Facebook Twitter

№ას-1067-2025 22 იანვარი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე

კასატორი – სსიპ „აწარმოე საქართველოში“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–ა“ (მოსარჩელე)

მესამე პირი - სს „ს.ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები

1.1. შპს „მ–ამ“ (თავდაპირველი სახელწოდება შპს „კ–“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სსიპ „აწარმოე საქართველოსა“ (სსიპ „აწარმოე საქართველოშის“ თავდაპირველი სახელწოდება) და მესამე პირის სს „ს.ბ–ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 195 980.41 ლარის გადახდა.

1.2. მოსარჩელის განმარტებით, შპს „მ–ა“ არის ყავის მწარმოებელი ქართული კომპანია. ყავის წარმოება ხდება მის საკუთრებაში არსებულ ქარხანაში, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში; ყავის წარმოებისა და ყავის გადამამუშავებელი ქარხნის დაფინანსების მიზნით 2017 წლის მარტში სს „ს.ბ–მა“ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის კრედიტის მიმართულების ფარგლებში მას დაუმტკიცა კრედიტი 5 000 000.00 ლარის ოდენობით; 2017 წლის 22 მარტს შპს „კ–სა“ და სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება №130/2-ბ, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „კ–ს“ სს „ს.ბ–მა“ ყავის გადამამუშავებელი ქარხნის დაფინანსებისა და ყავის წარმოების მიზნით დაუმტკიცა 5 000 000.00 ლარის კრედიტი, რაც დასტურდებოდა სს „ს.ბ–ის“ 2017 წლის 21 მარტის წერილით. ამავე ხელშეკრულების 2.1.1. პუნქტით, მოპასუხემ აიღო ვალდებულება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განეხორციელებინა ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისათვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული არაუმეტეს 24 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება, დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10%-ის ოდენობით, კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს 29 თვის განმავლობაში, არაუმეტეს 895 215.00 ლარის ოდენობით;

1.3. 2017 წლის 29 მარტს სს „ს.ბ–სა“ და შპს „კ–ს“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №GCLCA000207934-4291786, რომლითაც კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 5 000 000.00 ლარი, არანაკლებ წლიური 11% საპროცენტო სარგებლის დარიცხვით, კრედიტის მოქმედების ვადა - 36 თვე, კრედიტის მიზნობრიობა - ყავის გადამამუშავებელი ქარხნის დაფინანსება; მიუხედავად იმისა, რომ სსიპ „აწარმოე საქართველოშის“ ვალდებულებას წარმოადგენდა განეხორციელებინა შპს „მ–ას“ კრედიტზე დარიცხული 10%-ის თანადაფინანსება 24 თვის განმავლობაში 895 215.00 ლარის ოდენობით, მოპასუხემ სს „ს.ბ–ს“, შპს „მ–ას“ კრედიტზე დარიცხული პროცენტის თანადაფინანსების მიზნით ჩაურიცხა მხოლოდ 691 083.56 ლარი და არ ჩაურიცხია დარჩენილი 195 890.41 ლარი, რომლის გადახდის ვალდებულებაც ასევე გააჩნდა; სსიპ „აწარმოე საქართველოშის“ მხრიდან ბანკის ანგარიშზე აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, სს „ს.ბ–მა“ შპს „მ–ას“ საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის გზით მოახდინა კრედიტზე დარიცხული პროცენტის დაფარვა. ამდენად, მოპასუხის მიერ გადასახდელი 195 890.41 ლარი გადახდილია შპს „მ–ას“ მიერ; 2020 წლის 10 აპრილს შპს „მ–ას“ დირექტორმა წერილობით მიმართა სსიპ „აწარმოე საქართველოშის“ დირექტორს და მოსთხოვა თანადაფინანსების სრულად განხორციელება და დარჩენილი 195 890.41 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული მიმართვის პასუხად, 2020 წლის 18 აპრილის წერილით მოპასუხემ აცნობა, რომ მიზნობრივი თანადაფინანსების მაქსიმალურ ოდენობას წარმოადგენდა 895 215.00 ლარი, სააგენტოს მიერ გადმორიცხული 691 083.56 ლარი ზუსტად ემთხვეოდა ბანკის მიერ მიზნობრივი თანადაფინანსების განმავლობაში სააგენტოში წერილითა და პროგრამული უზრუნველყოფით გამოგზავნილ მოთხოვნილ პროცენტის სახით სააგენტოს მიერ გადასახდელ თანხას. მიზნობრივი თანადაფინანსების ჩარიცხვის მაქსიმალური 29 თვიანი ვადა ამოიწურა 2019 წლის 22 აგვისტოს, რის გამოც ის ვეღარ განახორციელებდა დარჩენილი თანხის ჩარიცხვას; შპს „მ–ამ“ 2023 წლის 16 თებერვალს მიმართა სს „ს.ბ–ს“ და მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება სსიპ „აწარმოე საქართველოშის“ მიერ თანადაფინანსების ფარგლებში ბანკში განხორციელებულ/განსახორციელებელ ჩარიცხვებთან დაკავშირებით.

1.4. შპს „მ–ამ“ ბანკს ასევე გააცნო „აწარმოე საქართველოშის“ 18.04.2020 წლის წერილში დაფიქსირებული პოზიცია და ბანკისგან მოითხოვა განმარტება; სს „ს.ბ–ის“ მიერ 2023 წლის 3 მარტს გაცემული წერილით დგინდება, რომ მოპასუხის მიერ არ ჩარიცხულა კრედიტზე თანადაფინანსების ფარგლებში შემდეგ თარიღებში და შემდეგი ოდენობით გადასახდელი პროცენტები: 10.07.2018 წელს - 39 726.01 ლარი; 10.08.2018 წელს - 42 465.75 ლარი; 12.11.2018 წელს - 45 205.49 ლარი; 10.01.2019 წელს - 42 465.75 ლარი და 10.04.2019 წელს - 26 027.41 ლარი (ჯამში არ ჩარიცხულა 195 890.41 ლარი). კრედიტზე დარიცხული პროცენტის დასაფარად სხვადასხვა დროს კლიენტის ანგარიშიდან ჩამოიჭრა თანხები, მათ შორის 195 890.41 ლარი, რომლითაც დაიფარა კრედიტის საპროცენტო სარგებლის ის ნაწილი, რომელიც თანადაფინანსების ფარგლებში უნდა დაეფარა სსიპ „აწარმოე საქართველოშის“;

1.5. 2015 წლის 15 იანვარს სსიპ „აწარმოე საქართველოშის“, სს „ს.ბ–ს“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ შორის დადებული ხელშეკრულების 13.2. პუნქტით თითოეული მხარე ვალდებული იყო დროულად შეეტყობინებინა ხელშეკრულების სხვა მხარისათვის ხელშეკრულების მიზნების განხორციელების შემაფერხებელი მისთვის ცნობილი ნებისმიერი გარემოების შესახებ. მოპასუხეს არ ჰქონდა პროგრამული უზრუნველყოფა ჯეროვნად მოწყობილი, რომლის მეშვეობითაც ბანკსა და მოპასუხეს შორის ხდებოდა კომუნიკაცია. პროგრამა soft-ის შეწყვეტის გამო ბანკმა გაგზავნილი შეტყობინებების წარდგენა ვერ შეძლო. ბანკის მხრიდან მოპასუხის ინფორმირება მოხდა არაერთი ფორმით. კერძოდ, ზეპირი სატელეფონო კომუნიკაცია იყო სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომლებთან, რომელთა მიერ ასევე ზეპირი/სატელეფონო ფორმით ბანკი იღებდა დასტურს, რომ გარკვეულ პერიოდში ჩაირიცხებოდა მათი მხრიდან კრედიტზე დასაფარი შესაბამისი პროპორციის პროცენტის თანხა. იდენტური შინაარსის პრობლემა ფიქსირდებოდა ბანკის სხვა კლიენტებთან დაკავშირებითაც. მხარეთა მიერ გაგზავნილ ელექტრონულ წერილებში მითითებულია, რომ მოპასუხეს ჩასარიცხი ჰქონდა 195 890.42 ლარი 30 სექტემბრის მდგომარეობით; სახეზეა მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება. მის ვალდებულებას წარმოადგენდა თანადაფინანსების ფარგლებში ბანკისთვის ჯამში 895 215.00 ლარის გადახდა, თუმცა კრედიტზე დარიცხული პროცენტის დასაფარად სსიპ „აწარმოე საქართველოშიმ“ ბანკს გადაუხადა 195 890.41 ლარით ნაკლები თანხა და მის მიერ გადასახდელი თანხა ფაქტობრივად გადაიხადა შპს „მ–ამ“. მოპასუხემ დაზოგა 195 890.41 ლარი შპს „მ–ას“ ხარჯზე, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით, ასევე სხდომაზე წარდგენილი ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე არის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული ნაწილის ფარგლებში სესხის მიმართულებით სააგენტოს მიერ დაფინანსებული ბენეფიციარი, რომელთანაც სსიპ „აწარმოე საქართველოშის“ მიერ 2017 წლის 22 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება №130/2-ბ, სახელწოდებით „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარის კრედიტის მიზნობრივი თანადაფინანსების/უზრუნველყოფაში თანამონაწილეობის თაობაზე“; აღნიშნული ხელშეკრულებისა და მისი დანართის შესაბამისად, სააგენტო განახორციელებდა სს „ს.ბ–ის“ მიერ სესხზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური განაკვეთიდან 10%-ის ოდენობით, კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს 29 თვის განმავლობაში. თანხის გადარიცხვის წინაპირობას წარმოადგენდა კომერციული ბანკის მიერ სააგენტოსთვის წარმოდგენილი ბენეფიციარის თანადაფინანსების გადარიცხვის მოთხოვნა. მხოლოდ აღნიშნული მოთხოვნის შემდგომ სააგენტო ახდენდა სესხის თანხის გადარიცხვას. ხელშეკრულების 2.2.1 პუნქტის თანახმად, სააგენტო განახორციელებდა არაუმეტეს 895.215 ლარის ოდენობით თანადაფინანსებას, რაც ხაზს უსვამს თანადაფინანსების ლიმიტების ფარგლებს, რომლის ფარგლებშიც სააგენტო უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა თანადაფინანსება. აღნიშნული თანხის ოდენობა მეტყველებს თანადაფინანსების მაქსიმალურ და არა თანხის ფიქსირებულ ოდენობაზე; სესხის გრაფიკის თანახმად, ბანკის მიერ თანადაფინანსების მოთხოვნის ბოლო ვადა იყო 2019 წლის 30 აგვისტო, ბანკის მიერ დაყენებული ბოლო მოთხოვნა თარიღდება 2019 წლის 30 მარტით. ბანკს სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად ეკისრებოდა ვალდებულება მიეწოდებინა სააგენტოსათვის ინფორმაცია ბენეფიციარის მიერ შესაბამისი თანამონაწილეობის შენატანის განხორციელების შესახებ. სააგენტოს მიერ თანადაფინანსების გადარიცხვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის თანხის კრედიტის გრაფიკის შესაბამისად გადახდის, ბანკის მიერ ფაქტობრივი დადასტურება. სააგენტოსათვის ბენეფიციარის მიერ საკუთარი ვალდებულების შესრულების უპირობო დასტურს წარმოადგენს ბანკის მიერ თანადაფინანსების ჩარიცხვის მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც სააგენტო თავის მხრივ უზრუნველყოფს თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვას. აღნიშნული პროცესის მართვის მიზნით, ბანკი, ბენეფიციარის სესხის მონიტორინგის შედეგად, ახდენს თანადაფინანსების თანხის მოთხოვნას სააგენტოსგან; მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 2.1.1. პუნქტისა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის მარეგულირებელი დადგენილებით (2015 წლის რედაქციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი) სააგენტო განახორციელებდა 24 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10%-ის ოდენობით, კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს 29 თვის განმავლობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროგრამის მარეგულირებელი დადგენილების თანახმად, ბანკს 29 თვის ვადაში უნდა უზრუნველეყო სააგენტოსთვის თანადაფინანსების გადახდის მოთხოვნის წარდგენა, რათა სააგენტოს თავის მხრივ განეხორციელებინა თანადაფინანსება. დადგენილება ცალსახად განსაზღვრავს თანადაფინანსების ვადას. შესაბამისად, სააგენტო არ არის უფლებამოსილი მოახდინოს თანადაფინანსების ვადის შეცვლა და დადგენილი, 29 თვის ამოწურვის შემდგომ, გააგრძელოს ბენეფიციარის თვითნებურად თანადაფინანსება; 2017 წლის მაისის თვიდან 2019 წლის მარტის თვის პერიოდის მანძილზე ახორციელებდა ბენეფიციარის თანადაფინანსებას, თუმცა 2019 წლის მარტის თვის შემდგომ ბანკმა თავად შეწყვიტა თანადაფინანსების მოთხოვნის მომართვა, რაც გახდა საფუძველი, რომ მან თავის მხრივ არ განახორციელა ბენეფიციარის შემდგომი დაფინანსება; ბანკსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულების 4.2.5 და 4.2.6 პუნქტებისა და ხელშეკრულების დანართი №1 (ინფორმაციის გაცვლის პროტოკოლი და დეტალური აღწერილობა) თანახმად, ბანკს უნდა უზრუნველეყო თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვის მოთხოვნის წარდგენა სააგენტოსთვის, რომლის საფუძველზეც ის განახორციელებდა თანადაფინანსების გადარიცხვას. ბანკის გადარიცხვის მოთხოვნის წარდგენა არის ბენეფიციარის მიერ პროგრამით განსაზღვრული სავალდებულო პირობების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმოადგენს მისთვის თანადაფინანსების თანხის გადარიცხვის ერთადერთ საფუძველს. აღნიშნული წესის შესაბამისად, სააგენტო ახორციელებდა თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვას/გადახდას. უსაფუძვლოა ბრალდება, რომ ის არ ახორციელებდა ბენეფიციარების დაფინანსებას, ვინაიდან, ვერც მოსარჩელემ და ვერც მესამე პირმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც რაიმე ფორმით დაადასტურებდა, რომ სააგენტოს მხრიდან არ შესრულებულა ბანკის მიერ მოთხოვნილი თანადაფინანსების თანხის შესაბამისი გადარიცხვები; ბანკს მისთვის მოთხოვნა არ წარუდგენია შემდეგი თვეების სარგებლის ანაზღაურებაზე: 2018 წლის მაისი, 2018 წლის ივნისი, 2018 წლის ივლისი, 2019 წლის თებერვალი, 2019 წლის აპრილი. ამასთან, 2018 წლის აგვისტოსა და სექტემბრის თვის თანადაფინანსების ანაზღაურებაზე ბანკმა მიმართა 2018 წლის 05 ოქტომბერს, თანხა გადარიცხა 2018 წლის 15 ოქტომბერს, 2018 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვის თანადაფინანსების ანაზღაურებაზე ბანკმა მიმართა 2018 წლის 21 დეკემბერს, თანხა გადარიცხა 2018 წლის 27 დეკემბერს, 2018 წლის დეკემბრის თვის თანადაფინანსების ანაზღაურებაზე მიმართა 2019 წლის 10 იანვარს, თანხა გადარიცხა 2019 წლის 23 იანვარს, 2019 წლის იანვრის თვის თანადაფინანსების ანაზღაურებაზე მიმართა 2019 წლის 20 თებერვალს, თანხა გადარიცხა 2019 წლის 26 თებერვალს, 2019 წლის მარტის თვის თანადაფინანსების ანაზღაურებაზე მიმართა 2019 წლის 22 მარტს, რაც აუნაზღაურა 2019 წლის 28 მარტს; დამდგარი გარემოება გამოწვეულია სს „ს.ბ–ის“ უმოქმედობით და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით, როგორც მისი, ასევე მოსარჩელის მიმართ; მის მიერ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში თანადაფინანსება ხორციელდება საქართველოს ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებებიდან. ამასთან, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ლ“ პუნქტის თანახმად, ასიგნება არის საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში გადახდის განხორციელების უფლებამოსილება. საქართველოს პარლამენტი ყოველწლიურად ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიღებას, რომლითაც განისაზღვრება ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების მოცულობა. სააგენტო არის დაფინანსებისთვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვაზე პასუხისმგებელი უწყება. თანადაფინანსების თანხა წარმოადგენს ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებს/უფლებას, რომელიც აუთვისებლობის შემთხვევაში მას არ რჩება რაიმე სახის აქტივად. სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების აუთვისებლობა, ვერ იქნება განხილული როგორც უსაფუძვლო გამდიდრება. მოსარჩელის მტკიცება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ, არის უსაფუძვლო და ლოგიკას მოკლებული, ვინაიდან არ მომხდარა (ვერც მოხდებოდა) მისი გამდიდრება ბენეფიციარისათვის თანადაფინანსების არ გადარიცხვის ხარჯზე; მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია. მისთვის სარჩელში მითითებული გარემოება ცნობილი გახდა, როდესაც ბანკმა მას სხვადასხვა დროს ჩამოაჭრა თანხა ჯამში 195 890.41 ლარი. მან სარჩელით სასამართლოს მიმართა 2023 წლის 13 აპრილს, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ;

3. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირის პოზიცია

3.1. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირმა სს „ს.ბ–მა“ წარმოდგენილ პოზიციაში განმარტა შემდეგი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“, ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“, ფინანსთა სამინისტროსა და ბანკს შორის 2015 წლის 15 იანვარს გაფორმდა შეთანხება სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის კრედიტის მიმართულების ფარგლებში მეწარმე სუბიექტების კრედიტის თანადაფინანსებაზე/უზრუნველყოფაში თანამონაწილეობის შესახებ; ბანკსა და შპს „მ–ას“ შორის 2017 წლის 29 მარტს გაფორმებული №GCLCA000207934-4291786 საკრედიტო ხელშეკრულება ჩართული იყო სსიპ „აწარმოე საქართველოშის“ თანადაფინანსების ფარგლებში. კრედიტზე დარიცხული პროცენტის დასაფარად (თანადაფინანსების ფარგლებში), კლიენტის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების პირობით, ჯამურად უნდა ჩარიცხულიყო 895 215.00 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა პროგრამული უზრუნველყოფა ჯეროვნად მოწყობილი, სისტემურად ვერ ხდებოდა ინფორმაციების გაცვლა. ის ყველა შესაძლო ფორმით ახდენდა სსიპ „აწარმოე საქართველოშის“ ინფორმირებას; შპს „მ–ას“ შემთხვევაში მისი მხრიდან მოპასუხის ინფორმირება მოხდა არაერთი ფორმით. ზეპირი/სატელეფონო კომუნიკაცია იყო სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომლებთან, რომელთაგან ასევე ზეპირი სატელეფონო ფორმით იღებდა დასტურს, რომ გარკვეულ პერიოდში ჩაირიცხებოდა მათი მხრიდან კრედიტზე დასაფარი შესაბამისი პროპორციის პროცენტის თანხა. იდენტური შინაარსის პრობლემა ფიქსირდებოდა სხვა კლიენტებთან დაკავშირებითაც. კონკრეტული კლიენტების ჭრილში არსებული პრობლემების/ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, მოპასუხესთან ელ. ფოსტის მეშვეობით ხდებოდა კომუნიკაცია. ის ყველა ეტაპზე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, მოქმედი კანონმდებლობისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დაცვით; მოპასუხე ერთი მხრივ აღიარებს დავალიანების არსებობასა და მისი ანაზღაურების ვალდებულებას, ხოლო მეორეს მხრივ უთითებს, რომ მის მიერ დამოუკიდებელი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია ბანკის ბრალეული ქმედებით; სააგენტოსთან პროგრამული უზრუნველყოფის (soft) მეშვეობით თანხის მოთხოვნა გართულდა 2018 წლის აპრილი - მაისიდან, რაც სააგენტოს მისთვის არ უცნობებია. 2018 წლის ივნისის თვის თანადაფინანსების მოთხოვნა გაგზავნილი ჰქონდა soft-ის მეშვეობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2018 წლის აგვისტო-სექტემბრისა და ოქტომბერი-ნოემბრის თანადაფინანსების თანხები ჩაითვალა წინა თვეების დანაკლისში. კერძოდ, დაიფარა 2018 წლის ივნისის თვის დავალიანება. შესაბამისად, სააგენტოს თანადაფინანსება აღარ ეყო ნოემბრის თვის დაფარვას; 2018 წლის მაისის თვის თანადაფინანსების თანხამ შეადგინა 41 095.90 ლარი, 2018 წლის ივნისის - 43 835.62 ლარი, 2018 წლის ივლისის - 39 726.01 ლარი, 2019 წლის თებერვლის - 43 835.62 ლარი, 2019 წლის აპრილის - 26 027.41 ლარი, ჯამში - 194 520.56 ლარი; მოპასუხე ჩარჩო შეთანხმებაზე მითითებით ადგენს, რომ მასსა და შპს „მ–ას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებები უნდა დარეგულირდეს იმ შეთანხმების პირობებით, რომელზეც ინფორმაცია შპს „მ–ას“ საერთოდ არ ჰქონია და ამასთან მნიშვნელოვანია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები არ შეიცავს არანაირ მითითებას, რომ არსებობს ბუნებაში ხელშეკრულება, რომელითაც რეგულირდება როგორც შპს „მ–ასა“ და სსიპ „აწარმოე საქართველოშის“, ისე ბანკსა და შპს „მ–ას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებები. მასსა და შპს „მ–ას“ შორის ურთიერთობა დარეგულირებულია გენერალური საკრედიტო ხაზისა და მის ფარგლებში გაცემული საკრედიტო ხელშეკრულებებით; ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მსჯელობაც კი, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით გაფორმებული ხელშეკრულებები, ყოველგვარი მითითების გარეშე დაექვემდებაროს დამოუკიდებელი შეთანხმების პირობებს, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც ხელშეკრულების მხარე, შპს „მ–ა“, საერთოდ არ არის არათუ ხელშეკრულების მხარე, არამედ ინფორმირებულიც კი ჩარჩო შეთანხმების თაობაზე. ბანკსა და შპს „მ–ას“ შორის დადებული ხელშეკრულება არ შეიცავს მითითებას ურთიერთობის სხვაგვარ დარეგულირებაზე. მათ შორის დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მან შეასრულა კეთილსინდისიერად. თავის მხრივ, შპს „მ–ა“ ხელშეკრულების გადახდის გრაფიკის დაცვით ასრულებდა ბანკის წინაშე ნაკისრ ვალდებულებას; მოპასუხის პოზიციის გაზიარების შემთხვევაში გამოდის, რომ გარიგება წარმოადგენს მესამე პირის სასარგებლოდ დადებულ გარიგებას. თუმცა იგი ცალსახად ზიანის მომტანია მესამე პირისათვის, საქართველოს კანონმდებლობა კი ითვალისწინებს მესამე პირის საზიანოდ დადებული გარიგების აკრძალვას; მოპასუხე წარმოადგენს სახელმწიფო უწყებას. რომელსაც კეთილსინდისიერების დაცვის უფრო მაღალი სტანდარტი აქვს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა მონიტორინგი, რამდენად სრულდებოდა ბენეფიციარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები; სსიპ „აწარმოე საქართველოშის“ მიერ მითითებული 29 თვიანი ვადის გასვლის გამო ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ხელშეკრულებით განსაზღვრული 29 თვიანი ვადა წარმოადგენს პერიოდს, რომლის განმავლობაშიც მოპასუხე უფლებამოსილია, საკუთარი სურვილით ჩაურიცხოს თანხა ბენეფიციარს. მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, შესაბამისად მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით უნდა გავრცელდეს სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ–ას“ სარჩელი სსიპ „აწარმოე საქართველოშის“ მიმართ დაკმაყოფილდა მოპასუხე სსიპ „აწარმოე საქართველოშის“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 195 890.41 ლარის გადახდა;

5. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის გაუქმება მოითხოვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება.

6.2. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის განმარტებაზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც, უსწორო იყო სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი სააგენტოსთვის სახელმწიფო ბაჟის 5 000 ლარის დაკისრების შესახებ.

6.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება და საპირისპიროდ განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ–ას“ სარჩელი სსიპ „აწარმოე საქართველოშის“ მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხე სსიპ „აწარმოე საქართველოშის“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 195 890.41 ლარის გადახდა მოპასუხე სსიპ „აწარმოე საქართველოშის“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5 000 ლარის ანაზღაურება;

6.4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ აპელანტს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ძირითადი თანხის 195 890.41 ლარის დაკისრების ნაწილში არ გაუსაჩივრებია. აპელანტი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ სახელმწიფო ბაჟს და მიიჩნევს, რომ მისი გადახდა უნდა დაეკისროს მესამე პირს სს „ს.ბ–ს“, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მეორე წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორიცულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად კი, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

6.5. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მართებულად დაეკისრა მოპასუხეს - სსიპ „აწარმოე საქართველოშის“. რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას, მესამე პირისთვის (სს “ს.ბ–ი“) სახელმწიფო ბაჟის დაკისრებას, აღნიშნული ვერ იქნება გაზიარებული, რადგან ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად სახელმწიფო ბაჟი ეკისრება მოპასუხეს და არა მესამე პირს, მით უფრო იმ პირობებში, როცა აპელანტი სადავოდ არ ხდის გადაწყვეტილებას ძირითადი თანხის დაკირების ნაწილში და მხოლოდ ზოგადად მიუთითებს მესამე პირის ბრალეულობაზე, დაკისრებულ თანხასთან მიმართებით.

7. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.

7.2. კასატორის განმარტებით, საპროცესო მხარეები არიან დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირები, ასევე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა მოსარჩელის და მოპასუხის გარდა, პროცესის მონაწილეებად მიიჩნევს მესამე პირებსაც.

7.3. კასატორის განმარტებით, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს მესამე მხარის უფლებებსა და მოვალეობებზე, ამიტომ წინამდებარე საქმეში ჩართულია სს „ს.ბ–ი“.

7.4. კასატორის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ კასატორის წინააღმდეგაა გადაწყვეტილება გამოტანილი, თუმცა არსებული დავა წარმოიშვა მესამე პირის ბრალეულობით. საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე ბანკის როლი აღნიშნული საქმისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, კასატორი თავად ვერანაირად ვერ უზრუნველყოფდა პროგრამის ადმინისტრირებას.

7.5. ამდენად, მესამე პირის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობისა და უმოქმედობის გამო კასატორს უნდა მიადგეს ზიანი, რომელიც გამოიწვევს კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებას მოწინააღმდეგე მხარისთვის.

8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

8.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი) 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

13. საკასაციო სასამართლო უპირველესად განმარტავს, რომ წინამდებარე საქმეზე, სარჩელი აღძრულია შპს „მ–ას“ მიერ, სსიპ „აწარმოე საქართველოში“-ს წინააღმდეგ. სარჩელის მოთხოვნაა მოპასუხისთვის 195 980.41 ლარის დაკისრება. აღნიშნული სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებებიდან უდავოდ დაგენილია შემდეგი:

13.1. 2015 წლის 15 იანვარს ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“, მეორეს მხრივ - ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“, მესამეს მხრივ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და მეოთხეს მხრივ - სს „ს.ბ–ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის კრედიტის მიმართულების ფარგლებში მეწარმე სუბიექტების კრედიტის თანადაფინანსების/უზრუნველყოფაში თანამონაწილეობის თაობაზე.

13.2. 2017 წლის 22 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში პროგრამის ბენეფიციარის კრედიტის მიზნობრივი თანადაფინანსების/უზრუნველყოფაში თანამონაწილეობის თაობაზე. მხარეებმა გაითვალისწინეს, რომ სს „ს.ბ–ის“ მიერ ბენეფიციარისათვის დამტკიცებული იყო კრედიტი 5 000 000.00 ლარის ოდენობით. ბანკის მიერ დამტკიცებული წლიური საპროცენტო განაკვეთი - ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს - 6.75%-ს დამატებული 5%, ჯამში 11.75%, მინიმალური 11%. ბანკის მიერ დამტკიცებული კრედიტის ვადა - 36 თვე. სააგენტოს მხრიდან მიზნობრივი თანადაფინანსების მაქსიმალური ჯამური თანხა არაუმეტეს 895 215.00 ლარი. ხელშეკრულების 2.1.1. პუნქტით, ბანკის მიერ პროგრამის ბენეფიციარისთვის გაცემულ კრედიტზე დარიცხული არაუმეტეს 24 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთიდან 10%-ის ოდენობით, კრედიტის პირველი ტრანშის გაცემიდან არაუმეტეს 29 თვის განმავლობაში, არაუმეტეს 895 215.00 ლარის ოდენობით, პროგრამის ბენეფიციარის მხრიდან გრაფიკით გათვალისწინებული მინიმალური შენატანის განხორციელების შემდეგ.

13.3. 2017 წლის 29 მარტს სს „ს.ბ–სა“ და მოსარჩელეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება. კრედიტის მოცულობად განისაზღვრა 5 000 000.00 ლარი, ათვისებული კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი - წლიური საბაზისო განაკვეთს დამატებული 5%, მაგრამ არანაკლებ 11%-ისა, კრედიტის მოქმედების ვადა - 36 თვე, კრედიტის მიზნობრიობა - ყავის გადამამუშავებელი ქარხნის დაფინანსება. მოსარჩელეს ბანკის წინაშე არსებული ვალდებულება სრულად და ჯეროვნად აქვს შესრულებული.

13.4. მოსარჩელეს, სრულად და ჯეროვნად აქვს შესრულებული ასევე მოპასუხის წინაშე, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებული ვალდებულებები.

13.5. მოსარჩელემ, 2020 წლის 10 აპრილს წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა თანადაფინანსების დარჩენილი ნაწილის 195 890.41 ლარის დაფარვა. მოპასუხემ, წერილით აცნობა მოსარჩელეს ვალდებულების შესრულებაზე უარი და განაცხადა, რომ კომერციული ბანკის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ახორციელებდა მიზნობრივი თანადაფინანსების თანხების ჩარიცხვას, აღნიშნული თანადაფინანსების ვადა 2019 წლის 22 აგვისტოს ამოიწურა, შესაბამისად აღნიშნული ვადის შემდეგ უფლება არ ჰქონდა ბენეფიციარისთვის თანხა ჩაერიცხა.

13.6. 2023 წლის 16 თებერვალს მოსარჩელემ წერილობით მიმართა ბანკს და მოითხოვა ინფორმაცია ბანკისთვის მოპასუხის მიერ პროცენტის თანადაფინანსების ფარგლებში ჩასარიცხ თანხებთან დაკავშირებით. ბანკის 2023 წლის 2 მარტის წერილში აღნიშნულია, რომ მოპასუხის კრედიტზე დარიცხული პროცენტის დასაფარად (თანადაფინანსების ფარგლებში) ბანკის ანგარიშზე ჩაირიცხა 691 083.56 ლარი. მოპასუხეს არ ჩაურიცხავს კრედიტზე თანადაფინანსების ფარგლებში შემდეგ თარიღებში შემდეგი ოდენობის თანხები: 1. 10.07.2018 წელს - 39 726.01 ლარი, 2. 10.078.2018 წელს - 42 465.75 ლარი, 3. 12.11.2018 წელს - 45 205.49 ლარი, 4. 10.01.2019 წელს - 42 465.75 ლარი, 5. 10.04.2019 წელს - 26 027.41 ლარი.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2024 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა, სააპელაციო და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ, საკასაციო წესით. სააპელაციო და ასევე საკასაციო საჩივრის პრეტენზიებიდან ირკვევა, რომ მოპასუხის პრეტენზიები მისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრებას ეხება. კერძოდ, საკასაციო პრეტენზიის მიხედვით, მას სარჩელით განსაზღვრული თანხა მესამე პირის - ბანკის მიერ ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების გამო დაეკისრა, შესაბამისად, ბანკის ბრალეულობამ გამოიწვია მისთვის სახელმწიფო ბაჟის სახით თანხის დაკისრებაც, რაც ბანკის გადასახდელია. ამასთან, კასატორი განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბანკი წინამდებარე საქმეში მესამე პირის სტატუსითაა ჩაბმული, არ გამორიცხავს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დავალდებულებას.

15. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებით განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნა არ ეხებოდა ძირითადი თანხის დაკისრებას, არამედ სადავოდ იყო გამხდარი მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 5 000 ლარის დაკისრება.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მეორე წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორიცულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად კი, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

17. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, შესაბამისად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ციტირებული ნორმის მიხედვით სახელმწიფო ბაჟიც სრულად მოპასუხეს დაეკისრა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, პროცესის ხარჯების საკითხს არეგულირებს დასახელებული კოდექსის მე-5 თავი. აღნიშნულ თავში განსაზღვრულია პროცესის ხარჯების ცნება, კერძოდ პროცესის ხარჯები წარმოადგენს სასამართლო ხარჯებსა და სასამართლოსგარეშე ხარჯებს. თავისმხრივ სასამართლო ხარჯებია სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სსსკ-ის 53-ე მუხლის სწორედ სასამართლოს ხარჯების განაწილების საერთო წესს წარმოადგენს სასამართლოში საქმის განხილვისას. ამდენად, არც დასახელებული ნორმა, და არც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 თავის რომელიმე ნორმა არ ითვალისწინებს, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის დაკისრებას მოპასუხის ნაცვლად მესამე პირისთვის.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 8 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე წინამდებარე საქმეზე სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირადაა ჩაბმული ბანკი, რომელსაც იმავე განჩინებით განემარტა, რომ სარგებლობს მხარეთა საპროცესო უფლებებით და ეკისრება მხარეთა საპროცესო უფლებები, გარდა უფლებისა გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, ცნოს სარჩელი, უარი თქვას სარჩელზე ან მორიგდეს, აღძრას შეგებებული სარჩელი, მოითხოვოს სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება (იხ. სსსკ-ის 90-ე მუხლი). ამდენად საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირი სარგებლობს მთელი რიგი საპროცესო უფლებებითა და მოვალეობებით, თუმცა, მიმდინარე დავაში, მოპასუხის ნაცვლად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, არ შეიძლება დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი გახდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ „აწარმოე საქართველოშის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. სსიპ „აწარმოე საქართველოშის“ (204582763) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №05491, გადახდის თარიღი 02/07/2025) 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე