Facebook Twitter

საქმე №ას-504-2025

19 ნოემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან ნემსაძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.ა–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 თებერვლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1.ე.ა–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დასაქმებული“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“) მიმართ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

2.მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4.ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.

6.სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით მიუთითა საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

6.1. დასაქმებული უვადო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ სერვის ცენტრში სოციალური აგენტის პოზიციაზე;

6.2. დასაქმებულის ფუნქცია-მოვალეობებში შედიოდა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ ფორმირებისათვის, მიღებული დავალების საფუძველზე, მაძიებელი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დროული შესწავლა-გადამოწმება; ფულადი სოციალური დახმარების საარსებო შემწეობის დანიშვნა, შეჩერება/შეწყვეტის პროცედურების განხორციელება; ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვება; ე.წ. „ბაზის გაწმენდის“ სიაში მოხვედრილი, მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების მონაცემების დროული დამუშავება/რეაგირება; საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სააგენტოს დებულებით, სააგენტოს შინაგანაწესით და მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების განხორციელება; მარტივი დავალებების შესრულება, რაც გულისხმობდა სპეციალური ფორმის დოკუმენტის „ოჯახის დეკლარაციის“, „ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმის“, საარსებო შემწეობის დანიშვნის ფორმის ან წერილობითი აქტის შევსებას;

6.3. 2023 წლის 20 ივლისის NSSA92300767993 ბრძანებით, დასაქმებულის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით გამოყენებული იყო „გაფრთხილება“;

6.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 12 დეკემბრის NSSA82300001126 ბრძანებით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან (სოციალური აგენტი) მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება, სააგენტოს ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2023 წლის 28 ნოემბრის N214 დასკვნით გამოვლენილი ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო;

7.სააპელაციო სასამართლოს განმარტებით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ფაქტობრივი საფუძველი გახდა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების და ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2023 წლის 28 ნოემბრის N214 დასკვნა (შემდგომში ასევე მოხსენიებული - „დასკვნა“), რომლის თანახმად გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:

7.1. პროგრამით გათვალისწინებული მე-6 საკითხი - ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის (ბრძანება) საფუძველზე, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების მონაცემების კორექტირებების მართლზომიერების შერჩევითი შესწავლა - შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 7 შემთხვევაში - მოსარჩელის მიერ „ოჯახის დეკლარაციებში“ მონაცემების კორექტირება განხორციელებული იყო არსებული კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. კერძოდ, 6 შემთხვევაში დარღვეული იყო „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლის თანახმად, 1) დეკლარაციის „D“ ბლოკის „ოჯახის მიწა და სხვა ქონება“, „D1“ პუნქტის – „ფლობთ თუ არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით მიწას (იჯარით აღებულის ჩათვლით)“ შევსებისას იგულისხმება ოჯახის მიერ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული (იჯარით აღებულის ჩათვლით) სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (შესაბამისი წილი), გარდა საოკუპაციო ხაზს მიღმა მდებარე მიწის ნაკვეთისა. სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა დეკლარაციაში უნდა დააფიქსიროს სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ მითითებული ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესაბამისი წილის (მათ შორის, იჯარით აღებულის ჩათვლით) შესახებ ჰექტრების (ჰა) მითითებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი/იჯარა არ არის დარეგისტრირებული სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ ჩაიწერება ოჯახის უფლებამოსილი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ჰექტრების (ჰა) მითითებით; 2) დეკლარაციის „D2“ პუნქტის – „ჩაწერეთ ოჯახის სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (იჯარით აღებულის ჩათვლით) მთლიანი ფართობი” – შევსებისას, მონაცემები უნდა დაფიქსირდეს ჰექტრებში (ჰა). ხოლო 1 შემთხვევაში დარღვეული იქნა - „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლის თანახმადაც დეკლარაციის „E“ ბლოკში – „კომუნალური ხარჯები“ ფიქსირდება ოჯახის მიერ დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვიდან გასული თორმეტი თვის განმავლობაში გაწეული ხარჯები ოჯახის მიერ ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავების, ან/და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე წარმოდგენილი გადასახადების ქვითრების ან ასეთ(ებ)ის არქონის შემთხვევაში ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. თუ ოჯახს ამ პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავების ან/და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე გადასახადი არ გადაუხდია, იწერება ციფრი „0“. ასევე, „სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახების სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირი სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 2 ივნისის N04-155/ო ბრძანების მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლის თანახმად, 1) ოჯახის იდენტიფიკაცია და/ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დადგენა ხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ; 2) ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: 2.1. ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სააგენტოში არსებული მონაცემების (მათ შორის, სხვადასხვა ადმინისტრაციული დაწესებულებებიდან (ორგანიზაციებიდან) მიღებული მონაცემები), ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; 2.2. სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც. 3) ოჯახში ვიზიტამდე, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია მოიძიოს ოჯახის შესახებ მისთვის აუცილებელი ინფორმაცია მონაცემთა ბაზიდან, ამასთანავე, უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ნებისმიერი სხვა წყაროდან (მაგ. მეზობლებისგან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან და სხვა წყაროებიდან ოჯახის შემადგენლობის, შემოსავლების, სახელმწიფო საზღვრის კვეთის, უძრავი და მოძრავი ქონების, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შესახებ) და ინტერვიუირების პროცესში შეადაროს იგი ოჯახის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას (შემთხვევები დეტალურად ასახულია საერთაშორისო ურთიერთობების და ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის № SSA 0 23 01128028 მოხსენებით ბარათში ასახული ე.ა–თან დაკავშირებით);

7.2. პროგრამით გათვალისწინებული მე-11 საკითხი - „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების „ოჯახის დეკლარაციებში“ დაფიქსირებული არალოგიკური (არასწორი) მონაცემების გამო, „ბაზის გაწმენდაში“ მოხვედრილი ინფორმაციის განხორციელებული რეაგირების (სააგენტოს პასუხისმგებელი პირების მიერ) ვადებისა და მართლზომიერების საკითხი - სულ შესწავლილ იქნა „ბაზის გაწმენდის სიაში“ განთავსებული 133 ოჯახის მონაცემი, საიდანაც 104 შემთხვევაში დარღვეული იყო სააგენტოს დირექტორის 2007 წლის 28 დეკემბრის №02/150 ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზის ფორმირების საქმისწარმოების წესის“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის 3.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები (ყოველკვირეულად, განახლებადი სიის მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, სააგენტოს პასუხისმგებელი პირი ახორციელებს „ბაზის გაწმენდის სიაში“ მოცემული ინფორმაციის გადამოწმებას), მათ შორის, 14 ოჯახის შემთხვევაში, ვადების დარღვევით შესრულებულმა სამუშაომ გამოიწვია ოჯახებისათვის ფინანსური ზიანის (6 690.00 ლარი) მიყენება (შემთხვევები დეტალურად ასახულია საერთაშორისო ურთიერთობების და ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის № SSA 0 23 01128028 მოხსენებით ბარათში);

7.3. პროგრამით გათვალისწინებული მე-13 საკითხი - სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ სერვის ცენტრში დასაქმებული უფლებამოსილი პირების (უფროსი სოციალური და სოციალური აგენტების) მიერ, სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემის ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით, გადამოწმდა, მათ მიერ შესწავლილი (01.12.2020 წ.-01.06.2023 წ.) ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ სულ 6 შემთხვევაში, დასაქმებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ III თავის, მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტებს (შემთხვევები დეტალურად ასახულია საერთაშორისო ურთიერთობების და ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის № SSA 0 23 01128028 მოხსენებით ბარათში);

7.4. პროგრამით გათვალისწინებული მე-14 საკითხი - სერვის ცენტრებში შესასრულებელ დავალებებზე (არარეაგირებული მისამართები) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ვადების დარღვევის მართლზომიერების შესწავლა - შესწავლას დაექვემდებარა 289 ოჯახი, საიდანაც წარმოდგენილი მასალებისა და მონაცემთა ერთიან ბაზასთან დადარების შედეგად დადგინდა, რომ 63 შემთხვევაში - სოციალური აგენტის - მოსარჩელის მხრიდან შესასრულებელ დავალებაზე ადგილი ჰქონდა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2007 წლის 28 დეკემბრის N02/150 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას (შემთხვევები დეტალურად ასახულია საერთაშორისო ურთიერთობების და ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის №SSA 0 23 01128028 მოხსენებით ბარათში). გარდა ზემოაღნიშნულისა, სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის დიზაინის, მონიტორინგისა და შეფასების სამმართველოს მიერ შესწავლილ იქნა სოციალური აგენტის დასაქმებულის მიერ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ზოგიერთი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ან/და საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურების განხორციელებისას რიგ შემთხვევებში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტები, რაც იწვევდა არასათანადო გარემოებების საფუძველზე შემდგომში სოციალური შემწეობის მიღებაზე უფლების წარმოშობას და აყალიბებდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების არასწორად/ზედმეტად გაცემის ფაქტებს, კერძოდ, 1) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სასკოლო ასაკის არასრულწლოვანი წევრები არ ფიქსირდებიან არც ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სკოლებში); 2) სოციალური აგენტის, დასაქმებულის, ოჯახისა და მის საცხოვრებელ მისამართზე (ქ. ზუგდიდი წმინდა ნინოს N50) ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებული სხვა ოჯახების რეგისტრაციის მართლზომიერების საკითხი) (აღნიშნული საკითხების შესწავლის შედეგებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციები ასახულია საერთაშორისო ურთიერთობების და ადმინისტრაციული დეპარტამენტის დიზაინის, მონიტორინგის და შეფასების სამმართველოს მიერ მომზადებულ მოხსენებით ბარათებში: დოკ. SSA 8 23 01106679-18.10.2023 წ და SSA 3 23 01106665-18.10.2023წ.);

7.5. დასკვნის თანახმად, დასაქმებული ნამდვილად იკავებდა სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ სერვის ცენტრში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (სოციალური აგენტი) პოზიციას და ნამდვილად იღებდა ვალდებულებას შეესრულებინა შრომითი ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული ფუნქცია - მოვალეობები;

7.6. დასაქმებულის პირდაპირ სამსახურებრივ მოვალეობებში შედიოდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული, ასევე, რეგისტრაციის მაძიებელი ოჯახის მიმართ გასატარებელი „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით, „სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 2 ივნისის №04-155/ო ბრძანებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის, ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნების შესრულება და დაცვა, რის შესახებაც მისთვის კარგად იყო ცნობილი;

7.7. „სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 2 ივნისის №04-155/ო ბრძანებით დამტკიცებული წესის“ მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სრულყოფილად შესწავლის პროცესი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სააგენტოს უფლებამოსილი პირის უნარ-ჩვევებზე, ინტელექტზე, ზოგად განათლებაზე, ქცევის ნორმებზე, ეთიკაზე და პროფესიულ კვალიფიკაციაზე, თუმცა საკითხის შესწავლის შედეგად გამოვლენილი გარემოებების ერთობლიობის ანალიზითა და შეფასებით დადგინდა, რომ დასაქმებულის მიერ შესრულებული სამუშაოები, ერთობლიობაში მიუთითებდა მისი კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/ შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობაზე, რაც ასევე დასტურდებოდა მის მიერ დაშვებული შეცდომების/ გადაცდომების მასიური ხასიათით. სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ სერვის ცენტრის სოციალური აგენტის - მოსარჩელის - მიერ სამუშაოების არაჯეროვანმა შესრულებამ, რიგ შემთხვევებში, გამოიწვია ბენეფიციარ ოჯახებზე ზედმეტად/ არასწორად ფულადი სოციალური დახმარების ჩარიცხვა, რაც შესწავლილ შემთხვევებში, შეადგინა - 116 760.00 ლარი, ხოლო ბენეფიციარებზე მიყენებული ფინანსური ზიანი - 6 690.00 ლარი.

8.სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის (დასაქმებულის) პრეტენზია მიმართული იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ მსჯელობის წინააღმდეგ, რომლის თანახმად, მისი სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად, გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტები წარმოადგენდა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს.

9.სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი - დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გათავისუფლებისა და შესაბამისად, სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ სისტემატურად არასწორად, შეცდომით მონაცემების შეტანა, რამაც რიგ შემთხვევებში, გამოიწვია ბენეფიციარ ოჯახებზე ზედმეტად/არასწორად ფულადი სოციალური დახმარების ჩარიცხვა, რითაც დაზარალდა სახელმწიფო ბიუჯეტი და თავად ბენეფიციარები.

11. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომლის თანახმად, სახეზეა სამსახურებრივი ვალდებულებების უხეში დარღვევა, რაც გამოიხატება დარღვევათა სიხშირეში, დამდგარი შედეგის სიმძიმესა (სამუშაოების არაჯეროვანმა შესრულებამ, რიგ შემთხვევებში, გამოიწვია ბენეფიციარ ოჯახებზე ზედმეტად/არასწორად ფულადი სოციალური დახმარების ჩარიცხვა, რამაც შესწავლილი ოჯახების შემთხვევებში შეადგინა 116 760.00 ლარი, ხოლო ბენეფიციარებზე 6 690.00 ლარი) და სოციალური აგენტისათვის დადგენილ საკანონმდებლო მოთხოვნათა უგულებელყოფაში.

12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, არსებობდა დისციპლინური ღონისძიების გატარების საფუძველი. გამოვლენილი დარღვევები, მოსარჩელის სამსახურებრივი გამოცდილების გათვალისწინებით, თავისი არსითა და სიმძიმით ქმნიდა უხეში დარღვევის შემადგენლობას.

13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დასაქმებულის მიმართ 2023 წლის 20 ივლისს უკვე გამოყენებული იყო დისციპლინური ღონისძიება („გაფრთხილება“), შესაბამისად, დამსაქმებლის მოქმედება, შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე მითითებით, საბოლოოდ შეეწყვიტა შრომის ხელშეკრულება - მართლზომიერი და პროპორციულია (სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი), ვინაიდან, სახეზეა ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის.

14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება ჩადენილი დარღვევის ადეკვატური ღონისძიებაა და ვერ მიიჩნევა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე, თავად შრომის კოდექსით დადგენილი პრინციპების დარღვევად. ამ მსჯელობის გათვალისწინებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნები დასაბუთებულია, რაც გამორიცხავს მის გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

16. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:

16.1. სასამართლომ არასწორად განმარტა „საქართველოს შრომის კოდექსის“ 47-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი. სასამართლოს ლოგიკით, წინამდებარე დარღვევები არის უხეში, რამდენადაც ატარებს მასობრივ ხასიათს და გამოიწვია ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენება 116 760 ლარის ოდენობით. არ შეიძლება უხეში დარღვევა იყოს არა ერთი, არამედ მასობრივად და წლების განმავლობაში ჩადენილი სხვადასხვა დარღვევა. უხეში დარღვევის არარსებობა დასტურდება იმითაც, რომ დასკვნაში გამოკვლეულია 2020 წლის 1 დეკემბრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე პერიოდში განხორციელებული სამუშაო დარღვევები, შესაბამისად, დამსაქმებელს 2020 წლის „უხეშ დარღვევებზე“ არ მოუხდენია სწრაფი რეაგირება; წარმოუდგენელია, რომ დასაქმებულმა 3 წლის განმავლობაში ამდენი უხეში დარღვევა ჩაიდინოს და ამაზე რეაგირება არ მოახდინოს დამსაქმებელმა;

16.2. 116 760 ლარის ოდენობით ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ოდენობის საკითხი, სასამართლო სხდომაზე ცალკე დისკუსიის საგანი იყო. სკოლის ასაკის ბავშვები, რომლებიც ბენეფიციარების ოჯახებში იმყოფებოდნენ, ინტერვიუარებს უნდა დაედგინათ თუ რომელი მუნიციპალიტეტის სკოლებში ირიცხებოდნენ ისინი, ზუგდიდის თუ სხვა მუნიციპალიტეტის სკოლებში. მოსარჩელეს არ ჰქონდა წვდომა საგანმანათლებლო ბაზასთან. საქმის განხილვის დროს მოპასუხემ წარადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელეს ნამდვილად არ ჰქონდა წვდომა საგანმანათლებლო ბაზასთან, ასევე, დაადასტურა, რომ სოციალურ აგენტებს სასკოლო ბაზებთან წვდომის საჭიროება ჰქონდათ და რომ სოციალური სამსახური პერიოდულად ითხოვდა განათლების სამინისტროდან ასეთ მონაცემებს, რაც თავისთავად გამორიცხავს არამარტო უხეშ დარღვევას, არამედ მოსარჩელის ბრალეულობას ამ კონტექსტში. მოპასუხემ ასევე მკაფიოდ დაადასტურა, რომ კონკრეტული მეთოდი ან მითითება სოციალური აგენტებისთვის ამ შემთხვევაში არ არსებობს, მათ უნდა გამოიჩინონ ოპერატიული ნიჭი, დედუქციისა და ინდუქციის მეთოდები;

16.3. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის 3 მოთხოვნიდან იმსჯელა მხოლოდ 2 მოთხოვნაზე. მოსარჩელეს მოთხოვნილი ჰქონდა ასევე სახელფასო დავალიანება 1520 ლარის ოდენობით და საურავის დაკისრება;

16.4. დისკრიმინაციულია მოპასუხის მიდგომა მოსარჩელის მიმართ, რადგან ზუგდიდის სამსახურში 1000-ზე მეტი დარღვევა იქნა ჩადენილი და პოზიციებიდან გათავისუფლდნენ მხოლოდ ქვედა რგოლის წარმომადგენლები - სოციალური აგენტები;

16.5. სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ მოსარჩელის ბრალით ბენეფიციარებს მიადგათ 6 990 ლარის ზიანი, თუმცა არ გაითვალისწინეს საქმეში წარდგენილი მტკიცებულება, რომ მათ ეს თანხა რეალურად ჩაერიცხათ რამდენიმე დღის დაგვიანებით და შესაბამისად არ უნდა იქნეს განხილული როგორც ბენეფიციარისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

21. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი]. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

22. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერება, კერძოდ, გამოვლენილი გადაცდომა ქმნიდა თუ არა იმის საფუძველს, რომ დამსაქმებელს მოეშალა შრომითი ხელშეკრულება.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული საკითხის დადგენა, შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია (სუსგ: №ას-151-147-2016, 19 აპრილი 2016 წელი).

24. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკიდურესი ღონისძიებაა, რომელიც გამოიყენება გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას მოქმედებს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ №ას-941-891-2015, 29 იანვარი 2016 წელი; №ას-512-2020, 18 თებერვალი 2021 წელი).

25. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შედეგადაც ასევე არასწორად დაადგინა დასაქმებულის მხრიდან შრომითი ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი.

26. საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების თანახმად, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული აღნიშნული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების შეფასებისას, არის პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. ერთ-ერთ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პროპორციულობის პრინციპის გამოყენებისას განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება. მაშასადამე, შეუფერებელი ყოფაქცევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს დათხოვნის საფუძველი, როცა იგი მიაღწევს მნიშვნელოვან დონეს (იხ. სუსგ საქმე Nას-106-101-2014, 2 ოქტომბერი, 2014 წელი; Nას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი; „საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები“, ავტორთა კოლექტივი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2017, გვ. 234-235).

27. საქართველოს სასამართლოების მიერ შრომით დავებთან დაკავშირებულ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ სამსახურიდან პირის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რომელიც გულისხმობს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებული უნდა იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ დარღვევის ჩადენისას დამსაქმებლის მიერ გამოყენებული უნდა იქნას ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს (იხ. სუსგ საქმე Nას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი; Nას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი; Nას-127-123-2016, 13 ივნისი, 2016 წელი).

28. სწორედ აღნიშნული მიზნის განხორციელებას ემსახურება საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლში 2013 წლის 12 ივნისს განხორციელებული ცვლილებები, რომელთა შესაბამისად, ხსენებული მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დამსაქმებელს მიენიჭა დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულებათა მხოლოდ „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში.

29. ამრიგად, მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე Nას-1391-1312-2012, 10 იანვარი, 2014 წელი; Nას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი; Nას-127-123-2016, 13 ივნისი, 2016 წელი).

30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა არის თუ არა „უხეში“ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საგანია და უნდა შეფასდეს საქმის ყველა კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით. ერთი და იგივე ქმედება, რომელიც ერთ შემთხვევაში არაარსებით დარღვევას წარმოადგენს, სხვა შემთხვევაში შესაძლებელია უთანაბრდებოდეს უხეშ დარღვევას.

31. იმისათვის, რომ დამრღვევის მოქმედების (ან უმოქმედობის) სიმძიმე შეფასდეს, პირველ რიგში გამოკვლეულ იქნას უნდა იმ სამსახურის დანიშნულება, სადაც დასაქმებული მუშაობს, და ამ სამსახურში დასაქმებულის ფუნქცია და მოვალეობები (იხ. სუსგ №ას-127-123-2016, 13 ივნისი, 2016 წელი).

32. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). შრომით-სამართლებრივ დავებში კი, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (იხ. №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი 2015 წელი; №ას-1276-1216-2014, 18 მარტი 2015 წელი).

33. მოცემულ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების კანონიერების დადგენა დამოკიდებული იყო დამსაქმებლის (მოპასუხის) მხრიდან დამაჯერებელი არგუმენტებისა და მტკიცებულებების წარდგენაზე, რომლითაც ის დაამტკიცებდა, რომ მოსარჩელემ სამსახურებრივი მოვალეობა ნამდვილად უხეშად დაარღვია, ამასთან, მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური ღონისძიებები ქმნიდა დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივ წინაპირობას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დამსაქმებელმა შეძლო წარედგინა იმგვარი მტკიცებულება, რაც სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერებაში დაარწმუნებდა. კერძოდ, სსიპ სოციალური სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2023 წლის 28 ნოემბრის N214 დასკვნით (იხ. წინამდებარე განჩინების 7.1-7.7 პუნქტები) ირკვევა, რომ დასაქმებულის მიერ ჩადენილ დარღვევებს სისტემატური ხასიათი ჰქონდა. სამუშაოების არაჯეროვანმა შესრულებამ, რიგ შემთხვევებში, გამოიწვია ბენეფიციარ ოჯახებზე ზედმეტად/არასწორად ფულადი სოციალური დახმარების ჩარიცხვა, რაც შესწავლილ შემთხვევებში შეადგენდა 116 760.00 ლარს, ხოლო ბენეფიციარებზე მიყენებული ფინანსური ზიანი - 6 690.00 ლარს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით მიუთითებს, რომ მოსარჩელე სათანადოდ ვერ აცნობიერებდა დამსაქმებელი ორგანიზაციის ფუნქციას, მისი საქმიანობის სპეციფიკას, საკუთარ პასუხისმგებლობას და გულგრილად ეკიდებოდა შესასრულებელ სამუშაოს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელის პირდაპირ სამსახურებრივ მოვალეობებში შედიოდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული, ასევე, რეგისტრაციის მაძიებელი ოჯახის მიმართ გასატარებელი „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით, „სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 2 ივნისის №04-155/ო ბრძანებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის, ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნების შესრულება და დაცვა. „სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 2 ივნისის №04-155/ო ბრძანებით დამტკიცებული წესის“ მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სრულყოფილად შესწავლის პროცესი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სააგენტოს უფლებამოსილი პირის უნარ-ჩვევებზე, ინტელექტზე, ზოგად განათლებაზე, ქცევის ნორმებზე, ეთიკაზე და პროფესიულ კვალიფიკაციაზე.

34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას უნდა გაითვალისწინოს არამართლზომიერი ქცევის - ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე გაფრთხილებული იყო დარღვევებთან დაკავშირებით (იხ. წინამდებარე განჩინების 6.3 პუნქტი). ამასთან, მოსარჩელის ქმედებებს უკვე იმდენად სისტემატური ხასიათი ჰქონდა, რომ დამსაქმებელმა რეალურად დაკარგა ნდობა დასაქმებულის მიმართ.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა მოსარჩელის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა, რაც გამოიხატება დარღვევათა სიხშირეში და დამდგარი შედეგის სიმძიმეში. დასაქმებულის ქმედება შრომითი ხელშეკრულების გათვალისწინებით, ჩადენილი გადაცდომის ხასიათის, დამსაქმებელი ორგანიზაციის ინტერესებისა და იმ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რომელიც მითითებულ თანამდებობაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვებოდა, დარღვევასა (გადაცდომასა) და გათავისუფლებას შორის ზომიერ ბალანსს ქმნიდა. შესაბამისად, დამსაქმებლის გამოყენებული ზომა, სამსახურიდან გათავისუფლების სახით, არის დარღვევის სრულად ადეკვატური.

36. საქართველოს უზენაესი სასამართლო წინამდებარე განჩინების 16.3 პუნქტში მითითებულ საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ მართლზომიერად შეაფასა ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილი და კანონიერად მიიჩნია დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება, აღარ არსებობდა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის შეფასების აუცილებლობა. რაც შეეხება წინამდებარე განჩინების 16.4 პუნქტში მითითებულ პრეტენზიას არაკვალიფიციურია, მხოლოდ კასატორის ზოგადი მითითებების საფუძველზე კი საკასაციო სასამართლო მოკლებულია მათზე მსჯელობის შესაძლებლობას.

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორმა მიუთითა რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში, მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე Nას-881-2024, 4 ივნისი 2025 წელი, Nას-1223-2018, 2 აპრილი 2020 წელი).

38. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟის 70 პროცენტი. კერძოდ, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ე.ა–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ე.ა–ძეს (პ/ნ ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს კ.კ–ას (პ/ნ ..........) მიერ 2025 წლის 7 მაისს №9443 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია

მოსამართლეები: ლევან ნემსაძე

ბადრი შონია