Facebook Twitter

¹ბს-1159-1110(კ-07) 5 მარტი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 20 ივნისს გ. გ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ხელფასისა და სანივთე ქონების ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹..., ¹... სამხედრო ნაწილებში. 1999-2005 წლებში მიუღებელი დარჩა ხელფასი – 919,45 ლარი და ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონება – 759,15 ლარი, რის თაობაზეც მან არაერთხელ მიმართა მოპასუხე ორგანიზაციას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა სახელფასო და სანივთე კომპენსაციის სახით, სულ – 2263,60 ლარის ანაზღაურება.

მოპასუხე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით გ. გ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. გ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა - 2263,60 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ გ. გ.-ა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს. ამავე კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, ,,მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი)”, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.

სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ გ. გ.-ს მუშაობის პერიოდში არ მიუღია კუთვნილი სანივთე ქონება ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12.2 მუხლის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლეოდა ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კი გ. გ.-ს მიმართ გააჩნდა დავალიანება სანივთე კომპენსაციის სახით 931,68 ლარის ოდენობით, რაც სასამართლოს მითითებით ექვემდებარებოდა ანაზღაურებას.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ მოსარჩელე სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ იქნა 2005 წლის 22 სექტემბერს. მისი სამსახურიდან დათხოვნის დროს ,,საქართველოს თავდაცვის სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე მუხლის მოქმედება ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ფულადი სარგოების წელთა ნამსახურობის მიხედვით გაცემის თაობაზე შეჩერებული იყო ამავე ბრძანებულების 611-ე მუხლით 2006 წლის 1 იანვრამდე, მაშასადამე, ბრძანებულების 331-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება ერთჯერადი დახმარების მიღებაზე ვრცელდება მხოლოდ 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. საქალაქო სასამართლომ კი უკუძალა მისცა ზემოხსენებულ ნორმას, რითიც დაარღვია ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები.

Aაპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ უკანონოდ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა სანივთე ქონების კომპენსაციის ნაწილში და არასწორად გამოიყენა ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან სარჩელის შეტანის დროისათვის განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საკომპენსაციო თანხის მოთხოვნის უფლება აქვს სამხედრო მოსამსახურეს და არა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირს.

ამასთან, მოსარჩელეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის არ მიუმართავს, რის გამოც აღნიშნული დავალიანება სამინისტროს არ ერიცხება.

აპელანტის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან არის სამი წელი. მოსარჩელე ითხოვდა 1999-2004 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებას, ხოლო აღნიშნულის შესახებ სარჩელი აღძრა 2007 წელს ანუ სამწილიანი ვადის გასვლის შემდეგ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. გ.-ს სასარჩელო განცხადება სანივთე ქონების კომპენსაციის - 759,15 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო გადაწყვეტილება სახელფასო დავალიანების - 1504 ლარის ანაზღაურების ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან არის სამი წელი. მოსარჩელე საქმეში წარმოდგენილი ¹32 და 2007 წლის 5 ივლისის ¹236 ცნობებით ითხოვდა 2001-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებას (ნაცვლად სააპელაციო საჩივარში მითითებული 1999-2004 წლებისა), ხოლო აღნიშნულის შესახებ სარჩელი აღძრა 2007 წლის 20 ივნისს, ანუ სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. სააპელაციო პალატის განმარტებით, მითითებული ვალდებულება წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და მის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამავე კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა წყდება ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე ვალის აღიარებით.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში დაცული დოკუმენტი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალების სამხედრო ნაწილის ¹... სანივთე სამსახურის უფროსის მიერ 2007 წლის 5 ივლისს გაცემული ცნობა ¹236 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვალის აღიარების ფაქტს არ ადასტურებდა. იგი იყო საინფორმაციო ხასიათისა და ადასტურებდა არა მოპასუხის მიერ დავალიანების არსებობას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეს.'

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქმეში წარმოდგენილი ცნობით პროცესუალურად შექმნა მტკიცებულება ფაქტის აღიარების შესახებ. ფაქტის აღიარება არ ნიშნავს სარჩელის აღიარებას, რადგან სარჩელის აღიარება, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, არის განკარგვითი აქტი, რომელიც უნდა შეიცავდეს დაპირებას ვალდებულების აღიარების თაობაზე. საქმეში კი წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2007 წლის 8 ივნისის ¹9/1627 წერილი, რომლის თანახმადაც, სამხედრო მოსამსახურეებს ცნობები მიუღებელი ფორმის შესახებ უნდა წარედგინათ შესაბამის საფინანსო სამსახურში ყოველი მიმდინარე საანგარიშო წლის ბოლომდე, რათა მომხდარიყო ანაზღაურება ან კრედიტორულ დავალიანებაში ასახვა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეებზე უნიფორმის სანაცვლოდ გასაცემი შესაბამისი საკომპენსაციო თანხები კრედიტორულ დავალიანებად არ დაფიქსირებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, გასცა რა ცნობა გ. გ.-ს მიმართ არსებული დავალიანების თაობაზე, არ უღიარებია გ. გ.-ს მიმართ ვალის არსებობა, რომელიც შეწყვეტდა ხანდაზმულობის ვადას.

B სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331- მუხლის მოქმედების შეჩერების საფუძვლით გ. გ.-თვის ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ფულადი სარგოების წელთა ნამსახურობის მიხედვით გაცემაზე (585 ლარი) უარის თქმის თაობაზე და განმარტა, რომ ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 331-ე პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახური წლების მიხედვით ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოები, ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით. 2004 წლის 31 დეკემბრის ¹640 კანონით, აღნიშნულ ბრძანებულებაში დამატებული 611-ე პუნქტის საფუძველზე 331-ე პუნქტის მოქმედება შეჩერებულ იქნა 2006 წლის 1 იანვრამდე, რითაც სახელმწიფომ ფაქტობრივად გადაავადა აღნიშნული დახმარების მიღების უფლების რეალიზაცია, შესრულების დრო. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კი ნორმის შეჩერება არ ნიშნავს მის გაუქმებას.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 4 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

2008 წლის 21 იანვარს გ. გ.-მ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

2008 წლის 24 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, იმ მოტივით, რომ იგი აკმაყოფილებდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. უარი ეთქვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.