10 ივლისი, 2023 წელი
№ას-1372-2021 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შ.პ.ს. "ს.გ.წ.კ–ია" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. "ჯ.ბ.ბ–ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შ.პ.ს. ,,ჯ.ბ.ბ"-მ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შ.პ.ს. ,,ს.გ.წ.კ–"-ს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ზიანის - 14715.64 ლარის ანაზღაურების დაკისრება. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შ.პ.ს. “ს.გ.წ.კ”-ს შ.პ.ს. “ჯ.ბ.ბ”-ს სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის -14 715.64 ლარის ანაზღაურება.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. 2018 წლის 19-20 ივნისს, ბორჯომის რაიონის სოფელ ტბასთან მდებარე შ.პ.ს. ს.გ.წ.კ"-ს კუთვნილი წყლის წნევის მარეგულირებელი ნაგებობა გადაივსო ბუნებრივი ნარჩენებით, რამაც გამოიწვია წყლის გადმოდინება (მოწმე ზაზა ტოგონიძის ჩვენება).
5.2. 2018 წლის 20 ივნისს, შ.პ.ს. „ს.გ.წ.კ“-ს კუთვნილ წყალსადენზე, ბორჯომის სერვისცენტრის სამოქმედო ზონაში წყლის წნევის მარეგულირებელი ნაგებობიდან წყლის გადმოდინების შედეგად ლიანდაგზე მიწის მასის ჩამოშლის გამო შეფერხდა მოსარჩელის საქმიანობა 9 დღის განმავლობაში (შ.პ.ს. “ჯ.ბ.ბ”-ს 2018 წლის 05 ოქტომბრის №86 წერილი; მოსარჩელის ახსნა-განმარტება; მოწმეთა ჩვენებები).
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ შემდეგი სამართლებრივი შეფასება მისცა:
6.1. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე მითითებით განმარტა დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის აუცილებელი წინაპირობები. კერძოდ, ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, პალატამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით მიუთითა, რომ დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
6.2. სააპელაციო სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე შეფასებით, დადგენილად მიიჩნია, რომ ზიანი გამოწვეული იყო მოპასუხის ბრალით, კერძოდ, მის კუთვნილ წყალსადენზე დაფიქსირდა სასმელი წყლის წნევის მარეგულირებელი შენობის ზედმეტი წყლის გადამღვრელი ჭებიდან ფერდობზე გადმოსული წყლის ნაკადის გამო ფერდობის მასივის გაწყლოვანება და შვავის წარმოქმნა, რამაც გამოიწვია მატარებლის მოძრაობის შეფერხება 9 დღის განმავლობაში, რის შედეგადაც 9180 ლარის ზიანი მიადგა მოსარჩელე კომპანიას, ამასთან, მოსარჩელეს დასჭირდა როგორც გაწმენდითი სამუშაოები, ასევე, მუშახელისა და ტექნიკის დაქირავება, რამაც შეადგინა დამატებითი ხარჯი - 5035.64 ლარი და 500 ლარი.
6.3. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დათვალიერების შედეგად გამოტანილი 2018 წლის 13 ივლისის №004804418 დასკვნით დგინდება, რომ ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის ხაზის მე-8 კმ-ის მე-8 პიკეტიდან 45 მეტრში შვავის ძირითადი მიზეზია, მიმდინარე წლის 19 ივნისს, საღამოს 19 საათიდან, 20 ივნისის დილის 07 საათამდე სასმელი წყლის წნევის მარეგულირებელი შენობის ზედმეტი წყლის გადამღვრელი ჭებიდან ფერდობზე გადმოსული წყლის ნაკადი, რის გამოც ფერდობის მასივი გაწყლოვანდა და შვავი წარმოიქმნა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მითითებული ექსპერტიზის დასკვნით ნაწილზე, რომელიც კატეგორიული ხასიათისაა და მიუთითებს დაზიანებების გამომწვევ უშუალო მიზეზზე.
6.4. სასამართლომ შენიშნა, რომ მოპასუხეს, თავის მხრივ, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საპირწონედ რაიონულ სასამართლოში არ წარუდგენია დასკვნა, რითაც გამოირიცხებოდა მისი ბრალი ზიანში.
6.5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე, 105-ე, 102-ე და მე-4 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული გარემოების (მოპასუხის ქმედებით ზიანის მიყენების ფაქტი) დასადასტურებლად სასამართლოში წარადგინა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, მოპასუხე მხარემ კი, სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეძლო ამ დასკვნებით დადგენილი ფაქტების უარყოფა.
6.6. სასამართლომ არ გაზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ მითითებულ პერიოდში არ ვლინდებოდა ქ.ბორჯომის წყლით მომარაგების შეფერხება, მიწის ჩამოშლის მიზეზი იყო საორიენტაციო პერიოდში მოსული უხვი ნალექი და მიუთითა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შემდეგ ინფორმაციაზე: ს.ს.ი.პ. გარემოს ეროვნული სააგენტოს 29.06.2018 წლის ინფორმაციის თანახმად, ბორჯომის რაიონის სოფელ ტბიდან უახლოესი - ქ. ბორჯომის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2018 წლის 18-20 ივნისს იყო უნალექო ამინდი. ამდენად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ეწინააღმდეგებოდა ამ პერიოდში ნალექის არსებობის თაობაზე მოპასუხის პოზიციას, ხოლო იმ გარემოების დასადგენად, უფრო ადრე მოსული ნალექი გამოიწვევდა თუ არა მითითებულ ტერიტორიაზე მიწის ჩამოშლას, საჭირო იყო კომპეტენტური პირის ან ორგანოს მიერ გაცემული სათანადო მტკიცებულების წარდგენა, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია.
6.7. მოსარჩელე მხარისთვის მიყენებული ზიანის 14715.64 ლარით განსაზღვრასთან დაკავშირებით, პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხე მოთხოვნის ოდენობას პირველი ინსტანციის სასამართლოში არ შედავებია. მართალია, სააპელაციო საჩივარში მან სადავოდ გახადა დაკისრებული ზიანის ოდენობა და მიუთითა მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების არასარწმუნოობაზე, ამავდროულად, სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მოპასუხე არ ცნობდა სარჩელს, თუმცა სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულ გარემოებაზე მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, მოპასუხის რაიმე არგუმენტირებული მოსაზრება შესაგებელში არ დაუფიქსირებია, არამედ, შემოიფარგლა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ ინფორმირებული არ იყო. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაგებელი ზიანის ოდენობის ნაწილში არ იყო დასაბუთებული, რის გამოც, ზიანის კონკრეტულ ოდენობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები, საპატიო მიზეზის არარსებობის პირობებში, ვერ იქნებოდა მიღებული და მათზე პალატა ვერ იმსჯელებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219.1 და 380.2 მუხლების შესაბამისად.
6.8. პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარეს ზიანის ოდენობის უზუსტობის, სხვა ოდენობით გამოთვლის ან/და სხვა სახის გამაბათილებელი მტკიცებულება არ წარუდგენია. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დაანგარიშებული ზიანის ოდენობა კი, საქმეში არსებული სხვა სახის მტკიცებულებით გაქარწყლებული არ იყო, შესაბამისად, პალატამ გაიზიარა და დაეთანხმა დაკისრებული ზიანის ოდენობას.
6.9. პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მხარემ არაერთი წერილით მიმართა მოპასუხის დირექტორ კობა ლაცაბიძეს და აცნობა ფაქტის თაობაზე, რაზედაც, საპასუხო წერილი, თუნდაც მისი ბრალის გამომრიცხველი, არ მიუღია, კერძოდ: ა) 20.06.2018 წლის წერილით დასტურდება, რომ 2018 წლის 20 ივნისს დაზიანდა და ამოივსო მოპასუხის მილსადენი (ბორჯომიდან სოფ.დაბამდე მონაკვეთში), რომელიც დაერთებულია სოფ.ტბის აუზზე და ამის გამო მთელი ღამის განმავლობაში გადმოედინებოდა წყალი ფერდობზე, ამან გამოიწვია მიწის ქანების ჩამოშლა და ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის ხაზის პარალიზება, შესაბამისად, შეწყდა გზაზე მატარებლის მოძრაობა. მოსარჩელე მხარემ მოპასუხეს სთხოვა, სასწრაფოდ გაეწმინდათ თავიანთი მიზეზით გამოწვეული მეწყრის სახით ჩამოსული მიწის მასებისგან ფერდობი და ლიანდაგი, რათა ხანგრძლივი დროით არ გაგრძელებულიყო მატარებლის მსვლელობის პარალიზება, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა როგორც კომპანიას, ასევე აფერხებდა მგზავრთა გადაადგილებას; ბ) 2018 წლის 25 ივნისის წერილით მოსარჩელე მხარემ შ.პ.ს. „ს.გ.წ.კ"-ს დირექტორს აცნობა მათ კუთვნილ წყალსადენზე, ბორჯომის სერვისცენტრის სამოქმედო ზონაში, ავარიის თაობაზე და იქ არსებული მდგომარეობის შესახებ და სთხოვა, დაუყოვნებლივ მიეღოთ შესაბამისი ზომები; გ) 2018 წლის 05 ოქტომბრის №86 წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ 2018 წლის 20 ივნისს შ.პ.ს. „ს.გ.წ.კ“-ს კუთვნილ წყალსადენზე, ბორჯომის სერვისცენტრის სამოქმედო ზონაში, დაფიქსირებული წყლის წნევის მარეგულირებელი ნაგებობიდან წყლის გადმოდინების შედეგად ლიანდაგზე მიწის მასის ჩამოშლის გამო შეფერხდა მოსარჩელის საქმიანობა 9 დღის განმავლობაში, ასევე, მოსარჩელემ საკუთარი სახსრებით შეასრულა ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოები, ზიანის საერთო ოდენობამ შეადგინა 14 715.64 ლარი.
6.10. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ, მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო თავისი პოზიციის დადასტურება.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
7.1. კასატორის აზრით, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობის დადასტურება ამავე კოდექსის 102-მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით. მოსარჩელემ ვერ წარადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მას ზიანი ნამდვილად მიადგა და ეს თანხა ნამდვილად გაიღო. კასატორის აზრით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა იმდენად ზედაპირული და ბუნდოვანია, რომ მისი უტყუარ მტკიცებულებად გამოყენება შეუძლებელია. ის დაუსაბუთებელია და არ ქმნის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ურყევ რწმენას. კასატორის აზრით, დასკვნა შედგენილია საკითხში ნაკლებად გარკვეული პირის მიერ. ამის თაობაზე ის ქვემდგომ ინსტანციებშიც უთითებდა.
7.2. კასატორი არ ეთანხმება, საქართველოს სამოქალაქო კოდექის 411-ე მუხლზე დაყრნობით, მისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით, მატარებლის მოცდენის გამო, 9180 ლარის დაკისრებას და აღნიშნავს, რომ შემოსავლის მიუღებლად მისაჩნევად, პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ვლინდებოდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. მოვლენები, მოქმედება და დამდგარი შედეგი ერთმანეთს ლოგიკურად ისე უნდა ებმოდეს, რომ შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველი არ იქმნებოდეს. მოსარჩელემ იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარადგინოს, რომელიც შექმნის ობიექტურ, რეალურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით და არა ვარაუდს, ალბათობას შემოსავლის მიღების თობაზე, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექის 411-ე მუხლი მხოლოდ იმ შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ობიექტური მოცემულობითაა ნაკარნახევი და არა კრედიტორის სუბიექტური შეფასებით. განსახილველ შემთხვევაში კი, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2022 წლის 15 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად და დადგინდა მისი განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, რის გამოც დაკმაყოფილებას ექვემდებარება ნაწილობრივ, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნები სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ გასაზიარებელია.
11. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები წარმოადგენს.
12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი) (იხ. სუსგ. №ას-769-737-2016; 20.06.2018წ.; სუსგ №ას-176-163-2015, 04.10.2016წ.; სუსგ Nას-1426-2018; 11.04.2019წ.). მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული მოქმედების უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ კონსტრუქციას, მათგან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
13. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების მისთვის დამახასიათებელ წესს: დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის (პირის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების) არსებობის ფაქტი, ასევე - მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს თავის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომლის არსებობის ფაქტი მოსარჩელისაგან დადასტურებულია (იხ. სუსგ. №ას-96-2021, 21.06.2022წ.; №ას-992-2020, 29.09.2021წ.). ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ის არ უნდა ატარებდეს მოვალის მიმართ სადამსჯელო ხასიათს და არ უნდა წარმოადგენდეს საჯარიმო სანქციას, რამეთუ ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის არსი მდგომარეობს კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაში და არა მოვალის დასჯაში. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესთა წონასწორობის აღდგენაზე (იხ. სუსგ. №ას-1376-2019, 13.12.2019წ.; №ას-917-2021, 27.10.2021წ.).
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება (იხ. სუსგ №ას-475-2019, 15.04.2021წ.; №ას-1065-2020, 08.04.2021წ.; №ას-338-2019, 22.03.2021წ.; №ას-1433-2021, 06.08.2021წ.; №ას-754-2021, 02.12.2021წ.; №ას-524-2021, 08.12.2021წ.).
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო მესამე ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
17. განსახილველ შემთხვევაში სადავოა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მიადგა თუ არა მოსარჩელეს ზიანი და თუ კი, რა ოდენობით.
18. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზიანი გამოწვეული იყო მოპასუხის ბრალით. აღნიშნულს ადასტურებდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა. მოპასუხეს კი, თავის მხრივ, არ წარმოუდგენია ამ მტკიცებულების საპირწონე დასკვნა, რითაც გამოირიცხებოდა მისი ბრალი ზიანის დადგომაში. საგულისხმოა, რომ მოპასუხის შედავებას უხვი ნალექის არსებობაზე (რაც გამორიცხავდა მის ბრალს), გამორიცხავდა 2018 წლის 18-20 ივნისს უნალექო ამინდის შესახებ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, ხოლო უფრო ადრეულ პერიოდში ნალექის ოდენობა გამოიწვევდა თუ არა მითითებულ ტერიტორიაზე მიწის ჩამოშლას, მოპასუხეს ამ მიმართულებით მტკიცებითი საქმიანობა არ განუხორციელებია.
19. ამრიგად, საქმეში დაცულ ექსპერტიზის დასკვნაზე დაფუძნებით პალატას დადასტურებულად მიაჩნია მართლსაწინააღმდეგო ქმედების, სახელდობრ, ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის ხაზის მე-8 კმ-ის მე-8 პიკეტიდან 45 მეტრში 19 ივნისს, საღამოს 19 საათიდან, 20 ივნისის დილის 07 საათამდე, სასმელი წყლის წნევის მარეგულირებელი შენობის ზედმეტი წყლის გადამღვრელი ჭებიდან ფერდობზე წყლის ნაკადის გადმოდინების ფაქტი; შვავის წარმოქმნასა და წყლის გადმოდინებას შორის მიზეზობრივ კავშირზე კატეგორიულად მიუთითებს საქმეში დაცული, მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილი და მოპასუხის მხრიდან გაუქარწყლებელი ექსპერტიზის დასკვნა. საგულისხმოა, რომ საქმეში მოპასუხის ბრალეულობის გამომრიცხველი მტკიცებულება დაცული არ არის; უდავო გარემოებაა, რომ ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის ხაზის მე-8 კმ-ის მე-8 პიკეტიდან 45 მეტრში მდებარე წყალსადენი შ.პ.ს. „ს.გ.წ.კ–ია“-ს ეკუთვნის, შესაბამისად, მასზე ზრუნვისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის მოვალეობაც წყალმომარაგების კომპანიის ვალდებულებათა რიგს განეკუთვნება. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმის, ზაზა ტოგონიძის ჩვენებით დგინდება, რომ წყლის წნევის მარეგულირებელი ნაგებობიდან წყლის გადმოდინება გამოიწვია ამავე ნაგებობის ბუნებრივი ნარჩენებით გადავსებამ. ხსენებული განმარტება მიუთითებს მოპასუხის ბრალეულობაზე, სახელდობრ, მის გაუფრთხილებლობაზე, რაც გამოიხატა კუთვნილი ნაგებობის უსაფრთხო ექსპლუატაციის მიზნით, მისდამი სამოქალაქო ბრუნვისთვის დამახასიათებელი ყურადღებიანობის გამოუჩენლობაში, რაც, კონკრეტულ შემთხვევაში, ნაგებობის ნარჩენებისგან დროულ გაუწმენდაობაში გამოვლინდა.
20. ვინაიდან ზიანის ოთხივე ელემენტი კუმულატიურად დადასტურებულია, შემდეგ ეტაპზე კვლევის საგანს წარმოადგენს ზიანის ოდენობა, რაც, როგორც აღინიშნა, ერთმნიშვნელოვნად მოსარჩელის (დაზარალებულის) მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა. საკასაციო პალატა არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, თითქოს შესაგებელი არ შეიცავდა ზიანის ოდენობაზე პრეტენზიას. პალატა ყურადღებას მიაპყრობს შესაგებლის შინაარსს, რომელშიც, ზიანის მიმყენებელი უარყოფდა როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ისე დამდგარ ზიანში საკუთარ ბრალს, რაც შეეხება მოსარჩელის მხრიდან შემოთავაზებულ კონკრეტულ კალკულაციას, ხსენებულ თანხებთან მიმართებით მიუთითებდა, რომ ვინაიდან ზიანის დადგომაში მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ბრალი არ ვლინდებოდა, ინფორმირებული არც კონკრეტულ ციფრებთან მიმართებით იყო.
21. პალატის შეფასებით, შედავება საზიანო ქმედების, ბრალისა და მიზეზობრივი კავშირის კომპონენტებთან მიმართებით, საკუთარ თავში ზიანის ოდენობის გაპროტესტებასაც მოიცავს. შესაბამისად, ზიანის სავარაუდო მიმყენებლის პრეტენზია, რომ არ ეთანხმება ზიანის დადგომაში მის მონაწილეობას, დაზარალებულის მხარეს ანარჩუნებს ზიანის ფაქტის, მისი ოდენობის, მართსაწინააღმდეგო ქმედებისა და მიზეზობრივი კავშირის სარწმუნოდ მტკიცების მოვალეობას. რომელიმე მათგანის არასათანადოდ დადასტურება სარჩელის წარუმატებლობის პროცესუალურ შედეგს განაპირობებს.
23. პალატა შენიშნავს, რომ ზიანის საერთო ოდენობად მოსარჩელე მიიჩნევდა 14715.65 ლარს. ხსენებული თანხა, სარჩელის თანახმად, გაანგარიშდა შემდეგი სამი ფაქტორის გათვალისწინებით:
1. ლიანდაგის დაზიანების გამო ორი მატარებელი მოცდა 9 დღის განმავლობაში, რამაც 9180 ლარის დანაკარგი გამოიწვია;
2. გაწმენდითი სამუშაოების საწარმოებლად შ.პ.ს. „ჯ.ბ.ბ–მა“ საკუთარი თანამშრომლები მათივე სამუშაოს შესრულებიდან მოხსნა და შემთხვევის ადგილზე გადმოიყვანა 9 დღით, რა პერიოდშიც მათზე გაცემულმა სახელფასო ანაზღაურებამ 5035.64 ლარი შეადგინა;
3. ობიექტზე 1 სრული დღის განმავლობაში იმუშავა დაქირავებულმა ექსკავატორმა, რისთვისაც მოსარჩელემ გასწია 500 ლარი მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად.
24.1. პალატის განსჯით, 9180 ლარის დანაკარგზე მითითება, სამართლებრივი მნიშვნელობით, მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავალი, თავისი ბუნებით, გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც სუბიექტმა განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, რომ არა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ. №ას-307-291-2011, 24.10.2011წ.).
24.2. პალატის განსჯით, საქმეზე ვერ დადგინდა 9180 ლარის, როგორც მატარებლების მოცდენით გამოწვეული დანაკარგის, არსებობა. მტკიცების მიღმაა დარჩენილი ის გარემოება, დაგეგმილი მარშრუტის შესრულების პირობებში შეძლებდა თუ არა მოსარჩელე 9180 ლარის ოდენობის სარგებლის დანამდვილებით მიღებას. სასამართლოში არ წარდგენილა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოცდენილ მარშრუტებზე გაყიდული იყო სწორედ დასახელებული ღირებულების ბილეთები, რაც სარგებლის მიღების გარდაუვალობის დასკვნისთვის გამოდგებოდა. დაგეგმილი მარშრუტის შესრულება, სათანადო რაოდენობის მგზავრების არარსებობისას, სუბიექტისათვის ზარალის მომტანიც შეიძლება, გამოდგეს, შესაბამისად, ცალკე აღებული, რეისის შეუსრულებლობა, გარდაუვალი სარგებლის მიღების ვარაუდს არ აფუძნებს.
25. სასამართლოსთვის არასარწმუნოა 5035.64 ლარის ოდენობით გაწმენდით სამუშაოებზე გაღებული სახელფასო ხარჯის ზიანად კვალიფიკაციის საკითხიც. უპირველესად, პალატა შენიშნავს, რომ 2018 წლის წლის 05 ოქტომბერს მოპასუხის დირექტორის მიმართ მიწერილი წერილი, სადაც წარმოდგენილია ზიანის ოდენობის ხარჯთაღრიცხვა, ზიანის რეალურად არსებობის მტკიცებულებას არ წარმოადგენს. საქმეში გზის ოსტატის, სალიანდაგო ბრიგადირის. ლიანდაგის მონიტორის, ენკ-ის რაიონის უფროსის, ენკ-ის უფრო მექანიკოსის, ენკ-ის ელ.მონიტორის, ელმავალის მემანქანისა და მისი თანაშემწისთვის ანაზღაურების სრულად გაღების დამადასტურებელი დოკუმენტი არ მოიპოვება. ამავდროულად, ხსენებული ხარჯი რეალურად გაღებულადაც რომ იქნეს მიჩნეული, სასამართლო შენიშნავს, რომ ხსენებულ პირთათვის ანაზღაურების გაცემის მოვალეობა შ.პ.ს. „ჯ.ბ.ბ–ს“ გააჩნდა იმის მიუხედავად, დადგებოდა თუ არა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, სახელდობრ, როგორც სარჩელით, ისე 2018 წლის 05 ოქტომბრის წერილით დგინდება, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პირები მოსარჩელესთან დასაქმებული თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც, არა საგულდაგულოდ 2018 წლის 19-20 ივნისის მოვლენების სალიკვიდაციოდ დაიქირავეს, არამედ ისინი მოსარჩელესთან ისედაც საქმიანობდნენ, ხოლო შემთხვევის დადგომისას, მოსარჩელემ ისინი მოხსნა თავიანთი სამუშაოს შესრულებიდან და გადაიყვანა შემთხვევის ადგილზე. ლოგიკურია, შემთხვევის არარსებობის პირობებშიც, მოსარჩელეს, როგორც დამსაქმებელს, საკუთარ დასაქმებულებთან სახელფასო ანაზღაურების გადახდის მოვალეობა ექნებოდა, ამასთან, არ დგინდება, რომ ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო უბნის მე-8 კილომეტრის მე-8 პიკეტზე მუშაობისას ხსენებულ თანამშრომლებს სახელფასო ანაღაურება ზეგანაკვეთურად მიეცათ. ამდენად, 5035.64 ლარის ოდენობით გაცემულ ხელფასს საკასაციო პალატა ზიანად ვერ მიიჩნევს.
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების ფარგლებში, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საექსკავაციო სამუშაოების შესრულების მიზნით 500 ლარის ოდენობის ხარჯის გაღების ფაქტს. საქმეში დაცულია 26.06.2018 წლით დათარიღებული, შ.პ.ს. „ჯ.ბ.ბ–სა“ და ფიზიკურ პირ დ.ა–ს შორის დადებული, ხელშეკრულება, რომლითაც ფიზიკურმა პირმა იკისრა ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო უბნის მე-8 კილომეტრის მე-8 პიკეტზე ჩამოწოლილი მასისგან გზის გათავისუფლების მოვალეობა დღეში 500 ლარის საზღაურის სანაცვლოდ (ს.ფ. 46-48). საქმეში დაცულია იმავე პირებს შორის 28.06.2018 წელს შემდგარი მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დადასტურებულია, რომ ფიზიკურმა პირმა განახორციელა შეთანხმებული სამუშაო ერთი დღის განმავლობაში (ს.ფ. 49). რომ არა სასმელი წყლის წნევის მარეგულირებელი შენობის ზედმეტი წყლის გადამღვრელი ჭებიდან ფერდობზე წყლის ნაკადის გადმოსვლით ფერდობის მასივი გაწყლოვანებისა და შვავის წარმოქმნის ფაქტი, ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო უბნის მე-8 კილომეტრის მე-8 პიკეტზე ჩამოწოლილი მასისგან გზის გათავისუფლების სამუშაოების წარმოების საჭიროება არ იარსებებდა. ამრიგად, ხსენებული 500 ლარი წარმოადგენს ზიანს, რომლის ანაზღაურებაზეც პასუხისმგებელია მოპასუხე.
27. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინების შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ასანაზღაურებლად 500 ლარის გადახდა დაეკისრება.
28. გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც ამ განჩინების გაუქმების საფუძველია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, რომლითაც აუქმებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ოქტომბრის განჩინებას და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელს 500 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში აკმაყოფილებს.
სასამართლო ხარჯები:
29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
30. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მხარეებს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად უნდა დაეკისროთ, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 100 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გაღებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის _ 1278.76 ლარის გადახდა ეკისრება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 53-ე, 394-ე, 407-ე ,408-ე, 409-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ.პ.ს. "ს.გ.წ.კ"-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. შ.პ.ს. ,,ჯ.ბ.ბ"-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
4. შ.პ.ს. "ს.გ.წ.კ"-ს შ.პ.ს. "ჯ.ბ.ბ"-ს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
5. შ.პ.ს. „ს.გ.წ.კ"-ს შ.პ.ს. "ჯ.ბ.ბ"-ს სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
6. შ.პ.ს. "ჯ.ბ.ბ"-ს შ.პ.ს. "ს.გ.წ.კ"-ს სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გაღებული სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდა _ 1278 (ათასორას სამოცდათვრამეტი) ლარის და 76 (სამოცდათექვსმეტი) თეთრის ოდენობით.
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი