19 დეკემბერი, 2025 წელი,
საქმე №ას-736 -2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „ჯ-ჯ.მ–ს“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - კ.ნ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - საიჯარო ქირის დაკისრება; ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ჯ-ჯ–სი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მოიჯარე ან შპს) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც კ.ნ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მეიჯარე) მოთხოვნა ქირის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - 6500 ლარის, საიდანაც - 6040 ლარი საიჯარო თანხა, ხოლო - 460 ლარი პირგასამტეხლოა, გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; საიჯარო ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს; მოპასუხეს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად ზიანის - 1510 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ: კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა იჯარის ხლშეკრულების 2024 წლის 6 ივნისიდან შეწყვეტის ფაქტი, რასაც შედეგად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. 2015 წლის 20 აგვისტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და მოპასუხეს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება. რომლითაც მოპასუხეს 10 წლით სარგებლობაში გადაეცა თბილისში, ....... ქუჩა #13-ში მდებარე 3299 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული #1 და #2 შენობა- ნაგებობები, ს/კ-ით # ........ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საიჯარო ქონება ან უძრავი ქონება).
4.4. ყოველწლიური საიჯარო ქირაა - 18 120 ლარი, საიდანაც საიჯარო ქირის - 1/12 ნაწილი უნდა გადახდილიყო ყოველთვიურად ყოველი თვის - 5 რიცხვამდე (იხ. შეთანხმების 2.1 და 2.2. პუნქტები).
4.5. იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა დასაშვებია შემდეგ შემთხვევებში: ხელშეკრულების მოქმედების გასვლა, მეიჯარის მიერ ხელშეკრულების 5.5. პუნქტით გათვალისწინებული მოშლის უფლების განხორციელების შემთხვევაში (5.5. პუნქტში მითითებულია, რომ მეიჯარის მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში მოიჯარის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა მეიჯარის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ამ შემთხვევაში მოიჯარეს არ აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული დანახარჯები), მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში (იხ.შეთანხმების 6.1. პუნქტი).
4.6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება 2022 წლის 6 აპრილიდან მოსარჩელის საკუთრებაა.
4.7. მოპასუხემ საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირის გადახდის ვალდებულება დაარღვია. მოიჯარეს ვალდებულება არც მეიჯარის მიერ განსაზღვრუულ დამატებით ვადაში არ შეუსრულებია.
4.8. მოსარჩელის მიერ 2024 წლის 6 ივნისიდან/სარჩელის აღძვრის დღიდან მხარეებს შორის არსებული იჯარის ხელშეკრულება შეწყდა, კერძოდ:
4.8.1. 2024 წლის 13 მაისის წერილით, მოსარჩელის წარმომადგენელმა მოპასუხეს აცნობა, რომ საიჯარო ქონების მესაკუთრე მოსარჩელეა, ამასთან სამი თვის საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს, შეტყობინების ჩაბარებიდან 10 კალენდარულ დღეში, გადახდა მოსთხოვა და განუმარტა, რომ ხელშეკრულებების პირობების თანახმად, დამატებით განსაზღვრულ ვადაში იჯარის თანხისა და პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა მესაკუთრის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. შეტყობინება შპს დირექტორს ჩაბარდა.
4.8.2. მოპასუხის 2024 წლის 23 მაისის საპასუხო წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მას ხელშეკრულების მხარედ არ განიხილავდა, ვინაიდან ქონების კეთილსინდისიერი მესაკუთრე არ იყო და მისთვის საიჯარო ქირის გადახდას არ აპირებდა.
5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის, საიჯარო ქირის, პირგასამტეხლოს, ზიანის ანაზღაურებისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნები, სსკ-ის 581-ე (იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა, გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა, გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც; იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581 – 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), 558-ე (გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში) 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო), მე-400 (მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო), 170.1 (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას) და 172.1 (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იჯარა ორმხრივმავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსესუალური ტიპის ხელშეკრულებაა. მეიჯარის ვალდებულებაა, დროებით სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი (ქონება) ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისგან სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით ნაყოფის მიღება, ხოლო მოიჯარის ვალდებულება კი, შეთანხმებული საზღაურის გადახდაა. შესაბამისად, საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მიზანი არის არა მხოლოდ იჯარის საგნის სარგებლობა, არამედ იჯარის საგნის სარგებლობის გამო მიღებული შემოსავალი. იჯარა ქირავნობის სამართლებრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა (საიჯარო ურთიერთობების დარეგულირებისთვის ქირავნობის ნორმები ბლანკეტურია), მაგრამ ქირავნობისგან მას სწორედ იჯარის საგნის სარგებლობით შემოსავლის მიღების აუცილებლობა მიჯნავს. იჯარის შემთხვევაში გადაეცემა ქონება, რომელიც, არა მარტო ნივთებს, არამედ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესაც აერთიანებს (სსკ-ის 147-ე მუხლი), ანუ იმ მოთხოვნებსა და უფლებებს, რომლებიც მოიჯარეს მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს ნაყოფი (მატერიალური სარგებელი). იჯარის შემთხვევაში ნაყოფია ის შემოსავლები, რაც მეურნეობის სწორი გაძღოლის გზით მიიღება სამართლებრივი ურთიერთობის (იჯარის) საფუძველზე („იურიდიული ნაყოფი“). შემოსავლის მიღების შესაძლებლობის აუცილებლობის უზრუნველყოფა კი, მეიჯარის ვალდებულების ჯეროვნად შესრულების გამოკვეთილი პასუხისმგებლობაა, რასაც ეფუძნება საიჯარო ქირის გადახდის შესახებ მოიჯარის ვალდებულება.
7. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერებაა.
8. მოპასუხის/კასატორის პრეტენზია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ იჯარის ხლშეკრულების 2024 წლის 6 ივნისიდან მოსარჩელის ინიციატივით შეწყვეტის ფაქტის, არასწორად დადგენას ეხება, კერძოდ, მისი მტკიცებით, მოსარჩელე არცერთ ფაქტობრივ გარემოებაში არ მიუთითებდა, რომ მის მიერ შეწყდა იჯარის ხელშეკრულება, შესაბამისად, გაუგებარია სასამართლომ როგორ ჩათვალა ხელშეკრულება 2024 წლის 6 ივნისიდან შეწყვეტილად. რაც შეეხებოდა 2024 წლის 23 მაისის საპასუხო წერილს, ალექსანდრე გიოშვილი არ იყო უფლებამოსილი მოპასუხის სახელით მიეღო გადაწყვეტილება იჯარის თანხის გადახდასა და ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
9. კასატორის ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო უარყოფს და მის ყურდღებას მიაქცევს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
9.1. 2015 წლის 20 აგვისტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და მოპასუხეს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება. რომლითაც მოპასუხეს 10 წლით სარგებლობაში გადაეცა საიჯარო ქონება.
9.2. ყოველწლიური საიჯარო ქირა - 18 120 ლარით განისაზღვრა, საიდანაც საიჯარო ქირის - 1/12 ნაწილი უნდა გადახდილიყო ყოველთვიურად ყოველი თვის - 5 რიცხვამდე.
9.3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება 2022 წლის 6 აპრილიდან მოსარჩელის საკუთრებაა.
9.4. 2024 წლის 13 მაისის წერილით, მოსარჩელის წარმომადგენელმა მოპასუხეს აცნობა, რომ საიჯარო ქონების მესაკუთრის ცვლილების შესახებ, ამასთან შეტყობინების ჩაბარებიდან 10 კალენდარულ დღეში, სამი თვის საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდაც მოსთხოვა და განუმარტა, რომ ხელშეკრულების პირობების თანახმად, დამატებით განსაზღვრულ ვადაში იჯარის თანხისა და პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მესაკუთრის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად მიიჩნეოდა.
შეტყობინება მოპასუხე საზოგადოების დირექტორს ჩაბარდა.
9.5. მოპასუხის 2024 წლის 23 მაისის საპასუხო წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მას ხელშეკრულების მხარედ არ განიხილავდა, ვინაიდან ქონების კეთილსინდისიერი მესაკუთრე არ იყო და მისთვის საიჯარო ქირის გადახდას არ აპირებდა.
9.6. მხარეთ შორის არსებული გარიგებიდან გამომდინარე, იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა დასაშვები იყო შემდეგ შემთხვევებში: ხელშეკრულების მოქმედების გასვლა, მეიჯარის მიერ ხელშეკრულების 5.5. პუნქტით გათვალისწინებული მოშლის უფლების განხორციელების შემთხვევაში (5.5. პუნქტში მითითებულია, რომ მეიჯარის მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში მოიჯარის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა მეიჯარის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ამ შემთხვევაში მოიჯარეს არ აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული დანახარჯები), მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში (იხ.შეთანხმების 6.1. პუნქტი).
10. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხის/კასატორის პრეტენზია, მასზედ რომ 2024 წლის 23 მაისის შეტყობინების ავტორი არ იყო უფლებამოსილი მოსარჩელის სახელით მიეღო გადაწყვეტილება იჯარის თანხის გადახდის მოთხოვნის ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ რელევანტურ შედავებად ვერ მიიჩნევა; რადგან თუნდაც ამ გარემოების დადასტურების შემთხვევაში, მოიჯარე გარიგების პირობებიდან გამომდინარე ვალდებული იყო სახელშეკრულებო ურთირთობის ფარგლებში შეესრულებინა უმთავრესი ვალდებულება - გადაეხადა საიჯარო ქირა.
11. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი განმარტებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ/მოიჯარემ საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირის გადახდის ვალდებულება დაარღვია. მან ვალდებულება არც მეიჯარის მიერ განსაზღვრუულ დამატებით ვადაში არ შეასრულა, რაც მეიჯარეს იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის, საიჯარო ქირის და პირგასამტეხლოს დაკისრებისა და საიჯარო ქონების დაბრუნების უფლებას ანიჭებდა, ამავე მსჯელობიდან გამომდინარე სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა არაარსებით პრეტენზიაზე.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
15. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გ.ჟ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 902.5 ლარის (საგადახდო დავალება #6620, გადახდის თარიღი 26.06.2025წ), 70% - 631.75 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჯეო-ჯ.მ–სის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ჯ-ჯ.მ–სს“ (ს/ნ ........) დაუბრუნდეს გ.ჟ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 902.5 ლარის (საგადახდო დავალება #6620, გადახდის თარიღი 26.06.2025წ), 70% - 631.75 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია