Facebook Twitter

ბს-1158-1109(კ-07) 30 აპრილი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

29.05.06წ. მ. თ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების, სანივთე ქონების კომპენსაციისა და ერთჯერადი გამოსასვლელი თანხის დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, 1993 წლიდან მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის გათავისუფლებამდე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 2005 წლის 6 იანვრიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან და გადაყვნილ იქნა რეზერვში. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა გაყინული სახელფასო დავალიანების, სანივთე ქონების კომპენსაციისა და ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების ანაზღაურება, რაზეც 22.05.06წ. წერილით უარი ეთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.07წ. გადაწყვეტილებით მ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მ. თ-ე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 11.04.05წ. ¹945 ბრძანებით, მ. თ-ე 2005 წლის 6 იანვრიდან დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან და ჩაირიცხა რეზერვში. სასამართლოს განცხადებით, მ. თ-ემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის მიმართ გააჩნია სახელფასო და სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანება. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საფინანსო სამმართველოს უფროსის 26.01.07წ. ¹88 მიწერილობის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის საფინანსო სამმართველოში მ. თ-ეს დავალიანება არ ერიცხება. საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" დებულების 331-ე მუხლის მოქმედება, ამავე დებულების 611-ე მუხლის საფუძველზე, შეჩერებულ იქნა 2006 წლის 1 იანვრამდე. მ. თ-ე შეიარაღებული ძალების რიგებიდან დაითხოვეს 11.04.05წ. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ერთჯერადი გამოსასვლელი დახმარების გაცემის ნაწილშიც.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.10.07წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ გაიზიარა სასამართლო კოლეგიის დასკვნა იმ ნაწილში, რომ უსაფუძვლოა მ. თ-ის მოთხოვნა სახელფასო დავალიანებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში, ვინაიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის 30.07.07წ. ცნობის თანახმად, სახელფასო დავალიანება მ. თ-ის მიმართ სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში მუშაობის პერიოდში არ წამოქმნილა. სააპელაციო პალატის განცხადებით, მართალია, “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 05.11.05წ. ¹493 ბრძანებულების 611-ე პუნქტის საფუძველზე, 2006 წლის 1 იანვრამდე შეჩერებულ იქნა ამ ბრძანებულების 331-ე პუნქტი, რომლის მიხედვით სამხედრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურევი წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახური წლებისა) მიხედვით (მათ შორის ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფო შეიარაღებულ ძალებში ნამსახური წლების ჩათვლით) ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით, მაგრამ არ გაუქმებულა აღნიშნული ბრძანებულებით დადგენილი ერთჯერადი დახმარების გაცემის პირობა და წესი. შესაბამისად, აღნიშნული ბრძანებულების საფუძველზე, ერთჯერადი დახმარება მიეცემა არა მხოლოდ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამსახურიდან დათხოვნილ იქნენ 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ, არამედ იმ სამხედრო მოსამსახურეებსაც, რომლებიც დათხოვნილ იქნენ 2006 წლის 1 იანვრამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.07წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა აღნიშნა, რომ 2005წ. “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 05.11.05წ. ¹493 ბრძანებულების 331-ე მუხლის მოქმედება (რომელმაც განსაზღვრა, რომ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახური წლების მიხედვით ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების ოდენობით) ამავე ბრძანებულების 611-ე მუხლით 2006 წლის 1 იანვრამდე შეჩერებული იყო, შესაბამისად ბრძანებულების 331-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება _ ერთჯერადი (გასასვლელი) დახმარების მიღებაზე, ვრცელდება მხოლოდ 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ზემოაღნიშნული ბრძანებულების 331–ე მუხლის მოსარჩელის მიმართ გავრცელება დაუშვებელია, რითაც სააპელაციო სასამართლომ დაარღვია “ნორმატიული აქტების შესახებ" კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტი. დასახელებული ბრძანებულების 331 მუხლის შეჩერება გამოწვეული იყო ბიუჯეტში შესაბამისი თანხის გაუთვალისწინებლობით. პრეზიდენტმა 331-ე მუხლის მოქმედების შეჩერებით ფაქტობრივად შეაჩერა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების შესრულება, რაც თავისთავად გამორიცხავს ნორმის შეჩერების პერიოდში მოსარჩელის შეჩერებული უფლების რეალიზაციას ამ ნორმის ამოქმედების შემდგომ, ახალი საბიუჯეტო წლის განმავლობაში. მით უმეტეს, როდესაც მომდევნო წლების ბიუჯეტის კანონის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ეს თანხები გათვალისწინებული არ არის. ნორმის მოქმედების შეჩერება თავისთავად გულისხმობს ურთიერთობის მხარეების ამ ნორმით გარანტირებული უფლება-ვალდებულებების რეალიზაციის შეწყვეტას და არარსებობას. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც მ. თ-ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორმა მიუთითა, რომ მისი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ საკასაციო საჩივრის პირობებს.

საკასაციო სასამართლოს 04.01.08წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს დასაშვებობის თაობაზე მოსაზრებების წარმოდგენის უფლება მიეცათ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც მიუთითა საკასაციო საჩივარში აღნიშნულ მოტივებზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.