6 მარტი, 2025 წელი,
საქმე №ას-300-2020 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) - შპს ,,გ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) - ლ.ა–ძე
II კასატორი - ლ.ა–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,გ–ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება
პირველი კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
მეორე კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მიუღებელი შემოსავლის სახით 218 000 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შპს „გ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე, მენარდე ან საწარმო) წინააღმდეგ ლ.ა–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე ან შემკვეთი) სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
2. მოპასუხემ სასამართლოს შეგებებული სარჩელი წარუდგინა, რომლითაც შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 41 872.88 ევროს მოსარჩელისთვის დაკისრება მოითხოვა:
3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით არც სარჩელი და არც შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით:
10.1. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
10.2. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
10.3. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;
10.4. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 42 498.6 ლარის გადახდა დაეკისრა;
10.5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი ორივე მხარემ შემოიტანა.
11.1. საკასაციო საჩივრით მოსარჩელე გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებასა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებას მოითხოვდა.
11.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება იყო მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა. ამავდროულად, მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე მითითებით მოპასუხე საწარმომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ითხოვა.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად. საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ამავე განჩინებით მოპასუხეს გადაუვადდა 8 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
2020 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში მიიღო მოსარჩელის საკასაციო საჩივარიც, ხოლო 2022 წლის 1 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები სასამართლომ დასაშვებად ცნო და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაადგინა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით:
13.1. მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
13.2. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
13.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;
13.4. ლ.ა–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
13.5. შპს "გ–ის" შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების გაცნობის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე გამოტანილ უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 261.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება თუ გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ხსენებული მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
სსსკ-ის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
15. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში გამოიკვეთა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.
საქმეზე დადგენილია, რომ:
მიუღებელი შემოსავლის სახით 218 000 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მენარდის (მოპასუხე) წინააღმდეგ შემკვეთმა (შემკვეთი) სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
მოგვიანებით, მენარდემ სასამართლოს შეგებებული სარჩელი წარუდგინა, რომლითაც შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 41 872.88 ევროს მოსარჩელისთვის დაკისრება მოითხოვა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით არც სარჩელი და არც შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით: მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 42 498.6 ლარის გადახდა დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი ორივე მხარემ შემოიტანა.
საკასაციო საჩივრით მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ამავდროულად, მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე მითითებით მოპასუხემ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 4 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად. საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ამავე განჩინებით მოპასუხეს გადაუვადდა 8 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
16. ზემომითითებული გარემოებების გათვალისწინებით, 8 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი, რომლის გადახდაც მოპასუხეს სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდა, ამ უკანასკნელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს.
17. ვინაიდან დასახელებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლოს მოპასუხისთვის არ დაუკისრებია, მიღებულ უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მას 8 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 53-ე, 261-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოპასუხე შპს ,,გ–ს“ (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 8 000 ლარის გადახდა. სახელმწიფო ბაჟი განთავსებულ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი - TRESGE22, მიმღების ანგარიშის ნომერი - 200122900, სახაზინო კოდი - 3 0077 3150.
2. დამატებითი გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა