8 მაისი, 2025 წელი,
#ას-1515-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.კ.“ (მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გაჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, შემსყიდველი ან შემკვეთი) ასაჩივრებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის განჩინებას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით შპს „ს.კ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე; შეგებებული მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მიმწოდებელი) სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 37 500 ლარისა და 319 712 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; შეგებებული სარჩელი უარყოფილ იქნა. მისი საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, შეთანხმება მიმწოდებლის მიერ გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტეს, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ კი, აღნიშნული გარემოება სათანადოდ არ გამოიკვლია, რასაც შედეგად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მხარეებს შორის 2021 წლის 16 ნოემბერს დაიდო #125 ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება), რომლის საგანს წარმოადგენდა, ბათუმში, ჩაქვის დასახლებაში, 12 000 კვ.მ-ზე, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, სარეკრეაციო სივრცისა და მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობის, შენობების დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესყიდვა.
ხელშეკრულების ღირებულება - 12 788 480 ლარით, ხოლო შესრულების საერთო ვადა - არაუგვიანეს 2024 წლის 10 დეკემბრით, განისაზღვრა (იხ. შეთანხმების 10.3 პუნქტი).
4.4. შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის ხელშეკრულების შეწყვეტისას, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5% (იხ. ხელშეკრულების 10.3 პუნქტი).
4.5. ხელშეკრულების შესრულების პროცესში ხელშემშლელი გარემოებების არსებობისას, რომელიც შეთანხმების პირობების შესრულებას შეაფერხებდა, მხარეს დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნა მეორე მხარისთვის წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ. ამ უკანასკნელს კი, რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა ეცნობებინა აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირები მიღებული გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო, მხარეები შეთანხმდებოდნენ ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით უნდა გაფორმებულიყო (იხ. ხელშეკრულების 12.1-12.2 პუნქტები).
4.6. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს შეადგენდა:
ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები, ტექნიკური პირობები/დავალება, ფასების ცხრილი, საბანკო გარანტია, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. ტექნიკური დავალების შემადგენელი ნაწილი იყო ობიექტის გენერალური გეგმა და იპოდრომის და ძაღლსაშენის გრაფიკური ესკიზები, რომელთა მიხედვითაც უნდა მომხდარიყო პროექტის დამუშავება;
ხელშეკრულების ტექნიკური დავალების შესაბამისად, „ამ ტექნიკური დავალების საფუძველზე უნდა შექმნილიყო დეტალური სამშენებლო დოკუმენტაცია საერთაშორისო სტანდარტებით საჭირო სივრცეების მოწყობით. პროექტი ასევე უნდა მოიცავდეს ზოგად ინსტრუქციებს და რეკომენდაციებს ობიექტის ექსპლუატაციისთვის, ისევე როგორც დეტალურ სპეციფიკაციებს გამოყენებული მასალის, მუშაობის მეთოდებისა და ხარისხის გასაკონტროლებლად;
შესყიდვის ობიექტის აღწერასთან დაკავშირებული ინფორმაცია - ,,ტექნიკური დავალებით, საპროექტო ტერიტორია მდებარეობდა ქ.ბათუმში, ჩაქვის დასახლებაში, ტერიტორიის ფართი 12 000 მ2-ს შეადგენდა;
წინამდებარე დავალება მოიცავდა აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩაქვის დასახლებაში: 1. ა(ა)იპ ბათუმის საცხენოსნო კლუბისთვის იპოდრომის მოწყობას; 2. მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარისათვის ტერიტორიების მოწყობას; 3. დარჩენილ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის განთავსებას;
ტექნიკური დავალების საფუძველზე უნდა შექმნილიყო დეტალური სამშენებლო დოკუმენტაცია საერთაშორისო სტანდარტებით საჭირო სივრცეების მოწყობით;
პროექტი ასევე უნდა მოიცავდეს ზოგად ინსტრუქციებს და რეკომენდაციებს ობიექტის ექსპლუატაციისთვის, ისევე როგორც დეტალურ სპეციფიკაციებს გამოყენებული მასალის, მუშაობის მეთოდებისა და ხარისხის გასაკონტროლებლად;
პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო საპროექტო ტერიტორიის რელიეფის თავისებურებები, ტერიტორია დაპროექტებული უნდა ყოფილიყო სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვით. პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო თანამედროვე სტანდარტების სამშენებლო მასალების გამოყენება;
საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს როგორც გარე, ასევე შიდა საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობის პროექტებს: წყალმომარაგება- კანალიზაცია, ელექტრომომარაგება, გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია, სადრენაჟე სისტემა და ა.შ. გარდა ამისა, პროექტს უნდა ახლდეს ტექნოლოგიური ნაწილი და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი როგორც ლოკალურ-რესურსული, ასევე კრებსითი სახით (1.1, 1.2 და 1.21. მუხლი);
ტექნიკური დავალების მიხედვით, მოცემული ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული იყო მომსახურების განხორციელება 3 ეტაპად (დამატებით ინფორმაცია ეტაპებზე იხილეთ 1.2.3.2 პუნქტში): I ეტაპი - ტერიტორიის შესწავლა, საკადასტრო ინფორმაცია, ტოპოგრაფიული კვლევა, საინჟინრო გეოლოგიური კვლევა, პირველადი ინფორმაცია არსებულ საინჟინრო ქსელებთან დაკავშირებით, კონცეპტუალური დიზაინის დამუშავება (მინიმუმ 3 ვარიანტი); II ეტაპი - შერჩეული კონცეპტუალური დიზაინის საფუძველზე ესკიზური საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება; III ეტაპი - დეტალური პროექტის დამუშავება და საბოლოო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენა;
I ეტაპი - ტერიტორიის შესწავლა და კონცეპტუალური დიზაინის 3 ვარიანტის მომზადება მოიცავდა: ტერიტორიის დეტალურ შესწავლას, შესაბამისი ფოტომასალის, ნარგავების შესახებ ინფორმაციის, გარშემო ტერიტორიის, სადემონტაჟო მოცულობების, მისასვლელი გზების შესწავლით, საპროექტო და მომიჯნავე ნაკვეთების საკადასტრო გეგმების წარმოდგენით; ტოპოგრაფიული გეგმა მ1:500, 1:1000, 1:2000; საინჟინრო- გეოლოგიური კვლევა, ტოპოგრაფიულ გეგმაზე გაბურღვის ადგილების მონიშვნით, ლაბორატორიული კვლევის შედეგების და ნაკვეთის ჭრილების წარმოდგენით (ჭრილებზე შემადგენელი გრუნტების დატანით); ობიექტის გენერალური გეგმის ესკიზის დამუშავებას ტოპოგრაფიულ გეგმაზე დაყრდნობით; შენობა-ნაგებობის კონცეპტუალური გეგმების დამუშავებას; დასაგეგმარებელი ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობის სამგანზომილებიანი გამოსახულების 3 ვარიანტის დამუშავებას (რენდერების მომზადება მაღალი რეზოლუციით); კონცეპტუალურ პროექტის შესაბამისად, ობიექტის ენერგო რესურსებზე, სასმელ წყალზე, კანალიზაციაზე, სატელეფონო-სატელევიზიო-ინტერნეტ კომუნიკაციებზე მოთხოვნილების განსაზღვრას და განაცხადების მომზადებას ტექნიკური პირობების მოსაპოვებლად.
შესაბამისი სამსახურებიდან; საგზაო დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი, ღერძულა ხაზიდან დაშორებული 25 და 15 მეტრის შესაბამისობის გათვალისწინება; დასაგეგმარებელი ობიექტის საინჟინრო ქსელების პროექტირების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და შესაბამისი პირველადი ნახაზების წარმოდგენა; ვარიანტებში განხილული უნდა ყოფილიყო სხვადასხვა კონსტრუქციული და არქიტექტურული გადაწყვეტები (1.2.2.5.1. მუხლი).
4.7. 2021 წლის 12 ნოემბერს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „ს.ბ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ბანკი ან გარანტი) გასცა შესრულების საბანკო გარანტია - 319712 ლარი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საბანკო გარანტია).
4.8. 2021 წლის 1 დეკემბრის №014/002/2021 წერილით, მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შეთანხმების თანახმად, ბათუმში, ჩაქვის დასახლებაში, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით, სარეკრეაციო სივრცისა და მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობის, შენობების დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოებს (№AT210019810) ხელშეკრულებაზე თანდართული ტექნიკური დავალების შესაბამისად აწარმოებდა.
ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ დაიწყეს საპროექტო კვლევები. შედეგად დადგინდა, რომ ტერიტორიაზე გაედინებოდა მდინარე, რელიეფი იყო რთული და მოცული იყო ხე-ნარგავებით. აღნიშნული ხე-ნარგავების სიხშირიდან გამომდინარე ვერ ხერხდებოდა ტერიტორიაზე საინჟინრო გეოლოგიური კვლევისათვის ტექნიკის შეყვანა.
დასკვნის თანახმად, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მომხდარიყო: ა) ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავების ტაქსაცია; ბ) ტაქსაციის სათანადო დოკუმენტაციის მომზადების შემდგომ უნდა მიემართა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხეების მოჭრის ან გადარგვის თხოვნით; გ) მხოლოდ ამ თანხმობის შემდგომ, მოხდებოდა ტერიტორიის გასუფთავება და შესაძლებელი გახდებოდა საინჟინრო გეოლოგიური კვლევის ჩატარება.
ასევე, ტექნიკური დავალების შესაბამისად, პროექტირება დაყოფილი იყო სამ ეტაპად, პირველ ეტაპზე წარმოსადგენი იყო საინჟინრო გეოლოგიური კვლევა და სამი ესკიზური ვარიანტი. აღნიშნულის გამო, მიმწოდებელმა დამატებითი 100 დღიანი ვადის განსაზღვრა ითხოვა.
4.9. შემსყიდველი ვადის მხოლოდ - 50 დღით გაზრდას დაეთანხმა, შედეგად, 2021 წლის 21 დეკემბერს, მხარეთა შორის №1 შეთანხმება გაფორმდა, რომლითაც 1-ლი ეტაპის სამუშაოების შესრულების ვადა - 80 დღით, ხოლო საბოლოო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარდგენის, ხელშეკრულების გაფორმებიდან - 140 კალენდარული დღით განისაზღვრა.
4.10. 2022 წლის 4 თებერვლის წერილით მოსარჩელემ შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ობიექტის ტექნიკური დავალების 1.2.2.3 მუხლის თანახმად, კონცეპტუალური დიზაინის სამი ვარიანტი წარუდგინა შესათანხმებლად.
4.11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 1 აპრილის №002047022 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაბა ჩაქვში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ-ით ........; ..........; ...........; .........; ..........; ..........; ..........; ...........; ..........; .........) წარმოდგენილი კონცეპტუალური გენგეგმით გათვალისწინებული პროექტი ცალკეულ შემთხვევებში ეწინააღმდეგება მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტებს, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში კი, მნიშვნელოვნად ართულებდა ან შეუძლებელს ხდიდა მის განხორცილებას.
4.12. მოსარჩელემ 2022 წლის 15 აპრილს კვლავ მიმართა მოპასუხეს და აცნობა, რომ ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ პროექტის განხორციელება ტექნიკური დავალებისა და მასზე თანდართული კონცეპტუალური ექსკიზების შესაბამისად შეუძლებელი იყო. ასევე ცხადი გახდა, რომ რეალურ საპროექტო ტერიტორიაზე წარმოდგენილი კონცეპტუალური დიზაინის და გენ-გეგმაზე მითითებული სათავსების გაბარიტების სატენდერო დოკუმენტაციაში სრულად განხორციელება შეუძლებელი იყო. ტექნიკურ დავალებაზე თანდართულ გრაფიკულ ესკიზებში ტერიტორია იყო ერთგვაროვანი, სწორი რელიეფის მქონე, ყოველგვარი მკაცრი რელიეფის, არხის, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის და შეზღუდვების ჩვენების გარეშე, რაც არ შეესაბამებოდა რეალობას. მითითებულის გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო მათ მიერ წარდგენილი კონცეპტუალური ესკიზების ისეთი კორექტირება, რომ ისინი სრულ შესაბამისობაში მოსულიყო ტექნიკურ დავალებასა და მასზე თანდართულ გრაფიკულ ესკიზებთან.
სატენდერო დოკუმენტაციის, ტექნიკური დავალებისა და მასზე თანდართული კონცეპტუალური ესკიზების შემუშავებისას დაშვებული იყო შეცდომა და პროექტის მოთხოვნილი სახით განხორციელება და ამის დადგენა შეუძლებელი იყო მათ მიერ ტენდერში მონაწილეობის ეტაპზე, ეს შესაძლებელი შეიქნა მხოლოდ ტერიტორიის ვიზუალური დათვალიერებით და საჭირო იყო დამატებითი კვლევები.
ამავე წერილით მოსარჩელემ აცნობა, რომ ელოდებოდა მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რამდენად იყო შესაძლებელი ტექნიკური დავალებისა და ტექნიკურ დავალებაზე თანდართული კონცეპტუალური დიზაინის ესკიზების ცვლილებები, რათა მათ შეძლებოდათ რეალობის შესაბამისი კონცეპტრუალური ესკიზების წარმოდგენა და შემდეგ დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავება (იხ. №014/008/2022 წერილი).
4.13. მოპასუხემ 2022 წლის 3 მაისის №90.14221231 ბრძანებით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება შეწყვიტა და შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა და არაჯეროვნად შესრულებისათვის, მიმწოდებელს დააკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5% - 639 424 ლარი.
აღნიშნულს მიზეზად დაედო შემდეგი ფატქები:
მოპასუხის 2022 წლის 17 თებერვლის №90-1422048345 წერილით მხარეს ეცნობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ეტაპის დარღვევაზე. პასუხად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა კონცეპტუალური დიზაინის 3 ვარიანტი შესათანხმებლად. წარმოდგენილი ვარიანტები სამმართველოს მიერ დახარვეზდა, რის შესახებაც ეცნობა მოსარჩელეს 2022 წლის 9 მარტის №90-1422068163 წერილით. ამის შემდგომ კომპანიის მიერ არ მომხდარა ხარვეზების გათვალისწინებით კორექტირებული ვარიანტების წარმოდგენა;
სამმართველოს მიერ, 2022 წლის 14 აპრილს კომპანიას ეთხოვა 5 დღეში წარმოედგინა ბათუმში, ჩაქვის დასახლებაში ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, ,,Design-Build“-ის მეთოდით, სარეკრეაციო სივრცისა და მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობის, შენობების დეტალური პროექტის მომზადების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შენიშვნების გათვალისწინებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამმართველო უფლებას იტოვებდა ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება;
2022 წლის 15 აპრილს, მოსარჩელემ წარმოადგინა იგივე ხარვეზის მქონე დოკუმენტაცია და ამ დოკუმენტებზე ჩატარებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვით, წარდგენილი კონცეპტუალური გენგეგმით გათვალისწინებული პროექტი ცალკეულ შემთხვევებში ეწინააღმდეგებოდა მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტებს, ცალკეულ შემთხვევებში კი, მნიშვნელოვნად ართულებდა ან შეუძლებელს ხდიდა მის განხორციელებას;
მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასკვნა ვერ გამოდგებოდა კომპანიის მიერ ვალდებულების შეუსრულოებლობის გასასამართლებლად, ვინაიდან დასკვნა გაკეთებული იყო კომპანიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე, რომელიც მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავდა, ხოლო სამმართველოს მიერ მიცემული დამატებითი ვადები კომპანიის მიერ არ იქნა გამოყენებული მის გამოსასწორებლად;
ვინაიდან, საბოლოოდ, 2022 წლის 4 აპრილს, გავიდა როგორც ხელშეკრულებით განსაზღვრული, ასევე მოპასუხის მიერ დამატებით დაწესებული ვადა, მიმწოდებლის მიერ ვალდებულება არ შესრულდა, მხარე გადიოდა ხელშეკრულებიდან და მიმწოდებელს პირგასამტეხლოს აკისრებდა.
4.14. 2022 წლის 6 მაისს მოპასუხემ №90-1422126228 წერილით, მიმართა სს ,,ს.ბ–ს“ და PE2577467-21 საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის - 319 712 ლარის ანაზღაურება ითხოვა.
4.15. სს ,,ს.ბ–ის“ მიერ, 2022 წლის 10 მაისის №OQTF22389 შეტყობინებით, ეცნობა ბენეფიციარის მოთხოვნის თაობაზე, რის შემდგომაც ბანკმა სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხიდან რეგრესული დავალიანების დაფარვა/ჩამოწერა მოახდინა.
4.16. სს ,,ს.ბ–ის“ მიერ გადარიცხული იქნა მოთხოვნილი საგარანტიო თანხა - 319 712 ლარი, რაც მოპასუხემ პირგასამტეხლოში გაქვითა.
4.17. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, მიმწოდებელმა, დამკვეთის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტამდე, ჯამში - 37 500 ლარის მიზნობრივი ხარჯი გაიღო, კერძოდ:
I ეტაპის სამუშაოების შესრულების მიზნით, გააფორმა მომსახურების ხელშეკრულება შპს ,,ქ.მ.ე.ს.კ–თან“ (მომსახურება მოიცავდა: ტერიტორიის შესწავლასა და კონცეპტუალური დიზაინის 3 ვარიანტის მომზადებას) რომელთანაც ხელშეკრულების ღირებულებამ - 27 000 ლარი შეადგინა. შპს ,,ქ.მ.ე.ს.კ–“ მიერ, ი/მ ლ.ვ–თან გეოდეზისტური სამუშაოების ჩატარების მიზნით მომსახურების ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ღირებულება - 5000 ლარით განისაზღვრა;
ძაღლსაშენი-იპოდრომის მშენებლობის სამუშაოების შესრულების მიზნით, ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,მ–თან“. ანაზღაურება ხორციელდებოდა ეტაპობრივად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობების შესაბამისად. ამ ხელშეკრულების ფარგლებში, შპს ,,მ–ის“ მიერ საინჟინრო გეოლოგიური სამუშაოების შესრულების მიზნით დაქირავებული იქნა შპს ,,T. G. G.“, რომელთან მომსახურების ღირებულება - 14 400 ლარით განისაზღვრა, საიდანაც - 4500 ლარის სამუშაოები შესრულდა და იგი მოსარჩელემ აანაზღაურა;
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული იქნა საექსპერტო მომსახურება, რომლის ღირებულება - 1000 ლარია.
4.18. მოპასუხემ №AT220020464 ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, 2022 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული №124 ხელშეკრულებით, განახორციელა იმავე საინჟინრო - საპროექტო მომსახურების შესყიდვა. ტენდერში სს ,,ა–მა“ გაიმარჯვა. ხელშეკრულების შესრულების ვადა - 2023 წლის 30 მარტით, ღირებულება კი - 587 000 ლარით განისაზღვრა. შედეგად, 2023 წლის 17 მარტს შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმდა შეთანხმება. შეთანხმებით დადგინდა, რომ ვინაიდან საპროექტო ტერიტორიას კვეთდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომლის გადატანა სრულფასოვანი პროექტის მომზადების აუცილებელი პირობა იყო, საჭირო იყო შემსყიდველის შუამდგომლობა სს ,,ე.პ.ჯ–თან“.
4.19. 30.11.2022 წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №124 ხელშეკრულებით, გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება მიმწოდებლის სს ,,ა–ის“ მიერ მოხდა 2023 წლის 20 ივნისს, ნაცვლად 2023 წლის 30 მარტისა. აღნიშნულის მიზეზთა შორის იყო საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა. ჩაქვის დასახლებაში სარეკრეაციო სივრცისა და მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობა, შენობების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების შედეგად, სამუშაოთა სავარაუდო ღირებულება - 33 535 450, 11 ლარით, განისაზღვრა.
4.20. მოპასუხის მიერ, 2023 წლის 21 სექტემბერს, გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი ქალაქ ბათუმში, ჩაქვის დასახლებაში სარეკრეაციო სივრცის და მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით.
სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება - 32 948 540 ლარით განისაზღვრა. 2023 წლის 21 სექტემბრის №AT230019276 ტენდერით შესყიდული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გენგეგმაზე ასახული შენობა-ნაგებობების მოცულობები შეცვლილი იყო. განსხვავებული იყო საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „ტერიტორია დენუდაციური ტიპის გორაკ-ბორცვიანი რელიეფით ხასიათდებოდა.
ტექნოგენური (ნაყარი) გრუნტი ფართოდ იყო გავრცელებული საკვლევ ტერიტორიაზე, მათ შორის, ბათუმი-ჩაქვის საავტომობილო გვირაბის გაყვანის პროცესში გამოტანილი მასა. საკვლევ ტერიტორიაზე ჩაედინებოდა უსახელო ღელე, რომელსაც უხვი ნალექების დროს ახასიათებდა ადიდება, რაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული მშენებლობის დროს.
მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ პირველი ტენდერის შემთხვევაში, კონცეპტუალური დიზაინისა და გენ-გეგმაზე მითითებული შენობების გაბარიტების დაცვა სავალდებულო იყო, რაც მეორე ტენდერის შემთხვევაში, სავალდებულო დათქმას არ წარმოადგენდა.
5. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება კასატორსა და მოსარჩელეს შორის ნარდობის სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც წესრიგდება სამოქალაქო კოდექსის 629.1 მუხლით (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), თუმცა, იმ სამართლებრივი შედეგეგის გათვალისწინებით რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, დანახარჯების კონდიქციის მოთხოვნის დაკმაყოფილება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე (შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი) 976.1 „ა“ ქვეპუნქტის (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979.1 მუხლებით (უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.) გათვალისწინებული ფაქტობრივი შემადგენლობის არსებობითაა განპირობებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით კი, მოწესრიგებულია პირგასამტეხლოს (შეგებებული სარჩელის მოთხოვნა) სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია, გამოყენების ფარგლები და შემცირების წინაპირობები.
6. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე/მიმწოდებელი ითხოვდა შეთანხმების ცალმხრივად შეწყვეტამდე შესრულებული სამუშაოების ღირებულებისა და უსაფუძვლოდ გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხის დაბრუნებას. შეგებებული მოსარჩელე/შემკვეთი კი, შეთანხმებული პირგასამტეხლოს ანაზღაურებას.
7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტია. როგორც კონტინენტური სამართლის სისტემის ქვეყნებში, საქართველოშიც ვალდებულების შესრულების მომწესრიგებელ ნორმებს ძირითადად დისპოზიციური ხასიათი აქვთ. ქართული სამოქალაქო კოდექსი შესრულებაზე ორიენტირებული აქტია. მისი როგორც ზოგადი, ისე - კერძო ნაწილი შესრულების მექანიზმებზეა აგებული. მთავარია, შესრულება და არა პასუხისმგებლობა.
ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია კონკრეტული სახის ვალდებულების შინაარსზე. ვალდებულება სრულდება ვალდებულების მხარეების ნებელობითი მოქმედების შედეგად: მოვალე სთავაზობს შესრულებას, კრედიტორი იღებს შესრულებას. უარყოფითი შინაარსის მქონე ვალდებულებების არსებობა გამოიხატება გარკვეული მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებით (მაგალითად, სამეზობლო თმენის ვალდებულებები და ა.შ.). ასეთი უმოქმედობაც ხორციელდება მოვალის ძალისხმევით, ამიტომაც იურიდიულ ლიტერატურაში ვალდებულების შესრულების აღმნიშვნელ ტერმინად ძირითადად გამოიყენება ტერმინი – ქმედება.
8. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეთა უფლებები, თავისი სამართლებრივი ბუნებით მიეკუთვნება რელატიურ (შეფარდებით) უფლებათა რიცხვს. რელატიური უფლება არის განსაზღვრული პირის მიმართ შესრულების მოთხოვნის უფლებამოსილება. იგი მიმართულია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ განსაზღვრული პირის მიმართ კონკრეტული ვალდებულების შესასრულებლად. რელატიური უფლება წარმოიშობა ნამდვილი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე.
ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო 361.2 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით.
9. ნარდობის ხელშეკრულებით, შემკვეთის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს, მიიღოს შესრულებული სამუშაო და გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
10. ნარდობა ძირითადად მოწესრიგებულია სსკ-ის, 629 - 656-ე მუხლებით. სსკ 636-ე მუხლი (შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი) კი, შემკვეთს ანიჭებს ხელშეკრულების შეწყვეტის თავისუფალ უფლებას. რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი მას არ ავალდებულებს, იმოქმედოს ზოგადი წესების მიხედვით, რომლის თანახმადაც უმეტეს შემთხვევაში, შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა არსებობდეს (მაგ. 399-ე მუხლი) ან, კიდევ დაიცვას შეწყვეტის ვადები ან წინასწარ გააფრთხილოს მენარდე (სსკ-ის 405.1 მუხლი), თუმცა იგი ვალდებულია, მენარდეს აუნაზღაურის ხელშეკრულების შესრულებული ნაწილი.
11. ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია, ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო.
12. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სახელშეკრულებო სამართლის ფარგლებში მოწესრიგებულ ურთიერთობათა ცალკეულ ნორმებზე: მაგ. ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი (სსკ-ის 484-ე მუხლი), რომელიც გარიგების ყოველი მხარისათვის ადგენს შესაძლებლობას, უარი თქვას თავისი ვალდებულების შესრულებაზე, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდება, რომ არსებობს რეალური საშიშროება მეორე მხარის მიერ მოვალეობათა მნიშვნელოვანი ნაწილის შეუსრულებლობისა, იქვეა დათქმა უარის თქმის დაუშვებლობაზე;
საგულისხმოა, მაგალითად, სხვა ნორმებიც: ხელშეკრულების მოშლა დამქირავებლის ინიციატივით (სსკ-ის 541-ე მუხლი), დაზღვევის შეწყვეტა ქონების გასხვისებისას (სსკ-ის 835-ე მუხლი), რომელთა მიხედვითაც, ურთიერთობის შეწყვეტამდე გარკვეული წინაპირობები უნდა არსებობდეს და იქნეს დაცული.
სამოქალაქო კოდექსის ცალკეულ ინსტიტუტებთან შედარებისას და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ურთიერთობისათვის ამოსავალი პრინციპის - კონტრაჰენტთა კეთილსინდისიერების გათვალისწინებით (სსკ-ის 8.3 მუხლი), შეიძლება ითქვას, რომ ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში 636-ე მუხლი არის ის სპეციალური რეგულაცია, რომელსაც არ სჭირდება წინაპირობების დაცვა (შდრ. სუსგ №ას-901-851-2015, 05.02.2016წ).
13. რაც შეეხება თავად ნორმის გამოყენების წინაპირობებს, აშკარა უნდა იყოს: ა) სამუშაოს დასრულებამდე შემკვეთის ინიციატივით ხელშეკრულების მოშლა; ბ) ხელშეკრულების მოშლამდე სამუშაოს ნაწილის შესრულება; გ) ხელშეკრულების მოშლით მენარდისათვის ზიანის მიყენება; დ) მენარდის სასარგებლოდ გადახდის განუხორციელებლობა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მენარდის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 629.1 და 648-ე მუხლების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე წარმოშობილია, ნამდვილი და განხორციელებადია, კერძოდ:
14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შემკვეთმა 2022 წლის 3 მაისის №90.14221231 ბრძანებით, ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა, ასევე დადგენილია, რომ მენარდემ შეთანხმების შეწყვეტამდე მიზნობრივი ხარჯი - 37 500 ლარი გაიღო, რომელიც შემკვეთს არ აუნაზღაურებია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა მოსარჩელის მიერ მიზნობრივი ხარჯის გაღება და მართებულად დააკისრა მოპასუხეს მისი ანაზღაურება.
15. უსაფუძვლოდ გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, მოთხოვნებთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 647.1 მუხლზე რომლის თანახმად, მენარდე მოვალეა დროულად გააფრთხილოს შემკვეთი, რომ: ა) შემკვეთისგან მიღებული მასალა უხარისხო და გამოუსადეგარია; ბ) თუ შემკვეთის მითითება შესრულდება, ნამუშევარი არამტკიცე ან გამოუსადეგარი იქნება; გ) არსებობს მენარდისაგან დამოუკიდებელი სხვა რამ გარემოება, რომელიც საფრთხეს უქმნის ნამუშევრის სიმტკიცესა და ვარგისიანობას.
16. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებასთან მიმართებით შემსყიდველთან წერილობითი კომუნიკაცია მიმწოდებელმა 2021 წლის 1 დეკემბრს განახორციელა, რომლითაც შეატყობინა, რომ ტერიტორიაზე გაედინებოდა მდინარე, ტერიტორიის რელიეფი იყო რთული და მოცული იყო ხე-ნარგავებით. აღნიშნულის ხე-ნარგავების სიხშირიდან გამომდინარე, ვერ ხერხდებოდა ტერიტორიაზე საინჟინრო გეოლოგიური კვლევისათვის ტექნიკის შეყვანა.
ამდენად, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მომხდარიყო: ა) ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავების ტაქსაცია; ბ) ტაქსაციის სათანადო დოკუმენტაციის მომზადების შემდგომ უნდა მიემართა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ხეების მოჭრის ან გადარგვის თხოვნით; გ) მხოლოდ ამ თანხმობის შემდგომ, მოხდებოდა ტერიტორიის გასუფთავება და შესაძლებელი გახდებოდა საინჟინრო გეოლოგიური კვლევის ჩატარება.
ასევე, ტექნიკური დავალების შესაბამისად, პროექტირება დაყოფილი იყო სამ ეტაპად, პირველ ეტაპზე წარმოსადგენი იყო საინჟინრო გეოლოგიური კვლევა და სამი ესკიზური ვარიანტი და ექსპერტიზის დასკვნებიც წარუდგინა.
17. ამასთან, სადავო ფაქტობრივ გარემოებებს თავად მოპასუხეც ადასტურებს, კერძოდ, დადგენილია, რომ იმავე ტიპის სამუშაოებზე ახალი ტენდერი მეტი ვადითა და გაცილებით დიდი ღირებულებით გამოაცახადა, ახალი/ანალოგიური პროექტი დაახლოებით სამჯერ მეტი ღირებულებისაა, ვიდრე მოსარჩელესთან იქნა გათვალისწინებული. მიუხედავად მიცემული ვადისა, საჭირო გახდა მისი გაგრძელებაც. ამასთან, აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებულსაც ისეთივე დაბრკოლებები შეექმნა, რაც ობიექტურად ართულებდა საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას, პროექტის განხორციელებისას გამოვლენილი ხელშემშშლელი გარემოებების გამო (მათ შორის იყო მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებიც), შესაბამისად, ლოგიკურია, რომ არც ერთ კომპანიას არ ჰქონდა შესაძლებლობა მოეხდინა №AT210019810 ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება, ტენდერში გამოცხადებული პირობებით. აღსანიშნავია, რომ საპროექტო დოკუმენტაციით გენგეგმაზე ასახული შენობა-ნაგებობების მოცულობები შეცვლილი იყო. განსხვავებული იყო საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, სადაც აღნიშნულია, რომ ტერიტორია დენუდაციური ტიპის გორაკ-ბორცვიანი რელიეფით ხასიათდება. ტექნოგენური (ნაყარი) გრუნტი ფართოდაა გავრცელებული საკვლევ ტერიტორიაზე, მათ შორის, არის ბათუმი-ჩაქვის საავტომობილო გვირაბის გაყვანის პროცესში გამოტანილი მასები. საკვლევ ტერიტორიაზე ჩაედინება უსახელო ღელე, რომელსაც უხვი ნალექების დროს ახასიათებს ადიდება, რაც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული მშენებლობის დროს.
18. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მითითებას, მიიჩნევს რომ შეთანხმების შესრულების პირველ ეტაპზევე წარმოიშვა ხელშემშლელი გარემოებები, კერძოდ, შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დავალება და თანდართულ გრაფიკული ესკიზები არსებულ რეალობასთან და მოქმედ კანონმდებლობასთან არ იყო შესაბამისი, რაც მოსარჩელისთვის ასევე ვერ იქნებოდა ცნობილი ტერიტორიის/რელიეფის დეტალური შესწავლის გარეშე. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა შემსრულებლის ბრალით არ იყო გამოწვეული, რაც გამორიცხავდა მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებასა და საბანკო გარანტიის თანხის გამოთხოვას და მიჩნევს რომ უსაფუძვლოდ გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი კანონშესაბამისად იქნა უარყოფილი.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
20. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
24. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადახდო დავალება #03472, გადახდის თარიღი 13.12.2024წ), 70% - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს (ს/ნ ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადახდო დავალება #03472, გადახდის თარიღი 13.12.2024წ), 70% - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა