14 ნოემბერი 2025 წელი
№ას-821-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ქ.ბ–ი, ო.ბ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ბ.ჩ–ძე
მესამე პირი - ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 05 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - მამობის დადგენა, დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბ.ჩ–ძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მოპასუხეების: ქ.ბ–ისა და ო.ბ–ის მიმართ და მოითხოვა:
1.1. 2019 წლის 6 დეკემბერს დაბადებული ე.ბ–ის მამად ცნობა.
1.2. ე.ბ–ის დაბადების აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანა და მამის გრაფაში ო.ბ–ის ნაცვლად მოსარჩელის მითითება.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. 2019 წლის 6 დეკემბერს დაბადებული ე.ბ–ის მამად ცნობილი იქნა მოსარჩელე. ე.ბ–ის დაბადების აქტის ჩანაწერში (N 01191124684) შევიდა ცვლილება და მამის გრაფაში ო.ბ–ის ნაცვლად მიეთითა - მოსარჩელე.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 05 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივსამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. არასრულწლოვანი ე.ბ–ი დაიბადა 2019 წლის 6 დეკემბერს. მისი დედაა ქ.ლ–ძე (ბ–ი). ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში მამის გრაფაში მითითებულია - ო.ბ–ი.
5.2. მოპასუხეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2023 წლის 25 მაისიდან. ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ ქ.ლ–ძეს მიეკუთვნა გვარი - ბ–ი.
5.3. ქ.ლ–ძე ცხოვრობს მეუღლესთან - ო.ბ–თან, შვილთან - ე.ბ–სა და დედასთან ერთად. მოპასუხეების ოჯახში არასრულწლოვანი თავს გრძნობს კარგად. მშობლები გამოხატავენ სიყვარულსა და მზრუნველობას შვილის მიმართ. არასრულწლოვანზე მუდმივად ზრუნავენ ოჯახის წევრები, ასაკიდან გამომდინარე, ცდილობენ მას თამაშით ასწავლონ ყველაფერი. მოპასუხეები ჩართული არიან ბავშვის განვითარების პროცესში, ეხმარებიან ასაკის შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებაში. ბავშვს დედისა და მამის მიმართ აქვს ემოციური კავშირი და მიჯაჭვულობა, ვინაიდან ისინი შვილზე ზრუნავენ ყოველდღიურად და უზრუნველყოფენ სხვადასხვა საჭიროებით. ე.ბ–ი მშობლების - მოპასუხეების გარემოცვაში თავს გრძნობს უსაფრთხოდ და კარგად, მათ შორის იკვეთება თბილი დამოკიდებულება, მშობლები ცდილობენ ბევრი დრო გაატარონ ბავშვთან, ჩართული არიან მის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საცხოვრებელი, სადაც არასრულწლოვანი ცხოვრობს, ოთახნახევრიანი სახლია, სადაც ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობებია. ქ.ბ–ი არ არის დასაქმებული. ფინანსური კუთხით ოჯახს ო.ბ–ი უზრუნველყოფს (ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის 2021 წლის 21 ივნისის დასკვნა; ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის 2024 წლის 1-ელი თებერვლის დასკვნა).
5.4. 2021 წელს ბავშვთა ნევროლოგი/ფსიქიატრის მიერ ADOS - 2 (I მოდული)-ის ტესტის შედეგად ე.ბ–ს დაესვა დიაგნოზი - ბავშვთა აუტიზმი F84.0. 2023 წლის თებერვალს ე.ბ–ის AAF800 ნეიროფსიქოლოგიური გამოკვლევისას და ASQ-3 კითხვარით შეფასებისას, დადგინდა, რომ მას ესაჭიროება ადრეული ინტერვენცია (ფსიქოლოგის ჩართულობა და მეტყველების თერაპია) და დენვერ-თერაპია. დიაგნოზი: F84.0. ბავშვთა აუტიზმი, F90.0 აქტიურობისა და ყურადღების დარღვევები. 2023 წლის 02 ოქტომბერს ფსიქიატრის კონსულტაციის შედეგად ე.ბ–ს დაესვა იგივე დიაგნოზი. ფსიქიატრის რეკომენდაციებია: ქცევითი თერაპიის გაგრძელება, სოციალური უნარების გაუმჯობესებისა და პრობლემური ქცევის მოგვარების მიზნით; შფოთვის შემცირებისა და სოციალური ინტერაქციის გაუმჯობესების მიზნით, ისეთი სოციალური მოთხრობების წაკითხვა და გათამაშება, რომელიც შეიცავს ე–ესათვის პრობლემურ საკითხებს; სანამ კითხვას დაუსვამთ, დარწმუნდით, რომ კონცენტრირებულია, მოისმენს შეკითხვას ან შეასრულებს დავალებას, ეცადეთ მშვიდად დაელოდოთ პასუხს, სრულყოფილი პასუხის მისაღებად; სასურველია სოციალურ უნარებზე ბუნებრივ გარემოში მუშაობა, მაგ: ეზოში თანატოლების გარემოში სწორი მიმართულების მიცემა (თერაპევტი/ოჯახის წევრი) ან უცხო ადამიანებთან ქცევის მოდელის შემუშავება თერაპიული გარემოს/ოჯახის წევრის დახმარებით. არ არის რეკომენდებული საკვების დაძალება, სცადეთ ახალი საკვები შესთავაზოთ რამდენიმე დღეში ერთხელ; ინსტრუქციული კონტროლის გამომუშავების მიზნით, აუცილებელია, ყოველდღიური რუტინის შემუშავება, სტრუქტურირებული გარემოსა და განრიგის შექმნა.
5.5. ე.ბ–ი იმყოფება აღრიცხვაზე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში, აცრილია ასაკობრივი კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინებით და აღენიშნება ჯანმრთელობის გარკვეული სირთულეები. ე–ეს დიაგნოზია F84.0 – აუტიზმის სპექტრის აშლილობა. ქ. ბ–მა სოციალურ მუშაკს განუმარტა, რომ ე–ე 2 წლის ასაკიდან სარგებლობს ორგანიზაციის „ა.ა.ი.პ. პირველი ნაბიჯი საქართველო“-ს თერაპიული მომსახურებით. 2023 წლის თებერვლიდან ივლისამდე იღებდა მეტყველების თერაპევტის მომსახურებას, 2022 წლის იანვრიდან დღემდე კვირაში 2 საათი სარგებლობს ადრეული განვითარების “დენვერის” მოდელით, ხოლო 2022 წლის დეკემბრიდან დღემდე - 2 საათი ადრეული განვითარების პროგრამით.
2024 წლის 1-ელი თებერვლის მდგომარეობით, ე–ე ირიცხება ქ. თბილისის ერთ–ერთ საბავშვო ბაგა-ბაღში, თბილი ურთიერთობა აქვს თანატოლებსა და მასწავლებლებთან. არასრულწლოვანი არ საჭიროებს პერსონალურ ასისტენტს, არ აღენიშნება ქცევის პრობლემები და განვითარების ეტაპების მნიშვნელოვანი დაყოვნება. კომუნიკაციის დროს გამოიკვეთა, რომ ე–ე ფლობს გარკვეულ ასაკობრივ უნარებს: გადაადგილდება დამოუკიდებლად, იჩენს თამაშის ინიციატივას, თავად ირჩევს სასურველ სათამაშოს, შეუძლია ითამაშოს როგორც ოჯახის წევრებთან ერთად, ასევე, დამოუკიდებლად გარკვეული პერიოდის განმავლობაში. დედის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მცირეწლოვანს არასოდეს ჰქონია თვითდაზიანების მცდელობა. ვიზიტისას არ გამოუვლენია რაიმე სახის დამოკიდებული ქცევა. გასაუბრების პროცესში ე.ბ–ი მეტყველებდა ასაკის შესაბამისად, ადეკვატურად რეაგირებდა ნაცნობ სიტყვებსა და დაძახებაზე, ასრულებდა მარტივ დავალებებს, ესაუბრებოდა მშობლებს, ამბობდა ცალკეულ სიტყვებსა და მოკლე წინადადებებს, დაასახელა ფერები, ოთახში განთავსებული სხვადასხვა სათამაშო, ცხოველები, ფრინველები და ზღაპრის გმირები. სოციალურ მუშაკთან კომუნიკაციის პროცესში ე–ემ უპასუხა თავის სახელთან, გვართან, ასაკთან, მშობლების სახელებსა და სხვა დემოგრაფიულ მონაცემებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს. შეხვედრის დროს მცირეწლოვანი თამაშობდა ასაკობრივი სათამაშოებით როგორც დამოუკიდებლად, ასევე - დედასთან, მამასთან ო.ბ–სა და სოციალურ მუშაკთან ერთად.
5.6. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფსიქოლოგი ერთჯერადად შეხვდა არასრულწლოვან ე.ბ–ს. ფსიქოლოგის მითითებით, დედისგან მიღებული ინფორმაციით, მას ოთხთვიანი თავისუფალი ურთიერთობა ჰქონდა მოსარჩელესთან, შემდეგ დაშორდა და სხვას ხვდებოდა. მოსარჩელეს ერთხელ შეხვდა ნივთების (სათვალე და ჯვარი) გადასაცემად, მოსარჩელე იჩენდა ინიციატივას აღედგინათ ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ადამიანთან ცხოვრობდა თავად. ქ.ლ–ძის თქმით: ,,არ ვიცი ჩემი შვილის მამა ეს ადამიანი არის თუ არა". მოსარჩელე ,,ბავშვს ეძახდა სომხისგან გაგდებულს", ,,მუდმივად ამცირებდა ჯერ კიდევ მაშინ, სანამ დაიბადებოდა". ,,ფიზიკურად არ შემხებია, თუმცა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვყავდი". ,,სანამ გაჩნდებოდა ბავშვი გამაწამა", ,,შვილი დამიწყევლა", ,,რაც გაჩნდა ისე მანერვიულა რძე გამიშრა მალევე". ფსიქიატრის მიერ დანიშნულ წამლებს სვამდა. ქ–ის მონათხრობიდან ჩანს, რომ მოსარჩელე მის მიმართ ავლენდა ნეგატიურ დამოკიდებულებას თავს გრძნობს დამცირებულად, გაბრაზებულია და ფიქრობს, რომ ნაკლებ მოსალოდნელია ე–ეს ცხოვრებაში დადებითი როლი შეასრულოს ამ ადამიანმა, რომელიც ასეთი დამოკიდებულებით საუბრობდა ჯერ კიდევ დაუბადებელ ბავშვზე. ამიტომ, უპირატესია, მისთვის მამობის დადგენის საკითხი ბუნდოვანი იყოს, ამით ე–ეს იდენტობის სხვა ასპექტები არ შეიცვლება.
5.7. ფსიქოლოგთან ე–ე ამყარებს მხედველობით კონტაქტს, აქტიურია და თავისუფლად ახერხებს კომუნიკაციას, იღიმის და ხუმრობს საკუთარ ნამუშევარზე. ე–ეს ესმის მიმართული მეტყველება, ასრულებს ინსტრუქციას, საკუთარ მოსაზრებას, სათქმელს ნათლად და გასაგებად აყალიბებს. არის მიზანდასახული, განასხვავებს და გამოყოფს კუთვნილებით ემოციას: ,,მე მომწონს" ბავშვთან დაკვირვებით ქცევის აღწერაში გამოვლინდა ქ.ლ–ძეს, ო.ბ–სა და ე–ეს შორის სანდო მიჯაჭვულობა.
5.8. ფსიქოლოგის რეკომენდაციებია: გაირკვეს ბიოლოგიური მამის ვინაობა, დედა სიმართლის დადგენისთვის დათანხმდეს მამობის დადგენის კვლევაში მონაწილეობას, ბავშვს აქვს უფლება იცოდეს თავისი ბიოლოგიური მამის ვინაობა და ბიოლოგიურ მამას აქვს უფლება და ვალდებულება იყოს ჩართული ბავშვის ზრდა-განვითარებაში. ცალკე საკითხია, თუ პოზიტიური მშობლობის უნარების განვითარება ანდა ქცევის კორექციისკენ მიმართული რაიმე კურსის გავლაა საჭირო ბიოლოგიურ მამასთან მიმართებით. ამის შეფასება შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც დადგება ამის საჭიროება დნმ-ის კვლევის პასუხით. ისეთ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე აღმოჩნდება მამა, მან მიიღოს ფსიქოგანათლება, როგორ ეურთიერთოს ბავშვს დიაგნოზის შესაბამისად (ამას შეძლებს ბავშვის დიაგნოზის მიმღებლობით და შემდეგ მისთვის სანდო სპეციალისტებთან კონსულტაციებით, უპირატესია უკვე არსებულ სპეციალისტთან, ვისთანაც ე–ე თერაპიას გადის, მიიღოს ინფორმაცია), ამასთან დაკავშირებით მოუსმინოს ბავშვის დედას ან/და თუ მათ შორის ამჟამად პირისპირ ურთიერთობის სირთულეა, წერილობით აცნობოს ქ–მა ბავშვის საჭიროებების, გამოწვევებისა და უკვე დაძლეული საკითხების შესახებ ინფორმაცია. ბავშვის ბიოლოგიურმა მამამ და მისმა ოჯახის წევრებმა იზრუნონ და გაუფრთხილდნენ დედის პოზიტიური ხატის არსებობას, მეორე მხრივ - ე–ეს დედამ შეძლოს და დაეხმაროს მას ბიოლოგიური მამის მიმართ პოზიტიური ხატის შექმნაში, ეს საკითხი და ის რწმენა-წარმოდგენები, რაც ე–ეს ზრდასრულების მიმართ ექნება, აისახება მის თვითშეფასებაზე, თვითრწმენაზე, თვითეფექტურობაზე და სამყაროსა და სხვა ადამიანების მიმართ წარმოდგენას შეუქმნის, რაც ქცევით გამოვლინდება. ისეთ შემთხვევაში, თუ მოსარჩელის ბიოლოგიური მამობა დადასტურდა, დედის მხრიდან ბავშვის მომზადება იქნება საჭირო იმისათვის, რომ განუმარტოს ე–ეს, რა არის სინამდვილე ბავშვის ცხოვრებაში და შეახსენოს, რომ ამ ინფორმაციის მიუხედავად, მოპასუხეების უპირობო სიყვარულს არაფერი შეცვლის. როგორც მნიშვნელოვანი ადამიანი, ო.ბ–ის სიყვარულისა და ურთიერთდამოკიდებულების ქცევა არ შეიცვლება. ამის თქმა საჭიროა ე–ესთვის, რადგან არსებული მიჯაჭვულობა ისევ სანდოდ გაგრძელდეს, როგორც აქამდე არსებობდა (თანაცხოვრებაში იმყოფებიან და ემოციური დამოკიდებულება ორმხრივად დადებითია ე–ესა და ო–ს შორის). რაც შეეხება ე–ეს ცხოვრებაში ბიოლოგიური მამის გამოჩენის საკითხს, უნდა წარიმართოს ეტაპობრივად და სიფრთხილით, რათა არასრულწლოვანს თანდათან ჩამოუყალიბდეს მიჯაჭვულობა ბიოლოგიურ მამასთან, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია არსებული დადებითი დამოკიდებულების გაფრთხილება და მოპასუხეების შესახებ ინფორმაციის დადებითი კონტექსტის გაჟღერება არასრულწლოვანი ე–ეს თანდასწრებით, სხვაგვარად ე–ეს ემოციური უსაფრთხოების განცდა ვერ შეექმნება ბიოლოგიურ მამასთან. ასევე, დაიგეგმოს იმგვარი აქტივობები, რაც ე–ეს განვითარებისა და ასაკის შესაბამისად სჭირდება და შეეცადოს ბიოლოგიურმა მამამ, იყოს საინტერესო ე–ესთვის, ემოციურად მიმზიდველი, აუცილებელია, სტაბილური, უწყვეტი და უსაფრთხო ურთიერთობის ჩამოყალიბება.
5.9. მოსარჩელესა და ქ.ბ–ს შორის კონფლიქტი უკავშირდება ე–ეს წარმოშობას. მოსარჩელესა და მოპასუხე ქ.ბ–ს შორის დაძაბული ურთიერთობაა.
5.10. საოჯახო დავებთან დაკავშირებულ საქმეებზე სასამართლო დავალების საფუძველზე მომზადებული ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის დასკვნის თანახმად, ,,შემთხვევის შესწავლა/შეფასების პროცესში განხორციელდა შეხვედრა მოსარჩელესა და მოპასუხესთან. ასევე, არასრულწლოვან ე.ბ–სა და ქ.ლ–ძის მეუღლესთან - ო.ბ–თან, რომელიც არასრულწლოვნის დაბადების მოწმობაში ფიქსირდება ე.ბ–ის მამად. მოსარჩელის მოწოდებული ინფორმაციით, სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდა მოპასუხესთან, რომელმაც შეატყობინა, რომ იყო ორსულად და შესთავაზა ერთად გაეზარდათ შვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწოდა, სრულად შეეწყვიტა მასთან კონტაქტი. როგორც მოსარჩელე საუბარში აღნიშნავდა, მოპასუხე პერიოდულად უცხადებდა, რომ მისგან ელოდებოდა შვილს, ხოლო პერიოდულად უარყოფდა აღნიშნულ ფაქტს. მოსარჩელის გადმოცემით, ქ.ლ–ძის ორსულობის პერიოდში მათი კომუნიკაცია მუდმივად იყო დაძაბული, განუცხადა, რომ დაოჯახდა და თუ დაინტერესდებოდა მისით და ბავშვით, თავს მოიკლავდა. მოსარჩელის მოთხოვნით მოპასუხემ ანახა ერთი თვის ე–ე, შემდგომ პერიოდში კი მას ბავშვი არ უნახავს.
5.11. მოსარჩელე სურვილს გამოთქვამს, დადგინდეს რეალურად არის თუ არა ბავშვის ბიოლოგიური მამა და დადასტურების შემთხვევაში, მიიღოს მონაწილეობა ბავშვის აღზრდა-განვითარების პროცესში. ქ.ლ–ძის ინფორმაციით, მის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც ურთიერთობა ჰქონდა ორ მამაკაცთან. მან ორსულობისთანავე ინფორმაცია მიაწოდა მოსარჩელეს, რომელსაც ჰყავდა საცოლე და მასთან ერთად გეგმავდა მომავალში თანაცხოვრებას. როგორც ქალბატონმა ქ–მა აღნიშნა, იგი მალევე დაოჯახდა ო.ბ–ზე, ვისთან ერთადაც თანაცხოვრობს ამჟამად. ქ.ლ–ძის განმარტებით, მოსარჩელე პერიოდულად ინტერესდებოდა მისი ორსულობით, აყენებდა შეურაცხყოფას, ემუქრებოდა, აშანტაჟებდა, რომ მივიდოდა მასთან სახლში და ოჯახის წევრებს უამბობდა მათი კავშირის შესახებ. იგი გამოხატავდა ინტერესს, დაედგინა, ნამდვილად იყო თუ არა ბავშვის ბიოლოგიური მამა, თუმცა ასევე სთავაზობდა მოპასუხეს, რომ სიმართლის გაგების შემდგომ არ შეაწუხებდა, არ დაინტერესდებოდა ბავშვით, არ გაუმხელდა არავის, უბრალოდ ეცოდინებოდა, ჰყავდა თუ არა შვილი.
5.12. მოპასუხის განმარტებით, მას უკავშირდებოდა მოსარჩელის დედა და სთავაზობდა განეგრძო თანაცხოვრება მეუღლესა და ბავშვთან ერთად. იგი ჰპირდებოდა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო ბავშვის ვინაობასთან დაკავშირებით სიმართლის დადგენა, რასაც არავის გაუმხელდა. ქ–ის ინფორმაციით, არასრულწლოვნის დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ მან მეუღლეს მიაწოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ბავშვის მამა მის ნაცვლად ყოფილიყო სხვა პიროვნება. შეხვდა ო.ბ–ს, მისი გადმოცემით, მეუღლის ორსულობიდან ცხოვრობს მასთან ერთად. მისთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო, რომ ე–ე შესაძლოა არ ყოფილიყო თავისი შვილი. დაბადებიდან ჩართულია ბავშვის აღზრდა-განვითარების საკითხებში. არასრულწლოვანს აქვს მის მიმართ ემოციური მიჯაჭვულობა.
5.13. ო.ბ–მა აღნიშნა, რომ ე–ეს მიიჩნევს საკუთარ შვილად. დაბადებიდან იღებს მონაწილეობას მის მოვლასა და აღზრდაში, დამოკიდებულება არასრულწლოვანის მიმართ სამომავლოდაც არ შეიცვლება. მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, დადგენილია, რომ მოსარჩელე და ქ.ბ–ი რამდენიმე თვის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, შემდეგ დაშორდნენ და მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ ნივთების გადასაცემად.
5.14. მოსარჩელის მითითებით, ქ.ლ–ძე გაიცნო 2018 წლის ივლისში, მათ შორის მალევე დაიწყო ურთიერთობა, 2019 წლის მარტში კი, შეიტყო, რომ მოპასუხე ორსულად იყო. მოპასუხე ქ. ბ–ი არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ ჰქონდათ სექსუალური ურთიერთობა, თუმცა, აცხადებს, რომ მხოლოდ ერთხელ. ქ.ბ–ი ადასტურებს იმასაც, რომ დაორსულობისთანავე ინფორმაცია მიაწოდა მოსარჩელეს.
5.15. მოპასუხეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2023 წლის 25 მაისიდან, შესაბამისად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი არ არის დაბადებული რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ დავაზე, დასადგენი იყო ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის მამობა, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190.1, 1190.2 და 1190.3 მუხლებით წესრიგდება. მითითებული მატერიალური ნორმა თავად განსაზღვრავს მტკიცების სტანდარტს - ადგენს, რომ ასეთ შემთხვევაში, ბიოლოგიური მამობის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად.
5.16. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 აპრილის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დაინიშნა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა. ექსპერტს გამოსაკვლევად დაესვა შემდეგი შეკითხვა: - არსებობს თუ არა 2019 წლის 6 დეკემბერს დაბადებულ ე.ბ–სა და მოსარჩელეს როგორც მამასა და შვილს შორის გენეტიკური კავშირი.
5.17. 2023 წლის 28 აგვისტოს, სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მოპასუხეებს გაეგზავნათ ბიოლოგიური ნიმუშის ასაღებად ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამოცხადებისა და არასრულწლოვნის წარმოდგენის თაობაზე წერილი. ხოლო 2023 წლის 28 სექტემბერს საქმე დაბრუნდა შეუსრულებელი სახით, ვინაიდან ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში არ გამოცხადდა ქ.ლ–ძე და არ უზრუნველყო არასრულწლოვანი ე.ბ–ის წარდგენა ბიოლოგიური ნიმუშის ასაღებად. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამოცხადდა მხოლოდ მოსარჩელე და ექსპერტიზის დასკვნის მომზადებასთან დაკავშირებით თანხა წინასწარ გადაიხადა. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ქ. ბ–მა განმარტა, რომ არ არის თანახმა ექსპერტიზაზე და არ აპირებს ბავშვის მიყვანას.
5.18. ქ.ბ–ის განმარტებით, მოსარჩელე მას ემუქრებოდა, მიუხედავად იმისა, აღმოჩნდებოდა თუ არა ბავშვის ბიოლოგიური მამა, პრობლემებს შეუქმნიდა, რამაც განაპირობა ექსპერტიზის განჩინებით დადგენილი დავალების შეუსრულებლობა - ბავშვის წარდგენა ექსპერტიზის ბიუროში ბიოლოგიური ნიმუშის ასაღებად.
5.19. პალატამ მტკიცების ტვირთთან მიმართებით მოიხმო საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 05 ივლისის განჩინება (საქმე Nას-143-2024), სადაც ექსპერტიზაზე გამოუცხადებლობა, მოსარჩელის მტკიცების ტვირთის შესამსუბუქებელ გარემოებად იქცა, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მეოთხე ნაწილის (თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს ექსპერტის მითითებებს ან სხვაგვარად ხელს უშლის ექსპერტიზას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია მიიჩნევა დადასტურებულად) მიხედვით, გენეტიკური ექსპერტიზისთვის საჭირო საკვლევი ბიოლოგიური ნიმუშების აღებაზე მოპასუხის უარი პროცესუალურად საკმარის საფუძველს წარმოადგენს იმ ფაქტის დასადგენად, რომ მოპასუხე ბავშვის ბიოლოგიური მამაა (იხ. ს.უ.ს.გ. საქმეზე №ას-593-561-2014წ, 10 სექტემბერი, 2015 წელი). მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის დედისა და მამობის დადგენის შესახებ განმცხადებელი პირის (განცხადებაში მითითებული პირის) ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან/და მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდის ან/და რჩენის ფაქტებს, ან/და სხვა დამამტკიცებელ საბუთებს ან/და გარემოებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას, თუმცა ეს მოწესრიგება საგამონაკლისო შემთხვევაა და გამოიყენება ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც ბავშვის მამის დადგენის მიზნით ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) მოპოვება ობიექტურად შეუძლებელია.
5.20. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ქ.ბ–ს კიდევ ერთხელ შესთავაზა სასამართლომ ბავშვის წარდგენა ექსპერტიზის ბიუროში ბიოლოგიური ნიმუშის ასაღებად და განემარტა ექსპერტის დასკვნის მნიშვნელობა, რაზეც ქ.ბ–მა უარი განაცხადა.
5.21. სააპელაციო პალატამ გაიზიარა ე.ბ–ის ბიოლოგიურ მამად მოსარჩელის ცნობის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა. დადგენილი იყო, რომ მოპასუხემ დაკისრებულ საპროცესო ტვირთის შესრულებას თავი აარიდა - უარი განაცხადა ექსპერტიზის ბიუროში ბიოლოგიური ნიმუშის ასაღებად ბავშვის წარდგენაზე. ქ. ბ–მა სოციალურ მუშაკს განუმარტა, რომ ოდესღაც ურთიერთობა ჰქონდა ორ მამაკაცთან. არასრულწლოვნის დაბადებიდან ერთი თვის შემდგომ მან მეუღლეს მიაწოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ბავშვის მამა მის ნაცვლად ყოფილიყო სხვა პიროვნება. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფსიქოლოგთან გასაუბრებისას მან განმარტა, რომ ოთხთვიანი თავისუფალ ურთიერთობა ჰქონდა მოსარჩელესთან, შემდეგ დაშორდნენ და მას სხვა ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა. ,,არ ვიცი ჩემი შვილის მამა ეს ადამიანი არის თუ არა". საგულისხმოა, რომ, როგორც ორივე მხარე ადასტურებს, ორსულობის შესახებ ქ. ბ–მა თავად მიაწოდა ინფორმაცია მოსარჩელეს, რაც არ იყო სავარაუდო იმ შემთხვევაში, თუ მისი მამობა გამორიცხული იყო. სასამართლო სხდომაზე ქ. ბ–მა განმარტა, რომ მოსარჩელე ორსულობის დღიდან შეურაცხყოფას აყენებს მას, ფსიქოლოგიურად ძალადობს და ემუქრება, მიუხედავად ამისა, მან ერთი თვის ე–ე აჩვენა მოსარჩელეს, ასევე, ეკონტაქტებოდა ვიდეოზარის მეშვეობით და აჩვენებდა ბავშვს. მოსარჩელის სავარაუდო მამობაზე მიუთითებს წარმოდგენილი მიმოწერა როგორც მას, ისე მის დედასა და ქ. ბ–ს შორის, საიდანაც შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ თავდაპირველად ეს უკანასკნელი თავად მიუთითებდა მოსარჩელის მამობაზე, თუმცა ამ უკანასკნელს სურდა ტესტის (დნმ) მეშვეობით ამ ფაქტში დარწმუნება და ურთიერთობა გადაიზარდა კონფლიქტში.
5.22. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, ქორწინების გარეშე დაბადებული თითოეული ბავშვის მამობის დადგენა შეიძლება დამყარდეს ან დადგინდეს ნებაყოფილობითი აღიარებით ან სასამართლო გადაწყვეტილებით. საქმეში წარმოდგენილი პირადი მიმოწერებიდან, იკვეთებოდა, რომ მოსარჩელე მუდმივად ინტერესდებოდა ბავშვის მდგომარეობით, თუმცა მხარეთა შორის კონფლიქტური და დაძაბული ურთიერთობის შედეგად, ბავშვის დედა აღარ აჩვენებდა ბავშვს. მოსარჩელეს სამართლებრივი კავშირი ბავშვთან არ აქვს, მოპასუხეთა თანხმობის გარეშე ის მოკლებულია შესაძლებლობას კანონიერი გზით მოიპოვოს და წარმოადგინოს მისი მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი განკუთვნადი და საკმარისი მტკიცებულება - ექსპერტის დასკვნა, ვინაიდან არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს წარმოადგენს ინფორმაციის მიღება მისი პიროვნების, მათ შორის, ბიოლოგიური მშობლების შესახებ. საყურადღებო იყო, თავად ქ.ბ–ის უარი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სადავო ფაქტის დამტკიცების შესაძლებლობაზე, რაც მისი მხრიდან არ არის არგუმენტირებულად დასაბუთებული და სუბიექტური მოსაზრებით არის განპირობებული. პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკმარისი იყო დასკვნისათვის, რომ სარჩელი მამობის დადგენისა და დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანის შესახებ საფუძვლიანი იყო და მართებულად დაკმაყოფილდა.
5.23. არასრულწლოვნის ბიოლოგიური მამის დადგენა და დაბადების სააქტო ჩანაწერის მამის გრაფაში ბიოლოგიური მამის გვარის მითითება ბავშვის სახელის, მისი წარმომავლობის ცოდნის უფლებას უკავშირდება და არ ხელყოფს ბავშვის საუკეთესო და პრიორიტეტულ ინტერესებს. მშობლის უფლებას ყოველთვის გადასწონის ბავშვის უფლება და მისი უპირატესი ინტერესი. ბავშვის ბიოლოგიური მამის დადგენა დაკავშირებულია ასევე მემკვიდრეობის უფლებასთან (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1309-ე მუხლი), რაც საკუთრების უფლებას უკავშირდება და ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია ბავშვის ინტერესის დაცვა.
5.24. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ე.ბ–ი არის მცირეწლოვანი და მის მიმართ მამობის დადგენა შეესაბამება ბავშვის ინტერესს, ვინაიდან მას აქვს უფლება, შეინარჩუნოს კავშირი როგორც დედასთან, ასევე - ბიოლოგიურ მამასთან, აღიარებული იყოს არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების პატივისცემა, მოახდინოს კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზება, მათ შორის - მიიღოს მშობლებისაგან სარჩო, საცხოვრისი, განათლებაში ხელშეწყობა, მისი აღზრდა-განვითარებისა და სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო სიკეთეები. პალატამ მიუთითა, რომ როგორც ეროვნული, ასევე - საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებულია ბავშვის თვითგამორკვევის უფლება, რომელიც თავის თავში მოიაზრებს ასევე უფლებას, იცოდეს საკუთარი ბიოლოგიური წარმომავლობა. ამასთან აღნიშნული უფლების წართმევის შემთხვევაში, ბავშვი უკანონოდ კარგავს თავისი ინდივიდუალობის ნაწილს; მითითებული კი, არ წარმოადგენს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს.
5.25. ბავშვის საუკეთესო ინტერესისა და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების გათვალისწინებით, პალატამ სრულიად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები, რაც მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ბავშვმა უნდა შეინარჩუნოს კავშირი ბიოლოგიურ მამასთან როგორც გვარის სახით, ისე - ურთიერთობის გაუმჯობესების გზით და ამ თვალსაზრისით დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობასა და შეფასებებს საქმეში წარდგენილი ფსიქოლოგიური დასკვნების შესახებ (ფსიქოლოგის დასკვნა: გაირკვეს ბიოლოგიური მამის ვინაობა, დედა სიმართლის დადგენისთვის დასთანხმდეს მამობის დადგენის კვლევაში მონაწილეობას, ე–ეს აქვს უფლება, იცოდეს მისი ბიოლოგიური მამის ვინაობა და ბიოლოგიურ მამას აქვს უფლება და ვალდებულება იყოს ჩართული ე–ეს ზრდა-განვითარებაში. ცალკე საკითხია, თუ პოზიტიური მშობლობის უნარების განვითარება ანდა ქცევის კორექციისკენ მიმართული რაიმე კურსის გავლაა საჭირო ბიოლოგიურ მამასთან მიმართებაში. ამის შეფასება შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც დადგება ამის საჭიროება დნმ-ის კვლევის პასუხით).
5.26. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მამა-შვილს შორის პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვანია ორივე მშობლის ჩართულობა, რაზეც ყურადსაღებია ფსიქოლოგის დასკნაში გადმოცემული რეკომენდაციები. რაც შეეხება ე–ეს ცხოვრებაში ბიოლოგიური მამის შესვლის საკითხს, უნდა მოხდეს ეტაპობრივად და სიფრთხილით, რათა არასრულწლოვანს თანდათან ჩამოუყალიბდეს მიჯაჭვულობა ბიოლოგიურ მამასთან, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია არსებული დადებითი დამოკიდებულების გაფრთხილება და დედისა და ო–ის შესახებ ინფორმაციის დადებითი კონტექსტის გაჟღერება არასრულწლოვნის თანდასწრებით, სხვაგვარად ე–ეს ემოციური უსაფრთხოების განცდა ვერ შეექმნება ბიოლოგიურ მამასთან. ასევე, იმგვარი აქტივობების დაგეგმვა, რაც ე–ეს განვითარებისა და ასაკის შესაბამისად სჭირდება და ბიოლოგიური მამის მცდელობა, იყოს საინტერესო ე–ესთვის, ემოციურად მიმზიდველი, აუცილებელია სტაბილური, უწყვეტი და უსაფრთხო ურთიერთობის ჩამოყალიბება.
5.27. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება მხარეთათვის კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს, რომელიც აღსრულებადი უნდა იყოს. მამა-შვილს შორის არსებული შესაძლო გაუცხოების აღმოფხვრისა და მათი ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მოქმედება ორივე მშობლის პასუხისმგებლობის საკითხია. მოცემულ შემთხვევაში, ორივე მშობელზეა დამოკიდებული გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა და აქედან გამომდინარე შედეგების ბავშვისათვის გასაგებ ენაზე განმარტება ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობის ბალანსის შენარჩუნებით, ფრთხილად და მზრუნველობით. ოჯახური გარემო ბიოლოგიურ მშობლებთან (თუნდაც ერთმანეთთან დაშორებულებთან) ურთიერთობის შესაძლებლობას და ხელმისაწვდომობას ნიშნავს, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვით, რაც დაკავშირებულია ბავშვის წარმომავლობის, მემკვიდრეობისა და შესაბამისად, საკუთრების უფლების დაცვასთანაც.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
6.1. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მე-8 ნაწილი, რომელიც სასამართლოს აძლევს უფლებას, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე უარი თქვას მამობის დადგენაზე.
6.2. სასამართლომ არასწორად განმარტა ბავშვის საუკეთესო ინტერესი, რადგან საქმე ეხება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს, რომლისთვისაც სტაბილური, პროგნოზირებადი და ემოციურად უსაფრთხო გარემო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
6.3. ბავშვი ო.ბ–ს აღიქვამს მამად, რომელიც დაბადებიდან ასრულებს მამის ფუნქციას და ჩამოყალიბებული აქვს მყარი ემოციური მიჯაჭვულობა.
6.4. ბიოლოგიური მამის სტატუსის იძულებითი მინიჭება, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საფრთხეს უქმნის ბავშვის ფსიქიკურ და ემოციურ სტაბილურობას.
6.5. ქვემდგომმა სასამართლოებმა უპირატესობა მიანიჭეს მოსარჩელის ინტერესებს და არა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
6.6. სასამართლომ არასწორად შეაფასა დედის უარი გენეტიკურ ექსპერტიზაზე, როგორც არაკეთილსინდისიერი ქცევა, მაშინ, როდესაც უარი განპირობებული იყო მოსარჩელის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობითა და დედის მოწყვლადობით.
6.7. ქვემდგომმა ინსტანციებმა უსაფუძვლოდ იხელმძღვანელეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რადგან საქმეში არსებობს ექსპერტიზაზე უარის ობიექტური და დასაბუთებული მიზეზები.
6.8. კასატორები შუამდგომლობენ აგრეთვე ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის - თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრიდან მოსარჩელის მიერ ძალადობის შედეგად ქ. ბ–ის ფსიქო-ტრავმული გამოცდილების შესახებ დასკვნის გამოთხოვას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, მამობის დადგენისა და დაბადების სააქტო ჩანაწერში შესაბამისი ცვლილების შეტანის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილები (მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე, თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს).
12. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მოსარჩელის არასრულწლოვნის მამად ცნობისა და დაბადების სააქტო ჩანაწერში შესაბამისი ცვლილების შეტანის მართლზომიერება ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერ დავაში უპირატესობა ენიჭება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განმარტებაში უთითებს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა ბავშვის, როგორც უფლებებისა და კანონიერი ინტერესების მფლობელ სუბიექტად აღიარება და არა მისი დაცვის ობიექტად მიჩნევა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია, ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzar and Giunta v. Italy [GC], no. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. the United Kingdom. no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).
14. საკასაციო სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობას ერთ-ერთ საქმეში – „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ (განაცხადი N. 71776/12; 2 თებერვალი, 2016 წ.), სადაც სასამართლომ განმარტა: „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“. სასამართლოსათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვა და ინდივიდუალური შეფასება, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს ეხება სადავო საკითხი, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52; TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72; ს.უ.ს.გ: N ას-967-916-2015, 15.12.2015წ; N ას-1141-1061-2017 17.10.2017წ; N ას-861-2019, 03.10.2019წ).
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახური გარემო არ განიმარტება მშობლებისა და შვილების მარტოოდენ ერთ ჭერქვეშ ცხოვრების უფლებად და ამ გზით ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვად, არამედ ოჯახური გარემო გულისხმობს ასევე ბავშვთან ურთიერთობის ხელმისაწვდომობას მშობლისათვის, რაც სწორედ ბავშვის პრიორიტეტული ინტერესებითაა ნაკარნახევი, რამდენადაც ეს შესაძლებელია იცნობდეს თავის მშობლებს და მიიღოს მათი მხრიდან ზრუნვა (ბავშვის უფლებათა კონვენციის 7.1 მუხლი), ამასთან, კონვენციის თანახმად, სწორედ მონაწილე სახელმწიფოთა ვალდებულებაა, პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მათ შორის, მოქალაქეობა, სახელი (რაც სამოქალაქო კოდექსის მე-17.1 მუხლის თანახმად ფიზიკური პირის სახელსა და გვარს მოიცავს), ოჯახური ურთიერთობა, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ჩარევა (კონვენციის 8.1-ე მუხლი); კონვენცია დაუშვებლად მიიჩნევს ბავშვის მიერ თავისი ინდივიდუალობის ნაწილის ან ყველა ელემენტის დაკარგვას და ასეთი შემთხვევისათვის მონაწილე სახელმწიფოებს ავალებს ბავშვის უზრუნველყოფას საჭირო დახმარებითა და დაცვით მისი ინდივიდუალობის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება.
16. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ე.ბ–ი დაიბადა 2019 წლის 06 დეკემბერს, იმ პერიოდში, როდესაც მოპასუხეები რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ. დაბადების სააქტო ჩანაწერში მამად მითითებულია - ო.ბ–ი. საქმის განხილვის ფარგლებში დაინიშნა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა, რომლის მნიშვნელობა და სამართლებრივი შედეგები განემარტა ბავშვის დედას, თუმცა ექსპერტიზის ჩატარება ვერ განხორციელდა, ვინაიდან მან უარი განაცხადა არასრულწლოვნის ბიოლოგიური ნიმუშის აღების მიზნით ექსპერტიზის ბიუროში წარდგენაზე როგორც პირველ, ისე - სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას.
17. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარებისათვის აუცილებელი მოქმედებების შესრულებაზე მოპასუხის უარი (არასრულწლოვნის წარდგენისგან თავის არიდება) წარმოადგენს დაკისრებული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობას, მით უფრო, რომ ბავშვის დედას არაერთხელ განემარტა ექსპერტიზის მნიშვნელობა და მისი სამართლებრივი შედეგები. კასატორთა მითითება, თითქოს აღნიშნული უარი განპირობებული იყო მოსარჩელის მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობით, დედის მოწყვლადი მდგომარეობითა და შიშით, არ იძლევა იმგვარი დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარება ობიექტურად შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ვლინდებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგების გამოყენების წინაპირობები.
18. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მხარეთა შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობა, თავისთავად, არ წარმოადგენს ისეთ გადამწყვეტ ფაქტორს, რომელიც გამორიცხავს ბავშვის ბიოლოგიური მამის დადგენის შესაძლებლობას.
19. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მე-8 ნაწილით. აღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, უარი თქვას მამობის დადგენაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მამობის დადგენა ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ ბიოლოგიური მამის დადგენა და დაბადების სააქტო ჩანაწერში შესაბამისი ცვლილების შეტანა ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბავშვის უფლება იცოდეს ბიოლოგიური წარმომავლობა, მისი პიროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და თვითგამორკვევის ერთ-ერთი ფუნდამენტური ელემენტია.
ამავე კონტექსტით, უსაფუძვლოა კასატორთა მითითება, თითქოს სასამართლოებმა უპირატესობა მიანიჭეს მოსარჩელის ინტერესებს ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საკასაციო სასამართლოს განსჯით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სიღრმისეულად შეაფასეს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ფსიქოემოციური საჭიროებები და არსებული ოჯახური გარემო (მათ შორის - არასრულწლოვნის აუტისტური სპექტრის დიაგნოზი და სპეციალისტების რეკომენდაციები) და, ამასთან, სწორად გამიჯნეს ერთმანეთისგან ბავშვის ემოციური მიჯაჭვულობა მოპასუხე ო.ბ–თან და ბავშვის ფუნდამენტური უფლება - ბიოლოგიური წარმომავლობის დადგენაზე. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ცენტრალურ საკითხად სწორედ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი მიიჩნიეს, მათ შორის - მისი უფლება პირად ცხოვრებაზე, იდენტობაზე, წარმომავლობის ცოდნასა და კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზებაზე.
20. ამასთანავე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მამობის დადგენა, როგორც სამართლებრივი ფაქტი, თავისთავად არ იწვევს ბავშვისთვის არსებული ოჯახური ვითარების რღვევას და არ გამორიცხავს მისი შენარჩუნების შესაძლებლობას. არსებული ოჯახური გარემო ვერ დაედება ბავშვის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას საფუძვლად და ვერ გამორიცხავს ბიოლოგიური წარმომავლობის დადგენას. შესაბამისად, ბიოლოგიური წარმომავლობის დადგენა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს და შესაძლებელია განხორციელდეს ბავშვისთვის არსებული ოჯახური ვითარების შენარჩუნების თანმხვედრად.
21. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ბავშვმა უნდა შეინარჩუნოს კავშირი ბიოლოგიურ მამასთან როგორც გვარის სახით, ისე - ურთიერთობის გაუმჯობესების გზით. არასრულწლოვნის ბიოლოგიური მამის დადგენა და დაბადების სააქტო ჩანაწერის მამის გრაფაში ბიოლოგიური მამის გვარის მითითება უკავშირდება ბავშვის სახელისა და წარმომავლობის ცოდნის უფლებას და არ ხელყოფს ბავშვის საუკეთესო და პრიორიტეტულ ინტერესებს. მშობლის უფლებას ყოველთვის გადასწონის ბავშვის უფლება და მისი უპირატესი ინტერესი. ბავშვის ბიოლოგიური მამის დადგენა დაკავშირებულია ასევე მემკვიდრეობის უფლებასთან (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1309-ე მუხლი), რაც საკუთრების უფლებას უკავშირდება და ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია ბავშვის ინტერესის დაცვა (ს.უ.ს.გ. №ას-958-2025, 18.09.2025წ.).
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გამოიყენეს როგორც მატერიალური, ისე - საპროცესო სამართლის ნორმები, სრულყოფილად შეაფასეს ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მართებულად დააკმაყოფილეს სარჩელი მამობის დადგენისა და დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანის შესახებ.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.1 მუხლის თანახმად, საკასაციო ინსტანცია არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს. ვინაიდან საკასაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს, კანონი კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებასა და ახალი მტკიცებულებების წარდგენას, რამდენადაც ეს შეუთავსებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან. ამრიგად, არ არსებობს არც მტკიცებულებათა გამოთხოვის შუამდგომლობის დაკმაყოფილების და არც კასატორთა მიერ შემდგომ წარმოდგენილი დოკუმენტის (Nა-3101-25, 27.06.2025წ.) საქმეზე მტკიცებულებად დართვის საფუძველი.
24. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.ბ–ის და ო.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ქ.ბ–სა (პ/ნ ..........) და ო.ბ–ს (პ/ნ ........) დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (საგადასახადო დავალება №9570, გადახდის თარიღი: 02.06.2025წ, გადამხდელი: ქ.ბ–ი (პ/ნ ............), გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
–
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი