Facebook Twitter

19 დეკემბერი, 2025 წელი,

საქმე №ას-865-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ლ-გ.კ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე.ჯ–ია“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, გათავისუფლებამდე არსებულ პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2020 წლის 22 ივლისიდან შპს „ე.ჯ–იაში“ (შემდეგში - მოპასუხე, დამსაქმებელი ან საწარმო) ლ-გ.კ–ი (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი ან დასაქმებული) უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე თამაშის წარმდგენის პოზიციაზე მუშაობდა. მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასი გამომუშავებაზე იყო დამოკიდებული და შესრულებული სამუშაოსთვის 1 საათში დარიცხულ 7.10 ლარს შეადგენდა, ხოლო, გათავისუფლებამდე, ბოლო თვის ხელფასმა დარიცხული 1 016 ლარი შეადგინა.

2. 2021 წლის 30 აპრილს, მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ ამავე საწარმოში დასაქმებული თანამშრომელი მ.მ–ი მას შევიწროებაში ადანაშაულებდა.

3. 2021 წლის 10 მაისს, საკითხის შესწავლის მიზნით მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს. წერილი 2021 წლის 9 მაისით არის დათარიღებული, სადაც აღნიშნულია შემდეგი: ,,სოციალური ქსელის მეშვეობით გავიცანი გოგონა, რომელიც გამეცნო ა.ბ–ა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს პიროვნება სხვის სახელით სარგებლობდა. პირადი, 3-გზის შეხვედრის, ხანმოკლე ურთიერთობის შემდეგ ჩვენი ინტერესები იმდენად განსხვავებული და არათავსებადი აღმოჩნდა, რომ მომიწია პოზიციის დაფიქსირება, რომ ურთიერთობის რაიმე ფორმით გაგრძელების მომხრე და მოსურნე არ ვიქნებოდი. გოგონამ დაიწყო ფაცებოოკ-ის მეშვეობით ყველა მიმოწერის წაშლა. ბოლოს, რადგანაც აუტანელი გახდა მისი მხრიდან საპასუხო შეტყობინებების მიღება დასახელებული ქსელის მეშვეობით, მომიწია, რომ ბლოკი განმეხორციელებინა მის მომხმარებლის სახელზე. ამის მიუხედავად, გოგონა აგრძელებდა ჩემს შეწუხებას უკვე საკუთარი დედის ფაცებოოკ-ის გამოყენებით. ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში გადავწყვიტე კიდევ ერთხელ დავლაპარაკებოდი და ამეხსნა, რომ დაესრულებინა ნებისმიერი მიმოწერა და კონტაქტი. მე მას ხელი მოვკიდე და ამ ფორმით ახლოს მოსვლის საშუალება მივეცი, რომ ყოველგვარი გარშემომყოფთა ინტერესის გარეშე ამეხსნა ჩემი დამოკიდებულებები, რის შემდგომაც ავედი სამსახურის მიკროავტობუსში. ამ შემთხვევის შემდეგ, ჩემთვის ცნობილი ხდება, რომ ქალბატონის მხრიდან სამსახურში წარმოდგენილია ჩემთვის უცნობი მომართვა (ან წერილობითი ან ზეპირი ფორმით) და გოგონა აცხადებს, რომ თითქოსდა ადგილი ჰქონდა შევიწროებას (უცნობია, რა ხასიათის შევიწროებაზეა საუბარი და ზოგადად, რას ნიშნავს შევიწროება). სამსახურის წარმომადგენლებს ჩემს მიმართ ჰქონდათ კონტაქტი და აღნიშნეს, რომ მომართვაზე უნდა განახორციელონ რეაგირება. ამასთან, ერთ შემთხვევაში არა კატეგორიული ტონით, მაგრამ მოსაზრების დონეზე აღინიშნა, რომ შეიძლება ყველაფერი შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტით დასრულებულიყო. სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და იმ ფაქტების მხედველობაში მიღებით, რომ 1. არავითარი ბრალეული ქმედება არ მიმიძღვის ქალბატონის მიმართ, 2. არავითარი სამსახურებრივი ინსტრუქცია, წესი და მოვალეობა არ დამირღვევია, 3. ადგილი აქვს ჩვეულებრივ ცილისწამებას და ქალბატონის მხრიდან მასთან ნებისმიერი სახით ურთიერთობაზე უარის თქმით, პირადი შურისძიებით გამოხატულ დამოკიდებულებებს, მსურს წარმოდგენილი განცხადებით გამოვხატო ჩემი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, რომ მზად ვარ საკითხის ირგვლივ, თუკი კომპანია მას რაიმე ფორმით მისცემს მსვლელობას, ვითანამშრომლო“.

4. 2021 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით (შემდეგში - სადავო გადაწყვეტილება), საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) 47.1. მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოპასუხის წარმომადგენლებმა მოსარჩელეს აცნობეს.

5. 2021 წლის 17 მაისს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით მოსარჩელემ დამსაქმებელს მიმართა.

6. 2021 წლის 20 მაისს, დამსაქმებლისგან დასაქმებულმა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების განმარტებით წერილობითი დასაბუთება მიიღო. წერილში აღნიშნულია, რომ საწარმო მკაცრად იცავს თანასწორობის პრინციპებს და სამუშაო ადგილზე ნებისმიერი დისკრიმინაცია და შევიწროება აკრძალულია. საწარმოს შინაგანაწესის 8.1.6 ქვეპუნქტის თანახმად, არსებით დარღვევადაა მიჩნეული სხვა დასაქმებულების, მომხმარებლების ან კომპანიის სხვა კლიენტებთან არათავაზიანი და უხეში მოქცევა, სამუშაო ადგილზე ჩხუბი, სქესობრივი, რასობრივი ან სხვა სახის ძალადობა, ხოლო 8.1.8 ქვეპუნქტის თანახმად, არსებით დარღვევადაა მიჩნეული შინაგანაწესის 12.8 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების (დასაქმებულები ერთმანეთს უნდა მოეპყრან ზრდილობით, იყვნენ ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილი და პატივს სცემდნენ ერთმანეთს, ერთმანეთის აზრებს და პროფესიულ კომპეტენციას) შეუსრულებლობა. აღნიშნული ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, საწარმო უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება (შინაგანაწესის 8.2. მუხლი). ამასთან ერთად, შრომითი ხელშეკრულების 7.3. მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია არ ჩაიდინოს თანამშრომლის მიმართ სექსუალური, რასობრივი ან სხვა სახის შეურაცხყოფა. მოცემულ შემთხვევაში, დისციპლინური საქმის მოკვლევის ფარგლებში, ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით საწარმოს წარმომადგენლები შეხვდნენ და გაესაუბრნენ, როგორც მომჩივნებს, ასევე, მოსარჩელეს. ჩატარებული მოკვლევის შედეგების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულების 16.1.8 ქვეპუნქტისა და შრომის კოდექსის 47.1. მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საწარმომ, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

7. მოპასუხის დასახელების ამსახველ ბლანკზე, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი, (სახელწოდებით შიდა მემო, დან/FROM K. L-G., ვის/TO T. A–li; HR, დასათაურება/SUBJECT Explanation Letter, თარიღი/DATE (ცარიელია, არ არის მითითებული), მიმოწერაში ჩასმა/CC (ცარიელია, არ არის მითითებული), Dear T. and HR)) მოსარჩელის მიერ ხელით შემდეგი ტექსტია შესრულებული: მე ლ.კ–ი ვაცნობიერებ ჩემს დანაშაულს და პირობას ვდებ, რომ ყველას მიმართ ვიქნები თანასწორი მიუხედავად ჩემი წარსულისა რამოდენიმე ადამიანთან. ვაცნობიერებ ჩემ ქმედებას და არ განმეორდება მსგავსი რამ მომავალში. პატივისცემით ლ.კ, ხელმოწერის გრაფის გასწვრივ ხელმოწერა შესრულებულია მოსარჩელის მიერ.

8. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით დამსაქმებლის წინააღმდეგ დასაქმებულმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

11.1. საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოკადრებისა და მოსარჩელის წერილობითი აღიარების (განცხადება) ერთობლივი შეფასებით სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მხრიდან სხვა თანამშრომლების მიმართ სექსუალური შევიწროების დადგენისთვის საჭირო ელემენტები დაადგინა და აღნიშნა, რომ დამამცირებელი/დამშინებელი გარემოს არსებობა დაზარალებულის აღქმიდან უნდა გამომდინარეობდეს და, არა - ზოგადად საზოგადოების შეფასებიდან. მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა (მ.მ–ი, მ.ხ–ძე) კი, დაადასტურეს მოსარჩელის მხრიდან მათდამი არასასურველი ქცევა, რაც მათ ღირსებასა და ავტორიტეტს ლახავდა, მაშინ, როდესაც, დამსაქმებელი ვალდებულია, სამუშაო ადგილზე შექმნას შესაბამისი გარემო, სადაც დასაქმებული ყოველგვარი ზედმეტი სირთულეების, ღირსების შემლახავი, დამამცირებელი ქვევისგან დაცული იქნება.

11.2. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამსახურიდან განთავისუფლება დისციპლინური ღონისძიების უკიდურესი ფორმაა, თუმცა, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, მოსარჩელისადმი უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენება მოცემულ შემთხვევაში მართებული არ იქნებოდა. შესაბამისად, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერი იყო და მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.

11.3. ვინაიდან სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნები სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობიდან გამომდინარეობდა, ხოლო ხსენებული გადაწყვეტილება კანონიერად შეფასდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არც დასახელებული მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.

12. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოსარჩელემ შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინა:

სააპელაციო სასამართლოს საქმე მ.მ–ის ჩვენებასთან ერთად სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში არ განუხილავს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს არ გამოურკვევია, თუ რატომ ჰქონდათ ერთმანეთს შორის გართულებული ურთიერთობა კასატორსა და მოწმეს. საქმეზე წარმოდგენილია მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე თავად იყო ქალბატონის მხრიდან არასასურველი ურთიერთობის მსხვერპლი. მცდარადაა შეფასებული ერთადერთი ვიდეოკადრი, როდესაც კასატორი მოწმეს მიმართავდა, რომ არანაირი კომუნიკაცია მასთან აღარ სურდა. გარდა ამისა, არასწორია მიკროავტობუსში ასვლის მომენტის სექსუალური შევიწროების კონტექსტში განხილვა.

მტკიცების ტვირთიც სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა, იმ პირობებში, როდესაც უთარიღო მემო დავის საგანს არ მიემართება, მასზე დაფუძნებული დამსაქმებლის პოზიციის გაზიარება არასწორია.

გასაჩივრებული ბრძანება კონკრეტულ ფაქტს შეეხება, ხოლო სასამართლო დავის ფარგლებს სცილდება და დასაქმებულს არსებულზე მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს. მ.ხ–ის შემთხვევას სადავო ბრძანების გამოცემასთან კავშირი არ აქვს, თუმცა მითითებულ გარემოებას სასამართლო სადავო ბრძანების შემადგენელ ნაწილად განიხილავს.

სხვა თანამშრომლების მხრიდან მ.მ–ის მიმართ უარყოფითი, ნეგატიური ან დამცინავი დამოკიდებულების ამსახველი დოკუმენტი დამსაქმებელს არ წარმოუდგენია. ასეთზე არც მ.მ–ს არ მიუთითებია. შესაბამისად, გამოირიცხება დასაქმებულის განზრახვა იმასთან დაკავშირებით, რომ მ.მ–ის მიმართ მტრული ან დამამცირებელი მოპყრობა განხორციელებულიყო, დასაქმებული თავად ცდილობდა ამ პირის პროვოცირებისგან თავის დაღწევას.

მას შემდეგ, რაც მის მიმართ წარდგენილი პრეტენზიის შესახებ მოსარჩელემ შეიტყო, მან დამსაქმებელთან ითანამშრომლა, მათ შორის ორ შეხვედრას ჰქონდა ადგილი და 2021 წლის 10 მაისის ოფიციალური წერილითაც მოპასუხეს კასატორმა აცნობა, რომ სათანადო არგუმენტების მოსმენას, საკითხის გარკვევის პროცესში ჩართვასა და ბრალდებებზე მტკიცებულებების წარდგენას მოითხოვდა, რაც გაზიარებული არ ყოფილა. უფრო მეტიც, სამსახურიდან მოსარჩელე ფორსირებულად, კერძოდ, წერილის მიღებიდან მეორე დღეს დაითხოვეს (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

14. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

16. მოცემული დავის საკვანძო საკითხია, დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ სადავო გადაწყვეტილების კანონიერების განსაზღვრა, ე.ი. შესამოწმებელია, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას.

ზემოაღნიშნული საკითხის დადგენა, შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1304-2020, 11.06.2021; №ას-151-147-2016,1 9.04.2016).

17. დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ სადავო გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას, შემდეგი საკითხია საყურადღებო: სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი).

შრომითსამართლებრივ დავებში კი, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. იხ. სუსგ: №ას-151-147-2016, 19.04.2016; №ას-483-457-2015, 7.10.2015; №ას-1276-1216-2014, 18.03.2015).

18. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სადავო გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 47.1 მუხლი „ზ“ ქვეპუნქტი. ამ მუხლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია, დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტობრივი საფუძვლად დამსაქმებელმა შემდეგზე მიუთითა:

- მოპასუხე საწარმოში დასაქმებული თანამშრომელი მ.მ–ი მოსარჩელეს შევიწროებაში ადანაშაულებდა.

- დისციპლინური საქმის მოკვლევის ფარგლებში, ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, საწარმოს წარმომადგენლები შეხვდნენ და გაესაუბრნენ, როგორც მომჩივნებს, ასევე, მოსარჩელეს. ჩატარებული მოკვლევის შედეგების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულების 16.1.8 ქვეპუნქტისა და შრომის კოდექსის 47.1. მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საწარმომ, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

დამსაქმებლის მიერ მიღებული, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების გაანალიზებისას, საქმის მასალებით გამოვლენილი შემდეგი გარემოებებია საყურადღებო:

1). 2020 წლის 22 ივლისიდან მოპასუხე საწარმოში მოსარჩელე უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე თამაშის წარმდგენის პოზიციაზე მუშაობდა. მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასი გამომუშავებაზე იყო დამოკიდებული და შესრულებული სამუშაოსთვის 1 საათში დარიცხულ 7.10 ლარს შეადგენდა, ხოლო, გათავისუფლებამდე, ბოლო თვის ხელფასმა დარიცხული 1 016 ლარი შეადგინა.

2). 2021 წლის 30 აპრილს, მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ ამავე საწარმოში დასაქმებული თანამშრომელი მ.მ–ი მას შევიწროებაში ადანაშაულებდა.

3). 2021 წლის 10 მაისს, საკითხის შესწავლის მიზნით მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს. წერილი 2021 წლის 9 მაისით არის დათარიღებული, სადაც აღნიშნულია შემდეგი: ,,სოციალური ქსელის მეშვეობით გავიცანი გოგონა, რომელიც გამეცნო ა.ბ–ა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს პიროვნება სხვის სახელით სარგებლობდა. პირადი, 3-გზის შეხვედრის, ხანმოკლე ურთიერთობის შემდეგ ჩვენი ინტერესები იმდენად განსხვავებული და არათავსებადი აღმოჩნდა, რომ მომიწია პოზიციის დაფიქსირება, რომ ურთიერთობის რაიმე ფორმით გაგრძელების მომხრე და მოსურნე არ ვიქნებოდი. გოგონამ დაიწყო ფაცებოოკ-ის მეშვეობით ყველა მიმოწერის წაშლა. ბოლოს, რადგანაც აუტანელი გახდა მისი მხრიდან საპასუხო შეტყობინებების მიღება დასახელებული ქსელის მეშვეობით, მომიწია, რომ ბლოკი განმეხორციელებინა მის მომხმარებლის სახელზე. ამის მიუხედავად, გოგონა აგრძელებდა ჩემს შეწუხებას უკვე საკუთარი დედის ფაცებოოკ-ის გამოყენებით. ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში გადავწყვიტე კიდევ ერთხელ დავლაპარაკებოდი და ამეხსნა, რომ დაესრულებინა ნებისმიერი მიმოწერა და კონტაქტი. მე მას ხელი მოვკიდე და ამ ფორმით ახლოს მოსვლის საშუალება მივეცი, რომ ყოველგვარი გარშემომყოფთა ინტერესის გარეშე ამეხსნა ჩემი დამოკიდებულებები, რის შემდგომაც ავედი სამსახურის მიკროავტობუსში. ამ შემთხვევის შემდეგ, ჩემთვის ცნობილი ხდება, რომ ქალბატონის მხრიდან სამსახურში წარმოდგენილია ჩემთვის უცნობი მომართვა (ან წერილობითი ან ზეპირი ფორმით) და გოგონა აცხადებს, რომ თითქოსდა ადგილი ჰქონდა შევიწროებას (უცნობია, რა ხასიათის შევიწროებაზეა საუბარი და ზოგადად, რას ნიშნავს შევიწროება). სამსახურის წარმომადგენლებს ჩემს მიმართ ჰქონდათ კონტაქტი და აღნიშნეს, რომ მომართვაზე უნდა განახორციელონ რეაგირება. ამასთან, ერთ შემთხვევაში არა კატეგორიული ტონით, მაგრამ მოსაზრების დონეზე აღინიშნა, რომ შეიძლება ყველაფერი შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტით დასრულებულიყო. სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და იმ ფაქტების მხედველობაში მიღებით, რომ 1. არავითარი ბრალეული ქმედება არ მიმიძღვის ქალბატონის მიმართ, 2. არავითარი სამსახურებრივი ინსტრუქცია, წესი და მოვალეობა არ დამირღვევია, 3. ადგილი აქვს ჩვეულებრივ ცილისწამებას და ქალბატონის მხრიდან მასთან ნებისმიერი სახით ურთიერთობაზე უარის თქმით, პირადი შურისძიებით გამოხატულ დამოკიდებულებებს, მსურს წარმოდგენილი განცხადებით გამოვხატო ჩემი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, რომ მზად ვარ საკითხის ირგვლივ, თუკი კომპანია მას რაიმე ფორმით მისცემს მსვლელობას, ვითანამშრომლო“.

4). 2021 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით სშკ-ის 47.1. მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოპასუხის წარმომადგენლებმა მოსარჩელეს აცნობეს.

5). 2021 წლის 17 მაისს, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით მოსარჩელემ დამსაქმებელს მიმართა.

6). 2021 წლის 20 მაისს, დამსაქმებლისგან დასაქმებულმა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების წერილობითი დასაბუთება მიიღო. წერილში აღნიშნულია, რომ საწარმო მკაცრად იცავს თანასწორობის პრინციპებს და სამუშაო ადგილზე ნებისმიერი დისკრიმინაცია და შევიწროება აკრძალულია. მოცემულ შემთხვევაში, დისციპლინური საქმის მოკვლევის ფარგლებში, ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით საწარმოს წარმომადგენლები შეხვდნენ და გაესაუბრნენ, როგორც მომჩივნებს, ასევე, მოსარჩელეს. ჩატარებული მოკვლევის შედეგების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულების 16.1.8 ქვეპუნქტისა და შრომის კოდექსის 47.1. მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საწარმომ, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

7). მოპასუხის დასახელების ამსახველ ბლანკზე, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი, (სახელწოდებით შიდა მემო, დან/FROM K. L-G., ვის/TO T. A–li; HR, დასათაურება/SUBJECT Explanation Letter, თარიღი/DATE (ცარიელია, არ არის მითითებული), მიმოწერაში ჩასმა/CC (ცარიელია, არ არის მითითებული), Dear T. and HR)) მოსარჩელის მიერ ხელით შემდეგი ტექსტია შესრულებული: მე ლ.კ–ი ვაცნობიერებ ჩემს დანაშაულს და პირობას ვდებ, რომ ყველას მიმართ ვიქნები თანასწორი მიუხედავად ჩემი წარსულისა რამოდენიმე ადამიანთან. ვაცნობიერებ ჩემ ქმედებას და არ განმეორდება მსგავსი რამ მომავალში. პატივისცემით ლ.კ, ხელმოწერის გრაფის გასწვრივ ხელმოწერა შესრულებულია მოსარჩელის მიერ.

ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლომ დამტკიცებულად ცნო, ხოლო კასატორს მათ მიმართ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

19. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე და აღნიშნავს, რომ შევიწროების/სექსუალური შევიწროების საქმეებზე ვრცელდება დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისთვის არსებული მტკიცების ტვირთის სტანდარტი.

19.1. სსსკ-ის 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. საკასაციო პალატის განმარტებით, დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს შეზღუდვის ინიციატორის ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი იძლევა გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს. სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით; ბ) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა. ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთი მოცემულ სფეროში შემდეგია: მას შემდეგ, რაც მომჩივანი დაადასტურებს განსხვავებული მოპყრობის არსებობას, უკვე მთავრობის ვალდებულებაა, დაამტკიცოს, რომ იგი გამართლებული გახლდათ (Chassagnou and Others v. France [GC], #25088/94, #28331/95). რაც შეეხება იმას, თუ რა წარმოადგენს prima facie მტკიცებულებას, რომელიც შეძლებს მტკიცების ტვირთის მოპასუხე სახელმწიფოზე გადაკისრებას, სასამართლომ აღნიშნა (Nachova and Others), რომ მის წინაშე არსებულ სამართალწარმოებაში არ არსებობს პროცედურული ბარიერები მტკიცებულების მისაღებობასთან დაკავშირებით ან წინასწარგანსაზღვრული ფორმულა მის შესაფასებლად. სასამართლო იღებს დასკვნებს, რომლებიც, მისი აზრით, არის გამყარებული ყველა მტკიცებულების თავისუფალი შეფასებით, მათ შორის ისეთი დასკვნებით, რომლებიც შესაძლოა, გამომდინარეობდეს ფაქტებიდან და მხარეთა არგუმენტებიდან. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მტკიცებულება შეიძლება გამომდინარეობდეს ძლიერი, ნათელი და შესაბამისობაში მყოფი დასკვნების ერთობლიობიდან ან ფაქტის მსგავსად გაუბათილებელი დაშვებებიდან. ამასთანავე, კონკრეტული დასკვნის მისაღებად საჭირო დარწმუნების ხარისხი და ამ მხრივ მტკიცების ტვირთის დაკისრება ურთიერთკავშირშია ფაქტების კონკრეტიკასთან, ბრალდების ბუნებასა და კონვენციით განსახილველ უფლებასთან. სასამართლომ ასევე აღიარა, რომ კონვენციური სამართალწარმოება ყველა საქმეში მკაცრად არ იყენებს affirmanti incumbit probatio პრინციპს (ის ვინც ბრალს დებს ვალდებულია თავად დაამტკიცოს ბრალდება - affirmanti incumbit probatio (ამონარიდები), Aktas v. Turkey no.24351/94, § 272, ECHR 2003 V) (იხ. სუსგ საქმე №ას-247-235-2017, 29 სექტემბერი, 2017 წელი).

19.2. დისკრიმინაციის მსხვერპლს დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტების დამადასტურებელი იმ მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება აქვს, რომელთა მოპოვება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სექსუალური შევიწროების გამჟღავნების და, მით უფრო, დავის ინიცირების შემთხვევაში მსხვერპლი მხარდაჭერას საჭიროებს, მის მიერ მითითებული გარემოებები საკმარისი „გენდერული მგრძნობელობით“ რეაგირებას მოითხოვს, ამიტომ მტკიცებითი სტანდარტიც სექსუალური შევიწროების საქმეებში ადეკვატური უნდა იყოს და მსხვერპლს სექსუალური შევიწროების დადასტურება პირდაპირი მტკიცებულებების წარდგენის გზით არ უნდა მოეთხოვოს (იხ. ქეთევან მესხიშვილი, „მტკიცებულებათა სტანდარტი დისკრიმინაციის სამართალში“, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი 10/2022, გვ. 8, 25).

19.3. სექსუალური შევიწროების შემთხვევები, როგორც წესი, გამოირჩევა ფარულობით და ხილულია მხოლოდ აქტორისა და მსხვერპლისათვის, შესაბამისად, განუზომლად რთულდება მოწმეების ანდა მატერიალური მტკიცებულებების მოპოვება და სასამართლოსთვის წარდგენა. ადამიანის უფლებათა სასამართლოებს გაცნობიერებული აქვთ მტკიცებულებათა ასეთი მოცემულობის არსებობა და ხშირად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მხარეთა მიერ წარმოდგენილ სუბიექტურ მტკიცებულებებს. შესაბამისად, ქმედების ჩადენის ვარაუდის წარმოსაშობად, მტკიცების შედარებით დაბალი სტანდარტი მოქმედებს (იხ. სახალხო დამცველის 2019 წლის 18 ოქტომბრის სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება).

19.4. საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამასთან, სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ პრინციპებს (იხ. სუსგ საქმე №ას-1261-2020, 18 ივნისი, 2021 წელი). თუმცა, დისკრიმინაციის სამართალში მხარის ახსნა-განმარტება, თუ ის ფაქტების ლოგიკურ თანმიმდევრობას ასახავს, რომელსაც პრაქტიკაში ხშირად აქვს ადგილი, ან ემპირიული დაკვირვებით ქმნის განცდას, რომ ასეთ მოვლენას შეიძლებოდა ჰქონოდა ადგილი და. ა. შ., საკმარის საფუძვლად მიიჩნევა დისკრიმინაციის პრეზუმფციის დაშვებისათვის, რა დროსაც მტკიცების ტვირთი მეორე მხარეზე (დისკრიმინაციის სავარაუდო ჩამდენზე) გადადის, რომელმაც თავისი ქმედების მართლზომიერება უნდა ამტკიცოს (იხ. ქეთევან მესხიშვილი, „მტკიცებულებათა სტანდარტი დისკრიმინაციის სამართალში“, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი 10/2022, გვ. 27).

19.5. რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, იგი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული მტკიცებულებაა სამოქალაქო პროცესში. სსსკ-ის 140.1 მუხლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. საკასაციო პალატის განმარტებით, მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას, სასამართლო ვალდებულია, ისევე, როგორც სხვა სახის მტკიცებულება, მოწმის ჩვენება შეაფასოს მისი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით, იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების (მხარეებთან დამოკიდებულება, ფიზიკური მდგომარეობა, ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოწმის ჩვენებაზე და სხვა) გათვალისწინებით, რომელიც ამ მტკიცებულებისთვის არის დამახასიათებელი და სწორედ ამ გზით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (იხ. სუსგ საქმე №ას-1698-1592-2012, 2 ივნისი, 2014 წელი).

19.6. მოწმეთა არსებობა სექსუალური შევიწროების ფაქტის დასადგენად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. აღნიშნული პირები შეიძლება იყვნენ პირდაპირი მოწმეები, რომლებიც გახდნენ სექსუალური შევიწროების ფაქტის/ფაქტების თვითმხილველი; ასევე, არაპირდაპირი მოწმეები, რომელთათვისაც ცნობილი გახდა სექსუალური შევიწროების შესახებ სავარაუდო მსხვერპლის ან მესამე პირის მხრიდან. აღსანიშნავია, რომ სავარაუდო მსხვერპლმა, შესაძლოა, თავად ვერ მოიძიოს მოწმეები. თუ სავარაუდო მსხვერპლს არ ჰყავს შემთხვევის თვითმხილველები, ბუნებრივია, ეს ფაქტი არ აქარწყლებს მის ბრალდებას სავარაუდო შემავიწროებლის მიმართ. თუმცა, ამ შემთხვევაში საჭიროა იმ პირთა გამოვლენა, რომლებმაც, შესაძლოა, შეამჩნიეს სავარაუდო მსხვერპლის ქცევაში ცვლილებები. ასეთი მოწმე შეიძლება იყოს კოლეგა, ექიმი, მეგობარი, ოჯახის წევრი ან/და სხვა პირი. დასაქმების ადგილას/საგანმანათლებლო სივრცეში, სასურველია, ასევე გამოიკითხონ სხვა თანამშრომლები/კურსელები/პროფესორები, შეუმჩნევიათ თუ არა სავარაუდო შემავიწროებლის ქცევა სავარაუდო მსხვერპლის მიმართ. დადგინდება თუ არა სექსუალური შევიწროების ფაქტი, დამოკიდებულია მხარეთა სანდოობასა და მათ მიერ მოწოდებულ დამაჯერებელ, სანდო მტკიცებულებაზე. სექსუალური შევიწროების შემთხვევებში, არაპირდაპირი მოწმეები, მაგალითად, მსხვერპლის ოჯახის წევრი, მეგობარი ან/და სხვა დაკავშირებული პირი, ინფორმაციის სანდო წყაროა, იმის გათვალისწინებით, თუ რა ინფორმაციას ფლობს და რამდენად თანმიმდევრულად და გასაგებად გადმოსცემს მსხვერპლის მონათხრობს. ვინაიდან სექსუალური შევიწროება ხშირად მესამე პირის თვალისაგან ფარულად ხდება, არაპირდაპირ მოწმეთა არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან, უმრავლეს შემთხვევაში, სავარაუდო მსხვერპლის პირველი რეაქცია არა სამართლებრივი დაცვის გზების ძიება, არამედ არასასურველი სექსუალური გამოცდილების ისეთი ადამიანისათვის გაზიარებაა, ვისაც ენდობა (იხ. მარიეტა ახვლედიანი, „პრაქტიკული სახელმძღვანელო სექსუალური შევიწროების შესახებ“, საქართველოს სახალხო დამცველი, 2020, გვ. 41-42).

20. საკსაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებების, ვიდეოკადრებისა და მოსარჩელის წერილობითი აღიარების (განცხადება), ასევე, საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად დასაქმებულის მხრიდან სხვა დასაქმებულების მიმართ სექსუალური შევიწროების დადგენისთვის საჭირო ელემენტები აშკარად იკვეთება.

შესაბამისად, საწარმოს შინაგანაწესის 8.1.6 (არსებით დარღვევადაა მიჩნეული სხვა დასაქმებულების, მომხმარებლების ან კომპანიის სხვა კლიენტებთან არათავაზიანი და უხეში მოქცევა, სამუშაო ადგილზე ჩხუბი, სქესობრივი, რასობრივი ან სხვა სახის ძალადობა), 8.1.8 (არსებით დარღვევადაა მიჩნეული შინაგანაწესის 12.8 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების (დასაქმებულები ერთმანეთს უნდა მოეპყრან ზრდილობით, იყვნენ ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილი და პატივს სცემდნენ ერთმანეთს, ერთმანეთის აზრებს და პროფესიულ კომპეტენციას) შეუსრულებლობა)), 8.2 (აღნიშნული ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, საწარმო უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება) პუნქტებიდან და შრომითი ხელშეკრულების 7.3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტიდან (დასაქმებული ვალდებულია არ ჩაიდინოს თანამშრომლის მიმართ სექსუალური, რასობრივი ან სხვა სახის შეურაცხყოფა) გამომდინარე, დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის ქმედების უხეშ დარღვევად კვალიფიცირება, საფუძვლიანი და კანონშესაბამისია.

21. იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თანმდევი მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველიც არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის კანონიერების საკითხზე პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. შესაბამისად საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს გაანალიზოს და განიხილოს კასატორის ძირითადი არგუმენტები (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან.

24. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

26. სსსკ-ის 401.4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის გადახდა კასატორს გადაუვადდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული. აქედან გამომდინარე, კასატორს უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30%-ის, 90 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ-გ.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ლაშა-გ.კ–ს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი -TRESGE22, მიმღების ანგარიშის ნომერი - 200122900, სახაზინო კოდი - 3 0077 3150) სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 30%-ის - 90 ლარის გადახდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია