Facebook Twitter

29 ნოემბერი 2024 წელი

№ას-571-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ო.თ–ი, მ.ხ–ია

მოწინააღმდეგე მხარე - ჰ.ბ.

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ჰ.ბ–მა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „გამყიდველი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ო.თ–ისა და მ.ხ–იას (შემდგომში მოხსენიებულნი, როგორც „მოპასუხეები“, „აპელანტები“, „კასატორები“, „მყიდველები“) მიმართ, ნასყიდობის საფასურის - 50 000 აშშ დოლარისა და შემდეგი ოდენობის პირგასამტეხლოს გადასახდელად დაკისრების მოთხოვნებით:

1.1. 2020 წლის 1 აპრილიდან ძირითადი ვალდებულების სრულ გადახდამდე, 10000 აშშ დოლარის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

1.2. 2020 წლის 1 მაისიდან ძირითადი ვალდებულების სრულ გადახდამდე, 10000 აშშ დოლარის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

1.3. 2020 წლის 1 ივნისიდან ძირითადი ვალდებულების სრულ გადახდამდე, 10000 აშშ დოლარის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

1.4. 2020 წლის 1 ივლისიდან ძირითადი ვალდებულების სრულ გადახდამდე, 10000 აშშ დოლარის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

1.5. 2020 წლის 1 აგვისტოდან ძირითადი ვალდებულების სრულ გადახდამდე, 10000 აშშ დოლარის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

(პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი გამოთვლის წესი დაზუსტდა წერილობით, იხ. ტ.1, ს.ფ. 165; 06.04.2022 წლის სასამართლოს სხდომის აუდიოჩანაწერი 12:16:01 სთ).

სარჩელის საფუძვლები:

2.1. 2020 წლის 20 იანვარს გერმანიის მოქალაქე ჰ.ბ–სა და საქართველოს მოქალაქეებს ო.თ–სა და მ.ხ–იას შორის დაიდო წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამყიდველი შესაბამისი სახელშეკრულებო ღირებულების გადახდის სანაცვლოდ მყიდველს საკუთრებაში გადაცემდა შ.პ.ს. „ა.ჯ–ში" (ს/ნ .......) მის კუთვნილ 25%-იან წილს. წილის ნასყიდობის ღირებულებად განისაზღვრა 50000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი, რომლის გადახდა მყიდველს უნდა განეხორციელებინა ნაწილ-ნაწილ, ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად, 5 თვის განმავლობაში ხუთ გადახდად. კერძოდ, 2020 წლის მარტიდან 2020 წლის ივლისის ჩათვლით მყიდველს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 10 000 აშშ დოლარი.

2.2. მიუხედავად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებისა, მყიდველს ნასყიდობის თანხა არ გადაუხდია. გარდა აღნიშნულისა, მყიდველმა იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში გადაიხადოს შესაბამისი პირგასამტეხლო, თუმცა გამყიდველის მხრიდან შეტყობინების მიუხედავად, დღემდე არ არის გადახდილი არც ნასყიდობის საფასური და არც პირგასამტეხლო.

მოპასუხეების პოზიცია:

3.1. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მართალია, მხარეთა შორის დაიდო წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და განისაზღვრა მხარეთა ვალდებულებები, მაგრამ მყიდველის მხრიდან ვალდებულების შესრულებას შეექმნა ბარიერები, ერთი მხრივ, ეს იყო ფორს-მაჟორული სიტუაცია პანდემიის გამო, ხოლო, მეორე მხრივ, თავად გამყიდველის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობა. პანდემიის გამო მთლიანად საწარმოს ფუნქციონირებას შეექმნა საფრთხე. საწარმოს არსებობის შესანარჩუნებლად მოპასუხეებს უხდებათ პირადი სახსრების გაღება, საწარმოს არათუ მოგება არ უფიქსირდება, არამედ იბრძვის გადარჩენისთვის ქვეყანაში არსებული მწვავე ეკონომიკური ფონის გამო.

3.2. გამყიდველმა დამალა ფაქტი, რომ წილის გასხვისების დროს საწარმო, ფაქტობრივად, გაკოტრების საფრთხის წინაშე იდგა. აგრეთვე, სინამდვილესთან შეუსაბამო აღმოჩნდა გამყიდველის მიერ გაცემული გარანტია, რომ საზოგადოებას არ ექნებოდა გაუთვალისწინებელი ფინანსური ვალდებულებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, წილის შესყიდვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კომპანიას არ ჰქონდა გადახდილი ხელფასები, რომლის გადასახდელი რესურსის მოძიებაც ახლა უწევს მას; თანამშრომლები კომპანიას უჩივიან და ითხოვენ თანხების დაკისრებას.

3.3. პანდემიამ მნიშვნელოვნად შეამცირა მომხმარებლების დაინტერესება ფიტნეს დარბაზებით. გარდა იმ პერიოდისა, როდესაც ბიზნესი სრულიად გაჩერდა და სრული „ლოკდაუნი“ იყო გამოცხადებული. მას შემდგომ, ვირუსის გავრცელების შიშით, მომხმარებელი ფიტნეს დარბაზებს აღარ ეკარება, რითაც უდიდესი დარტყმა ადგება შ.პ.ს. „ა.ჯ–ს“. მოსარჩელემ ფაქტობრივად ნულოვანი აქტივი გაყიდა, ხოლო დამფუძნებლებს ახლაც უწევთ, საკუთარი სახსრებით გადაარჩინონ კომპანია სრულ გაკოტრებას. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3.4. მოპასუხეების მითითებით, ვინაიდან ვალდებულების შეუსრულებლობა განპირობებულია ობიექტური გარემოებებით: 1. თავად კრედიტორის მხრიდან ვალდებულებების დარღვევითა და 2. საყოველთაო ფორს-მაჟორით პანდემიის სახით, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებაზე აპელირებით პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნა არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას. ამასთან, მოთხოვნილი პირგასატეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხეებს ჰ.ბ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2020 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საფასურის - 50 000 აშშ დოლარისა და ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს - 8000 აშშ დოლარის გადახდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. 2020 წლის 20 იანვარს გერმანიის მოქალაქე ჰ.ბ–სა (გამყიდველი) და საქართველოს მოქალაქეებს _ ო.თ–სა და მ.ხ–იას (მყიდველი) შორის დაიდო წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მყიდველმა იკისრა ვალდებულება, გადაეხადა გამყიდველისთვის 50 000 აშშ დოლარი, შ.პ.ს. „ა.ჯ–ში" (ს/ნ ......) გამყიდველის კუთვნილ 25%-იან წილზე საკუთრების უფლების მიღების სანაცვლოდ.

წილის ნასყიდობის ხელშეკრულების პირველი მუხლის ბოლო პუნქტის შესაბამისად, გამყიდველმა მყიდველს წილი გადასცა შეზღუდული საკუთრების უფლებით და აუკრძალა მას წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

ხელშეკრულების ღირებულების გადახდა უნდა მომხდარიყო მყიდველის მიერ ამავე პუნქტით დადგენილი გრაფიკის მიხედვით, ხუთ გადახდად, ხუთი თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის გადახდის გზით - 2020 წლის მარტიდან - 2020 წლის ივლისის ჩათვლით. გადახდები უნდა განხორციელებულიყო უნაღდო ანგარიშსწორებით, ამავე პუნქტით განსაზღვრულ გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.

გამყიდველმა იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 5 დღის ვადაში გაეთავისუფლებინა ნასყიდობის საგნის წილის უკან მდგარი პროპორციული ქონება ყველა უკანონო მფლობელისგან ასეთის არსებობის შემთხვევაში; ნებისმიერი უკანონო მოსახლისგან (მათ შორის, იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი პირი) ასეთის არსებობის შემთხვევაში; ნასყიდობის საგნის უკან მდგარი პროპორციული ქონება ყველა უკანონო მოსარგებლისგან, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ნასყიდობის ხელშეკრულების 6.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული განცხადებები და გარანტიები ვალიდურია ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის, ამასთან, გამყიდველი ხელშეკრულების ღირებულების ფარგლებში პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით მყიდველთან იმ შემთხვევაში თუ საზოგადოებას ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ აღმოაჩნდება გაცხადებულ ვალდებულებებზე მეტი ოდენობის ვალდებულება. ამასთან, ამ მუხლის მიზნებისთვის საზოგადოების გაცხადებულ ვალდებულებებში არ იგულისხმება: ა) საზოგადოების დამფუძნებლებისადმი არსებული ვალდებულებები; ბ) ის შესაძლო ვალდებულებები, რომელიც შეიძლება წარმოიშვას იმ შემთხვევაში, თუ შესაძლო საგადასახადო შემოწმების შემდეგ შესამოწმებელ პერიოდზე საზოგადოებას დაერიცხება დამატებითი გადასახდელები; გ) ხელშეკრულების მომზადების პერიოდში (2019 წლის 4 დეკემბრიდან) საზოგადოების ოპერირების შედეგად წარმოქმნილი მიმდინარე ვალდებულებები; დ) ყველა ის ახალი ვალდებულება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ.

ამ მუხლის მიზნებისთვის, საზოგადოების გაცხადებული ვალდებულებები ჯამურად არ აღემატება 1 324 000 ლარის ექვივალენტს, ამასთან გაცხადებულ ვალდებულებებზე მეტი ოდენობის ვალდებულების აღმოჩენაში ა) არ იგულისხმება გაცხადებული თანხის ისეთი ზრდა, რომელიც გამოწვეულია ლარის აშშ დოლართან/ევროსთან კურსის გაუფასურებით და/ან ბ) იმ მცირე ოდენობის გაუცხადებელი ხელშეკრულების გაფორმებამდე არსებული ვალდებულების აღმოჩენით ან არსებული ვალდებულებების ოდენობის კორექტირებით, თუ მათი ჯამური ოდენობა არ აღემატება გაცხადებული ვალდებულებების ჯამური ოდენობის 5%-ს. ამასთან, ვალდებულებების ჯამური ოდენობა თუ აღმოჩნდა გამოცხადებულ ოდენობაზე 5%-ზე უფრო მეტად შემცირებული, მყიდველი გამყიდველს დამატებით გადაუხდის შემცირებული თანხის 25%-ს. იმ შემთხვევაში, ჯამური ვალდებულებების ოდენობა თუ გამოცხადებული ვალდებულებების 5%-ზე უფრო მეტად განსხვავდება, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ხელშეკრულების მოშლა და მოითხოვოს ორმხრივი რესტიტუცია. გაცხადებული ვალდებულებების დასაზუსტებლად მყიდველი ჩაატარებს საზოგადოების ვალდებულებების ინვენტარიზაციას ამ ხელშეკრულების საჯარო რეესტრში გაფორმებიდან 3 თვის ვადაში. თუ ამ ვადაში საზოგადოებას არ აღმოაჩნდება გაცხადებულ ვალდებულებებზე მეტი ვალდებულება, გამყიდველს შესრულებულად ეთვლება ამ პუნქტით ნაკისრი ვალდებულებები.

ნასყიდობის ხელშეკრულების 6.5. პუნქტის მიხედვით, მყიდველი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) თვის ვადაში, სავარაუდო რისკების შეფასების მიზნით ახორციელებს საზოგადოების აუდიტორულ შემოწმებას. აუდიტორული შემოწმების შედეგად სავარაუდო რისკების განსაზღვრის შემდგომ, თუ სავარაუდო რისკი განისაზღვრება 40 000 და/ან მეტი აშშ დოლარის (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად) ოდენობით, მყიდველი უფლებამოსილია, მეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ორმხრივი რესტიტუცია.

ნასყიდობის ხელშეკრულების 7.3. პუნქტის შესაბამისად, მყიდველის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მყიდველი გამყიდველისგან იღებს წერილობით შეტყობინებას, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა. მყიდველის მიერ განსაზღვრული გამოსწორების ვადის გასვლის შემდგომ გამყიდველს დაეკისრება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო.

ნასყიდობის ხელშეკრულების 7.5. პუნქტის თანახმად კი, ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს შესაბამისი პერიოდისთვის შეუსრულებელი ვალდებულების 0.1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ნასყიდობის ხელშეკრულების 8.1. პუნქტის შესაბამისად, მყიდველის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა შეიძლება საპატიოდ ჩაითვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი დარღვევა გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოებით. ამავე პუნქტის შესაბამისად, აღნიშნული ფორსმაჟორული გარემოება უნდა სცდებოდეს მხარის კონტროლის ფარგლებს და მისი დადგომა შეუძლებელს ხდიდეს ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას. ხოლო 8.2. მუხლის შესაბამისად, მხარე, რომელიც ვერ ასრულებს საკუთარ ვალდებულებას ფორსმაჟორული გარემოების გამო, ვალდებულია გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 96 (ოთხმოცდათექვსმეტი) საათისა შეატყობინოს მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარე კარგავს უფლებას, მიუთითოს აღნიშნულ მოვლენაზე და გარემოებაზე, როგორც მისი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ვალდებულებიდან გათავისუფლების საფუძველზე. ამავე მუხლის 8.3 და 8.4 პუნქტების შესაბამისად კი განისაზღვრა, რომ ფორსმაჟორული გარემოების არსებობის და დადასტურების შემთხვევაში სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადა გადაიდება გარემოების ხანგრძლივობის შესაბამისად და ვადის ათვლა განახლდება ფორსმაჟორული გარემოების შეწყვეტის დღიდან.

7.2. ჰ.ბ–მა ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ო.თ–სა და მ.ხ–იას საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით გადაუფორმა შ.პ.ს. „ა.ჯ–ში“ მისი კუთვნილი 25%-იანი წილი. კომპანიის დირექტორად რეგისტრირებულია ო.თ–ი.

7.3. მოპასუხეებს - მ.ხ–იასა და ო.თ–ს მოსარჩელე ჰ.ბ–ისთვის არ გადაუხდიათ 2020 წლის 20 იანვრის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული საფასური 50 000 აშშ დოლარის ოდენობით.

7.4. მ.ხ–იამ და ო.თ–მა 2020 წლის 4 მაისს წერილით მიმართეს ჰ.ბ–ს და განუმარტეს 2020 წლის 20 იანვრის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზები, კერძოდ, აცნობეს, რომ 2020 წლის 21 აპრილიდან 2022 წლის 22 მაისის ჩათვლით ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი, გარკვეული პერიოდი აიკრძალა თითქმის ყველა საქმიანობა და ყველანაირი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, ასევე დაიკეტა რამოდენიმე ქალაქი, ასევე დაწესდა სხვასადასხვა სახის შეზღუდვები, რამაც თავის მხრივ გამოიწვია მეწარმე სუბიექტების, მათ შორის შ.პ.ს. „ა.ჯ“-ს ფუნქციონირების შეფერხება, ასევე აღნიშნული გარემოების შესაბამისად შეიზღუდა საწარმოო პროცესი და ფუნქციონირება, რაც თავისთავად აისახა კომპანიის სამუშაო რეჟიმსა და ყოველდღიურობაზე. ამავე წერილში ავტორები მიუთითებენ, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები ითვლება ფორსმაჟორულ გარემოებად, რის გამოც, ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადაიწევს იმ ვადით, რა ვადითაც ქვეყანაში იმოქმედებს საგანგებო მდგომარეობა. ვალდებულებების შესრულებას შეუდგებიან ფორსმაჟორული მდგომარეობის დასრულებისთანავე. აღნიშნული წერილი მოსარჩელემ მიიღო ელექტრონული ფოსტით 2020 წლის 13 მაისს.

7.5. ჰ.ბ–მა მ.ხ–იას და ო.თ–ს არაერთხელ გაუგზავნა წერილობითი მოთხოვნა თანხის გადახდის თაობაზე და განუსაზღვრა დამატებითი ვადა ვალდებულების შესრულებისთვის, კერძოდ:

2020 წლის 7 ნოემბრის წერილით ჰ.ბ–მა მოითხოვა მხოლოდ ნასყიდობის თანხის 50000 აშშ დოლარის გადახდა და მიუხედავად იმისა, რომ ვადადარღვევაში იყო 51 დღე, არ მოსთხოვა მოპასუხეებს პირგასამტეხლოს გადახდა.

2020 წლის 23 დეკემბრის წერილით ჰ.ბ–მა მოითხოვა 2021 წლის იანვრის ბოლოდან ყოველთვიურად 10000 აშშ დოლარის გადახდა 2021 წლის 31 მაისამდე. ამასთან, მოითხოვა ყოველთვიურად დამატებით 1000 აშშ დოლარის გადახდა ჯარიმის სახით.

იმავე დღეს ო.თ–მა ჰ.ბ–ს წერილობით უპასუხა, რომ სიტუაცია უფრო პრობლემურია, ვიდრე ადრე.

8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

8.1. სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება), 417-ე და 418.2-ე მუხლები (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას).

8.2. მხარეთა შორის სადავო არ არის წილის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა, მის საფუძველზე წარმოშობილი ნასყიდობის საზღაურის - 50 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება ამავე თანხის გამყიდველისათვის გადაუხდელობის ფაქტები.

8.3. პალატამ მოიხმო სამოქალაქო კოდექსის მე-400 და 401-ე მუხლები და განმარტა, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი ნაწილდება შემდეგი სახით: ხელშეკრულების დადების და ვალდებულების არსებობის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს; ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავს შესრულებას ან აძლევს შესრულების დაყოვნების (შესრულების გადადების) უფლებას.

8.4. აპელანტი მხარის იმ პრეტენზიის საპასუხოდ, რომელიც უკავშირდება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პანდემიური მდგომარეობის, როგორც ფორს-მაჟორის სახეობის გაუთვალისწინებლობას, მოპასუხე მხარის ვალდებულების განსაზღვრისას, პალატამ განმარტა, რომ საქართველოში არსებული ზოგადი პანდემიური მდგომარეობა, შესაძლებელია, შეფასებულიყო ფორსმაჟორულად, მაგრამ მის არეალს, მოქმედების დროსა და თანმდევ შედეგებს გააჩნიათ აუცილებელი კუმულაციური წინაპირობები: გარემოება წარმოშობილი უნდა იყოს მხარეთა ნებისგან დამოუკიდებლად, ასევე მხარეებს არ უნდა შეეძლოთ მისი გათვალისწინება ხელშეკრულების დადებისას, გარემოება უნდა იყოს მხარის კონტროლის სფეროს მიღმა და ეს უკანასკნელი, შეუძლებელს უნდა ხდიდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, ასევე უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი წარმოშობილ გარემოებასა და ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას შორის.

8.5. პალატის განსჯით, მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მათი, როგორც ფიზიკური პირების, ფინანსური მდგომარეობის გართულებაზე მიუთითებდა, პანდემიის გავლენით; შესრულების პერიოდში წარმოშობილი შეზღუდვები მოახდენდა გავლენას საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა ეკონომიკურ მდგომარეობაზე, თუმცა სახელშეკრულებო ურთიერთობებში, თუკი გარემოებათა შეცვლა სრულად არ გამორიცხავს ხელშეკრულების შესრულების შესაძლებლობას, სახეზეა არა ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლების წინაპირობები, როგორც მოსარჩელე მხარე მიუთითებს, არამედ ადრე შეთანხმებულისაგან განსხვავებულ წესებზე, შეცვლილ გარემოებებზე ურთიერთობის მორგების შეთავაზების უფლებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო თუ მხარეთა პოზიცია იმდენად ხისტია, რომ ვერ ხდება კონსენსუსზე ან შეღავათებზე შეთანხმება, შედეგით უკმაყოფილო მხარეს, ვისაც აღარ ძალუძს იგივე პირობებით გააგრძელოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, უფლება აქვს, გავიდეს ხელშეკრულებიდან სსკ-ის 352.1 და 405.1 მუხლების შესაბამისად.

8.6. საქმის მასალებზე დაყრდნობით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქვეყანაში არსებული კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გასათვალისწინებით, გამყიდველმა შესრულების დამატებითი ვადა დაუწესა მყიდველებს, რაც ასევე უშედეგოდ გავიდა, ასევე უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხე მხარეს არ უსარგებლია ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებამოსილებით. ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეთა შორის დაიდო 20.01.2020 წელს, ნასყიდობის საფასური უნდა გადახდილიყო შეთანხმებული გრაფიკით 2020 წლის ივლისის ჩათვლით; მიუხედავად დამატებითი ვადის განსაზღვრისა, აპელანტ მხარეს ვალდებულება არ შეუსრულებია; გამყიდველმა სარჩელი მოთხოვნის იძულებით დასაკმაყოფილებლად აღძრა 25.01.2021 წელს, ხოლო გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოტანილია 20.04.2022 წელს; აღნიშნულის მიუხედავად, ნასყიდობის საფასური სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზეც არ ყოფილა გადახდილი, მიუხედავად იმისა, რომ შესრულების გართულების/დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის თაობაზე აპელანტი არგუმენტირებულად ვეღარ მიუთითებდა. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატამ დაასკვნა, რომ მოპასუხეთა მიდგომა ვერ პასუხობდა სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი კეთილსიდისიერი ქცევის მოთხოვნებს.

8.7. პალატამ არ გაიზიარა აპელანტი მხარის პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ხელშეკრულების დებულებების არასწორად განმარტებისა და იმ დასკვნის არამართებულობის თაობაზე, რომ მყიდველის მიერ გამყიდველისათვის ნასყიდობის ღირებულების გადახდა დამოკიდებული არ ყოფილა შ.პ.ს. „ა.ჯ–ი"-ს მუშაობაზე და მიუთითა, რომ აპელანტი ვერ აკონკრეტებს 20.01.2020 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების იმ კონკრეტულ პუნქტებს, რომელიც მსგავსი შინაარსის დათქმას ან პირობებს შეიცავენ; საწარმოს წილის საფასურის გადახდაზე ვალდებულ პირს სწორედ მოპასუხედ დასახელებული ფიზიკური პირები და არა კომპანია წარმოადგენს. დაუშვებელია კომპანიის ფინანსური აქტივისა და პარტნიორის ქონების გაიგივება; თუკი კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო კომპანიის მოგების ზრდა შეუძლებელი გახდა და წილის შემძენის ეკონომიკური გათვლები და ინტერესი გაუმართლებელი აღმოჩნდა, ეს გარემოება ფორს-მაჟორად ვერ ჩაითვლება და ვერ განაპირობებს კომპანიის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულებისაგან წილის შემძენი პარტნიორის უპირობო განთავისუფლებას.

8.8. პალატამ მიუთითა სსკ-ის 488-489-ე მუხლებზე და განმარტა, რომ თუკი გამყიდველმა დააღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნითის გადაცემის ვალდებულება, მყიდველს შეეძლო: 1) ნივთის ნაკლის გამოსწორება; 2) ნაკლიანი გვაროვნული ნივთის შეცვლა; 3) ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა; 4) ფასის შემცირება, თუკი მყიდველი არ ითხოვს ნაკლის გამოსწორებას, ან ახლით შეცვლას და არც ხელშეკრულებიდან გასვლას; 5) ზიანის ანაზღაურება. ჩამოთვლილი უფლებებით სარგებლობისათვის, შემძენმა უნდა დაადასტუროს ნასყიდობის საგნის ნაკლი. პალატამ მიიჩნია, რომ მყიდველმა მხარემ ვერ დაადასტურა გასხვისებული წილის ნაკლისა და კომპანიის გადახდისუუნარობის სადავო ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რასაც შეეძლო, გამოერიცხა ნასყიდობის საზღაურის გადახდის ვალდებულება ან გაემართლებინა მყიდველის მიერ შესრულების დაყოვნება.

8.9. პალატის განსჯით, განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ყველა კანონისმიერი წინაპირობა და სასამართლოს მხრიდან შეფასებას საჭიროებდა მხოლოდ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის 7.5 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გონივრულობა, რის თაობაზეც პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ იმსჯელა და მიიჩნია, რომ ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლო, შეუსრულებელი ვალდებულების 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჯამში - 50000 აშშ დოლარი - შეუსაბამოდ მაღალი იყო და უნდა შეამცირებულიყო 8000 აშშ დოლარამდე, რაც სრულად უზრუნველყოფდა გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო მეტად შემცირების საფუძველი.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა, შემდეგ გარემოებათა გამო:

9.1. სააპელაციო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების თარიღია 2020 წლის 20 იანვარი, რომლის თანახმადაც, წილის ნასყიდობის ღირებულება კასატორებს ეტაპობრივად უნდა დაეფარათ. ზემოხსენებული ხელშეკრულების დადებიდან ზუსტად ერთ თვეში საქართველოში დაიწყო კორონავირუსის ეპიდემია, ერთ წელზე მეტი ვადით შეჩერდა ფიტნეს დარბაზების საქმიანობა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. კასატორებს წილის ნასყიდობის ღირებულება უნდა გაესტუმრებინათ ფინტეს კლუბის მუშაობის შედეგად მიღებული თანხებიდან, თუმცა პანდემიამ და არსებულმა რეგულაციებმა დააზარალა ფინტეს სფერო და მის სამართავად შესული ახალი ინვესტორები. თავად წილის ნასყიდობის ხელშეკრულება მოწმობს იმ ფაქტს, რომ კასატორებს ნასყიდობის საფასური არ გააჩნდათ, არამედ, გამყიდველისთვის თანხების გადახდა უნდა დაეწყოთ მოგვიანებით, ესე იგი, მას შემდგომ, რაც კომპანია გარკვეულ მოგებას მოუტანდა კასატორებს, სხვა შემთხვევაში, თანხის გრაფიკით განაწილების აუცილებლობა არ იარსებებდა.

9.2. წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროს მოწინააღმდეგე მხარემ განზრახ დაუმალა ინფორმაცია კასატორებს იმის თაობაზე, რომ კომპანიას გააჩნდა იმაზე მეტი ფინანსური ვალდებულებები, რაც კონტრაქტში იყო გაწერილი. მხარეთა შორის გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველმა მყიდველის დასაინტერესებლად ხელშეკრულებით განაცხადა გარანტიების შესახებ, რაც, როგორც შემდგომ გაირკვა, რეალობას არ შეესაბამებოდა, კერძოდ, კომპანიის შემოსავლები ფაქტობრივად ნულის ტოლი იყო; გარდა იმ სახელშეკრულებო ვალდებულებებისა, რომლის შესახებაც მყიდველს ინფორმაცია მიეწოდა ხელშეკრულების დადებამდე, აღმოჩნდა, რომ კომპანიას არ ჰქონდა გადახდილი ხელფასები, თანამშრომლები კომპანიას უჩიოდნენ და ითხოვდნენ თანხების დაკისრებას.

9.3. კასატორებმა არაერთხელ განმარტეს ფორს-მაჟორის გამო ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის საკითხი და ითხოვეს, კრედიტორს დამატებითი ვადა განესაზღვრა ვალდებულების შესრულებისათვის. იმის გამო, რომ თავად კრედიტორის მიერ ინფორმაციის დამალვის შედეგად კასატორებს შეექმნათ ნასყიდობის საგნის თანმდევი უამრავი სამართლებრივი და ფინანსური პრობლემა, გამყიდველისავე ვალდებულებაში შედიოდა ამ პრობლემების მოგვარება. სულ მცირე, გამყიდველს ევალებოდა კასატორების მხრიდან მისი მოგვარებისათვის საჭირო ხელშეწყობა, რაც მოსარჩელემ არ განახორციელა.

9.4. ვინაიდან სახეზე იყო ფორსმაჟორული გარემოებები, არც პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოშობილა. ამასთან, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების არსებობა რომც დადგინდეს, დაკისრებული ოდენობა - 8 000 დოლარი - წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს და ექვემდებარება შემცირებას.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

13.1. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესი, სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიკეთეა. ვალდებულების შესრულება ხასიათდება იმით, რომ იგი წარმოადგენს ვალდებულების შეწყვეტისაკენ მიმართულ ნებელობით ქმედებებს.

13.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხსენებული პრინციპის მიუხედავად, სამოქალაქო ბრუნვისთვის უცხო არ არის გარემოებათა იმგვარი ცვლილება, რომელიც ხელშეკრულების განუხრელად შესრულებას ხდის შეუძლებელს ან აქცევს იმდენად მძიმე და არაგონივრულ ტვირთად, რომ შესრულების მოთხოვნა ეწინააღმდეგება სამოქალაქო ურთიერთობის ქვაკუთხედს - კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპებს. სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. იმის მიხედვით, რამდენად არსებითია გარემოების ცვლილება ხელშეკრულების დადების შემდეგ, იურიდიული ლიტერატურა ერთმანეთისგან მიჯნავს 1) ფორს-მაჟორისა (რომანულ სამართალში - vis major) და 2) შესრულების გართულების (Hardship) კონცეფციებს თანმდევი სამართლებრივი შედეგებით (იხ. სუსგ. №ას-1063-2021, 21.12.2022წ.).

13.3. იქ, სადაც ვალდებულების შესრულება ხდება ფულით, მხარისგან დამოუკიდებელმა გარემოებებმა, რომლებიც უკიდურესად ართულებენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, შესაძლოა წარმოშვას არა ვალდებულების შესრულებისგან განთავისუფლების, არამედ შეცვლილ გარემოებებთან ხელშეკრულების მისადაგების მოთხოვნის უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული ინსტიტუტის არსი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულება მბოჭველია იმდენად, რამდენადაც სახეზეა ის პირობები, რომლებშიც ხელშეკრულება დაიდო, ხოლო თუ ეს პირობები იცვლება, მხარეს, რომლის ინტერესებიც შეცვლილი პირობების შედეგად შეუსაბამოდ ირღვევა, არ შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების მკაცრად დაცვა (იხ. ვაშაკიძე გ., სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, 2010, გვ. 212).

13.4. ხელშეკრულების შეცვლილ გარემოებებთან მისადაგების კუმულატიური წინაპირობები შემდეგია: 1) ხელშეკრულების დადების შემდეგ შეიცვალა გარკვეული გარემოებები (ობიექტური საფუძველი - სსკ-ის 398-ე მუხლის I ნაწილი) ან ერთობლივი წარმოდგენები არასწორი აღმოჩნდა (სუბიექტური საფუძველი - სსკ-ის 398 მუხლის II ნაწილი); 2) ეს გარემოებები ან წარმოდგენები იქცა ხელშეკრულების საფუძვლად; 3) გარემოებათა ცვლილება იყო მოულოდნელი; 4) ცვლილებათა გათვალისწინების შემთხვევაში მხარეები არ დადებდნენ ხელშეკრულებას ან დადებდნენ ხელშეკრულებას სხვა შინაარსით; 5) ცვლილება იმდენად არსებითია, რომ ერთ-ერთ მხარეს არ შეიძლება ვალდებულების უცვლელად შესრულება ან ხელშეკრულებაში დარჩენა მოეთხოვოს. (იხ. ვაშაკიძე გ., სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, 2010, გვ. 213).

13.5. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებდა შემდეგს: საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ 2020 წლის მარტიდან გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და შეიზღუდა მთელი რიგი ეკონომიკური საქმიანობები, რამაც ზეგავლენა იქონია ბიზნესის აქტიურობასა და, შესაბამისად, მოვალეთა გადახდისუნარიანობაზე.

13.6. საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში განუმარტავს, რომ მსოფლიო პანდემია და მის საფუძველზე დაწესებული შიდასახელმწიფოებრივი შეზღუდვები წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და სსსკ-ის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს, თუმცა პანდემიის არსებობა თავისთავად არ გულისხმობს, რომ ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც იმ პერიოდში წარმოიშვა ან რომლიდან გამომდინარეც ვალდებულების შესრულების ვადა დადგა, უნდა დაექვემდებაროს სსკ-ის 398-ე მუხლით ცვლილებას ან მოვალე უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს ვალდებულების შესრულებისგან. ვალდებულმა პირმა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით უნდა დაადასტუროს, რომ პანდემიისა და სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვების შედეგები მასზე უარყოფითად აისახა და აღნიშნული გარემოებები პირდაპირ კავშირშია მოვალის მიერ შესასრულებელ ვალდებულებასთან (იხ. სუსგ, საქმე №ას-1063-2021, 21.12.2022წ.; №ას-1585-2022, 12.06.2023წ.).

14.1. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ნასყიდობის ხელშემკვრელი მხარეები, მათ შორის, მყიდველები, ფიზიკური პირები არიან, თავად სუბიექტი კი, რომლის ფუნქციონირების შეჩერებაზეც კასატორები მიუთითებენ, იურიდიული პირი - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისა და ვალდებულების შესასრულებლად ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის მიმდინარეობისას მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენდა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს არ აგებენ; ამავე კანონის 44.1 მუხლის თანახმად კი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება წარმოადენდა საზოგადოებას, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლებოდა მთელი მისი ქონებით.

14.2. ციტირებული ნორმებიდან გამომდინარე, როგორც საწარმოს სამართალსუბიექტობა ზოგადად, ისე მისი კაპიტალი, მკვეთრად გამიჯნულია მისი პარტნიორისაგან - საწარმო პასუხს არ აგებს პარტნიორის ვალდებულებებზე, პარტნიორი კი, საწარმოსაზე. ამავდროულად, პარტნიორს საწარმოს არც აქტივზე მიუწვდება პირდაპირ და უშუალოდ ხელი, არამედ, საწარმოს ფუნქციონირებიდან ამონაგებ სიკეთეზე პარტნიორის საკუთრების უფლების წარმოშობის ერთადერთი საშუალება დივიდენდის განაწილებაა. დივიდენდის განაწილება კი, არაერთ წინაპირობაზეა დამოკიდებული და იგი მარტივ, რუტინულ პროცედურას არ წარმოადგენს, სახელდობრ, დასახელებული რედაქციით მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, მოგების განაწილება, უპირველესად, მოგების არსებობაზეა დამოკიდებული, თუმცა მოგების არსებობა, თავისთავად არც დივიდენდის მიღების მოლოდინს აფუძნებს, საამისოდ აუცილებელია პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება წლიური თუ შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილების შესახებ.

14.3. სარწმუნოობას მოკლებულია კასატორების მტკიცება, 2020 წლის იანვრის თვეში ფიზიკურ პირებს საწარმოს წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2020 წლის მარტის თვიდან ყოველთვიურად 10 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება აეღოთ იმ მოლოდინით, რომ ისინი დივიდენდს წილის შეძენისთანავე გაანაწილებდნენ და ამ აქტივობას ყოველთვიურად, ზედზედ ხუთჯერ შეასრულებდნენ. აღნიშნული მოლოდინი მით უფრო არადამაჯერებელია, რომ წილის ნასყიდობის წინმსწრებად პოტენციურ მყიდველს ბიზნესის აქტივებისა და ვალდებულებების დასადგენად თუ კომერციული პოტენციალის განსასაზღვრად ყოვლისმომცველი შეფასება (ე.წ. due diligence) არ ჩაუტარებია, შესაბამისად, იმ მოცემულობაში, როდესაც მყიდველისთვის გაცხადებულ ინფორმაციას წარმოადგენდა საზოგადოების საორიენტაციო ვალდებულების მოცულობა - 1 324 000 ლარი, 25% წილის შემძენის მოლოდინი 5 თვის განმავლობაში 50 000 აშშ დოლარის ოდენობის დივიდენდის გამომუშავების პოტენციალზე, ვერ ჩაითვლება სამართლებრივი დაცვის ღირს მოლოდინად.

14.4. ამრიგად, საკასაციო პალატის განსჯით, პანდემიით განპირობებულ ეკონომიკურ შეზღუდვებსა და მყიდველების შემოსავლების შემცირებას/მიუღებლობას შორის უშუალო მიზეზობრივი კავშირი არ დგინდება, რის გამოც, მცდარია ნასყიდობის საზღაურის გადაუხდელობის გამამართლებელ მიზეზად პანდემიაზე, როგორც ხელშეკრულების შესრულების გართულების განმაპირობებელ გარემოებაზე აპელირება.

14.5. საგულისხმოა ისიც, რომ გამყიდველის წინაშე 04.05.2020 წელს მიწერილ წერილში, ხელშეკრულების 8.2 პუნქტზე აპელირებით, მყიდველები ადასტურებდნენ, რომ ვალდებულების შესრულების გადაწევას ითხოვდნენ იმ ვადით, რა ვადითაც ქვეყანაში იმოქმედებდა საგანგებო მდგომარეობა და კისრულობდნენ პასუხისმგებლობას შესასრულებელი ვალდებულებების შესრულების დაწყებაზე იმ მომენტიდან, როდესაც დასრულდებოდა ფორსმაჟორული გარემოება. საქართველოში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების უმრავლესობა გაუქმდა 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი, პანდემიის დასრულება 2023 წლის 5 მაისს გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა ნასყიდობის საზღაურის ვადაში გადაუხდელობის საპატიო მიზეზად რომც იქნას განხილული, მოპასუხეს, ყველაზე გვიან, 2023 წლის ივნისიდან მაინც უნდა აღედგინა ნაკისრი ვალდებულების შესრულება, თუმცა წინამდებარე განჩინების გამოტანის მომენტისთვისაც კი, ნასყიდობის საზღაური სრულად გადაუხდელია. ამ მოცემულობაში კი, ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად საგანგებო მდგომარეობის განხილვა გაუმართლებელია.

15.1. რაც შეეხება კასატორების პრეტენზიას ნასყიდობის საგნის დაფარულ ნაკლთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ ნაკლის არსებობა ნასყიდობის საზღაურის გადახდისგან გათავისუფლების თავისთავად გარემოებას არ წარმოადგენს, არამედ, თუკი გამყიდველმა დაარღვია სსკ-ის 488-489-ე მუხლებით გათვალისწინებული ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნითის გადაცემის ვალდებულება, მყიდველი აღიჭურვება შემდეგი მეორადი მოთხოვნის უფლებებით: 1) ნივთის ნაკლის გამოსწორება; 2) ნაკლიანი გვაროვნული ნივთის შეცვლა; 3) ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა; 4) ფასის შემცირება, თუკი მყიდველი არ ითხოვს ნაკლის გამოსწორებას, ან ახლით შეცვლას და არც ხელშეკრულებიდან გასვლას; 5) უარი თქვას საქონლის მიღებაზე, თუკი გამყიდველი მიაწვდის ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები რაოდენობით; 6) მიყენებული ზიანის ანაზღაურება (იხ. სუსგ. №ას-885-2023, 03.11.2023წ.).

15.2. მოსარჩელემ მიაწოდა მოპასუხეს ნასყიდობის საგანი (გადასცა საკუთრების უფლება წილზე), თუმცა მოპასუხემ უარი განაცხადა თანხის ანაზღაურებაზე, რაც ნასყიდობის საგნის ნივთობრივ ნაკლს დაუკავშირა. ასეთ პირობებში, ნივთის ნაკლის მტკიცების ტვირთი სწორედ მყიდველს ეკისრებოდა (სსსკ-ის 102-ე მუხლი), რომელმაც ვერ დაადასტურა ნაკლის არსებობის ფაქტობრივი გარემოება, რაც, თავის მხრივ, გაუმართლებელს ხდის შემძენის მხრიდან მეორადი მოთხოვნების, მათ შორის, ფასის შემცირების ან ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც გამყიდველის მხრიდან დასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, მყიდველს წარმოეშობა საპასუხო მოვალეობა _ გადაიხადოს ნასყიდობის ფასი (იხ. სუსგ. №ას-1291-2018, 06.06.2019წ.).

16.1. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, ხელშეკრულებიდან და თავად სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, მისი გადახდის წინაპირობა მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევაა. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას ნასყიდობის საზღაურის გადახდის ვალდებულება მიაჩნია დარღვეულად.

16.2. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

16.3. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

16.4. ვინაიდან მოსარჩელემ შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, ხოლო მოპასუხე უსაფუძვლოდ უარს აცხადებს ნასყიდობის საფასურის გადახდაზე, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება საფუძვლიანია. ვადაგადაცილების ხანგრძლივობის, შესასრულებელი ვალდებულების მოცულობისა და ვადაგადაცილებაში მოვალე მხარის ბრალეულობის ხარისხის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან უკვე შემცირებული პირგასამტეხლო - 8000 აშშ დოლარის ოდენობით, მიემართება გამყიდველის სასარგებლოდ პრეზუმირებული მინიმალური ზიანის ანაზღაურებას, სამართლიანია, შესაბამისად, მის ოდენობაში სასამართლოს მეტად ინტერვენცია ხელყოფს მხარეთა შორის წონასწორობას კრედიტორის საუარესოდ და წაახალისებს ვალდებულების დარღვევას, რაც შეუთავსებელია პირგასამტეხლოს ნორმატიულ დანიშნულებასთან.

17. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სამართლებრივ შეფასებებთან მიმართებით წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები კი, არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ დასაშვებობის არცერთ კრიტერიუმს, რაც საკასაციო პრეტენზიის დაუშვებლად მიჩნევის საფუძველია.

18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, კასატორებს უკან დაუბრუნდება საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელწიფო ბაჟის - 6000 ლარის 70%, რაც შეადგენს 4200 ლარს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო.თ–ის და მ.ხ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ო.თ–ს (პ/ნ .........) და მ.ხ–იას (პ/ნ .........) დაუბრუნდეთ ო.თ–ის (პ/ნ .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 6000 ლარის (საგადახდო დავალება № 21827693161, გადახდის თარიღი: 13.05.2024წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი