Facebook Twitter

საქმე №ას-926-2025 04 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ ქ თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ლ–ი, მ.ფ–ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული გადაწვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-12 პუნქტების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ამ ნაწილში სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - იძულებითი განაცდურის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-12 პუნქტებით: „5. სსიპ ქ თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი ან დამსაქმებელი) დ.ლ–ის (შემდეგში - პირველი მოსარჩელე) სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით დაეკისრა 2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 01 მარტამდე (ყოველთვიურად) 300 ლარის (დარიცხული) გადახდა, ხოლო 2024 წლის 01 მარტიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე (ყოველთვიურად) 1150 ლარის (დარიცხული) გადახდა; 12. მოპასუხეს მ.ფ–ძის (შემდეგში - მეორე მოსარჩელე) სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით დაეკისრა 2024 წლის პირველ იანვრიდან 2024 წლის 01 მარტამდე (ყოველთვიურად) 500 ლარის (დარიცხული) გადახდა, ხოლო 2024 წლის 01 მარტიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, (ყოველთვიურად) 1350 ლარის (დარიცხული) გადახდა“;

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1 პირველი მოსარჩელე დასაქმებული იყო 21.09.2022 წლიდან სცენის მემანქანის პოზიციაზე. მოპასუხის 07.03.2023 წლის ბრძანებით მოსარჩელე დასაქმდა სცენის მექანიზმების პულტის ოპერატორის პოზიციაზე, მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვრა დარიცხული 850 ლარით. მოსარჩელე დასაქმებული იყო უვადოდ;

2.2 მეორე მოსარჩელე დასაქმებული იყო 01.10.2014 წლიდან. მოპასუხის 01.01.2017 წლის ბრძანებით მოსარჩელე დასაქმდა სცენის მარჯვენა მხარის ბრიგადირის პოზიციაზე; იგი ითავსებდა სცენის მემანქანის პოზიციას. მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება დარიცხული 850 ლარით განისაზღვრა, ხოლო სცენის მემანქანის პოზიციაზე დარიცხული 500 ლარით. მოსარჩელე დასაქმებული იყო უვადოდ;

2.3 28.12.2023 წლის N268 ბრძანებით, შრომითი ურთიერთობა შეწყდა მოსარჩელეებთან და გადაეცათ ორი თვის შრომის ანაზღაურება კომპენსაციის სახით;

2.4 01.01.2024 წლიდან გაიზარდა მოსარჩელეების მიერ გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციებზე ხელფასი და განისაზღვრა დარიცხული 1150 ლარით.

2.5 მოპასუხის 20.03.2024 წლის ბრძანებით მოპასუხე ორგანიზაციაში განხორციელდა რეორგანიზაცია 01.04.2024 წლიდან, რომლითაც გაუქმდა ის პოზიციები, რომლებსაც იკავებდნენ მოსარჩელეები.

3. მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 28.12.2023წ. N268 ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა მოსარჩელეებისათვის იძულებითი განაცდურის მიკუთვნების საკითხზე და ყურადღება გაამახვილა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, პირველი მოსარჩელე მოპასუხესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდეც და შემდეგაც დასაქმებული იყო შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში და იღებდა სახელფასო ანაზღაურებას. ცნობის თანახმად, ირკვევა, რომ მის შემოსავალი 01.03.2024 წლიდან - 01.04.2024 წლამდე პერიოდში შემცირდა 850 ლარით.

4. ასევე, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაციის შესაბამისად, მეორე მოსარჩელე მოპასუხესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე სხვაგან დასაქმებული არ ყოფილა. ამჟამად იგი დასაქმებულია შპს ომეგა მ.ბ.რ.-ში. ცნობის თანახმად, ირკვევა, რომ მისი შემოსავალი 01.03.2023 წლიდან - 01.04.2024 წლამდე პერიოდში შემცირდა 850 ლარით.

5. ზემომითითებულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან პირველი მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდეც, თუმცა აღნიშნული შეთავსებითი სამუშაო მას არ ეკრძალებოდა და მისი შემოსავალი 2024 წლის 01 მარტიდან შემცირებულია, რის გამოც, საფუძვლიანია მისი მოთხოვნა იძულებითი განაცდურის დაკისრებაზე. ვინაიდან მოსარჩელეს მიღებული აქვს 2 თვის კომპენსაცია, თუმცა გაზრდილი ხელფასის პირობებში იგი 300 ლარით მეტ შემოსავალს მიიღებდა ყოველთვიურად, შესაბამისად, მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა, 2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 01 მარტამდე, ხოლო 2024 წლის 01 მარტიდან, ყოველთვიურად 1150 ლარის (დარიცხული) გადახდა, გაზრდილი ხელფასის შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გაგრძელების შემთხვევაში იგი გაზრდილ ხელფასს მიიღებდა.

6. რაც შეეხება მეორე მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, პალატამ მიიჩნია, რომ მას უნდა აუნაზღაურდეს 2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 01 მარტამდე დანაკლისი შემოსავალი ყოველთვიურად 500 ლარის (დარიცხული) ოდენობით, ასევე 2024 წლის 01 მარტიდან ყოველთვიურად 1350 ლარი (დარიცხული) - გაზრდილი ხელფასი, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პირველი და მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილში დამსაქმებლის მიერ გასაჩივრდა (იხ., საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - ტ.4. ს.ფ. 104).

8. კასატორის პრეტენზია იძულებითი განაცდურის სახით დამდგარი ზიანის არასწორად განსაზღვრას მიემართება. კასატორი აღნიშნავს, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა სხვა სამსახურში დასაქმების და ხელფასის სახით შემოსავლის მიღების ფაქტობრივი გარემოება. ამასთან, კასატორის მოსაზრებით იძულებითი განაცდურის სახით ხელფასი უნდა დანგარიშებულიყო მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროისათვის არსებული სახელფასო განაკვეთის გათვალისწინებით. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგომ შეცვლილი გარემოება და სახელფასო ანაზღაურების ზრდა არ უნდა იყოს მხედველობაში მიღებული იძულებითი განაცდურის სახით დამდგარი ზიანის ანაზღაურების განსაზღვრისას.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

11. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. შესაბამისად, ამ განჩინების პპ:2-ში მითითებულ გარემოებებს საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა აქვთ, რადგან მათ მიმართ კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

13. კასატორი არ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ დასაქმებულებს უფლებრივ რესტიტუციად კომპენსაციასთან ერთად მიეკუთვნა იძულებითი განაცდური რომლის დაანგარიშების დროსაც მხედეველობაში არ იქნა მიღებული სხვაგან დასაქმებისა და შემოსავლის მიღების ფაქტობრივი გარემოება. გარდა ამისა, კასატორს მიაჩნია, რომ იძულებითი განცდურის ოდენობაში არ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული ხელფასის გაზრდილი ოდენობა. შესაბამისად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დასაქმებულის ნების არანამდვილობის პირობებში იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების კანონიერება წარმოადგენს.

14. სადავო ნაწილში მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 48.8 (სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), ამავე მუხლის მე-9 პუნქტი (დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია), 58-ე (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, თავის არსით, მოთხოვნა იძულებით განაცდურზე, ზოგადად, ზიანის ანაზღაურების მეორეული მოთხოვნის ჭრილში განიხილება. შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის არამართლზომიერად აღიარება, იურიდიული თვალსაზრისით, იწვევს შრომითიხელშეკრულების არამართლზომიერ შეწყვეტამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და მოვალეს აკისრებს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი გათავისუფლებით მიადგა. ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 58-ე (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) და სსკ-ის 394-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) მუხლები.

16. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ იძულებითი მოცდენის ანაზღაურება „შესრულების სანაცვლოდ“ ზიანია, რომლის ოდენობა დაზუსტებადია იმ ფაქტით, რომ დავის პერიოდში დასაქმებული სხვაგან იწყებს სამუშაოს, სსკ-ის 408-ე მუხლის (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) რეგულირების ფარგლებში დამსაქმებელმა უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ის მდგომარეობა კი, არსებითად, ხელშეკრულებით მისაღები სიკეთის (ხელფასის) მეორეული მოთხოვნის (ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა) მეშვეობით ჩამანაცვლებელია; ხოლო, თუ რას მიიღებდა მუშაკი, ფასდება ე.წ. „აბსტრაქტული გამოთვლის“ მეთოდით, რაც მისაღები სიკეთის ღირებულებაში გამოიხატება მოვლენათა ნორმალური მსვლელობის დაშვებისას. იმისთვის, რომ არსებობდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების დარღვევის, მიზეზობრიობისა და ბრალის გარდა, უნდა არსებობდეს ზიანი − ფაქტობრივი დანაკლისი (შდრ:. საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარი, კერესელიძე დ, ჩაჩავა ს., და სხვები, ნიუვიჟენ უნივერსიტეტი, 2023წ., 480).

17. რაც შეეხება საკითხს, კორექტირებას უნდა დაექვემდებაროს თუ არა მისაღები თანხის ოდენობა სხვაგან დასაქმებისას, ამ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება (იხ., სუსგ №ას-1545-2024, 7 მარტი, 2025 წელი). იძულებით განაცდურის გაანგარიშებისას სასამართლო ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, სხვა დამსაქმებლებისგან ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალს. თუკი, დასაქმებული სხვა დამსაქმებლისგან იკმაყოფილებს ბრალეული პირველი დამსაქმებლისგან მისაღებ ინტერესს, დასაქმების ამ პერიოდში მიღებული სახელფასო ანაზღაურება, უნდა იქნეს გათვალისწინებული ზიანის ოდენობის განსაზღვრისას. ეს გულისხმობს იმას, რომ, თუკი, უკანონო გათავისუფლების გამო დასაქმებულს მოუწია სხვა სამუშაოზე დასაქმება, დასაქმების პერიოდში მიღებული ხელფასი გათვალისწინებული უნდა იქნეს „შესრულების სანაცვლო“ ზიანის გაანაგარიშებისას.

18. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, დასაქმებულის გათავისუფლება არამართლზომიერად იქნა მიჩნეული, დამსაქმებელს მართებულად დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, რაც მოიცავს იმ ოდენობის ხელფასს, რასაც დასაქმებული მიიღებდა შრომითი ურთიერთობა უკანონოდ რომ არ შეწყვეტილიყო.

19. სხვა დამსაქმებლისგან მიღებული შემოსავალის იძულებით განაცდურში გათვალისწინების საკითხს რაც შეეხება, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან პირველი მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდეც, თუმცა აღნიშნული შეთავსებითი სამუშაო მას არ ეკრძალებოდა და მისი შემოსავალი 2024 წლის 01 მარტიდან შემცირებულია, რის გამოც, საფუძვლიანია მისი მოთხოვნა იძულებითი განაცდურის დაკისრებაზე. ვინაიდან მოსარჩელეს მიღებული აქვს 2 თვის კომპენსაცია, თუმცა გაზრდილი ხელფასის პირობებში იგი 300 ლარით მეტ შემოსავალს მიიღებდა ყოველთვიურად, შესაბამისად, მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა, 2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 01 მარტამდე, ხოლო 2024 წლის 01 მარტიდან, ყოველთვიურად 1150 ლარის (დარიცხული) გადახდა, გაზრდილი ხელფასის შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გაგრძელების შემთხვევაში იგი გაზრდილ ხელფასს მიიღებდა. რაც შეეხება მეორე მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, დადგინდა, რომ მას უნდა აუნაზღაურდეს 2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 01 მარტამდე დანაკლისი შემოსავალი ყოველთვიურად 500 ლარის (დარიცხული) ოდენობით, ასევე 2024 წლის 01 მარტიდან ყოველთვიურად 1350 ლარი (დარიცხული) - გაზრდილი ხელფასი, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

20. კასატორის პრეტენზიის პასუხად საკასაციო სასამართლო განმარტავს, ისეთი ვითარება, როდესაც გათავისუფლებული პირი სასარჩელო წესით იცავს თავის უფლებას, თან იმავდროულად სხვაგან იწყებს მუშაობას, იმთავითვე არ გამორიცხავს, რომ მას იძულებითი განაცდური სრული მოცულობით მიეკუთვნოს. ცხადია, ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, რომ იძულებითი მოცდენის პერიოდში მის მიერ სხვა დამსაქმებელთან შესრულებული სამუშაოს ხასიათი და მოცულობა ისეთი არის ან იყო, რომ მისი შეთავსება ძირითად სამუშაოსთან შესაძლებელი იქნებოდა და არ დააბრკოლებდა იმ სამსახურში მოვალეობების შესრულებას, საიდანაც უკანონო გათავისუფლების გამო მოესპო კუთვნილი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა (იხ., სუსგ №ას-736-2022, 21.10.2022წ.). ამ მხრივ, კასატორის პრეტენზია დასაბუთებულ პრეტენზიად არ მიიჩნევა.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს, რის გამოც, ორივე საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

22. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ ქ თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სსიპ ქ თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრს დაუბრუნდეს 19.06.2025წ. №06862 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4605 ლარის 70% – 3,223.5 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე