საქმე №ას-997-2025 22 იანვარი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე
კასატორი – მ.ჩ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჩ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. თ.ჩ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოითხოვა მ.ჩ–ძისთვის უძრავი ქონების ¼ წილის საფასურის - 24 700 ლარის და მის წილ ქონებაზე გაწეული სარემონტო ხარჯების 11 390 ლარის, ჯამში - 36 090 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით თ.ჩ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მ.ჩ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 24 700 ლარის გადახდა, ხოლო 11 390 ლარის დაკისრებაზე უარი ეთქვა.
4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შეფასების საგანია აქვს თუ არა აპელანტს მოსარჩელისთვის თანხის გადახდის ვალდებულება.
5.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ სადავო საზიარო ქონება იძულებით საჯარო აუქციონზე მოსარჩელემ 98 000 ლარად შეიძინა. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ნასყიდობის თანხიდან მოპასუხეს მისი წილის პროპორციულად გადაურიცხა 24 700 ლარი; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 28 იანვრის განკარგულება, რომლითაც განხორციელდა საზიარო უძრავი ქონების გაყიდვა იძულებით საჯარო აუქციონზე, რის შედეგადაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე.
5.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დადგენილია, რომ აუქციონის შედეგები სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითაა ბათილად ცნობილი, შესაბამისად, სადავო საზიარო ქონებაზე აღდგენილია პირვანდელი მესაკუთრეების საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე არსებული პროპორციით, სახელდობრ, მ.ხ–ი - ¾ წილი, მ.ჩ–ძე - ¼ წილი. აპელანტი სადავოდ არ ხდის სარჩელით მოთხოვნილი თანხის მიღებას. შესაბამისად მოსარჩელის მიერ გადახდილი ნასყიდობის ფასით მოპასუხე მის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა, რის გამოც ვალდებულია მოსარჩელეს დაუბრუნოს მიღებული 24 700 ლარი.
5.5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ მას არ აქვს ვალდებულება მოსარჩელეს რაიმე თანხა დაუბრუნოს, ვინაიდან სადავო თანხა სააღსრულებო ბიუროდან აქვს მიღებული. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით სააღსრულებო ბიურომ აპელანტს სადავო თანხა მისი უფლებამოსილებების ფარგლებში ჩაურიცხა, რაც არ გულიხსმობს აღნიშნული ორგანოს რაიმე სახით მონაწილეობას მხარეთა შორის დავაში.
6. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6.2. კასატორის განმარტებით, ის არ წარმოადგენს სარჩელის მოპასუხეს, მან თანხა აღსრულების ეროვნული ბიუროსგან მიიღო, შესაბამისად, ის არაა ვალდებული მიღებული თანხა დაუბრუნოს მოსარჩელეს.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი) 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში სარჩელის მოთხოვნაა მოპასუხისთვის სადავო საზიარო ქონების საფასურის - 24 700 ლარისა და ამავე ქონების სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ღირებულების ნაწილის - 11 390 ლარის დაკისრებაა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი ნაწილობრივ, მხოლოდ სადავო ქონების საფასურის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა, ხოლო, სააპელაციო და საკაციო საჩივრები წარმოდგენილია მოპასუხის მიერ, ამდენად, წინამდებარე განჩინების შეფასების საგანია, მხოლოდ სადავო საზიარო ქონების საფასურის, მოპასუხისთვის გადახდილი ნაწილის, მოსარჩელისთვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მართლზომიერება.
13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე:
13.1. უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ......... (ს/კ .........) წარმოადგენდა მოსარჩელის დედის - მ.ხ–ის და მოპასუხის თანასაკუთრებას წილების შემდეგი პროპორციით: - მ.ხ–ი - 3/4 წილი, მ.ჩ–ძე - 1/4 წილი.
13.2. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 სექტემბრის №2/874-13 გადაწყვეტილებით მ.ხ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.თბილისში, ........... (ს/კ .........) მისი რეალიზაციის გზით და დადგინდა, რომ საზიარო საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა განაწილებულიყო სადავო ქონების მესაკუთრეებზე მათი წილების შესაბამისად, კერძოდ, მ.ხ–ზე 3/4 წილი, ხოლო მ.ჩ–ძეზე 1/4 ნაწილი.
13.3. მოსარჩელის დედამ - მ.ხ–მა 2014 წლის 25 სექტემბერს განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 სექტემბრის №2/874-13 გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა.
13.4. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 28 იანვრის №14071350-018/001 განკარგულების საფუძველზე საზიარო უძრავი ქონება გაიყიდა იძულებით საჯარო აუქციონზე, სადაც აღნიშნული უძრავი ნივთი 98800 ლარად შეიძინა თ.ჩ–ძემ (მოსარჩელე).
13.5. საზიარო საგნის იძულებით საჯარო აუქციონზე გაყიდვის შედეგად ამონაგები თანხიდან თბილისის სააღსრულებო ბიურომ მ.ჩ–ძეს ამ უკანასკნელის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშის ნომერზე 2015 წლის 27 იანვარს გადაურიცხა 24700 ლარი.
13.6. 2015 წლის 03 თებერვალს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 28 იანვრის №14071350-018/001 განკარგულების საფუძველზე უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისში, ........... (ს/კ ..........) საჯარო რეესტრში აღირიცხა თ.ჩ–ძის საკუთრებად.
13.7. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ოქტომბრის №3/2488-15 გადაწყვეტილებით, მ.ჩ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს 28.01.2015 წლის №1414071350-018/001 განკარგულება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 27.02.2015 წლის №16853 წერილი 26.01.2015 წლის საჩივართან დაკავშირებით და აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალა საჩივარში დასმულ მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
13.8. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 ოქტომბრის №3/2488-15 გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.თბილისში, ..........., (ს/კ .........) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი.
13.9. მოპასუხეს, საზიარო საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა - 24700 ლარი აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის მიუხედავად, მყიდველისთვის არ დაუბრუნებია.
13.10. უძრავ ქონებას, მდებარე: ქ.თბილისში, ........... (ს/კ ............) იძულებით აუქციონზე რეალიზაციამდე და რეალიზაციის შემდეგაც ფლობს და სარგებლობს მოსარჩელის ოჯახი.
13.11. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 28.01.2015 წლის №1414071350-018/001 განკარგულების ბათილად ცნობის შემდეგ, უძრავ ქონება, მდებარე: ქ.თბილისში, ............ (ს/კ ..........) მოპასუხეს მფლობელობაში არ გადასცემია.
13.12. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 სექტემბრის №2/874-13 გადაწყვეტილების აღსრულების საქმისწარმოება არ დასრულებულა და კვლავ მიმდინარეობს.
14. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სსკ-ის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი. ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად კონდიქციური დანაწესების (სსკ-ის 976-991-ე მუხლები - 976.1-ე „ა“ პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და 991-ე პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული) გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის სუბსიდიურობაში ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო, მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით, დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება (მაგ: პოსესორული ან ვინდიკაციური სარჩელები (სანივთო სამართალი), სარჩელი ვალდებულების შესრულების შესახებ (როგორც პირველადი, ისე _ მეორადი მოთხოვნები) და სხვა) - (იხ. სუსგ-ები: Nას-774-723-2017, 11.10.2017 წ.; N ას-794-794-2018, 11.09.2018; N ას-1021-2019, 20.12.2019წ.).
15. უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, რათა უზრუნველყოს არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღება და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (შეად. სუსგ-ას N ას-390-390-2018, 15.05.2018 წ.). საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ, რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე (იხ. სუსგ N ას-360-342-2015, 3.06.2015 წ.).
16. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთების გათვალისწინებით განმარტავს, რომ კასატორს ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ჩამოერთვა საზიარო საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, შემდეგ კი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით, გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულება და აღგა საზიარო უფლება სადავო უძრავ ქონებაზე, ამდენად, მოცემული მდგომარეობით სახეზეა კასატორის ისეთი გამდიდრება, რომლის სამართლებრივი საფუძველიც მოშლილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით. კასატორის არგუმენტი, რომ მიღებული თანხა არა მისგან, არამედ აღსრულების ეროვნული ბიუროსგან უნდა მოითხოვოს მოსარჩელემ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, აღსრულების ბიურომ, როგორც ამ მიზნისთვის შექმნილმა სპეციალურმა ორგანომ, აუქციონზე რეალიზებულ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის სანაცვლოდ, შემძენისგან (მოსარჩელისგან) მიიღო ნივთის საფასური და გადასცა კასატორს, საკუთრების უფლების მოსარჩელისთვის გაუქმების და კასატორის საკუთრების აღდგენის პირობებში კი, იქმნება ვითარება, რომ კასატორს აღდგენილი აქვს სადავო საკუთრების უფლება და მიღებული აქვს, ამავე უფლების ობიექტის ქონების საფასური, რაც ეწინააღმდეგება სამართლის წესრიგსა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას და სწორედ კასატორს ავალდებულებს მიღებული გამდიდრების დაბრუნებას და მოსარჩელესთან ამგზით ქონებრივ თუ უფლებრივ გათანაბრებას.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივ დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის (მოსარჩელის) მოთხოვნის საფუძვლიანობას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
19. კასატორის გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.მ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე