10 დეკემბერი 2025 წელი №ას-1330-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ს.ს. „ს.კ.უ–ი“
მოწინააღმდეგე მხარეები - ს.ს.ი.პ. გარემოს ეროვნული სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ს.ს.ი.პ. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ს.ს. სადაზღვევო კომპანია ,,უ“-ს მიმართ სადაზღვევო ანაზღაურების - 2 851.26 ლარის და ექსპერტიზის მომსახურების ხარჯის - 400 ლარის დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის - 2851.26 ლარის და ექსპერტიზის ხარჯის - 400.00 ლარის ანაზღაურება. გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას:
5.1. სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, მხარეებს შორის 2020 წლის 29 დეკემბერს გაფორმდა სადაზღვევო მომსახურების CT-122901 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს და ძირითად პირობებს წარმოადგენდა მიმწოდებლის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის (თანდართული დაზღვევის პირობების 1-ელი და მე-2 დანართების შესაბამისად) მომსახურების გაწევა (CPV კოდი: 66500000; 66514110) - ს.ს.ი.პ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ.გვერზე გამოქვეყნებული CON200000302 სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებებითა და ტარიფებით. სადაზღვევო შედეგის დადგომის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებული იყო, უზრუნველეყო სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული შედეგის აღმოფხვრა, დაზიანებული ავტომობილის განსაზღვრული ვადის დაცვით აღდგენა.
5.2. ს.ს.ი.პ. გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2021 წლის 27 დეკემბრის N562/მ ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტომობილი ,,MITSUBISHI L200", სახელმწიფო ნომრით ,,........", მივლინებული იქნა შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მხარეში საცხოვრებელი სახლებისა და მიმდებარე ტერიტორიების გეოლოგიური შეფასების მიზნით, რა დროსაც გომი-საჩხერის საავტომობილო გზის მე-6 კილომეტრზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. კერძოდ, საჩხერის მიმართულებით მოძრავი ხსენებული ავტომანქანის მძღოლმა, გ.კ–ამ, ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, გასწრების მიზნით, გადავიდა გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს და შეეჯახა ხაშურის მიმართულებით მოძრავ ა/მანქანა „ფოლკსვაგენს,, სახ. ნომრით ......, რომელსაც მართავდა ვ.მ–ძე. შეჯახების შედეგად, სხეულის დაზიანება არავის მიუღია. ა/მანქანას MITSUBISHI დაუზიანდა წინა მარცხენა ფრთა, წინა მარცხენა საბურავი, წინა მარცხენა კარი, მარცხენა უკანა ხედვის სარკე, წინა მარცხენა მაშუქი ფარი, წინა ბამპერი და ძრავის სახურავი, ხოლო ა/მანქანა „ფოლკსვაგენს,, - წინა საქარე მინა, ძრავის სახურავი, წინა ბამპერი, წინა მარცხენა ფრთა, წინა მარცხენა კარი, წინა მარცხენა მაშუქი ფარი და წინა მარცხენა საბურავი. მძღოლები შემოწმდნენ ალკოტესტზე, იმყოფებოდნენ ფხიზელ მდგომარეობაში. გ.კ–ა დაჯარიმდა 250 ლარით, საქართველოს ასკ-ის 125-0-0 მუხლის შესაბამისად.
5.3. 2022 წლის 18 იანვრის წერილით, მოპასუხე სადაზღვევო კომპანიამ მოსარჩელეს აცნობა შემდეგი: ვინაიდან საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილ სამართალდარღვევათა ოქმში მითითებულია, რომ მძღოლმა - გ.კ–ამ ავტომანქანის MITSUBISHI L 200, სახელმწიფო ნომრით ........, მართვისას ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, გადავიდა გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს და შეეჯახა ხაშურის მიმართულებით მოძრავ ფოლკსვაგენის მარკის ავტომობილს და აღნიშნულ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევაზე შედგენილი იქნა საჯარიმო ქვითარი NES353400, რომლის მიხედვით, დადგინდა და დადასტურდა, რომ მძღოლმა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6, 6.2 და მე-7, მე-8 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან, სადაზღვევო კომპანიამ გადაწყვიტა, რომ გამოვლინდა უხეში გაუფრთხილებლობა და უარი განაცხადა ზარალის ანაზღაურებაზე.
5.4. ს.ს.ი.პ. გარემოს ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 3 თებერვლის N21/287 წერილით, მოპასუხეს ეთხოვა განემარტა თუ რა კრიტერიუმებისა და უფლებამოსილების ფარგლებში მიანიჭეს ავტოსაგზაო შემთხვევას „უხეში გაუფრთხილებლობის" კვალიფიკაცია და, ამასთანავე, ეთხოვა დამდგარი ზიანის ანაზღაურება, თუმცა სადაზღვევო კომპანიის მიერ სააგენტოს კვლავ უარი ეთქვა ზარალის ანაზღაურებაზე.
5.5. დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეკეთდა ს.ს.ი.პ. გარემოს ეროვნული სააგენტოს სახსრებით, რომლის ღირებულებამ 2 851.26 ლარი შეადგინა.
5.6. მოპასუხის დაკვეთით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მძღოლს არ ჰქონდა მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოება, ხილვადობა იყო საკმარისი უსაფრთხო გადაადგილებისთვის, სწორად უნდა განესაზღვრა თანმხვედრ და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილებთან არსებული დისტანცია, შეერჩია უსაფრთხო მოძრაობისთვის საჭირო სიჩქარე, სწორად შეესრულებინა გასწრების მანევრი, მაგრამ ავტომობილის მართვისას, მან გამოიჩინა გაუფრთხილებლობა, მეტისმეტი დაუდევრობა, არ დაიცვა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნები, გადავიდა საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარეს და მოახდინა შეჯახება საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომანქანასთან, ამასთან საფრთხე შეუქმნა საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს. მძღოლმა დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის სხვადასხვა მუხლები, პუნქტები და ქვეპუნქტები.
5.7. მოსარჩელის დაკვეთით ჩატარებული ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 23.06.2023 წ. დასკვნის მიხედვით, მოცემულ საგზაო-სიტუაციაში მონაწილე ავტომობილის „MITSUBISHI L200“ (სახ. ნომრით .........) მძღოლი - გ.კ–ა ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების უგულებელყოფა არ აღინიშნება. კონკრეტულ შემთხვევაში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულია (დაუდგენელი), სატვირთო ავტომობილის მძღოლის მოქმედებით, რომლის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-16 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.
5.8. სააპელაციო სასამართლომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799.1 და 820-ე მუხლები მიუთითა და განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო პალატის მიერ შესაფასებელი იყო, ეკისრებოდა თუ არა დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადაზღვევო კომპანიას დამზღვევის ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა შეფასებულიყო უფლებამოსილი მძღოლის, გ.კ–ას ბრალეულობის ხარისხი (უხეში თუ მარტივი გაუფრთხილებლობა) და ამის კვალობაზე დადგენილიყო, არსებობდა თუ არა მოპასუხის ზიანის ანაზღაურებისაგან გათავისუფლების სახელშეკრულებო ან კანონისმიერი (სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი) საფუძველი.
5.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სადაზღვევო შემთხვევის შეფასებისათვის, ანუ იმისათვის, რომ სადაზღვევო რისკი განხორციელებულად და შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევა დამდგარად ჩაითვალოს, უნდა დადგინდეს, ეს შემთხვევა ხომ არ წარმოადგენს ხელშეკრულებით შეთანხმებულ გამონაკლისს, რა დროსაც გამოირიცხება მისი სადაზღვევო შემთხვევად დაკვალიფიცირება და სადაზღვევო კომპანიის მხრიდან თანხის გადახდის სამართლებრივი საფუძველი.
5.10. სააპელაციო პალატამ უპირველესად მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსში დაზღვევის სამართლის მომწესრიგებელი ნორმები, ამ თავში გაწერილი თავისებურების გათვალისწინებით, არა იზოლირებულად არამედ - სამოქალაქო კოდექსის ზოგად დებულებებში მითითებულ ნორმებთან ერთობლივად მოქმედებს. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის დეფინიცია ნათლად განმარტავს, რომ მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ სადაზღვევო ხელშეკრულება სწორედ იმ სპეციფიკის გათვალისწინებით უნდა განიმარტოს, რაც ამ ინდუსტრიას ახასიათებს (დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შესაბამისად, სადაზღვევო პოლისის პირობების შედგენა, რაც მეტია დაზღვეული რისკი - იზრდება სადაზღვევო შენატანის ოდენობაც...). მზღვევლის ანაზღაურების ვალდებულების განსასაზღვრად ამოსავალია დაზღვევის ხელშეკრულება, ხოლო, ისეთ დროს, როდესაც მხარეები სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლში მითითებულ რომელიმე გარემოებაზე არ თანხმდებიან, მოქმედებას იწყებს აღნიშნული ნორმა და მხარეთათვის მბოჭავი ხდება.
5.11. საქმის მასალებით დადგენილი იქნა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის საფუძველზე, დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი. შესაბამისად, მოცემულ სამართალურთიერთობაში მხარეთა ორმხრივი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრა ხელშეკრულებით, რომელთა შორისაა ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეთანხმება, საგამონაკლისო დათქმების გათვალისწინებით.
5.12. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილეა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობებსა და სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის მოთხოვნებზე და განმარტა, რომ ხელშეკრულების მიხედვით, მხარეებმა შეათანხმეს ის სტანდარტული საგამონაკლისო შემთხვევები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, სადაზღვევო ანაზღაურების შესაძლებლობა გამოირიცხებოდა. მათ შორის, ხელშეკრულების მე-2 მუხლის (საერთო გამონაკლისები) „ო“ პუნქტით განისაზღვრა, რომ მზღვეველი თავისუფლდებოდა მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა დადგებოდა უხეში გაუფრთხილებლობით.
5.13. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეებმა, ერთი მხრივ, სახელშეკრულებო პირობით, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში კანონზე მითითებით (სასამართლოს შეფასებით, ასეთი მითითების მიუხედავად, სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის დანაწესი წინამდებარე შემთხვევაში, მაინც ვარგისი იქნებოდა სადავო საკითხის მოსაწესრიგებლად) გამორიცხეს მზღვევლის ვალდებულება ისეთი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, როდესაც შედეგი გამოწვეული იქნებოდა დაზღვეულის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით (სუსგ #ას-566-566-2018, 13.07.18 წ.).
5.14. მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების შესახებ სადაზღვევო კომპანიის უარი დაემყარა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ სატრანსპორტო საშუალების დაზიანება გამოწვეული იყო მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით, რაც ხელშეკრულების მე-2 მუხლის („საერთო გამონაკლისები“) „ო“ პუნქტისა და სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველს ათავისუფლებდა პასუხისმგებლობისაგან. სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასკვნებს მოპასუხის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლების არსებობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ წინამდებარე საქმეში ვლინდებოდა მძღოლის მარტივი და არა უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევა.
5.15. სააპელაციო პალატამ უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის, როგორც სამართლებრივად სანქცირებული ქმედებების შესახებ, განმარტა, რომ „სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით“ (საქმე № ას-745-713-2014 ). ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციისას გამოვლენილი უხეში და მარტივ გაუფრთხილებლობის გამიჯვნის თაობაზე საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ: „გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა“ (საქმე #ას-1306-1226-2015).
5.16. ამგვარად, პალატის განსჯით, უხეში გაუფრთხილებლობის არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა; უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით, მაგალითად: მოძრაობს არაფხიზელ მდგომარეობაში, გადაჭარბებული სიჩქარით, გადაკვეთს შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფ უწყვეტ ღერძულა ხაზს და იმოძრავებს მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით, მკვეთრად არღვევს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს და თავისი მოქმედებით აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნებს არ ემორჩილება უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. ხოლო თუ დადგინდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას, უხეშად არ დაურღვევია საგზაო მოძრაობის წესები, მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს უხეშ გაუფრთხილებლობად.
5.17. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით, ცნობილი იქნა მოსარჩელე. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა დამზღვევის უფლებამოსილი მძღოლის ბრალეულობა, სადავო იყო მძღოლის ბრალეულობის ხარისხი. ასევე, დადგენილი იქნა, რომ როგორც შემთხვევის ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის წარმომადგელისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში, ასევე, სადაზღვევო კომპანიისთვის წარდგენილ განაცხადში მოსარჩელემ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზად მიუთითა ის გარემოება, რომ გომი-საჩხერის საავტომობილო გზაზე მოძრაობის პერიოდში მის წინ მიმავალ ავტომობილზე გასწრების დროს აღნიშნულმა ავტომობილმა მოუმატა სიჩქარეს, ხოლო მარცხენა მხარეს არსებული თოვლის წინაღობის გამო ვერ გადავიდა გზიდან, ამდენად გარდაუვალი იყო საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებაზე შეჯახება.
5.18. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მოსარჩელის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობის გამოვლენის თაობაზე, დაემყარა ავტოსაგზაო შემთხვევაზე ს.ს.ი.პ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ შედგენილ საჯარიმო ქვითარს, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე სამართალდამრღვევად ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.0.0 მუხლის საფუძველზე და დაჯარიმდა 250 ლარით. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტი მძღოლის გაუფრთხილებლობის ხარისხს ვერ ადასტურებდა.
5.19. სააპელაციო პალატამ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, დაასკვნა, რომ სადავო შემთხვევაში, უხეში გაუფრთხილებლობის შემადგენლობა არ იკვეთებოდა. პალატის მითითებით, მძღოლები შემოწმდნენ ალკოტესტზეც და იმყოფებოდნენ ფხიზელ მდგომარეობაში.
5.20. საქმეში წარმოდგენილი იქნა ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი დასკვნის თანახმად, Mitsubishi L200 სახ. # .......-ის მძღოლი გ.კ–ა ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების უგულებელყოფა არ აღინიშნება. მოცემულ შემთხვევაში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულია (დაუდგენელი) სატვირთო ავტომობილის მძღოლის მოქმედებით, რომლის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-16 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის პირობებში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა.
5.21. პალატამ მიიჩნია, რომ გასწრების მანევრის ამ პირობებში შესრულებისას, შემხვედრ ავტომანქანაზე შეჯახება არ უნდა შეფასებულიყო უხეშ გაუფრთხილებლობად, ვინაიდან მითითებული გარემოებები არ ქმნიდა იმგვარი დასკვნის საფუძველს, რომ მძღოლმა გამოავლინა მეტისმეტი დაუდევრობა, ან არ გამოიჩინა აუცილებელი ყურადღებიანობა უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. აქედან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანიას არ გააჩნდა, ხელშეკრულების საგამონაკლისო პირობების მე-2 მუხლის „ო“ პუნქტისა და სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლზე მითითებით, ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
5.22. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
5.24. ზიანის კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისას, სააპელაციო პალატა დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვას, რომელსაც მოპასუხე შესაგებლით დაეთანხმა და სადავოდ არ გაუხდია.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მძღოლის ბრალეულობის ხარისხი და შეცდომით მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევა მარტივი და არა უხეში გაუფრთხილებლობით იყო გამოწვეული, რაც ეწინააღმდეგება დაზღვევის ხელშეკრულების პირობებსა და სასამართლო პრაქტიკას.
6.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა და სათანადოდ არ გაითვალისწინა მოპასუხის დაკვეთით ჩატარებული ექსპერტიზა, რაც არსებითად გავლენას ახდენს მძღოლის ქმედებების სამართლებრივ შეფასებაზე.
6.3. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი და დაზღვევის სამართლისთვის დამახასიათებელი „causa proxima“-ს პრინციპი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
10. სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), ამავე კოდექსის 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 821-ე მუხლები (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში).
11. კასატორის ძირითადი პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა სადაზღვევო შემთხვევის დადგომაში.
12. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი.
სადაზღვევო რისკის რეალიზაციის უშუალო შედეგია სადაზღვევო შემთხვევა, რომლის დადგომაც უცნობ, არაპროგნოზირებად მოვლენას უკავშირდება. უცნობი შეიძლება იყოს, დადგება თუ არა სადაზღვევო შემთხვევა, ან როდის დადგება იგი (მოწონელიძე ნ., სუბროგაცია როგორც მზღვეველის მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2016, გვ.17).
13. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები ერთმანეთთან დაზღვევის სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. ასევე, დადგენილია, რომ გომი-საჩხერის საავტომობილო გზის მე-6 კილომეტრზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც დაზიანდა დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება.
14. მხარეთა შორის სადავოა შეფასება დაზღვეული ავტომობილის მძღოლი მოქმედებდა უხეში, თუ მარტივი გაუფრთხილებლობით.
15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ამდენად, განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მართებულად შეფასდეს მძღოლის ბრალეულობის ხარისხი. კერძოდ, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა უხეშ გაუფრთხილებლობას, თუ ვლინდება მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელი ნიშნები. აღნიშნული განაპირობებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
უმნიშვნელოვანესია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით გათვალისწინებული დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევის ვიწრო განმარტება, იმგვარად, რომ არ მოხდეს მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების არაკეთილსინდისიერი წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის სამართლებრივ დანიშნულებასა და მიზანს (ს.უ.ს.გ. Nას-1479-2019, 21.01.2020წ.).
16. სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (ს.უ.ს.გ. .Nას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.). უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (ს.უ.ს.გ. №ას-654-2019, 26.06.2020წ.). გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არდათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (ს.უ.ს.გ. Nას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.).
17. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2021 წლის 27 დეკემბერს, გომი-საჩხერის საავტომობილო გზის მე-6 კილომეტრზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება. შემთხვევის დროს დაზღვეული ავტომობილის მძღოლმა, გასწრების მანევრის შესრულებისას, ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, გადავიდა გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომობილს. შეჯახების შედეგად სხეულის დაზიანება არავის მიუღია. დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მძღოლი ავტომობილის მართვისას არ იმყოფებოდა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ. კასატორი, სადავო შემთხვევის შეფასებისას, ძირითადად აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მძღოლს არ ჰქონდა მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოება, ხილვადობა იყო საკმარისი და მას უნდა შეერჩია უსაფრთხო სიჩქარე/დისტანცია და სათანადოდ შეესრულებინა გასწრების მანევრი, ხოლო აღნიშნულის უგულებელყოფით გამოავლინა მეტისმეტი დაუდევრობა, რაც, კასატორის შეფასებით, უხეში გაუფრთხილებლობის ნიშნებს ქმნის.
18. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სადავო შემთხვევაზე უხეში გაუფრთხილებლობის შემადგენლობა არ იკვეთება. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 23.06.2023 წლის დასკვნის თანახმად, ,,Mitsubishi L200"-ის (სახ. №.......) მძღოლი ტექნიკური თვალსაზრისით საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების უგულებელყოფა არ აღინიშნება. ამასთან, დასკვნა მიუთითებს, რომ შემთხვევა განპირობებული იყო (დაუდგენელი) სატვირთო ავტომობილის მძღოლის მოქმედებით, რაც არ შეესაბამებოდა აღნიშნული კანონის 34-ე მუხლის მე-16 პუნქტის მოთხოვნებს. აღნიშნული დასკვნა, საქმის ფაქტობრივი გარემოებების კონტექსტში, არ იძლევა იმგვარი დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ მძღოლის ქცევა შეფასდეს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევად.
19. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ს.ს.ი.პ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ შედგენილი საჯარიმო ქვითარი (რომლის საფუძველზეც მძღოლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაჯარიმდა 250 ლარით) თავისთავად არ ადასტურებს მძღოლის გაუფრთხილებლობის ხარისხს, ვინაიდან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგენა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ქმედებაში უხეში გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელი ნიშნები იკვეთება; აღნიშნული შეფასება საჭიროებს საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივ და ლოგიკურ ანალიზს.
20. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მძღოლის ქმედებებს უკავშირებს დაუდევრობას/საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას და მიუთითებს უსაფრთხო მანევრირების ვალდებულებაზე, ვერ ცვლის ზემოაღნიშნულ სამართლებრივ შეფასებას. სახელდობრ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დასკვნა აღწერს, რა ქმედებები უნდა განეხორციელებინა მძღოლს უსაფრთხო მოძრაობისთვის, იგი ვერ ასაბუთებს იმ ხარისხის წინდახედელობის ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, რაც კონკრეტულად უხეში გაუფრთხილებლობის დასკვნისთვის არის აუცილებელი. მით უფრო, როდესაც საქმეში წარმოდგენილი ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 23.06.2023 წლის დასკვნა შემთხვევის თავიდან აცილების ტექნიკურ შეუძლებლობასა და სხვა ავტომობილის (სატვირთოს) ქმედებით განპირობებულ გარემოებაზე მიუთითებს. შესაბამისად, მოცემულ ფაქტობრივ კონტექსტში, გასწრების მანევრის შესრულებისას შემხვედრ ავტომანქანასთან შეჯახება, ვერ შეფასდება უხეშ გაუფრთხილებლობად.
21. საკასაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან საავტომობილო გზის კონკრეტულ მონაკვეთზე გასწრება აკრძალული არ იყო, არ დასტურდება დაზღვეული ავტომობილის მძღოლის მხრიდან სიჩქარის გადაჭარბება და იგი ავტომობილის მართვისას არ იმყოფებოდა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ, გასწრების მანევრის შესრულებისას შემხვედრ ავტომანქანასთან შეჯახება არ შეიძლება შეფასდეს უხეშ გაუფრთხილებლობად, მით უფრო, რომ საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, აღნიშნული შედეგი განაპირობა სატვირთო ავტომობილის მძღოლის არასწორმა მოქმედებამ.
22. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაზღვეული ავტომობილის მძღოლი მოქმედებდა მარტივი გაუფრთხილებლობით და ზიანი არ არის გამოწვეული მზღვევლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საგამონაკლისო შემთხვევით. კასატორს, აღნიშნულის საწინააღმდეგო, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), არ წარმოუდგენია, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
23. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ს. „ს.კ.უ–ი“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ს.ს. „ს.კ.უ–ი“-ს (ს/ნ ........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საკრედიტო საგადახდო დავალება № 6873, გადახდის თარიღი: 19.11.2025წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „ტერაბანკი“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი