Facebook Twitter

საქმე №ას-3-2026 9 თებერვალი, 2026 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია

კასატორი – ი.ა–ნი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.გ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. თ.გ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოითხოვა ი.ა–ნისთვის, არასრულწლოვანი შვილის ა.ა=ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ყოველთვიურად 3 000 ლარის ოდენობით.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ თანახმაა გადაიხადოს ყოველთვიურად 500 ლარი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ.გ–ძის სარჩელი მოპასუხე ი.ა–ნის მიმართ, ალიმენტის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი.ა–ნს (პ/ნ .........) დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის - 2020 წლის 6 აპრილს დაბადებული ა.ა=ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად - 2 000 (ორიათასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2024 წლის 29 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ივლისის დროებითი განკარგულების მიღების თაობაზე განჩინების (საქმე N2/10518-24) შესაბამისად, ი.ა–ნის მიერ გადახდილი ალიმენტის თანხა გათვალისწინებული იქნა.

4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის 800 ლარით განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

5.2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს ყოველთვიურად 2 000 ლარის გადახდა დაეკისრა. აპელანტი კი მიიჩნევს, რომ ალიმენტის ყოველთვიური ოდენობა უნდა განისაზღვროს 800 ლარით. სააპელაციო საჩივრით ძირითადად შედავებულია საქმეზე დადგენილი გარემოებები ბავშვის საჭიროებების ჭრილში და ასევე ალიმენტვალდებული პირის - მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა. აპელანტს მიაჩნია, რომ ბავშვის დიაგნოზიდან არ გამომდინარეობს მის მიმართ სასამართლოს მიერ დადგენილი საჭიროებები, ასევე აპელანტის ფინანსური მდგომარეობა გაუარესებულია, ვინაიდან მას წარმოეშვა დამატებითი სასესხო ვალდებულება, რომელიც მოხმარდა ავტომანქანის შეძენას, იმ მიზნით, რომ უზრუნველყოს ბავშვის კომფორტული გადაადგილება. აპელანტმა 2025 წლის 6 მარტის სხდომაზე წარმოადგინა 2025 წლის 29 იანვრის საბანკო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მან აიღო კრედიტი 114 500 ლარი, თვეში 2 391.16 ლარის შენატანით.

5.3. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარსა და სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განმარტებებზე, კერძოდ, აპელანტი მხარე ეჭვქვეშ აყენებს მოსარჩელის მიერ მითითებულ არასრულწლოვნის საჭიროებებს, მკურნალობასთან დაკავშირებით, ასევე კვების თავისებურებასა და ძიძის საჭიროებას, თუმცა, საქმეზე უდავოდ დადგენილი გარემოებებით დადგენილია, რომ არასრულწლოვან ა.ა=ს დაუდგინდა ბავშვთა აუტიზმის, განვითარების ეტაპების დაყოვნების და განვითარების ზოგადი აშლილობის დიაგნოზები, საჭიროებს სხვადასხვა სახის თერაპიებს და მედიკამენტოზურ მკურნალობას, ასევე განსაკუთრებულ მეთვალყურეობას, სპეც. პედაგოგისა და ფსიქოლოგის ჩართულობას. 21/12/2023 თარიღით შედგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, არასრულწლოვან ა.ა–ს უფიქსირდება შემდეგი დიაგნოზი: F84.9 განვითარების ზოგადი აშლილობა, დაუზუსტებელი. დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა და გაიცა რეკომენდაციები - ესაჭიროება ქცევითი, მეტყველების და ფიზიკური თერაპიის კურსი, დენვერის ადრეული განვითარების მოდელი, საჭიროებს პერსონალური ასისტენტის დახმარებას ბაღის გარემოში. 24/04/2024 თარიღით შედგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, მოკლე ანამნეზში მითითებულია: დიაგნოსტირებულია აუტისტური სპექტრის დიაგნოზით, გადის შესაბამის თერაპიას, დადის ფეხის წვერებზე, მას შემდეგ რაც გაიარა. წინასწარი დაავადება: დაკვირვება, როცა ეჭვია ნერვული სისტემის დაზიანებაზე. დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ა.ა–ი მკურნალობდა თურქეთის რესპუბლიკაში, გამოწერილი აქვს არაერთი მედიკამენტი და გაცემულია სამკურნალო რეკომენდაციები (25.03.2024წ.). შემდეგი საკონტროლო ვიზიტის საჭიროება მითითებული იყო 6 თვეში - 25.09.2024 წელს.

5.4. დადგენილია, რომ 2024 წლის 01 იანვარს, თ.გ–ძემ, როგორც ა.ა–ის კანონიერმა წარმომადგენელმა, გააფორმა ხელშეკრულება ქართულ-ამერიკული ცენტრის შპს „ლ–ის“ დირექტორთან - საქართველოს კანონმდებლობის, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის განხორცილების წესის“ თანახმად. მომსახურების ანაზღაურების შესახებ მეორე ქვეპუნქტის მიხედვით, კონსულტაციის ღირებულება შეადგენს 100 ლარს, ფორმა 100 – 50 ლარს, 1 საათი ქცევითი თერაპია ღირს 40 ლარი, 1 საათი სენსორული თერაპია 55 ლარი, 1 საათი მეტყველების თერაპია 45 ლარი, 1 საათი არტ თერაპია 45 ლარი, 1 საათი ფიზიკური თერაპია 45 ლარი, 1 საათი ჯგუფური თერაპია 30 ლარი. ამასთან, დგინდება, რომ სს „თ.ბ–ში“ თ.გ–ძის ანგარიშზე ფიქსირდება განხორციელებული გადარიცხვები შპს „ლ–ის“ ანგარიშზე, 09/01/2023-დან 07/04/2024-ის ჩათვლით გადახდილია ჯამში - 9 146 ლარი. აუტიზმის ქართულ-ამერიკული ცენტრი „ლ–ის“ დირექტორის მიერ გაცემული (11.06.2024წ.) ცნობის თანახმად კი, ა.ა–ი გადის სარეაბილიტაციო კურსს მეტყველების, ფიზიკურსა და ქცევით თერაპიაში ყოველდღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ორშაბათი 10:00 – 11:00, სამშაბათი 10:00 – 11:00, ოთხშაბათი 10:00 – 11:00, ხუთშაბათი 10:00 – 11:00, პარასკევი 15:00 – 16:00.

5.5. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელე, რომელიც დასაქმებულია, ასევე მარტო უვლის ბავშვს, სჭირდება ძიძის დახმარება არასრულწლოვანი ა.ა–ის აღსაზრდელად, ა.ა–ს კი, მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, სჭირდება მუდმივი ყურადღება, რაც პალატის მოსაზრებით, შესაძლოა ძიძის სამუშაო გრაფიკის არასტანდარტულობასაც შეიძლება მოიცავდეს, რაც ზრდის როგორც ანაზღაურების, ისე ძიძის ტრანსპორტირების ხარჯებს. დგინდება, რომ სს „თ.ბ–ში“ თ.გ–ძის ანგარიშზე ფიქსირდება განხორციელებული გადარიცხვები მ.ფ–ძის (მხარის განმარტებით - ძიძა) ანგარიშზე, 09/01/2023-დან 10/04/2024-ის ჩათვლით გადახდილია ჯამში 21 145 ლარი. ასევე სს „თ.ბ–ში“ თ.გ–ძის ანგარიშზე ფიქსირდება არაერთი ტრანზაქცია, შესყიდვები სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში, სასურსათო მაღაზიებში, ტრანსპორტირების ხარჯები, აგრეთვე ძიძისათვის განკუთვნილი თანხების გადარიცხვა, სხვა მესამე პირების სახელზე განხორციელებული გადარიცხვები. 31/10/2023 – 29/04/2024 პერიოდში სულ შემოსული თანხა შეადგენდა 21 677.08 ლარს, გასული თანხა 21 679 ლარს.

5.6. სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე განმარტა, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი კვების რაციონიც შეიძლება იყოს არასტანდარტული და შერჩევითი, რაც შესაძლოა ზრდიდეს ჩვეულებრივ კვების ხარჯებს.

5.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით მეტად სარწმუნო იყო მოსარჩელის მიერ მითითებული არასრულწლოვანი ბავშვის განსაკუთრებული საჭიროებები და ხარჯები, ვიდრე მოპასუხის მიერ განხორციელებული შედავება.

5.8. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის ფინანსური მდგომარეობის შესახებ მის პრეტენზიაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც არასწორად დადგინდა მისი ფინანსური შესაძლებლობები.

5.9. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტს საკმარისი ფინანსური შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხით უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის ფინანსური საჭიროებები.

5.10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია დადგენილია, რომ 2025 წლის 29 იანვრის საბანკო ხელშეკრულებით აპელანტმა აიღო კრედიტი 114 500 ლარი, თვეში 2 391.16 ლარის შენატანით, თუმცა, ასევე თავად მოპასუხის განმარტებით დადგენილია, რომ ის ხელფასს ხელზე იღებს არასტაბილურად 7 000-დან - 9 000 ლარამდე (ეს დგინდება შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაციითაც). 2023 წლის აპრილის თვიდან 2024 წლის აპრილის თვის ჩათვლით ი.ა–ნს უფიქსირდება ხელფასის ჩარიცხვა შპს „ყ-ყ.ს.ე.ც–ი ჯ-ქ კ–დან“, შპს „ვ–ან“, სს „ს–კ–დან“, სს „ე. კ–დან“, სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან“, შპს „კ.მ.ც–დან“, შპს „ნ.ფ–დან“, შპს „რ–დან“, სს „ვ–დან“ და სს „ე–დან“ - ამ პერიოდის გათვალისწინებით საშუალო დარიცხული შემოსავალი თვეში - 12 659.42 ლარს შეადგენს (დაუბეგრავი). ასევე ი.ა–ნის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ნივთი, მდებარე: ცაგერის მუნიციპალიტეტი, სოფელი ....., დაზუსტებული ფართობი - 1536 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N01, საკადასტრო კოდი - ........ ი.ა–ნის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, .........., ფართი (მშენებარე), სართული 4, ბინა N40, ბლოკი „ა“, ფართი - 45.30 კვ.მ. საკადასტრო კოდი - ........ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია იპოთეკის უფლება სს „თ.ბ–ის“ სახელზე, იპოთეკის ხელშეკრულების დამოწმების თარიღია 24/07/2023 წ.

5.11. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ ბანკის მიერ, 2025 წლის 29 იანვარს აპელანტზე გაცემული სოლიდური ოდენობის სესხის გაცემა, სასამართლოს დამატებით უქმნის რწმენას, რომ მას აქვს საკმარისი ფინანსური შესაძლებლობები დაკისრებული ალიმენტის გადახდისთვის.

6. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის 1 000 ლარით განსაზღვრა.

6.2. კასატორის განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის უახლესი დიაგნოზით არასრულწლოვანს აღარ უდასტურდება დიაგნოზი F84.9 განვითარების ზოგადი აშლილობა, დაუზუსტებელი აუტისტური სპექტრის აშლილობა. რადგან დაავადება იყო დაუზუსტებელი, თურქეთის კლინიკაში გამოკვლევის შედეგად დაკონკრეტდა, ამასთან, მნიშვნელოვანია მოსარჩელის მხრიდან ის მტკიცებულება რომელიც სააპელაციო სასამართლოზეა წარმოდგენილი და განსხვავებულია.

6.3. კასატორის მტკიცებით მისთვის გაურკვეველი, დაუსაბუთებელი და გადაჭარბებულია ხარჯების ოდენობა ბავშვის კვებასთან, ცურვასთან, დასვენებასთან, ჩაცმასთან და სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ბავშვს ექიმის მითითებით არ აქვს დანიშნული სპეციალური კვების რეჟიმი, არ არის რეკომენდირებული მცირეწლოვანი ბავშვის ცურვით დატვირთვა და სხვა.

6.4. კასატორი, სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიის მსგავსად განმარტა, რომ ძიძის მომსახურების ღირებულება მისი გადასახდელი არ უნდა იყოს, თუმცა, ამავდროულად სასამართლო სხდომაზე (30.09.2024წ. შეკითხვები ეტაპზე) წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ერთად ცხოვრების პერიოდში ი.ა–ნი ძიძას უხდიდა 800 ლარს.

6.5. აპელანტს არ აქვს სტაბილური ხელფასი, მისი ანაზღაურება დამოკიდებულია თვიურად ოპერაციების დაგეგმვასა და ოპერაციების ჩატარების რაოდენობაზე, ამიტომ შესაძლებელია თვის განმავლობაში საერთოდ არ ჰქონდეს შემოსავალი. ასევე, არ მუშაობს „ტ. და „ც–ის“ კლინიკებში. აქვს რამდენიმე სასესხო ვალდებულება ჯამში 222 383 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ მისი შემოსავალი გამომუშავებაზეა, ამასთან ანაზღაურების სახით დარიცხული თანხიდან ახდენს ასევე დამხმარე მედპერსონალისთვის ანგარიშსწორებასa და შემოსავლის ნაწილის გაღება უწევს ოპერაციებში დამხმარე პერსონალის სასარგებლოდ (უხდის ხელფასებს). ამრიგად, წარმოდგენილი ხელფასის ოდენობის სოლიდურობა არ ნიშნავს, რომ აპელანტი ხელზე იღებს ამ რაოდენობის ხელფასს. აღნიშნული ხელფასის ოდენობა მოიცავს საშემოსავლო და საპენსიო გადასახადებს, ასევე სხვა აუცილებელ ყოველთვიურ ხარჯებს-საყოფაცხოვრებო, კომუნალურს, სასესხოს თუ სხვა.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 30 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო.

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანია მშობლის საალიმენტო ვალდებულება და ამავე ვალდებულებიდან გამომდინარე კასატორის პრეტენზიის საფუძვლიანობის შეფასება ალიმენტის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. ამავე პრეტენზიების გათვალისწინებითა და საქმეზე დადგენილი სადავო თუ უდავო ფაქტობრივი გარემოებების/სამართლებრივი შეფასებების მხედველობაში მიღებით საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიებს ორ ძირითად მიმართულებად შეაფასებს, კერძოდ, ერთის მხრივ კასატორი უარყოფს არასრულწლოვნის საჭიროებებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მასშტაბით, ხოლო, მეორეს მხრივ კასატორის მტკიცებით მას არ აქვს საკმარისი ფინანსური შესაძლებლობები არასრულწლოვნის საჭიროებების იმ თანხით უზრუნველსაყოფად, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დასაბუთებულადაა მიჩნეული და შეადგენს ყოველთვიურად 2 000 ლარს. კასატორის საკასაციო საჩივრის წარმოდგენის ეტაპზე, დაკისრებული ალიმენტის 1 000 ლარამდე შემცირება მიაჩნია გონივრულ და სამართლიან ოდენობად.

13. სსკ-ის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. სკ-ის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. აღსანიშნავია, რომ მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). სსკ-ის 1198-ე მუხლი ადგენს მშობელთა მოვალეობებს შვილების მიმართ, კერძოდ, 1. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. 11. დაუშვებელია არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისას მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც არასრულწლოვნის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. 2. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. 3. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. 4. მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. 5. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. 6. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.

14. ბავშვის უფლებათა კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია აღზარდოს ბავშვი, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდოს ის საზოგადოების ღირსეულ წევრად, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნებად. ბავშვის უფლებათა კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ყოველ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრების ისეთ სტანდარტზე, რომელიც შეესაბამება მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების საჭიროებებს. ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი პირობები, რომლებიც ხელს უწყობს მის სრულფასოვან ფიზიკურ, ინტელექტუალურ, გონებრივ, სოციალურ და მორალურ განვითარებას, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, ბავშვის ცხოვრების სათანადო სტანდარტი ითვალისწინებს ბავშვის სულ მცირე საკვებით, სუფთა სასმელი წყლით, ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოთი, პირველადი ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობით, ჯანსაღი ცხოვრების წესის, კატასტროფისა და უბედური შემთხვევისგან დაცვის შესახებ საბაზისო ინფორმაციითა და შესაბამისი მექანიზმებით უზრუნველყოფას.

15. ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (რატიფიცირებულია 01.07.1994) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვასა და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება. ამასთან, კანონი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით, მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას, გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ“ ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე, რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით, უპირველესად, უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გაითვალისწინოს ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა: „...მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა“ (იხ. სუს 27.06.2011წ. გადაწყვეტილება ას-58-49-2011). ალიმენტი უნდა იყოს გონივრული და სავსებით საკმარისი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ბავშვის, სულ მცირე, გადაუდებელი, პირველი რიგის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც ბავშვის არსებობას შეექმნება ხელყოფის სერიოზული საფრთხე. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ იმავე გადაწყვეტილებაში ასევე განმარტა, რომ „...სასამართლოს მიერ დანიშნული ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, ანუ – საარსებო მინიმუმს“.

16. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მხრიდან, არ უნდა ატარებდეს სიმბოლურ ხასიათს და იგი მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo) სახელმწიფოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი, შეადგენდა 2024 წლის განმავლობაში თვეების მიხედვით შესაბამისად, 251.0; 250.2; 251.0; 252.5; 258.5; 264.0; 258.8; 255.5; 252.5; 256.5; 262.4; 260.3 ლარს.

17. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში არასრულწლოვნის საჭიროებებზე მიუთითებს და განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში უდავოა, არასრულწლოვან ა.ა–ს დაუდგინდა ბავშვთა აუტიზმის, განვითარების ეტაპების დაყოვნების და განვითარების ზოგადი აშლილობის დიაგნოზები, საჭიროებს სხვადასხვა სახის თერაპიებს და მედიკამენტოზურ მკურნალობას, ასევე განსაკუთრებულ მეთვალყურეობას, სპეც.პედაგოგისა და ფსიქოლოგის ჩართულობას. 21/12/2023 თარიღით შედგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, არასრულწლოვან ა.ა–ს უფიქსირდება შემდეგი დიაგნოზი: F84.9 განვითარების ზოგადი აშლილობა, დაუზუსტებელი. დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა და გაიცა რეკომენდაციები - ესაჭიროება ქცევითი, მეტყველების და ფიზიკური თერაპიის კურსი, დენვერის ადრეული განვითარების მოდელი, საჭიროებს პერსონალური ასისტენტის დახმარებას ბაღის გარემოში. 24/04/2024 თარიღით შედგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, მოკლე ანამნეზში მითითებულია: დიაგნოსტირებულია აუტისტური სპექტრის დიაგნოზით, გადის შესაბამის თერაპიას, დადის ფეხის წვერებზე, მას შემდეგ რაც გაიარა. წინასწარი დაავადება: დაკვირვება, როცა ეჭვია ნერვული სისტემის დაზიანებაზე. დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ა.ა–ი მკურნალობდა თურქეთის რესპუბლიკაში, გამოწერილი აქვს არაერთი მედიკამენტი და გაცემულია სამკურნალო რეკომენდაციები (25.03.2024წ.). შემდეგი საკონტროლო ვიზიტის საჭიროება მითითებული იყო 6 თვეში - 25.09.2024 წელს.

18. ასევე დადგენილია და საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ 2024 წლის 01 იანვარს, თ.გ–ძემ, როგორც ა.ა–ის კანონიერმა წარმომადგენელმა, გააფორმა ხელშეკრულება ქართულ_ამერიკული ცენტრის შპს „ლ–ის“ დირექტორთან - საქართველოს კანონმდებლობის, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის განხორცილების წესის“ თანახმად. მომსახურების ანაზღაურების შესახებ მეორე ქვეპუნქტის მიხედვით, კონსულტაციის ღირებულება შეადგენს 100 ლარს, ფორმა 100 – 50 ლარს, 1 საათი ქცევითი თერაპია ღირს 40 ლარი, 1 საათი სენსორული თერაპია 55 ლარი, 1 საათი მეტყველების თერაპია 45 ლარი, 1 საათი არტ თერაპია 45 ლარი, 1 საათი ფიზიკური თერაპია 45 ლარი, 1 საათი ჯგუფური თერაპია 30 ლარი. ამასთან, დგინდება, რომ სს „თ.ბ–ში“ თ.გ–ძის ანგარიშზე ფიქსირდება განხორციელებული გადარიცხვები შპს „ლ–ის“ ანგარიშზე, 09/01/2023-დან 07/04/2024-ის ჩათვლით გადახდილია ჯამში - 9146 ლარი. აუტიზმის ქართულ_ამერიკული ცენტრი „ლ–ის“ დირექტორის მიერ გაცემული (11.06.2024წ.) ცნობის თანახმად კი, ა.ა–ი გადის სარეაბილიტაციო კურსს მეტყველების, ფიზიკურსა და ქცევით თერაპიაში ყოველდღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ორშაბათი 10:00 – 11:00, სამშაბათი 10:00 – 11:00, ოთხშაბათი 10:00 – 11:00, ხუთშაბათი 10:00 – 11:00, პარასკევი 15:00 – 16:00.

19. უდავოა, რომ არასრულწლოვნის მდგომარეობის გათვალისწინებით დედას სჭირდება დახმარება, ბავშვს სჭირდება მუდმივი ყურადღება, რაც თავისმხრივ ართულებს ბავშვის მოვლას, საჭიროებს ძიძისთვის არასტანდარტულ სამუშაო გრაფიკს და ბუნებრივი ზრდის ბავშვის მოვლის ხარჯებს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს „თ.ბ–ში“ თ.გ–ძის ანგარიშზე ფიქსირდება განხორციელებული გადარიცხვები მ.ფ–ძის (მხარის განმარტებით - ძიძა) ანგარიშზე, 09/01/2023-დან 10/04/2024-ის ჩათვლით გადახდილია ჯამში 21 145 ლარი. ასევე სს „თ.ბ–ში“ თ.გ–ძის ანგარიშზე ფიქსირდება არაერთი ტრანზაქცია, შესყიდვები სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში, სასურსათო მაღაზიებში, ტრანსპორტირების ხარჯები, აგრეთვე ძიძისათვის განკუთვნილი თანხების გადარიცხვა, სხვა მესამე პირების სახელზე განხორციელებული გადარიცხვები. 31/10/2023 – 29/04/2024 პერიოდში სულ შემოსული თანხა შეადგენდა 21 677.08 ლარს, გასული თანხა 21 679 ლარს.

20. საკასაციო სასამართლო ბავშვის საჭიროებების შესახებ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების გარდა, თავად მოპასუხის (კასატორის) ფინანსურ შესაძლებლობებზეც გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ კასატორის შემოსავალი არასტაბილურია, რაც საქმეში არსებული შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაციითაც დასტურდება, თუმცა, ამავდროულად არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2023 წლის აპრილის თვიდან 2024 წლის აპრილის თვის ჩათვლით ი.ა–ნს უფიქსირდება ხელფასის ჩარიცხვა შპს „ყ-ყ.ს. ე.ც. ჯ-ქ–ის კ–ან“, შპს „ვ–დან“, სს „ს.კ–დან“, სს „ე.კ–დან“, სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან“, შპს „კ. მ. ც–დან“, შპს „ნ.ფ–დან“, შპს „რ–დან“, სს „ვ–დან“ და სს „ე–დან“ - ამ პერიოდის გათვალისწინებით საშუალო დარიცხული შემოსავალი თვეში - 12659.42 ლარს შეადგენს (დაუბეგრავი). ასევე ი.ა–ნის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ნივთი, მდებარე: ცაგერის მუნიციპალიტეტი, სოფელი ........., დაზუსტებული ფართობი - 1536 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N01, საკადასტრო კოდი - ........ ი. 30 ა–ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, .........., ფართი (მშენებარე), სართული 4, ბინა N40, ბლოკი „ა“, ფართი - 45.30 კვ.მ. საკადასტრო კოდი - ........... უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია იპოთეკის უფლება სს „თ.ბ–ის“ სახელზე, იპოთეკის ხელშეკრულების დამოწმების თარიღია 24/07/2023 წ. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორს აქვს საკმაოდ სოლიდური ფინანსური ვალდებულება 114 500 ლარი, თვეში 2 391.16 ლარის შენატანით, თუმცა, აღნიშნული ვალდებულება ერთის მხრივ საკმაო ფინანსური ტვირთია, მეორეს მხრივ, სასამართლოს უქმნის რწმენას, სწორედ კასატორის სოლიდური შემოსავლების და გადამხდელუნარიანობის შესახებ. აქვე, საგულისხმოა, რომ დასახელებული სესხი ძვირადღირებული ავტომანქანის შესაძენადაა აღებული, რაც გამორიცხავს კასატორის არგუმენტს მისი ფინანსური შესაძლებლობების შეზღუდვის შესახებ წინამდებარე დავის საგნის გათვალისწინებით.

21. საკასაციო სასამართლო დამატებით, ალიმენტვალდებული პირის საკრედიტო ვალდებულებების შესახებ არსებულ სასამართლო პრაქტიკაზე მიუთითებს, კერძოდ - სადავო ალიმენტის ოდენობაზე გავლენას ვერ მოახდენს მამის მიერ ყოველთვიურად კრედიტის დასაფარად დადგენილი გადასახადის გადახდა (შეად. სუსგ №ას-1299-1226-2012). მოპასუხის საკრედიტო ვალდებულებას, არასრულწლოვანი შვილის მიმართ არსებულ საალიმენტო ვალდებულებებთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მოპასუხის საკრედიტო ვალდებულებები, როგორც დროებითი მოვლენა, ალიმენტის ოდენობაზე გავლენას ვერ მოახდენს, მით უფრო, რომ საბანკო ვალდებულებების არსებობა მის გადახდისუნარიანობაზე მეტყველებს (სუსგ 04.03.2011 წ. საქმე №ას-1356-1194-2010).

22. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებით განმარტავს, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები ვერც ბავშვის საჭიროებების შესახებ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებებისა და მტკიცებულებების, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ გადაჭარბებით შეასებისა და ვერც მისი ფინანსური შესაძლებლობების არაგონივრულად და არასამართლიანად შეფასების შესახებ.

23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ა–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. ი.ა–ნს (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №31559120635, გადახდის თარიღი 23.01.2026) 600 ლარის 70% - 420 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლ. ნემსაძე

მ. ჯინჯოლია