუხის განმარტებით, გაიგზავნა ასოციაციის თანამშრომლის ელექტრონული ფოსტის მისამართზე 2021 წლის 14 ივნისს. მართალია, კასატორი უარყოფს ხსენებული ელექტრონული შეტყობინების ასოციაციის მიერ მიღების ფაქტს და სადავოდ ხდის ,,i@gca.ge"-ს ელექტრონული ფოსტის მისამართთან საკუთარ კავშირს, მაგრამ ნათელია, რომ ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის კანონისმიერი (საგადასახადო-სამართლებრივი) ვალდებულების შესრულება მან, როგორც მომსახურების მიმწოდებელმა, შეწყვიტა სწორედ 2021 წლის ივნისის თვის შემდგომ, ამდენად საკასაციო პალატას არადამაჯერებლად მიაჩნია კასატორის მტკიცება წერილის მიუღებლობის შესახებ.

24. მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორის №54/21 წერილის უშუალოდ ასოციაციის უფლებამოსილ პირებთან მისვლის ფაქტს ადასტურებს მოგვიანებით, წინამდებარე დავაში ასოციაციის წარმომადგენლის, ს.ნ–ძის (s@yahoo.com; ხსენებული მისამართი მითითებულია, მათ შორის, ასოციაციის მიერ აღძრულ სარჩელში) ელექტრონულ ფოსტაზე 2021 წლის 25 ოქტომბერს შ.პ.ს. „მ....“-ის ელექტრონული ფოსტიდან (m@yahoo.com) განხორციელებული მიწერილობის შემდეგი შინაარსი: „გიგზავნით 2020 წლის ოქტომბრის და ნოემბრის თანხების გადახდის დამადასტურებელი საბუთს; 2021 წლის დავალიანების დაფარვის დამადასტურებელი საბუთს. ასევე გიგზავნით ჩვენს გადაგზავნილ წერილს ხელშეკრულების შეწყვეტაზე, რომელიც იყო გადაგზავნილი ბ-ნი ი.ბ–ძეს მეილზე.“

25. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული წერილი ასოციაციის წარმომადგენელმა (სარჩელის აღძვრიდან საკასაციო სამართალწარმოების ეტაპის ჩათვლით) სარჩელის აღძვრამდე, პრაქტიკულად, 6 თვით ადრე მიიღო, რაიმე შედავება ხელშეკრულების შეწყვეტის წერილის მიუღებლობის ან და ი.ბ–ძის ასოციაციასთან კავშირში არყოფნის საკითხზე ს.ნ–ძეს არ განუხორციელებია დავის წინარე პერიოდში. ამ მოცემულობაში კი, არასარწმუნოა კასატორის მტკიცება მასზედ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტაზე მოსარგებლის ნება მასთან არ მისულა.

26. 2021 წლიდან მოყოლებული, მოსარჩელის ქცევა, სახელდობრ, ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის შეწყვეტა, 2021 წლის 25 ოქტომბრის ელექტრონული ფოსტის შეტყობინების უპასუხოდ დატოვება, ნათელჰყოფს სწორედ იმ გარემოებას, რომ 2021 წლის 14 ივნისს ,,i@gca.ge"-ს ელექტრონული ფოსტაზე გადაგზავნილმა ხელშეკრულების ცალხრივად შეწყვეტის ნებამ, მიაღწია ასოციაციის ძალაუფლების სფეროში და უფლებამოსილი პირები მოსარგებლის ცალმხრივი გადაწყვეტილების შინაარსს გაეცნენ.

27. ამდენად, პალატის განსჯით, კასატორის მტკიცებას შეტყობინების მიუღებლობასა და, მაშასადამე, ხელშეკრულების შეწყვეტის ცალმხრივი ნების არანამდვილობაზე, არ აქვს წარმატების პერსპექტივა.

28. მოცემულ ეტაპზე უნდა შეფასდეს, გააჩნდა თუ არა მოსარგებლეს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 8.2 პუნქტის შესაბამისად შეწყვეტის უფლებამოსილება. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებულმა ხელშეკრულებამ გაითვალისწინა სალიცენზიო შეთანხმების შეწყვეტის შესაძლებლობა როგორც ვადის გასვლით, ისე ვადაზე ადრე, სახელდობრ:

- ლიცენზიის მოქმედების ვადა ავტომატურად გრძელდება ყოველი მომდევნო ერთწლიანი პერიოდით, ვიდრე ერთ-ეთი მხარე წერილობითი ფორმით არ აუწყებს მეორე მხარეს ლიცენზიის შეწყვეტის და/ან შეცვლის შესახებ (მიზეზის მითითებით), მაგრამ არაუგვიანეს 2 კვირით ადრე იმ თარიღამდე, საიდანაც ლიცენზია ექვემდებარება შეწყვეტას ან შეცვლას (8.2 პუნქტი);

- ლიცენზია შეიძლება შეწყდეს მოსარგებლის ინიციატივით ვადაზე ადრე, საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის, საავტორო და მომიჯნავე უფლებით დაცული ნაწარმოებების გამოყენებისგან უარის თქმის და/ან სხვა ისეთი გარემოებების არსებობისას, რაც ათავისუფლებს მას ჰონორარის გადახდისაგან, რა შემთხვევაშიც მან წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ასოციაციას არაუგვიანეს ორი კვირით ადრე იმ თარიღამდე, საიდანაც ლიცენზია ექვემდებარება შეწყვეტას. ლიცენზიის შეწყვეტა მხარეთა შორის ფორმდება ორმხრივი წერილობითი შეთანხმებით.

29. ციტირებული 8.2 პუნქტიდან გამომდინარე, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ვადის საკითხი რეგულირებული იყო პროლონგირების მექანიზმის შესაბამისად, თუმცა, თუკი რომელიმე მხარე აღარ მოისურვებდა ბოჭვის ვადის ავტომატურად გაგრძელებას, სახელშეკრულებო ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე ევალებოდა, წერილობით ეცნობებინა კონტრაჰენტისათვის საკუთარი ნება სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულებაზე და განემარტა ნების განმაპირობებელი ზეზეზი.

30. დადგენილია, რომ სახელშეკრულებო ვადის გაუგრძელებლობაზე მოპასუხის დირექტორის წერილობითი გადაწყვეტილება, რომელიც სახელობითად მიუთითებდა შეთანხმების 8.2 პუნქტზე, მოსარჩელე ორგანიზაციას ეცნობა 2021 წლის 14 ივნისს, ესე იგი, მიმდინარე 1 წლიანი სახელშეკრულებო ვადის ამოწურვამდე (2021 წლის 15 ივლისი) 1 თვით ადრე. დადგენილია ისიც, რომ ხსენებულ წერილში მოსარგებლეს არ განუმარტავს ხელშეკრულების გაუგრძელებლობის მიზეზი, თუმცა ის ფაქტი, რომ ასოციაციას არ გაუპროტესტებია მიზეზის გარეშე ხელშეკრულების მოშლა, არამედ, პირიქით, ცნობად მიიღო კონტრაჰენტის ნება და საკუთარი ქცევაც სწორედ ამ ნებას შეუსაბამა (შეწყვიტა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა), ნათელჰყოფს იმ გარემოებას, რომ ასოციაცია კონკლუდენტურად დაეთანხმა ხელშეკრულების მოშლის საფუძვლის არსებობას.

31. კასატორის მტკიცებით, 25.10.2021 წელს დავალიანების დაფარვის დანიშნულებით 5121.89 ლარის ჩარიცხვით მოსარგებლემ დაფარა არამარტო არსებული დავალიანება, არამედ სამომავლო ჰონორარიც, რითაც დაადასტურა სახელშეკრულებო ურიერთობაში ყოფნის ფაქტი. ხსენებულ პოზიციას საკასაციო პალატა არ იზიარებს და შენიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებისა და მოპასუხის მიერ შესრულებული გადარიცხვის ქვითრების ურთიერთშედარებით თვალსაჩინოა, რომ მოსარგებლე ყოველთვის დროულად ვერ ასრულებდა ჰონორარის გადახდის ვალდებულებას, სახელდობრ, გადახდები ხორციელდებოდა ხან ვადაგადაცილებით, ხან კი, ნაწილობრივი გადახდებით. პალატა იმასაც შენიშნავს, რომ 2021 წლის იანვრიდან ამავე წლის ივნისის ჩათვლით გამოწერილ ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, 2021 წლის განმავლობაში, მოსარჩელეს არცერთი გადარიცხვა, გარდა 25.10.2021 წელს დავალიანების დანიშნულებით შესრულებული გადარიცხვისა, განხორციელებული არ აქვს. ამდენად, პალატის განსჯით, სადავო ტრანზაქცია მიემართებოდა არა სამომავლო ჰონორარის წინასწარ გადახდასა და ამ გზით, სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის ფაქტის დადასტურებას, არამედ განვლილ - ხელშეკრულების შეწყვეტამდელ პერიოდში აკუმულირებული გადაუხდელი ჰონორარის გადახდის ვალდებულების შესრულებას, რასაც მოწმობს თავად საგადახდო დავალებაში გადარიცხვის მიზნობრიობად „დავალიანების დაფარვის“ მითითება (ს.ფ. 66).

32. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ვალდებულების წარმოსაშობად კი, აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (სსკ 317.1 მუხლი).

33. ჰონორარის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 18.3 მუხლია, რომლის შესაბამისად, ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება).

34. პალატის განსჯით, სახელშეკრულებო ურთიერთობა დასრულდა 2021 წლის 15 ივლისიდან, შესაბამისად, ამ მომენტიდან შეწყდა მოსარგებლის უფლება, საჯაროდ შეესრულებინა ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოებები და მეორე მხრივ, გაქარწყლდა სამომავლო პერიოდზე ჰონორარის მოთხოვნის უფლებაც. ამრიგად, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ამავდროულად, ვინაიდან წინამდებარე სარჩელი არ მიუთითებს მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოებების შესრულების ფაქტზე, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იკვლიოს ჰონორარის მოთხოვნის უფლების არასახელშეკრულებო საფუძვლების არსებობა.

35. ამრიგად, პალატის დასკვნით, მართებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, 2022 წლის მარტიდან 2023 წლის თებერვლის პერიოდზე სახელშეკრულებო ჰონორარის მოთხოვნის უფლება არ წარმოშობილა, რაც სარჩელის უარყოფის საფუძველია.

36.1. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ კასატორის შეკითხვას შესაძლო უფლებამონაცლეობის საკითხზე, პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215.1 მუხლს, რომლის თანახმადაც, სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. ერთგვაროვანი შუამდგომლობები სასამართლოს ერთად წარედგინება. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის დაყენება ემსახურება პროცესის გაჭიანურებას, იგი ხსნის ამ შუამდგომლობას. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ მხარე პროცესის გაჭიანურების მიზნით აყენებს შუამდგომლობებს, იგი მხარეებს ართმევს შუამდგომლობების დაყენების უფლებას და გადადის საქმის განხილვის შემდეგ სტადიაზე.

36.2. პალატის განსჯით, კასატორის მიერ შესაძლო უფლებამონაცვლეობაზე დასმული საკითხი არ შეესაბამება შუამდგომლობის მიმართ საპროცესო კანონმდებლობის მიერ დადგენილ წესს, სახელდობრ, ჩამოყალიბებულია არა მოთხოვნის, არამედ შეკითხვის სახით; არ შეიცავს დასაბუთებას, არამედ წარმოადგენს საკასაციო სასამართლოს მხრიდან იურიდიული რჩევის მიცემის თხოვნას.

36.3. პალატა ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ სასამართლო არ წარმოადგენს სამართლებრივი კონსულტაციის გაწევის ორგანოს, იგი პირთა შორის ინტერესთა კონფლიქტის გადაწყვეტის ინსტიტუტია, შესაბამისად, მხარემ, საკუთარი უფლებების დასაცავად შუამდგომლობის ინსტრუმენტის გამოყენებისას, უნდა დაიცვას პროცედურული წესები, რომელიც ამ საპროცესო მოქმედებას ნორმატიულად წაეყენება და სასამართლოს წინაშე ნათლად ჩამოაყალიბოს როგორც მოთხოვნა, ისე მისი ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები, რომლის დასაბუთებულობასაც, მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების განსჯით, გადაწყვეტს სასამართლო. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შუამდგომლობათა გრაფაში ასახული შეკითხვა-შუამდგომლობა ხსენებულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მის შინაარსზე. ამრიგად, სსსკ 215.1 მუხლიდან გამომდინარე, ვლინდება მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.

37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

38. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებული პირია, ამდენად, წინამდებარე საქმეში არ ვლინდება საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის თანმდევ შედეგად სახელმწიფო ბაჟის ნაწილობრივ დაბრუნების საკითხზე მსჯელობის საპროცესოსამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია - ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შუამდგომლობა დატოვებული იქნას განუხილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი