Facebook Twitter

26 ნოემბერი, 2025 წელი,

საქმე №ას-457-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნიკოლოზ მარსაგიშვილი,

ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – შპს ,,მ.ი–ია“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – შ.კ–ძე, დ.კ–ძე, მ.გ–ძე, ე.ხ–ვა, ე.ხ–ვა, გ.ხ–ვა, ნ.ბ–ძე, ქ.ხ–ვა, ამხანაგობა ,,მ.მ. შ.“

II საკასაციო საჩივრის ავტორი – შ.კ–ძე, დ.კ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,მ.ი–ია“

III საკასაციო საჩივრის ავტორი - მ.გ–ძე, ე.ხ–ვა, ე.ხ–ვა, გ.ხ–ვა, ნ.ბ–ძე, ამხანაგობა ,,მ.მ. შ.“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,მ.ი–ია“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორთა მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე ურის თქმა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2008 წლის 18 ივნისს, ქ.თბილისში, ..........მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება (შემდეგში - ამხანაგობის ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო შ.კ–ძეს (შემდეგში - პირველი მოპასუხე), გ.კ–ძეს (შემდეგში - მეორე მოპასუხე), ე.კ–ძეს (შემდეგში - მესამე მოპასუხე), მ.გ–ძეს (შემდეგში - მეოთხე მოპასუხე), ე.ხ–ვას (შემდეგში - მეხუთე მოპასუხე), ე.ხ–ვას (შემდეგში - მეექვსე მოპასუხე), გ.ხ–ვას (შემდეგში - მეშვიდე მოპასუხე), თ.ხ–ვასა (შემდეგში - მერვე მოპასუხე) და მ.ა–ს (შემდეგში - მეცხრე მოპასუხე) შორის. ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე მათ თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (შესაბამისი წილი) - ამხანაგობაში მოპასუხეთა შენატანს წარმოადგენდა, ხოლო მეცხრე მოპასუხის შენატანს, საცხოვრებელი სახლის მშენებლობა წარმოადგენდა. ამხანაგობის თავმჯდომარედ, მეცხრე მოპასუხე აირჩიეს.

2. 2012 წლის 11 სექტემბერს, შპს ,,მ.ი–იასა“ (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი, მენარდე, საწარმო) და ხსენებულ ამხანაგობას (შემდეგში წინამდებარე განჩინებაში მოხსენიებული, როგორც მეათე მოპასუხე, ამხანაგობა ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის ნარდობის ხელშეკრულება (შემდეგში - ნარდობის ხელშეკრულება, სადავო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) გაფორმდა, რომლითაც მოსარჩელეს ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, საკუთარი მასალის, ტექნიკისა და მუშა-ხელის გამოყენებით, ამხანაგობისთვის უნდა აეშენებინა საცხოვრებელი სახლის პროექტის კონსტრუქციული ნაწილით გათვალისწინებული რკინა-ბეტონის კარკასი, საძირკვლისა და რკინა-ბეტონის ფილით გადახურვის ჩათვლით.

ყოველ აშენებულ კვ.მ-ზე მოსარჩელისთვის მოპასუხეს 130 აშშ დოლარის ანაზღაურება ეკისრებოდა. ხელშეკრულების ღირებულება ჯამურად 704 210 აშშ დოლარს შეადგენდა, რომლის გადახდაც ხელშეკრულების 6.2, 6.3 და 6.10 ქვეპუნქტებით ეტაპობრივად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით უნდა შესრულებულიყო, რის თაობაზეც მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების შუალედური აქტი შედგებოდა, ხოლო თანხა 5 სამუშაო დღეში ანაზღაურდებოდა.

შესრულებული სამუშაოს თითოეული ეტაპისთვის განკუთვნილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოპასუხეს ეკისრებოდა აუნაზღაურებელი ნაწილის 0.07%-ის ოდენობით ყოველდღიური პირგასამტეხლოს გადახდა.

3. ხელშეკრულების 9.5 და 9.6 ქვეპუნქტებით მოწინააღმდეგე მხარე ვალდებულებას კისრულობდა, რომ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით 2013 წლის 1 იანვრამდე მოსარჩელისთვის 300 000 ლარის ოდენობით ავანსი გადაეხადა და 150 000 აშშ დოლარის ოდენობით საბანკო გარანტია წარმოედგინა ან ქონება იპოთეკით დაეტვირთა. უზრუნველყოფის ზემოაღნიშნული საშუალებების წარმოდგენის გარეშე მოსარჩელემ მხარეთა ზეპირი შეთანხმებით ხელშეკრულების შესრულება დაიწყო.

4. ხელშეკრულების 10.2 პუნქტით, შესრულებული სამუშაოს შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, თითოეული სამშენებლო ეტაპის მიღებად ჩაითვლებოდა, ხოლო 11.4 პუნქტით, შესრულებული სამუშაოს ნაკლის გამო შემკვეთს მენარდის მიმართ მოთხოვნის უფლება არ წარმოეშობოდა, თუ შესრულებული სამუშაოს მიღებისას საპრეტენზიო წერილში შემკვეთი სათანადო პრეტენზიას არ ასახავდა.

5. ასაშენებელი მრავალბინიანი სახლის პროექტის ცვლილებასთან დაკავშირებით დამატებითი სამუშაოების ჩატარების შესახებ 2013 წლის 15 ნოემბერს მხარეთა შორის ხელშეკრულების N1 და N2 დანართები გაფორმდა, კერძოდ, N2 დანართში აღნიშნულია, რომ სახეცვლილება განიცადა პროექტის კონსტრუქციულმა ნაწილმა (ალბომი N2). გარდა ამისა, შემუშავდა სამშენებლო ორგანიზების ახალი პროექტი.

ახალმა პროექტმა გამოიწვია, როგორც შენობის მოცულობის, ასევე, სამშენებლო ფართის გაზრდა და ერთსართულიანი ავტოსადგომების მშენებლობის ნაცვლად ორსართულიანი ავტოსადგომების მშენებლობა გაითვალისწინეს. დამატებით წარმოიშვა ფერდის შემაკავებელი კონტრფორსული კედლების მშენებლობის აუცილებლობა. 2014 წლის 15 თებერვლის შეთანხმებით, N1 და N2 დანართებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა 2014 წლის 15 ივლისამდე გაგრძელდა.

6. 2015 წლის მარტიდან მოპასუხე ნარდობის ხელშეკრულებიდან გავიდა.

7. 2015 წლის 21 ივლისს, ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობაში წილის გასხვისების შესახებ ხელშეკრულება დაიდო მეცხრე მოპასუხესა და ნ.ბ–ძეს შორის, რომლითაც ჩუქების საფუძველზე მეცხრე მოპასუხემ ნ.ბ–ძეს ,,ამხანაგობაში“ მის წილზე საკუთრების უფლება გადასცა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის განჩინებით საქმეზე უფლებამონაცვლეობა დადგინდა მესამე მოპასუხის გარდაცვალების გამო, კერძოდ, ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შ.კ–ძე (შემდეგში - პირველი მოპასუხე) და გ.კ–ძე (შემდეგში - მეორე მოპასუხე). ამავე სასამართლოს 2022 წლის 3 ნოემბრის განჩინებით მერვე მოპასუხის გარდაცვალების გამო 1/4 ნაწილში მის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქ.ხ–ვა (შემდეგში - მერვე მოპასუხის უფლებამონაცვლე). სხვა უფლებამოცვლე პირთა ნაწილში მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოება შეწყდა.

9. მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოპასუხეთათვის შემდეგი თანხის დაკისრება მოითხოვა:

9.1. შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებლად 14 331 ლარი და 165 749.62 აშშ დოლარი;

9.2. 2015 წლის 12 თებერვლიდან 2017 წლის 30 აპრილის ჩათვლით 7 874.88 ლარისა და 92 171.73 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლო;

9.3. 2017 წლის 30 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 10.03 ლარისა და 116.03 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლო.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გააასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით:

- მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- მოპასუხეებს, როგორც ინდივიდუალურ ბინათმენაშენეთა ამხანაგობა ,,მ. მ. შ., N5-ის“ შექმნის შესახებ 2008 წლის 18 ივნისს დადებული ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 13 137 ლარისა და 151 937 აშშ დოლარის გადახდა.

- მოპასუხეებს, როგორც ინდივიდუალურ ბინათმენაშენეთა ამხანაგობა ,,მ.მ., N5-ის“ შექმნის შესახებ 2008 წლის 18 ივნისს დადებული ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეებს, 2015 წლის 12 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 13 137 ლარის 0.03%-ისა და 151 937 აშშ დოლარის 0.03%-ის (45.5 აშშ დოლარი) ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა.

5.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნები ჩამოაყალიბა:

5.1.1. შესრულებული ღირებულების ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში წარმატებულია, გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 316.1, 317.1, 629.1, 361.2, 648-ე, 649-ე მუხლების დანაწესიდან. აღნიშნულ ნაწილში სარჩელის უარსაყოფად ვერ გამოდგება მოპასუხეთა მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ხელშეკრულების 5.3.10 ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორის ნებით ან უნებლიე მოქმედებით ამხანაგობას საჯარიმო სანქციების ან რაიმე სახის გადასახადის გადახდა დაეკისრება, მითითებული თანხა ინვესტორმა უნდა გადაიხადოს და ამხანაგობის დარჩენილი წევრები პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან.

ამხანაგობის ხელშეკრულება მის წევრებს შორის იდება და მოქმედებს, რის გამოც მათ შორის არსებული შეთანხმება გავლენას ვერ მოახდენს მესამე პირების მიერ აღძრულ სარჩელსა და მათ მიმართ პასუხისმგებლობაზე, ვინაიდან სსკ-ის 937.1 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისთვის პასუხს სოლიდარულად აგებენ.

ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების 5.3.10 ქვეპუნქტი განსაზღვრავს ინვესტორის პასუხისმგებლობის საკითხს იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორის ნებით ან უნებლიე მოქმედებით ამხანაგობას საჯარიმო სანქციების ან გადასახადის გადახდა დაეკისრება და ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების საკითხს არ არეგულირებს.

ამდენად, მხარეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა კანონით არის განსაზღვრული და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით იგი ვერ შეიცვლება.

5.1.2. იმის გათვალისწინებით, რომ მერვე მოპასუხის გარდაცვალების გამო 1/4 ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საქმეზე მისი უფლებამონაცვლე ჩაება, ხოლო სხვა უფლებამონაცვლე პირთა ნაწილში მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოება შეწყდა, მოპასუხეთათვის დასაკისრებელი თანხა იმ ოდენობით უნდა შემცირებულიყო, რა ოდენობითაც მოსარჩელემ მათ მიმართ სასარჩელო მოთხოვნაზე თქვა უარი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა უნდა შემცირებულიყო ამხანაგობის დამფუძნებელი ცხრა წევრის გათვალისწინებით, მერვე მოპასუხის კუთვნილი ვალდებულების 3/4 წილით, რაც 1 194 ლარსა და 13 812 აშშ დოლარს შეადგენდა და რისი გადახდაც მოპასუხეებს უნდა დაკისრებოდათ.

5.1.3. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე განმარტავდა, რომ 2015 წლის 12 თებერვლიდან მოპასუხემ ანაზღაურება შეწყვიტა, ხოლო ამავე წლის მარტიდან - ხელშეკრულებიდან გავიდა. პირგასამტეხლოს დარიცხვას მოსარჩელე 2015 წლის 12 თებერვლიდან, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების 0.07%-ის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ითხოვდა.

სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებზე მიუთითა და მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო და მისი ოდენობა 0.03%-მდე (ყოველდღიურად 3.9 ლარი და 45.5 აშშ დოლარი) უნდა შემცირებულიყო.

5.2. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის დართვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის საოქმო განჩინების კანონიერებაზე და მიიჩნია, რომ აღნიშნული განჩინება უცვლელად უნდა დარჩენილიყო, შემდეგი გარემოებიდან გამომდინარე:

ზემოხსენებული დასკვნა მხარემ მთავარი სხდომის ეტაპზე წარადგინა და, არა - საქმის მომზადების სტადიაზე. ამასთან, არ არსებობდა საპატიო მიზეზი, არ გამოვლენილა საქმის გადაწყვეტისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ახალი გარემოება, რაც მოპასუხის მხრიდან დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენას საჭიროებდა. შესაბამისად, გასაჩივრებული საოქმო განჩინების გაუქმების მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 215.1 მუხლი).

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მხარეებმა საკასაციო საჩივარი შემოიტანეს.

6.1. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის მოთხოვნაა, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:

- საწარმოს მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების მიუღებლობისა და სამშენებლო ინვენტარის/მასალის წართმევიდან გამომდინარე, მოსარჩელე საწარმო 7 წლის განმავლობაში ვეღარ ფუნქციონირებს. სადავო ხელშეკრულების შესრულების პერიოდში (2012-2015 წლები) მოსარჩელე წარმატებული კომპანია იყო, ხოლო, მას შემდეგ, რაც 2016 წელს ამხანაგობამ საბრუნავი საშუალებები წაართვა, რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება ვეღარ შეძლო.

- პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელის მიერ სამუშაოების 100%-ით შესრულების ფაქტი ორივე ინსტანციის სასამართლომ დაამტკიცა, თუმცა შვიდი წლის განმავლობაში მოვალე პროცესებს აჭიანურებდა. ამის დასტურად პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია კვალიფიციური შედევება და პირგასამტეხლოს დარიცხვის დაწყების თარიღი და მისი ოდენობა სადავოდ არ გაუხდია. დაუშვებელია სსსკ-ის 384-ე მუხლის უგულებელყოფა, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა საქმის წარმოების მოსამზადებელ ეტაპზე ხორციელდება, თუმცა მოპასუხემ მისი მოცულობა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში გახადა სადავოდ.

6.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე ურის თქმას მოითხოვენ მოპასუხეები, რომელთა საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:

- 2018 წლის 24 აპრილის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საქმეზე დართვაზეც სასამართლომ მოპასუხეებს უარი უთხრა, ამომწურავად აქარწყლებს მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ ყველა გარემოებას და იმას ადასტურებს, რომ მოსარჩელეს არ შეუსრულებია: №2 დანართში მითითებული ბეტონის არმირებული იატაკის მოწყობა - 3.35 ნიშნულზე; 0.55 ნიშნულზე და +2.25 ნიშნულზე არ არის დასრულებული რკინა-ბეტონის გადახურვის ფილების მოწყობითი სამუშაოები. ამავე ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებამ 150 280 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი შეადგინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საკასაციო პალატის შეფასების საგანია, თუ რამდენად კანონიერია შესრულებული სამუშაოს ღირებულებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნით მენარდის მიერ მოპასუხეთა წინააღმდეგ აღძრული სარჩელი.

8. განსახილველი საქმის მასალებით შემდეგი გარემოებებია გამოვლენილი:

1). 2012 წლის 11 სექტემბერს, მოსარჩელესა და ამხანაგობას შორის ნარდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც საცხოვრებელი სახლის პროექტის კონსტრუქციული ნაწილით გათვალისწინებული რკინა-ბეტონის კარკასი (საძირკვლისა და რკინა-ბეტონის ფილით გადახურვის ჩათვლით) მოსარჩელეს ამხანაგობისთვის საკუთარი მასალის, ტექნიკისა და მუშა-ხელის გამოყენებით მოპასუხისვე მიწის ნაკვეთზე უნდა აეშენებინა.

ყოველ აშენებულ კვ.მ-ზე მოსარჩელისთვის მოპასუხეს 130 აშშ დოლარის ანაზღაურება ეკისრებოდა. ხელშეკრულების ღირებულება ჯამურად 704 210 აშშ დოლარს შეადგენდა, რომლის გადახდაც ხელშეკრულების 6.2, 6.3 და 6.10 ქვეპუნქტებით ეტაპობრივად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით უნდა შესრულებულიყო, რის თაობაზეც მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების შუალედური აქტი შედგებოდა, ხოლო თანხა 5 სამუშაო დღეში ანაზღაურდებოდა. შესრულებული სამუშაოს თითოეული ეტაპისთვის განკუთვნილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოპასუხეს გადაუხდელი თანხის 0.07%-ის ოდენობით ყოველდღიური პირგასამტეხლოს გადახდა ეკისრებოდა.

2). ხელშეკრულების 9.5 და 9.6 ქვეპუნქტებით მოწინააღმდეგე მხარე ვალდებულებას კისრულობდა, რომ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით 2013 წლის 1 იანვრამდე მოსარჩელისთვის 300 000 ლარის ოდენობით ავანსი გადაეხადა და 150 000 აშშ დოლარის ოდენობით საბანკო გარანტია წარმოედგინა ან ქონება იპოთეკით დაეტვირთა. უზრუნველყოფის ზემოაღნიშნული საშუალებების წარმოდგენის გარეშე მოსარჩელემ მხარეთა ზეპირი შეთანხმებით ხელშეკრულების შესრულება დაიწყო.

3). ხელშეკრულების 10.2 პუნქტით, შესრულებული სამუშაოს შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, თითოეული სამშენებლო ეტაპის მიღებად ჩაითვლებოდა, ხოლო 11.4 პუნქტით, შესრულებული სამუშაოს ნაკლის გამო შემკვეთს მენარდის მიმართ მოთხოვნის უფლება არ წარმოეშობოდა, თუ შესრულებული სამუშაოს მიღებისას საპრეტენზიო წერილში შემკვეთი სათანადო პოზიციას არ ასახავდა.

4). ასაშენებელი მრავალბინიანი სახლის პროექტის ცვლილებასთან დაკავშირებით დამატებითი სამუშაოების ჩატარების შესახებ 2013 წლის 15 ნოემბერს მხარეთა შორის ხელშეკრულების N1 და N2 დანართები გაფორმდა, კერძოდ, N2 დანართში აღნიშნულია, რომ სახეცვლილება განიცადა პროექტის კონსტრუქციულმა ნაწილმა (ალბომი N2). გარდა ამისა, შემუშავდა სამშენებლო ორგანიზების ახალი პროექტი. ახალმა პროექტმა გამოიწვია, როგორც შენობის მოცულობის, ასევე, სამშენებლო ფართის გაზრდა და ერთსართულიანი ავტოსადგომების მშენებლობის ნაცვლად ორსართულიანი ავტოსადგომების მშენებლობა გაითვალისწინეს. დამატებით წარმოიშვა ფერდის შემაკავებელი კონტრფორსული კედლების მშენებლობის აუცილებლობა. 2014 წლის 15 თებერვლის შეთანხმებით, N1 და N2 დანართებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა 2014 წლის 15 ივლისამდე გაგრძელდა.

5). 2015 წლის მარტიდან მოპასუხე ნარდობის ხელშეკრულებიდან გავიდა.

9. მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად მოსარჩელემ მასა და ამხანაგობას შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებსა და მის საფუძველზე შედგენილ საგადასახადო ანგარიშფაქტურებზე მიუთითა, რომლებშიც შესრულებული სამუშაოს საზღაური ეროვნულ ვალუტაშია გამოხატული.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში სააპელაციო სასამართლოს მართებდა შემდეგი გარემოების გამორკვევა, სახელდობრ:

მხარეთა კონკლუდენტური მოქმედებით, ხომ არ ჰქონია ადგილი დამკვეთისა და მენარდის შეთანხმებას სამუშაოს საზღაურის ეროვნულ ვალუტაში ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

მოცემული საკითხის გაანალიზებისას, ყურადსაღებია, რომ განსახილველი სარჩელით მენარდე შესრულებული სამუშაოს ღირებულების უმთავრესი ნაწილის ანაზღაურებას აშშ დოლარში მოითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა მონაწილეობით შედგენილ სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტებში ანაზღაურება ეროვნულ ვალუტაშია გამოხატული.

ეროვნული ვალუტის გადახდის მოთხოვნა ფიქსირდება დამკვეთის მიერ მენარდისთვის გაგზავნილ საგადასახადო ანგარიშფაქტურებშიც და სასარჩელო განცხადებაშიც მოსარჩელე მიუთითებს, რომ ანაზღაურების სახით სხვადასხვა დროს მიღებული თანხა ეროვნულ ვალუტაში იყო გადახდილი.

ვინაიდან მოსარჩელე, დამკვეთის მიერ გარკვეული თანხების გადახდას არ უარყოფს (რის თაობაზეც როგორც ავღნიშნეთ სასარჩელო განცხადებაშიც არის მითითებული) სასამართლოს მიერ ანგარიშწრორებისთვის განკუთვნილი ვალუტის სწორად განსაზღვრის პირობებში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უნდა დააგინოს საგადასახადო ანგარიშფაქტურით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხიდან რა ნაწილი დაიფარა მოპასუხის მიერ და ამის შემდეგ ზუსტად განსაზღვროს მოპასუხისთვის დასაკისრებელი თანხის მოცულობა.

10. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავად მიიღოს გადაწყვეტილება დავაზე ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნების სრულყოფილად განხილვის მიზნით გამოკვეთილია მთელი რიგი გარემოებების დეტალურად განხილვის აუცილებლობა. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რომელმაც საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებაში მოცემული მსჯელობის გათვალისწინებით უნდა განიხილოს სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი (სსსკ-ის 412-ე მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,მ.ი–იის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. შ.კ–ძისა და დ.კ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

3. მ.გ–ძის, ე.ხ–ვას, ე.ხ–ვას, გ.ხ–ვას, ნ.ბ–ძისა და ამხანაგობა ,,მ.მ. შ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ნიკოლოზ მარსაგიშვილი

ბადრი შონია