Facebook Twitter

22 დეკემბერი, 2025 წელი,

საქმე №ას-1325-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი/მხარდაჭერის მიმღები - მ.დ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე/განმცხადებელი - ე.დ–ძე

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ტერიტორიული ერთეული აჭარის ა/რ რეგიონალური ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - მხარდაჭერის სფეროს გაფართოება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.დ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მხარდაჭერის მიმღები პირი, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განჩინებას ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ამ გადაწყვეტილებით, მხარდაჭერის სფეროს გაფართოების შესახებ ე.დ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც განმცხადებელი, მოწინააღმდეგე მხარე, მხარდამჭერი ან მხარდაჭერის მიმღების დედა) მოთხოვნა დაკმაყოფილდა; განმცხადებელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ......... მდებარე მხარდაჭერის მიმღების კუთვნილის უძრავი ქონების ს/კ-ით #........(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მხარდაჭერის მიმღების საკუთება ან სადავო უძრავი ქონება), გასხვისების უფლება მიეცა. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ: კასატორის მტკიცებით, ნივთის გასხვისების პირობებში მას ალტერნატიული უძრავი ქონება არ რჩება საკუთრებაში, ამასთან, გარიგებით არც სარგებელს არ იღებს (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, კასატორი აღიარებული იქნა მხარდაჭერის მიმღებ პირად, განმცხადებელი/დედა კი, დაინიშნა მხარდამჭერად შემდეგ უფლება-მოვალეობათა ფარგლებში:

- მიენიჭა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და სახელმწიფო დაწესებულებებთან;

- სოციალურ მომსახურების სააგენტოში;

- სს ”ლ.ბ–ში”, ასევე ნებისმიერ სხვა საბანკო დაწესებულებაში მისი კუთვნილი სოციალური პაკეტის (პენსია ან/და სხვა სოციალური დახმარება) დანიშვნა-ცვლილებასთან დაკავშირებით;

- ასევე ბანკთან გარიგებების დადებისას ნება გამოავლინოს მარდაჭერის მიმღებისგან დამოუკიდებლად (გარდა უძრავ ქონებაზე გარიგების ნების გამოვლენისა);

- ადმინისტრაციულ დაწესებულებებსა და იურიდიულ პირებს მიმართოს განცხადებით, მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი დოკუმენტაცია (მათ შორის პერსონალური მონაცემები);

- ანგარიში გაუხსნას ბანკში, მიიღოს პლასტიკური ბარათი, აიღოს მარდაჭერის მიმღების კუთვნილი პენსია, დახმარება, ან/და სხვა ფულადი თანხები;

- წარმოადგინოს მხარდაჭერის მიმღები, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში, წარადგინოს სარჩელი ან/და განცხადება, წარადგინოს სააპელაციო და საკასაციო საჩივრები, სცნოს სარჩელი, უარი თქვას სარჩელზე, საქმისწარმოება დაამთავროს მორიგებით;

- წარმოადგინოს მისი ინტერესები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში პირადი დოკუმენტების, მათ შორის პირადობის მოწმობის, პასპორტის დამზადების მიზნით;

- იყოს წარმომადგენელი სასამართლოში, სააღსრულებო ბიუროში და მოითხოვოს გადაწყვეტილების აღსრულება. გამოხატოს თანხმობა მკურნალობაზე;

- მხარდაჭერის მიმღების სახელით დადოს უძრავი ქონების გაცვლის ხელშეკრულება;

- მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მხარდამჭერს მიენიჭა უფლებამოსილება დაიცვას მხარდაჭერის მიმღების სხვა კანონიერი უფლებები, რაც გამომდინარეობდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შინაარსიდან;

4.3.1. განმცხადებელი მხარდამჭერად 5 წლით დაინიშნა.

4.4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ......... მდებარე 3847.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ-ით #........ დინარა დუმბაძის, ე.დ–ძისა და მხარდაჭერის მიმღების თანასაკუთრებაა. დინარა დუმბაძე და მხარდაჭერის მიმღები მოვალეთა რეესტრში ირიცხებიან.

4.5. სააპელაციო სასამართლოში 2025 წლის 15 ივლისს გამართულ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ჯ.მ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მყიდველი) ჩვენების მიხედვით, პროფესიით ხელოსანია. ცხოვრობს ხელვაჩაურში. დიდი ხანია იცნობს მხარდაჭერის მიმღებს. ადრე მას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აწუხებდა. მისგან მიწა აქვს ნაყიდი და სურს გადაფორმება. ეს მიწა იყო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი სახლის გვერდით. მას უნდოდა სახლის აშენება სოფელში, რაშიც უნდა დახმარებოდა. თუმცა შემდეგ გადაიფიქრა და ხის სახლი დადგა, როგორც ჩანს ბანკის სესხით. შემდეგ მხარდაჭერის მიმღები მივიდა მასთან და უთხრა, რომ ბანკის ვალი ჰქონდა და უნდოდა მიწა გაეყიდა. ეს იყო 2012 წელს. მათი ზეპირი შეთანხმების თანახმად, როდესაც ის დაფარავდა ბანკის ვალს, მაშინ გადაუფორმებდა მიწას. ის შეთანხმებისამებრ იხდიდა ბანკის ვალს. ამის შემდეგ, მან როგორც ხელოსანმა, მხარდაჭერის მიმღებს ჯამურად გაურემონტა სამი ბინა, რაც შევიდა მიწის საფასურში. შემდეგ, 2020-2021 წლებში წავიდა საზღვარგარეთ და გაიგო, რომ მხარდაჭერის მიმღები უკვე ავად იყო. ერთი წელია რაც ჩამოვიდა და მოინდომა მიწის გადმოფორმება, ანუ იმ პირობების შესრულება, რაც მასა და მხარდაჭერის მიმღებს შორის არსებობდა და რის გამოც მან ბინები გაურემონტა და იხდიდა ბინაში მის ვალს, თუმცა ვერ ახერხებდა (იხ. მოწმის ჩვენება).

4.6. სადავო მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა არ დგას.

4.7. მხარდაჭერის მიმღები ცხოვრობს მხარდამჭერთან/დედასთან ერთად, რომელიც მისი ერთადერთი მომვლელია.

4.8. მხარდაჭერის მიმღებმა, სადავო ქონებაზე გარიგება მყიდველთან ჯანმრთელობის გაუარესებამდე დადო.

4.8.1. მხარდაჭერის მიმღებმა ზემოაღნიშნული გარიგებით სარგებელი მიიღო, კერძოდ, მყიდველმა მხარდაჭერის მიმღების საკრედიტო ვალდებულება შეასრულა და მხარდაჭერის მიმღების უძრავი ქონება გაარემონტა.

4.8.2. მხარდაჭერის მიმღებს ზეპირი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ვერ შეასრულა და ქონება მყიდველის სახელზე არ აღრიცხულა.

5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ მართებულად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა იგი.

6. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის პრეამბულით კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები ითვალისწინებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში ჩამოყალიბებულ პრინციპებს, რომლებიც ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელ ღირსებასა და ფასეულობას, ასევე მათ თანასწორობასა და განუყოფელ უფლებებს აღიარებენ თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძვლად; აღიარებენ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციასა და ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტებში განაცხადა და დაადასტურა ყველა ადამიანის უფლება, ყოველგვარი განსხვავებულობის გარეშე ისარგებლოს აღნიშნული დოკუმენტებით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით. კონვენციის პრეამბულით აღიარებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსხვავებულობა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის აუცილებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირის, მათ შორის, ინტენსიური დახმარების საჭიროების მქონეთა მიმართ.

7. კონვენცია აწესებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებების და ძირითად თავისუფლებათა სრული რეალიზებისათვის ხელშეწყობას, ყოველი პიროვნების თანასწორობას კანონის წინაშე და კანონის ძალით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებაუნარიანობას სხვებთან თანასწორად, ცხოვრების ყველა სფეროში. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის და ეფექტურ ზომას, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება საკუთრების ფლობასა და მემკვიდრეობით მიღებაზე, საკუთარი ფინანსური საქმეების მართვაზე, საბანკო სესხების, საიპოთეკო, სხვა ფინანსური კრედიტების თანაბარ მისაწვდომობაზე და უზრუნველყოფენ, რომ არ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საკუთრების თვითნებურად ჩამორთმევა.

8. განსახილველ შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ მხარდაჭერის მიმღებს გარკვეულ სფეროებში სჭირდება მხარდაჭერა, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილია. სსკ-ის 12771 მუხლის თანახმად, მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხარდაჭერის ინსტიტუტის შემოღება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის #2/4/532,533 გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ის საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებდა ჭკუასუსტობის ან სულით ავადმყოფობის გამო პირის ქმედუუნაროდ მიჩნევას ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინების გარეშე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ქმედუუნარობა ინდივიდუალიზებული პროცესია. შესაბამისად, კანონმდებლობის მიზანი უნდა იყოს ქმედუუნარო პირების დახმარება გადაწყვეტილების მიღების საკითხში და არა ყველა სფეროში მათი ნების სრული ჩანაცვლება.

მეურვეების უფლებამოსილება მკაცრად უნდა შემოიფარგლებოდეს იმ საკითხებით, რომლებშიც ადამიანს არ გააჩნია ნების ფორმირების შესაძლებლობა, ხოლო ქმედუუნარო პირებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ გადაწყვეტილებები მათი შეუზღუდავი უნარების ფარგლებში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, მეურვის თანხმობით (იხ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის #2/4/532,533 გადაწყვეტილება).

10. კანონმდებელმა საკანონმდებლო ნოვაციით ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა ქმედუნარიანობა მიიჩნია მათი სამართალსუბიექტობის აუცილებელ ნიშნად. ქმედუუნარობა, როგორც ამ პირთა ნებაუუნარო და უმოქმედო სამართლებრივი მდგომარეობა, ერთი შეხედვით საკანონმდებლო ველიდან გაქრა. ეს მიდგომა სულაც არ ნიშნავს სინამდვილისადმი გაძალიანებას. მხარდაჭერის ინსტიტუტის შემოღებით კანონმდებელმა შექმნა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის ნების გამოხატვისა და სწორად წარმართვის მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს მის სამოქმედო მდგომარეობაში მოყვანას. სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებებიდან ჩანს, რომ აღნიშნული ინსტიტუტის მიზანია არა ერთი ნების მეორე ნებით ჩანაცვლება, არამედ სამართლებრივად ჯანსაღი და შედეგუნარიანი ნების გამოვლენისათვის ხელის შეწყობა (სსკ-ის 1293.3 მუხლი) (ბესარიონ ზოიძე, „ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის სამართალსუბიექტობა“, თსუ სამართლის მიმოხილვა, N1, 2016, სპეციალური გამოცემა, გვ. 40, 41).

მხარდაჭერა გულისხმობს მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების სათანადო რჩევის მიცემასა და დახმარებას, მიიღოს ინფორმირებული და გააზრებული გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროში (სსკ-ის მე-12, 1289-ე მუხლები). ამ თვალსაზრისით, მხარდაჭერა მნიშვნელოვნად განსხვავდება მზრუნველობისა და მეურვეობისაგან, რა დროსაც მეურვე/მზრუნველი წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი და მისი ფუნქცია არა სამზრუნველო/სამეურვეო პირის სათანადო რჩევაში, არამედ მის ნაცვლად ნების გამოვლენაში ან გარიგების დადებისას თანხმობის მიცემაშია (სსკ-ის 1290-ე მუხლი). თუმცა, არსებობს გამონაკლისიც. იმ შემთხვევაში, თუ მხარდაჭერის მიმღების მიერ პირადად ნების გამოვლენა ობიექტურად შეუძლებელია ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში და ეს საზიანოა მხარდაჭერის მიმღების ინტერესებისთვის, სასამართლო მხარდამჭერს უფლებას აძლევს, მხარდაჭერის მიმღების სახელით დადოს აუცილებელი გარიგებები. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მხარდამჭერი ავლენს ნებას მხარდაჭერის მიმღების ნაცვლად, რითაც იგი წარმომადგენლობითი ფუნქციით მეურვესა და მზრუნველს უტოლდება (სირდაძე/პაპიძე, სსკ-ის კომენტარი, წიგნი VII, თბილისი, 2021 წელი, მუხ.12771, ველი 5).

11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოცემული დავის საპროცესო მხარეზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318 და 36320 მუხლებით დადგენილია სასამართლოს ვალდებულება, მხარდაჭერის საკითხი გადაწყვიტოს მხარდაჭერის მიმღების აუცილებელი მონაწილეობით, ამასთან, სასამართლოს შეფასებები და დასკვნები უნდა ემყარებოდეს სპეციალისტის კვალიფიციურ გამოკვლევას.

აღნიშნული განპირობებულია, როგორც მხარდაჭერის მიმღები პირის (კანდიდატის) ინტერესების დაცვის აუცილებლობით, ისე - მწვავე სოციალური საჭიროებით, რათა პირმა, რომელიც შესაძლოა, საჭიროებდეს საკუთარი უფლებების განხორციელებაში გარკვეულ მხარდაჭერას, შეძლოს მათი სრულყოფილი რეალიზაცია, ამასთან, ამ უფლებათა განხორციელებას სხვა პირთა დაცული ინტერესების შეზღუდვა არ მოჰყვეს.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ.

13. ამავე კოდექსის 36315 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმეს სასამართლო განიხილავს ამ პირის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით.

15. სასამართლო გადაწყვეტილებას პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ იღებს ექსპერტიზის საფუძველზე, რომელსაც ფსიქიატრის, სოციალური მუშაკისა და თერაპევტისგან შემდგარი მულტიდისციპლინური ჯგუფი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ატარებს.

მულტიდისციპლინური ჯგუფი აფასებს ადამიანის შესაძლებლობებს, იმას, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას დამოუკიდებლად, შემდეგ კი ეხმარება, მიიღოს გაცნობიერებული გადაწყვეტილება ამა თუ იმ საკითხის შესახებ.

16. დადგენილია, რომ კასატორის მიმართ დანიშნული იყო შესაბამისი ექსპერტიზა, დადგინდა მხარდამჭერ პირად ცნობის საჭიროება და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, აღიარებული იქნა მხარდაჭერის მიმღებ პირად, განმცხადებელი კი, გარკვეულ უფლება-მოვალეობათა ფარგლებში დაინიშნა მის მხარდამჭერად.

17. დადგენილია რომ განმცხადებელი მხარდაჭერის მიმღების დედაა, რომლის მხარდამჭერად დანიშვნის დამაბრკოლებელი კანონით გათვალისწინებული გარემოებები - ნასამართლობა, მშობლის, ან მხარდამჭერის უფლებების შეზღუდვა/ჩამორთმევა და სხვა, არ არსებობდა.

18. განსახილველ შემთხვევაში, მხარდამჭერი ითხოდა უფლებამოსილების გაფართოებას, კერძოდ, მხარდაჭერის მიმღები პირის კუთვნილი უძრავი ქონების განკარგვის თაობაზე გარიგების დადების უფლებამოსილების მინიჭებას.

18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280.2 მუხლის თანახმად, მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

1280.3 მუხლის მიხედვით, მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებსა და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.

19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის თანახმად, მხარდამჭერი ვალდებულია მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას დაეხმაროს მას გარიგების პირობებისა და სამართლებრივი შედეგების სრულყოფილად აღქმაში, თუ ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული.

გამონაკლის შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების ნების გამოვლენა 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ობიექტურად შეუძლებელია და მის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მხარდაჭერის მიმღებს, სასამართლო მხარდამჭერს უფლებას აძლევს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები.

20. წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს განხილვის საგანია მხოლოდ ის გარემოება, თუ რამდენად შედის მხარდაჭერის მიმღების ინტერესებში, მისი კუთვნილი უძრავი ქონების განკარგვის თაობაზე მხარდამჭერისთვის/დედისთვის გარიგების დადების უფლებამოსიების მინიჭება. ამ მხრივ საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმის განხილვისას დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

20.1. მხარდაჭერის მიმღების საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა არ დგას.

20.2. მხარდაჭერის მიმღებმა, სადავო ქონებაზე გარიგება მყიდველთან ჯანმრთელობის გაუარესებამდე დადო.

20.3. მხარდაჭერის მიმღებმა ზემოაღნიშნული გარიგებით სარგებელი მიიღო, კერძოდ, პოტენციურმა მყიდველმა მხარდაჭერის მიმღების საკრედიტო ვალდებულება შეასრულა და მხარდაჭერის მიმღების უძრავი ქონება გაარემონტა.

20.4. მხარდაჭერის მიმღებს ზეპირი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არ შეუსრულებია.

21. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას კერძოდ: ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია გარიგებით მხარდაჭერის მიმღების მიერ სარგებლის მიღების ფაქტი, რაც გარიგების მეორე მხარეს სათანადო მოთხოვნის უფლებას წარმოუშობს, რომელიც მხარდაჭერის მიმღებს მძიმე ტვირთად დააწვება.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი განმარტებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარდამჭერისთვის უფლებამოსილების გაფართოება, კერძოდ, მხარდაჭერის მიმღები პირის კუთვნილი უძრავი ქონების განკარგვის თაობაზე გარიგების დადების უფლებამოსიების მინიჭება, მხარდაჭერის მიმღების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობდა და მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

23. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინამძღვრები.

24. კასატორი სსსკ-ის 36318 მუხლის მე-4 ნაწილით წინამდებარე საქმეზე გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.დ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია