საქმე №ას-1222-2025 22 იანვარი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე
კასატორი – ნ.კ–ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ჭ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. გ.ჭ–მა სარჩელი აღძრა სიღნაღის რაიონულ სასამართლოში ნ.კ–ას მიმართ და მოპასუხისთვის 24 895 ლარის დაკისრება მოითხოვა.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს საერთოდ არ იცნობს.
3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 18 000 ლარის გადახდა.
4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
4.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.2. მოპასუხე ნ.კ–ას საკუთრებაში ერიცხება შემდეგი უძრავი ნივთები: მდებარე, რაიონი საგარეჯო, .........; რაიონი საგარეჯო, სოფელი .........., ს/კ. .........., დაზუსტებული ფართობი: 48150.00 კვ.მ.; მდებარე: რაიონი საგარეჯო, სოფელი ........., რაიონი საგარეჯო, სოფელი ........., ს/კ. ......., დაზუსტებული ფართობი: 20176.00 კვ.მ.; მდებარე: რაიონი საგარეჯო, სოფელი ........., ს/კ. ......., დაზუსტებული ფართობი: 3825.00 კვ.მ.; მდებარე: რაიონი საგარეჯო, სოფელი ........., ს/კ. ........., დაზუსტებული ფართობი: 18839.00 კვ.მ.; მდებარე: რაიონი საგარეჯო, სოფელი ........, რაიონი საგარეჯო, ........., ს/კ. ........, დაზუსტებული ფართობი: 23121.00 კვ.მ.; მდებარე: რაიონი საგარეჯო, სოფელი ......... ს/კ. ........., დაზუსტებული ფართობი: 16145.00 კვ.მ.; მდებარე: რაიონი საგარეჯო, სოფელი ......, რიონი საგარეჯო, სოფელი .........., ს/კ. ......., დაზუსტებული ფართობი: 40385.00 კვ.მ; მდებარე: რაიონი საგარეჯო, სოფელი .........., ს/კ. .........., დაზუსტებული ფართობი: 6870.00 კვ.მ.; მდებარე: რაიონი საგარეჯო, სოფელი ........, ს/კ. ........., დაზუსტებული ფართობი: 3100.00 კვ.მ. და მდებარე: რაიონი საგარეჯო, სოფელი .........., რაიონი საგარეჯო, სოფელი ........., ს/კ. ..........., დაზუსტებული ფართობით: 36462.00 კვ.მ. აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე 18 ჰა. ფართობზე გაშენებულია ვენახი.
5.3. მოსარჩელე 2019 წლის შემოდგომიდან უვლიდა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ 18 ჰექტარ მიწაზე გაშენებულ ვენახს და ახორციელებდა ვენახის მოვლისათვის საჭირო ყველა მოქმედებას, მათ შორის, სხლავდა, ფურჩქნიდა, წამლავდა, თიბავდა და რწყავდა ვენახს, ასევე, რგავდა ახალ ვაზს, კრეფდა ყურძენს, ახდენდა მის ტრანსპორტირებას და ღვინის ქარხანაში ჩაბარებას; ამ მიზნით, დაქირავებული ჰყავდა ორი ღამის დარაჯი და თავად მიჰყავდა ვენახის მოვლისათვის სხვადასხვა დამხმარე პირები, საჭიროებისამებრ. აღნიშნული საქმიანობისათვის მოსარჩელის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 2 000 ლარს.
5.4. 2020 წლის 14 სექტემბრის N200699788 მინდობილობის თანახმად, მოპასუხემ მოსარჩელეს მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილებები: მოსარჩელე მოპასუხის სახელით უფლებამოსილია უზრუნველყოს საგარეჯოს რაიონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ......... მოპასუხის საკუთრებაში არსებულ 18 ჰექტარზე გაშენებული ვენახის მოვლა, ყურძნის მოსავლის აღება და მისი ჩაბარება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ღვინის ქარხანაში. აღნიშნულთან დაკავშირებით იგი უფლებამოსილია იყოს წარმომადგენელი საქართველოს სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის (შესაბამისი რაიონის) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, გამგეობებში, მერიაში, ნებისმიერ ღვინის ქარხანაში, კახეთის რეგიონის ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში, მიწის აღიარების კომისიაში, შეიტანოს განცხადებები, წარადგინოს და მიიღოს ნებისმიერი ცნობა, გადაიხადოს გადასახადები, მოაწეროს ხელი შესაბამის დოკუმენტაციას, მიღება-ჩაბარების აქტს დ შეასრულოს ყველა ის მოქმედება, რაც დაკავშირებულია ზემოაღნიშნული დავალების შესრულებასთან. მინდობილობა გაიცა სამი წლის ვადით. ზემოაღნიშნული მინდობილობა, 2021 წლის 12 ოქტომბრის N211141348 სანოტარო აქტის საფუძველზე, მოპასუხის მიერ 12.10.2021 წელს გაუქმდა.
5.5. დადგენილია, რომ გ.ჭ–ი არის მოსარჩელის შვილი, ხოლო მ.შ–ია - მოპასუხის და. მ.შ–იას გ.ჭ–ის ანგარიშზე 2020 წლის იანვრის თვეში ჯამში შეტანილი აქვს 7 000.00 ლარი (3 000.00 ლარი და 4 000.00 ლარი), 2020 წლის თებერვლის თვეში - 4 000.00 ლარი, 2020 წლის მარტში - 2 500.00 ლარი და 3 100.00 ლარი, ხოლო, 2020 წლის აპრილში - 4 500.00 ლარი. ამასთან, 2021 წლის იანვრის თვეში შეტანილი აქვს 3 000.00 ლარი, 2021 წლის მარტის თვეში - 6 000.00 ლარი, 2021 წლის აპრილის თვეში - 6 000.00 ლარი, 2021 წლის მაისის თვეში, ჯამში - 10 500.00 ლარი (4 500.00 ლარი და 6 000.00 ლარი), 2021 წლის ივნისის თვეში - 6 000.00 ლარი. მოსარჩელის მითითებით, ეს თანხები მოხმარდა ვენახის მოვლა-პატრონობას და სარჩელით მოთხოვნილ პერიოდზე მისი ანაზღაურება (თვეში 2 000 ლარი) მათში გათვალისწინებული არ ყოფილა.
5.6. დადგენილია, რომ გ.ჭ–ი ნ.კ–ას საკუთრებაში არსებულ 18 ჰა ფართობზე გაშენებულ ვენახს უვლიდა 2019 წლის შემოდგომიდან 2021 წლის 9 ოქტომბრამდე. რის შემდეგ მხარეთა შორის ურთიერთობა შეწყდა.
5.7. მხარეებს შორის სადავო არ არის გარემოება, რომ 2021 წლის 9 იანვრამდე მოსარჩელეს მიღებული აქვს შეთანხმებული გასამრჯელო და ვენახის მოვლის ხარჯები.
5.8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნაა მოპასუხისთვის 2021 წლის 9 იანვრიდან 2021 წლის 9 დეკემბრამდე ასანაზღაურებელი თანხების დაკისრება. კერძოდ, 2021 წლის 9 იანვრიდან 2021 წლის 9 დეკემბრამდე გადასახდელი მომსახურების საფასურის 22 000 ლარისა და უშუალოდ მოსარჩელის მიერ ვენახის მოვლისათვის გაღებული ხარჯის 2 895 ლარის ანაზღაურება.
5.9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრა 2021 წლის 9 იანვრიდან 2021 წლის 9 ოქტომბრამდე ანუ 9 თვეზე გადასახდელი მომსახურების საფასურის თვეში 2 000 ლარის, ჯამში 18 000 ლარის გადახდა.
5.10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტის ძირითადი პრეტენზია ეხება მის მიერ მოსარჩელისთვის ვენახის მოვლის ხარჯებთან ერთად, მომსახურების საფასურის გადახდასაც.
5.11. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ 2021 წლის 9 იანვრიდან 2021 წლის 9 ოქტომბრამდე პერიოდის შეთანხმებული საზღაური, ყოველთვიურად 2 000 ლარი, მოსარჩელეს არ მიუღია.
5.12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტმა ვერ დაადასტურა მოსარჩელისთვის 18 000 ლარის გადახდის ფაქტი.
6. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი) 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის მტკიცებით მას სრულად აქვს შესრულებული სამუშაოს პროპორციულად გადასახდელი თანხის გადახდის ვალდებულება, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ მხარის ზეპირი ახსნა-განმარტების საფუძველზე მიიჩნია უდავოდ რომ მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ ეკისრება თანხის გადახდის ვალდებულება.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
14. კანონმდებლობა ითვალისწინებს სამუშაოს შესრულების ტიპის ისეთ ხელშეკრულებას, როგორიცაა ნარდობა. ნარდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის ხელშეკრულების მსგავსად, ერთერთი ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული ხელშეკრულებაა სასაქონლო-ფულად ფასეულობათა ბრუნვის სფეროში. ნარდობის ხელშეკრულება აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან იგი დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებულისამუშაოს შედეგი (იხ. დამატებით: ზ. ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულება, თბილისი, 2016, გვერდი 26) (ასევე იხ. სუსგ. №ას-772-2025 04 დეკემბერი, 2025 წელი).
15. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა უფლებები, თავისი სამართლებრივი ბუნებით მიეკუთვნება რელატიურ (შეფარდებით) უფლებათა რიცხვს. რელატიური უფლება არის უფლება, რომლითაც პირს აქვს განსაზღვრული პირის მიმართ შესრულების მოთხოვნის უფლებამოსილება. იგი მიმართულია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ განსაზღვრული პირის მიმართ კონკრეტული ვალდებულების შესასრულებლად. შესაბამისად, ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს სწორედ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი კი, სსკ-ის 648-ე მუხლის თანახმად, მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას (შდრ: სუსგ-ები №ას-1522-2019, 12.02.2021წ. პ.34.; №ას-1233-2023, 30.05.2025წ.).
16. საკასაციო სასამართლო, მხარეთა შორის გაფორმებულ მინდობილობაზეც მიუთითებს და ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებთან ერთად სსკ-ის 710-ე მუხლის მოხმობით განმარტავს, რომ მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვებში. ამავე კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლო მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
18. მტკიცების ტვირთი სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრებაა მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
19. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა იყო მოპასუხისთვის 2021 წლის 9 იანვრიდან 2021 წლის 9 დეკემბრამდე სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ ანაზღაურების დაკისრება, თუმცა მოსარჩელემ ვერ დაადასტურა 2021 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში სამუშაოეს შესრულება, საპირისპიროდ, კი მოპასუხემ ვერ დაადასტურა, 2021 წლის იანვრიდან იმავე წლის ოქტომბრმდე მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს შესრულების სანაცვლო ანაზღაურების გადახდის ფაქტი.
21. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობასა და შეფასებას და განმარტავს, რომ მოწმემ - კ.ტ–მა განმარტა, რომ გ.ჭ–მა მას 2021 წელს შესთავაზა ნ.კ–ას ვენახში დარაჯად მუშაობა, თვეში 500 ლარის ანაზღაურების პირობით. მოსარჩელემ მას ორი თვის თანხა - 1 000 ლარი აუნაზღაურა, თუმცა, მისაცემი დარჩა სამი თვის (სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბრის თვეების). მოწმემ აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია აღნიშნული 1 000 ლარი მოსარჩელეს კ–ების ოჯახმა მისცეს, თუ მისი ჯიბიდან გადაიხადა. მოწმემ - ზ.ძ–ამ განმარტა, რომ გ.მ–ის მეშვეობით, მისი დის ქმარს - გ.ჭ–ს გააცნო მ.შ–ია, რის შემდგომაც გ. დასაქმდა კ–ების ვენახში. ხოლო, მოწმემ - გ.მ–მა განმარტა, რომ ვინაიდან მოსარჩელემ მისი მეშვეობით დაიწყო ვენახში მუშაობა, იგი სრულად ინფორმირებულია მოცემული საქმის დეტალების თაობაზე. ის თავად შეესწრო მოსარჩელისა და მოპასუხის ძმის - მამუკა შულაიას საუბარს 2021 წლის დეკემბრის თვეში, როდესაც მოსარჩელე მ.შ–ას სთხოვდა მისი ხელფასის ანაზღაურებას, რაზედაც ამ უკანასკნელმა განუცხადა, რომ ოღონდ წასულიყო მათი ვენახებიდან და 10 000 ლარს მისცემდა. მოწმემ - მ.შ–ამ განმარტა, რომ მისი და ამ საქმესთან საერთოდ კავშირში არ არის. მთლიანი მიწის ნაკვეთები არის მათი ძმის - მ.შ–ას თანხებით შეძენილი, უბრალოდ აღრიცხულია ნ.კ–ას სახელზე. მოპასუხე საერთოდ არ იცნობს მოსარჩელე მხარეს და არც არის ინფორმირებულ მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით, მოსარჩელემ ვენახში მუშაობა დაიწყო 2019 წელს, ხოლო, ერთი წლის მერე მათ შორის ურთიერთობა გაფუჭდა. 2021 წელს მოწმეს გ.ჭ–ისათვის მიცემული აქვს ჯამში 93 270 ლარი, საიდანაც ხელზე გადასცა 55 270 ლარი, ხოლო, დანარჩენი გადაურიცხა. აღნიშნული თანხებიდან სრულად არის ანაზღაურებული ისევე, როგორც გ.ჭ–ის შრომის ანაზღაურება, ასევე, მის მიერ ვენახის მოვლისათვის გაღებული ყველა ხარჯი. მოწმემ დაადასტურა, რომ საქმეში წარმოდგენილი რვეულის ქსეროასლი, მისი ხელით არის დაწერილი (იხ. ს.ფ. 54-55), თუმცა, ის არასრული სახით არის წარმოდგენილი სასამართლოში. ასევე, მოწმემ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს მითვისებული ჰქონდა მათი ტექნიკა და მისი დაბრუნების სანაცვლოდ სთავაზობდა მას 10 000 ლარის გადახდას. მიუხედავად იმისა, რომ ნ.კ–ას გ.ჭ–ი არასოდეს უნახავს და უშუალოდ მ.შ–ა და მისი ძმა - მ.შ–ა იყვნენ ვენახის მოვლის საკითხებში ჩართული და სწორედ მათ დაასაქმეს ვენახში გ.ჭ–ი, ვენახიდან მიღებულ შემოსავალსა და გასავალს და-ძმები ინაწილებდნენ. მოწმე ვენახიდან მიღებულ შემოსავალს ურიცხავდა ნ.კ–ას შვილს ანაგრიშზე, თუმცა, მოპასუხეს არასოდეს გამოუთქვამს დაინტერესება თუ რა თანხები ერიცხებოდა. მოწმემ - კ.ჩ–ძემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გ.ჭ–მა 2020-2021 წელს, იანვარი-თებერვლის თვეში წაიყვანა ვენახის გასხვლაზე. მისთვის ცნობილია, რომ მოსარჩელეს ხელფასს არ ურიცხავდნენ. როდესაც მოწმემ დაასრულა ვენახის გასხვლა, მისი ანაზღაურება გ.ჭ–მა მისცა ორი თვის შემდეგ. რაც შეეხება მოწმეს, გ.ჭ–ს, მან განმარტა, რომ ნ.კ–ას ვენახში იმუშავეს სამი სეზონი. თავად მოწმე ვენახში მუშაობდა დარაჯად, 500 ლარის ანაზღაურების სანაცვლოდ, რასაც უშუალოდ გ.ჭ–ი უხდიდა მას. მათ მუშაობა დაიწყეს 2019 წელს და დაასრულეს 2021 წლის 10 დეკემბერს. თანხების ანაზღაურებას ხან ხელზე მიცემის, ხან მის ანგარიშზე ჩარიცხვის მეშვეობით ახორცილებდა მ.შ–ა. თუმცა, 2021 წელს, 11 თვის ანაზღაურება აღარ მიუცია. დეკემბრის თვეში, მოწმე და გ.ჭ–ი შეხვდნენ მოპასუხის ძმას, რომელიც მათ დაპირდა 10 000 ლარის ანაზღაურებას, თუმცა, აღნიშნული თანხა დღემდე არ აუნაზღაურებია. მოწმის განმარტებით, მამა-შვილს შეხება ჰქონდათ მხოლოდ მ. და მ.შ–თან და არა მოპასუხესთან, თუმცა, ნ.კ–ას მ.შ–იასთან დაურეკავს რამდენჯერმე „სკაიპში“ და „ვაიბერში“ და გამოუთქვამს კმაყოფილება მათ მუშაობაზე.
22. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო თანხის გადახდის შესახებ მოპასუხემ სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებები ვერ წარადგინა, რის გამოც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე სწორად ეთქვა უარი კასატორს, შესაბამისად წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი იმავე საფუძვლით დაუშვებელია რადგან კასატორმა ვერ წარმოადგინა არსებითი და დასაბუთებული პრეტენზია სადავო განჩინების გაუქმების თაობაზე.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.კ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ნ.კ–ას (..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №29152688689, გადახდის თარიღი 05.09.2025) 900 ლარის 70% - 630 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე