საქმე№ა-6818-24
25 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
განმცხადებლის მოთხოვნა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აპრილის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 თებერვლის განაჩენით სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; რ.დ–ძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 38 893.35 ლარის გადახდა; ხოლო ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ - 160 968 ლარის გადახდა; უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა მსჯავრდებულისათვის 29 991 ლარის დაკისრებაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 თებერვლის განაჩენში ცვლილება შევიდა; სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით რ.დ–ძისათვის 29 991 ლარის დაკისრებაზე უსაფუძვლობის გამო უარის თქმის ნაწილში 28 015 ლარი ჩაითვალა „ლენდ-კრუიზერის“ ღირებულებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ივლისის განაჩენში სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით ცვლილება არ შესულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განაჩენი, მისი გამოცხადებისთანავე, კანონიერ ძალაში შევიდა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2006 წლის 20 დეკემბერს გასცა სააღსრულებო ფურცელი: კრედიტორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; მოვალე - რ.დ–ძე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება დაკმაყოფილდა, მოვალის გარდაცვალების გამო, რ.დ–ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი მეუღლე ც.ა–ძე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება დაკმაყოფილდა, გასწორდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აპრილის განჩინებაში დაშვებული უსწორობა და ამავე განჩინების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - ც.ა–ძე (რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დაბადებული 21.10.1964 წელს აჭარაში, რფ მოქალაქის პასპორტი 64 #3149279, გაცემული 30.12.2010 წ. მოქმედების ვადა 30.12.2015 წ., რეგისტრირებული მისამართზე: რუსეთის ფედერაცია, ქ. მოსკოვი, ........., ბინა 165) ცნობილი იქნა აწ გარდაცვლილი მოპასუხის რ.დ–ძის უფლებამონაცვლედ.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადებით მომართა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აპრილის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა ითხოვა, რადგან აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურომ 2024 წლის 29 ოქტომბრის წერილით თავდაცვის სამინისტროსაგან მოითხოვა ახალი სააღსრულებო ფურცლის წარდგენა, სადაც მოპასუხედ მითითებული იქნება რ.დ–ძის უფლებამონაცვლე ც.ა–ძე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აპრილის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.
"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მეორე მუხლის „ბ1“ პუნქტის თანახმად ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი შესაბამისი პირისათვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების შესახებ.„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადასცემს კრედიტორს და ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე.
საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით, ,,სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე“, განმარტავს, რომ საქმის განხილვისას, ისევე, როგორც მისი დასრულების შემდეგ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც დასაშვებია კანონით დადგენილ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის შეცვლა სხვა პირით. მოდავე მხარის ნაცვლად, მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს (იხ. სუსგ №ას-1089-2018, 24.12.2018 წ.).
"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 თებერვლის განაჩენით სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; რ.დ–ძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 38 893.35 ლარის გადახდა; ხოლო ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ - 160 968 ლარის გადახდა; უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა მსჯავრდებულისათვის 29 991 ლარის დაკისრებაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ივლისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 თებერვლის განაჩენში ცვლილება შევიდა; სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით რ.დ–ძისათვის 29 991 ლარის დაკისრებაზე უსაფუძვლობის გამო უარის თქმის ნაწილში 28 015 ლარი ჩაითვალა „ლენდ-კრუიზერის“ ღირებულებაში, ხოლო 38 893,35 ლარის დაკისრების ნაწილში დარჩა უცვლელად.ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ივლისის განაჩენში სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით ცვლილება არ შესულა.
საკასაციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2006 წლის 20 დეკემბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ 2006 წელს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30-43-ე მუხლების შესაბამისად, დანაშაულის შედეგად მიყენებული ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლო სამოქალაქო სარჩელსაც იხილავდა და შესაბამისად სააღსრულებო ფურცელსაც გასცემდა. ხოლო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2024 წლის განცხადების განხილვის დროს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით სამოქალაქო სარჩელის სისხლის სამართლის საქმის განმხილველ სასამართლოში წარდგენა არ ხდება(ცვლილება #1772-რს, 09.10.2009წ.), შესაბამისად, სამოქალაქო სარჩელის ნაწილში მიღებული განაჩენზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის საკითხი, უნდა გადაწყდეს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმებით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღსასრულებელი სამოქალაქო სარჩელის ნაწილში, გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო არის ბათუმის საქალაქო სასამართლო. (2006 წლის 10 თებერვლის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით).
განსახილველ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე (1/161, 2016 წელი) სააღსრულებო ფურცელი გაცემულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, 2006 წლის 20 დეკემბერს, სადაც შემაჯამებელი სახით, სამივე ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სარეზოლუციო ნაწილის საფუძველზე. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოქმედ საპროცესო კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, კონკრეტული ინსტანციის სასამართლოები სააღსრულებო ფურცელს გასცემენ იმ ნაწილში და იმ მოცულობით, რა ფარგლებში იცვლება ქვემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა, კვლავ მოიხმობს "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლს და განმარტავს, რომ მოვალის გარდაცვალების გამო, უფლებამონაცვლეობის დადგენის თაობაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მიმართა გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს-ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აპრილის განჩინებით დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება და რ.დ–ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი მეუღლე ც.ა–ძე;
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აპრილის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის (38 893.35 ლარის მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში) თაობაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას უნდა მიმართოს - ვინაიდან: 1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 თებერვლის განაჩენით სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; რ.დ–ძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 38 893.35 ლარის გადახდა; 2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება დაკმაყოფილდა, მოვალის გარდაცვალების გამო, რ.დ–ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი მეუღლე ც.ა–ძე; 3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება დაკმაყოფილდა, გასწორდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აპრილის განჩინებაში დაშვებული უსწორობა და ამავე განჩინების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - ც.ა–ძე (რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დაბადებული 21.10.1964 წელს აჭარაში, რფ მოქალაქის პასპორტი 64 #3149279, გაცემული 30.12.2010 წ. მოქმედების ვადა 30.12.2015 წ., რეგისტრირებული მისამართზე: რუსეთის ფედერაცია, ქ. მოსკოვი, რუბლიოვსკოეს გზატკეცილი, სახლი 34, ბინა 165) ცნობილი იქნა აწ გარდაცვლილი მოპასუხის რ.დ–ძის უფლებამონაცვლედ.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ განცხადების განსახილველად მიღების სპეციალურ წესს არ ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, შესაბამისად, საჭიროა საპროცესო ანალოგიის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი-ის მე-2 ნაწილი: თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). სსსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილისა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სსსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით მოსამართლის მიერ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა ხელს არ უშლის პირს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა მოტივირებულია იმით, რომ ეს სარჩელი ამ სასამართლოს განსჯადი არ არის, მოსამართლე ვალდებულია მიუთითოს თავის განჩინებაში, თუ რომელ სასამართლოს მიმართოს მოსარჩელემ. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი.
ზემოთ დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო არ არის განსჯადი წარმოდგენილი განცხადების განხილვაზე, რის გამოც განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად. ამასთანავე, პალატა განუმარტავს მხარეს, რომ მას უფლება აქვს ამავე მოთხოვნით მიმართოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე, 2671-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აპრილის განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი