19 ნოემბერი 2024 წელი
საქმე №ას-1460-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ლ.ქ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ქ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ლ.ქ–მა (შემდეგში - „მოსარჩელე“, „მამკვიდრებლის შვილიშვილი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ლ.ქ–ის (შემდეგში - „მოპასუხე“. „აპელანტი“, „კასატორი“, „მამკვიდრებლის შვილი“) მიმართ, სადავო საკვიდრო ქონების, მდებარე: თბილისი, .........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: .........., ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2009 წლის 13 თებერვალს გარდაიცვალა ლ.ქ–ი. მის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ............ ლ.ქ–ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენენ შვილი, ლ.ქ–ი და 2003 წლის 25 ივნისს გარდაცვლილი შვილის, ე.ო–ის შვილები, მოსარჩელე ლ.ქ–ი და ლ.ქ–ი. მამკვიდრებელი გარდაცვალებამდე, რძალთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობდა უძრავ ქონებაში მდებარე ქ.თბილისი, ......., სადაც განთავსებული იყო, ასევე, მის მიერ შეძენილი მოძრავი ნივთებიც.
2.2. ლ.ქ–ის გარდაცვალების შემდეგ, მისი სიცოცხლისდროინდელი ზეპირი სურვილისამებრ, მოპასუხე ლ.ქ–მა იკისრა ვალდებულება, ლ.ქ–ის სახელზე გაეფორმებინა მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული ბინა, ხოლო ლ.ქ–ის სახელზე, ბაბუის, ყ.ო–ვის სახელზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე თბილისი, ......... აღნიშნული მიზნით, მოპასუხემ მიიღო შესაბამისი დოკუმენტები, რომელთა დაბრუნების შემდეგ მოსარჩელე და მისი ძმა, როგორც მესაკუთრეები, აგრძელებდნენ ცხოვრებას დედასთან ერთად სამკვიდრო ქონებაში, ხოლო უძრავი ნივთი მდებარე, ქ.თბილისში, .......... გაქირავებული ჰქონდათ და იღებდნენ შემოსავალს. მოსარჩელე, 2015 წლის 13 სექტემბრის კონტრაქტით, ქ–ის გვარით, ჩაირიცხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ს.ს.ი.პ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, რაც ყ.ო–ვის მიერ ქონების განკარგვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი გახდა.
2.3. მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 09 იანვარს მოპასუხემ მოითხოვა თბილისში, ......... მდებარე ბინის დაცლა, განმარტა რა, რომ ლ.ქ–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე სამკვიდრო მოწმობა მხოლოდ მას ჰქონდა მიღებული, ყ.ო–ვმა კი, 2016 წლის 11 იანვარს წარდგენილი განცხადების საფუძველზე, საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა მოპასუხე ლ.ქ–ს. სამკვიდრო წილზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით ლ.ქ–მა მიმართა სარჩელით სასამართლოს, რომლის მიღებაზეც ეთქვა უარი. მოსარჩელის წარმომადგენლების მხრიდან ლ.ქ–ს გაეგზავნა ასევე წერილობითი თხოვნა, ნებაყოფლობით ეცნო ლ.ქ–ი სამკვიდრო წილის მიმღებ მემკვიდრედ, რაზედაც პასუხი არ წარმოდგენილა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, მოპასუხის წარდგენილი სარჩელის საფუძველზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ლ.ქ–ის დედის, ვ.ჟ–ას, გამოსახლების თაობაზე.
2.4. მართალია, ლ.ქ–ის გარდაცვალებისას მოსარჩელე და მისი ძმა წარმოადგენდნენ არასრულწლოვან პირებს, მაგრამ მათ მიღებული აქვთ ბებიის სამკვიდრო ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების, კერძოდ, ე.წ. „დესაუს“, „გორკის“, მაგიდის, 4 სკამის, 2 ცალი საძინებელი საწოლის, ტანსაცმლის ორი კარადის, 2 ტუმბოს, 2 ცალი დივანის, ჭაღის და ზოგიერთი სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების, დაუფლების გზით. ვინაიდან ლ.ქ–ი უარს ამბობს კუთვნილ წილზე ძმის სასარგებლოდ, ლ.ქ–ს, როგორც აწ გარდაცვლილი ე.ო–ის მემკვიდრეს, უფლება აქვს მიიღოს ბებიის სახელზე რიცხული უძრავი ნივთის ½ ნაწილი, შესაბამისად, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი
მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხე ლ.ქ–ი არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ ლ.ქ–ს ფაქტობრივი ფლობით არ მიუღია ბებიის სამკვიდრო, არც მოძრავი და არც უძრავი ქონება. სარჩელში მითითებული ქონება არ წარმოადგენდა ლ.ქ–ის საკუთრებას, ქ.თბილისში, .......... განთავსებული ავეჯიდან და მოძრავი საყოფაცხოვრებო ნივთებიდან ნაწილი სახლის მესაკუთრის - ყ.ო–ვის მემკვიდრეობით მიღებული ქონებაა, ხოლო ნაწილი - თავად მოპასუხის მიერ შეძენილი, როგორც მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე, ასევე მის შემდგომაც.
3.2. ლ.ქ–ის შესაგებლის თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე: ქ.თბილისი, .........., რეალურად შეძენილია მისი ფინანსური სახსრებით, რომელიც მხოლოდ გარკვეული მოსაზრებიდან გამომდინარე გაფორმდა ლ.ქ–ის სახელზე. მამკვიდრებელს ბინა არ უნახავს და არც მის გარემონტებაში მიუღია მონაწილეობა. ლ.ქ–ი ძმისშვილებზე ზრუნავდა მხოლოდ მისი სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლით, ხოლო სადავო უძრავი ნივთი გაქირავებული არასდროს ჰქონია.
3.3. მოპასუხის მტკიცებით, მან უზრუნველყო მძიმე ავადმყოფი დედის მოვლა-პატრონობა, დამოუკიდებლად გაიღო მკურნალობის, დაკრძალვის, ქელეხის, ორმოცის, წლისთავის ხარჯები, შეაკეთა ორთაჭალაში მდებარე სახლის სახურავი, სხვადასხვა პერიოდში შეაკეთა და გაარემონტა საბურთალოზე მდებარე უძრავი ქონება, რაშიც მონაწილეობა არასდროს მიუღია მოსარჩელეს, ამდენად, მოთხოვნა უსაფუძვლოა. ამავდროულად, მოთხოვნა ხანდაზმულიც არის.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ლ.ქ–ი ცნობილ იქნა ლ.ქ–ის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ბინაზე, მდებარე თბილისი, ..........., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: .........., რომელიც საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მოპასუხე ლ.ქ–ის სახელზე; დადგინდა შესაბამისი ცვლილების განხორციელება საჯარო რეესტრის ჩანაწერებში და დასახელებული ბინა საკუთრების უფლებით აღირიცხა ½ წილი ლ.ქ–ის და ½ წილი - ლ.ქ–ის სახელზე.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ.ქ–მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ.ქ–მა, მოითხოვა მისი გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 09 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო სასამართლოს მითითებების შესაბამისად:
8.1. წინამდებარე საქმეში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა იმ საკითხის გარკვევა, მიიღო თუ არა მოსარჩელემ სამკვიდრო ქონება მამკვიდრებლის კუთვნილი მოძრავი ნივთების დაუფლებით, რა მიზნითაც აუცილებლობას წარმოადგენდა მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მამკვიდრებლის საკუთრებაში მოძრავი ქონების არსებობისა და მათი მოსარჩელის მიერ დაუფლების ფაქტის დადგენა.
8.2. პალატის შეფასებით, .......... მამკვიდრებლის რეგისტრაციის ფაქტი ამავე მისამართზე მისი ფაქტობრივად ცხოვრების პრეზუმირებისთვის საკმარისი ვერ იქნებოდა იმ პირობებში, როდესაც საცხოვრებელი ფართი მამკვიდრებლის ყოფილი მეუღლის საკუთრებაში ირიცხებოდა, რომელთანაც ქორწინების ფაქტობრივად აღდგენის გარემოება დადასტურებული არ ყოფილა. ამავე უძრავ ქონებაში განთავსებული მოძრავი ქონება კი, რომლის დაუფლებასაც მოსარჩელე სამკვიდროს მიღების აქტად მიიჩნევს, მისი სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარე, ქმნიდა ნივთების არა მამკვიდრებლისადმი, არამედ მისი ყოფილი მეუღლისადმი კუთვნილების პრეზუმფციას, რის გამოც, მოსარჩელეს ევალებოდა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების (ბებიასთან თანაცხოვრების, მამკვიდებლის საკუთრებაში მოძრავი ნივთების არსებობისა და მათი სამემკვიდრეო სამართლით დადგენილი წესების დაცვით მოსარჩელის მიერ დაუფლების) დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა და ყოველგვარი ეჭვის გაქარწყლება.
8.3. სააპელაციო სასამართლოს უნდა ეკვლია მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენლის მიერ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მოსარჩელის სამემკვიდრეო უფლებების დაცვისაკენ მიმართული ღონისძიებები, ამასთან, უნდა გაეთვალისწინებინა, რომ კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის სამკვიდრო ქონებისადმი გულისხმიერების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში სამკვიდროს მიღების ვადა სრულწლოვანების ასაკის მიღწევიდან აითვლებოდა.
8.4. სააპელაციო პალატას უნდა განესაზღვრა სამკვიდრო ქონებაზე მოსარჩელის მოთხოვნისა და დავის მიმართ იურიდიული ინტერესის ფარგლებიც, იმ მოცემულობის მხედველობაში მიღებით, რომ მამკვიდრებელს დარჩა სამი მემკვიდრე, მოპასუხე და გარდაცვლილი შვილის შვილები წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლებით. შესაბამისად, სამკვიდრო მასიდან მოსარჩელემ და მისმა ძმამ მოიპოვეს სამკვიდრო ქონების ½-ის კანონისმიერი მემკვიდრეობის გზით მიღების უფლება. გარდაცვლილი მემკვიდრის ქონებაზე მის მემკვიდრეებს თანაბარი უფლებები წარმოეშვათ, შესაბამისად, მოსარჩელეს შეეძლო პრეტენზია გამოეთქვა მამის სამკვიდრო წილზე მის მიერ მისაღები წილის სამკვიდრო ქონების ¼-ის მიკუთვნების თაობაზე. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო მემკვიდრის მოთხოვნა მისი დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობის შემთხვევაში დაეკმაყოფილებინა იგი მოთხოვნის ფარგლებისა და იურიდიული ინტერესის გათვალისწინებით. მამკვიდრებლის გარდაცვალებისა და სამკვიდროს მიღების 6-თვიანი ვადის განმავლობაში მოსარჩელეს და მის ძმას მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით და არა დამოუკიდებლად, საკუთარი ნების გამოვლენის საფუძველზე, შეეძლოთ მიეღოთ სამკვიდრო. მოსარჩელის მიერ ამ წესით სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების სასამართლოს მიერ დადგენის შემთხვევაში, იგივე სამართლებრივი რეჟიმი გავრცელდებოდა მოსარჩელის ძმაზეც, თუმცა რამდენადაც მოსარჩელის ძმა განსახილველი დავის სუბიექტი არ არის, მის წილ სამკვიდრო ქონებაზე (1/4 ნაწილი) უფლების საკითხი ღიად უნდა დარჩენილიყო. გასათვალისწინებელი იყო ის ფაქტიც, რომ მოპასუხის მიერ სამკვიდრო ქონების მთლიანად მიღებით, მაშინ როდესაც მან კარგად უწყოდა იმავე რიგის არასრულწლოვანი მემკვიდრეების არსებობის თაობაზე, უკანონოდ განიკარგა მოსარჩელის მამის მიერ მისაღები ½ სამკვიდრო წილი.
8.5. მოთხოვნის ხანდაზმულობის პრეტენზიასთან მიმართებით პალატამ შენიშნა, რომ სსკ-ის 1450-ე მუხლი (სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი) ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა - სამემკვიდრეო მოწმობის გასაჩივრების ვადას. ამ ნორმის გამოყენების საფუძველი იარსებებდა მაშინ, თუ დავის საგანი იქნებოდა მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღების თაობაზე გამოვლენილი ნების ნამდვილობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა ამ ფაქტს, არამედ მოითხოვდა სამკვიდროს მიღების სასამართლოს მიერ დადგენას და სამკვიდრო ქონებიდან მისი კუთვნილი წილის მესაკუთრედ ცნობას. გარდა ამისა, მემკვიდრის მიერ სადავო უძრავი ქონების მიღება ფაქტობრივი ფლობით ან მართვით აყენებს მას განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმში. ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით (კონკლუდენტური მოქმედებებით) მემკვიდრე ხდება სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. სამკვიდროს მიღების ფაქტის არსებობის შემთხვევაში მემკვიდრეს აქვს უფლება, დაიცვას მიღებული სამკვიდრო სხვა დანარჩენი მემკვიდრეებისაგან, მათ შორის - იმ მემკვიდრეებისაგან, რომლებმაც საკუთრების უფლება დაირეგისტრირეს. პალატამ მიუთითა, რომ ხანდაზმულობის საგანი არის ფარდობითი და არა აბსოლუტური უფლება, შესაბამისად, აბსოლუტურ უფლებაზე ხანდაზმულობა ვერ გავრცელდებოდა, და, ვინაიდან, განსახილველი სარჩელი მიემართებოდა საკუთრების უფლების დაცვას, იგი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადით ვერ შეიზღუდებოდა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის განჩინებით ლ.ქ–ის სააპელაციო საჩივარი კვლავ არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლ.დ. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
9.1. ლ.ქ–ი გარდაიცვალა 2009 წლის 13 თებერვალს. გარდაცვალების მომენტისათვის მას დარჩა კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები, შვილი - ლ.ქ–ი და 2003 წლის 25 ივნისს გარდაცვლილი შვილის, ე.ო–ის შვილები, ლ. და ლ.ქ–ები. ლ.ქ–ი მეუღლესთან, ყ.ო–ვთან განქორწინებული იყო 1986 წლიდან.
9.2. ლ.ქ–ი გარდაცვალებამდე რეგისტრირებული იყო მისამართზე, მდებარე თბილისი, ............
9.3. ლ.ქ–ის სახელზე გარდაცვალების მომენტისათვის საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისი, .........., ბინა 171. უძრავი ნივთის შეძენის საფუძველია 2000 წლის 12 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
9.4. ვ.ჟ–ა 2005 წლის 01 ივნისიდან რეგისტრირებულია მისამართზე, მდებარე: თბილისი, ............
9.5. ლ.ქ–ი 2009 წლის 05 მაისიდან რეგისტრირებულია მისამართზე, მდებარე: თბილისი, .......... იგი დაბადებიდან ცხოვრობდა ხსენებულ მისამართზე.
9.6. ს.ს.ი.პ. ქალაქ თბილისის №144 საჯარო სკოლის მიერ 2016 წლის 22 იანვარს გაცემული ცნობის №MES 71600047352 შესაბამისად, ლ.ქ–ი სწავლობდა ს.ს.ი.პ. ქალაქ თბილისის №144 საჯარო სკოლის XI კლასში.
9.7. 2015 წლის 27 ოქტომბერს ნოტარიუს ჯ.ა–ძის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №151183824), მიხედვით დგინდება, რომ ლ.ქ–მა, როგორც ლ.ქ–ის შვილმა, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება მდებარე მისამართზე, ქ.თბილისი, ........... დასახელებული უძრავი ნივთი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ.ქ–ის სახელზე. სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ განცხადება წარდგენილია ლ.ქ–ის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში.
9.8. მოსარჩელე ლ.ქ–ი, მამკვიდრებლის - ლ.ქ–ის გარდაცვალებისას და, შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროისათვის, იყო არასრულწლოვანი - 12 წლის (დაბ. 15.07.1997წ.), ხოლო მისი ძმა - ლ.ქ–ი - 9 წლის.
9.9. ს.ს.ი.პ. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ 2016 წლის 29 იანვარს გაცემული ცნობის №MOD 51600088819 მიხედვით ირკვევა, რომ ლ. ე. ძე ქ–ი 2015 წლის 13 სექტემბრიდან ჩაირიცხა ს.ს.ი.პ. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე, სადაც სწავლობს დღემდე.
9.10. 2015 წლის სექტემბერში მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა კონტრაქტი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს შეზღუდული ჰქონდა გარკვეული სამოქალაქო უფლებები.
9.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 იანვარს საქმეზე №1213389-16 მიღებული განჩინებით, ლ.ქ–ის განცხადება დაკმაყოფილდა, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ლ.ქ–ის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების ½ წილს, მდებარე: ქ.თბილისი, .........., ფართი 47.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი: ...........
9.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 იანვარს საქმეზე №2/841-16 მიღებული, სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის და სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ განჩინებით, ლ.ქ–ს უარი ეთქვა ლ.ქ–ის მიმართ წარდგენილი სარჩელის, დავის საგანი - უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა, წარმოებაში მიღებაზე. განჩინება გასაჩივრდა კერძო საჩივრით.
9.13. ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ლ.ქ–ს გაეგზავნა საადვოკატო თხოვნა სამკვიდრო ქონების წილის დათმობის შესახებ, კერძოდ, მოთხოვნილ იქნა ლ.ქ–ის, როგორც მემკვიდრის, მესაკუთრედ ცნობა ½ წილზე უძრავ ქონებაში, მდებარე: ქ.თბილისი, ..........
9.14. ლ.ქ–მა თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა სარჩელი ვ.ჟ–ას მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული სახლიდან, მდებარე თბილისი, ..........., ს/კ: ......... მოპასუხის გასახლების მოთხოვნით. ამავე სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საქმეზე №2/1355-2016, ლ.ქ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ვ.ჟ–ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ.თბილისში, ........ ქუჩა №25-ში, მდებარე .......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან (მიწის ნაკვეთი: 640 კვ.მ, შენობა-ნაგებობები №1, №2, №3, №4, №5) ½ ნაწილი (მიწის ნაკვეთის გამიჯვნის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით 309 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლი) და უძრავი ქონება გადაეცა მესაკუთრე ლ.ქ–ს.
9.15. ლ.ქ–ის სახელზე, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, .........., ფართი 47.00 კვ.მ, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ........, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ნასყიდობის ხელშეკრულება №1-800, დამოწმების თარიღი:21/05/1996წ..
9.16. ლ.ქ–ის სახელზე, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ...........
9.17. 2016 წლის 11 იანვარს დადებული ჩუქების ხელშეკრულების მიხედვით, ყ.ო–ვმა ჩუქების გზით ლ.ქ–ს გადასცა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაში, მდებარე: ქ.თბილისი, .........., კუთვნილ ½ ნაწილზე. დასახელებული უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში აღირიცხა ლ.ქ–ის სახელზე.
9.18. ნოტარიუს ჯ.ა–ძის მიერ 2016 წლის 02 თებერვალს ლ.ქ–ის მიმართ გაცემული №05/6-გ განცხადების პასუხის მიხედვით დგინდება, რომ განმცხადებელს მიეთითა ლ.ქ–ის დანაშთ ქონებაზე განმცხადებლის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის შეუძლებლობის შესახებ, ვინაიდან დასახელებულ სამკვიდრო მასაზე უკვე გაცემულია სამკვიდრო მოწმობა.
9.19. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მარტის განჩინებით, სამოქალაქო საქმეზე №2/32484-16, ლ.ქ–ის სარჩელი მოპასუხე ლ.ქ–ის მიმართ, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის თაობაზე, დარჩა განუხილველი.
9.20. უძრავი ნივთი, მდებარე: ქ.თბილისი, ............, რეალურად არ შეძენილა ლ.ქ–ის მიერ. უძრავი ნივთის შეძენის საფუძველია 2000 წლის 12 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც გამყიდველს წარმოადგენს ვ.ხ–ია, ხოლო მყიდველს - ლ.ქ–ი.
10. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
10.1. პალატამ, უპირველესად, შეაფასა, გაშვებული ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს სამკვიდროს მიღების კანონით გათვალისწინებული ვადა.
10.2. სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე დავის გადასაწყვეტად რელევანტურად მიიჩნია სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1307-ე, 1319-ე, 1320-ე, 1336-ე (შვილიშვილები კანონით მემკვიდრედ ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა) მუხლები, ამავე კოდექსის 1421-ე (მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღონ სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი), 1424-ე და 1426-ე მუხლები.
10.3. ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლება; სსკ 1421-ე მუხლი იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას.
10.4. პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1503-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე, ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
10.5. მოსარჩელის ძმა და, ამავდროულად, მამკვიდრებლის მეორე შვილიშვილი ლ.ქ–ი არანაირ პრეტენზიას არ აცხადებს მის სამკვიდრო წილზე. მოსარჩელე ლ.ქ–ი და მოპასუხე ლ.ქ–ი არიან ლ.ქ–ის სამკვიდროს მიღებაზე თანაბარი უფლების მქონე ერთი რიგის მემკვიდრეები. ამასთან, უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელე ბებიის გარდაცვალების დროისათვის იყო არასრულწლოვანი (12 წლის), შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმ საკითხზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება, შეეძლო თუ არა არასრულწლოვან მემკვიდრეს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლით გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელება დედის, როგორც კანონიერი წარმომადგენლის, მეშვეობით. მოქმედი კანონმდებლობა ამ ვითარებაში საკითხის გადაწყვეტის იმგვარ წესს ასახელებს, როდესაც არასრულწლოვნის ნაცვლად სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების წარმომშობი მოქმედებების განხორციელება ეკისრება მის კანონიერ წარმომადგენელს (სკ-ის 1422-ე მუხლი). ამგვარ წარმომადგენლად, მოცემულ შემთხვევაში, გვევლინებოდა მოსარჩელის დედა (სკ-ის 1198-ე (6) მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ მას ლ.ქ–ის გარდაცვალებიდან 6 თვიანი ვადის დაცვით არ განუხორციელებია სამკვიდრო ქონებაზე შვილის საკუთრების უფლებაწარმომშობი კანონით გათვალისწინებული მოქმედება.
10.6. სააპელაციო პალატამ მოიხმო საკასაციო სასამართლოს განმარტება, რომლის თანახმადაც, ვადის გაშვების საპატიოობაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს კანონიერი წარმომადგენლის დამოკიდებულება არასრულწლოვანთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიმართ. კანონიერი წარმომადგენლის მიერ საკუთარი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება ან უფლებამოსილების უკანონო გამოყენება შეიძლება გახდეს არასრულწლოვანის მიერ გაშვებული სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენის საფუძველი; ასევე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენლის მიერ სამკვიდროს ვადის გაშვებას არასაპატიოდ მივიჩნევდით, მაინც იარსებებდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგანაც არასრულწლოვანი საკუთარი უფლებების დაცვას დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა, თუ კანონიერი წარმომადგენელი დაარღვევდა მისი ქონებისადმი გულისხმიერების ვალდებულებას. თუ არასრულწლოვანი მემკვიდრის კანონიერი წარმომადგენელი არღვევს მის ქონებრივ უფლებებს და არ იღებს სამკვიდროს, მემკვიდრემ სრულწლოვანების მიღწევის შემდგომ უნდა დაიცვას საკუთარი ქონებრივი უფლებები.
10.7. სამკვიდროს მიღების კანონით გათვალისწინებული ვადის გადაცილების მიზეზის საპატიოობა გულისხმობს იმ ვადის საპატიობის შეფასებას, რითაც გადაცილებულია სამკვიდროს მიღებისათვის კანონით გათვალისწინებული ვადა. აღნიშნული მოსაზრება გამომდინარეობს თვითონ ტერმინის „ვადაგადაცილების“ განმარტებიდან. მითითებული ტერმინი გულისხმობს არა რაიმე ვადაში, არამედ ამ ვადის გასვლის შემდგომ პერიოდშიც არსებულ მდგომარეობას, ანუ ეს ეხება არა მხოლოდ სამკვიდროს მისაღებად დადგენილ ექვს თვეს, არამედ იმ პერიოდსაც, ვიდრე მხარემ მიმართა სათანადო ორგანოებს სამკვიდროს მიღების მოთხოვნით. იმის დასადგენად, გადააცილა თუ არა საპატიო მიზეზით მხარემ კანონით დადგენილ ვადას, უნდა შეფასდეს არა მხოლოდ სამკვიდროს მისაღებად დადგენილ დროში სანოტარო ორგანოსთვის მიმართვის ან ქონების დაუფლების შეუძლებლობის ფაქტი, არამედ იმ ვადის საპატიოობაც, რომლითაც მან გადააცილა ამ მოქმედებათა განხორციელების ვადას. ამასთან, როცა სასამართლოში სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების საკითხი იხილება, იგულისხმება, რომ სხვა მემკვიდრეებმა გასულ ექვსთვიან ვადაში უკვე მიიღეს სამკვიდრო, შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, არ ნიშნავს დამატებითი ვადის დანიშვნას.
10.8. ვადის გაშვების საპატიოობაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს კანონიერი წარმომადგენლის დამოკიდებულება არასრულწლოვანთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიმართ. კანონიერი წარმომადგენლის მიერ საკუთარი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება ან უფლებამოსილების უკანონო გამოყენება შეიძლება გახდეს არასრულწლოვნის მიერ გაშვებული სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენის საფუძველი.
10.9. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ლ.ქ–მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სამკვიდროს ვადის გადაცილების საპატიოდ მიჩნევის თაობაზე სარჩელით 2016 წლის იანვარში, შემდეგ კი 16 მარტს მიმართა. ლ.ქ–ი სრულწლოვანი გახდა 2015 წლის 15 ივლისს. ამ თარიღიდან მხოლოდ ორი თვის გასვლის შემდეგ მოსარჩელე ჩააირიცხა სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ბუნებრივია, ჩარიცხვა მოხდებოდა გარკვეული შემოწმებების საფუძველზე, რაც განხორციელდებოდა სრულწლოვანების მიღწევის შედეგ, რაც მეტად მცირე დროს - 2 თვეს შეადგენს. ამასთან, პალატამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია საქმეში წარმოდგენილ მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულ სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირთან გაფორმებულ 2015 წლის 13 სექტემბრის №896 კონტრაქტზე, რომლის მიხედვითაც (პრეამბულა), კონტრაქტორი აცნობიერებდა იმ გარემოებას, რომ საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისად დაშვებული იყო მისი, როგორც სამხედრო მოსამსახურის, სამოქალაქო უფლებების და თავისუფლებების ნაწილობრივ შეიზღუდვა, აგრეთვე განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს დაქვემდებარება. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ 2023 წლის 11 ივლისის სხდომაზე, მოსარჩელის განმარტებით, მას კონტრაქტის საფუძველზე შეზღუდული ჰქონდა მთელი რიგი უფლებები, მათ შორის ტერიტორიის დატოვება და მობილური ტელეფონით სარგებლობა. ხსენებული გარემოება მოპასუხის მიერ შედავებული და გაქარწყლებული არ ყოფილა.
10.10. ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღების ვადა გაშვებულია საპატიო მიზეზით. აქედან გამომდინარე, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს საბოლოო დასკვნა სარჩელის საფუძვლიანობაზე.
10.11. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა აპელანტის იმ პოზიციაზე, რომ მამკვიდრებლის ბოლო საცხოვრებელ ადგილს არ წარმოადგენდა თბილისში, ........... მდებარე საცხოვრებელი ბინა და შესაბამისად, მოსარჩელე არ დაუფლებია მამკვიდრებლის ქონებას, რადგან ლ.ქ–ი განქორწინებული იყო მეუღლესთან და ცხოვრობდა მის შვილთან, სრულიად სხვა მისამართზე. სააპელაციო პალატამ აღნიშნულის საწინააღმდეგო დასკვნის გაკეთების საფუძვლად მიიჩნია თვით სააპელაციო საჩივარი. აპელანტის მითითებით, მამკვიდრებელი მეუღლესთან იყო განქორწინებული. იგი იყო მძიმე ავადმყოფი და ცხოვრობდა ლ.ქ–თან, რომელსაც ლ.ქ–ი პერიოდულად მიჰყავდა ორთაჭალაში შვილიშვილების სანახავად (ციტირებულია სააპელაციო საჩივრიდან). ამრიგად, თავად მოპასუხე აღიარებდა, რომ მამკვიდრებელს კავშირი არ ჰქონდა გაწყვეტილი .......... სახლთან. იგი, როგორც აპელანტი აღნიშნავს, „მიდიოდა .......... ბინაში“ შვილიშვილების მოსანახულებლად, რაც სააპელაციო პალატამ არასარწმუნო განმარტებად მიიჩნია იმ პირობებში, როდესაც თვით აპელანტი მიუთითებდა ლ.ქ–ის მძიმე ავადმყოფობაზე, რა დროსაც, მეტად ლოგიკური იქნებოდა შვილიშვილების მონახულება თვით მამკვიდრებლის საცხოვრებელ ადგილას, მით უფრო, რომ .......... №25-ში მდებარე ბინაში ცხოვრობდა მამკვიდრებელთან განქორწინებული მეუღლეც, რაც უსიამოვნო ემოციის გამომწვევი უნდა ყოფილიყო მძიმე ავადმყოფი მამკვიდრებლისათვის.
10.12. აღნიშნულის საპირწონედ, პალატამ დაადგინა, რომ განქორწინების შემდეგაც ლ.ქ–ი ცხოვრობდა .......... ქ. №25-ში მდებარე ბინაში, რაც დადასტურებულია მოწმეების - ზ.პ–ისა და ე.კ–ას ჩვენებებითაც, ამავდროულად, იმ გარემოებით, რომ ხსენებულ მისამართზე ლ.ქ–ი დარეგისტრირდა განქორწინებიდან 9 წლის შემდეგ (1995 წელს) და რეგისტრირებული იყო 14 წლის განმავლობაში, გარდაცვალების მომენტამდე.
10.13. სადავოდ არ გამხდარა ის გარემოებაც, რომ ლ.ქ–ს ჰქონდა შემოსავალი, იგი ახდენდა ტყავის ნაწარმის რეალიზაციას, შესაბამისად, პრეზუმირებულად იქნა მიჩნეული, რომ საცხოვრებელ ბინაში, რომელშიც მამკვიდრებელი წლების განმავლობაში ცხოვრობდა, განთავსებული იქნებოდა მისი (მამკვიდრებლის) კუთვნილი საოჯახო ნივთებიც, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ აღნიშნული ნივთების მესაკუთრეს ლ.ქ–ი ან ყ.ო–ვი წარმოადგენდნენ. ვინაიდან ამავე ბინაში, როგორც მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე, ისე მისი გარდაცვალების შემდეგ, ასევე ცხოვრობდა მოსარჩელე დედასთან და ძმასთან ერთად, დადასტურებულად ჩაითვალა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე ბებიის გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა იმ სამკვიდრო ქონებას, რომელიც თბილისში, ........ ქუჩა №25-ში მდებარე ბინაში იყო განთავსებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაასკვნა, რომ ლ.ქ–ი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა სამკვიდროს, რაც სარჩელის დაკმაყოფილების კიდევ ერთ, დამოუკიდებელ, საფუძველს წარმოადგენდა.
11. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი დასაბუთებით:
11.1. სასამართლომ უაპელაციოდ დაადგინა, რომ მემკვიდრემ ქონება მიიღო ფაქტობრივი ფლობით, რის დასადასტურებლად საჭიროა, მამკვიდრებელსა და მემკვიდრეს ერთ სახლში ეცხოვრათ. აღნიშნულის უდავო მტკიცებულება კი, სასამართლოში არ წარდგენილა, არამედ, მარტოოდენ მოწმეთა ჩვენებაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ ლ.ქ–ი პირადად და ასევე, კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, დაეუფლა მამკვიდრებლის ნივთებს, თუმცა დაუფლება რაში გამოიხატება, რა ფორმით დაეუფლა, რა ნივთებს დაეუფლა, არაფერია ნათქვამი. ეს კი, არსებითი გარემოებაა და მტკიცებას საჭიროებს სსსკ-ის 102-ე მუხლის დაცვით. სასამართლომ მოწმეთა ჩვენებებითვე დაადგინა, რომ მამკვიდრებელი .......... ქ. №25-ში ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე, მუშაობდა ტყავის ნაწარმზე და ჰქონდა შემოსავალი. მუშაობისა და შემოსავლის ქონის ფაქტი კი, სახლში განთავსებული ნივთების მამკვიდრებლისადმი კუთვნილების პრეზუმფციას არ ქმნის, მით უფრო, რომ უცნობია, სად, რომელ წლებში მუშაობდა მამკვიდრებელი და რა ოდენობის შემოსავალი გააჩნდა მას. .......... ქ. №25-ში მდებარე სახლი, მასში განთავსებულ ნივთებთან ერთად, მეკვიდრეობით მიიღო ყ.ო–ვმა და ამის საპირისპირო მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარდგენილი არ არის, მამკვიდრებელს არაფერი შეუმატებია სახლში არსებული ნივთებისთვის.
11.2. სასამართლო მსჯელობს ლ.ქ–ის (მოსარჩელის ძმა) ქონებაზე პრეტენზიის არქონაზე და აცხადებს, რომ ეს წილი ეკუთვნის ლ.ქ–ს. საქმეში დაცული არ არის მტკიცებულება, რომელიც მოწმობს ლ.ქ–ის მიერ კუთვნილ წილზე უარის თქმას მოსარჩელის სასარგებლოდ, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. ამასთან, თუ მოსარჩელისთვის სადავოა ფაქტობრივი ფლობით მიღება, აღნიშნული სადავოდ ითვლება მეორე მემკვიდრისთვისაც, შესაბამისად, გადაწყვეტილება სადავო ქონების 1/2 მიკუთვნების ნაწილში უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლოს მითითების შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სარჩელი საფუძვლიანად ჩაითვლებოდა, სამკვიდრო ქონების 1/4 წილზე უფლების საკითხი ღიად უნდა დარჩენილიყო.
11.3. სასამართლო გასცდა დავის საგანს და დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მიუთითებელი, სასამართლო სხდომაზე გამოუკვლეველი, გარემოებები სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოობის შესახებ, ისე, რომ გაშვებული ვადის საპატიოდ ცნობისა და სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენის მოთხოვნა მოსარჩელეს არ ჰქონია, არამედ, მოსარჩელის მოთხოვნას, როგორც 2016 წლის იანვრის, ისე მარტის თვეში აღძრული სარჩელის შესაბამისად, წარმოადგენდა სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების დადგენა და სადავო ქონების 1/2 წილის მესაკუთრედ ცნობა. სააპელაციო პალატამ იმსჯელა ვადის გაშვების ჭრილში იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ მოითხოვა გაშვებული ვადის საპატიოდ ცნობა და რადგან მოსარჩელეს ასეთი სასარჩელო მოთხოვნა არ ჰქონია, მსჯელობაც და გადაწყვეტილებაც უკანონოა.
11.4. სასამართლო უთითებს 2015 წლის სექტემბრის №896 კონტრაქტზე და ხაზს უსვამს, რომ მოსამსახურეს, საქართველოს კანონმდებლობით, შესაძლებელია, ნაწილობრივ შეიზღუდოს მისი, როგორც სამხედრო მოსამსახურის სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები და აგრეთვე დაექვემდებაროს განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს. მოსარჩელე სრულწლოვანი გახდა 2015 წლის 15 ივლისს. ხელშეკრულება გაფორმდა 13 სექტემბერს, ესე იგი, სამხედრო სამსახურში მიღებამდე მას 2 თვე ჰქონდა სამკვიდროს მისაღებად, მაგრამ არანაირი ზომა არ მიუღია. ხელშეკრულებაში მითითება სამოქალაქო უფლების შესაძლო შეზღუდვაზე არ არის მტკიცებულება იმისა, რომ ხსენებული უფლება უცილობლად შეიზღუდა, არამედ, სწორედ მოსარჩელის სამტკიცებელია, რა ნაწილში, როდის და რა ვადით შეეზღუდა მას სამოქალაქო უფლებები.
11.5. სასამართლო გვერდს უვლის ხანდაზმულობის 6 წლიან ვადაზე მსჯელობას და ყურადღების მიღმა ტოვებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ მამკვიდრებლის გარდაცვალებისთანავე იცოდა მემკვიდრეობის მიღების შესახებ, მაგრამ 7 წლის განმავლობაში საერთოდ არ დაინტერესებულა მემკვიდრეობის მიღებით და მასზე შედავებით. დარღვეულია სსკ 1450-ე მუხლით დადგენილი ორთვიანი ვადაც, ვინაიდან საქმის მასალებიდან უდავოდ დასტურდება, რომ მოსარჩელე სარჩელზე დასართავ მასალას აგროვებდა დედამისის, ვ.ჟ–ას დახმარებით. ვ.ჟ–ამ 2015 წლის 22 დეკემბერს წარადგინა განცხადება საჯარო რეესტრში სადავო ბინაზე ამონაწერის გამოთხოვის შესახებ, რომელიც 1 დღეში მზადდება, ანუ, 2015 წლის 23 დეკემბერს მოსარჩელემ იცოდა, მემკვიდრეობითი საფუძვლით სადავო ქონების მოპასუხეზე აღრიცხვის შესახებ, მაგრამ სარჩელი წარადგინა 2016 წლის მარტში.
11.6. სასამართლო უთითებს, რომ რადგან მემკვიდრე არასრულწლოვანი იყო და კანონიერმა წარმომადგენელმა - დედამ არ იმოქმედა მისი ქონებრივი ინტერესის დასაცავად, სამკვიდროს გაშვების ვადა საპატიოა და მისი ათვლა სრულწლოვანების ასაკის მიღწევიდან უნდა მოხდეს. აღნიშნულ დასკვნას არ ეთანხმება კასატორი და მიიჩნევს, რომ წარმომადგენლობა კანონისმიერი იქნება თუ სახელშეკრულებო, წარმომადგენლის მოქმედება თუ უმოქმედობა უშუალოდ შეერაცხება წარმოდგენილ პირს.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლ.დ დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
16. სააპელაციო სასამართლოს სარჩელი დაკმაყოფილებული აქვს ორ განსხვავებულ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით - პირველ რიგში, იმიტომ, რომ მოსარჩელის მიერ სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადაში ბებიის დანაშთი ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების გარემოებას დადგენილად მიიჩნევს და ამ თვალსაზრისით, დადასტურებულად მიიჩნევს რომ: (ა) მოსარჩელე მემკვიდრე და მამკვიდრებელი ერთსა და იმავე საცხოვრებელ ბინაში ცხოვრობდნენ, რომელში ცხოვრებაც, სამკვიდროს გახსნის შემდეგ, განაგრძო მოსარჩელემ ოჯახის სხვა წევრებთან ერთად; (ბ) საცხოვრებელ ბინაში განთავსებული იყო მამკვიდრებლის კუთვნილი საოჯახო ნივთები; (გ) ხსენებულ ნივთებს დაეუფლა მოსარჩელე როგორც პირადად, ისე კანონიერი წარმომადგენლის - დედის მეშვეობით; სარჩელის დაკმაყოფილების მეორე, თვითკმარ საფუძვლად სააპელაციო პალატას მიჩნეული აქვს მოსარჩელის მიერ სამკვიდროს მიღების 6 თვიანი ვადის გაშვების საპატიოობა არასრულწლოვნებისა და სამხედრო სამსახურში მსახურების გამო.
17. საკასაციო პალატა, უწინარესად, შეაფასებს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების გარემოების დადგენის მართლზომიერებას, ვინაიდან აღნიშნული სამემკვიდრეო საფუძელზე საკუთრების უფლების მოპოვების ჩვეულებრივი საშუალებაა, ხოლო შემდგომ ეტაპზე შეაფასებს სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილების საპატიოდ მიჩნევის ინსტიტუტის, როგორც სამემკვიდრეო საფუძველზე საკუთრების მოპოვების საგამონაკლისო საშუალების, წინამდებარე დავაზე გამოყენების შესაძლებლობას.
18.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306.1 მუხლის შესაბამისად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით; დასახელებული მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ კანონით მემკვიდრეობა – გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. სსკ 1307-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან.
18.2. სსკ 1336-ე მუხლის შესაბამისად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა.
18.3. სსკ 1421-ე მუხლის თანახმად, 1. სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე; 2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო; 3. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
18.4. სამკვიდროს მიღების უფლების განხორციელება შეიძლება მოხდეს როგორც ნების პირდაპირი გამოვლენის საფუძველზე, როდესაც მემკვიდრე სანოტარო ორგანში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ, ისე კონკლუდენტური (ფაქტობრივი) მოქმედებებით, კერძოდ, როცა მემკვიდრე შეუდგა სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, რაც ადასტურებს მემკვიდრის სურვილს სამკვიდროს მიღების თაობაზე. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა, მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მართვა, მოვლა და სხვა (იხ. სუსგ. №ას-773-740-2016 08.05.2017წ.; №ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ.).
18.5. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მამკვიდრებელი ლ.ქ–ი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ქ.თბილისში, .......... ქუჩა №25-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მათ შორის, მოსარჩელე ლ.ქ–თან, მის ძმასთან, რძალთან - ვ.ჟ–ასთან და ყ.ო–ვთან ერთად. ხსენებული გარემოების დადგენისას, სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ არგუმენტებთან ერთად, საგულისხმოა შესაგებელთან ერთად წარმოდგენილი, თუმცა სათანადო შეფასებას დაუქვემდებარებელი წერილობითი ახსნა-განმარტება, რომელშიც, თავად .......... №25-ში მდებარე ქონების მესაკუთრე და, 1986 წლამდე მამკვიდრებელ ლ.ქ–თან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ყ.ო–ვი მიუთითებს, რომ „...ეს ურთიერთობა მალე დაუმთავრებელ კონფლიქტში გადავიდა და რძალ-დედამთილი ერთმანეთს ვეღარ გუობდა. მალე ბავშვებიც წამოიზარდნენ და დედის მხარე დაიჭირეს. ჩემი მეუღლე ამაზე კიდევ უფრო მეტად გაღიზიანდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩემს მეორე შვილს, ლ.ქ–ს მეუღლემ სთხოვა ყველა ღონე ეხმარა და რძალი გაესახლებინა. რომ აღარ უნდოდა მისი ყურება, ვეღარ უძლებდა და არ უნდოდა ამდენი სირცხვილის ატანა...ამიტომაც გადაწყვიტა მეუღლემ არც მათთვის არაფერი მიეცა. ასე დეტალურად იმიტომ ვიცი, რომ ამ ყველაფრის მომსწრე ვიყავი და მომსწრე ვარ ახლაც. დღე არ გავიდოდა, რომ ერთმანეთთან ამ თემაზე არ გვესაუბრა მე და ჩემს მეუღლეს, რადგან მათ, რძალ-დედამთილს, სულ კამათი ჰქონდათ...გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე, მძიმე მწოლიარე ავადმყოფ ჩემს მეუღლეს ვ. და გ.ჟ–მა (ვ–ას დედა) სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მე-2 დღეს მეუღლე საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მე-3 დღეს სამწუხაროდ გარდაიცვალა. ჩხუბის შემდეგ მეუღლე გახდა ცუდად და დავურეკეთ ლ–ს დასახმარებლად. ლ. რომ მოვიდა, მეუღლემ უთხრა, რაც გინდა მოახერხე და ვ–ა სახლიდან გააგდე, მე ამის ატანა აღარ შემიძლიაო. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კიდევ კარგა ხანი ვითმენდი ვ–ას საქციელებს და საბოლოოდ იმით დამთავრდა ეს ყველაფერი, რომ მეც მივიღე გადაწყვეტილება, დავეთანხმე გარდაცვლილი მეუღლის გადაწყვეტილებას და სახლი ვაჩუქე ლ.ქ–ს, რათა გაასახლოს რძალი...“
18.6. დასახელებულ წერილში ყ.ო–ვი აღწერს რძალთან მისი და ლ.ქ–ის თანაცხოვრების დეტალებს, არსებულ კონფლიქტებს, მამკვიდრებლის სურვილს, ხსენებული ბინიდან გაესახლებინათ მოსარჩელის დედა; მძიმე, მწოლიარე ავადმყოფ მამკვიდრებელსა და რძალს შორის მომხდარ კონფლიქტს და დასახმარებლად მოპასუხის მოხმობის ფაქტებს და ა.შ..
18.7. საგულისხმოა ისიც, რომ ლ.ქ–ის სასარგებლოდ გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში სამკვიდროს გახსნის ადგილად დასახელებულია სწორედ თბილისი, .......... ქ. №25 (იხ. ტ.1, ს.ფ. 44), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1324.1 მუხლის შესაბამისად კი, სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო, თუ იგი ცნობილი არ არის, – სამკვიდროს ადგილსამყოფელი. დადგენილია, რომ თბილისში, .......... ქ. №25-ში მდებარე ბინა ლ.ქ–ის სამკვიდრო ქონება არ ყოფილა, ვინაიდან იგი ეკუთვნოდა ჯერ ყ.ო–ვს, შემდეგ კი, ჩუქების საფუძველზე, საკუთრებაში მიიღო ლ.ქ–მა, ამდენად, სამკვიდროს გახსნის ადგილად დასახელებული მისამართის მითითებით სამკვიდრო მოწმობის მიღების მსურველმა ლ.ქ–მა სსკ 1324.1 მუხლის შესაბამისად, სწორედ ის ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა, რომ თბილისი, .......... ქ. №25 წარმოადგენდა მამკვიდრებლის საცხოვრებელ ადგილს.
18.8. ამავდროულად, საქმეში მოწმედ დაკითხული ზ.პ–ი და ე.კ–ია ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ, რომ ლ.ქ–ი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა სწორედ ზემოაღნიშნულ მისამართზე.
18.9. პალატა მხედველობის მიღმა ვერ დატოვებს იმ გარემოებას, რომ ლ.ქ–ი თბილისში, .......... ქ. №25-ში, ყოფილი მეუღლის - ყ.ო–ვის საკუთრებაში, დარეგისტრირდა 15.07.1995 წელს, ესე იგი, განქორწინების რეგისტრაციიდან 9 წლის შემდეგ და უწყვეტად იყო მისამართზე რეგისტრირებული გარდაცვალების მომენტამდე. არადამაჯერებელია, პირი ისე დარეგისტრირებულიყო მრავალი წლის განქორწინებული მეუღლის მისამართზე, რომ რეგისტრაციის ფაქტისათვის ზურგი არ გაემაგრებინა ხსენებულ მისამართზე ცხოვრების ფაქტსაც, მით უფრო, რომ 2000 წლიდან მოყოლებული, ლ.ქ–ს საკუთრებაში გააჩნდა სადავო საცხოვრებელი ბინა (მდებარე: თბილისი, ..........) და თუკი ყოფილი მეუღლის მისამართზე რეგისტრაციას მარტოოდენ ფორმალური დანიშნულება ჰქონდა, მამკვიდრებელს 2000 წლიდან არაფერი ზღუდავდა, რეგისტრირებულ მისამართად დაეფიქსირებინა თავისივე უძრავი ნივთის მისამართი.
19. ამრიგად, საკასაციო პალატა არ იზიარებს მამკვიდრებლის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის დადგენის ნაწილში წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიას.
20.1. რაც შეეხება სამკვიდროს ფაქტობრივად მიღების გარემოებას, სარჩელის თანახმად, ქ.თბილისში, .......... №25-ში განთავსებული მოძრავი, საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის ე.წ. ,,დესაუ“, „გორკა“, მაგიდა, 4 სკამი, 2 ცალი საძინებელი საწოლი, ტანსაცმლის ორი კარადა, 2 ტუმბო, 2 ცალი დივანი და ჭაღი, ეკუთვნოდა სწორედ ლ.ქ–ს, რომელსაც, მისი გარდაცვალების შედეგ, დაეუფლა, მათ შორის, ლ.ქ–ი.
20.2. საკასაციო პალატის განსჯით, ხსენებული ნივთების მამკვიდრებლისადმი კუთვნილება წინამდებარე დავაში დადასტურებული არ არის - მოპასუხე უარყოფს ნივთების დედისადმი კუთვნილებას, მოწმედ დაკითხული მეზობლები ვერ ადასტურებენ ამავე ნივთების ლ.ქ–ის მიერ შეძენის ფაქტს. ამავდროულად, საგულისხმოა, რომ ქ.თბილისში, .......... ქ. №25-ში მდებარე ბინა ყ.ო–ვის მიერ მემკვიდრეობის საფუძველზე მიღებული ნივთია, თავად ზემოთხსენებული საყოფაცხოვრებო ნივთები კი, სამართლებრივი დანიშნულების მიხედვით, სსკ 151.1 მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის საკუთვნებელს წარმოადგენს, შესაბამისად, მათი კუთვნილება პრეზუმირებულია უძრავი ნივთის მესაკუთრის სასარგებლოდ. აღნიშნული პრეზუმფციის გაქარწყლება კი, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო.
20.3. აღნიშნულის მიუხედავად, დადგენილია, რომ მამკვიდრებელი და მემკვიდრე ერთ ოჯახად ცხოვრობენ ქ.თბილისში, .......... №25-ში მდებარე ბინაში და მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგაც, მოსარჩელე უწყვეტად განაგრძობს ხსენებულ მისამართზე ცხოვრებას. ამავდროულად, სამკვიდროს გახსნიდან 3 თვის შემდეგ, ესე იგი, სამკვიდროს მიღების 6 თვიანი ვადის ამოწურვამდე, ლ.ქ–ი დარეგისტრირდა იმავე მისამართზე, რომელზედაც სამკვიდროს გახსნამდე რეგისტრირებული იყო მამკვიდრებელიც. მარტოოდენ აღნიშნული გარემოებაც კი, ისე, რომ არ იდენტიფიცირდეს კონკრეტული ნივთები, რომლებიც მამკვიდრებელს ეკუთვნოდა და რომელსაც მოსარჩელე დაეუფლა, იძლევა სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების შემადგენლობას. აღნიშნული პრეზუმფციის დაშვების სამართლებრივ საფუძველს კი, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანების 85.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც, სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი შეიძლება დადგინდეს იმ ფაქტით, რომ მამკვიდრებელსა და მემკვიდრეს სამკვიდროს გახსნიდან სამკვიდროს მიღების ვადის ამოწურვამდე დროის თუნდაც მცირე მონაკვეთში ჰქონდა ერთი და იგივე რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილი. ამასთანავე, ეს ნორმა მოქმედებს მიუხედავად იმისა, რა უფლებრივი მიმართება ჰქონდა მამკვიდრებელს ან რა უფლებრივი მიმართება აქვს მემკვიდრეს იმ ბინის/სახლის მიმართ, რომელშიც იყვნენ ისინი რეგისტრირებულნი. ამ შემთხვევაში ივარაუდება, რომ მემკვიდრე ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო მასაში შემავალ მოძრავ ნივთებს ან სამკვიდრო მასაში შემავალ ბინას/საცხოვრებელ სახლს, რომელშიც ამ ქვეპუნქტის პირველ წინადადებაში მითითებულ დროის მონაკვეთში რეგისტრირებულნი იყვენენ მემკვიდრე და მამკვიდრებელი.
20.4. შეუძლებელია, სრულწლოვანი პირი კონკრეტულ მისამართზე, სულ მცირე, 14 წლის (1995 წლიდან 2009 წლამდე) განმავლობაში ისე ცხოვრობდეს, რომ გარკვეული დოზით მაინც არ მონაწილეობდეს საერთო საოჯახო დოვლათის შექმნაში, რომლით სარგებლობასაც ოჯახი მისი გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს. მამკვიდრებლის შემოსავლებთან დაკავშირებულ პრეტენზიას კი, სულ მცირე, ის ფაქტი აქარწყლებს, რომ 10.05.1940 წელს დაბადებული ლ.ქ–ი გარდაცვალების მომენტამდე თითქმის 9 წლის განმავლობაში, სახელმწიფო პენსიის მიღებაზე უფლებამოსილი პირი იყო (იმ დროს მოქმედი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5-მე-6 მუხლების შესაბამისად) რის გამოც, საერთო საოჯახო ქონებრივი სიკეთის შექმნაში მისი მონაწილეობა გარკვეული დოზით მაინც, პრეზუმირებულია, მით უფრო, რომ ხსენებულ ოჯახში ამ პერიოდში მცხოვრები სხვა სრულწლოვანი პირების - ყ.ო–ვისა და ვ.ჟ–ას დასაქმების ან/და სხვა რაიმე შემოსავლის ქონის ფაქტი დადასტურებული არ არის.
21. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ნაწილში სააპელაციო პალატის მსჯელობას, ხოლო ამ გარემოების წინააღმდეგ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზია მიაჩნია დაუსაბუთებლად. ამ მოცემულობაში, მართალია, დამატებით აღარ ვლინდება სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილების საპატიოობაზე დამატებითი მსჯელობის საფუძველი, თუმცა საკასაციო პრეტენზიის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორს, რომ სამკვიდრო ქონებაზე მიკუთვნებითი მოთხოვნის არსებობისას სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილების საპატიოდ ცნობა არა სარჩელის საგანია, არამედ სარჩელის საფუძველი, შესაბამისად, ვადაგადაცილების საპატიოდ ცნობაზე აღიარებითი მოთხოვნის დამოუკიდებლად წარდგენა აუცილებელი პირობა არ არის სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების განმაპირობებელი ფაქტორების საპატიოობის შესაფასებლად, არამედ იგი განიხილება ფაქტობრივ საფუძვლად, რომელიც მიკუთვნებითი მოთხოვნის წინაპირობების შესწავლისას უნდა დადგინდეს, თუკი მემკვიდრე საკუთარ სარჩელში უთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სსკ 1426.1 მუხლიდან გამომდინარე, საპატიო მიზეზად შეიძლება, იქნეს განხილული. ამის ნათელი მაგალითია საქმეები, სადაც სახელდებით სამიკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოდ ცნობა დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენს, არამედ, სამკვიდრო ქონების მიკუთვნების მოთხოვნის საფუძვლიანობის შესაფასებლად, სარჩელში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მსჯელობს ვადის გაშვების საპატიოობაზეც (მრავალთა შორის, იხ. სუსგ. №ას-1092-2020 22.01.2021წ.; №ას-283-268-2017, 07.07.2017წ.).
22.1. რაც შეეხება სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენის საკითხს, პალატა მიუთითებს სსკ 1424.1 მუხლზე, რომლის შესაბამისადაც, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.
22.2. მხარეთა შორის სადავო არაა, რომ სამკვიდროს მიღების 6-თვიან დროის ინტერვალში მოსარჩელე არასრულწლოვანი (12 წლის) იყო. ასეთ შემთხვევაში კი, სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოწესრიგების თანახმად, მემკვიდრე სამკვიდროს იღებს მისი კანონიერი წარმომადგენლის საშუალებით (სსკ-ის 1422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 1. ქმედუუნარო და შეზღუდულქმედუნარიანი პირები სამკვიდროს იღებენ თავიანთი კანონიერი წარმომადგენლების მეშვეობით).
22.3. არასრულწლოვანი მემკვიდრის ინტერესების დაცვასთან მიმართებით სამოსამართლო სამართლის ფარგლებში დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით, (იხ. სუსგ. №ას-283-268-2017, 07.07.17წ.; №ას-4-4-2016, 11.07.16წ.; №ას-177-167-2011; 07.07.11წ.) კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის სამკვიდრო ქონებისადმი გულისხმიერების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში სამკვიდროს მიღების ვადა სრულწლოვანების ასაკის მიღწევიდან აითვლება.
22.4. დადგენილია, რომ მოსარჩელის კანონიერ წარმომადგენელს - დედას, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის არასრულწლოვნ(ებ)ის სასარგებლოდ სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით, არამედ, ამგვარი განაცხადი ნოტარიუსის წინაშე, მოსარჩელის დედამ, როგორც მინდობილობის საფუძველზე მოქმედმა წარმომადგენელმა, მხოლოდ შვილის სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ წარადგინა, სახელდობრ, დადგენილია, რომ 02.02.2016 წელს ვ.ჟ–ას, ლ.ქ–ის დანაშთ ქონებაზე ლ.ქ–ის სასარგებლოდ სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე ნოტარიუსის მიერ ეთქვა უარი, ვინაიდან მასზე უკვე გაცემული იყო სამკვდრო მოწმობა კანონისმიერი მემკვიდრის სასარგებლოდ.
22.5. საქმის გარემოებებიდან ნათელია, რომ არასრულწლოვან ლ. და ლ.ქ–ებს იმგვარი ქონებრივი მდგომარეობა არ გააჩნდათ, რომ გამართლებულიყო მშობლის უმოქმედობა არასრულწლოვანთა სამემკვიდრეო უფლების რეალიზაციის პროცესში. მათ და არც მათ კანონიერ წარმომადგენელს არ გააჩნდათ უძრავი ქონება ან სხვა რაიმე მნიშვნელოვნად ფასეული მატერიალური აქტივი, ამავდროულად, საქმის გარემოებიდან არ დგინდება, რომ სამკვიდრო ქონების მიღებას, შესაძლოა, არასრულწლოვნებზე მამკვიდრებლის პასივის გადასვლის რისკი დაეფუძნებინა და რომ კანონიერი წარმომადგენლის უმოქმედობა, შვილების შესაძლო პასუხისმგებლობისგან დასაცავად, გაცნობიერებულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა. ამ მოცემულობაში, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მშობლის უმოქმედობა, რაც ლ.ქ–ის სასარგებლოდ სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე ნოტარიუსის წინაშე განცხადების წარუდგენლობაში გამოიხატა, არასრულწლოვნის ქონებრივი უფლების ხელყოფის აქტს წარმოადგენდა.
22.6. ამ მოცემულობაში კი, საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სამკვიდროს მიღების ვადის გაშვება მიიჩნევა საპატიოდ და მისი ათვლა მოსარჩელის მიერ სრულწლოვანების ასაკის მიღწევის მომენტიდან უნდა დაიწყოს.
22.7. დადგენილია, რომ ლ.ქ–ი 15.07.1997 წელს არის დაბადებული, მაშასადამე, იგი სრულწლოვანი 15.07.2015 წელს შესრულდა, მაშასადამე, სამკვიდროს მიღების ვადა მას 15.01.2016 წლამდე გააჩნდა. დადგენილია, რომ სამკვიდრო ქონებაზე პირველი პრეტენზია მემკვიდრემ 12.01.2016 წელს დააფიქსირა, როდესაც სასამართლოს წარუდგინა სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ სადავოდ ხდიდა სამკვიდრო მოწმობის მარტოოდენ ლ.ქ–ზე გაცემის ფაქტს და აპირებდა სამკვიდრო ქონების ½-ის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით სარჩელის აღძვრას, რისთვისაც ითხოვდა სადავო წილის დაყადაღებას, რაც დაკმაყოფილდა კიდეც სასამართლო განჩინების ძალით. აღნიშნულის შედეგად კი, ლ.ქ–მა მოიპოვა დამატებით 10-დღიანი ვადა სარჩელის აღსაძრავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192.2 მუხლიდან გამომდინარე, რაც, დადგენილია, რომ დაცულია, სახელდობრ, ლ.ქ–ის სარჩელი ლ.ქ–ის მიმართ, ლ.ქ–ის სამკვიდრო ქონების თანამესაკუთრედ ცნობაზე სასამართლოს 20.01.2016 წელს წარედგინა კიდეც, რომელიც სასამართლომ განსახილველად არ მიიღო (იხ. ტ.1, ს.ფ. 50-60).
22.8. საქართელოს სამოქალაქო კოდექსის 140.1 მუხლის შესაბამისად, 1. სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. 2. თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.
22.9. დადგენილია, რომ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის განჩინების გამოტანიდან 6 თვის ვადაში, სახელდობრ, 16.03.2016 წელს, მოსარჩელემ აღძრა განმეორებითი სარჩელი, შესაბამისად, საკასაციო პალატას სამკვიდროს მიღების უფლება რეალიზებულად მიაჩნია 12.01.2016 წლიდან, ესე იგი, მომენტიდან, როდესაც ლ.ქ–მა სამემკვიდრეო უფლების დაცვისა და აღდგენის მიზნით, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება გამოიყენა. ამრიგად, მემკვიდრეობის მიღების 6-თვიანი ვადა, რომელიც სრულწლოვანების მიღწევის ასაკიდან აითვლებოდა, საკასაციო პალატის განსჯით, დაცულია, რის გამოც, მოსარჩელის სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდის საპატიოობაზე დამატებითი მსჯელობის წარმართვის საჭიროება არ არსებობს.
22.10. შეჯამების სახით, უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მოსარჩელის მიერ მემკვიდრეობის მიღების დასკვნას, თუმცა აღნიშნულის არარსებობის დაშვების შემთხვევაშიც, სამკვიდრო უფლება რეალიზებულია კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში, რაც, როგორც აღინიშნა, კანონიერი წარმომადგენლის უმოქმედობის, როგორც სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილების საპატიოობისას, არა სამკვიდროს გახსნიდან, არამედ, სამემკვიდრეო უფლებახელყოფილი არასრულწლოვანი მემკვიდრის შემთხვევაში, მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის მომენტიდან უნდა აითვალოს.
23.1. რაც შეეხება ლ.ქ–ისათვის მიკუთვნებული წილის მიმართ წამოყენებულ საკასაციო პრეტენზიას, პალატა შენიშნავს, რომ ლ.ქ–ის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ პირველი რიგის მემკვიდრეები (შვილები) - ლ.ქ–ი და ე.ო–ი, შესაბამისად, მათი წილობრივი მონაწილეობა სამკვიდრო ქონებაში შეადგენდა ½-½ ნაწილს. დადგენილია, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტში ე.ო–ი ცოცხალი აღარ იყო, შესაბამისად, მის შვილებს ბებიის ქონებაზე გააჩნდათ წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლება, მაგრამ, ცხადია, მამის სამკვიდრო წილის ფარგლებში. დადგენილია, რომ მოცემულ ეტაპზე, ე.ო–ის წარმომადგენლობითი სამემკვიდრეო უფლება განხოციელებულია მხოლოდ ლ.ქ–ის მიერ. დადგენილია ისიც, რომ მის ძმას, ლ.ქ–ს, მოცემულ ეტაპზე სამემკვიდრეო მოთხოვნის უფლების რეალიზება ბებიის დანაშთ ქონებაზე მოთხოვნილი არ აქვს არც სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების, არც სამკვიდრო მოწმობის მიღებისა და არც სამკვიდროს მიღების ვადის საპატიო მიზეზით დარღვევაზე აპელირების გზით, იმის მიუხედავად, რომ წინამდებარე განჩინების გამოტანის მომენტისათვის იგი სრულწლოვანი (25 წლის) არის.
23.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421.3 მუხლის შესაბამისად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. სამოქალაქო კოდექსი მხარს უჭერს სამკვიდროს მთლიანად განაწილების და არ მისი ცალკეული ნაწილების ღიად დატოვების იდეას. აღნიშნული იმით აიხსნება, რომ ქონება ღიად დარჩენილი, გაურკვეველი უფლებრივი მდგომარეობის გამო, პრაქტიკულად ეთიშება სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილეობის შესაძლებლობას და იგი ბრუნვაუნარიანი ობიექტის სტატუსს კარგავს, რაც გაუმართლებელია. აღნიშნულის გამოხატულებაა ისიც, მემკვიდრეს, რომელსაც, სხვა მემკვიდრეთა არსებობისას, მხოლოდ საკუთარი წილის კვალობაზე აქვს სამკვდრო მოწმობა მიღებული, უნარჩუნდება უფლება, მოითხოვოს ღიად დარჩენილი წილის ხარჯზე საკუთარი სამემკვიდრეო წილის ზრდა იმ შემთხვევისათვის, თუ სხვა მემკვიდრეებს სამკვიდრო დადგენილი წესებისა და ვადების შესაბამისად, მიღებული არ აქვთ. აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი კი, სწორედ სსკ 1421.3 მუხლი და სსკ 1337-ე მუხლებია (წინა რიგის თუნდაც ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას) (იხ. სუსგ. №ას-73-67-2015 06.04.2015წ.).
23.3. ნათელია, რომ ბებიის ქონებაზე წარმომადგენლობითი მემკვიდრეობის უფლება, გარდაცვლილი მამის ½ ნაწილის ფარგლებში, არსებული მდგომარეობით, რეალიზებული აქვს მარტოოდენ მოსარჩელეს. ამდენად, ვიდრე პოტენციური სხვა მემკვიდრე, რომელსაც იმავე დონის სამემკვიდრეო უფლება გააჩნდა, დაამტკიცებს ამ უფლების რეალიზების ფაქტს, მოსარჩელის სასარგებლოდ პრეზუმირებულია, რომ ბებიის დანაშთი ქონებიდან სამკვიდრო მთლიანად მიღებული აქვს, ცხადია, მამის წილის, ესე იგი, ½-ის კვალობაზე. თუკი ლ.ქ–ი აღნიშნულ ვარაუდს არ დაეთანხმება, მას, ცხადია, უფლება აქვს, შეეცილოს იმავე დონის - წარმომადგენლობითი უფლებით მემკვიდრის - წილის ოდენობას და დაამტკიცოს, რომ მამის წილის კვალობაზე სამემკვიდრეო უფლება რეალიზებული აქვს არა ერთპიროვნულად ლ.ქ–ს, არამედ მასაც, რაც განაპირობებს წინამდებარე საქმეში ლ.ქ–ისთვის სამკვიდრო ქონებიდან მიკუთვნებული წილის ცვლილებას (შემცირებას). საკითხის ამგვარად გადაწყვეტა არ ხელყოფს ლ.ქ–ის საკუთრების უფლებას, ვინაიდან თეორიულად ღიად დასატოვებელ წილზეც კი, მას სამემკიდრეო უფლება არ გააჩნია - მისი წილი დედის დანაშთ ქონებაში, როგორც აღინიშნა, შემოფარგლულია ½ ნაწილით, დანარჩენ ½ ნაწილზე კი, ე.ო–ის წილის ფარგლებში, სამემკვიდრეო უფლება რეალიზებულია, რაც გამორიცხავს კასატორის წილის სამომავლოდ გაზრდის შესაძლებლობას.
24. ხანდაზმულობის პრეტენზიასთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 09 თებერვლის განჩინების ძალით, სასარჩელო ხანდაზმულობის არგუმენტი სრულად უარყოფილია (იხ. ამავე განჩინების 23-ე პუნქტი), ამდენად, მოცემული საკასაციო საჩივრის ფარგლებში ხანდაზმულობის ფაქტის ხელახალ კვლევას საკასაციო პალატა აღარ შეუდგება.
25.1. ამრიგად, კასატორის მიერ წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიებს არ შესწევთ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი დასკვნების გაქარწყლების ძალა. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
25.2. ამავდროულად, კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
25.3. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
25.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო ეტაპზე კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 1250 ლარს, საიდანაც, საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის გამო, მას უნდა დაუბრუნდეს 70%, რაც 875 ლარს შეადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ქ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ლ.ქ–ს (პ/ნ .........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1250 ლარის (საგადახდო დავალება №19277139236, გადახდის თარიღი: 07.11.2023წ., გადამხდელის ბანკი ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 875 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი