№ას-1148-2025 22 იანვარი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
კასატორი – ე.დ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „ს.ბ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.დ–ის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი), ლ.ლ–ის, თ.ბ–სა და ე.ლ–ის (შემდეგში: მოპასუხეები) მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1. ე.დ–ს და ლ.ლ–ს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდალურად გადასახდელად დაეკისროთ 2018 წლის 15 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სესხის N5674794) გამომდინარე სესხის ძირი თანხა - 12 301.63 ლარი, პროცენტი - 645.89 ლარი, პირგასამტეხლო - 2 868.81 ლარი, საკომისიო - 43.11 ლარი.
1.2. ე.დ–ს და ლ.ლ–ს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ყოველდღიურად სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 2018 წლის 15 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სესხის N5674794) გამომდინარე 5.52 ლარის გადახდა (სესხის ძირ თანხაზე - 13.438.63 ლარზე დასარიცხი წლიური სარგებელი - 15%).
1.3. ე.დ–ს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2022 წლის 20 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე (სესხის N8737945) 13 447.81 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 10 107.50 ლარი, პროცენტი - 1772.65 ლარი, პირგასამტეხლო - 1 503.66 ლარი, საკომისიო - 64 ლარი.
1.4. ე.დ–ს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ყოველდღიურად სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 2022 წლის 20 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სესხის N8737945) გამომდინარე - 6.89 ლარის გადახდა (სესხის ძირ თანხაზე - 10 107.50 ლარზე დასარიცხი წლიური სარგებელი - 24.9%).
1.5. 2018 წლის 15 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სესხის N5674794) გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს სს „ს.ბ–ის" სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, .........., ს/კ .......... იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული უზრუნველყოფის საგანი ან უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ დაფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, გადახდევინება მიექცეს კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (მათ შორის, იმ ქონებაზეც, რომელიც არ წარმოადგენს უზრუნველყოფის საგანს) (მოსარჩელემ მოთხოვნა დააზუსტა 08.02.2024 წლის სხდომაზე).
2. მოპასუხე ე.დ–მა სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა 2024 წლის 20 ივნისის საამართლო სხდომაზე, მოსამზადებელ ეტაპზე ბანკის სასარჩელო მოთხოვნები ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის, საკომისიოსა და ათმაგად შემცირებული პირგასამტეხლოების (ერთ შემთხვევაში 286.88 ლარის, ხოლო მეორე ხელშეკრულებიდან გამომდინარე 150.36 ლარის) ნაწილში (იხ.მოპასუხის შესაგებელი, 20.06.2024 წლის სხდომის ოქმი).
2.1. მოპასუხეებს ლ.ლ–ს და თ.ბ–ს სარჩელზე შესაგებლები არ წარუდგენიათ.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეებს ე.დ–ს და ლ.ლ–ს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ, 2018 წლის 15 აგვისტოს N5674794 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად დაეკისრათ 13 277.51 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 12 301.63 ლარი, პროცენტი - 645.89 ლარი, პირგასამტეხლო - 286.88 ლარი, საკომისიო - 43.11 ლარი; მოპასუხეებს ე.დ–ს და ლ.ლ–ს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ, 2018 წლის 15 აგვისტოს N5674794 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავლის სახით სოლიდარულად დაეკისრათ ძირითადი თანხის - 12 301.63 ლარის წლიური 15%-ის, ყოველდღიურად - 5.1 ლარის გადახდა, 2023 წლის 11 აგვისტოდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 06 თვისა; მოპასუხე ე.დ–ს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ, 2022 წლის 20 ოქტომბრის N8737945 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა 12 094.51 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 10 107.5 ლარი, პროცენტი - 1 772.65 ლარი, პირგასამტეხლო - 150.36 ლარი, საკომისიო - 64 ლარი; მოპასუხე ე.დ–ს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ, 2022 წლის20 ოქტომბრის N8737945 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისროს ძირითადი თანხის - 10 107.5 ლარის წლიური 24.9%-ის, ყოველდღიურად 6.89 ლარის გადახდა, 2023 წლის 11 აგვისტოდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 06 თვისა; 2018 წლის 15 აგვისტოს N5674794 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელდა იპოთეკით დატვირთული თ.ბ–ს საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია - მდებარე: თბილისი, ............, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ......... იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფდა 2018 წლის 15 აგვისტოს N5674794 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეოდა მოპასუხეების ე.დ–ის და ლ.ლ–ის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონება; სს „ს.ბ–ს“ უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
4. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 2018 წლის 05 აპრილს, სს „ს.ბ–ს", ე.დ–ს და ლ.ლ–ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება. საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 150 000.00 აშშ დოლარის ოდენობით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 300 თვით, წლიური საპროცენტო სარგებელი 0-დან 48%-მდე. გენერალური ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 4.3.1 პუნქტის მიხედვით, მხარეთა შორის შეთანხმდა, რომ თუ უზრუნველყოფის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული უზრუნველყოფის საგანი ან უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია გადახდევინება მიაქციოს კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (მათ შორის, იმ ქონებაზეც, რომელიც არ წარმოადგენს უზრუნველყოფის საგანს). ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მიხედვით აღნიშნული სტანდარტული პირობები განთავსებულია ბანკის ვებ. გვერდზე და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხოლო ამავე ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვით მსესხებლებმა დაადასტურეს, რომ გაეცნენ აღნიშნულ სტანდარტულ პირობებს და მიიღეს ეს პირობები.
4.2. გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში, 2018 წლის 15 აგვისტოს სს „ს.ბ–ს", ე.დ–ს და ლ.ლ–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება (სესხის N5674794), რომლის საფუძველზე მსესხებლის სასარგებლოდ გაიცა სესხი 88 000 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური 15%ის დარიცხვით. საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%-ისა. ამასთან, დამატებით ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე ერთჯერადად 20 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო სიცოცხლის დაზღვევის საკომისიო ყოველ თვიურად 8 ლარი და უძრავი ქონების დაზღვევის მართვის საკომისიო 0.27%-ის ოდენობით. მსესხებელს სესხის გრაფიკის მიხედვით ბოლო გადახდა უფიქსირდება 12/12/2022 წელს. სესხი ვადაგადაცილებაშია 10/01/2023 წლიდან. 12/12/2022 წლიდან კრედიტზე ირიცხება პროცენტი და საკომისიო, ხოლო 10/01/2023 წლიდან კი პირგასამტეხლო.
4.3. გენერალური საკრედიტიო ხაზის და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით მხარეებს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სს „ს.ბ–ის" სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა თ.ბ–ს (პ/ნ .........), ლ.ლ–ის (პ/ნ .........) და ე.ლ–ის (პ/ნ ........) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, . .........., ს/კ .......... იპოთეკის ხელშეკრულება კანონით დადგენილი წესით დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
4.4. გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში, 2022 წლი 20 ოქტომბერს სს „ს.ბ–ს" და ე.დ–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება (სესხის N 8737945), რომლის საფუძველზეც მსესხებლის სასარგებლოდ გაიცა სესხი 10 230 ლარის ოდენობით, 48 თვის ვადით, წლიური 24.9% დარიცხვით. საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%-ისა. ამასთან, დამატებით ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე ერთჯერადად 20 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო სიცოცხლის დაზღვევის საკომისიო ყოველ თვიურად 8 ლარი და უძრავი ქონების დაზღვევის მართვის საკომისიო 0.27%-ის ოდენობით. მსესხებელს სესხის გრაფიკის მიხედვით ბოლო გადახდა უფიქსირდება 23/12/2022 წელს და ვადაგადაცილებაშია 03/01/223 წლიდან. 23/12/2022 წლიდან კრედიტზე ირიცხება პროცენტი და საკომისიო. ხოლო, პირგასამტეხლო კი 03/01/2023 წლიდან.
4.5. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის და ვადების დარღვევა. საკრედიტო დავალიანებების შესახებ მოპასუხეებს წერილობითი შეტყობინება გაეგზავნათ ბანკისთვის ცნობილ ყველა მისამართზე, რომელიც ჩაბარდათ და მიეცა ორი კვირის ვადა არსებული დავალიანების დასაფარად. მიუხედავად აღნიშნულისა ვალდებულება არ შესრულებულა.
4.6. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ე.დ–ს და ლ.ლ–ს სს „ს.ბ–ის" სასარგებლოდ სოლიდარულად ერიცხებათ დავალიანება 2018 წლის 15 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სესხის N5674794) გამომდინარე - 15 859.44 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 12 310.63 ლარი, პროცენტი - 645.89 ლარი, პირგასამტეხლო - 2868.81 ლარი, საკომისიო - 43.11 ლარი. ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ე.დ–ს სს „ს.ბ–ის" სასარგებლოდ ერიცხება დავალიანება 2022 წლის 20 ოქტომბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან (სესხის N8737945) გამომდინარე – 13447.81 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 10 107.50 ლარი, პროცენტი - 1772.65 ლარი, პირგასამტეხლო 1503,66 ლარი, ხოლო საკომისიო - 64 ლარი.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა. ე.დ–მა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სარგებლისა და საკომისიოს მოთხოვნების ნაწილში. თ.ბ–მა და ლ.ლ–მა კი მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება და მათ მიმართ წარდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძვლიანობის შესახებ. პალატამ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. პალატამ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა, რომელიც ამ სამართლებრივი ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტისკენ უბიძგებს კრედიტორს, მოვალისათვის განსაზღვრულ უარყოფით შედეგებთანაა დაკავშირებული, რაც შეიძლება გამოიხატოს მოვალისათვის პროცენტის, პირგასამტეხლოს, ან/და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებით.
7.2. მოცემულ შემთხვევაში, დასტურდებოდა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები მოვალე მხარეს ჯეროვნად არ შეუსრულებია, რაც წარმოადგენდა კრედიტორის მიერ საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტისა და შესაბამისად, ძირითადი თანხისა და ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტის, ასევე საკომისიო თანხების ანაზღაურების საფუძველს.
7.3. პალატის მითითებით, განსახილველი საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ მოპასუხე ე.დ–მა 2024 წლის 20 ივნისის საამართლო სხდომაზე, მოსამზადებელ ეტაპზე, ბანკის სასარჩელო მოთხოვნები ორივე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ცნო ნაწილობრივ - სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის, საკომისიოსა და ათმაგად შემცირებული პირგასამტეხლოს ნაწილში. შესაბამისად, გასჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელის ცნობის ნაწილში და ლ.ლ–ის შესაგებლის არ არსებობის პირობებში, პალატის მოსაზრებით, ბანკის მოთხოვნა სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა; მოპასუხეებს ე.დ–ს და ლ.ლ–ს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ, 2018 წლის 15 აგვისტოს N5674794 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად, ხოლო, მოპასუხე ე.დ–ს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ, 2022 წლის 20 ოქტომბრის N8737945 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრათ როგორც სესხის ძირითადი თანხის, ასევე სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლისა და საკომისიოს თანხების გადახდა.
7.4. პალატის შეფასებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის საფუძველზე ასევე მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი მოცემულობა და მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულების დარღვევის ობიექტური მიზეზებისა და მოპასუხე მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ბანკის მიერ დარიცხული და სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო, შეამცირა 10-ჯერ, იმ გონივრულ ოდენობამდე, რასაც მოპასუხე ე.დ–ი არსებულ სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით ვალდებულების დარღვევის თანაზომიერ და საპირწონე ოდენობად მიიჩნევდა და ცნო კიდეც სარჩელი ამ ნაწილში.
7.5. ე.დ–ის იმ სააპელაციო პრეტენზიის პასუხად, რომელიც უკავშირდებოდა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის დაანგარიშების არამართებულობას. პალატამ აღნიშნა, რომ ე.დ–ის მიერ, N5674794 საკრედიტო ხელშეკრულების გამომდინარე, საპროცენტო სარგებლის ნაწილში პირველ ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სარჩელის ცნობისაგან დამოუკიდებლად, მოსარჩელის პრეტენზია საპროცენტო სარგებლის დაანგარიშების უსწორობის თაობაზე, საფუძველს მოკლებული იყო, რამდენადაც საპროცენტო სარგებელის ოდენობა ბანკის მიერ დაანგარიშებულია სარჩელის სასამართლოში წარდგენის დროისათვის (ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდზე).
7.6. რაც შეეხება ლ.ლ–ისა და თ.ბ–ს სააპელაციო საჩივრების პრეტენზიებს, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების პოზიცია იმის თაობაზე, რომ მათ ბანკის მხრიდან მიზანმიმართულად არ ჩაბარდათ სარჩელი და თანდართული მასალები მათი ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით. პალატამ განმარტა: სსსკ-ის 102-ე მუხლი ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც მხარე ვალდებულია, სარწმუნო მტკიცებულებით დაადასტუროს მის მიერ მითითებული გარემოების არსებობა. შესაბამისად აპელანტი მხარის განმარტება იმის თაობაზე, რომ ბანკმა მიზანმიმართულად არ ჩააბარა მათ სარჩელი და თანდართული მასალა ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართებზე, ვერ დაედებოდა საფუძვლად გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, იმ პირობებში როდესაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ აპელანტებისათვის გაგზავნილი სარჩელი და თანდართული მასალა მისამართზე - თბილისი, ......, ჩაიბარა მათმა ოჯახის წევრმა - დ.დ–მა, რომელიც წარმოადგენს ლ.ლ–ის სიძეს და თ.ბ–ს ბიძას; აღნიშნულის საწინააღმდეგოდ აპელანტების მითითება, იმ გარემოებაზე რომ ისინი ცხოვრობენ - ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრუკლინში, რაც მითითებულია სადავო ხელშეკრულებებში, პალატის შეფასებით განმსაზღვრელი ვერ იქნებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხეთა ფაქტობრივი ადგილსამყოფელის განსაზღვრა მისამართის (აშშ. ბრუკლინი) დაკონკრეტების გარეშე ჯერ ერთი რომ შეუძლებელი იყო და მეორეც, აღნიშნული გარემოება ვერ გამორიცხავდა მოპასუხეთა ინფორმირებულობას დავის თაობაზე. ამასთან, 2018 წლის 15 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებაში, რომელიც დადებულია 2018 წლის 5 აპრილის გენერალური ხელშეკრულების შემდგომ, ლ.ლ–ის მისამართად ასევე
დაფიქსირებული იყო - თბილისი, .........; გარდა ამისა, როგორც მოსარჩელემ, მოპასუხე ე.დ–მა და თავად ლ.ლ–ისა და თ.ბ–ს წარმომადგენელმაც დაუდასტურა სასამართლოს, აპელანტი თ.ბ. იმყოფებოდა საქართველოში და სრულად იყო ინფორმირებული მიმდინარე დავის თაობაზე. შესაბამისად, პალატამ მიუთითა სსსკ-ის 74-1 და 184-3 მუხლის დანაწესებზე და მიიჩნია, რომ აპელანტებს სარჩელი და თანდართული მასალა ჩაბარდათ სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
7.7. პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან აპელანტებს შესაგებლის სასამართლოში წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდიათ ე.დ–ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დაედო გარიგებები ლ.ლ–ის და თ.ბ–ს სახელით, ასევე ის გარემოება რომ „გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ“ 2018-04.05 ხელშეკრულების და იპოთეკის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული მინდობილობების გაფორმების თარიღები დროში სცდება გენერალური და იპოთეკის ხელშეკრულების დადების თარიღს. მოპასუხეებმა სსსკ-ის 201-ე მუხლის მოთხოვნების უგულებელყოფით პროცესუალურად დაკარგეს ამ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით შედავების კანონისმიერი უფლება. მათი მხრიდან შედავების არარსებობის პირობებში კი, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად უნდა მიჩნეულიყო. შესაბამისად, გარემოებები, რომელიც საფუძვლად ედო თ.ბ–სა და ლ.ლ–ის სააპელაციო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე ვერ იქნეოდა მიღებული და შეფასებული, რადგან ასეთი უფლება მხარეებს გააჩნდათ მხოლოდ შესაგებლის წარმოდგენისა და საქმის მომზადების სტადიაზე, რა დროსაც მოწინააღმდეგე მხარეს, შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, გარემოებათა დაზუსტებისა და შევსების გზით შესაძლებლობა ქონდა განეხორციელებინა კვალიფიციური შედავება.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 აპრილის განჩინება განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ე.დ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საკომისიოსა და სარგებლის შესახებ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. კასატორი მიიჩნევს, რომ არასწორად არის დადგენილი სარგებლის ოდენობა. ამასთან, ხელშეკრულებით საკომისიოსა და სამომავლო პერიოდზე სარგებლის მოთხოვნის უფლება გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, აღნიშნული თანხების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს არ გააჩნდა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
15. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
16. განსახილველ საქმეში, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 316-ე (ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება), 361-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას), 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 868.1-ე (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) და 412-ე (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) მუხლები.
17. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ არასწორად არის დადგენილი სარგებლის ოდენობა. ამასთან, ხელშეკრულებით საკომისიოსა და სამომავლო პერიოდზე სარგებლის მოთხოვნის უფლება გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, აღნიშნული თანხების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს არ გააჩნდა.
18. საკომისიოს დაკისრების შესახებ კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეები მოქმედებენ დისპოზიციურობისა (სსსკ-ის მე-3 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) საფუძველზე. სსსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმის განხილვაში მონაწილე პირებს - მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები და ამ უფლებათა დაცვის საშუალებები. მოსარჩელის უფლებაა აღძრას საქმე, განსზაღვროს სარჩელის საგანი, საფუძველი და ა.შ. ანალოგიურად ვრცელდება პროცესის დისპოზიციურობა მოპასუხეზე, რომელსაც დასახელებული პრინციპის ფარგლებში შეუძლია ცნოს სარჩელი.
19. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ე.დ–მა 2024 წლის 20 ივნისის საამართლო სხდომაზე, მოსამზადებელ ეტაპზე ბანკის სასარჩელო მოთხოვნები ცნო ნაწილობრივ, მათ შორის საკომისიოს დაკისრების შესახებ, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია (იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი (რჩეული მუხლები), GIZ, თბილისი, 2020, გვ. 67), საკასაციო წარმოების ეტაპზე, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის სადავოდ გახდომა დაუშვებელია და საკასაციო პალატა არ იმსჯელებს მასზე.
20. რაც შეეხება სარგებლის შესახებ, სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში საკასაციო პრეტენზიას, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი. საკასაციო პრეტენზია საპროცენტო სარგებლის დაანგარიშების უსწორობის თაობაზე, საფუძველს მოკლებულია. რამდენადაც, საპროცენტო სარგებელის ოდენობა ბანკის მიერ დაანგარიშებულია სარჩელის სასამართლოში წარდგენის დროისათვის (ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდზე), რამაც 645.89 ლარი შეადგინა, ხოლო მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ სწორედ შემცირებული სესხის ძირი თანხის - 12 301,63 ლარის წლიური 15%-ის, ყოველდღიურად - 5.1 ლარის გადახდა.
21. ე.დ–ი ასევე აღნიშნავს, რომ სამომავლო პერიოდზე სარგებლის მოთხოვნის უფლება მხარეებს ხელშეკრულებით არ გაუთვალისწინებიათ, რაც გამორიცხავდა ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას. პალატა ამ პრეტენზიასაც ვერ გაიზიარებს და მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად წარმოშობილი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში ასახული განმარტების თანახმად, ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, იგულისხმება მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელიც არ იარსებებდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირი კავშირი გულისხმობს მოვლენების, მოქმედებისა და შედეგის იმ ლოგიკურ ბმას, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ.: სუსგ. №ას-754-2021, 02.12.2021წ.).
22. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა, გააჩნია ფულადი ვალდებულების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით. საბანკო დაწესებულების შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალზე აპელირება სრულიად ლოგიკურია, ვინაიდან მისი ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. სწორედ ამიტომ, გამართლებულია საკრედიტო დაწესებულების შემთხვევაში მიუღებელ ზიანად იმ შემოსავლის მიჩნევა, რომელსაც საკრედიტო დაწესებულება მსესხებლის მიერ სესხით გათვალისწინებულ თანხაზე დარიცხული სარგებლის სახით მიიღებდა. შესაბამისად, მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით (იხ.სუსგ. Nას-577-2021, 02.12.2021წ., №ას-1097-2023 26.07. 2024წ Nას-391-2024 05.07.2024წ.).
23. შესაბამისად, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხემ დაარღვია მის მიერ შესასრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულება, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე იყო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხველი გარემოების მტკიცების ტვირთი კასატორს ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს წინაშე დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა, ვერ წარმოადგინა.
24. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
25. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
26. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
27 ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.დ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. ე.დ–ს (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო დავალება N3519, გადახდის თარიღი 01.09.2025) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი