საქმე №ას-1420-2025 26 იანვარი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – კ.ჩ–ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ხ–ნი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 სექტემბრის განჩინებით კ.ჩ–იას (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.ხ–ნის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ............ ქუჩის მიმდებარედ, ს/კ №......... და ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე მოსარჩელეს.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. №.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი ეკუთვნის მოსარჩელეს;
2.1. მოპასუხე სადავო ნივთს ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 312.1 მუხლით და აღნიშნა, რომ სადავო ნივთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად, რაც ნიშნავს, რომ ნივთი, სწორედ მას ეკუთვნის. პალატამ მიუთითა, რომ ის გარიგება, რომელიც სადავო ნივთზე მოსარჩელის საკუთრების წარმოშობის საფუძველი გახდა, მოპასუხეს დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია და მის მიერ მითითებული ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
4. ამავდროულად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხშირად, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებასა და საკუთრების გადაცემით უზრუნველყოფილ სესხის ხელშეკრულებას ერთმანეთის მსგავსი ფაქტობრივი წინაპირობები ახასიათებს. თუმცა ამათგან პირველი ხელშეკრულება ნამდვილია, ხოლო მეორეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს. სწორედ ამის გამო, ჩვეულებრივ, მას სასამართლო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების კვალიფიკაციას აძლევს. გარიგების ნასყიდობად ჩასათვლელად აუცილებელია დადგინდეს, რომ მხარეებმა გამოხატეს ქონებაზე გამყიდველის მიერ საკუთრების დაკარგვისა და მყიდველის მიერ საკუთრების მოპოვების ნება, მხარეები შეთანხმდნენ გარიგების ფასზე და მყიდველის მიერ გადახდილი თანხა წარმოადგენდა სწორედ ნასყიდობის საზღაურს. ამ გარემოებების დადგენა შესაძლებელია: ა. მყიდველის მიერ ქონების დაუფლების ფაქტის; ბ. გამოსყიდვის ვადისა და გ. ნასყიდობის ფასისა და ქონების რეალური ღირებულების ურთიერთშეფარდების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ: ა. მყიდველი შეძენილ ნივთს არ დაეუფლებია; ბ. გამოსყიდვის ვადა იქნება არაგონივრულად მცირე და გ. ნასყიდობის საფასური ნივთის რეალურ ღირებულებას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, მხარეთა ნება არა ნასყიდობის, არამედ საკუთრების გადაცემით უზრუნველყოფილი ხელშეკრულების დადებისკენ მიმართულად ივარაუდება. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ გამოსყიდვის უფლებით დადგენილი ნასყიდობის ყველა ხელშეკრულება, რომელიც ზემოხსენებულ კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებს, ბათილად ჩაითვლება. სსკ-ის 319.1 მუხლის საფუძველზე, მხარეები, ცხადია, უფლებამოსილნი არიან დადონ სავსებით ნამდვილი ხელშეკრულება მფლობელობის გადაცემის გარეშე, ძალზე მოკლე ვადითა და შეუსაბამო ფასით, ოღონდ ამ შემთხვევაში, ამ ხელშეკრულების ნამდვილობის მტკიცების ტვირთი იმ პირს, ჩვეულებრივ, მყიდველს დაეკისრება, ვინც მის ნამდვილობაზე მიუთითებს.
5. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია, მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა ის ფაქტები, რომლებიც, მისი აზრით, მასსა და მოსარჩელეს შორის დადებული ხელშეკრულების არანამდვილობას ადასტურებდა და შეგებებული სარჩელიც აღძრა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2024 წლის 2 დეკემბრის განჩინებით სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, აპელანტს კი ეს განჩინება არ გაუსაჩივრებია. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 3.1 და 248-ე მუხლებით და მიუთითა ასევე მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე: მოცემული დავა შეეხება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას, შესაბამისად, აღნიშნული საქმის განხილვის პირობებში სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება იმ ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება მოიპოვა, რადგან მითითებული არსებული დავის ფარგლებს სცდება. აღნიშნული მოთხოვნა მოპასუხეს არც შეგებებული სარჩელის და არც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის სახით სასამართლოსათვის არ წარუდგენია (იხ. სუსგ საქმე №ას-182-2022, 20 მაისი, 2022 წელი, პ. 44). ამის გამო, შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტები პალატამ არ შეაფასა.
6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 159-ე და 168-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ 2023 წლის 7 აგვისტომდე სადავო ნივთი მოპასუხეს ეკუთვნოდა და მართლზომიერად ფლობდა. თუმცა, 2023 წლის 7 აგვისტოს მან იგი მოსარჩელეს მიჰყიდა, ამის შემდეგ კი მოსარჩელემ მას პრეტენზია წაუყენა და ნივთის დაბრუნება მოსთხოვა. გამომდინარე აქედან, მოპასუხის მფლობელობა შეწყვეტილია და იგი ვალდებულია, სადავო ნივთი მესაკუთრეს დაუბრუნოს.
7. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხის ოჯახური მდგომარეობა მას სხვისი ნივთის ფლობის უფლებას არ ანიჭებდა. სასამართლომ მიუთითა ასევე სსსკ-ის 3.2 მუხლზე და აღნიშნა, რომ მორიგება მხარეთა უფლებაა და ამ უფლების განუხორციელებლობა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდებოდა, მით უმეტეს, რომ მესაკუთრემ სარჩელი 2024 წლის 8 ოქტომბერს აღძრა, სასამართლომ კი გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2025 წლის 26 ივნისს გამოიტანა. პალატის მოსაზრებით, ეს დრო, ორმხრივი ნების არსებობის შემთხვევაში, მორიგებისათვის სავსებით საკმარისი იყო.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
9.1. მოპასუხე ოჯახთან ერთად (სამი მცირეწლოვანი ბავშვით) ცხოვრობს სადავო სახლში და ხელშეკრულებით მყიდველ მხარეს იგი პირდაპირ მფლობელობაში არასდროს მიუღია, მას არც ჰქონდა ამის ინტერესი, ვინაიდან ხელშეკრულება რეალურად წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დადებულ გარიგებას. ხელშეკრულება თვალთმაქცურია და ამ გარიგების მიღმა დაფარულია სესხისა და იპოთეკის სამართლებრივი ურთიერთობა;
9.2. სასამართლომ პირველივე სასამართლო სხდომაზე ისე დაასრულა საქმე, რომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მორიგების მიზნით სხდომის გონივრული ვადით გადადებასთან დაკავშირებით. მხარეებს უნდა მიეცეთ საშუალება მორიგების მიზნით აწარმოონ მოლაპარაკებები და შედგეს მორიგება. აღნიშნული შუამდგომლობის არდაკმაყოფილებით დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება;
9.3. კასატორს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები, რომლებიც დარჩებიან ღია ცის ქვეშ. ევროპის სამართლის სისტემაში არსებობს სრული კონსენსუსი, რომ ყველა გადაწყვეტილებაში, რომელიც უკავშირდება ბავშვებს, მათი საუკეთესო ინტერესები პირველხარისხოვანი მნიშვნელობის უნდა იყოს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
14. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია სსკ-ის 172.1. მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა [სსკ-ის 170.1 მუხლი: მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. 172.1 მუხლი: მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება]. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
15. დადგენილია, რომ №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი ეკუთვნის მოსარჩელეს და მოპასუხე სადავო ნივთს ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1. და 2.2 ქვეპუნქტები).
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.
17. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლი].
18. მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხის მხოლოდ ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
19. დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ს. ფ. 15). მოპასუხეს კი სასამართლოსთვის არ წარუდგენია სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერების დამადასტურებელი რაიმე რელევანტური და სათანადო მტკიცებულება.
20. კასატორის ძირითადი პრეტენზია არის ის, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი - 07/08/2023 წელს დამოწმული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით თვალთმაქცურია და ამ გარიგებით დაფარულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
21. სსკ-ის 312.1 მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდე ითვლება კანონიერად, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი, მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს (იხ. სუსგ საქმე №ას-1542-1462-2017, 30 იანვარი, 2018 წელი). მანამდე კი ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (იხ. სუსგ საქმე №ას-877-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი; სუსგ საქმე №ას-1719-2019, 22 იანვარი, 2020 წელი).
22. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერების შემოწმება არ წარმოადგენს, რადგან მოპასუხემ, მართალია, ასეთი მოთხოვნით შეგებებული სარჩელი აღძრა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 2 დეკემბრის განჩინებით შეგებებული სარჩელი არ იქნა მიღებული განსახილველად, მოპასუხეს კი ეს განჩინება არ გაუსაჩივრებია. თვალთმაქცური ან/და მოჩვენებითი გარიგების გაფორმების ფაქტისა და ამ საფუძვლით უფლების დამდგენი დოკუმენტის, ნასყიდობის ხელშეკრულების (გამოსყიდვის უფლებით) ბათილად ცნობის მოთხოვნა მოპასუხეს შეეძლო დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნითაც, რაც ასევე არ განუხორციელებია. აღნიშნული მოთხოვნით მოპასუხეს შეუძლია ცალკე სარჩელით მომავალშიც მიმართოს სასამართლოს (იხ. სუსგ საქმე №ას-316-2022, 21 ივნისი, 2022 წელი; შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1076-2023, 13 ოქტომბერი, 2023 წელი). ამდენად, მოპასუხის მიერ საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად არსებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა კანონით დადგენილი წესით შედავებული არ არის და არც მისი უკანონობაა დადასტურებული.
23. გასაზიარებელი არ არის ასევე კასატორის პრეტენზია, რომ მხარეთა მორიგების მიზნით სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობის არდაკმაყოფილებით დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. საკასაციო პალატა, უპირველესად, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელის აღძვრიდან - 2024 წლის 8 ოქტომბრიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე - 2025 წლის 26 ივნისამდე მხარეებს მოსარიგებლად საკმარისი დრო ჰქონდათ. ამასთან, მორიგებით სამოქალაქო დავის დამთავრება წარმოადგენს მხარეთა უფლებასა და დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლენას. მხარეებს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ მორიგდნენ, მათ შორის, გადაწყვეტილების აღსრულების პროცესშიც (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-182-2022, 20 მაისი, 2022 წელი).
24. რაც შეეხება არასრულწლოვანთა კანონიერი ინტერესების შელახვასთან დაკავშირებით საკასაციო პრეტენზიას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ქონებაში მოპასუხესთან ერთად ბავშვების ცხოვრების ფაქტი ვერ გახდება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებასა და დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ამასთან, არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესების ჯეროვანი დაცვა, უპირველესად, მათ კანონიერ წარმომადგენლებს ევალებათ [ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის 27.2 მუხლი: მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. სსკ-ის 1198.1 მუხლი: მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით] (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1191-2021, 14 თებერვალი, 2022 წელი).
25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33). საკუთრება უპირობოდ დაცული ფასეულობაა, იმის მიუხედავად, თუ რა ღირებულების მფლობელობაა სახეზე და რა სოციალური ტვირთის მატარებელია იგი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ”, II-23).
26. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ვინაიდან განხორციელებულია სსკ-ის 172.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. კ.ჩ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე