Facebook Twitter

31 ოქტომბერი 2025 წელი №ას-1060-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ა.ბ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ტ.კ–ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შ.პ.ს. „ტ.კ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე“, „კრედიტის გამცემის უფლებამონაცვლე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ა.ბ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „კრედიტის ამღები“, „მოვალე“) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

1.1. მოპასუხე ა.ბ–ს შ.პ.ს. „ტ.კ“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 22 ნოემბრის საბანკო კრედიტის №3715950-10746025 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა - 2316.30 ლარი, პროცენტი - 658.08 ლარი და ჯარიმა - 700 ლარი.

1.2. მოპასუხე ა.ბ–ს შ.პ.ს. „ტ.კ–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2022 წლის 10 დეკემბრიდან, ვალდებულების სრულად შესრულებამდე (მაგრამ არაუმეტეს - 24 თვისა) დასარიცხი წლიური - 15.5%-ის გადახდა - 2316.30 ლარზე, ყოველთვიურად - 29.91 ლარის ოდენობით.

1.3. მოპასუხე ა.ბ–ს შ.პ.ს. „ტ.კ“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 19 დეკემბრის საბანკო კრედიტის №3715950-10790738 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა - 2377.43 ლარი პროცენტი - 820.18 ლარი და ჯარიმა - 600 ლარი.

1.4. მოპასუხე ა.ბ–ს შ.პ.ს. „ტ.კ“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2024 წლის 10 იანვრიდან, ვალდებულების სრულად შესრულებამდე (მაგრამ არაუმეტეს - 24 2 თვისა) დასარიცხი წლიური - 18%-ის გადახდა - 2377.43 ლარზე, ყოველთვიურად - 35.66 ლარის ოდენობით.

1.5. მოპასუხე ა.ბ–ს შ.პ.ს. „ტ.კ“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2020 წლის 28 იანვრის საბანკო კრედიტის №3715950-10854128 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა - 1827.14 ლარი, პროცენტი - 447.58 ლარი და ჯარიმა - 500 ლარი.

1.6. მოპასუხე ა.ბ–ს შ.პ.ს. „ტ.კ–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2022 წლის 27 თებერვლიდან, ვალდებულების სრულად შესრულებამდე (მაგრამ არაუმეტეს - 12 თვისა) დასარიცხი წლიური - 21%-ის გადახდა - 1827.14 ლარზე, ყოველთვიურად - 31.97 ლარის ოდენობით.

1.7. მოპასუხე ა.ბ–ს შ.პ.ს. „ტ.კ“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2020 წლის 25 თებერვლის საბანკო კრედიტის №3715950-10895665 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა - 3779.09 ლარი პროცენტი - 1854.78 ლარი და ჯარიმა - 1000 ლარი.

1.8. მოპასუხე ა.ბ–ს შ.პ.ს. „ტ.კ“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2024 წლის 27 მარტიდან, ვალდებულების სრულად შესრულებამდე (მაგრამ არაუმეტეს - 24 თვისა) დასარიცხი წლიური - 15.5%-ის გადახდა - 3779.09 ლარზე, ყოველთვიურად - 48.81 ლარის ოდენობით.

1.9. მოპასუხე ა.ბ–ს შ.პ.ს. „ტ.კ“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 15 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების - 1550.50 ლარის გადახდა, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 1300 ლარი და პროცენტი - 250.5 ლარი (იხ. 11.10.2024 წლის დაზუსტებული სარჩელი, ტ.2, ს.ფ. 157-176).

მოპასუხის პოზიცია:

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობის შესახებ. შესაგებლის თანახმად, მოპასუხემ თანხის ბოლო ჩარიცხვა ხელშეკრულებებზე განახორციელა 2020 წლის ნოემბრის თვეში, შესაბამისად, მოპასუხესთან დადებული თითოეული ხელშეკრულების დადებიდან, საკრედიტო დავალიანების დასაფარად შენატანების განხორციელებიდან და, საბოლოოდ, მოთხოვნის წარმოშობიდან, გასულია 3 წელზე მეტი, რის გამოც, მოპასუხეს უფლება აქვს, უარი თქვას მოთხოვნის შესრულებაზე. გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული შენატანები არ წარმოადგენს ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ვალდებულებებს, რომელიც გარკვეულ დროის მონაკვეთის დაშორებით სრულდება, რა შემთხვევაშიც თითოეული შესრულების დარღვევა ცალკ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას, ვინაიდან თანხა, რომელიც სესხის ხელშეკრულებას დაედო საფუძვლად, ერთ მთლიანობას წარმოადგენს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: მოპასუხე ა.ბ–ს მოსარჩელე შ.პ.ს. „ტ.კ“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 15 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ №3715950-10145225 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 1300 ლარისა და სარგებლის - 250.59 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელს დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი (გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი).

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ ნაწილში, რომლითაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნები უარყოფილი იქნა. 2018 წლის 15 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ №3715950-10145225 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 1300 ლარისა და სარგებლის - 250.59 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება ა.ბ–ს არ გაუსაჩივრებია, მაშასადამე, შესულია კანონიერ ძალაში.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც:

5.1. ა.ბ–ს შ.პ.ს. „ტ.კ“-ს სასარგებლოდ 2019 წლის 22 ნოემბრის საბანკო კრედიტის №3715950-10746025 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა ძირი თანხა 2316.30 ლარი, პროცენტი - 658.08 ლარი, ჯარიმა - 700 ლარი;

5.2. ა.ბ–ს შ.პ.ს. „ტ.კ“-ს სასარგებლოდ 2022 წლის 10 დეკემბრიდან, ვალდებულების სრულად შესრულებამდე (მაგრამ არაუმეტეს - 24 თვისა) დაეკისრა დასარიცხი წლიური - 15.5 %-ის გადახდა - 2 316.30 ლარზე, ყოველთვიურად - 29.91 ლარის ოდენობით;

5.3. ა.ბ–ს შ.პ.ს. „ტ.კ“-ს სასარგებლოდ 2019 წლის 19 დეკემბრის საბანკო კრედიტის №3715950-10790738 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა ძირი თანხა 2377.43 ლარი პროცენტი - 820.18 ლარი და ჯარიმა - 600 ლარი;

5.4. ა.ბ–ს შ.პ.ს. „ტ.კ“-ს სასარგებლოდ 2024 წლის 10 იანვრიდან, ვალდებულების სრულად შესრულებამდე (მაგრამ არაუმეტეს - 24 თვისა) დაეკისრა დასარიცხი წლიური - 18 %-ის გადახდა - 2377.43 ლარზე, ყოველთვიურად - 35.66 ლარის ოდენობით;

5.5. ა.ბ–ს შ.პ.ს. „ტ.კ“-ს სასარგებლოდ 2020 წლის 28 იანვრის საბანკო კრედიტის №3715950-10854128 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა ძირი თანხა 1827.14 ლარი, პროცენტი - 447.58 ლარი და ჯარიმა - 500 ლარი;

5.6. ა.ბ–ს შ.პ.ს. „ტ.კ“-ს სასარგებლოდ 2022 წლის 27 თებერვლიდან, ვალდებულების სრულად შესრულებამდე (მაგრამ არაუმეტეს - 12 თვისა) დაეკისრა დასარიცხი წლიური - 21 %-ის გადახდა - 1827.14 ლარზე, ყოველთვიურად - 31.97 ლარის ოდენობით;

5.7. ა.ბ–ს შ.პ.ს. „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ 2020 წლის 25 თებერვლის საბანკო კრედიტის №3715950-10895665 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა ძირი თანხა 3779.09 ლარი, პროცენტი - 1854.78 ლარი და ჯარიმა - 1000 ლარი;

5.8. ა.ბ–ს შ.პ.ს. „ტ.კ“-ს სასარგებლოდ 2024 წლის 27 მარტიდან, ვალდებულების სრულად შესრულებამდე (მაგრამ არაუმეტეს - 24 თვისა) დაეკისრა დასარიცხი წლიური - 15.5 %-ის გადახდა - 3 779.09 ლარზე, ყოველთვიურად - 48.81 ლარის ოდენობით.

6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. 2019 წლის 22 ნოემბერს ს.ს. „თ.ბ–სა“ და ა.ბ–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის №3715950-10746025 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 3500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15.5%-ით, კრედიტის ვადა - 1084 დღე - 2022 წლის 10 ნოემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 10 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.

2019 წლის 22 ნოემბრის საბანკო კრედიტის №3715950-10746025 ხელშეკრულება დაირღვა და 2020 წლის 10 ნოემბრის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. სესხის დასაფარად საერთო ჯამში გადახდილი 440.55 ლარით დაიფარა სესხის ძირითადი თანხა, 301.41 ლარით - პროცენტი, 131.34 ლარით - ჯარიმა, 80 ლარით - საკომისიო, ხოლო 29.55 ლარით - სიცოცხლის დაზღვევის პრემია.

2022 წლის 21 იანვრის მდგომარეობით, მოპასუხეს 2019 წლის 22 ნოემბრის საბანკო კრედიტის №3715950-10746025 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 5361.59 ლარის ოდენობით, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა 3059.45 ლარი, პროცენტი - 755.48 ლარი და ჯარიმა - 1546.66 ლარი.

არახანდაზმული სესხის ძირითადი თანხა შეადგენს 2316.30 ლარს, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი - 658.08 ლარს (2021 წლის 10 თებერვლიდან, 2022 წლის 10 ნოემბრამდე) ხოლო ჯარიმა 700 ლარს.

6.2. ს.ს. „თ.ბ–სა“ და ა.ბ–ს შორის 2019 წლის 19 დეკემბერს დაიდო საბანკო კრედიტის №3715950-10790738 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 3000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით, კრედიტის ვადა - 1452 დღე - 2023 წლის 10 დეკემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 10 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 5 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

2019 წლის 19 დეკემბრის საბანკო კრედიტის №3715950- 10790738 ხელშეკრულება დაირღვა და 2020 წლის 10 ნოემბრის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. სესხის დასაფარად საერთო ჯამში გადახდილი თანხიდან 185.07 ლარით დაიფარა სესხის ძირითადი თანხა, 258.62 ლარით - პროცენტი, ხოლო 75 ლარით - საკომისიო.

2022 წლის 21 იანვრის მდგომარეობით, მოპასუხეს 2019 წლის 19 დეკემბრის საბანკო კრედიტის №3715950-10790738 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 4296.36 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2814.93 ლარი, პროცენტი - 817.25 ლარი და ჯარიმა - 664.18 ლარი.

არახანდაზმული სესხის ძირითადი თანხა შეადგენს - 2 377.43 ლარს, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი - 820.18 ლარს (2021 წლის 10 თებერვლიდან, 2023 წლის 10 დეკემბრამდე), ჯარიმა 600 ლარს.

6.3. ს.ს. „თ.ბ–სა“ და ა.ბ–ს შორის 2020 წლის 28 იანვარს დაიდო საბანკო კრედიტის №3715950-10854128 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 1900 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 21%-ით, კრედიტის ვადა - 1460 დღე - 2024 წლის 27 იანვრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში 59.94 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.

2020 წლის 28 იანვარს დადებული საბანკო კრედიტის №3715950-10854128 ხელშეკრულება დაირღვა და 2020 წლის 27 ნოემბრის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. სესხის დასაფარად საერთო ჯამში გადახდილი თანხიდან 99.96 ლარით დაიფარა სესხის ძირითადი თანხა, 327.05 ლარით - პროცენტი, 54.25 ლარით - ჯარიმა, 40 ლარით - საკომისიო, ხოლო 7.51 ლარით - სიცოცხლის დაზღვევის პრემია.

2022 წლის 21 იანვრის მდგომარეობით, მოპასუხეს 2020 წლის 28 იანვრის საბანკო კრედიტის №3715950-10854128 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 2863.55 ლარის ოდენობით, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა 1841.38 ლარი, პროცენტი - 449.85 ლარი, ჯარიმა - 560.88 ლარი და დაზღვევა - 11.44 ლარი.

არახანდაზმული სესხის ძირითადი თანხა შეადგენს - 1827.14 ლარს, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი - 447.58 ლარს (2021 წლის 27 იანვრიდან, 2022 წლის 27 იანვრამდე). ჯარიმა 500 ლარს.

6.4. ს.ს. „თ.ბ–სა“ და ა.ბ–ს შორის 2020 წლის 25 თებერვალს დაიდო საბანკო კრედიტის №3715950-10895665 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4 500 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15.5%-ით, კრედიტის ვადა - 1463 დღე - 2024 წლის 27 თებერვლამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ.

2020 წლის 25 თებერვალს დადებული საბანკო კრედიტის №3715950-10895665 ხელშეკრულება დაირღვა და 2020 წლის 27 ნოემბრის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. სესხის დასაფარად საერთო ჯამში გადახდილი თანხიდან 124.71 ლარით დაიფარა სესხის ძირითადი თანხა, 267.36 ლარით - პროცენტი, 100 ლარით - საკომისიო, ხოლო 6.12 ლარით - სიცოცხლის დაზღვევის პრემია.

2022 წლის 21 იანვრის მდგომარეობით, მოპასუხეს 2020 წლის 25 თებერვლის საბანკო კრედიტის №3715950-10895665 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 7093.15 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4375.29 ლარი, პროცენტი - 1046.02 ლარი, ჯარიმა - 1643.16 ლარი და დაზღვევა - 28.68 ლარი.

არახანდაზმული სესხის ძირითადი თანხა შეადგენს - 3779.09 ლარს, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი - 1854.78 ლარი (2021 წლის 27 იანვრიდან, 2024 წლის 27 თებერვლამდე), ჯარიმა 1000 ლარს.

6.5. 2022 წლის 21 იანვარს ს.ს. „თ.ბ–სა“ და შ.პ.ს. „ტ.კ–ს“ (ს/კ .........) შორის დაიდო მოთხოვნის დათმობის (ცესიის) ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკსა და ა.ბ–ს (პ/ნ ..........) შორის დადებული 2018 წლის 12 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ, 2019 წლის 24 სექტემბრის საბანკო კრედიტის №3715950-10663101, 2019 წლის 22 ნოემბრის საბანკო კრედიტის №3715950-10746025, 2019 წლის 19 დეკემბრის საბანკო კრედიტის №3715950-10790738, 2020 წლის 28 იანვრის საბანკო კრედიტის №3715950-10854128, 2020 წლის 25 თებერვლის საბანკო კრედიტის №3715950- 10895665 და 2018 წლის 15 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება შეიძინა შ.პ.ს. „ტ.კ–მა“. შესაბამისად, შ.პ.ს. „ტ.კ–ი“ (ს/კ ........) წარმოადგენს ს.ს. „თ.ბ“-ს (ს/კ ..........) უფლებამონაცვლეს.

6.6. შ.პ.ს. „ტ.კ–მა“ სასამართლოს სარჩელით 2024 წლის 12 იანვარს მიმართა.

7. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო სასამართლომ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

7.1. სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, ვალდებულების დარღვევის გამო საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრება, რომლის დამფუძნებელ ნორმებს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868.1-ე მუხლები, მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 417-ე-418-ე მუხლები, 411-ე, 412-ე მუხლები.

7.2. პალატამ განმარტა, რომ ხანდაზმულობაზე მითითება წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ შესაგებელს და ასეთ დროს მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ არ არსებობს ამ ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობები. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. პალატამ მოიხმო საკასაციო სასამართლოს განმარტება მითითებული ნორმის შესახებ, რომლის თანახმადაც, მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად.

7.3. განსახილველ შემთხვევაში, მსესხებელს ბანკისათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა {სსკ-ის 873-ე მუხლი}, საკრედიტო ხელშეკრულებების თანახმად, მსესხებელს კრედიტის თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი გარკვეული პერიოდულობით უნდა გადაეხადა, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით უნდა მოხდეს.

7.4. პალატამ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლო 2015 წლის 23 თებერვლის №ას-1144-1090-2014 გადაწყვეტილება, რომლითაც განმარტებულია, რომ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება. შესაბამისად, თუ, მაგალითად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დადებულია ერთი წლის ვადით და გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ, ყოველთვიურად განსაზღვრული ოდენობებით, ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა თორმეტივე შესრულებისთვის ცალ-ცალკე აითვლება და შესაძლებელია, ასეთ შემთხვევაში, დადგეს მოთხოვნის არა სრულად, არამედ ნაწილობრივ ხანდაზმულობის საკითხი.

7.5. სააპელაციო პალატამ შენიშნა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი გადახდის გრაფიკები, რაც ადასტურებდა, რომ ვალდებულება წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. მოპასუხის მხრიდან 2019 წლის 22 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება დარღვეულია 2020 წლის 10 ნოემბრიდან, 2019 წლის 19 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება დარღვეულია 2020 წლის 10 ნოემბრიდან, 2020 წლის 28 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება დარღვეულია 2020 წლის 27 ნოემბრიდან, ხოლო 2020 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება დარღვეულია 2020 წლის 27 ნოემბრიდან. სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2024 წლის 12 იანვარს. აღნიშნულის შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ სარჩელი გასაჩივრებულ ნაწილში ხანდაზმული იყო, რაც გასაჩივრებული გადწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი გახდა.

7.6. პალატამ შენიშნა, რომ მოპასუხის მიერ საბანკო კრედიტიდან გამომდინარე მოსარჩელის წინაშე ვალდებულების შეუსრულებლობა ამ უკანასკნელს ანიჭებდა ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისა და ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

7.7. პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულების ძალით აკუმულირებული და სასარჩელო მოთხოვნის ფორმით გაცხადებული პირგასამტეხლო იყო გონივრული ოდენობის კრედიტის სახით გაცემული თანხის, დარღვევის მასშტაბისა და პერიოდულობის გათვალისწინებით და უფრო მეტად შემცირებას აღარ ექვემდებარებოდა.

7.8. სარგებლის გადახდის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად პალატამ მიუთითა სსკ 394-ე მუხლის პირველი ნაწილი (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება), სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი (პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა), სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი და აღნიშნა, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საკრედიტო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. პალატამ ყურადღება მიაპყრო საბანკო კრედიტის სამართლებრივ ცნებასაც, რომლისთვისაც სარგებლიანობა განუყოფელი ელემენტია და ისიც შენიშნა, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება. ციტირებული ნორმების ერთობლივი ანალიზით პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ს.ს. „თ.ბ–ს“, გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლებოდა, მიეღო ის მინიმალური სარგებელი კრედიტის ხელახლა გაცემით, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ამდენად, აპელანტის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე თაობაზე ჩაითვალა საფუძვლიანად.

8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.ბ–მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

8.1. საკასაციო პალატის შეფასების საგანია, არის თუ არა საბანკო საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც ნაწილ-ნაწილ უნდა შესრულდეს, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება. ამისთვის საჭიროა დადგინდეს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების დეფინიცია და დამახასიათებელი კრიტერიუმები, აგრეთვე, როგორ უნდა გაიმიჯნოს იგი ერთჯერადად შესასრულებელი ვალდებულებისგან. პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად ჩაითვლება ისეთი მოქმედება, რომლის შედეგადაც ხდება საერთო ხელშეკრულების ფარგლებში პერიოდულად განმეორებადი ხასიათის კონკრეტული ვალდებულების შესრულების ბოლომდე მიყვანა ისე, რომ თითოეულ პერიოდში ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბოლოო შედეგი დგება და, მაშასადამე, ვალდებულება წყდება შესრულებით. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებითი ურთიერთობის კლასიკურ მაგალითად კასატორი განიხილავს „აბონიმენტს“, როდესაც პირს გარკვეული დროის შუალედების მიხედვით მისდის მაგ. გაზეთი/ჟურნალი მისამართზე, ან ეძლევა უფლება, გარკვეული პერიოდის დაშორებით დაესწროს წინასწარ დაგეგმილ გასართობ ღონისძიებას, ან გარკვეული შუალედის პერიოდში მოდის მებაღე და ხდება ბალახის გათიბვა. ამ მაგალითების შემთხვევაში, თითოეულ ჯერზე განხორციელებული ქმედება, ცალკ-ცალკე აღებული, წარმოადგენს სრულყოფილ დამოუკიდებელ ვალდებულებით ურთიერთობას, სასურველი შედეგით, რადგან ერთჯერადად შესაძლებელია გაზეთის მიტანა, ასევე ძაღლის გასეირნების მომსახურება, ან ბალახის გათიბვა და ა.შ.. იმისთვის, რომ მხარეებმა გაიმარტივონ საქმე და ყოველ ჯერზე არ დადონ ხელშეკრულება, თანხმდებიან პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებითი ხელშეკრულების დადებაზე, რომლითაც დადგენილია, რა სიხშირით უნდა მოხდეს კონკრეტული ქმედების შესრულება. ასეთ შემთხვევაში, ვინაიდან ერთი საერთო ხელშეკრულების ფარგლებში ბევრ ცალკეულ ინდივიდუალურ ვალდებულებით ურთიერთობას აქვს თავი მოყრილი, ლოგიკურია, რომ თითოეული პერიოდის შესრულებაზე მოვალეს ინდივიდუალურად მოეკითხება და თითოეულ პერიოდზე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხანდაზმულის ვადა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, მაშასადამე ცალ-ცალკე აითვლება. თუმცა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას არ ახასიათებს თვისებები, რომლებიც დამახასიათებელია პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისთვის. კერძოდ:

8.1.1. საბანკო კრედიტის თვიური შენატანი ცალკე ვალდებულებას არ წარმოადგენს, არამედ ერთი მთლიანი თანხის ნაწილია. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შემთხვევაში კრედიტორი მოვალეს აძლევს ერთიან თანხას და ითხოვს მის პროცენტებით უკან დაბრუნებას და იმისთვის, რომ მოვალეს არ გაუჭირდეს გადახდა, ხდება კრედიტორის თანხმობით, ამ ერთიანი დასაბრუნებელი თანხის ნაწილ-ნაწილ დაყოფა, რის გამოც მოვალეს დამატებითი პროცენტების გადახდა უწევს. რაც უფრო ხანგრძლივია სესხის დასაბრუნებელი ვადა, მით უფრო მეტ სარგებელს ნახულობს კრედიტორი პროცენტის სახით. შესაბამისად, თანხა, რომელიც კრედიტორმა უნდა მიიღოს სესხის სრულად დაფარვის შედეგად, წინასწარ ცნობილია ორივე მხარისთვის და ვალდებულებითი ურთიერთობა ამ თანხის სრული დაფარვის შედეგად ითვლება შესრულებულად, რომელიც მოვალის მიერ ყოველთვიური შენატანების განხორცილებით რეალიზდება და თითოეული შენატანი ამ სრული თანხის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. გადახდის გრაფიკით დადგენილი შენატანები არ წარმოადგენენ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ვალდებულებებს, ვინაიდან თანხა, რომელიც სესხის ხელშეკრულებას დაედო საფუძვლად, ერთ მთლიანობას წარმოადგენს. როდესაც სასესხო გრაფიკით დადგენილი თანხის ნაწილის კრედიტორის ანგარიშზე შეტანა ხდება, ამით ეს ვალდებულებითი ურთიერთობა არ ითვლება ჯერ შესრულებულად, ვინაიდან თანხა სრულად არ არის დაბრუნებული, განსხვავებით იმ ერთჯერადი და სრული შესრულებისგან, რასაც პერიოდულად შესრულებადი ვალდებულებითი ურთიერთობა მოიაზრებს. გარდა ამისა, ვალდებულების შესრულება ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტას იწვევს, ხოლო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში თვიური შენატანის დაბრუნებებით ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტა არ ხდება, რადგან დასაბრუნებელი თანხა სრულად არ არის დაფარული.

8.1.2. საბანკო კრედიტის ვალდებულების გრაფიკის მიხედვით განაწილება პერიოდულად შესრულებადი ვალდებულებისგან მისი არსითაც განსხვავდება. საკრედიტო ვალდებულების შემთხვევაში გადახდის გრაფიკის შედგენა ემსახურება კრედიტორის მიზანს, პროცენტის სახით რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს, ხოლო მოვალისთვის გრაფიკი ასევე მისაღებია, რადგან მას კრედიტორი ერთიანად არ სთხოვს სრული თანხის დაფარვას. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების დამდგენი ხელშეკრულების დადებას კი, როგორც აღინიშნა, მხარეების დროის დაზოგვისა და სამოქალაქო ბრუნვის გაიოლების ფუნქცია აქვს. ერთიანი მოთხოვნის „ნაწილ-ნაწილ“ გაყოფა მოვალისთვის მას პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად არ აქცევს.

8.2. თუ საკრედიტო ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების კატეგორიაში ხვდება და სესხის გრაფიკით დადგენილი თითოეული შენატანი დამოუკიდებელი ვალდებულებითი ურთიერთობის შესრულებას ემსახურება, მაშინ, პროცესუალურად, სარჩელი მოსარჩელის მხრიდან არასწორად იქნა შემოტანილი - მას სასესხო გრაფიკის თითოეული შესატანი ცალკ-ცალკე უნდა მოეთხოვა, რადგან უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, თუ „ვალდებულების შეუსრულებლობას აქვს ადგილი, თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა უფლების დარღვევად ცალ-ცალკე განიხილება...“. მოსარჩელე სარჩელში თითოეულ ხელშეკრულებაზე ერთიანი თანხის მოთხოვნით თავადვე ადასტურებს, რომ სესხის გრაფიკით დადგენილი შენატანები არა „ცალკ-ცალე" ვალდებულებას, არამედ ერთ მთლიან ვალდებულებას წარმოადგენს და სწორედ ამ ერთიანი თანხის მიღებაზე გამოთქვამს პრეტენზიას სასარჩელო მოთხოვნაში. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლაც ამ ერთიან თანხაზე უნდა განხორციელდეს და არა მხოლოდ იმ ნაწილზე, რომლის გადახდაც არ მოხდა მოვალის მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კრედიტორმა საკუთარი ინტერესები მოვალის მიერ გადასახდელი გრაფიკის დარღვევიდან 3 წლის განმავლობაში არ დაიცვა და არ მიმართა სასამართლოს, მაშინ მისი მთლიანი მოთხოვნა ითვლება ხანდაზმულად და არა მხოლოდ ის ნაწილი, რომლის დაფარვაც 3 წელზე მეტი ხნის წინ იყო დაგეგმილი.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14.1. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორმა სადავოდ გახადა სააპელაციო პალატის მსჯელობა იმის შესახებ, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით სესხის ნაწილ-ნაწილ გადახდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად უნდა შეფასდეს და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაც, შესაბამისად, სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე აითვალოს.

14.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 128 მუხლის პირველი ნაწილი შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ამასთან, სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, 2007, გვ.63.).

14.3. სსკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

14.4. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.

15.1. სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

15.2. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (იხ. სუსგ. №ას-868-830-2014, 19.03.2015წ.).

15.3. თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (იხ. სუსგ. №ას-599-562-2010, 01.12.2010წ.).

15.4. ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი).

15.5. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

15.6. განსახილველ შემთხვევაში კრედიტის მიმღებს ბანკისათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა (სსკ-ის 873-ე მუხლი). შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით უნდა მოხდეს.

15.7. უდავოა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებების თანახმად, მსესხებელს კრედიტის თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი გარკვეული პერიოდულობით უნდა გადაეხადა. შესაბამისად, მითითებული გარიგებები წარმოშობს სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს (ზემოაღნიშნული მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ. სუსგ. №ას-1432-1351-2012, 20.05.2013წ.; №ას-934-899-2016, 14.02.2017წ.; №ას-462-462-2018 22.06.2018წ.).

15.8. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის საფუძველს წარმოადგენს კასატორის არგუმენტი, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალის მიერ კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაფარვა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად არ უნდა ჩათვალოს.

15.9. ზემოაღნიშნული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი და სტაბილური პრაქტიკა მიუთითებს, რომ კასატორის დასახელებული არგუმენტი სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოვალისათვის თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდის ვალდებულების არსებობა ცალსახად შეესაბამება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების სამართლებრივ ბუნებას და სხვაგვარად მისი შეფასება მცდარია (იხ. სუსგ. №ას-462-462-2018 22.06.2018წ.).

16.1. გარდა ციტირებული სასამართლო პრაქტიკისა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას, რომლითაც კრედიტის უკან დაბრუნება ნაწილ-ნაწილ, დადგენილი გრაფიკის შესაბამისად არის შეთანხმებული, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებათა კატეგორიას მიაკუთვნებს იურიდიული ლიტერატურაც, სახელდობრ, პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.2 მუხლის კომენტარს, რომელშიც პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად და მისგან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადის განსაზღვრის სპეციალური წესის გამოყენების საგნად დასახელებულია არამარტო პერიოდულად განმეორებადი ქმედებები (მაგალითად, როგორც საკასაციო საჩივარშია მითითებული: ჟურნალ-გაზეთების გარკვეული პერიოდულობით მისამართზე გაგზავნის ვალდებულება; წინასწარ დაგეგმილ გასართობ ღონისძიებაზე დაშვების ვალდებულება; გარკვეული პერიოდულობით მებაღის მიერ ბალახის გათიბვის ვალდებულება და ა.შ.) არამედ ნაწილ-ნაწილ შესასრულებელი ვალდებულებებიც. „ვალდებულების პერიოდულად, დროის განსაზღვრულ შუალედებში (მაგ., ყოველთვე, კვარტალში ერთხელ, თვის კონკრეტულად განსაზღვრულ კალენდარულ დღეს) შესრულების დადგენა მოთხოვნის უფლებას ცალკეულად, ყოველი შესრულებისათვის დამოუკიდებლად წარმოშობს და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადაც კონკრეტული შესრულების დარღვევიდან აითვლება. ვალდებულების ერთდროული ან ნაწილ-ნაწილ შესრულება მხარეთა შეთანხმებაზე (ნასყიდობა გადახდის განვადებით – 507) ან შესასრულებელი ვალდებულების არსზეა (მაგ., სარჩოს, პენსიის, ხელფასის გადახდის მოთხოვნის უფლება) დამოკიდებული. თუ კრედიტორი თანახმაა, მოვალეს შეუძლია ვალდებულება ნაწილ-ნაწილ (ნაწილობრივი შესრულება) შეასრულოს ხელშეკრულების დადების შემდეგაც (378). განსაზღვრული პერიოდებით შესასრულებელი ვალდებულებების ხანდაზმულობის ვადის ათვლა გარკვეული სპეციფიკით ხასიათდება. ასეთ შემთხვევაში, თითოეული შესრულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას და ასეთი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამი წელია. ამგვარ მოთხოვნებზე შესაძლებელია მხოლოდ სარჩელის აღძვრამდე ბოლო სამი წლის კუთვნილი თანხის ანაზღაურება. ვადის გამოთვლის აღნიშნული წესი ზოგადია და გამოიყენება განსაზღვრული პერიოდებით შესასრულებელ ვალდებულებათა მიმართ...მნიშვნელოვანია, რომ ხანდაზმულობის ვადის ასეთი გამოთვლა დაწესებულია მხოლოდ ისეთი შემთხვევისთვის, როდესაც განსაზღვრულია ვალდებულების ცალკეული ნაწილის (მოქმედების) შესრულების კონკრეტული დრო...“ (კვანტალიანი ნ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხლი 129, გვ. 730, ველი 5,6,7).

16.2. პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 378-ე მუხლის კომენტარსაც, რომლის თანახმად, „იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შეთანხმებით იმთავითვე დადგენილია ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულება, მაშინ ყოველი ნაწილის შესრულების მიმართ მოქმედებს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადა. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოიშობა, სამი წელია (129 II). კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით იმ ვალდებულებათა მიმართ, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმას გულისხმობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად. მაგ., თუ საკრედიტო დაწესებულება 2006 წლის სექტემბრის თვეში გასცემს კრედიტს 10 წლის ვადით, ვალდებულების ყოველთვიურად შესრულების პირობით, ხოლო სარჩელით ბანკი სასამართლოს მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლით 2011 წლის ნოემბერში მიმართავს, სასარჩელო მოთხოვნა 2006 წლის სექტემბრიდან 2008 წლის სექტემბრამდე ხანდაზმული იქნება. ამ შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღება ის ფაქტი, რომ საკრედიტო ურთიერთობა ათწლიანი იყო“. (მესხიშვილი ქ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი, 2019, მუხლი 378, გვ. 486, ველი 20).

17.1. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას ნაწილ-ნაწილ ვალდებულების შესრულებისას ვალდებულების შეწყვეტის მომენტის განსაზღვრაზე, საკასაციო პალატა კასატორს მიუთითებს სქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც: 1. კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი; 2. ვალის მიღების შესახებ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც არაფერია ნათქვამი პროცენტის შესახებ, გულისხმობს, რომ პროცენტიც გადახდილია და ფულადი ვალდებულებაც მთლიანად შეწყვეტილია. 3. როდესაც ვალის გადახდა ხდება პერიოდულად, ნაწილ-ნაწილ, მაშინ დოკუმენტი მისი ბოლო ნაწილის გადახდის შესახებ, ვიდრე სხვა რამ არ დადასტურებულა, იძლევა იმის ვარაუდს, რომ გადახდილია წინა ნაწილიც.

17.2. ციტირებული ნორმიდან გამომდინარე, ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულებაზე შეთანხმების არსებობისას, შესრულებულ ნაწილში ვალდებულება არსებობას წყვეტს, ხოლო ნარჩენი, შეუსრულებელი ნაწილი აგრძელებს არსებობას. ამდენად, სსკ 129.2 მუხლის გამოყენება ნაწილ-ნაწილ შესასრულებელ ვალდებულებებზე არც ამ თვალსაზრისით არის გაუმართლებელი.

18. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას, თითქოს საკასაციო პალატას წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტში ასახულ საკასაციო პრეტენზიებთან მიმართებით, ნამსჯელი არ აქვს სასარჩელო ხანდაზმულობის კონტექსტში. საკასაციო პალატა კასატორს მიუთითითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე (იხ. სუსგ. №ას-462-462-2018 22.06.2018წ.), რომელშიც, კასატორის იდენტური პრეტენზიების საპასუხოდ, საკასაციო სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში მიღწეული შეთანხმება კრედიტის ნაწილ-ნაწილ დაბრუნებაზე პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების სახეა და მასზე ისევე ვრცელდება სსკ 129.2 მუხლი, როგორც დროის გარკვეულ ინტერვალებში შესასრულებელ მოქმედებებზე.

19. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიით არ დაუდასტურებია გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ მსჯელობის გამაქარწყლებელი არგუმენტები, რომ ხანდაზმული არ არის: 1) 2019 წლის 22 ნოემბრის საბანკო კრედიტის №3715950-10746025 ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც გამომდინარეობს 2021 წლის 10 თებერვლიდან 2022 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით პერიოდიდან; 2) 2019 წლის 19 დეკემბრის საბანკო კრედიტის №3715950-10790738 ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც გამომდინარეობს 2021 წლის 10 თებერვლიდან 2023 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდიდან; 3) 2020 წლის 28 იანვრის საბანკო კრედიტის №3715950-10854128 ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც გამომდინარეობს 2021 წლის 27 იანვრიდან 2024 წლის 27 იანვრის ჩათვლით პერიოდიდან; 4) 2020 წლის 25 თებერვლის საბანკო კრედიტის №3715950-10895665 ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც გამომდინარეობს 2021 წლის 27 იანვრიდან 2024 წლის 27 თებერვლის ჩათვლით პერიოდიდან.

20. მიუხედავად იმისა, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს სრული მოცულობით, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე პრეტენზიას სადავო გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების არსებობა და მისი ოდენობა მიჩნეულია გონივრულად. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე არგუმენტს საპროცენტო სარგებლის ოდენობით მიუღებელ შემოსავალზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უმართებულობასთან მიმართებით, ამრიგად, საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული სასამართლო აქტის კანონიერების შემოწმებისას შეზღუდულია რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსით, ზემოაღნიშნულ საკითხებზე დამატებით აღარ იმსჯელებს.

21. სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დავა გადაწყვეტილია არსებითად სწორად, ხოლო კასატორი ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დაშვებულ იმგვარ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც, შესაძლოა, ზეგავლენა ჰქონოდა საქმის საბოლოო შედეგზე. საკასაციო საჩივრიდან არ ვლინდება მისი დასაშვებობის არც სხვა რომელიმე საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს გადახდილი სახელწიფო ბაჟის - 1001 ლარის 70%, რაც 700.7 (შვიდასი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარს შეადგენს, უკან უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ა.ბ–ს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1001 ლარის (საგადასახადო დავალება № 5408, გადახდის თარიღი: 17.07.2025წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თ.ბ–ი“) 70% – 700 ლარი და 70 თეთრი ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი